ამ დალოცვილ მხარეში, სადაც ქარიშხლებმა მგლებივით იციან ხოლმე ხშირ ტყეებში ღმუილი, ქარი რომ ჩადგება, იტყვიან ჴ ჯორმა ფეხი მოიტეხაო. სიტყვა "ქარს" არ ამბობენ, - ემანდ თავი არ გავახსენოთ და ისევ თავიდან არ ამოვარდესო.
ჰოდა, ჯორმა რომ ფეხი მოიტეხა, ისევ დაჰკრა ყინვამა, დაბლა დაიწია ღრუბელმა და დაუშვა კიდევაც თოვლი. მერე გაიჯეჯილა და გაიჯეჯილა, წამოუშინა და წამოუშინა მსხვილი ფანტელები. სულ გადაათეთრა არე-მარე.
არადა, წელიწადი კაი ხნის მოტრიალებული იყო უკვე ჴ მოკრუხება დაიწყეს ქათმებმა.
"ჩოლიავ, ჰაი, ჩოლიი!"
"ტალიჭა ლადო მოვიდა", - ამბობს ვაამან დამა-ქალი.
"მოდი, ლადო, მოდი ტალიჭ!" - ეძახის ჩოლია.
ტალიჭა ლადო სახლში შედის. იმისი თუშური ქუდი და ტელეგრეიკის მხრები ფიფქებს გადაუთეთრებია.
"დაიფერთხე, ლადო, თოვლი", - ეშმაკურად და კეკლუცად ეუბნება ვაამან დამა-ქალი, შემპარავი ხმით.
ტალიჭა ლადო იფერთხება, მერე შიგნით შემოდის, მაგიდას მიუჯდება და მუხლის თავზე დაიდებს თუშურ ქუდს.
ჩოლიას მაგიდაზე ყოველთვის დგას მოოქროვილ გრაფინში ჩასხმული არაყი და იმისივე კომპლექტის ექვსი პატარა ჭიქა. ვაამან დამა-ქალი ჭიქებს ავსებს.
"შენ ხილი მოგვიტანე, ვაამან დამა-ქალო", - ეუბნება ჩოლია და ჭიქას დასწვდება. - "ჩემ ოქრო-გრაფინში არყის ჟღინთი რომ გამოილევა, მეც დავილევი ხოლმე".
"კარგია არაყი, ცივა", - ამბობს ლადო. - "თანაც თაფლისაა!"
"თაფლისა კი არა, თუთისაა!" - სწყინს ვაამან დამა-ქალს.
"წასულებისა იყოს, ტალიჭ!" - ილოცება ჩოლია. - "მე თუ რამე მომივა და, შენ დარდი ნუ გაქ, მუხის კუბო მაქ წინასწარ გამზადებული!"
"სიკვდილი იმისთანა აქლემია, ყველას კართან დაიჩოქებს", - მიუგებს ტალიჭა, - "მაგრამ შენ რა იცი, როდის დაიჩოქებს შენთანა? გაუმარჯოს!"
ჭიქებს მიუჭახუნებენ და სვამენ.
"მე აქლემი არ ვიცი, იმ მუხის კუბოს ხელს ვერ ახლებს ვერავინ! იქ მე ორი ინდაური მიზის კვერცხებზე!" - კაპასობს ვაამან დამა-ქალი. ჴ "არ უნდა დავზარდო? გეკითხები, არ უნდა დავზარდო? ერთი ინდაური ტოლმა-გოგიას უნდა, ერთიც ნუნუკას და ერთიც კიდევ ჩემს დაჩაგრულ რობიას არ უნდა მივცე, იქით ახალი წელი რომ მოვა?".
"ეეჰ, ჯერ რა დროს ახალი წელია?!" - უკვირს ტალიჭა ლადოს, - "ახლახანს არ იყო?"
არყის გემო ვეღარ გაუგია ჩოლიას. კიდევ სვამს, კიდევ და კიდევ...
- ტალიჭა ლადოს რო კითხულობ, ეგ ხომ შარშანწინ დავასაფლავეთ! ჴ უკვე ცხადლივ ჩაესმის ვაამან დამა-ქალის შემპარავი ხმა.
ჰო, ჰო, შარშანწინ დაასაფლავეს...
ეს რანაირ სიზმრებსა ნახულობს და...
ავადაა მოხუცი მესაქონლე ჩოლია. წევს ლოგინში. მიტოვებულად გრძნობს თავს. მოზვერი აგონდება, შვილივით გაზრდილი ღვინია. თვალებს რომ დახუჭავს, ერთ დაუსრულებელ სიზმრად წარმოუდგება თავისი ცხოვრება. იცის, რომ სადაცაა გაახელს თვალებს და დამთავრდება სიზმარი იგი...
ოთახში რომ კარგად თავშენახული ვაამან დამა-ქალი ტრიალებს, მეორე ცოლია ჩოლიასი და თანაც ვიღაცა ის კი არა, ქალაქელი. კრუხ-წიწილის საქმეც რომ იცის და არც კაი ფირმა სიგარეტის დაყოლება შეეშლება თურქულად მოდუღებულ ყავაზედ. მოკლედ, ეს ვაამან დამა-ქალი სვეტობს კიდეც და კარ-მიდამოსაც "უგურგურებს". ეს სახელი კიდევა ჩოლიას ბიჭმა, ტოლმა-გოგიამ შეარქვა თავისზე ასაკით უმცროს დედინაცვალსა და ისე მოხდენილათა, რომ მთელ იმ არე-მარეს მოედო და სინამდვილეში რომ დარეჯანი ჰქვია, ვიღამ იცის.
სოფელში ავ ენებს რა დალევს და ამბობენ, რომ, თურმე, კარგი დრო უტარებია ვაამან დამა-ქალსა. სამი ქალის ვნება ჰქონია და ვერაფრით დაუცხრიათ სამ ოფიციალურ ქმარსა და დანარჩენ არაოფიციალურ ქმარუკებსაცა. თანაც განა მარტო აქა, არამედ ოსმალეთშიცა, ბელგიაშიცა, გერმანიაშიცა და კიდევ რა ვიცით, სად აღარა. არ ვიცით, მერამდენე ქმრისგან, მაგრამ შვილიცა ჰყოლია, სახელად რობია ჴ გიტრიკვრის კომპოზიტორი და იმისთანა ნიჭიერი პოეტი, რომ არსად უბეჭდავენ ლექსებსა ჴ ჩვენ დაგვჩაგრისო. მაგრამ ისიც სვეგამწარებული ყოფილა ცოლების წარა-მარა გამოცვლითა.
ვაამან დამა-ქალს რომ უგრძვნია, ვბერდებიო, კაცი უნახავს, ეს ჩოლია და მეოთხე ოფიციალურ ქმარად გაუხდია. ქმარუკები, რა თქმა უნდა, კიდევა ჰყოლია, მაგრამ ისეც აღარა, ძველებურადა. თუმცა კი კმარა, აბა, ავ ენებს რა დაეჯერება.
მწყემსავდა ჩოლია საქონელს და ფიქრობდა: "როგორი მოსიყვარულე ცოლია ვაამან დამა-ქალი. ბავშვებიც ძაან უყვარს. მაშ, ტყუილი ყოფილა ჩემი პირველი ცოლის ნათქვამი: "დედინაცვალი არ მოუყვანო გოგის და ნუნუკას, თორემ ამოიძირკვება აქედან შენი გვარი". რა ამოძირკვა, ნუნუკა გათხოვდა, დიდი ბიჭი ჰყავს უკვე, ვახო და ტოლმა-გოგიაც დაოჯახდა, იმას კიდევ ორი შვილი ჰყავს ჴ ჯონდო და კახა. ოღონდ აქედან შორს, ქალაქში არიან. ჰოდა, ისე იყო მწყემსი, ვეღარ გამოერკვია ჴ ანა უფრო კარგი იყო თუ ვაამან დამა-ქალი.
ეს სოფელი ხომ უცხო ქვეყნებისკენ მიმავალი მთავარი ტრასის შორიახლოს იყო და ჩოლია რომ საქონელს უვლიდა, ვაამან დამა-ქალს კემპინგი და აბანო ჰქონდა გამართული უცხოურ ყაიდაზე, საუნა ერქვა ჴ თავისი ცხელი წყლის რამე-რუმე აპარატებითა, დვიჟოკებითა, ცალ-ცალკე ნომრებითა, ძალიან მაგარი, აპრიალებული ბარითა ჴ კონიაკ-კოქტეილებითა და საიდან აღარ ჩამოყვანილი ლამაზმანების მომსახურებით. დიდ ტრაილერებითა თუ რეფრიჟერატორებით მოგრიალდებოდნენ შოფრები, დააყუმბარებდნენ თითო ბოთლ არაყს, მერე დურთავდნენ აბანოში თავს და ხან რომელიმე უცხო ენაზე იძახდნენ და ხანაც ქართულად - "შენ, ვინმე ვაამანო დედაკაცო, მოგვალე ჩვენ თანა აბანოსა". ისიც მივიდოდა საუნაში, შეაღებდა იმ ნომრის კარს, საიდანაც ეძახდნენ, შევიდოდა, და მერე იქ რა ხდებოდა, იმ სურათების კალმით გამომხატავი ეგებ მისტერ ჰენრი მილერზე ანდა სულაც მადამ ანაის ნინზე მეტი არც არავინ იყოს.
ახლა ავადაა ჩოლია.
ვაამან დამა-ქალს უხარია, ჩოლია კვდება, ეს კარ-მიდამო მე დამრჩება და საქმეს გავაფართოვებო, ფიქრობს. ადგილი მარჯვედაა, ტრასასთან ახლოს, დერეფანი სულ იქნება, სულ ივლიან დიდი რეფრიჟერატორები თუ ტრაილერები და მძღოლებს კემპინგიც ყოველღამე დაჭირდებათ და არც საუნას დაიწუნებენ კაი გემრიელ-გემრიელი ქალებით. პოლიცია კიდევ წილშია და საშიშიც არაფერია, მააშ. ტოლმა-გოგია სწავლისგან წიგნის ჭია შეიქნა და ქალაქში დარჩა, ცოლის ოჯახში შევიდა ზესიძედ; ნუნუკა სხვა სოფელში გათხოვდა, ბორჯომის ტყე-პარკის კიდევ იქით. და რაღა წილი უნდათ?
უკვე სიკვდილის პირასაა ბერიკაცი. ლაპარაკი აღარ შეუძლია. ანდერძის დაწერა ჴ მით უმეტეს... ჰოდა, სულ ვაამან დამა-ქალს დარჩება მთელი კარ-მიდამო. დროა.
ვაამან დამა-ქალმა დეპეშები აფრინა შვილებთან, უკანასკნელ დღეშია მამათქვენიო.
ჯერ ნუნუკა მოვარდა ვიშვიშით და რამდენიმე დღეში ტოლმა-გოგიაც ჩამოვიდა. ექიმი ჩამოიყვანეს ქალაქიდან, კაი პროფესორი, ოღონდ ცოტა უკვე ბებერი. გასინჯა ავადმყოფი და ყოველმიზეზგარეშე გადარჩებაო, დააიმედა ჭირისუფლები.
- თოვლი რომ მოვიდა, იმ დღეს კიბე მიადგა სათივეს, თივა უნდა ჩამოეღო, ნეტავი რა ჭირად უნდოდა. მოუცურდა კიბე და თავი დაარტყა მიწაზე. - ჩივის დედინაცვალი.
- მერე სად იყავი აქამდე, რატომ არ გაგვაგებინე? - ნუნუკამ ჰკითხა.
- რა ვიცი, შვილო, მეგონა, გამოკეთდებოდა.
ნუნუკა სასთუმალთან უზის ჩოლიას.
ტოლმა-გოგია გარეთ დააბოტებს და ჩაუქრობლად ეწევა სიგარეტს.
ვაამან დამა-ქალს შეშა შემოაქვს და ბუხარს უკეთებს.
კვდება ჩოლია. ისევ ტალიჭა ლადო ელანდება, კაი ხნის მკვდარი ძმაკაცი. უკანასკნელად გაახელს თვალს, ბოლო ობოლი ცრემლი გადმოუგორდება თვალიდან და ნუნუკას კივილი აღარ ესმის.
ჩოლიას ეზოში ხალხი ისე ფუსფუსებს, თოვლი გაუდნიათ და აუტალახებიათ აქაურობა.
მოვლენ მომსვლელები, მეორე სართულზე ავლენ, ჭირისუფლებს მიუსამძიმრებენ და დაბლა ჩერდებიან.
ნუნუკას შვილი კახა და ტოლმა-გოგიას შვილი ვახოც მოვიდნენ, ერთიმეორის ბიძაშვილ-მამიდაშვილი ესე იგი, განსვენებულის ალალი შვილიშვილები, გადაკოცნეს ერთმანეთი და ისინიც მაღლა აუყვნენ ხის ჭრაჭუნა კიბეს.
ოთახის შუაგულში ტახტი დგას და ზედ ჩოლია ასვენია. ოთხივ კუთხეში სანთლები ანთია. გარშემო შავებიანი ჭირისუფლები სხედან.
ვაამან დამა-ქალს შავი ხელთათმანები ჩაუცვამს და ძალით ატირებული ხმით ეკითხება ვახოს, - შენი ძმა ჯონდო რატომ არ მოვიდაო.
ჯონდოს ნაწილი ერაყში გააგზავნეს და უკან ჯერ ვერ გამოუშვებენო, - მიუგებს ვახო და ბრაზით გაიფიქრებს, ამ ახვარ ქალს ჩემი ბიძაშვილი ჯონდო ვითომ ჩემი ძმა ჰგონია, ვითომ ერთიმეორეში ვერევითო.
ჯონდოს ნამდვილი ძმა კახა მწარედ გაიცინებს, ეტყობა ისიც თავისი მამიდაშვილივით ამასვე ფიქრობს.
მეორე ოთახში ბუხარი დაუნთიათ, მეტად ლამაზი ქალები შემოსხდომიან, ოღონდაც შავ ტანისამოსში. ესა, თურმე, კემპინგის მომსახურე, უცხო ენებზედ მოლაპარაკე პერსონალია, და საუნისაც. იმათში მჯდომი ერთი ცხვირპაჭუა და ქერათმიანი ქალი კახასკენ ძალიან აპარებს ვითომცდა ჩუმ-ჩუმად თვალს ჴ რას გაიგებ, რუსია, ბელორუსი, უკრაინელი თუ სულაც ბალტიისპირელი ან პოლონელი...
პანაშვიდია. მუსიკოსები მოსულან. სამგლოვიარო ტუში ეფინება არე-მარეს.
კახა და ვახო მავთულის ღობესთან განაპირდებიან. კახა ხედავს, რომ ის თვალის გამომპარებელი ქალი ახლა გაწეული ფარდიდან უყურებს ჴ ვაა, შარია თუ რა არი?..
ნუშზე ორი მოზვერი აბია, ერთ მათგანს ძალიან ლამაზი თვალები აქვს.
- ეს ხომ ღვინიაა? ჴ კითხულობს ვახო.
- ჰო, ეს ძაან უყვარდა ცხონებულს. ჴ მიუგებს იქვე მდგომი თილიყამყამა, მზარეულების შეფი და მერე მიცვალებულს დაიდარდებს. ჴ საწყალი ჩოლია, ყველაფერმა ერთად უკრიფა და გადაიტანა კიდეც.
- კახა, წამო მამაშენი ვნახოთ, - ეუბნება ვახო.
- რათა? ჴ ფანჯარას თვალს მოაშორებს კახა.
- პაპაჩვენს ეს მოზვერი შვილივით გაუზრდია. ნახე, რა თვალებით იყურება, გეგონება, ყველაფერი იცისო. ჰოდა, დაკვლას უპირებენ.
- წამო, ვნახოთ.
ძლივს ნახეს ტოლმა-გოგია, ახალ სიგარეტს უკიდებს ცეცხლიდან გამოღებული მუგუზლით.
- გოგი, იქ რო მოზვერი აბია, ის უნდა დაკლათ?
- ჰო.
- გოგია ძიავ, ჩოლია პაპას ეგ მოზვერი უყვარდა ძალიან. ღვინიას ეძახდა.
- რაღა მაგას ჰკლავთ, გოგი? ჴ ცხარობს კახა. ჴ წაიყვანეთ, სიმონ! გაყიდეთ, სიმონ! მერე სხვა იყიდეთ, სიმონ! და ის დაკალით რა!..
- წადით, აბა, ვაამან დამა-ქალს უთხარით.
- ჩვენი იქ ასვლა, პონტია, გოგი. ჴ ეუბნება კახა. ჴ ჩვენ ეგ ჩათლაშკა მაგრა არ გვევასება! თანაც მამაშობაც დაუწყია, ხო იცი. უკვე ასაკშია და...
მუსიკოსები დაკვრას მორჩნენ, ინსტრუმენტი ჩააწყვეს, მერე პური გატეხეს, ღვინო დალიეს და წავიდნენ.
ტოლმა-გოგია სატვირთო მანქანის მძღოლ ნაციხარს ანიშნებს. ავტომობილი უკან-უკან შემოდის ეზოში და ნუშთან ჩერდება.
ნაციხარი გამოხტა, ყოჩაღად გადახსნა ბორტი.
ტოლმა-გოგიამ ფიცრები გამოიტანა და მანქანის ძარიდან მიწამდე გადო, რომ ზედ აიყვანონ ღვინია.
ამ დროს ვაამან დამა-ქალი გამოვარდა აივანზე.
- გოოგი! ჴ დაიყვირა.
ყველანი ადგილზე გაქვავდნენ.
- რას აკეთებთ, გგოგი?
- აი, ეს მოზვერი უნდა გავყიდო და ახალი ვიყიდო.
- რისთვის? ეგ რა, წიხლებს ისვრის?
- მამაჩემის გაზრდილია.
- მერე გაქვს მაგისი დრო?
- მაქ, შენ ნუ ნაღვლობ.
ვაამან დამა-ქალი უკან შებრუნდა.
- სად გაგონილა, მკვდრის ცოლი თან ტიროდეს და თან აესეთ რამეებზე ჩხუბობდეს? ჴ ჰკვირობენ დედაკაცები ჴ კიტაია დედაბერი და აქშა ქალი.
ღვინია მანქანაზე აიყვანეს, რქებით მიაბეს ძარაზე და გზას გაუყენეს.
- რა ამბავია, კაცო, ორი მოზვერი? ჴ უკვირს ერთ ბერიკაცს, წიქარაკაცს რომ ეძახიან, - ადრე ერთსა ჰკლავდნენ ხოლმე. ეხლა ხალხი იგრე გაირყვნა, რო ჩხუბი მოსდით ჴ არა, აქეთ მაიტა ბლუდი, არა, აქეთაო. მერე გაიბრუჟებიან და ბოთლებს ამტვრევენ ერთმანეთს თავზედა. ვიღას ახსომს მკვდარი. ეე, ცუდი დრო დაგვიდგა, ადრე სად იყო ეგეთები...
მერე მატრიალებლებმა ჩოლიას შესანდობარი დალიეს...
საერთაშორისო დერეფნის მნიშვნელობის მქონე ტრასის მახლობლად მდებარე სოფლის განაპირას, იმ ქუჩაზე, სადაც ჩოლიას ორსართულიანი სახლი დგას, მანქანებია ჩამწკრივებული.
შესასვლელში და ეზოში თურქეთში გასაგზავნი ხის სახერხი ქარხნიდან მოტანილი ნახერხი გაუფენიათ.
ნუშთან, სადაც გუშინ ღვინია და კიდევ ერთი მოზვერი იყო დაბმული, ორი მოჭრილი თავი დევს ჴ ერთი თავად ღვინიასი, მეორე იმ მოზვრისა. ღია დარჩენიათ თვალები.
კედელთან ცეცხლი ანთია. ზედ ზედადგრები დგას, ზედადგრებზე კი ნაცარწასმული ქვაბებია, საიდანაც ორთქლი ამოდის. იქვე ტრიალებენ მზარეულები.
ქალაქიდან ჩამოსული გაფითრებული და თვალებდაელმებული რობია ცეცხლის ქვაბებთან დგას და ზანტად ეწევა რაღაც უცნაურსუნიან სიგარეტს.
- რა ვქნა ეხლა მე? ჴ კითხულობს ზემო სართულიდან ჩამოსული ტოლმა-გოგია. ჴ როგორ დავმარხო მამაჩემი?
- რაც გინდა, ისა ჰქენი! ჴ აივნიდან გადმოჰყვირის ვაამან დამა-ქალი. ჴ ამ ჩემს ჭაღარა მთაწმინდას!
- თავისთვის არ გააკეთებინა, ქალო? ჴ მიუტრიალდება ტოლმა-გოგია.
- რა გააკეთებინა თავისთვის, იხუმრა კაცმა რაღაცა! ჴ უკივის სარკის თუ სხვა რამისაც გიჟი დედინაცვალი, - გაგეგზავნა ვინმე და შეგეკვეთა.
- რა უნდა შემეკვეთა, ქალო? შენ ხო არ გადაირიე? სხვენში არა დგას მუხის კუბო? ჴ ღრიალებს ტოლმა-გოგია.
- ხო გითხარი, იმ მუხის კუბოს ხელს ვერ ახლებ!
- რატო ვერ ვახლებ?
- იმიტომ, რომ შიგ ორი ინდაური მიზის კრუხად!
- ჰოდა, მეც ამოვიყვან იმ ინდაურებს და სხვაგან გადავსვამ!
- ვერსადაც ვერ გადასვამ!
- რატო ვერ გადავსვამ?
- იმიტომ, რომ სხვაგან აღარ დაჯდებიან. სულ მიატოვებენ საბუდარს და იმ კვერცხებსაც გამილაყებენ.
- გაგილაყებენ და გაგილაყონ! ახლა მაგის ჯავრი შემომყარე.
- მერე, ჭუკები რომ აღარ დაიზრებიან და ინდაურები ვეღარ გახდებიან?
- ვერ გახდებიან და ნუ გახდებიან! ჴ ახალ სიგარეტს უკიდებს ტოლმა-გოგია. - მე რა ვქნა?
- მერე რაღა ოხრობა უნდა გამოგიგზავნო საახალწლოდ?
- ჰო, ჰო, სულ ჩემზე დარდობ!
- არა გრცხვენია, ფილოლოგი მაინც არ იყო და თანაც მასწავლებელი! აბა, ვისზე ვდარდობ? ვისზე?
- ვისზე და, საკუთარ თავზე! ვისზე! და თანაც მე მასწავლებელი კი არა, ლექტორი ვარ, ლექტორი!
- იყავი მერე! ჴ უთმობს დედინაცვალი, - მე რა შუაში ვარ?
- იმ შუაში ხარ, რო ის მუხის კუბო შენთვის გინდა! ჰო, ჰო, შენთვის და ინდაურებს კიდე იმიზეზებ! იმიზეზებ, თორე ამ შუაგულ ზამთარში როდის კრუხდებიან ინდაურები!
- რა ჩემთვისა, იქნებ მე სულაც არ ვაპირებ სიკვდილს?! და ვინ გითხრა, რო არა კრუხებიან? ძალიან მშვენივრად კრუხდებიან! იმიტომ, რომ მართლა შუაგული ზამთარი კი არ არის ახლა!
- მაშ, რა არის?
- რა არის და, ის არის, რომ ზამთარმა მოიქნია კუდი! ჴ გამომრგვალებულ უკანალს აქეთ-იქით გააქან-გამოაქანებს ვაამან დამა-ქალი და თვალებდაჭყეტილ გერს რომ შეხედავს, გადაიკისკისებს და იმ გამომრგვალებულზე ჯერ მარჯვენა ხელს დაირტყამს, ახლა მარცხენას.
- შენ სიკვდილს რო არ აპირებდე, არც ინდაურებს მოიმიზეზებდი. ჴ ხელს ჩაიქნევს ტოლმა-გოგია, ძლივს აარიდებს დედინაცვალს დამშეულ თვალებს, - კარგი, კარგი, ის კუბო შენი იყოს, ღმერთმა სულ მშვიდობაში მოგახმაროს. მე წავალ და წიფლისას გავაკეთებინებ.
- წადი! წადი და გააკეთებინე!
- მართლა ვაამანი ხარ, ნამდვილი ვაამანი! ანუ, როგორც საბა ამბობს ჴ არარაი!
- არარაიც ხარ და დეგენერატიც! ვის უბედავ, შე ფილოლოგო?! შე, შე, საცოდავო?! ჴ კაპასობს დედინაცვალი, უკვე აღარ ეცინება.
- შენ იცი, რა წერია მამათა ცხოვრებაში? იცი? არ იცი!
- იმისთანა რა წერია, რაც მე არ ვიცი?!
- "მამა მაკარი დაწვა ტაძართა შინა კერპთასა და დაიდვა ძვალი თავით, ხოლო ეშმაკთა ხმა ჰყვეს: "შენ, ვინმე ვაამანო დედაკაცო, მოგვალე ჩვენ თანა აბანოსა". ჴ აი, რა წერია!
- ძალიან უგზო-უკვლოდ ხარ განათლებული, თორემ აბანო და საუნა აქ რა შუაშია?! აქ რა შუაშია მეთქი, შე დეგენერატო?!
- და ვისრამიანში კიდევ იცი, რა წერია? "ვაამნისა ქონება ვაამნისა არისო!"
- ვაი, ვაი! შენს პატრონს, უბედურს! ჴ ქოქოლას აყრის დედინაცვალი.
ტოლმა-გოგია ფეხგაჩქარებით მიდის, მაგრამ მალევე ჩერდება, ჯერ საათზე დაიხედავს და მერე შუბლში შემოიკრავს ხელს.
- სად მაგზავნი?! სადა?! სულ გააფრინე, ქალო? როდისღა უნდა მოვასწრო ჴ ორზეა გასვენება!.. ორზე!
- არის და იყოს! ჴ ამბობს ნაწყენი ვაამან დამა-ქალი. - აბა, შენ თუ იცი ის რა არის, როცა კმაყოფილი უცხოელი შოფერი-კაცი და, რაც მთავარია, ისიც ადამიანიშვილი ასე გამოგემშვიდობება: Gოდ ბე წიტჰ ყოუ!
- არ ვიცი და არც მინდა, ვიცოდე! მე ძველი ქართულის სპეციალისტი ვარ და არა მაგ დამტვრეული გერმანულისა!
- ხარ და იყავი! ვინ დაგიშალა? თანაც ეს გერმანული კი არა, ფრანგულია, ფრანგული! ჴ დასცინის დედინაცვალი, თორემ ნავალი ქალია, განა არ იცის, რომ ინგლისური სიტყვებია და ნიშნავს, ღმერთი შენთანო.
- შენ იცი, რა გინდა?
- რა მინდა?! მაინც რა მინდა?! რა?!
- ერთი დიდი კეტი! ჴ იმ გამომრგვალებულ ადგილებზე დაჰყურებს გერი.
- შენ კიდევ აგერ, იმ ნეხვიანი ცოცხით ხარ საცემი, მასე რომ მელაპარაკები! ჴ ბოსელზე მიყუდებულ ხისტარგაყრილ ცოცხზე უთითებს ვაამან დამა-ქალი.
- აბა, მაშ, მთელი სოფლის სადადანო უნდა გამხადო?!
- საიდან მიხვდი, რომ აი ეგ კი მართლა მინდა?!
- მომყიდე, ბოლო-ბოლო.
- რა უნდა მოგყიდო, შენ მართლა დეგენერატი ხომ არა ხარ?
- მამაჩემმა რომ თავისთვის მუხის კუბო გააკეთებინა წინასწარ, ის კუბო მომყიდე!
- არაფერსაც არ მოგყიდი!
- რა ვქნა, რომელ მტკვარში გადავვარდე, რომ აღარ ვიცი?! ჴ ხელებს შლის ტოლმა-გოგია.
- რომელში და, იმ მტკვარში, სადაც ტალიჭა ლადო გადავარდა! ჴ გადმოსძახის დედინაცვალი. ჴ იქ კარგი ტინებია!
- შენ რა იცი, ნამყოფი ხარ?
- ალბათ, ვარ!
- ხარ და იყავი!
- ვიქნები!
- იყავი!
- ჰოდა, ვიქნები კიდეც! ჴ ჯიბრიანად გადმოსძახებს დედინაცვალი, დემონსტრატიულად შეტრიალდება და უკანალის ჩვეული ქნევით წავა კარებისკენ, თან ასე ჩაილაპარაკებს, - არ შესცა ვირის დედას?!
- გოგი, - მამამისთან მიდის კახა, - ხო გითხარი, ღვინია არ დააკვლევინო მეთქი?
- გუშინ პარასკევი იყო, არ გაიყიდა და აბა, რა მექნა? ჴ უხსნის ტოლმა-გოგია.
- შენც კაი წამპალი ვიღაცა ყოფილხარ რა! ჴ ეუბნება გამწარებული კახა.
- ესე იგი, გამოდის რომ დეგენერატიცა ვარ და თან წამპალიც, არა? მაშინ, შენ თვითონ წაგეყვანა! და შენც ჩემნაირი წამპალი იქნებოდი, შე ვირიშვილო მაიმუნო! ჴ სილა მოუქნია თავის შვილს ტოლმა-გოგიამ.
კახამ თავი დახარა, მოქნეული ხელი აიცდინა, მერე უკან დაიხია, "იაა!" - ასე შეჰყვირა და ისეთი ძალით მოარტყა მამამისს ბათინკიანი ფეხი ყბაში, რომ პირდაპირ ალინჭყულ თოვლში მოაჯინა.
ტოლმა-გოგიამ თავი გააქან-გამოაქანა, სილებიც შემოიტკაცუნა აქეთ-იქიდან და გონს რომ მოვიდა, წამოხტა, მიხედ-მოიხედა. მერე ბოსელზე მიყუდებულ, დედინაცვლისგან წეღან მითითებულ ნეხვიან ცოცხს წამოავლო ხელი და კახას დაედევნა ყვირილით:
- მოგკლავ, შე შობელძაღლო! ჩემი მიყვანილი მაინც არ იყო კარატეზე! შე ვირიშვილო შენა!
კახა იქ აღარ იყო, უკვე ტრასაზე ჩაერბინა და ქალაქისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსს ელოდა. მაგრამ ვინ დააცადა, იმ ვითომცდა ჩუმად მოთვალთვალე ცხვირპაჭუა და ქერათმიანმა ქალმა ჩამოუქროლა ალალივით, პატარა ხანს ელაპარაკა ერთი ჩვენი მეზობელი, ჩრდილოეთის დიდი ქვეყნის ენაზედ და მერე კემპინგის მხარეს გაიტყუა, შუაგულ საუნაში...
ეჰ, ან მისტერ ჰენრი მილერი ყოფილიყო, ანდა მადამ ანაის ნინი მაინც, რადგანაც მხოლოდ იმათი კალმები თუ გამოჰხატავდნენ იმ საუნისა და კემპინგის ძნელად გამოსახატავ, ბევრისთვის ერთობ თვალსახარბიელო ცოცხალ სურათებს...
დამძიმებული ღრუბლები თავზე ჩამომხობიან ქვეყნიერებას.
თოვლი მოდის. მოდის და მოდის.
თეთრდება და სპეტაკდება მიდამო.
ორთქლადენილ საჭმლის ქვაბებთან ერთ მაღალ კუნძზე შემდგარა რობია და გამოთქმით ამბობს საკუთარ ლექსს:
ფიფქავს და ფიფქავს,
მთელი დღე მფიქრავს.
არ ავწევ ჭიქას,
არ ვიტყვი სიტყვას.
მეძახით ჯიგარს,
გიწოდებთ ჭინკას.
არ იცით, ვინ ვარ.
არ ვიცი, ვინ ხართ.
- ჯიგარი ხარ, შვილოსა! ჴ დიდ ჩამჩას შემართავს მზარეულების შეფი თილიყამყამა, - საღოლ! მართლა სპეცზაკაზად უნდა მოგიხარშო ბეჭისძვალი!
- ტაში არ გამიბედოთ! ჴ მოულოდნელად დაიყვირებს რობია, - მე ტაშისთვის კი არა ვთქვი, მოზვრის ბეჭისთვის!
- ჰოდა, მოდის კიდეც! ჴ დაუყვავა თილიყამყამამ, - უკვე გზაშია!
თოვს და თოვს, გადაუღებლად თოვს. ნამქერით ივსება გზები. აქაური ქარიშხლები კიდევ მგლებივით ვეღარ ღმუიან ხშირ ტყეებში და თავს იმძინარებენ...
არადა, თანდათან მატულობს ხალხი და რა უნდა ქნან, აღარ იციან. ვინ აღარ მიუგზავნა ტოლმა-გოგიამ, თავისი მერხის მეგობარი ნაციხარი გინდა, მზარეულების შეფი თილიყამყამა, ბეღელა, წიქარაკაცი თუ პალაჩი, მაგრამ გაჯიქდა ვაამან დამა-ქალი და იმ მუხის კუბოს არაფრისდიდებით არ უთმობს ტოლმა-გოგიას.
ეზოს ხაკის ქსოვილი გადააფარეს, მაგიდებს შლიან მატრიალებლები, გრძელ სკამებს უდგამენ. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ორასი-სამასი კაცი მაინც იქნება მოსული და სანამ ხალხი გასვენებიდან მობრუნდება, სუფრის გაშლაც უნდა მოასწრონ.
ტოლმა-გოგიას კიდევ ხერხი უპოვნია, მკვდარი საწოლზე გადაუსვენებია დროებით და ტახტს ფეხებს ახერხავს. ამ ტახტით უპირებს გასვენებას მამამისს, რადგან ვერაფრით დაიყოლია ვაამან დამა-ქალი, რომ ის მოკრუხებული ინდაურები სხვაგან გადაესვა საბუდრად ქცეული მუხის კუბოდან.
მერე ტოლმა-გოგია ფეხებდახერხილ ტახტს გადაატრიალებს, შიგ თეთრ სუდარას გაშლის და იმ სუდარაზე გადაასვენებს ჩოლიას. გვამს ზემოდანაც თეთრსავე სუდარას გადააფარებს. თავთან ჭიქით ხორბალს დაუდგამს და ზეთის სანთელს აუნთებს.
ამ სახელდახელო კუბოს ჩამოსატანად ოთხნი ადიან. სანთლები ჩამქრალია. ჩოლია პაპას გაშეშებული სახე ვახოს სამუდამოდ ამახსოვრდება.
ქალებმა შავთავსაფრიან ვაამან დამა-ქალს ხელი ჩაჰკიდეს და გარეთ გაიყვანეს, - რა არის, რომ გული არ შეუწუხდეს დიდი და მეტისმეტი მწუხარებისგანაო.
ტოლმა-გოგიამ, ვახომ, რობიამ და ნაციხარმა ასწიეს "კუბო", სამჯერ დაატრიალეს, მერე კარს მიაჯახეს სამჯერ და გარეთ გაიტანეს.
სასულე ორკესტრიც მოსულიყო და ისევ გუშინდელ ტუშს უკრავდა.
ეზოს შუაგულში ორ სკამზე დაასვენეს ფეხებდახერხილი ტახტი.
"მაინთ ნუ წახვალ, გენაცვალე!"
"აი, რა კარგი სახლი გვაქ, აქ შემოდი!"
"უკანასკნელად მიგაცილებთ ამ დანამქრულ გზაზედა!"
"თანაც როგორ მიხვალ, ჩოლიიი... ტახტისთვის დაგიჭრევინებია ფეხები და იმითა გმარხამთ!"
"რათ გინდოდა ეს ტახტი, აკი წინასწარ გქონდა გამზადებული მუხის კუბოი!"
"უთხარით, ხალხნო, რამე, ნუ წავა! უთხარი, თილიყამყამ! უთხარი, ნაციხარო! შენ რაღას გაჩუმებულხარ, პალაჩოო! ხმა ამოიღე ბეღელ!"
მერე "კუბოსთან" მისასვლელი მოცარიელდა. ასწიეს და დიდი წვალებით მიიტანეს ბორტგადახსნილ სატვირთო მანქანამდე, რომლის ძარაზეც ხალიჩა იყო გაფენილი. დაასვენეს ზედ მიცვალებული და მანქანა ნელ-ნელა დაიძრა. თან მიჰყვა ხალხი.
ტაატით ააღწიეს სასაფლაომდე. უკან ჩამორჩენილებს დაუცადეს ცოტა და მერე მიცვალებული შეასვენეს უკვე გათხრილ სამარემდე.
მოსამძიმრე ხალხი რომ მოგროვდა, მძიმედ ჩაუშვეს ფეხებდახერხილი ტახტი საფლავში. მის ზემოთ, რკინის საბჯენებზე ბეტონის სარები გაფინეს ჴ საფლავი რომ არ ჩაშვავებულიყო მერე და მერე. შემდეგ მიწას აყრიდნენ ჴ ვინ მუჭით და ვინ კიდევ ნიჩბებით.
აივსო საფლავი, ამოიბურცა კიდეც და ზედ კუდმოქნეული ზამთრის კვალობაზე ნაშოვნი ყვავილები დააწყეს.
ვალმოხდილმა მესაფლავეებმა პარკებიდან საჭმელი და ღვინოც ამოიღეს, ჯერ დაილოცნენ, წაუქციეს და მერე ჭამას შეუდგნენ.
ხალხი უკან დაბრუნდა.
შევიდნენ ეზოში და დასხდნენ გრძლად გაშლილ სუფრასთან.
თამადად ტოლმა-გოგიას სკოლის ამხანაგი ჴ ნაციხარი დადგა, უსაკლისა კაცი. თავიდან თითქოს წესრიგი იყო, მაგრამ მონასტერი იმის მერე აირია, რაც თამადამ შილაფლავის ჩამოტარებისას, ანუ მეათე სადღეგრძელოდ ასეთი რამა ჰსთქვა:
- მოდი, ნიავს გაუმარჯოს, ნიავსა! კავკასიონიდან რო დაუბერამს და აექამდე მოვა, გულს გაგვიგრილებს. მოტიალდება აქა და მერე კიდევ ქალაქისკენ გასწევს, რო იქაც მიხედოს საქმესა. აი, ამ ნიავის სადღეგრძლო უყვარდა ჩოლიასა. დალიეთ, აბა.
დალიეს.
- გაიგე, კაცო, თურმე სუ ტალიჭა ლადოსა კითხულობდა. ჴ შილაფლავის თეფშში ცხვირჩაყოფილ და ჩანგალმომარჯვებულ რობიას უთხრა ერთმა დაჟინჟღილებულმა მეზობელმა.
- რომელი, ლადო? ჴ დაიბნა რობია.
- კენტი არ შეჭამო, - ღიმილით ჩაუჩურჩულა რობიას ჩამომტარებლად მოსიარულე კიტაია დედაბერმა, - თორემ დედას ცალი ძუძუ თორნეში ჩაუვარდება!
- ვაჰ, რატო ჩაუვარდება? ჴ დაადევნა განცვიფრებულმა რობიამ და პასუხი რომ ვერ მიიღო, ისევ იმ დაჟინჟღილებულს მიუბრუნდა, - შენ რომელ ლადოზე მეუბნები?
- ტალიჭა ლადოზე. მტკვარში რო გადავარდა, ტინებზე. შარშანწინ.
- დაიცა, პალაჩო, ის ხო მაშინვე მოკვდა? ჴ დაჟინჟღილებულს შეეკითხა მოპირდაპირე მხარეს მჯდომი ცხვირკაუჭიანი თანამესუფრე.
- ჰოდა, ბეღელ, იმას ელაპარაკებოდა თურმე ცხონებული ჩოლია, ჴ მიუგო პალაჩმა.
- ვაჰ, ჰხედავ, კაცო?! ჴ გაიკვირვა ბეღელამ.
რობიას ტირილი წასკდა.
- დაწყნარდი, კაცო, რა მოგივიდა? ჴ მისი დამშვიდება სცადა პალაჩმა, მხარზე დაჰკრა ხელი, - ყველანი სიკვდილის შვილები არა ვართ? და ჩოლიაც არი.
- ესე იგი, ჩემი მამინაცვალი ჩოილარია?! ჴ ცრემლებს იწმინდავს რობია.
- ჩოლიაც არი, როგორ არ არი! ჴ პალაჩს მხარი აუბა ბეღელამ.
- მაშ, ჩოილარია, არა?! ჴ ისევ კითხულობს რობია, თან ცრემლებს იმშრალებს.
- ჰო, - კვერს უკრავს პალაჩი და ისიც შილაფლავს შეექცევა, ნელ-ნელა და დაგემოვნებით.
რობიას ძალიან უნდა, რომ პალაჩს სცემოს, მაგრამ იცის, რომ ვერ მოერევა. ბეღელას კიდევ ვერ მისწვდება, მოპირდაპირედ უზის.
- მოდი, მოდი, უნდა გაკოცო მაგ სიტყვებისთვის! ჴ პალაჩისკენ გაიწია რობიამ და ვითომ სიყვარულით აკოცა, სინამდვილეში კი უკბინა.
ღვინით შეზარხოშებულმა პალაჩმა ჯერ ვერ იგრძნო კბენა, შილაფლავიანი ლოყა ხელის ზურგით შეიწმინდა, მაგრამ რობიამ მეორედაც რომ იგივე გაიმეორა, თანაც მეტი ძალით, მიხვდა, რაც ხდებოდა და გემრიელი, კაი მამა-პაპური ალიყური აჭამა. არადა, უჩხუბარი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი.
უფრო მეტად აქვითინდა რობია. სულ ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები.
ჯერ სუფრის რიგებს შორის მოსიარულე, ყბაშეხვეულმა ტოლმა-გოგიამ მოირბინა და პალაჩს ხელიდან გააგდებინა ნახევარძმა, თუმცა იმანაც კისერზე კბენა მიიღო საჩუქრად და სანამ თვითონაც მოარტყამდა, ახლა წიქარაკაცი და თილიყამყამა ჩაუდგნენ შუაში.
ქვითინებს და ქვითინებს რობია, არ ჩერდება. მიუახლოვდება ვინმე და გასაგისი აღარა აქვს, - მოდი, გაკოცოო! ჴ და ყველას კბენას უპირებს, კაცი იქნება თუ ქალი. მართლა მაგარი დასაბეთქია, ქალებს ინტიმურ და ნაკრძალ ალაგებზე ეტანება მაინცდამაინც, იქ მიიწევს საკბენად.
ვაამან დამა-ქალმა გაიყვანა სუფრიდან, მოხდენილად და მარჯვედ გაარიდა განრისხებულ პალაჩსა და ბეღელას, რადგან ღვინია-მოზვრის უკვე მოხარშულ და ნახევრად შეჭმულ ბეჭისძვალს ხმალივით იქნევს რობია, ახლოს რომ არ მიუშვას ვინმე და მთელი თავისი ხრინწიანი ხმით უყივის ორთავეს:
- ჩოილარი თავი გაბიათ, თქვე ბოზებო! თქვე ბოზებო თქვენა!
- შენა, ე, ვირთამამ! ჴ ჩავლისას რობიას წაუთაქა ნაციხარმა, - სიტყვა წინ ნუ წაგიქანდება, თორენა...
- ეს ვინა ყოფილა, კაცო? ჴ ხელები გაშალა ბეღელამ, - უნაცილო ნაცილია, ვინ არი...
- ეგ არაფერი, უკვე ჩაიარა, ბეღელ, - დაუძახა ნაციხარმა და თავის მერიქიფედ დანიშნულ თანამესუფრეს გადასძახა, - ერთი მაგ დოინჯიანი კოკიდან ჩამომისხი, შვილოსა! აბა, ყველამ შაამსეთ.
- ბეღელ, მე და შენა ვართ ბოზები? ჴ გაიცინა პალაჩმა და მცხეთურად გახედა ღვინის ბოთლსა, შიგ ხო არა დარჩა რაო.
- ეს იანვრის წიწილა ესა! ჴ ბეღელასაც გაეღიმა.
და ის იყო, ბალიშის ქვეშ ამოდებული ღვინია-მოზვრის ბეჭისძვლით დაიძინა რობიამ, რომ მაცნე მოუვიდა ვაამან დამა-ქალს. შორეული რეისების მძღოლები ხეობაში ჩამოწოლილ ნამქერს შეეჩერებინა და კემპინგში მოსულიყვნენ, თითო ბოთლი არაყი დაეყუმბარებინათ, ახლა საუნაში მისცემოდნენ ნეტარებასა და რაკი უფრორე მეტი სიამოვნება მოსურვილებოდათ, რომელიღაც ენაზე შემოეთვალათ: "შენ, ვინმე ვაამანო დედაკაცო, მოგვალე ჩვენ თანა აბანოსა"-ო.
- ეგ ოთხი ფიცრის ღირსი ეგა! ჴ კიტაია დედაბერმა მიაწყევლა კემპინგისკენ თუ საუნისკენ ცუხცუხით მიმავალ, ძუძუებახტუნავებულ ვაამან დამა-ქალს, ჭრელი ქოლგა რომ გადაეფარებინა აფუებულ თმაზე. - ეგ კაცის გიჟი! ეგ კაცის გიჟი ეგა!
- ბედაური ქალი ვარო, მაგან უნდა დაიკვეხნოს! აი, ეგ მოსალოკი და ამოსავარდნი! ჴ შურიანად დაუდასტურა აქშა ქალმა, კიტაიას ხელკავი გამოსდო და სოფლის ცენტრისკენ განაგრძეს გზა.
თოვს და თოვს, თოვს გადაუღებლად.
დიდი თოვლი იცის აქეთ.
გეგონება ზამთარიაო, გული ზამთარი.
არადა, მხოლოდ ზამთარმა მოიქნია კუდი.
მუხლამდე დათოვლილ გზას უპალტოოდ და უქუდოდ მოარღვევს მოგვიანებით დამთვრალი ტოლმა-გოგია და ყვირილისგან ხმაწასული ხავის:
- არ იქნება მარშუტკა და ნუ იქნება! ფეხით წავალ, ფეხით! ჩემდათავად აქ დამრჩენის დედაც...
არადა, მართლა აღარაფერი დადის გზაზე, როგორ უნდა იაროს იმსიშორეზე, სატოლმა-გოგიაო ცხვირპაჭუა და ქერათმიანი ალალები მაინც იყვნენ ახლო-მახლო, რომ იმასაც ჩამოუქროლონ და დედინაცვლის კემპიგში შეიტყუონ როგორმე.
დაისღამეა. მატულობენ და მატულობენ ფანტელები.
უკვე გვარიანად დაბინდებულა.
დაბინდდებოდა, მაშ, როგორ - როგორც აქაურები ამბობენ, - ზამთარში და გინდაც იმისი კუდის მოქნევაში ხომ ერთი დამთქნარება დღე იცის.