Litclub.ge

მზე ამოდიოდა, ან ჩადიოდა. ვისთვის როგორ…. . .
ომში წყნეთიდან წავედი. მაია ჩალაგებაში მეხმარებოდა. ვაკის პარკში გადაღებულ ბავშვების ფერად ფოტოს ცელოფანში სათუთად ახვევდა. ბიჭები პატარები იყვნენ, ხუთის და ერთის. დამშვიდობებისას უფროსს ამერიკული, დათო-“ტარაკანას” გამოგზავნილი სამხედრო ფორმის სუნი დაამახსოვრდა, მე კი ზამთრის აფხაზეთში, სროლების დროს პატარის რძის სურნელი მახსენებდა თავს, ზღვის, ციტრუსების და თოფისწამლის მოტკბო არომატში არეული. თოვლი დნებოდა და შავი ასფალტი ჩნდებოდა. წყნეთში სიმწვანე მაინც იყო, თბილისი კი, ტალახიანი, ჩაბნელებული, ჩაჟამებული და შეშინებული, ნეორეალისტურ შავ-თეთრ ფილმს გავდა. ქუჩები - ცარიელი, ლეგიტიმური მაწანწალა ძაღლები, უბნის ბიჭები, ბეღურებივით მობუზული და მოწყენილი - თავიანთ გასტრონომებთან. ვიმახსოვრებდი ჩემი ქალაქის მანამდე არშემჩნეულ დეტალებს, ფასადებს, ჭიშკრებს, ერთკაციან ქუჩებს, სოლოლაკში სადარბაზოებს საყვირიანი ანგელოზებით, ავლაბარში გამვლელებსაც, რამდენიმე პერსონაჟი უსახური აეროპორტის უბანშიც - ეს სურათები შეიძლება ლევანმა, კოკამ, ირაკლიმ და სხვებმა, უკვე დაღუპულმა ბიჭებმაც ნახეს ბოლო წამს: განვლილი ცხოვრების ქრონიკა - დროის გარეშე, სიზმარივით დაუმონტაჟებელი უცნაური მასალა.
ხო მართლა, მანამდე დედას გავუარე ჩაის სახლთან. ეზოში თოვლ-ჭყაპია, მოხუცი გრაფიკული ხეები და ძველი, ასფალტს შეზრდილი მანქანა, რომელიც არასდროს განძრეულა ბავშვობის მერე - სიურეალისტური ნახატი. გარეთ გამომაცილა, ცრემლებს იკავებს. ცხრა ძმის დედა გავახსენე, უტაქტო ხუმრობა გამოვიდა. ვითომ გავიცინე, ვაკოცე ოდნავ სველ თვალებში და შებრუნდა. ეზოც დავიმახსოვრე და წავედით.
აეროპორტში წამსვლელი ბევრია თითქოს, და მთელს ფრონტზე ოთხიათას კაცზე მეტი არცერთ პერიოდში არ გვყოლია. თვითმფრინავამდე მანქანით მივედით. ეს ჟიგული სულ ასფალტს ეხახუნება, ისეთი აღჭურვილები ვართ. ვინ ვის გააჩერებს, ისეთი ძველები მოძრაობენ. თუმცა გაქაჩვებიც მიდის, ავტომატების გადატენვა, “ჩემი დედას შევეცი.…”
... ერთი საბედისწერო ფრაზით იწყება ყველა სისხლისღვრა. წილი ნაყარია - დაიძახა იულიუს კეისარმა, მდინარე გადალახა, აიღო ქალაქი არიმინუმი და სამოქალაქო ომიც დაიწყო. არძინბა უნდა მოვტყნა - ამოიღნავლა კუს ტბის გენერალმა და რუსეთის დაგეგმილი საშინაო ბრძოლა გაჩაღდა აფხაზეთის მიწაზე. პლუტარქეს მიხედვით, რუბიკონზე გადასვლის წინა ღამით საშინელი სიზმარი ნახა კეისარმა: თითქოს საკუთარ დედას ბუნებისგან აკრძალული კავშირით შეეუღლა. რა ესიზმრა ჩვენს სარდალს ღალინძგაზე გადასვლის წინ, კაცმა არ იცის. მოძმის სისხლით გაბრუებულმა სამხედრო კამპანიამ თბილისიდან სოხუმში რომ გადაინაცვლა, ამის მოწმე თავად გახლდით. ისევ პლუტარქე: რუბიკონის გადალახვის და ქალაქ არიმენუმის აღების შემდეგ ომს ფართოდ გაეღო კარები ყველგან, პროვინციის საზღვრებთან ერთად რომის კანონებიც წაიშალა, ქვეყანაში არა მხოლოდ შიშით ზარდაცემული ლტოლვილები დაძრწოდნენ, არამედ ქალაქებიც კი ფეხზე დგებოდნენ და ერთმანეთისაკენ მიიწევდნენ. ეს პასაჟი მხატვრული მეტაფორა მეგონა, ვიდრე ჩვენს თვალწინ არ ჩამოვიდნენ დედაქალაქში დასავლეთ საქართველოს ქალაქები; ახლა კი თბილისი მიდიოდა სოხუმში - მთელი თავისი გაგებით.
“რა უბნელი ხარ ბიჭო, ვისთან ხარ?” გამხდარ უწვერულ ბიჭს ეკითხება ჩვენი ჯარისკაცი, იმას ვითომ სამხედრო, ხაკისფერი გეოლოგიური თხელი ქურთუკი აცვია, ხელში ცელოფანის პარკი უჭირავს, კანკალებს, თავს იკავებს: “არავინ არ ვარ, ჩემი ძმაა სოხუმში, უნდა ვნახო...” ჩვენ მოგვმართავს, მაგრამ სხვაგან იყურება. ყანყრატოთი ლაპარაკობს თითქოს, ინდაურს ჰგავს. “რამდენი წლის ხარ?” ჰკითხა გია ასათიანმა. აშკარად პატარაა. “ძმას ვფიცავარ, ცხრამეტის გავხდები, ეხლა,” ცელოფანის მწვანე პარკში კბილის პასტა მოსჩანს, ისევ სხვაგან იყურება. “შენს ძმას ჩვენ ვნახავთ და დავარეკინებთ, წადი ეხლა,” უთხრა გიამ გადაჭრით. “ძმას ვფიცავარ, არ გატყუებთ,” იხვეწებოდა ბიჭი, მაგრამ უკვე ტრაპთან გაკეთებულ ცოცხალ ჯაჭვს გარეთ დარჩა. ერთი ბატალიონი (ჩვიდმეტი კაცი თუ იქნება, კლასიკური ფორმით ბატალიონი ხუთასორმოცდათვრამეტი მეომრისგან შედგება) მოვიდა, ნასვამები არიან. თბილისში უცნაური მიზეზით ჩამოსულან, ძმაკაცის ნიშნობა. აბა, რა უნდა ექნათ? დაცვასთან “კაჩაობენ.” "თქვენ კატაობთ, თუ?…” ჯარისკაცი. “ვის ეუბნები, ბიჭო, მეე?” - ჩვიდმეტკაციანი ბატალიონის უფროსი. “ჰო, შენ,” - დაცვის ბიჭი. “ჩემი დედას... ვის, ბიჭო,” და ავტომატს აყენებს ნასვამი მებრძოლი. ჩვენც მივედით - “შენი ბიჭოს დედას...…” ჯარისკაციც ავტომატის ჩამკეტს აჩხაკუნებს, ერთი ხელით სიკვდილებით დატენილ სასროლის ლულას ძირს ვუწევთ, მეორეთი პირზე ვაფარებთ ორივეს - ეს გამოცდილება ბევრჯერ გამოგვადგება. ერთმანეთს დედა არ შეაგინონ, თორემ საკუთარ დედებს ყველა პოზაში ახსენებენ. საერთოდ, აქ რაც ავტოგინებები გავიგე, ამ ჟანრის ფესტივალი მეგონა. თან ყვირილით ვამუნათებთ: “აზრზე მოდი, ბიჭო, ომში მივდივართ, ქართველები ხართ თუ…,” აქ ცოტა ისტერიულ-ისტორიული პათეტიკა, ამერიკული ფორმა და კარგი იარაღიც ჭრის, თორემ ჩვენც არავინ არა ვართ - მოხალისეები, გენერლებს ვიცნობთ “პროსტა”. კიდევ რამდენიმე გარჩევა და შევედით, როგორც იქნა. ტყვია-წამალს ტვირთავენ, სამგზავრო თვითმფრინავმა მგონი ჩაიმუხლა. “ვერ აიღებს ადგილიდან, მიწოლა დაჭირდება, კაკრას ეს ქაჯები მოაწვებიან,” ხუმრობს ერთი გაღმელი, რომელიღაც გენერლის შნირყოფილი, ამჟამად უკვე”სტეჩკინით”. დაწინაურდა ე.ი. სამხედრო განმასხვავებელი ნიშნები აქ ფორმა, იარაღი და ენაა - ”ბაზარი”. აღარ დაადგა საშველი, გარედან ისევ სროლა, ტრაპზე გამოვედით, შავოსანი ქალი არღვევს ცოცხალ ჯაჭვს კივილით და ვეღარც აჩერებენ, “გამოუშვით” - ქალი კი უკვე ტრაპზე ამორბის, თავშალი წაართვა ქარმა, ჩალისფერი თმები გამოუჩნდა. ახალგაზრდა გოგოა, ხმა აღარა აქვს, ხავის “შვილი, მეორე, მიშველეთ, ნიკა!” სალონიდან ინდაურივით ბიჭი გამოვიდა გაფითრებული, ისევ სხვაგან იყურება. ქალი შეშდება, თითქოს შერცხვა, მიტრიალდა და წავიდა, ბიჭი უკან გაჰყვა. ”ერთი თვის წინ ჩამოუსვენებიათ უფროსი შვილი, ეშერაში დაღუპულა, ეს მართლა თხუთმეტის ყოფილა,”- ახალშემოსული გვარდიელი ჰყვება - “როგორ შემოძვრა, მაგარი ტიპი ჩანს.”
დავიძარით, მოწოლა არ დასჭირვებია, გაქანდა და მიგვაკრა სავარძლებს. სულ მალე ოჩამჩირეს გადავუფრინეთ, პილოტებმა სინათლეები გამორთეს. ტამიში ისევ იმათია (პოზიციებს კი ვიღებდით, მაგრამ ვერ ვინარჩუნებდით. ცნობილია, სანგრებსაც ვერ ვთხრიდით), ტყვარჩელი ხომ არც არასდროს აგვაღებინეს ჩვენივე სარდლებმა, აქედან შეიძლება გესროლონ. კიდევ უფრო სწრაფად წითელი წარწერები აინთო “ფასტენ სეატ ბელტს!”- სოხუმის აეროპორტში ვეშვებოდით. ვღელავდი, არასდროს ვყოფილვარ ზამთარში აფხაზეთში, ომშიც პირველად ვარ. ძალიან კარგად დასვა მფრინავმა. ისეთი ქაოსია, გასაკვირია, პილოტი ტრაქტორისტი რომ არ არის; ტანკზე კომბაინერი იჯდა - ამას მერე ვნახავ. გადმოვედით, მშვიდი საღამოა, თბილა, ზღვაც დანახული გვაქვს ილუმინატორიდან და ვიღაცამ “აქ მგონი ბანაობაც მოსულაო.” ისეთი სიწყნარეა, თითქოს არაფერი არ ხდება. “ოდესმე დედაქალაქი აქ უნდა გადმოვიდეს, თბილისი დაბერდა, დამახინჯდა და ვეღარც უძლებს ამდენ ხალხს.” - ვამბობ მე. … ”ქუთაისლებს გაუტყდებათ, მარა თქვენთან იყო უკვე, ბიძია, მცოცავი გრაფიკია თქვა,” ღადაობს საბურთალოელი ზაზა.
მანქანები დაგვხდა. გამოვედით აეროპორტიდან, ციტრუსებით დახუნძლულ ხეივანში შევუხვიეთ, პაწაწინა ხიდის ქვეშ გავძვერით და საბჭოურ უსახურ სანატორიუმს მივადექით. აAგუძერა - ასე ჰქვია ამ ადგილს. გვერდზე გულრიფშია, იქ ნამყოფი ვარ, მწერლებს ჰქონდათ სახლები. ხვალ გავისეირნებ, სადაც მზის ჩასვლისთვის მიცქერია, უდარდელად ქვიშაში წამოწოლილს. იქით კი, სადაც მზე იძირება ყოველ საღამოს, რკინის დიდი კასრი გდია და დილით უკვე მუცელზე დაწოლილი ტყვიამფრქვევის სროლას ვსწავლობთ, ხტის და დგაფუნობს წყალში თეთრი ბალონი, პლიაჟი ”დშკ”-ს მასრებით ივსება, ვიღაც იპოვნის უცნაურ ქვებთან ერთად მშვიდობის ჟამს. ვაკაკანებ უზარმაზარ ”მაშინგანს” და თავს ვიწყნარებ, მზემდე ტყვია ვერ მიაღწევს. ბანაკში ორი ათას კაცამდე მოვგროვდით, სერიოზული ძალაა, მაგრამ სანამ ოპერაცია დაიგეგმება, ყოველღამე ჩხუბები და გარჩევებია, სულ ვიღაცეებს ვაშველებთ, თან სვამენ. დროზე თუ არ დაიწყო, ჩახოცავენ ერთმანეთს. სულ მწვანეა არე-მარე, შორს ციტრუსებში და პალმებში ჩაფლული თეთრი სახლები მოსჩანს, უფრო შორს კი ლურჯი ზღვა ირეკლავს კავკასიონის თეთრ მწვერვალებს, სარეკლამო რგოლია. დღე ისე ცხელა, მაისურით შეიძლება სიარული, ასეც დადიან. გენშტაბში “შნირყოფილი” შემხვდა, შლიოპანცებში ცერაგაყრილი, ჭკვიანი კაცი. ეგრევე შინაურდებიან. აბა, მე ბათინკებით ვარ ამ სიცხეში. ტამიშის გაწმენდა იგეგმება, კარგი ხალხიც შეგვხვდა, იმედი მომეცა. ერთი გარჩევა-გაქაჩვა ამ დონეზეც გაკეთდა და იმ ოპერაციამაც კარგად ჩაიარა, ლოკალურად მოგებული ქართული ბრძოლების ისტორიაში შევა ალბათ, მთლიანად ომი კი წავაგეთ ჩვენც და აფხაზებმაც - როგორც ყოველთვის, საშინაო სისხლისღვრებისას, გაიმარჯვა ისევ რუსეთმა. ამ დაწყევლილ საუკუნეში რა გასაკვირია, ისევ რენეგატი ხელისუფლება გვყავს, ოცდამეერთეში ვნახოთ.…
ბრძოლის წინა ღამით მეუფე დანიელმა აღსარების გარეშე გვაზიარა. ადრეც ასე იყო, ის კი არა, მარაბდაში ჩემს წინაპარ ცხრა ძმასთან ერთად ორი მიტროპოლიტი აღესრულა ხმლით. აგუძერას დიდ კლუბში სიბნელეა, მხოლოდ სანთლები ანათებენ უამრავი უცნობი ცოდვის თავზე ასაღებად გამზადებულ ახალგაზრდა ეპისკოპოსს. ჯგუფებად შევყავართ, იარაღს შესასვლელში ვტოვებთ. ამაღლებული უცნაური მისტერიიდან გამოსულებს ორი ავტომატი მოპარული დაგვხვდა, კარგია არა? მიუხედავად ამისა უაღრესად ბედნიერი ვარ, თბილისში არაეკლესიურად ვცხოვრობ და ზიარებას ბავშვობის მერე არ ვღირსებივარ. ჩამეძინა.
სნაიპერის ჯვრიანი თვალი ვარ, ოპტიკის ქვედა ქუთუთოსთან ქრონომეტრაჟის ციფრები კოსმიური სიჩქარით ბზრიალებენ. ჯვარდასმულ კუნძულზე ბევრი ხალხია, ძირითადად, გარდაცვლილები. კითხვები მქონდა მამასთან, ვერც ვიხსენებ და თან შაშხანის თვალი ვარ, მზერას ვაშორებ. ბიძინაც აქ არის, თეთრი ცვილის ხელებით. ვფიქრობ, რატომ ვუმიზნებ ჩემს ძმას, არ მოხვდეს, და ისიც ქრება. ბავშვობაში ნანახი პერსონაჟები… - მუშტაიდის შემშვებს აკვდება სამიზნე, დიდდება ლურჯი ხალათის გაქექილი ჯიბეები, რუსთაველზე გაზიანი წყლის გამყიდველი, კინოს აფიშა, შავდება გამოსახულება და ძველ ეზოში გრძელდება. შავჯვარდასმული უნივერსიტეტის თეთრი სასახლე, წითელი აგურით მოხრეშილი ცარიელი ბაღი. ნაძვებში ჩაფლული პოსტამენტები შავი ბიუსტებით, ერთს თავი აკლდა. ზღვა გალურჯდა, მრგვალი კუნძული ისევ უკაცრიელი გახდა, პალმები, ციტრუსები, ლევან აბაშიძე დავინახე პროფილში, გრძელი თმებით, თეთრი პერანგით, ბიძინამაც გაიელვა სევდიანი თვალებით. ნაცნობ სურათს ვხედავ, ხარება და გოგიას ფოტო მგონია, შორს კი, ჰორიზონტზე, ზღვიდან ამომავალი წითელი მზე დაისერა ოთხად. ზღვა შავი იყო, ბნელოდა, როცა ბრძოლის წინ სისწრაფეში ვიწერდი სიზმარს, პირველად ცხოვრებაში, ჯიბის “ვეფხისტყაოსნის” ბოლო ცარიელ გვერდზე, არ დამვიწყებოდა, როგორც უამრავი ზმანება-ფილმი, მახსოვრობის სანაგვეში გადაყრილი. არავისთვის მომიყოლია, ფატალური არ გამომდგარიყო.
გამთენიისას მთაზე ავედით. უხმაუროდ მივიწევთ წინ, ზღვა ქვევით რჩება. სოფელი გამოჩნდა, მწვანე ხეებში ჩაფლული, როგორც ზაფხულში. აქ გავჩერდით და პირობისამებრ გავიყავით უსიტყვოდ, თორმეტ-თორმეტ კაცად. ჩვენ ზემოდან უნდა შემოვუაროთ სომხურ სოფელს, დაზვერვის მონაცემებით მტრის დაჯგუფება ამ მიდამოებშია. ავცდით თუ არა პატარა მინდორს და ტყეში შევედით, დაგვცხეს. ხეებს ვეფარებით გადარბენებით. ჩვენც ვისვრით სავარაუდო მიმართულებით, ვერაფერს ვხედავთ, ისეთი დაბურული ტყეა. თითო-თითოდ ისვრიან, არაავტომატურად, მაგრამ ძალიან სწრაფად დამიზნებით, სიზმარი გამახსენდა და დაიწივლა კიდევაც ტყვიამ, მერქანი აათალა ჩემს საფარ ხეს - სნაიპერია ეს დედამოტყნული. ზუსტად ასე გადავძახე გვერდით ხესთან აქოშინებულ თანამებრძოლს, თემქელი ბიჭია მგონი, ქურთი მაზუთას ეძახიან კანის ფერის გამო ალბათ, მამუკი - ასე მომმართავს. ზევით მივიწევთ. დაბურულ ხეებს ვესვრით და ამ დროს გადავრბივართ საფარიდან საფარში. შაშხანა არ ჩერდება, ვირტუალური სიკვდილები დაჰქრიან კივილით. დამჭრა ამ ნაბოზვარმა - მომესმა ქვემოდან, მგონი ზაზაა. ძლივს ამოვლილი მანძილი უკან ჩავირბინეთ, არ შემშლია, ის არის. ხესთან მიწოლილა გვერდულად, გაფითრებული და დაბნეული ხელს მუცელზე იდებს, არადა, გარედან არაფერი ემჩნევა. გავუხსენით სქელი ბუშლატა, სვიტრი და მაისური ავუწიეთ და ნეკნთან ძლივს შევამჩნიეთ კალმის წვერისხელა ჭრილობა. არაფერია, ვამშვიდებთ ჩვენ და ისიც ნდობით აღსავსე თვალებით შემოგვჩერებია.ზაზა საბურთალოელია, ბუთქუნა, დიდი ბიჭია, თავის კვარტალს არ გაცილებია, ყველა ამბავი, რასაც ჰყვება, უბანში ლუდის სმის ან კროსვორდების შევსების დროს ხდება. მაგარი იუმორი აქვს, ძმაკაცს წამოყვა, რომელიც სხვა ჯგუფში აღმოჩნდა და ამას დარდობს “ეს ჩემისა მაინც იყოს აქ….” ვამშვიდებთ - ჩვენ რა, არ მოგხედავთ, ბიჭო? გადაწყდა, ორნი ჩაიყვანენ ბაზამდე, იქიდან კი მანქანით სოხუმის საავადმყოფოში. ვინ წაიყვანს - ამაზე პატარა გარჩევა კინაღამ მოხდა, არავის უნდა ბრძოლიდან წასვლა, ბოლოს ძალით გავუშვით. ერთი მათგანი მაზუთაა, ხუთი შვილის მამა, ცოლი ბოლო მშობიარობას გადაჰყოლია. "ზაზა, იზვინი, ძმა, მარა რეიზა მე,” - სასაცილოდ უქცევს ხოლმე იმერულად. მე ვუხსნი: “ეს უფრო საპასუხისმგებლო მისიაა, მაზუთ, თან ეგრევე მობრუნდები. დავაი, დროს ნუ კარგავთ”. - “ხარაშო, მამუკი, ბალნიცაში დავტოვებთ და ეგრევე გამოვგაზამ”. ჩვენ საცეცხლე წერტილისკენ ვისვრით და ამ დროს ესენიც ქვევით მიარბენინებენ გუგებგაფართოებულ ზაზას, რომელსაც ყველაზე მაგრად თავისი ტყუპისცალი და ადარდებს - “ერთ რამეს გთხოვთ, თუ დავიბრიდე, ჩემს დას არ უთხრათ, გაუშვი, დაკარგული ვეგონო, ეგ ვერ გადაიტანს. მზე რომ ჩადის ზღვაში ბოლო წამს უეცრად, ეგრე მოვკვდები?” ”კარგი, ბიჭო, გაკაწრული ხარ,” ვამბობ, მაგრამ მე თვითონ არ მჯერა, ნატყვიარი გარედან ყოველთვის წვრილია. ღმერთმა ქნას, გადარჩეს. მუცელს რომ გაუხსნიან, ეგ ნაღდია.
ისევ ზემოთ დავიძარით, უხილავი სიკვდილებისკენ, გადარბენებით, სროლით, შეკუმშული გულით და პატარა ბიძინას წყნეთიდან გამოყოლილი სუნით. ტყის ბოლოც გამოჩნდა, სნაიპერიც სადღაც აქ არის და ჩვენც დავუშვით ტყვიამფრქვევი უზარმაზარ, ბაობაბივით დაბურულ ხეს. პაუზა - პასუხს აღარ გვაძლევს, მგონი მოხვდა, არ გვატყუებდეს. ერთიც დავცხეთ ყველა იარაღიდან და საფარიდან სროლით დავიძარით.
პირველმა ხაშურელმა თადამ მიირბინა და გაშეშდა, არც ტრიალდება, არც წინ მიდის. ჩვენც მივედით. მოსხეპილ ტოტებზე მწვანექურთუკიანი ქალი წევს, იქვე მოგლეჯილი ხელი აგდია, რომელიც მანიკურებაქერცლილი თითებით ბოლოვდება. გოგო თვალებს ახელს, ოხრავს და რაღაც სიტყვებს ამბობს გაუგებრად. “სხვები გაიქცნენ, ეს რა ნასტირნი ვინმეა, ბოლომდე გვესროდა, ზაზა ამან დაჭრა უეჭველი,” ამბობს თადა, “ხომ არ ვხიო? თვითონაც დაისვენებს,” ავტომატს იმარჯვებს. “არა, მაიცა, იქნებ ენად გამოდგეს,” გია მოგვიახლოვდა ქოშინით, “ჩვენებსაც აუღიათ სიმაღლე, ტყვეები აიყვანეს, რაციამ გადმოსცა, რუსები არიან და ჩეჩნური დროშები აქვთ.” “აAმას რა ვუყოთ?”
ქალი ოცდაათ წლამდე იქნება, წაბლისფერი თმა ბიჭურად აქვს შეკრეჭილი, ჯინსი აცვია მოხარშული, თვითონ ვარიონის იტყოდა ალბათ, დამტვრეული თოჯინასავით მომძვრალ ხელზე ჩეჩნური დროშის სამკლავური უკეთია, ახალი, უფორმო, შავი სამხედრო ბათინკები ინვალიდის ფეხებს ჰგავს. “холоднно, морфи у меня в сумке . . . сделайте ради бога» თქვა უცბად ქალმა, თვალები გაახილა და თავის მოგლეჯილ ხელს დააკვირდა. “замирзаю”. მე მომაჩერდა. ხმას არავინ იღებს. საზარელი სიჩუმეა. მივუახლოვდი, შაშხანა ფეხით გავწიე. წითელი ლაქის ჩანთა ხესთან გდია. ავიღე, ხელის ჩაყოფა მომერიდა, ჩავიმუხლე და მიწაზე გადმოვაპირქვავე. ომისათვის შეუფერებელი ნივთების ჩხრიალმა დაარღვია მყუდროება. უბის წიგნაკი, პომადა, სარკე, პატარა ბოთლუკები, ფანქრები, შპრიცები და სხვა უამრავთან ერთად - სკოჩით საგულდაგულოდ გადაკრული ხუთი ამპულა მორფი. “მე გავუკეთებ,” ამბობს სათვალეებიანი სოსო. ამპულების დამტვრევას შეუდგა, ვიღაცამ ბუშლატი დააფარა აკანკალებულ ცალხელა ქალს. “ამის პროფესიაზე იკაიფე, ერთი თითის გამოკვრა და ვიღაცის ქელეხი, ორმოცი, წლისთავი,” თავისთვის ბუტბუტებს სოსო, თან თავისი უზარმაზარი ლინზებით შპრიცს უყურებს. ვცდილობ სხვაგან ვიყურო, მაგრამ მოგლეჯილ ხელს ვაწყდები. “საავადმყოფოში წავიყვანოთ, თუ რა ვქნათ,” კითხულობს გია. “რა ვიცი, აზრზე არა ვარ, სოფელში ჩავიყვანოთ, მგონი იბრიდება, თვალებს აღარ ახელს და აღარც სუნთქავს”. ყელის არტერიაზე ვადებ თითებს. გარდაიცვალა. სოსო მაინც უწევს მარცხენა მკლავს და მეც არაფერს ვეუბნები. უბის წიგნაკი ავიღე, გადავშალე და პირველ გვერდზე წერია დიდი ასოებით: კატერინა ფედოტოვა, დაბადების წელი რაღაცა, ქ. ლენინგრადი. სისხლის ჯგუფი პირველი.. “წასვლის დროა,” ამბობს გია. “ბაზაში უნდა დავბრუნდეთ, სადაც არის დაბინდდება, ტყვიები აღარა გვაქვს”. “ყველამ თავის მკვდარს მიხედოს,” - გამახსენდა, მაგრამ ამის პატრონი ტურები არიან, მტრის გვამების დამარხვას ვერ ავცდი. სოფელში ჩავიდეს ვინმე, ნიჩბები წამოიღონ. ავტომატის კონდახით მიწა მოვსინჯე, ადვილი გასათხრელია. “სოფლელები მიხედავენ,” მეუბნება გია და სნაიპერის შაშხანას იღებს ხელში. “ტრაფეია... არა, მეზიზღება,” ტყვიებდაცლილ თოფს ლულაში ჰკიდებს ხელს და ბაობაბივით ხეს ურტყამს, დამსხვრეული დეტალები ცვივა აქეთ-იქეთ. სამიზნე ჭოგრიტი ჩემს ახლოს დავარდა, ავიღე და გავიხედე: ოთხად დაყოფილი პანორამა. ქვემოდ მოვატრიალე. შორს, ჰორიზონტზე, ზღვა მოსჩანდა, ზუსტად ისე, როგორც სიზმარში. მზე ჩადიოდა ან ამოდიოდა. ვისთვის როგორ...