შენში სინათლეა ჯერ არგაგონილი,
ჩემკენ ძველებურად მსხვილი წვიმებია,
მიდის ეს ცხოვრება ისევ ჟარგონულად -
ძვლებში ტკივილები იმტვრევინებიან.
ჰოდა,
განგებასთან ახლა კვლავ ვთავხედობ,
რა ვქნა,
ჭრილობები მინდა გამიმთელდეს,
მინდა შენს თვალებში ისე ჩამახედო,
გულზე რაღა ვთქვა და -
სულშიც გამითენდეს.
წუხელ შენი სუნთქვა ვთვალე ათასამდე,
ცაზე ვარსკვლავია ალბათ მილიარდი,
მოდი,
მომეკარი,
სანამ დაგვთარსავდეს
ბედი როკაპი და -
ზურგით მივტრიალდეთ
ყველა ამქვეყნიურ დავიდარაბისგან,
ნაღდად სიკვდილია დგომა ამდაგვარი,
სანამ ვინმე ცუდმა ბედთან დაგვაბიზღა,
ჩვენთან მოსასვლელი მოვჭრათ გზა და კვალი.