Litclub.ge

პასუხად
(განდეგილს და შიო მღვიმელს)

კარგებო, თქვენი ძახილი 
ბარით შამესმა მთაშია, 
ფეხის ფრჩხილებში გაჟონა 
ჟრჟოლამ, დაკრულმა თავშია; 
ძვირფასს მაუწყებთ ამბავსა, 
ჩამოვარდნილსა ხალხშია: 
“გაუმთელდაო წყლულები 
არწივს, დაკოდილს მხარშია”. 
დაუფანტია ფრინველნი 
მომაგრებულსა მკლავშია, 
რომ დაჰსეოდენ უმსგავსნი 
ღალატით დაჭრილს გზაშია. 
“უჭირველივით ყაშყაშებს, 
ცხადად ვცანითო ხმაშია.” 
უკეთესს ვინ რას მახარებს, 
თქვენ გენაცვალეთ თქმაშია! 
აგავსეთ ია-ვარდითა, 
დაბერდით იმის თვლაშია! 
სწყავდეთ და ვერ უდიოდეთ, 
ოფლი გდიოდესთ წყვაშია! 
ისე სცურავდეთ კეთილში, 
ვით კოვზის პირი ზღვაშია! 
ერთი ათასად გარდვიქე 
მხედველობაში, ჯანშია: 
ყორნის ფრთა-ბოლოდ ქცეულა 
თეთრი, ნარევი თმაშია, 
მოხუცი კაცი ჯეილად 
ჩავუწერივარ ცაშია. 
აწ გლოვა აღარ მჭირდება, 
აღარც დამალვა სახლშია. 
ერთი რამე მაქვ სათქმელი, 
იქნებ დაგიჯდეთ ჭკვაშია: 
მკერდში არავინ დაგვიჭრას 
გმირი, დაჭრილი მხარშია 
და დღეს კი გამოჩენილი; 
ჭკვა მოვიგროვოთ თავშია, 
არ გადამექცეს არმადა 
სიცოცხლე მთა და ბარშია.