Litclub.ge

ცისარტყელა
ნაშუადღევს ცა უცბად მოიღრუბლა. ალაგ-ალაგ ღრუბლებმა შავი ჩუპეები ჩამოუშვეს. ჯერ შორიდან ისმოდა ყრუ გრუხუნი, მერე ზედ შუა ცაშიც გაიკლაკნა ელვა და დაიჭექა. სქელი, მუცელდამძიმებული მამალი მაჩვი თავის სოროსკენ მიმავალ ბილიკს მიჰყვებოდა. თუმცა მიხვდა, ცის ქუხილი იყო, თავი მაინც ძირს დასწია, ყბები მიწას დაადო, ცოტა ხანს ასე იყო, გაფართხული. მერე თავი ოდნავ გვერდზე გადასწია, ცას ცალი თვალით ახედა და გაიქცა. ის იყო სოროში დინგი შეყო და ერთხელაც დაიჭექა. მაჩვმა მხრები აიწურა და ერთი ნახტომით შევარდა შიგნით. აქ გაჩერდა, ხმაურს ყური მიუგდო. წვიმის ბრტყელი წვეთები ძირხვენისა და კულმუხოს ფოთლებზე ატყაპუნდა, ჯერ კანტიკუნტად, გამორჩევით, მერე ხშირად და უფრო ხშირად, მომდევნო ქუხილი მცხრალი იყო. მაჩვმა წამოიწია, მიხლართულ-მოხლართული ლაბირინთი გაიარა და მრგვალ დარბაზში შევიდა. დარბაზის ერთ კუნჭულში, რბილ ბალახებზე დედა მაჩვი იწვა და ერთმანეთზე ახორხლილ ლეკვებს ძუძუს აწოვებდა, მამალი მაჩვი ახლოს მივიდა, დახედა, როგორ იყვნენ, - დიდი წვიმა მოდისო. - დედა მაჩვმა დაღლილი, არაფრისმეტყველი თვალებით გადმოხედა. მამალმა მაჩვმა დარბაზს შემოუარა, დაყუნტდა, ყურის ძირი მოიფხანა და მერე ისევ გასასვლელისკენ წავიდა.

გარეთ უკვე გაბმით, თანაბარი ხმაურით წვიმდა. მსხვილი, კრიალა წვეთები ალმაცერ ხაზებად მოქროდნენ მიწისაკენ, ეცემოდნენ ბუჩქებისა და ბალახების ფოთლებს, ერთხანს იმათ კიდეებზე ჩამოკიდებულნი ცახცახებდნენ, შემდეგ იქიდანაც წყდებოდნენ და ბალახის ძირებში იკარგებოდნენ. ახლა იშვიათადღა ქუხდა, ისიც შორს, მაგრამ მაჩვი მაინც შიშჩამდგარი თვალებით იყურებოდა სოროს სიბნელიდან.

იშხაპუნა წვიმამ, იშხაპუნა და იკლო. ჩამობნელებულ ჭალას შუქი რამ დაადგა, მაშინ მაჩვმა გაბედა და გარეთ გამოვიდა, ჰაერზე. აქაც სიმშრალე იყო, რადგან სორო ვეება მუხის ფესვებში ჰქონდა გათხრილი, ეს მუხა ცოტა გადმოხრილიყო და წვიმის წვეთებს სოროდან გადმოყრილ მიწის გროვამდე არ უშვებდა. მაჩვი იმ მიწის გროვას გადაადგა და ახლა იქიდან დაუწყო თვალთვალი მიდამოს.

ჭალა სულ უფრო და უფრო განათდა, წვიმამ მდინარის იქით, გრძლად გაწოლილი უტყეო სერის ძირში გადაინაცვლა. და ცოტა ხანში მოხდა ის, რასაც მაჩვი ელოდა: სამხრეთიდან ბრტყელი, ლამაზი ცისარტყელა დაიძრა, აიწია მაღლა, აიწია და სწორი, მკვრივად შეკრული თაღი გადახაზა. ცოტა ხანში მეორე ცისარტყელაც ამოიზარდა, მაგრამ იმან თაღის შეკვრა ვერ შეძლო, შუა ცამდე ძლივს მიაღწია და იქ გაჩერდა. ამ ცისარტყელების უკან, მტუტისფერ სიღრმეში, ისევ ქუხდა, მაგრამ ამ ქუხილს უკვე აღარავინ არაფრად აგდებდა, ყოველი წვეთი მშვიდად, ჩაჟუჟუნებით ბრწყინავდა. ჩიტები სამალავიდან გამოძვრნენ და აჭიკჭიკდნენ; ბილიკზე ორი დიდი ლოკოკინა გამობრძანდა, მთელ სიმაღლეზე აეჭიმათ ვერცხლისფერი საცეცები და ფრთხილად სინჯავდნენ ჰაერს. მაჩვმაც გული დაიარხეინა, უკანა ფეხებზე ჩაცუცქდა და მედიდური გამო-მეტყველება მიიღო. ჰქონდა კიდეც ამ მედიდურობას საფუძველი: ამ არემარეზე ის ყველაზე თადარიგიან სულდგმულად ითვლებოდა, თადარიგიან და დინჯ, მაშასადამე, ბრძენ სულდგმულად. ჯერ მარტო სორო როგორი ჰქონდა! ღრმად წასული, მიხლართულ-მოხლართულ ლაბირინთიანი, სართულოვანი და დიდებულად მომტკიცულ-დარბაზოვანი!

უცებ ზემოდან, ვენახების მხრიდან, კურდღელმა ჩამოირბინა. მაჩვმა პირველად ვერ იცნო და შეკრთა, სოროსკენ დაიხია. მის ფაჩიფუჩზე კურდღელიც შეჩერდა და დაფეთებით დაახამხამა მრგვალი, მარდი თვალები. როცა ერთმანეთი დაინახეს, დამშვიდდნენ. მაჩვმა თავი ისევ მედიდურად დაიჭირა და კურდღელს ვითომცდა ძალიან გულგრილად ჰკითხა:

- სად მირბიხარ, რა მოხდა?

კურდღელმა თავი ცისარტყელასკენ გაიქნია.

- ცისარტყელაა!

- მერე?

- რა მერე, ცისარტყელაა!

- მერე, რომ ცისარტყელაა?

კურდღელმა უმწეოდ ააცმაცუნა ტუჩები, აქეთ-იქით მიმოიხედა, თითქოს დამხმარეს ეძებდა.

- ახლოდან უნდა ვნახო.

მაჩვმა გამქირდავად შეიჭმუხნა დინგი.

- შენ გინახავს? - გაუკვირდა კურდღელს.

- რა აქვს სანახავი, სულელო!

- ლამაზია.

მაჩვმა კიდევ უფრო მედიდური სახე მიიღო და თავისთვის ჩაიქირქილა:

- წადი, წადი, არავინ მიგასწროს!

კურდღელი უხერხულობას გრძნობდა, მაგრამ მაინც გამოიქცა. დაურიდებლად გადაახტა ბილიკზე მოსეირნე ლოკოკინებს და ბუჩქებს მიეფარა, შეშინებული ლოკოკინები მოიბღუნძნენ, მერე ნელ-ნელა ამოსწიეს საცეცები, ერთმანეთის წინ აყელყელავდნენ და ქირდვით თქვეს:

- ფიჰ, უზრდელი!

მიდამო კი ბრწყინდებოდა და ბრწყინდებოდა. ჭიკჭიკებდნენ წიწკანები, ჩიტბატონები. იძახდნენ მოლაღურები. გადმოხტა თითქოსდა სიხარულით ათახთახებული ჭინჭრაქაც.

და უცებ:

- ბაახ!..

ცისარტყელას თაღქვეშ, ნარინჯისფრად განათებული ჩოქელა ვერხვების თავზე, პატარა თეთრი კვამლი ავარდა, ცოტაზე წალივლივდა ქვევით-ქვევით და გაიშალა. მაჩვმა სოროსკენ დაიხია. საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა. ასე გეგონებოდათ, წვიმის წვეთებიც კი გაშეშდნენ. მერე სივსივით ამოფრინდნენ ტყის ქათმები და ფრთების აჩქარებული ქნევით წამოვიდნენ მაჩვისკენ.

- რა მოხდა, რა? - ჰკითხა მაჩვმა.

- კურდღელი მოკლეს, კურდღელი!

- ჰიყ! - ამოიძახა კმაყოფილებით მაჩვმა, - დატეულიყო თავის ადგილას, სად მირბოდა?!

მაგრამ თან შიშიც იგრძნო, სიფრთხილეს თავი არა სტკივაო, შეძვრა სოროში და საღამომდე გარეთ არ გამოუხედავს. იჯდა მეუღლის წინ გაბებღვილი, ღაბაბჩამოშვებული და ამტკიცებდა:

- ჭკუა დიდი საქონელია! თუ ჭკუა გაქვს, არავინ მოგკლავს. წავიდეს ახლა და უშველოს ცისარტყელამ! ცისარტყელა! ჰიყ! ლამაზი! მე ჭკუა მაქვს.

დედა მაჩვი ახლაც არაფრისმეტყველი თვალებით იყურებოდა.