გამოვიდა ნისლიდან იაკოფა მენახირე, მოდგა მესერთან, დაიბჯინა თავისი გრძელი ჯოხი და დაიძახა შეშფოთებული ხმით:
- დათიკო! არ გესმის, კაცო, დათიკო!
გავიდა პაპა. წვიმს, წვიმს შემოდგომურად, წვრილ-წვრილად, გაბმით, ალმაცერად. იაკოფას საჩიხწამოწეული საწვიმარი აცვია, მწვანე, ახლა სისველისაგან გაშავებული, გაფხოკილი, დაჰყრდნობია თავის გრძელ ჯოხს და ისე ღრმად სუნთქავს, საწვიმარი აიწევს და დაიწევს, აიწევს და დაიწევს.
- ჰოუ, რა გინდა! - გადასძახა აივნიდან პაპამ.
- ჭირი და შავი მიწა, ჩემი თავისთვის! ძროხა გადავარდა ხევში!
- ვისი ძროხა, ბიჭო?!
- ვისი და შენი, მუცელგასახეთქი! წამოდით, მამეშველენით.
„ძროხა გადავარდა ხევშიო?!“ გავხროვდით დედაბუდიანად აივანზე. ატეხეს ქალებმა ვაი-ვიში. „აი შენ უნდა ჩაგისკდეს ეგ მუცელი, - მურმურებდა ბებია, - შე მკვდარო, შე ქვაბის ძირის ყარაულო“. „კარგით, ჰო! შინელი მომეცით!“ - ბრძანა პაპამ, შინელს მკლავი გაუყარა, ქუდი დაიხურა, დიდი დანა და ნაჯახი აიღო. მე ჩექმები ჩავიცვი, პაპას დაბამბულ ქურთუკს ხელი დავავლე. „შენ სადღა მიებზაკუნები, შენა! „ - დამიტატანა დედამ, მაგრამ პაპამ ისევ მოკლედ ბრძანა: „ეგ წამოვიდეს, ეგ დიდია“.
იაკოფა ისევ იქ იდგა, მესერთან, ჭერმის სველი ტოტების გვერდით. შიშით, მწუხარებით მოგვჩერებოდა ბებრული ჭროღა თვალებით, მოფლახული ჩექმები აყალო მიწით ჰქონდა გალესილი.
- როგორ გადავარდა, იქ არ იყავი? - ჰკითხა პაპამ.
- ეე, მითომ არ იცი შენი მუცელმოღორებული ძროხის ამბავი! დადის, დადის, სად დაიბღოტება, სად დაძვრება! სხვები ძროხები არ არიან, კაცო?! გონთხევში. რა უნდოდა იქა, კლდეზე, კაცო, რა ეგულებოდა! ვახ, გასაკვირველია პირდაპირ!
- მლაშე ბალახი იცის იქა და იმაზე ჩავიდოდა.
- გამლაშდეს და გამწარდეს ეგა, აკი გამწარდა კიდეც. შინ რა, არ აჭმევ მარილს ან სხვები ძროხები არ არიან, კაცო!..
- რომელი ფეხი აქ მოტეხილი?
- ვიცი რო?! გდია იმ ნაშალში და არი, ვწიე, ძვრა ვერ ვუყავი.
- დღეს რა დღეა? - ჩაფიქრდა პაპა და მე მომიბრუნდა. - ხუთშაბათი? შაფათ-კვირა მაინც იყოს, იქნება ცოტა გამეყიდა.
- გაყიდვის დარდი გაქ შენა! გაუყიდავი რა დარჩება. თუ გინდა, მე გავყიდი... მე გავყიდი და სანაცვლოს გიყიდი, როგორსაც მეტყვი. რა ვქნა!
- მაიცა, მამა გიცხონდება და!..
იაკოფამ გამხმარი ხელის ზურგი ცხვირთან გაისვა. მე შემებრალა, დაბალი იყო, ფეხებგაჩაჩხული. შავ ყბებზე თეთრ ეკლებად ეყარა რამდენიმე დღის გაუპარსავი წვერი. მოდიოდა და მოხვნეშოდა:
- ახია ჩემზედა! ოოხ! რატო უარესი არ მემართება. წავსულიყავი ქალაქში მეცა!
- იქ ხო ნაზუქის სუნში დაიხჩობოდი, შენმა თავის მზემა!
- რატო, ბიჭო, რატო! ბიჭი იქ არ არის?!
პაპამ ამაზე არაფერი უთხრა.
გავედით ვენახების ბოლოზე, ავყევით რიყეს, მივუახლოვდით იმ გონთხევსაც. დავინახეთ ნახირიც - მაღლა, ნისლიან სერზე იყო შეფენილი.
- მეტი ადგილი ვეღარ ამოარჩიე ამ ნისლში? - ჰკითხა პაპამ იაკოფას.
- სადღა, სადღა ჯანდაბაში გავრეკო, აბა, შენ მითხარი, ჭალაში არ უშვებენ, ძირმიწებში არ უშვებენ, ლაჯებაურში არ უშვებენ, სადღა გავრეკო?
- ამბარაში.
- არი რამეღა ამბარაში, რომ ფრჩხილი მაინც მოსჭიდოს კაცმა, არი?
პაპამ ამაზედაც აღარაფერი უთხრა.
ხევისკენ რომ შევბრუნდით, ძროხის ზმუილი შემო-გვესმა. მაშინვე ვიცანი, ჩვენი ფურდედო იყო, ჩვენი მაისა. იაკოფამ თავი გადააქნია.
- ეხლა, ალბათ, ნანობს კიდეცა, მაგრამ... ოხ, მაგის...
ხევში ერთი ნაკადულისოდენა მღვრიე წყალი მოდიოდა, ქვებში, ჩხნდეებში, ღორღებში. ავყევით იმ წყალს და... ზმუის ძროხა, კიდევ ზმუის... წინ იაკოფა მიდიოდა, არ ერიდებოდა არც წყალს, არც ბალახს, მიიბჯენდა თავის მაღალ ჯოხს და მიხვნეშოდა, მიწაზე მიათრევდა საწვიმრის კალთებს. ბოლოს მაისაც დავინახეთ, გეგონებოდათ, მშვიდად წევსო. ერთი ეგ იყო, სველი იყო, ბალანჩამოლუმპული და დიდი თვალები კიდევ უფრო დასდიდებოდა. მის ზემოთ, თიხიან ფლატეს, აპრიალებული ზოლები ჩამოსდევდა, მისი ჩამონაცური: ცოტაზე ძეძვი იდგა, ფლატის თავიდან ხმელი ბალახები გადმოკიდებულიყო, მშვიდად, თანაბრად ჩამოდიოდა წვიმა.
დაგვინახა მაისამაც, დააღო პირი და მორთო საბრალობელი ზმუილი.
- ხო, ხო! - თქვა პაპამ. - აი, მოვედით, ნუ გეშინია.
გავიქეცი მე და წინ დავუდექი მაისას. მერე ჩავკუნტდი, სველ შუბლზე ხელი ამოვუსვი. იმან ქშუტუნი და თავის ქნევა დაიწყო, თითქოს მეუბნებოდა, შენ არა, შენ იქით წადი, პაპა მოვიდესო. მოვიდა პაპაც, ჩაკუნტდა ისიც და საყვედურით ეუბნება მაისას:
- რა ჰქენი ეგა, რათ იყავი მოუსვენარი და არგასაჩერებელი! ფეხის კვრისა არ იყოს, რათ იყავი ატეხილი?! - პაპამ ღაბაბი მოუსრისა. მაისამ თავი ძირს დასწია, კისერი გამოიგრძელა, თვალები დახუჭა...…თვალები დახუჭა და დავინახე, რომ ნაცრისფერ ყბებზე ნელ-ნელა ჩამოსდიოდა ცრემლი, მეც ცრემლი მომადგა და უკან დავიწიე.
- აბა, რა გაქ, რა იტკინე! - ეუბნებოდა პაპა. - მაჩვენე, აბა! - დაიღუნა, წინა ფეხებთან ჩაუყო ხელი, ეტყობოდა, ვერაფერი ნახა ისეთი. ახლა გვერდიდან მოუარა, იქიდანაც შეუყო ხელი. მაისა კი იწვა და მალ-მალე ამწკლატუნებდა ენას. ხანდახან თითქოს აიწევდა, აიზნექდა ზურგს, მაგრამ ისევ მალე მოეშვებოდა. იაკოფამ ჯოხი ქვაზე მიაყუდა და იმან ტალახში მოსვრილი კუდი აიღო ხელში.
- ვეწიე, აესე, და ძვრა ვერ ვუქენი.
პაპამ შინელი გაიხადა და მე მომაწოდა. დაიმკლავა თეთრი, ლურჯად დაძარღვული ბებრული ხელი, წაყო ტალახში, მაისას უკანა ფეხებთან, ურია, ღრმად ჩავიდა. იაკოფა იდგა და უყურებდა.
- მოტეხილი აქ? - იკითხა რამდენჯერმე.
- აბა, ეგრე რა შევატყო, - თქვა ბოლოს პაპამ, - ნაშალი მიწაა, ღრმად ჩაფლული. ბარი უნდა წამოგვეღო, მაშ, ვერ მიხვდი ამოდენა კაცი?! - საყვედურით მიუბრუნდა იაკოფას.
- მქონდაღა ჭკუა? - თქვა საცოდავად იაკოფამ. - ან განა ეხლა ვსაზრობ რამეს?!
- აბა, ერთი ყველამ ავწიოთ! მოდი, ბიჭო, შენც. ეგ შინელი, აგე, ძეძვზე დადე. მე წინიდან ვეცდები, თქვენ კუდიდან ასწიეთ.
ჩავეჭიდეთ მე და იაკოფა სველ, ტალახიან კუდში. პაპა - რქებში,. ვწიეთ, ვწიეთ, აიწევდა მაისაც, აიწევდა ფშვინვით, ცახცახით და მოეშვებოდა ისევ, ააყმუყუნებდა ტალახს, მაშინ პაპამ ნაჯახი გამოიღო, დააწვა ყუაში და იმით დაიწყო მიწის ჭრა მაისას ფეხებთან.
- წავალ, ბარს მოვიტან! - ვთქვი მე.
- მოიცა, შევატყობთ, იქნებ არც იყოს საჭირო.
ჭრა და ყარა პაპამ იმ ნაჯახით და ხელებით სველი, შლამნარევი თიხა. ის რომ დაიღალა, იაკოფამ შეცვალა, მერე მეც ვთხარე, ხელებით ხომ ყველანი ვთხრიდით. უარა, უარა პაპამ მაისას და ახლა ძლივს წამოსცდა სანუგეშო სიტყვა:
- მგონი, ჩაფლულია მარტო.
ისევ ჩაეჭიდა რქებში, იაკოფამ კუდი გადაიხვია, მეც წავეშველე. ვწიეთ, მაისამაც იწია. იზმუვლა, იქშუტუნა, მაგრამ ვერაფერს გავხდით. მაშინ ერთხელ კიდევ ეცა პაპა ნაჯახით მიწას, ჭრა და ჭრა, ჩავიდა ღრმად, მოაკალოვა, ჯერ წინ, მერე უკან. ტალახს სულ აღარ ერიდებოდა, ჩაიმუხლა, მთლად ამოიგანგლა, გაუთავისუფლა წინა ფეხები მაისას, მერე უკანებიც, წამოდგა და ახლა კი მთლად დაიმედებულმა თქვა:
- ჩაფლულია. დავისვენოთ ცოტა და მერე დასვენებულზე ვცადოთ.
დავისვენეთ და ერთხელაც ვცადეთ.
- აბა, ჩემო მაისო, აბა, ჩემო მაისო, - მოეფერა პაპა და ავწიეთ.
- ჰა! - გამწარებულმა დაიძახა პაპამ.
მაშინ მაისამ გამეტებით აიქნია თავი, მთელი ძალ-ღონით გაიბრძოლა, წამოდგა და წინ წავარდა.
- ჰა! ჰა! - ისევ იძახდა პაპა.
მაისა გაიმართა, წავიდა ფეხებჩამოსორსლილი, ნახევრად გაშავებული, ჩვენ ხელი გავუშვით, პაპას კი ისევ რქებით ეჭირა: - ეგრე, ეგრე, ჰო, ეგრე... - ეუბნებოდა შესაგულიანებლად, მაისამ ერთხელ კიდევ გაიქნია თავი, მოიშორა პაპას ხელები და გაიქცა წყალ-წყალ, ჭყაპა-ჭყუპით, ცოტა ხანს ბარბაცით, მერე გამართულად, ახლა, თითქოს რცხვენიაო, ჩვენკენ აღარ იყურებოდა.
პაპას და იაკოფას ტალახიანი ხელები განზე ეჭირათ და ისე იღიმებოდნენ, ბებრულად, როგორღაც გვერდზეგადაქანებულები.
- აი, მუცელგასახეთქო, რა გადარჩი! რა გადარჩი! - მისძახოდა იაკოფა მაისას.
პაპა კი მიწყრებოდა:
- დაეხსენ, ბიჭო, ნუღა მისდევ, გაუშვი, სული მოითქვას.
მერე ჩაკუნტდა და ხელები მღვრიე წყალში ჩაყო. ნელ-ნელა იბანდა თეთრ, ლურჯად დაძარღვულ მკლავებს და რაღაცას ლაპარაკობდა თავისთვის.
ლაპარაკობდა იაკოფაც:
- ეგ თხა, ეგ მუცელმოქორებული ეგა, უყურებ მაგასა!..
მაისა რიყეზე გავიდა და ქვებშორის ამოსულ მწვანე ბალახს დაუწყო წიწკნა. სხვა ძროხები მაღლა, ნისლიან ფერდობს მიუყვებოდნენ ძოვნით.
პაპამ იაკოფას უთხრა:
- საქონელს რომ დააბინავებ, ჩვენთან გადმოდი, ერთი ხელადა ღვინო დავლიოთ.
იაკოფა ჯერ კიდევ ხელებს იბანდა და დაბლიდან აჰღიმა უკბილო პირით.
- გეკუთვნის, რაკი ეგრე გადარჩა, გეკუთვნის.
მე მაინც მივედი მაისასთან. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს არხეინად ძოვსო, მაგრამ, სინამდვილეში, საბრალოს მთელი ტანი უთრთოდა, უკანკალებდა ტალახით ამოსორსლილი მუხლებიც, ეგ კი იყო, თვალები დამშვიდებოდა, ცრემლი აღარ სდიოდა.
იმ ღამეს პაპამ და იაკოფამ ორი ხელადა ღვინო დალიეს, მე მგონი, ცოტა უფრო მეტიც.