I
ვიცი, რომ ბევრი კარგი ბერიკაცი გინახავთ, მაგრამ იმისთანა კოხტა პაპა, როგორიც შიო პაპა იყო, არა მგონია, სხვა შეგხვედროდეთ სადმე. ისეთი თეთრი, სპეტაკი წვერი ჰქონდა, თითქოს ბამბის ფთილა ამოუკრავთ შოკოლადისფერ ყბებზე და ნიკაპზეო; ისე უციმციმებდა წამოფაფრულ წარბებში შემალული თვალები, თითქოს ცელქი ბიჭია და, აი, სადაცაა რაღაც სასაცილო ოინს ჩაიდენსო. იმაზე კარგი სანახავი ხომ სხვა აღარა იყო რა, როცა ის თავის თეთრ სახედარზე გადამჯდარი, კეხზე გარდიგარდმო თოხგადადებული, სასოფლო გზაზე გამოვიდოდა და „ვოლგებსა“ და „პობედებში“ გაერეოდა! სახედარს ზედ კუდუსუნზე ეჯდა კაპიტანივით წელში გამართული, ფეხებს თითქმის მიწაზე მიათრევდა და მხიარულ სალამს ურიგებდა გზის აქეთ-იქით ჩამწკრივებულ სოფლელებს.
- სოლომანას სიცოცხლე!
- ჩემს ძმისწულს გაუმარჯოს!
- როგორა ხარ, ძმისშვილო!
თუმცა ძმა არასოდეს არ ჰყოლია, ვინც კი ასე მისი შვილის კბილად გამოიყურებოდა, ყველას ძმისშვილს ან ძმისწულს ეძახდა.
რამდენიც უნდოდათ, იმდენი ეყვირებინათ შოფრებს თავიანთი მანქანები, შიო პაპა ამით არ შეშფოთდებოდა, არც მისი სახედარი ააჩქარებდა ფეხს. სახედარმა თავისი პატრონის ამბავი იცოდა, პატრონი კი, ჩვენი კოხტა შიო პაპა, ღიმილით მიუბრუნდებოდა ბუზღუნით გაჩერებულ შოფერს და ალერსით ეტყოდა:
- რაო, ძმისწულო, არ მოგწონვართ?! მოძრაობის წესებს ხომ არ ვარღვევთ მე და ეს ჩემი პატიოსანი სახედარი? არა, არა? აბა, მაშ მე საჩქარო არა მაქვს რა. მე რაც შეიძლება დიდხანს უნდა ვუყურო ამ ლამაზ ქვეყანასა!
ამ სიტყვებზე და უფრო კი შიო პაპას სახის კეთილ გამომეტყველებაზე შოფერსაც გაეცინებოდა, - დიდხანს გაცოცხლოს, პაპა, დიდხანს უყურე ამ ლამაზ ქვეყანას აგრე სახენათლადო! - დაუძახებდა მანქანიდან და მერე გახალისებული გავარდებოდა წინ.
შიო პაპა და იმისი სახედარი კი ისევ ნელ-ნელა, აუჩქარებლად განაგრძობდნენ გზას:
- პაკ-პუკ! პაკ-პუკ!
სოფელი დიდი იყო. სოფელი მდიდარიც იყო: ყველას მანქანა ჰქონდა, ყველას მანქანა ეკერა პირზე და, როგორც კი ლაზღანდარა ბიჭები დაინახავდნენ, იმ წუთშივე მთელი ქვეყნის გასაგონად დაუძახებდნენ:
- როგორა ხარ, შიო პაპა! როგორა გყავს ეგ შენი ვირადინი!
შიო პაპას სადღაც გულში სწყინდა, მაგრამ მაინც იხტიბარს არ იტეხდა და უდარდელად უპასუხებდა:
- მეც კარგად ვარ და ჩემი ვირადინიცა! თქვენ იჩივლეთ, შვილოსა, რომ ხან პაკრიშკები გაქვთ თავშისაცემი და ხან ბენზინი, თორემ ჩვენ რა! ჩემი ვირადინი ხმელ წალამსაც გემრიელად გეახლებათ და არც თიხიან აღმართზე უცურდება უნალოდ ფეხი!
აბა, ბიჭებს ამაზე რა უნდა ეპასუხათ! ჩაიჩრიდნენ ტურტლიან თითებს პირში და უსტვენდნენ.
მაგრამ ზოგნი ამითაც კი არ კმაყოფილდებოდნენ. ზოგნი, აი, მაგალითად, სოფლის ნასწავლები, პირდაპირ მოითხოვდნენ: დრო არის, საბჭომ მოგვაშოროს ეგ სახედარი, სოფელს გვიუშნოებს, რაღა დროს სახედარია, სადაცაა რაკეტებით დაიწყებს ხალხი ფრენასო. მაგრამ ამას შიო პაპას ზურგს უკან ამბობდნენ. ეს იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ისეთი კანონი არ არსებობდა, მაინცდამაინც ყველა სახედარი მოსპეთო, მეორეც, ამასაც ფიქრობდნენ: ბერიკაცია შიო პაპა, განა რამდენი ხანი უნდა იცოცხლოს, მალე, ალბათ, ფეხებს გაფშეკავს და ეგ სახედარიც თავისთავად მოშორდება აქაურობას, ერთ კბილის გასმად არ ეყოფათ ზოოპარკის მგლებსო.
მაგრამ შიო პაპა ფეხების გაფშეკას არ ჩქარობდა. შიო პაპა საერთოდ არაფერს არ ჩქარობდა. დღეებიც მიდიოდნენ ნელა, ნელა. გავიდა წლებიც...
შიო პაპა და მისი სახედარი კი ისევ ერთად იყვნენ, ისევ ყოჩაღად იყვნენ და, როგორც სოფლის ნასწავლები ამბობდნენ, ისევ აუშნოებდნენ ლამაზ, მდიდარ, კრიალა მანქანებით ავსებულ სოფელს.
II
ერთ წელიწადს კი დიდი ზამთარი დადგა. თოვდა და თოვდა. თოვლმა დაფარა ყველაფერი. მთაში მგლები დაიმშნენ, ითმინეს, ითმინეს და ბოლოს სამგლე ველში შეგროვდნენ. ჩაცუცქდნენ აეგრე წრედ და დაიწყეს თათბირი, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, ასე შიმშილით ხომ არ უნდა ამოვწყდეთო. სოფელში ჩასვლისა ეშინოდათ. სოფელში დიდსა და პატარას თოფი ჰქონდა. თოფმა მეხივით ხმა და ცხელი ტყვია იცის. ცხელი ტყვია კი, ეს თქვენც გეცოდინებათ, პატარებო, თქვენი ცერის სიმსხო ცხელი ტყვია, ლომსაც წააქცევს და სპილოსაც. დაეჯახება და წააქცევს. აბა, მგელს რას უზამს, თუკი დაეჯახა!
ცხელი ტყვიისა ეშინოდათ და ისხდნენ აეგრე წრედ, ჩაექინდრათ თავები და ფიქრობდნენ. ბოლოს წამოდგა ერთი მურა მგელი, გაჰკრა გაზი თოვლს და მიწაც მიაყოლა ცოტა. - მეო, ერთი საკბილო მეგულებაო. - რა საკბილოო, - აჩოჩქოლდნენ სხვა მგლები. - შიო პაპას სახედარი, შიო პაპას თეთრი სახედარიო. მთელი დღე ჭალაში დაყიალობს და ტირიფებსა და ვერხვებს ჰკორტნის, შინ საღამოს ბრუნდება და მერე მთელი ღამე გომურის დერეფანში დგას. გომური სოფლის პირასაა, შიო პაპას კიდევ თოფი არა აქვს. გინდაც ეხლა იყიდოს, სულ ერთია, გასროლის თავი მაინც არ ექნებაო.
- ვინ რას იტყვისო! - გადახედეს მგლებმა ერთმანეთს.
ყველა დაღონებული იყო, ყველას ყურები ჰქონდა ჩამოყრილი, ეტყობოდათ, მაინც ეშინოდათ. როდის-როდის გაბედა ერთმა მგელმა, რომელსაც ყველაზე მეტად გასთხელებოდა ფერდები.
- რამ გაგაჩუმათ, თუნდა აქ დავხოცილვართ შიმშილით, თუნდა ადამიანებს დავუხოცივართ. იმას მაინც იტყვიან, ვაჟკაცურად დაიხოცნენო. უნდა წავიდეთ, აბა, მეტი რა გზა გვაქვსო.
და წამოდგნენ, დაიბერტყეს თოვლიანი კუდები, გაებნენ ბილიკზე მწკრივად და წამოვიდნენ სოფლისაკენ. მოდიან და ხან ერთი ამოიოხრებს, ხან მეორე. ფუი, ჩვენი სიცოცხლეც თუ სიცოცხლეაო. თოფისა ეშინიათ. იციან, რომ თოფმა მეხივით ხმა და ცხელი ტყვია იცის...
სოფელს რომ გადახედეს, კიდევ ერთხელ ჩასხდნენ. სოფელში ელექტროსინათლეები ენთო, მაგრამ ამ სინათლეებისა არ ეშინოდათ მგლებს. იცოდნენ, რომ ეს უწყინარი ნათურები ანათებდნენ. ნათურების შუქს კი ახლა ყველანი სცნობენ - მგლებიც და სხვა ცხოველებიც.
- შენ ასე მოიქცევიო, შენ ისეო, შენ კიდევ ისეო! - არიგებდა დიდი მურა მგელი ხროვას. - გომურის დერეფნიდან კი მე გამოვაგდებო.
უქნევდნენ თავს თანხმობის ნიშნად მგლები და თან ჟრუანტელი უვლიდათ ზურგში. მაგრამ რას იზამდნენ! ადგნენ და მუხლების კანკალით ჩაჰყვნენ თოვლიან სერს.
წაგრძელებულან ჩრდილებივით და ჩრდილებივითვე უხმოდ უახლოვდებიან სოფელს...
III
სოფელს კი სძინავს. ხალხსაც სძინავს და ძაღლებსაც. ძაღლები ღრმა ძილს არიან დაჩვეული. ჰგონიათ, რომ მგლები მთლიანად ამოწყდნენ ქვეყანაზე, ქურდებიც ამოწყდნენ ქვეყანაზე და მთელი ღამე გაუნძრევლად სძინავთ, სძინავთ და სუქდებიან.
სძინავს შიო პაპასაც. გულაღმა წევს, სპეტაკი თეთრი წვერი იხვის ბოლოსავით მაღლა აქვს აპრეხილი. ფუ-ფუ-ფუ! - ფშვინავს არხეინად და თან სულ ლამაზ-ლამაზ სიზმრებს ხედავს. ხედავს, რომ მისი თეთრი სახედარი პატარა ჩოკინაა. თვითონაც პატარაა შიო პაპა. აღარც თეთრი წვერი აქვს, აღარც ულვაშები. დაკუნტრუშობს მისი პატარა ჩოკინა აბრეშუმივით რბილსა და სასიამოვნო ბალახებში და კუნტრუშით დასდევს შიო პაპაც უკან. შეხტება პატარა ჩოკინა, გადატრიალდება ჰაერში და - ჰოპ! - ისევ კოხტად დგას ოთხივე ფეხზე მწვანე ბალახებში. შეხტება შიო პაპაც, დაპატარავებული შიო პაპა, გადატრიალდება ჰაერში და - ჰოპ! - ისიც ისევ კოხტად დგას ორივე ფეხზე მწვანე ბალახებში. გადაკოტრიალდება ჩოკინა, გადაკოტრიალდება შიო პაპაც. იცინის ჩოკინა და იცინის დაპატარავებული შიო პაპაც.
თავს აქნევენ, იცინიან ბალახებიც.
IV
სწორედ ამ დროს კი შავი დღე ედგა შიო პაპას თეთრ სახედარს. მგლებს უკვე წაექციათ, ჩასჭიდებოდნენ აქეთ-იქიდან და ეწეოდნენ. ზოგი ფეხებიდან ეწეოდა, ზოგი ყანყრატოდან და ზოგიც ჩიჩვირიდან. იქნევდა საცოდავი სახედარი ფეხებს, მაგრამ რაღას გახდებოდა! ბუჩქნარი ახლოს იყო, ხელდახელ შეათრიეს იმ ბუჩქნარში და გაჰკრეს და გამოჰკრეს კბილი. თვალის დახამხამებაში ჩლიქები და ორიოდე ძვალიღა დატოვეს გასისხლიანებულ თოვლზე, მერე ის გასისხლიანებული თოვლიც შეთქვლიფეს და, - აბა, ახლა კი წავიდეთ, ბიჭებოო, - წასასვლელად გაემზადნენ. გაემზადნენ და ერთმანეთს გადახედეს - აბა, ვინ უფრო გამოძღაო. გადახედეს და ელდანაცემის შიში ჩაუდგათ თვალებში. ყველანი იქ იყვნენ, დიდი მურა მგელი კი არა ჩანდა.
- მურა რა გვექნა! მურა დაგვეკარგა!
- სად, როგორ? განა იმან არ გამოაგდო სახედარი გომურის დერეფნიდან? განა ის არ გვივლიდა ირგვლივ და გვამხნევებდა ძახილით: მიდით, მიდით, თქვენ გენაცვალეთო! მაშ რა იქნა? მიწამ ხომ არ უყო პირი! მოვძებნოთ, აქვე იქნება სადმე!
გაცვივდნენ, გამოცვივდნენ, მიტრიალდნენ, მოტრიალდნენ და მალე ჩუმი ძახილი შემოესმათ:
- აქეთ, აქეთო.
გაიქცნენ იქით, ტრიალებენ, ტრიალებენ, არავინ არ არის.
- მანდ რას მეძებთ, დაბლა, დაბლა ჩამოიხედეთო.
ნახეს, რაღაც ფიჩხფუჩხი ეყარა, ის ფიჩხფუჩხი მისწი-მოსწიეს და, თქვენს მტერს, რაც იმათ დაინახეს! ერთი ღრმა ხარო იყო და მათი თავკაცი მურა მგელი იმ ხაროში ხტოდა და აქეთ-იქით აწყდებოდა.
- მიშველეთ, ბიჭებო, მიშველეთ, თორემ მარტო ვერას ვხდებიო. - ამოსძახა მურა მგელმა, მაგრამ რით უნდა ეშველათ! თვითონაც შეეშინდათ, ჩვენც არა ავიტეხოთ რაო. ერთი კი ჰკითხეს, - როგორ ჩავარდიო. - როგორ და ჯანდაბურად და დოზანურად! მიშველეთ, თუ მიშველითო! - მაგრამ თქვენც იცით, რანაირები არიან მგლები. თანაც თენდებოდა. - შენს თავს შენ უშველეო, და ერთმანეთისთვის აღარც კი შეუხედავთ, გაცვივდნენ სერისკენ. ახლა აღარა ფრთხილობდნენ, ბღლარძაბღლურძით გადადიოდნენ ღობეებზე, ღობეებს ლაწალუწი გაჰქონდა და ახლა კი გაიგეს გულისძილში წასულმა მსუქანმა ძაღლებმა.
- ჰარიქა, მგლებიო! ჰარიქა, მგლებიო! - და მთელი სოფლის ძაღლები უკან დაედევნენ, მაგრამ სოფლის ძაღლები მსუქნები იყვნენ, ქონი ამძიმებდათ, აბა, გამხდარ მგლებს ისინი როგორ დაეწეოდნენ. გამობრუნდნენ და ხაროში ჩავარდნილ დიდ მურა მგელს წაადგნენ თავს. წაადგნენ თავს და დაგიჟდნენ სიხარულით, თითქოს იმათ დაეჭიროთ.
- ჰავ-ჰავ-ჰავ! ეეე-უუ! - ყურთასმენა აღარ იყო. ხტოდნენ, ერთმანეთს ახტებოდნენ, გარბოდნენ, ისევ ბრუნდებოდნენ, პატრონებს ეძახდნენ, გამოგვხედეთ, ნახეთ, რა ვქენით, ნახეთ ერთი, რა ვქენით, რა ყოჩაღები ვართ, მგელი დავიჭირეთო...
V
პატრონები კი უფრო მსუქნები იყვნენ, ვიდრე მათი ძაღლები. უფრო მსუქნებმა კი უფრო ღრმა ძილი იციან და როდის-როდის გაიღვიძეს. პირველად, რა თქმა უნდა, ბიჭებმა გაიღვიძეს. ბიჭების ხასიათი ხომ იცით! ფეხსაცმელებში კი წაყვეს ფეხი, არც პალტოები ჩაუცვამთ, არც ქუდები დაუხურავთ და - ჰაიდა! - პირდაპირ თოვლში თავ-თავიანთი ძაღლებისაკენ! გაუძღვნენ ძაღლები, მიიყვანეს ხაროსთან და... რა ამბავს ასტეხდნენ მგლის დანახვაზე ბიჭები, ჩემი თქმა აღარ დაგჭირდებათ, თვითონვე მიხვდებით... მიხვდებით იმითაც, რომ ცოტა ხანში მარტო ბებრები კი არ მორბოდნენ ფრიათით, მასწავლებლის გაქცევა ხომ არ შეიძლება, საერთოდ, თვით მასწავლებლებიც კი მორბოდნენ...
- მგელი ჩავარდნილა გეოლოგების ამოთხრილ ხაროში, მგელი! ხალხო, მგელი! დიდი მურა მგელი!
ერთი ზარების რეკვაღა აკლდა, თორემ, ისე, ნამდვილი ომი გეგონებოდათ.
სოფელში დიდსა თუ პატარას თოფი ჰქონდა. თითო თოფის პატრონი ათ ტყვიას მაინც მოარბენინებდა იმ ერთი მგლისათვის. იმ ერთ ხაროში ჩავარდნილ მგელს კი, ეს უკვე იცით, ერთი ტყვიაც მოერეოდა. და მოერია კიდეც. დაეჯახა ერთი ცხელი ტყვია და მაშინვე წააქცია. მაგრამ ის ერთი ტყვია არ აკმარეს, ვაითუ ცოცხალიაო, კიდევ ცხრა დაახალეს. ამოათრიეს, დაიმკლავეს ყასბობის მცოდნეებმა, დაჰკიდეს ხის ტოტზე, ჩამოატყავეს, ხორცი ძაღლებს მიუყარეს და ტყავი... ტყავი ვისაო.
და, აი, სწორედ ამ დროს გამოჩნდა შიო პაპა. ხელში ჯოხი ეჭირა, თავი ჩაეღუნა, მოვიდა სულ ახლოს და მაშინ მიმოავლო თვალი ხალხს. ხალხი გახარებული იყო.
- ტყავი ვისაო! - ყვიროდა ყასბობის მცოდნე ვასილა.
- ტყავი მეო, - ძლივს ამოთქვა შიო პაპამ. - ვირი მე შემიჭამესო.
- მართლა, კაცო?
- მართლა, მაშა!
წავიდნენ და თავისი თვალით ნახეს თეთრი სახედრის თავ-ფეხი. ნახეს და კიდევ უფრო გაიხარეს. ხომ გახსოვთ, როგორ უნდოდათ ამ სახედრის თავიდან მოშორება, სოფელს გვიუშნოვებსო. ატყდა ერთი სიცილ-ხარხარი, თანაც, ვითომცდა სანუგეშებლად, შიო პაპას მხარზე უტყაპუნებდნენ ხელს:
- არა უშავს, შიო პაპა, მაგაზე გადაიაროს შენმა დარდმა და სატკივარმა. აი, მგლის ტყავი, წაიღე რაიონში, ფულს მოგცემენ. იმ ფულს კიდევ სხვა ფული დაუმატე და ერთი პატარა, საშენო მანქანა იყიდეო.
სინამდვილეში კი, ხომ გითხარით, ფეხზე ძლივს იდგნენ სიხარულით. ამის შემდეგ მთლად ლამაზი იქნება ჩვენი სოფელი, სახედარი აღარ დააუშნოვებსო...
VI
და, მართლაც, ცოტათი გამოიდარა თუ არა, შიო პაპამ ახალი ტანისამოსი ჩაიცვა, ახალი თუშური ქუდი დაიხურა, მგლის ტყავი ლამაზად დაკეცა, მერე ლამაზად გაახვია, იღლიაში ამოიდო და რაიონში წავიდა. რა თქმა უნდა, ავტობუსით წავიდა.
რაიონში მონადირეთა კავშირის მაღაზია იყო. ამ მაღაზიაში ერთი სქელი, სახენათელი კაცი მუშაობდა. ადრე ისიც მონადირე იყო. მერე გასქელდა. ვეღარ დარბოდა. თუ ვეღარ დარბიხარ, რაღა მონადირე ხარ! იმანაც გაყიდა თოფი და მონადირეთა კავშირის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. მიუტანდნენ მელიის ტყავს - ათ მანეთს აძლევდა, მიუტანდნენ ტურის ტყავს - იმაშიც ათ მანეთს აძლევდა. ხოლო თუ ვინმე მგლის ტყავს მიუტანდა, ისიც დიდი მგლის ტყავს, იმას მთელ ორმოცდაათ მანეთს გადაუთვლიდა, თანაც მხარზე ხელს დაჰკრავდა და - ყოჩაღო, - შეაქებდა.
შიო პაპამაც სწორედ იმ სქელ კაცს მიუტანა თავისი დიდი მურა მგლის ტყავი. სქელმა კაცმა ხელებიც კი გაშალა სიხარულით - რა მშვენიერ მგლის ტყავსა ვხედავო. იმ წუთშივე გადაუთვალა ორმოცდაათი მანეთი, თანაც, რა თქმა უნდა, მხარზეც დაარტყა ხელი - ყოჩაღ, პაპაო, - და კიდევ ესეც დაუმატა: - შიო პაპავ, თუ კიდევ იშოვო ასეთი ტყავი, სხვაგან არ წაიღო, ისევ მე მომიტანე, ორმოცდაათ მანეთს ხომ მოგცემ, შეგაქებ კიდეც, განა მარტო მე შეგაქებ, შეიძლება გაზეთშიც შეგაქონო.
შიო პაპა დაჰპირდა, კეთილი და პატიოსანი, თუ ვიშოვე, კიდევ მოგიტანო. მაგრამ, მაღაზიიდან რომ გამოვიდა, სხვა მგლის ტყავის საშოვნელად აღარ წასულა. მაღაზიიდან პირდაპირ ბაზარში წავიდა. ბაზარში მასავით თეთრწვერა პაპები ისხდნენ და ზოგი ღვინოს ყიდდა და ზოგიც სხვადასხვა რაღაცებსა.
- გამარჯობათ, ბიჭებოო! - დაუძახა შიო პაპამ.
- გაგიმარჯოსო, - უპასუხეს მასავით თეთრწვერა „ბიჭებმა“.
- სახედარს ხომ ვერას მაშოვნინებთ, ბიჭებოო.
თეთრწვერა „ბიჭებმა“ თეთრი წვერები მოისრისეს, თუშური ქუდები შეისწორეს და მერე ხელი დაუქნიეს.
- მოდი, დაჯექი, ბიჭო, ეგრე დგომელა როდის იყო, რომ საქმე გაკეთებულაო.
შიო პაპაც მივიდა და დაჯდა. დაჯდა და ახლა ყველა თეთრწვერა „ბიჭმა“ ერთად დაიწყო ლაპარაკი და ხელების აქეთ-იქით გაშვერა.
- რამდენსო?! - უცებ ხმას აუწია შიო პაპამ.
- ოცდახუთ მანეთსო.
- ი, ბედაური ცხენი ხო არა ჰგონია ის თავისი სახედარი და ისიც ცალყურა! ოცდახუთი მანეთი ბედაური ცხენი არა ღირსო.
- მა რამდენს მისცემო.
- რამდენსა და ოც მანეთსა.
მაშინ ერთი წვერიანი „ბიჭი“ წამოდგა და წინ გაუძღვა.
წავიდნენ, წავიდნენ და მესერს მოეფარნენ. იმას იქით სად იყვნენ, არ ვიცი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ერთი საათის შემდეგ შიო პაპა უკვე ნაცარა სახედარზე იჯდა, რომლისთვისაც ცალი ყური ვიღაც მაიმუნ ბიჭებს მოეჭრათ. კოხტად, თავისებურად წელში გამართული იჯდა, და - პაკ-პუკ, პაკ-პუკ! - მოდიოდა მოასფალტებულ გზაზე ის ცალყურა სახედარი და თანაც გვერდზე პატარა ჩოკინაც მოსდევდა.
გზაზე მანქანები ირეოდნენ. შოფრები სიგნალს აძლევდვნენ, ჩამოგვეცალეო. შიო პაპა კი დინჯად მიუბრუნდებოდა შოფერს და ძველებურად ეუბნებოდა ღიმილით:
- რაო, ძმისწულო, არ მოგწონვართ, განა! მოძრაობის წესებს ხომ არ ვარღვევთ მე და ეს ჩემი პატიოსანი სახედარი! არა, არა? აბა, მაშ მე საჩქარო არა მაქვს რა. მე რაც შეიძლება დიდხანს უნდა ვუყურო ამ ლამაზ ქვეყანასა! - და მხოლოდ ორიოდე სიტყვას უმატებდა ახალს: - თუ ჩოკინაზე იტყვი რამეს, ძმისწულო, და... ჩოკინა პატარაა. პატარას კი არც შენ გექნებოდა დიდი ჭკუა და არც მე, პატარას ყველას პატარა ჭკუა აქვს - სახედარსაც და კაცსაც. გაუშვით, ირბინოს თავისუფლადა!..
წინ კი, ცოტაც და, სოფელიც გამოჩნდებოდა. როგორ შეხვდებოდა სოფელი შიო პაპას ცალყურა სახედარს და მის პატარა ჩოკინას, უკვე თქვენ თვითონვე მიხვდებით. ამის მოყოლა აღარ გინდათ, ამას თქვენ თვითონვე მიხვდებით.
რას ვიზამთ, არიან ასეთი ჯიუტი პაპებიც ქვეყანაზე!