Litclub.ge

მი-და-მო
მეოთხე-მეხუთე კლასში, როგორც თითქმის ყველა სოფლელი ბიჭი, მეც თევზაობამ და ნადირობამ გამიტაცა. ვთევზაობდი წისქვილის არხსა და ჩვენი ჭალის ვენახის ბოლოზე გამავალ ფშაში. ვიჭერდი პატარა ანკესით პატარა ნაფოტა თევზებს; ღამით, წისქვილის არხში ჩადგმული კოკოზით (ნახეთ მოთხრობა „ჩემი შთამომავლობა“) კარგა მოზრდილებსაც. ნადირობით კი ვნადირობდი მხოლოდ „ლაგატკით“ გამორჩეული სიბეჯითით გვიან შემოდგომას და ზამთარში. ზამთრისათვის ბიჭებს მოგროვილი და მიწაში საიდუმლოდ დაფლული გვქონდა კენჭები „ლაგატკისათვის“. მოზრდილ ფრინველებს, შაშვებს და ჩხართვებს, დავდევდით ფეხდაფეხ, გვქონდა რწმენა, რომ დავღლიდით, დაღლილს ადვილად მოვინადირებდით, მაგრამ ვინ დაიღლებოდა ჩვენ შორის, მიხვდებით. საღამოს ნათეთქვი ძაღლებივით ვბრუნდებოდით შინ.

რაც უფრო შორს მივდიოდით შინიდან, უფრო და უფრო მიმზიდველი გვეჩვენებოდა მიდამო. ჩვენ ზემოთ, სულ რაღაც ნახევარ კილომეტრზე, იყო ვეება ხევი. იმ ხევის ერთ კედელში, ოცი მეტრის სიღრმეზე მაინც, აშკარად ჩანდა მწოლიარე ადამიანების ძვლები - მენჯის და ბარძაყისა. წარმოიდგინეთ ახლა ჩვენი, პატარების, საგონებელში ყოფნა ამ ძვლების ყურებისას. მე დღესაც მგონია, რომ რაღაც დიდი და იდუმალი ამბავი იყო დაკავშირებული იმ ძვლებთან.

ხევს ზემოთ, მთის ძირას, იყო ალიას ძველი სააგურე, ვიღაც თათარი სჭრიდა, თურმე, აქ აგურს. სააგურეს გადმოჰყურებდა პავლიას სერი, იმ სერის ყველაზე მაღალ ადგილას მიწა მოფენილი იყო ქვითკირითა და თიხის ჭურჭლის ნამსხვრევებით. ცხადია, ოდესღაც აქ იყო სამოსახლო, დაბლა, ივრის ჭალებში მიაბოტებდნენ სპილოები, აქ კი, ამ მწვერვალებზე ბუჩქებს ეფარებოდნენ თითქმის შიშველი, გაზანგული ჩვენი წინაპრები. იყო სულ ზემოთ (ის ჩვენგან არ ჩანდა) გორგასალის ციხეც. იმ ციხიდან იორზე ჩამოდიოდა გვირაბი, იმ გვირაბით ჩამოიყვანა ცხენი გორგასალმა დასარწყულებლად, აუკრა აღვირი, გაეხსნა ბეგთარი იღლიასთან და იმ გახსნილ ადგილას დაჰკრეს ისარი ჩასაფრებულმა სპარსელებმა. იყო თვითონ ჩვენს სოფელში ნათლისმცემლის ეკლესია, გალავანი, კოშკები. ერთხელ ერთი კოშკის თავიდან მეორე კოშკზე გადამახტუნა ჩემზე დიდმა ბიჭმა. მერე ღამ-ღამობით ვკანკალებდი ამის გახსენებისას. იყო ის ჭაობი და ჭალაც ჩვენ ზემოთ, ალი რომ მოსდიოდა იქიდან ჩვენს მეზობელ ბიძინას. იქ ცხოვრობდნენ კიდევ დიდი, ოქროს ჟღარუნა საყურეებიანი გველები, თითისტარის სიგრძე წითელი, სისხლისმწოველი წურბელები, კბილებიანი ბაყაყები.

მაგრამ ქვეყანაზე იყო მშვენიერი ფრიადოსანი თანაკლასელი გოგონაც, რომელიც ყველა ბიჭს გვიყვარდა. მე იმდენად - რომ მათ ეზოსთან გამოსვლისას ვეხახუნებოდი ღობეს. ამ ხახუნით რაღაცას ვტოვებდი ღობეზე ჩემი სიყვარულიდან, თუ, პირიქით, ღობიდან მომქონდა რაღაც - ამამაღლებელი, გამაღონიერებელი.

გვქონდა ერთი გატაცებაც ჩვენუბნელ ბიჭებს - კოლექტივობანა. ჭალის ვენახების ბოლოზე გავკაფეთ, გადავბარეთ ჩვენთვის მოზრდილი ნაკვეთი. დავთესეთ სიმინდი და გოგრები. სიმინდიც კარგი მოვიდა, გოგრებიც, მაგრამ ერთ დღეს ერთმა ვენახის პატრონმა დაგვიფრინა სახრით, - ვენახი რასაც გაიტანს, სულ ჩემია ივრამდეო. შევჩივლეთ უფროსებს, არაფერი გამოგვივიდა. როგორც წესი, კოლმეურნეობის დოვლათი ხომ სხვებს მიჰქონდათ, ჩვენიც სხვამ წაიღო და მორჩა.

ერთადერთი ჩემი ბიძაშვილი ყაზბეგა იყრიდა ჩვენი დამრბევის ჯავრს. ის რომ ქვევით მუშაობდა, ვენახში, ყაზბეგა ავიდოდა ზევით ვენახის დიდი ბლის კენწეროზე და იქიდან ეშაირებოდა ძალიან მკაცრი შაირებით. ჩვენი დამრბევი ერთ-ორზე კი გაეპასუხებოდა, მერე ჩუმად იყო, ანდა ზოგჯერ თუ ამოიძახებდა - მგლილეკვო! აუ-აუ!

იყო სოფელში ფარული დაძაბულობებიც, მამაჩემი ყოველ დილას ან დაიკიდებდა, ან ტყავის ქურთუკის უბის ჯიბეში ჩაიდებდა რევოლვერს. ერთ ღამეს რაღაცით განერვიულებულმა, საკუთარ ძაღლს ესროლა, როცა ის, ალბათ, სიხარულით შეახტა გულზე. კიდევ კარგი, ფეხში მოხვდა ის ტყვია ძაღლს...

გვყავდა სხვა ძაღლებიც, მამაჩემის ცხენიც, ძროხაც, ხბოც. იყო წმინდა მარინეს ზედაშე - გარეთ, კაკლის ქვეშ; თხის რქები, მიკრული ლიმონა მსხალზე. იყვნენ მოლაღურები ზაფხულობით კაკალზე. იყო დიდი ხილიანობა, სიმინდობა, იყვნენ მეზობელ სოფელში გერმანელები, მათი 30-40 ფურგონი ერთად დამწკრივებული გაივლიდა ჩვენს სოფელს და წავიდოდა ტყეში.

იყო ისევ ბებია, მუდამ დადარაჯებით მაყურებელი ჩემკენ. მამიდას სიკვდილის შემდეგ ხშირად წაიშენდა ხოლმე ხელებს თავში. მარანში დიდი გველი ენახა დახვეული, ბიძინასათვის დაეძახნა, ბიძინას მოეკლა, და ახლა ნანობდა, - ისეთი თვალებით შემომხედა იმ გველმა, კარგს რომ არაფერს დაგვმართებდა, მაშინვე მივხვდიო.

თანაც - ქვეწარმავლებისა მაინცდამაინც არ ეშინოდა ბებოს.

მიყვარდა სირბილი. რომ დავეშვებოდი ფეხშიშველი ჭალის ვენახის გრილ ბილიკზე, თითქმის საზეიმო ჟრიამულით მომაცილებდნენ ხეები. სულ მეალერსებოდა ჰაერი.

წინ შეუცნობელი, მაგრამ მაინც კარგი რამე მელოდა ყოველთვის.
მინაწერი

1937 წლის ზაფხულში მამა დააპატიმრეს, დააპატიმრეს დედის მამა და ძმაც. ჩვენ, ინანიშვილებს, ვიღაცებმა ღამით გაგვიკაფეს მსხმოიარე ვენახიც.

ჯერ კიდევ წინა წელს პარტიიდან გარიცხულმა და სამსახურიდან მოხსნილმა მამამ თბილისში ერთ ქოხს შეაფარა თავი. არდადეგების ბოლოს, აგვისტოში, მარიამობა დღეს, იმ ქოხის იმედით, მთელი ჩვენი ოჯახი, დედა, და, პატარა ძმა, ბებიას გარდა, წავედით თბილისში.

რა დაიწყო თბილისში, რას შევუდექით ახალს, ეს ცალკე თემაა. თუ საშუალება მომეცა, ოდესმე ამაზედაც დავწერ, ოღონდ კვლავაც მოკლედ, ყოველივეს კვლავაც დანახულს თოჯინის თვალით (ის თოჯინა მე ვარ). თუ ვერ დავწერე, არც ეს შემაწუხებს ძალიან, რადგან უჩემოდაც ათასობით ადამიანს აქვს ნაამბობი, რა საშინელება იყო ის 1937 წელი, მერე ომი, მერე ომის დამთავრების პირველი წლები.

ბავშვობა სხვაა. ბავშვობაზე დადიდებული თვალებით და ჩაკირკიტებით წერა მუდმივი მტკიცებაა, მართლა არსებობს სადმე სამოთხე, თუ არა.

1989 წ.

თბილისი.