I
კახეთში, წყაროსთავის ქვემოთ, ვეება ზვრებსა და ხეხილის ბაღებს შორის, მოშამბული სარწყავი არხის ნაპირას, დგას ერთი ძველი, ძალიან ძველი სასახლე. არხის მხრიდან ამ სასახლეს მაღალი, ქონგურებდამახინჯებული მრგვალი კოშკი ამოსდგომია, ვენახების მხრიდან - გალავანს ზურგმიბჯენილი, ღარიანი კრამიტით გადახურული გრძელი მარანი; წინ, ეზოში, თაღიან ჭიშკართან, გაუქმებული პატარა ეკლესიაა, იქვე დიდი აკაცია დგას - შემხმარი, შელეწილი, ფოთლებშეთხელებული.
ქარიან ამინდში კოშკის სათოფურები და ქონგურები თავზარდამცემად ღმუიან, სასახლის დაძველებული სახურავიდან ავარდნილი თუნუქი გულის გამაწვრილებლად რახუნობს, ეკლესიაში ერთმანეთზე მიჭუჭკული ღამურები წრიპინებენ.
ადრე, დიდი ხნის წინათ, სასახლეში მრისხანე თავადს უცხოვრია. ამბობენ, რიკულებიან ჭრაჭუნა აივანს დღესაც ეტყობა ამ თავადის ჩექმების ნაქუსლარიო. მოდგებოდა თურმე მოაჯირთან, არწივივით დაჰყურებდა ეზოში აფუსფუსებულ მსახურებს და ქუსლით ბურღავდა იატაკს.
ახლა აქ სამტრესტის მარანია, - შემოდგომაზე, რთვლობას, ახლომახლო სოფლებიდან გლეხები ყურძენს ეზიდებიან და სახელმწიფოს აბარებენ. მარნის მუშები იმ ყურძენს უზარმაზარ ქვევრში წურავენ, ღვინოს აყენებენ და მერე ქალაქში გზავნიან.
ეს მუშები, სულ მეზობელი სოფლელები, იმუშავებენ რვა საათს, გაიხდიან ლურჯ სპეცსამოსს, გადაიბანენ ტკბილიან ხელებს და, რანაირი ამინდიც უნდა იყოს, თავ-თავიანთ სახლებში წავლენ. მუდმივად კი სასახლეში ორი ოჯახი ცხოვრობს. ერთი, მარნის დირექტორისა, - მაღლა, მეორე, დარაჯისა და ზვრების მეველისა, - დაბლა. დირექტორს საკუთარი „ვოლგა“ აქვს, როცა მოესურვება, ქალაქში მიდის და იქ იძინებს. დარაჯს ცოლიც აქ ჰყავს და შვილებიც - ორი ბიჭი.
ბიჭები ჯერ პატარები არიან, ერთი შვიდისა ხდება, მეორე - ექვსისა, უფროსს პეტრე ჰქვია, უმცროსს - პავლე. მაგრამ ერთსაც და მეორესაც მგლის ლეკვებს ეძახიან. დიდი მგლის ლეკვი და პატარა მგლის ლეკვი! არც დიდს და არც პატარას ეს ზედმეტი სახელი არ სწყინთ. საქმე ისაა, რომ მათ მამას, ლევანს, მგელი ჰქვია. მგელიკა კი არა ან მგელუა, - პირდაპირ მგელი! ხასიათითაც მგელს ჰგავს, მუხლმაგარი და შეუპოვარი. მიიდებს მომუჭულ ხელს ტუჩებთან და ისე დაიყმუვლებს, შიშისზარი გაგივლის ტანში. ბევრი მგელი მოუტყუებია ამ ყმუილით და მოუკლავს. ერთი დიდი, ქეჩოჯაგარა, ბრჭყალებგაშეშებული ტყავი ახლაც პეტრეს და პავლეს საწოლის წინ უგდიათ (ძმებს ერთად სძინავთ, თავშექცევით). ძალიან სასიამოვნოა ლოგინიდან ამ ტყავზე შიშველი ფეხებით გადმოსვლა.
მგლური ყმუილი პეტრემ და პავლემაც იციან. საღამოობით, კოლმეურნეები რომ სოფელში ბრუნდებიან, ჩასხდებიან სადმე ჩირგვებში და აუშვებენ ნელ-ნელა:
- უუუ!
ვინც არ იცის, რომ ამ მიდამოებში მგელი და მგლის ლეკვები ცხოვრობენ, შეშინებულები გარბიან. ვინც იცის, ეცინებათ. მოჰკრავენ თუ არა მათ ხმას ყურს, თვითონაც მგლურად გაეპასუხებიან.
- უუუ! უუუ!
მაგრამ მათი ყმუილი ისე ჰგავს მგლის ყმუილს, როგორც ცხენი და რქებმოკაუჭებული ძროხა - ერთმანეთს.
დედას გული უსკდება, - ემანდ, ვინმემ თოფი არ გესროლოთ, შვილოო. მამაც ეტყვის ხოლმე, ნუ სწკნავით წარამარა, საცა არა მგონიაო. მაგრამ პეტრე და პავლე თავისას არ იშლიან. ან კი სხვა რა უნდა აკეთონ! ტოლი და სწორი არავინა ჰყავთ. მთელ დღეს ან მარანში ატარებენ მუშებთან, ან არადა, აუშვებენ ყურებდაჭრილ დიდ ქოფაკს, ბოინას, აჰყვებიან ვენახების გზას, თუ ვინმეს ძაღლი ჰყავს შინიდან წამოყოლილი, გამოიტყუებენ, ბოინას მიუსევენ და ცოტა ხანში გამარჯვებულები წავლენ სხვა ძაღლების დასამარცხებლად. ან ბარდებში დაძვრებიან, ჩიტის ბუდეებს ეძებენ, ან არადა, კოშკზე ავლენ, სხედან იქ ხშირბინდამდე, გადაჰყურებენ ქვეყანას და ნამდვილ მგლებს მოუხმობენ:
- უუუ! უუუ!
მაგრამ ჯერჯერობით ვერც ერთი მგელი ვერ მოიტყუეს. ეგ კია, ხანდახან თვით ბოინა ვეღარ სცნობს მათ ხმას, ასტეხს ღავღავსა და ხათქახუთქს, მერე მიხვდება თავის შეცდომას, შერცხვება, წავა, შეძვრება სათივეში და გარეთ აღარ იყურება. პეტრე და პავლე კი სხედან კოშკზე, ეჭუკჭუკებიან ერთმანეთს და იცინიან, იგუდებიან სიცილით.
II
ახლა იანვარია, მთელს კახეთში დიდი თოვლი დევს, ბავშვები ცას სწვდებიან სიხარულით: გუნდაობენ, ციგაობენ, ტყიდან მოფრენილ ფერად-ფერად ჩიტებს დასდევენ. მგლის ლეკვები კი დაღონებულები დადიან. თვითონ არ ამბობენ, მაგრამ ყველამ იცის მათი დაღონების მიზეზი: ძლივს ერთი მეგობარი გაიჩინეს და ისიც დაკარგეს; არ გაუფრთხილდნენ და დაკარგეს.
აი, კიდევ ვის შეეძლო მათებურად ყმუილი!
დეკემბრის ბოლოს, სანამ თოვლი მოვიდოდა, მარნის დირექტორმა ცოლი და გოგონა - ექვსი წლის ლი - ჩამოიყვანა. მგლის ლეკვებს პირველად ასე ეგონათ, რომ გოგონას ჩვეულებრივი სახელი ლია ერქვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლია კი არა, ლი რქმეოდა, და თუ ვინმე ლიას დაუძახებდა, ძალიანაც სწყინდა.
ლი მთლად მოულოდნელად გამოეცხადათ.
გაიღვიძეს ერთ დილას მგლის ლეკვებმა, ჩაიცვეს, გავიდნენ გარეთ და რას ხედავენ: მაღლა, რიკულებიან მოაჯირთან, დედოფალასავით ლამაზი გოგონა დგას. წითელი ფუმფულა ქუდი ახურავს, ცისფერ ქურთუკზე წითელი შარფის ბოლოები გადმოჰფენია, წითელივე რეიტუზი აცვია, წითელივე ჩექმები. დგას მოაჯირთან და თითქოს წვიმას უშვერს სახესო, დახუჭავს თვალებს და გაახელს, დახუჭავს და გაახელს. ცხვირი სულ არ ეტყობა.
ვეება კასრებს ამოფარებულმა მგლის ლეკვებმა ნელა, ნელა უყმუვლეს:
- უუუ!
გოგონა შეკრთა, უკან დაიწია. მერე თითქოს ყველაფერს მიხვდა, მოაჯირს გადმოეყუდა, თვალები გაუბრწყინდა. მგლის ლეკვებმა კიდევ უყმუვლეს, ჯერ დიდმა, მერე პატარამ. გოგონას თვალები კიდევ უფრო გაუბრწყინდა, მოაჯირს მოსწყდა, კიბე ჩამოირბინა, თამამად გაძვრა-გამოძვრა კასრებს შორის და ახითხითებულ ბიჭებს წაადგა. ერთსაც მამის დიდი ქურთუკი ეცვა, მეორესაც. წამოდგნენ, ხელებზე უფრო გრძელი სახელოები ერთმანეთს მიუტყაპუნეს და მორჩილად თავდახრილები გაუჩერდნენ წინ. გოგონამ შვებით ამოისუნთქა, გაეღიმა და თქვა:
- აბა, კიდევ!
ბიჭებმა ქვემოდან ახედეს, ჩაიმუხლეს, თავები მაღლა ასწიეს და ნელ-ნელა აუშვეს:
- უუუ! უუუ!
გოგონა იცინოდა, ხან ერთ ფეხს მოინაცვლებდა, ხან მეორეს.
- ლაპარაკი არ იცით?
ბიჭებმა უარის ნიშნად თავები გააქნიეს.
- აბა, როგორ გელაპარაკოთ?
- უუუ! - ამოიძახა დიდმა მგლის ლეკვმა.
- უუუ! - უპასუხა გოგონამ.
ბიჭები სახტად დარჩნენ. გაკვირვებული თვალებით გადახედეს ერთმანეთს.
- აბა, ერთხელაც!
გოგონამ ერთხელ კიდევ ამოიყმუვლა, ახლა უფრო კარგად, გაგრძელებულად.
ბიჭებს პირები ღია დარჩათ.
- ამას დახე, ე! აბა, ერთხელაც!
გოგონამ ცალი ფეხით ჩაიჩოქა, თავი მაღლა ასწია და გააბა:
- უუუუუუ!!
ბიჭებმა ტაში შემოჰკრეს.
- ადექი!
გოგონამ ქურთუკის ჯიბიდან დიდი მანდარინი ამოიღო და პეტრეს მისცა. პეტრემ მანდარინი ჰაერში შეაგდო, დაიჭირა, გადაფცქვნა, ლებნები სამ ტოლ ნაწილად გაყო, ერთი გოგონას მისცა, ერთი პავლეს, ერთიც თვითონ შეიგდო პირში.
გოგონამ თქვა:
- მე არ მინდა!
- ჭამე, ჭამე! - უთხრა პეტრემ.
- არა, რა! თქვენ გაიყავით.
- ჭამე, ჩვენც არ გვინდა.
მაშინ გოგონამ მანდარინის ლებნები თვითონვე გაყო, ნახევარი პეტრეს მისცა, ნახევარი პავლეს. იმათაც, მეტი რა გზა ჰქონდათ, ადგნენ და გადაყლაპეს - თითო ლუკმად, თვალდაუხამხამებლად.
ამ წუთიდან გოგონა ბიჭების დაქალი იყო. მათ ის თავიანთ სამფლობელოს დასათვალიერებლად წაიყვანეს.
III
ბიჭების სამფლობელოს კი კიდეგანი არ უჩანდა.
ხევი და წყარო, ბაღი და ბოსტანი, კლდე და რიყე, ბუჩქნარი და ვერხვნარი! დაშლიგინებდნენ აღმა-დაღმა! თან დაჰყავდათ გოგონაც. დაგორდებოდნენ ბალახიან ფერდობზე, კისკისით მიგორავდა გოგონაც, გაძვრებოდნენ ბარდებში, მიძვრებოდა ისიც. იძვრინეს, იძვრინეს და ძველ ნაწისქვილართან გავიდნენ, სადაც თურმე ღამღამობით ჭინკები იყრიდნენ თავს და ლხინობდნენ.
გოგონას აქ კი შიში ჩაუდგა თვალებში.
- აი, ნახე, საცეკვაო ადგილი, სულ მოსუფთავებულია, - ფეხი შემოუსვა პეტრემ მაყვლებს შორის დარჩენილ მართლაცდა ძალიან სუფთა ადგილს.
- თვითონ გინახავს? - იკითხა ლიმ.
- ჭინკები? მინახავს, მაშ!
- როგორები იყვნენ?
- მე რომ ვნახე, გაფხორილ ინდაურებს ჰგვანდნენ, ოღონდ სახეები ჰქონდათ კუდიანი დედაკაცებისა.
- არ შეგეშინდა?
- არა. ჯიბეში შავტარა დანა მედო და არ შემშინებია. როცა შავტარა დანა გიდევს, ავი სულები ვერ მოგეკარებიან.
გოგონამ რიდით შეხედა პეტრეს და სთხოვა:
- წავიდეთ აქედან.
ნაწისქვილარიდან ხავსიან ფერდობზე აბობღდნენ. აქ, დაღვლარჭული ჯაგრცხილების ძირში, ხავსსა და ხმელ ფოთლებში, მორცხვად ჩანაბულიყვნენ უკვე წითლად გამოკოკრილი ყოჩივარდები.
- ჯერ ხელს ნუ ვახლებთ, ერთ-ორ დღეში აყვავდებიან კიდეც და მერე დავკრიფოთ, - თქვა პეტრემ.
ლიმ მაინც ჩაიჩოქა, ყოჩივარდებს მოეფერა და თავისი პაწაწინა, თეთრი თითებით ხმელი ფოთლები შემოაცალა. ყოჩივარდებმა თითქოს მადლიერებით გაუღიმეს.
მერე ნახეს ტლაპოში ჩაფლული მძინარე ბაყაყი, რომელიც თურმე გაზაფხულამდე ასე უნდა იყოს, მკვდარივით. მერე ვერხვნარს მიადგნენ.
ეს ვერხვნარი უთუოდ საგანგებოდ დაეტოვებინათ სარწყავი არხის ნაპირას, ვენახებს შორის. იდგნენ უზარმაზარი ხეები და თითქოს კენწეროებით ეთათუნებოდნენ ნისლიან ცას.
ერთ ვეება ვერხვს დიდი, შავადგამომწვარი ფუღურო ჰქონდა. სამივენი იმ ფუღუროში შეძვრნენ და შეიყუჟნენ. ძალიან კარგი იყო აქ ჯდომა. არც წვიმისა უნდა გშინებოდა და არც ქარისა. თუ ვერხვს ყურს მიადებდი, რაღაც ზუზუნსაც გაიგონებდი.
- რატომ შვრება ასე? - იკითხა ლიმ.
- ბებერია და თავისთვის ჩიფჩიფებს, - სიცილით თქვა პავლემ.
ლიმ ისევ მიადო ყური.
- მღერის! - წამოიძახა მან.
- რასა მღერის?
- ზამთრის სიმღერას.
ბიჭებს გაეცინათ. პეტრემ ქურთუკის ჯიბიდან ხმელი პური ამოიღო და სამად გადატეხა. ჭამდნენ იმ პურს მადიანად და თან ლაპარაკობდნენ.
- დედამიწა ბრუნავს, - ამბობდა ლი. - ჩვენ ამ ფუღუროში ვსხედვართ და მივქრივართ! კარუსელივით!
- კარუსელი რა არის? - ჰკითხა პავლემ.
- კარუსელი არ იცით? აი, ასეთი, მრგვალი.
სწორედ ამ დროს ბიჭების დედის ხმა მოისმა:
- პეტრეე! პავლეე! პეტრე-პავლეს გზას გაგიყენეთ ორივენი, სადა ხართ, ბიჭო! გოგო თქვენთან არის?!
მეტი რა გზა იყო. ფუღუროდან გამოძვრნენ. ბიჭებმა ერთი ჩამოჰკრეს ხელი ლის გამურულ ქურთუკს, მერე უკან გადგნენ.
დაინახა დედამ, წამოვიდა გაჩქარებით, უფრო აუწია ხმას:
- ერთ დღეს! ერთ დღეს დამიწყდით ორივენი!
ჩაჰკიდა გოგონას ხელი, ირგვლივ შემოუარა.
- უი, უი! რატომ მიწა არ გაგისკდებათ, შვილო, და არ ჩაგიტანთ ორივეს! - ლის კი მოეფერა, - წამოდი, გენაცვალე, მაგათ როგორ აჰყევი, მაგ მაწანწალებს.
და წაიყვანა.
დარჩნენ ბიჭები მარტონი. ჯერ ჭალაში ჩავიდნენ და იქ იბორიალეს. მერე ბოსტანში ამოვიდნენ, კომბოსტოს ძირები დათალეს და ჭამეს, მერე, ძალიან რომ მოშივდათ, შინაც შეიპარნენ. ხან ეზოში ტრიალებდნენ, ხან ფანჯრიდან იყურებოდნენ, მაგრამ ლი ვეღარ დაინახეს.
მხოლოდ საღამო ხანს, კოშკზე რომ ავიდნენ და იქიდან გაჰყმუვლეს ნაღვლიანად - უუუ! - მათ ყმუილს მალე აჰყვა კიდევ ერთი ხმა - უფრო მაღალი, უფრო სუფთა, და ამ ხმაზე თითქოს თბილმა დამამშვიდებელმა ღიმილმა გადაუარა ქვეყანას.
IV
იმ ღამეს კი თოვლი მოვიდა. მგლის ლეკვების სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. დიდი ქურთუკები ხომ წინადღესვე ეცვათ, დიდი ჩექმებიც ჩაიცვეს და ეზოში გაცვივდნენ. დარბოდნენ, აბუქებდნენ ფაფუკ თოვლს, სახეს უშვერდნენ ციდან ტაატით ჩამომავალ ფიფქებს. ხან თვალი სულ მაღლა, რიკულებიანი აივნისაკენ გაურბოდათ.
ცოტა ხანში იქაც გაიღო კარი. ლი გამოჩნდა, წითლად გამოანათა. დედა ყელზე შარფს ახვევდა და ძლივს აკავებდა. ლი ფეხებს აბაკუნებდა, რაღაცას ამბობდა. გამოსხლტა, გრიალ-გრიალით ჩამოირბინა კიბე და თავისი ლამაზი ჩექმებით თოვლში შემოვარდა. ბიჭები ხელებგაშლილები შეეგებნენ. ლი უცებ დაიხარა, თოვლს თათმანიანი ორივე ხელი ამოჰკრა, ბიჭებს გადააყარა და დაიძახა:
- ასე თეთრად დამიბერდით!
ბიჭები გახარებული ძაღლებივით გაგორდნენ თოვლში. მერე ლის ხელები ჩაჰკიდეს, დაატრიალეს. სამივენი ერთად უშვერდნენ სახეს ფიფქებს, წითელ პატარა ენებს. თუ რომელიმე ფიფქი ენაზე დაეცემოდათ, ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდათ.
უცებ ლიმ წამოიძახა:
- ჩვენი ყოჩივარდები? რა მოუვათ ჩვენს ყოჩივარდებს?
- წავიდეთ, ვნახოთ, - რაღაც ხმისდაწევით თქვა პავლემ.
მიმოიხედეს, ნახეს, რომ არავინ უყურებდათ, და ფრთხილად გავიდნენ ეზოდან.
უჰ, რა ლამაზი იყო თეთრად დაბარდნილი ქვეყანა! რა სასიამოვნოდ ჩადიოდა ჰაერი ფილტვებში!
მიდიოდნენ არხის ნაპირ-ნაპირ. წყალი არხში თითქოს გაშავებულიყო, გასქელებულიყო. ეცემოდნენ თეთრი ფიფქები და ქრებოდნენ.
ლიმ თქვა:
- შეხედეთ, წყალი ათას თვალს ახამხამებს ერთად.
დააკვირდნენ ბიჭები, იმათაც დაინახეს ეს და გაოცებულები დარჩნენ, ეს რაები იცის ამ ლიმო.
წრიპინით, ჯიჯღინით გადაიფრინა ჩხართვების გუნდმა, თითქოსდა შეწუხებული კუთავდა მაყვლიანში შაშვი. წამოედებოდნენ რომელიმე ხეს და თქრიალით ჩამოშვავდებოდა ტოტებიდან თოვლი.
უცებ ლიმ დაიძახა:
- მოიცათ, შეჩერდით!
წინ წადგა, თავი გვერდზე გადასწია და ისე უყურებდა რაღაცას.
- თეთრბოხოხიანი ჯუჯები!
ბიჭები გაუგებრობის ღიმილით იყურებოდნენ აქეთ-იქით.
- ვერა ხედავთ, წყლის პირას?
ახლა კი მიხვდნენ, რაზედაც ამბობდა ლი.
წყლის პირას, უფრო წყალში, ორი მტკაველის სიმაღლეზე გადაკაფული ყვითელი ტირიფები იყო ჩამწკრივებული. ნაკაფ ბორჯღლებზე თოვლი ბოხოხივით დასდებოდათ და მართლაც ჯუჯებს ჰგვანდნენ, წყალში ჩაშტერებულ ჯუჯებს. ლი გაიქცა, ფრთხილად ასწია ფეხი, ფრთხილად დაადგა ერთ ბოხოხს, ჩასჭრა, ჩაჭყლიტა სიცილით. მერე მეორეზე გადაინაცვლა, მეორიდან - მესამეზე.
და, აი, აქ, უცებ... არა, უცებ არა. აქაც ფრთხილად, ღიმილით ასწია ფეხი, ფრთხილადვე დაადგა ერთ ტირიფს ბოხოხზე, ფეხი თავისუფლად, ძალიან თავისუფლად წავიდა ქვემოთ, წინ არავითარი დაბრკოლება არ შეხვდა, ფეხს თვითონაც მიჰყვა და დაყვირებაც ვერ მოასწრო, მიშველეთო, - დგლუმფ! - შიგ წყალში.
წყალი დიდი არ იყო, ბიჭები ეცნენ და სწრაფად ამოიყვანეს, მაგრამ ლი მაინც დაოსებულივით სუნთქავდა, ფეხებიდან ღვარი გასდიოდა. შინ რომ ასე მიეყვანათ, ხომ დახოცავდნენ დედა და მამა!
-ჩქარა! ჩვენს ვერხვთან, ჩქარა!
მიირბინეს იმ გამოფუღუროებულ ვერხვთან. მშრალ, უთოვლო ადგილზე გადავიდნენ. პეტრემ ქურთუკი გაიხადა, გაიხადა ჩექმებიც, მატყლის წინდებიც. მერე ჩექმები შიშველ ფეხზე ჩაიცვა, პავლესაც გახადა ქურთუკი.
- ჩვენ მივბრუნდებით და შენ გაიხადე, - ეუბნებოდა პეტრე შეშინებულ, აკანკალებულ ლის. - ერთ წუთში გაგიშრობთ ყველაფერს. მანამდე ეს ქურთუკები და წინდები ჩაიცვი. ერთი ჩაიცვი, მეორე მუხლებზე მოიხვიე და ფუღუროში შეჯექი. ჩვენ შეშას მოვიტანთ.
ლი ხმის ამოუღებლად ემორჩილებოდა ბიჭებს. როცა ისინი ვენახის ღობესთან მიცვივდნენ და წნელების მტვრევას შეუდგნენ, სწრაფად გაიხადა, პეტრეს ქურთუკი და წინდები ჩაიცვა, ფუღუროში შეძვრა, პავლეს ქურთუკი მუხლებზე შემოიხვია და ჩაყუჩდა.
ბიჭები რომ დაბრუნდნენ, ის უკვე ჩამთბარი იყო. ღაბუა ბარტყივით იყურებოდა ფუღუროდან. ბიჭებმა შეხედეს, მოეწონათ და გაეცინათ:
- ჩვენ ახლავე!
წნელები დაამტვრიეს, ერთმანეთზე შეაკოკოლავეს, მშრალი ბალახი დაგლიჯეს, წნელებს ქვემოდან ამოუდეს და ასანთს გაჰკრეს. გოგონას გული ეწურებოდა, ვაითუ ცეცხლი ვერ მოუკიდონო, მაგრამ მოუკიდეს. ალი ბურბურით ავარდა მაღლა, მერე ცოტა დაიწია, მერე წნელებმაც ტკაცატკუცი ატეხეს.
ბიჭებმა ლის ტანსაცმლის გაწურვა დაიწყეს. ერთი იქით გადგა, მეორე აქეთ. გადაგრიხეს რეიტუზი, გადაგრიხეს, უკანასკნელი წვეთებიც გაადინეს და დაფერთხეს. მერე სვიტერიც ასე გაწურეს (თუმცა სვიტერი მხოლოდ ნახევრად იყო სველი), მერე პატარა ვარდისფერი პერანგიც, მერე გრძელყელიანი წინდებიც, ჩექმებიდანაც წამოღვარეს წყალი. ცეცხლის ირგვლივ ჯოხები დაასვეს, ზოგი რამ ზედ გადაჰკიდეს, ზოგსაც თვითონ, ხელით უფიცხებდნენ.
ადიოდა ალი - კლაკვნით, მხიარული ტკრციალით. ავარდა ორთქლიც. დამშვიდდნენ. დაშოშმინდნენ. ლი თითქოს კმაყოფილიც კი იყო.
მაგრამ წნელები მალე ჩაიწვა, ტანსაცმელი კი ჯერ ისევ სველი იყო.
- წადი, გაიქეცი, კიდევ მოიტანე! - უბრძანა პეტრემ პავლეს.
პავლეც გაიქცა, წნელებს ლაწალუწი აუყენა.
და, სად იყო, სად არა, გამოვარდა თოვლის ფიფქების ბურუსიდან ვიღაც ვეება კაცი ყვირილით:
- დამიდექ! მანდ დამიდექი!
დაყარა პავლემ წნელები და გამოიქცა. მაგრამ კაცმა თავი არ დაანება, მოჰყვა:
- სად წამიხვალ! სად წამიხვალ, შე მგლის ლეკვო!
სტაცა პეტრემ ლის ხელი, გადმოიყვანა ფუღუროდან.
- შემაჯექი ზურგზე, შემაჯექი! - ყვიროდა შეშინებული.
მაგრამ ლი არ შეაჯდა. წამოუსვა ხელი თავის სველ ტანსაცმელს, პეტრემაც წამოკრიფა ლის ჩექმები და პავლეს ქურთუკი, და გამოიქცნენ.
მორბოდა გოგონა მატყლის წინდების ამარა, შიშველ კანჭებზე ეყრებოდა თოვლი, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა. მშვიდობიანად მიირბინეს შინ, კაცმა ვერც ერთი ვერ დაიჭირა:
ვერც ლი, ვერც პეტრე და ვერც პავლე.
V
შინ კი - სცემეს მგლის ლეკვებს და მაინც ვერ მოისვენეს. სულ ქამრით აუჭრელეს, აულილავეს კანი და მაინც ვერ მოისვენეს. საითაც უნდა მიბრუნებულიყვნენ, დედის წყევლა ესმოდათ.
მოხვედრით ლისაც მოხვდა, ოღონდ იმას მარტო დედის გაშლილი ხელი, თანაც მხოლოდ წელს ქვემოთ. ჩასვეს დიდ ტაშტში, დაასხეს თბილი წყალი, გააბანეს, მერე ლოგინში ჩააწვინეს. საღამოს სიცხე მისცა, დილით კი (პეტრეს და პავლეს ჯერ ისევ ეძინათ) ქალაქში წაიყვანეს.
იმ დღეს აღარ თოვდა, გამოიდარა, პეტრე და პავლე გარეთ არ გამოსულან. საღამოს მოყინა . დილით გუბეებს სპეტაკი ყინული ჰქონდათ გადაკრული. წავიდეთ, ჩვენი ყოჩივარდები ვნახოთო. წავიდნენ, ნახეს. ყოჩივარდები მობუზულიყვნენ, მიწისკენ დახრილიყვნენ, წითლადპირგახსნილი კოკრები შავად შეჰკუმშოდათ. ფოთლები გადავაყაროთ და დასთბებათო, - გადააყარეს და ფუღუროიან ვერხვთან ამოვიდნენ.
თითქოსდა ვერხვსაც მოეწყინა. ნაცეცხლართან ლის ქურთუკის ცისფერი ღილი ეგდო. პეტრემ აიღო, ერთხანს ხელში ატრიალა, მერე ჯიბეში შეინახა.
მარნის გვერდზე არაყის სახდელი აემუშავებინათ. იქ შევიდნენ, ქურასთან ჩაცუცქდნენ და აწითლებული ხელები ცეცხლს მიუშვირეს. არაყის მხდელებს მწვადი შეეწვათ, თითო დიდი ნაჭერი მიაწოდეს, თავისი პურით. შეჭამეს ის მწვადი და შინ დაბრუნდნენ. შინაც ჭამეს საჭმელი, ლობიო და კომბოსტოს მწნილი, მერე ფეხები ტახტზე აიკრიფეს. პეტრემ ლის ქურთუკის ცისფერი ღილი ამოიღო და ფარდაგზე გააგორა.
ასე, შუბლგაუხსნელად დააღამეს ის დღეც.
ღამით მგელმა უთხრა ცოლს:
-კარგი, ნუღარ სწყევლი, ცოდონი არიან ყმაწვილებიო.
- ვწყევლი კი არა, დავხოცავო!
მგელმა ხმა აღარ გასცა.
მეორე დღეს კი, შებინდებისას, კოშკის თავიდან მგლის ლეკვების სევდიანი ყმუილი მოესმა. მგელი ქვემოთ იყო, ხილნარში, სანივრის ბარვას ათავებდა. ბარი მიწაში ჩატოვა, ტუჩებზე მომუჭული ხელი მიიდო და ბებერი მგლის ხმით შეეპასუხა, მაგრამ მგლის ლეკვები ადრინდებურად მხიარულად არ გამოპასუხებიან. დაჩუმდნენ და ხმა აღარ ამოუღიათ სულაც.
„დახოცა ყმაწვილები ამ უღმერთომო“, - გაიფიქრა მგელმა თავის ცოლზე, ბარი ამოიღო, ჩექმის ქუსლით ჩაფხიკა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა შინ.