პატარა რომ ვიყავი, სამი დიდი კაკალი გვედგა: ერთი - ეზოში, სახლის გვერდზე, მეორე - ეზოს ბოლოში, ფერდაში, მესამე - სულ დაბლა, ჭალის ვენახში. ყველაზე დიდი ჭალის ვენახის კაკალი იყო. სხვა რომ არა ვთქვათ რა, ჯერ მარტო ეს რად ღირდა - კენწეროზე ყოველწლიურად ყვავების სამი თუ ოთხი ოჯახი იკეთებდა ბუდეს. დიდად სახელგანთქმული მბერტყავი უნდა ყოფილიყო, რომ იმაზე ასულიყო და დაებერტყა. ერთხელ, გუშინდელ დღესავით მახსოვს, ხუთი გოდორი ბროლა კაკალი ჩამოვიდა, ლენჯოიანი კიდევ ცალკე იდგა გორად. ჩვენი სახლის სხვენში ფეხს ვერ ჩასდგამდი, სულ კაკალი იყო გაფენილი ოთხი თითის სისქედ. ამოდენა კაკალს მარტო ერთი ოჯახი ხომ ვერ მოიხმარებდა, ზოგს ნათესავ-მოკეთეებს ვთავაზობდით, ზოგს ვყიდდით კიდეც, მაგრამ მე და ჩემი ბიძაშვილები, ათი-თორმეტი წლის ბიჭები, მაინც სხვისი კაკლების მოსამცვრევადაც დავდიოდით. რა არის ეს მომცვრევა? რა არის და - ხომ დაბერტყავენ კაკლებს, როგორც უნდა დაბერტყონ, ზედ თითო-ოროლა კაკალი მაინც დარჩება, თანაც სულ კენწეროებში და გამონაპირებულ ტოტებში, სულ საღი და საუკეთესოები. მივდგებოდით ამ „საყვავედ“ დატოვებულებს მოკლე, სასროლი ხელკეტებით, ზოგჯერ საგანგებოდ გამზადებული, თითისტარივით გათლილი და გაპრიალებული ხელკეტებითაც. ერთ კაკალს მთელი ნახევარი საათი ვეწვალებოდით და მაინც ჩამოვაგდებდით. ამას ემატებოდა ნაწვიმარი და ნაქარალი. ახლაც კი, ქალაქში მცხოვრები შეჭაღარავებული კაცი, ბევრჯერ ვხედავ სიზმრად: შემოდგომაა, მივდივარ ნაწვიმარზე სარწყავი არხის პირ-პირ და ვხედავ, ღიღველა ბარტყებივით ერთმანეთს მიჰკვრიან და ჩაყუჟულან, ჩამალულან ბალახებში სველი ბროლა კაკლები: ვხედავ და იმწამსვე ვგრძნობ, რომ სიცოცხლე მემატება, რაღაც გრილი, მჟრჟოლავი სიჯანსაღე შემოედინება ძარღვებში; თითქოს ეს-ესაა, ახლა ჩამეყაროს უბეში ის სველ-სველი კაკლები და ცივად შემომფუთფუთებდნენ შიშველ სხეულზე.
ჩხაკუნით, სიამაყით ამოვიტანდით შინ და გავშლიდით ჩვენთვის, ცალკე. გული რომ რამეზე არ შეგვთანაღრებოდა, ყოველ ახალ მოტანაზე მთლიანად გადავთვლიდით. ვთვლიდით წყვილ-წყვილად - ასს, ორასს, სამასს და ზოგჯერ ხუთასსაც კი.
მომცვრევაზე სიარულს დიდებიც არ გვიშლიდნენ. მარტო ამას გვეტყოდნენ, დაუკრეფავს არაფერს შეაწოდოთ ხელიო, და ჩვენც, გულზე ხელის დადებით ვამბობ, პირნათლად ვასრულებდით ამ პირობას.
თათარობის წინა დღეებში ბებია გვეტყოდა: - აბა, მოიტანეთ თქვენ-თქვენი მონაგარი, კუკრუჭანებისთვის დავამტვრიოთო. გადმოიღებდა თაროდან ფილს და ფილთაქვას, ჩაჯდებოდა იატაკზე ფეხმორთხმით, გადმოაბრუნებდა ფილს და ამის სწორ ძირზე ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ტეხდა ყოველ კაკალს, რომ ლებნები მთელი დარჩენილიყო. ვეხმარებოდით ჩვენც, ბიჭები, ვამტვრევდით, ვარჩევდით, მთელ-მთელ ლებნებს ცალკე ვაწყობდით. მერე, დარჩევასაც რომ მოვრჩებოდით, გამოიტანდა ბებია ნემსსა და ძაფს, მოკაუჭებულ თითზე გამოგვდებდა, თუ ძალიან წმინდა იყო, ოთხკეცს დაგვაგრეხინებდა, თუ ცოტა მომსხო - ორკეცს, მოგვატოლებდა იმ დაგრეხილ ძაფს ყველას სათითაოდ და ჩვენ-ჩვენი მონაგარი ნიგვზიდან ჩვენს სიგრძე კუკრუჭანებს აგვისხამდა.
ეს კუკრუჭანები ჯერ ისე, ნიგვზად ხმებოდა მზეზე, მერე, თათარას რომ მოადუღებდნენ, პირველ რიგში იმათ ამოგვივლებდნენ, მძიმე-მძიმედ, დიდი ამბით ამოჰქონდათ თათარის ქვაბიდან, ციმციმ მიჰქონდათ და სხვა ჩურჩხელებისგან გამოცალკევებით ჰკიდებდნენ თითო-თითოს ბოძებზე დასობილ მსხვილ ლურსმნებზე. ეკიდა იმ ბოძებზე ჩურჩხელებთან შედარებით დიდხანს, თითქმის მთელ თვეს, გახმებოდა, როგორც იტყვიან „ზომაზე“, ჩამოხსნიდნენ, გაახვევდნენ სუფთა პურის ტილოში და ჩააწყობდნენ კამოდის უჯრაში. ჩვენ, ბიჭებს, მშობლების ნებადაურთველად ხშირად წაგვიცდებოდა ხოლმე ხელი ჩურჩხელებზე, კუკურუჭანებს კი ამას ვერ გავუბედავდით, ისინი თითქოს შელოცვილები თუ ტაბუდადებულები იყო, ხელის ხლება მარტო ბებიას შეეძლო, ისიც ბედნიერ დღეებში - ახალ წელს, ჩვენი დაბადების დღეს, ან პირველ მაისს. იმ დღეებში ყველანი ერთად ვიყავით - ოჯახის წევრებიც და ნათესავებიც. გაშლილი იყო საბედნიერო სუფრა, პურობდნენ, სვამდნენ, მხიარულობდნენ. და, აი, აქ, ყველაზე უფრო საზეიმო წუთებში, წამოდგებოდა ბებია, სადღაც გრძელი კაბის ბოლოზე დაკერებული ჯიბიდან ამოიღებდა გასაღებს, გააღებდა კამოდის უჯრას და ხელისგულებზე დასვენებულს მოგვართმევდა ჩვენს კუკრუჭანებს - ასე მთლად და ტკბილად დაესწარით, შვილებო, მრავალ ამ დღესო. ჩვენი კუკრუჭანები სულ თეთრად იყო დაშაქრული, თითის დაკარებაც კი გვენანებოდა, მაგრამ წესი ასეთი იყო, და ჩვენც დავამტვრევდით და ყველას ჩამოვურიგებდით.
ყოველნაირი ჩურჩხელა გემრიელია ამ ქვეყანაზე, გამორჩევით - ნიგვზისა, მაგრამ კუკრუჭანებს -მთელლებნიან შენსიგრძე ჩურჩხელებს - მაინც ვერაფერი შეედრება. ვერაფერი შეედრება შენი ნაშრომის გემოს, რომელსაც ემატება ვიღაც უჩინარი წინაპრების, ბებიებისა და დედების ლოცვის გემოც.