Litclub.ge

თოჯინის თვალით ხაშმი
ჩემი სამშობლო სოფელი ხაშმია. ეს სახელი მაინცა და მაინც საამაყოდ არ ჟღერს, საბა მას „ავჰაეროვანსა და უმაშუნოს“ უწოდებს; ბებიაჩემი ნინოც მიყვებოდა ხოლმე, - კომშებივით იყვნენ დაყვითლებულნი და დაბუსუსებულნი ციებისაგან ჩვენებურები; გამოვიდოდნენ და დასხდებოდნენ მყუდროებში თავწახვეულები, სწორად ვერ სხდებოდნენ, ტყირპები ჰქონდათ დასიებულები, გადახრილები იყვნენ საცოდავადო. მეც კი მახსოვს ციებიანები, მიყუდებულები მზემიმდგარ კედელთან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხაშმი მიკარგული სოფელი არასოდეს ყოფილა.

ჯერ ის რად ღირს, რომ რამდენიმე კომლს დღესაც სჯერა, რომ შთამომავლები არიან სახელგანთქმული კაწარელებისა. კაწარეთიდან მათი პაპისპაპანი ჩამოსახლებულან ძველ ხაშმში, ივრისა და ლაფიანხევის შესართავთან, იქიდან, ნაწილს ცოტა ქვემოთაც ჩამოუწევიათ, ფიქლიანის აღმართის დაბლა, საბოლოოდ კი ახლანდელ ადგილას დამკვიდრებულან.

აქ, დღევანდელ ქვემო უბანში, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ყოფილა კარგად შეკრული მონასტერი, ნაწილი უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის დიდი მონასტრისა. ამ ნათლისმცემლის ირგვლივ ჩანს ხაშმელთა ყველაზე ძველი სახლები. აქაური კაცი, დიდი ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე, 1744 წლის რუსულ „სოვრემენნიკში“ წერს: სერისკენ რომ გაიხედავ, დაბლითა შემაღლებაზე დაინახავ ახალაღმართულ წმინდა გიორგის მშვენიერ ეკლესიასო. ესე იგი, ზემო უბანი მაშინ ჯერ კიდევ არა ჩანს ეკლესიის იქით.

უფრო ადრე, რუსთა წინააღმდეგ კახეთის აჯანყების დღეებში, 1812 წელს, ხაშმს დიდად უმედგრია. ასზე მეტი დიდი და პატარა შეჰკვდომია რუსის ჯარს. რუსებსაც სათანადოდ დაუფასებიათ ეს სიმამაცე, ცეცხლისთვის მიუციათ სოფელი. მაგრამ დღეს ხაშმი მაინც დიდი სოფელია, რვაასამდე კომლს ითვლის. არ ვიცი, რამდენად ზუსტია ეს ცნობა, მაგრამ, ამბობენ, მარტო მეცნიერებათა დოქტორი და კანდიდატი ორმოცზე მეტი კაცია აქაურიო. ხაშმელები ძალიან მხრებგაშლილები დადიან.

დავბადებულვარ აქ, ამ სოფელში, ქვემოუბანში, ჩრდილოეთისკენ ყველაზე განაპირებულ სახლში, 1926 წლის დეკემბრის ოცის განთიადისას. მაშინვე უფრინებიათ მახარობლად ჩვენი მეზობელი გვარიძიანთ ქეთო დედაჩემის მამასთან. პაპაჩემს, გიორგის, მეტსახელად ლიტრიძირს, ვერცხლის მანეთიანი უჩუქებია სამახარობლო. აი, ამოდენა მანეთიანი იყოო, მოამრგვალებდა ცერითა და საჩვენებელი თითით ქეთო, თვითონ კიდევ, პაპას, აუკიდია კარგად მოზრდილი გოჭი და თოვაში ჭყივილ-ჭყივილით გადმოუყვანია ჩვენთან, - ძეობისათვის დაგჭირდებათო. მაგრამ დედაჩემი მშობიარობისთანავე ცუდად გამხდარა, გოჭისათვის კარგად ვერ მიუხედიათ და მოჰკვდომიათ. ჩემთვის კიდევ - რამდენიმე დღეს კი უწოვებია დედას და მერე დაწყებულა ჩემი ვაინაჩრობა, ხან ძალუაჩემი მაწოვებდა თურმე (კოჭლი, ძალიან ნერვიული ქალი), ხან მეზობელი პატარძლები.

- ისეთი გამხდარი იყავი, შვილო, სულ მეტირებოდა, ხელში რომ აგიყვანდიო, - მეტყოდა ხოლმე დედა. სამაგიეროდ, მრავალთა ძუძუნაწოვს მრავალთა სიყვარული ჩამინერგა ღმერთმა. სულ მეჩვენებოდა, რომ ნათესავები და მოკეთეები იყვნენ ყველანი ჩემ ირგვლივ. დაცოლშვილებულსაც კი ისე მომიფერებდნენ ჩემი უბნელი ნუცა ძალო, ვარა ძალო, ნინა ძალო და სხვანი, თითქოს ისევ პატარა ვყოფილიყავი. რა კარგები იყვნენ ეს გარჯასა და ჯაფაში თვალებჩაქანცული ქალები! ვაი, რომ ვერავითარი სასიხარულოთი ვერ აღვნიშნე მათი ტკბილი ამაგი!.. ვერც მათი, ვერც სოფლისა. ან წყალი გამეყვანა, ან გზა, ან ბიბლიოთეკა ამეშენებინა! მე ისიც კი ვერ შევძელ, ჩემი ეზო-ყურესთვის მიმეხედა, როგორც საჭიროა. წლები გადის, ფეხიც კი აღარ დამიდგამს ჩემს ეზოში. ღამით კი, სიზმრებში, ხშირად ვარ იქ. ათეული წლებია, უჯარმაში ვატარებ ზაფხულის ორ თვეს მაინც, უჯარმას არასოდეს ვნახულობ სიზმრად, ხაშმში კი, კვირა არ გავა, იქ არ ვიყო, თან სულ მძიმე სიზმრებში! ხან ჩემი ეზოს დიდი კაკალია გამხმარი და ტოტებჩამოლეწილი, ხან მღვრიე წყალია ბაღჩაში შევარდნილი, ხანაც სახურავი ენგრევა, ან უკვე ჩანგრევია, ჩვენს სახლს. შიგაც არავინ არის, არც ჩვენთან, არც ბიძაჩემთან. ვდგავარ ხოლმე ძირს და ვეძახი ჩემს ძმას, მერე ბიძაჩემ გიორგის. ხმას არავინ მცემს. ცივად და შავად იყურებიან ფანჯრები. ამომიჯდება გული, ავტირდები...

დღისით, ღამის გახსენებისას, ვითომ ვიცინი: „ხაშმო, ტკბილად შემკობილო, თეატრო და კლუბიანო, სოფლის თავში მაშტიაო, სოფლის ბოლოს კუზიანო“, - ვიმეორებ ჩვენებური მაჩვი ნიკუას ლექსს, საწყალი მაჩვი ნიკუას იშვიათი იუმორით თქმულ ლექსს, ვითომ დარდს ვიშორებ გულიდან, მაგრამ მე და ხაშმმა ხომ ვიცით, საქმე როგორც არის! თავის მაღლა აწევა მიჭირს მის წინაშე.