Litclub.ge

ზამთრის ზღაპარი
მაღალი, სევდიანი მთის ძირას დაბურული ტყე იყო. ტყეში შვლები და ირმები დანავარდობდნენ, ტყის პირას კი ხის პატარა სახლი იდგა და შიგ კაცი და დედაკაცი ცხოვრობდნენ.

კაცს თევდორე ერქვა, დედაკაცს - ეფემია. ორივე ღრმად მოხუცი იყო, ორივე - გადათეთრებული, დაპატარავებული, სახეჩამყუდროებული. გააკეთებდნენ თუჯის შავ ქვაბში ფაფას ან ლობიოს შეჭამანდს, მიუჯდებოდა ერთი აქედან, მეორე იქიდან, გადმოიღებდნენ თიხის ჯამებზე, მოიმარჯვებდნენ ბზის კოვზებს და იცმუცნებოდნენ ბებრულად. სხვა ყველაფერს, რასაც კი თვალმახარას და გემრიელს იშოვიდნენ, შვილიშვილებს უნახავდნენ.

შვილიშვილი კი ორი ჰყავდათ. ისინი, დედასთან ერთად, ჩვენს ლამაზ, საყვარელ თბილისში ცხოვრობდნენ.

როდესაც გუგულები და მოლაღურები მოფრინდებოდნენ, როცა ბალი შეწითლდებოდა და მინდვრებს მარწყვის სურნელება მოეფინებოდა, სოფლის ფოსტალიონი, კაფანდარა საბა, ღელეზე გადებულ ფიცრის ხიდზე ხელებგაშლილი გამოვიდოდა, აღმართს ქაქანით ამოირბენდა და ჩვენს მოხუცებს ცისფერ კონვერტში ჩადებულ წერილს მიუტანდა. წერილში ეწერა, რომ მათ შვილიშვილებს, დარეჯანსა და ავთანდილს, ისინი, პაპა და ბებია, ძალიან უყვარდათ, სწავლით სულ ხუთიანებზე სწავლობდნენ, უკვე არდადეგები დასწყებოდათ და მომავალ კვირას ჩამოსვლასაც აპირებდნენ.

- გაიხარე ჩვენი გახარებისთვისა!

ეს წუთი იყო და, ტყისპირა სახლი თითქოს თვალებს იფშვნეტდა და იღვიძებდა. ეფემია, რომელიც, ჩვეულებრივ, ოთხად იყო მოკუზული, წელში სწორდებოდა და მზეს უღიმოდა: გაიგე, ჩემი კუდრაჭა დარეჯანი და ავთანდილი უნდა ჩამოვიდნენო. თევდორე პაპას ნაბიჯი უმაგრდებოდა და წვერ-ულვაშზე ნათელი ადგებოდა. ღორს ღიჭი ემატებოდა, ქათმებს - საკენკი, ფანჯრებს - შუქი და ეზოს - სისუფთავე.

მოხუცებმა იცოდნენ, რომ მათი დარეჯანი და ავთანდილი იმ მწვანე მატარებელს უნდა ჩამოეყვანა, ქვემოთ, მდინარის აყოლებაზე რომ გაივლიდა ხოლმე და კვამლის თეთრ ნაფლეთებს გადააპენტავდა ლურჯად აბოლქვილ ვერხვებსა და მუხებს. და, აი, როგორც კი იდროვებდნენ, თევდორე პაპა მხარზე აბგას გადაიკიდებდა, შინდის გრძელ ჯოხს დაიჭერდა და თეთრად მოელვარე სადგურისკენ გასწევდა. ეფემია ბებია კი იჯდა და გზას გაჰყურებდა.

პირველ დღეს არაფერი, მეორე დღესაც არაფერი... და თუ მესამე დღესაც მარტო დაბრუნდებოდა თევდორე პაპა, ტყისპირა სახლი კვლავ ჩამოიღუშებოდა. ღორი ჭყიოდა, ქათმები კრიახობდნენ, წიწილები წივწივებდნენ, ეზოში ნიავი ერთმანეთში ურევდა ჩალასა და ბუმბულებს და შეჭამანდიც, თუჯის შავ ქვაბში გაკეთებული და უკვე მაგიდაზე შემოდგმული შეჭამანდიც, ხშირად ხელუხლებელი ცივდებოდა.

მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ასე ცოტა ხანს გრძელდებოდა. მწვანე მატარებელს ერთ დღეს ჩვენი მოხუცების შვილიშვილებიც მოჰყავდა, კივილით აფრთხილებდა თევდორე პაპას, აბა, ჩამიბარებია და თქვენ იცით, როგორც მოუვლითო. და იწყებოდა ლამაზი, მხიარული დღეები.

კუდრაჭა დარეჯანი ბებიას ეხმარებოდა: ჰგვიდა, სახლს ალაგებდა, ქათმებს საკენკს უყრიდა, თან სულ მღეროდა. ავთანდილი თევდორე პაპას დასდევდა: ტყეში წავიდოდა, ტყეში მიჰყვებოდა, მინდორში წავიდოდა, მინდორში ახლდა; მასთან ერთად შრომობდა, ოფლს ღვრიდა და თან წამდაუწუმ ეკითხებოდა: როგორ იყო, პაპა, ვაკე ტყეში დათვი რომ შეგხვდა? როგორ იყო, ირემი რომ სიკვდილს გადაარჩინე? როგორ იყო, აღზევანს რომ წახვედით?.. და თევდორე პაპაც, ეს ბევრის მნახველი და კარგი მოქართულე კაცი, დიდი ამბით დაიწყებდა: ეე, შვილო, ეგ გრძელი ამბავია, ეგ, თუ არ დავსხედით, ისე არ ითქმის. დაჯდებოდა და ყოველ სიტყვას ანეულის გუთანივით გასჭიმავდა, გააგრძელებდა. ისე გამოდიოდა, თითქოს იმას რომ დათვი ენახა, იმისთანა დათვს დედამიწის ზურგზე სხვა ვეღარ ნახავდა; თითქოს აღზევანი სომხეთში კი არა, სადღაც ავსტრალიაში თუ იაპონიაში ყოფილიყოს. ავთანდილი პირდაღებული უსმენდა. მაგრამ ხანდახან ასეც მომხდარა, როცა, ვთქვათ, საღამოობით ლობიოს არჩევდნენ დერეფანში, ავთანდილს მისძინებია, თევდორე პაპა კი ჰყვება და ჰყვება: - აქ ეს შეგვხვდა და იქ ისაო... და ბოლოს ამასაც დაურთავდა:

- მააშ, ეგრე კი იყო, ჩემო ბიჭოო.

ეს დღეები ყველას უყვარდა, პაპა-ბებიასაც და შვილიშვილებსაც.

მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ეს ზაფხულში ხდებოდა ხოლმე, ის ამბავი კი, ახლა რომ უნდა გიამბოთ, ზამთარში მოხდა. მაშინ დიდი თოვლი იდო, სევდიან მთას შავი ღრუბელი მოხვეოდა. ტყისპირა სახლიდან კვამლი ადიოდა მაღლა, მაღლა, სწორად, და ისე მოჩანდა შორიდან, თითქოს ციდან მსხვილი საბელით ჩამოუკიდიათო. თევდორე პაპას და ეფემია ბებიას მეზობლებთან გადასვლაც კი უჭირდათ. ისხდნენ მთელ დღეს ღუმელთან, უფიცხებდნენ ხელებს და ფიქრობდნენ. ფიქრობდნენ თავ-თავიანთთვის, ფიქრობდნენ ხმამაღლა: როგორი იყო დარეჯანი სულ პატარა და როგორი იქნება, როცა გასათხოვარი გახდება; რა გააკეთა ავთანდილმა შარშან თუ შარშანწინ და რას გააკეთებს, როცა უმაღლესსაც დაამთავრებს.

ხანდახან წაკინკლავდებოდნენ:

- მთლად გადაჰყრუვდი, დედაკაცო! - უწყდებოდა მოთმინების ძაფი თევდორე პაპას.

- შენა, შენა, - წიწმატობდა ბებია ეფემია. - მაშ, ეგრე გახსოვს? მაშ, დარეჯანი იყო, კოკას რომ ყური მოსტეხა?

- დარეჯანი იყო.

- დარეჯანი კი არა, ავთანდილი, ავთანდილი! ის არის ხელმანკიანი. მაშა, მაშა, ჩემი დარეჯანი! დარეჯანს სულ ცეცხლი გასდის ხელებიდანა.

- დარეჯანი იყო, გეუბნები. მაშინ მე და ავთანდილი შინ სულ არ ვყოფილვართ, ქულაანთ ღელეში ძეძვსა ვჭრიდით.

კიდევ კარგი, რომ ღამე მალე მოდიოდა, - ლბილი, საიდუმლო ჩურჩულ-შრიალით აღსავსე ღამე. იკამათებდნენ, იკამათებდნენ და მიწვებოდნენ. გარეთ კი, გამოვიდოდნენ ტყიდან ტურები, დაყუნტდებოდნენ ტყისპირა სახლის შორიახლოს და გააბამდნენ კივილს ონავარი ყმაწვილივით.

და, აი, ერთ დილასაც ჩვეულებრივად გათენდა.

გამოდგა თევდორე პაპა დერეფანში, შეხედა ცას და ღრმად შეისუნთქა სისხამი, ცივი ჰაერი. გამოჰყვა ეფემია ბებია და იმანაც მოსახვევის სწორებითა და სახეზე ხელის მოსმით მოავლო თვალი მიდამოს. მერე თევდორე პაპამ საღორე გამოაღო, ეფემია ბებიამ კი ქათმები გამოუშვა. ლამაზ-ლამაზი დედლები და ვარიები მუცლამდე იფლობოდნენ თოვლში.

- ჯუ, ჯუ, ჯუ, ჯუ! - იძახდა ბებია ეფემია და თან ითვლიდა: - ეს ქოჩორა, ეს ნაცარა, ეს ყელტიტველა, ეს ღაბუა, ეს ბაჯუჯა, ცანცარა... არა, ეს ცანცარა არ არის, ჯუ, ჯუ, ჯუ! ეს ქოჩორა აქ არის, ეს ყელტიტველა, ბაჯუჯა, ნაცარა, ღაბუა... ცანცარა არ არის! გესმის, კაცო, ცანცარა არ არის.

მოვიდა თევდორე პაპაც, ცალი ხელი მუხლზე დაიბჯინა და ცალით თვლა დაიწყო:

- ეს ნაცარა აქ არის, ეს ბაჯუჯა, ეს ქოჩორა, ღაბუა, ყელტიტველა... მართალია, ცანცარა არ არის. საღამოს აქ იყო?

- აქ იყო, აქ. სულ კალთაში მიფრინდებოდა. ჯუ, ჯუ, ჯუ! ეს ქოჩორა, ეს ყელტიტველა, ეს ბაჯუჯა... ცანცარა კი არ არის და არ არის!

შეიხედა თევდორე პაპამ საქათმეში, გამობრუნდა, შემოუარა წნელის კედელს და, ერიჰა!

- აქ მოდი, ფეფო, ჩქარა აქ მოდი! დახე, დახე, რა ნამუშევარია, ერთი დახე!

საქათმის უკანა კედლის ქვეშ შავი ხვრელი იყო, ახალთახალი ხვრელი, სველი მიწა ჯერაც არ დაეფარა თოვლს. მის მახლობლად კი ბუმბულები ეყარა, საწყალი ცანცარას ბუმბულები.

- უი, დამიდგა თვალი და მომიკვდა თავი! უი, უი, უი! - იცემდა მუხლებზე ხელს ეფემია ბებია და ხან აქედან მოუვლიდა ხვრელს, ხან იქიდან. - უყურე იმ წუპაკს, იმ წუპაკს, იმ გასატიალებელს!

თევდორე პაპა კი ღიმილს ძლივს იკავებდა.

- ძაან ნამუშევარია, მე და ჩემმა ღმერთმა. ძაან უყოჩაღნია იმ ქათიბდალოცვილსა!

- რეებს მიედ-მოედები, კაცო! კვალს მაინც მიჰყევ, იქნებ დააგდო სადმე.

- ეე, მელია რომ მოტაცებულ ქათამს დააგდებს, მაშინ ბერად კურთხევაც არ უნდა გაგიკვირდეს მისი, - თქვა თევდორე პაპამ და კეფა მოიფხანა, მაგრამ ნაკვალევს მაინც გაჰყვა.

რა თქმა უნდა, ბუმბულების მეტი ვერა ნახა რა. ხელცარიელი დაბრუნდა, ის ხვრელი ამოქოლა, თოვლი ჩამოიბერტყა და მეუღლის დამშვიდებას შეუდგა:

- კარგი ახლა, თავს ხომ არ გადავაყოლებთ იმ ერთ ქათამსა!

ბებია ეფემია დიდხანს არ დაწყნარებულა.

- ერთი თვეც არ არის, რაც მოიქცა. ყმაწვილებისათვის ვაგროვებდი კვერცხებს და მისი იმედი მქონდა. ჯიშიანი იყო, ყოველდღე სდებდა. ამოუწყდა სახსენებელი იმის წამღებს, ტყვია ჭამოს იმის შეჭმამდე...

ის დღე ასე, ამგვარ ლაპარაკში დაღამდა, ის ღამეც მშვიდობიანად გათენდა. მაგრამ მეორე ღამესაც ისევ გამოუთხარა მელიამ საქათმეს ძირი და ახლა ბაჯუჯა წაიღო. ბაჯუჯას ყელტიტველა მიაყოლა.

აი, მაშინ კი მართლა ცეცხლი მოიკიდა ეფემია ბებიამ. გაღმა უბანში გადიოდა მისი ვიშვიში. თევდორე პაპას რაღა უნდა ექნა?! ადგა, სოფელ-ქვეყანაში გავიდა და დაიჩივლა: ხალხო, ჯამაათო, ერთმა წუპაკმა მელიამ ქათმები გაგვიწყო, დაგვანელა, ხელცარიელს გვსხამს, რამე მასწავლეთ, რამე მიშველეთო.

აღარ თოვდა. მზეს გამოეჭვრიტა და ხალხი სადალაქოს წინ, მყუდროში შეგროვილიყო. თევდორე პაპამ ეს რომ თქვა, ყველამ მისკენ მიიწია, ყველამ ყურთასმენა გაიმახვილა. გაიგეს, რაც აწუხებდა, და დაიწყეს ბჭობა და რა დაიწყეს! ერთი ურჩევდა, სომბერას მოზვრისოდენა ძაღლი წაეყვანა და იქ დაება, მეორე თავის თოფს სთავაზობდა, მესამე დარიშხანით მოწამვლის აზრს ედგა, მეოთხე ხაფანგს ამჯობინებდა.

- ხაფანგს არაფერი სჯობია, თევდორე! ხალხნო, დამიჯერეთ, ხაფანგს არაფერი სჯობია! ამბობდა ჭანჭლე გიორგი. - რაც მე იმით მელიები და ტურები დამიჭერია! შარშანწინ მგელიც ხომ დავიჭირე! სიკო, ხო შენი თვალითა ნახე!

- ვნახე, მაშ! - როგორღაც უგუნებოდ დაუდასტურა სიკომ.

- ხო, დამიჯერე, თევდორე, დამიჯერე, ხაფანგები მაქვს ისეთი, სულ კეწკეწი გააქვთ. ახლა ძალასაც არ დაგატან! თუკი სხვა რამე გირჩევნია, შენ იცი და იმ შენმა მელიამ.

ბევრი იფიქრა თევდორე პაპამ, ბევრი იფხანა კეფა და ბოლოს გადაწყვიტა:

- მე თოფის თავი არა მაქვს. დარიშხანია და, ვაითუ სხვა რამე მოვწამლო და ხათაბალა გამიხდეს. ისევ ხაფანგი აჯობებს. გიორგი, შვილო, მიშველე, ბარემ შენვე მიშველე, შენს გახარებასა.

- გიშველი, რატომაც არ გიშველი! - მიუგო გიორგიმ და ამაყად გადახედა ხალხს, ჩემმა ჭკუამ ხომ აჯობა თქვენსასო.

მაშინვე წამოვიდნენ და საქმეს შეუდგნენ.

სამი ხაფანგი მოამზადეს, ერთი საქათმესთან დაუგეს, მეორე გადამტვრეულ ღობის ძირში ჩამალეს, მესამე ტყისკენ მიმავალ ბილიკზე გადახიდეს. ნაკვალევი წაშალეს და დაწყებულ საქმეს ძირი დაულოცეს. არაყს სვამდნენ, მწნილს ატანდნენ, დიდ ამბავში იყვნენ.

ეფემია ბებია თავს ევლებოდა და პირზე ხელს იფარებდა, ეღიმებოდა.

- ერთი იმ გასატიალებლის ჯავრი ამომყარეთ და დალიეთ, რამდენიც გინდათ, იმდენი დალიეთ. კიდევა გვაქვს.

თევდორე პაპა ბავშვივით გახალისდა. სულ იმას ნატრობდა, ერთი ჩემი ავთანდილი აქ იყოს, რომ თავისი თვალით ნახოს ეს ამბავიო. და, რადგან ავთანდილი აქ არ იყო, ცდილობდა, ყველაფერი კარგად დაემახსოვრებინა, რომ შემდეგ დაწვრილებით ეამბნა: როგორ ნახეს ერთ დილას საქათმის ძირი გამოთხრილი, როგორ განმეორდა ასე რამდენჯერმე, როგორ დაუგეს იმან და ჭანჭლე გიორგიმ ხაფანგები და, ამას წინასწარ უმატებდა, როგორ წაადგა ხაფანგში გაბმულ მელაკუდას და როგორ ამოუნაყა ის წუპაკი ცხვირ-პირი.

და, აი, კვლავ დაღამდა. მერე კვლავ გათენდა. არა, ჯერ კარგად არ იყო გათენებული, რომ თევდორე პაპა ადგა, ტანთ ჩაიცვა, ყაბალახი მოიხვია, ხელში დიდი ჯოხი დაიჭირა და ხაფანგების დასახედავად წავიდა.

მიდის, ახლად მოსულ თოვლს მიჰკვალავს და გული უჩქროლავს, იქნება გაბმული მელია თუ არა. გულის ასაჩქარებელი თითქოს არაფერია, მაგრამ მაინც ასე მოსდის, მიდის და გული - დაგ-დუგ! დაგ-დუგ!

მივიდა საქათმესთან - არაფერი არა ჩანს ისეთი. გადავიდა ბაღში - არც გადამტვრეულ ღობესთან არის რამე. გაუყვა ტყისკენ მიმავალ ბილიკს... აქეთ-იქით გადმოწვდილი ძეძვის ბუჩქები დაუბარდნია, სიჩუმეა, სიჩუმე. კვლავ თოვს... გაუყვა, გაუყვა და... შორიდანვე ხედავს, კამკამა თოვლზე პატარა კუნძივით რაღაც გდია. მიუახლოვდა და, ბიჭოს! ის კუნძი შეტოკდა, შეტოკდა და... აი, გულისცემა აქ უნდა გენახათ! მელია იყო, თავისი გრძელი კუდით, წვეტიანი ცხვირითა და აცქვეტილი ყურებით.

ჯერ ასეთ აზრს დაადგა, უნდა გავბრუნდე და ქვეყანა შევყაროო. მაგრამ მერე ისევ ახლოს მისვლის სურვილმა დასძლია. ჯოხი შეიმაღლა, მივიდა და თავს დაადგა.

- დრასტი! გამარჯობა!

მარჯვენა წინა ფეხით გაბმული მელია ხტოდა, აქეთ-იქით აწყდებოდა. თევდორე პაპას წყნარი ხმა რომ მოესმა, ახედა, დაირცხვინა და თავი ჩაღუნა.

- გაები? ახლა, როგორ მოვრიგდეთ, ჰა, შემომხედე, კაცო!

მაგრამ მელიას აღარ შეუხედავს.

მაშინ თევდორე პაპა თვითონ ჩაცუცქდა და თვალებში ჩააშტერდა.

- რატომ არაფერს არ ამბობ, კაცო! რა უყავი ჩვენი ქათმები!

მელია ძიგძიგებდა.

- ერთი ჩემი ავთანდილი აქ უნდა იყოს, რომ... - რას იზამდა ავთანდილი, აქ რომ იყოს? ჯოხს გამოართმევდა და თავს გაუხეთქავდა ამ საწყალ, დატანჯულ, შეშინებულ ცხოველს? ამ ბიჭს ისე ძალიან უყვარდა მელიების, ტურების, დათვებისა და თვით ავი მგლების ამბებიც კი... არ იცოდა თევდორე პაპამ, რას იზამდა მისი ავთანდილი.

მუხლებმა ვეღარ გაუძლო, თოვლში ჩაჯდა და ჯოხი ფეხებშუა ჩაიყუდა.

- ჰა, ძმაკაცო!

ცდილობდა, რამე სახუმარო ეთქვა, თუნდაც, აი, ისეთი, როგორიც პირველად თქვა, როგორ მოვრიგდეთო, მაგრამ რაღაცა არ უშვებდა.

შეჰყურებდა მელიას და ისევ ფიქრობდა:

რას იზამდა ნეტავ მის ადგილას ავთანდილი, ანდა როგორ მოეწონება, რომ უამბობს: - მივედი და „დრასტი“ ვუთხარი, მერე ავიღე და კეტი დავუშვი თავშიო.

რაღაც არ იყო კარგი, ლამაზი, ვაჟკაცური ამ ამბავში.

და უცებ მიხვდა, რაც უნდა გაეკეთებინა.

- შენ ეგ ფეხის მომტვრევაც გეყოფა სასჯელად, ქათმებს ვეღარ მიეკარები...

ჯოხი დააგდო, ქურქი გაიხადა, ახალგაზრდული სიმარდით გადააფარა მელიას, თვითონაც ზედ დააწვა, ხაფანგის რკალები გადასწია, მელიას მოლეწილი ფეხი ამოუგდო და ადგა. ქურქი თოვლზე გაცურდა და ფართხალი დაიწყო. მერმე მელიამ თავი დააღწია, გაძვრა, ერთი მოიხედა და ახალი თოვლის კორიანტელში დაიკარგა.

თევდორე პაპა კი იდგა და ეღიმებოდა. ერთდროულად რამდენიმე სურათს ხედავდა. ხედავდა ფეხმომტვრეული მელიის ოჯახს, აფუთფუთებულ, აწკმუტუნებულ ლეკვებს; ხედავდა თავის ავთანდილს, მხიარულს, ბედნიერს, კმაყოფილს ამ ამბის ასეთი დასასრულით; ხედავდა თავის მეუღლეს - წუთით გამწყრალს, შემდეგ კი ისევ მალე გუნებამობრუნებულს...

და ის თოვლის ფიფქები, ის სევდიანი მთა, ის შეჭაღარავებული ტყე და ცაში კვამლის საბელით ჩამოკიდებული სახლი ეჩვენებოდა უჩვეულოდ ლამაზად, უჩვეულოდ ბედნიერად, და გრძნობდა, არასოდეს ასე არ სდომებია სიცოცხლე, როგორც ახლა, როცა ყველაფერი ეს თავისი საყვარელი შვილიშვილისთვის უნდა ეამბნა