Litclub.ge

ბებია - ჩემი მზე
პირველად არ ვწერ მასზე. ჩემი მოთხრობების რამდენიმე პასაჟი მიძღვნილია მისადმი, მაგრამ მხოლოდ დღეს მეძლევა საშუალება, ვუყურო მას, არა როგორც მოთხრობების პერსონაჟს, არამედ ჩვეულებრივ ჩემს მახლობელ ადამიანს.

როგორც ამ ჩანაწერების დასაწყისშივე მოგახსენეთ, ჩემი დაბადების შემდეგ დედა ცუდად გამხდარა, სულ გული მისდიოდა თურმე. მე ბებიას ვებარე, ის მივლიდა, ის დამატარებდა სხვათა ძუძუს მოსაწოვებლადაც. ოცდაორი წლის ვიყავი, ბებია რომ გარდაიცვალა, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს, სახის ნაკვთებით როგორი იყო. ის იყო, საერთოდ ბებია. თალხებით შემოსილი (მის კაბებს ყოველთვის ასდიოდა ბუხრის კვამლისა და დამწვარი რძის სუნი), ძველ ქართულად ზრდილი, ტკბილი, თბილი, იმედიანი. საცა ის იყო, მეც იქ ვიყავი, საცა მე, ბებიაც იქა. თუ ფეხზე იდგა, კალთაზე ვიყავი მიკრული, თუ იჯდა, კალთაში ვიჯექი.

გავიდოდა ბაღჩაში და ვენახში სამუშაოდ და მეც თან მივყავდი. მე დამახურებდა წვერებწაკვანძული ცხვირსახოცის ქუდს, თვითონ დაიწყებდა ხახვის მარგვლას, ან პამიდორის ახვევას და, - გამომართვი ნამარგლი და ბილიკზე დაყარეო, მომაწოდე სახვევიო, კიდევ მომაწოდე სახვევიო, - საქმეში გავყავდი. მე მახარებდა ეს, შინ ნაჯაფარი კაცივით ვბრუნდებოდი. ბებია კი თან მამუშავებდა, თან მიხსნიდა, რა რას წარმოადგენდა ადამიანისათვის. დამამახსოვრდა კარტოფილზე თქმული: ადრე, შვილო, ჩვენშიაც და სხვაგანაც ხშირად იცოდა შიმშილობა, ჩამოდგებოდა რამდენიმე კვირას ძლიერი გვალვა, მოსწვამდა, მოფშრუკავდა ყვავილობისას პურეულს და დაიმშეოდა ქვეყანა. მაგრამ მას შემდეგ, რაც კარტოფილი შემოიტანეს ამერიკიდან, უპურობა ისე ვეღარ აწუხებს ადამიანებს, კარტოფილი დიდ სიცხეებს ასწრებს, მაწევრობით კი დიდად არ ჩამოუვარდება პურს. თან დიდი მოსავალიც იცისო.

გაიელვებდა ჩვენგან სამხრეთით, სამგორის გასწვრივ და გაეღიმებოდა ბებიას: ღმერთო, ღმერთო, ჯავახეთისკენ წვიმს, საქართველოს პური არ გაუჭირდებაო. ვინ იცის, რა დროიდან იყო წამოსული ეს რწმენა!

აიღებდა ზაფხულის სიცხეში კიტრს, წააჭრიდა თავს, და იმ წანაჭერს მომაკრავდა შუბლზე, მერე ნათალსაც მომაკრავდა ცხვირზე, საფეთქლებზე, ნიკაპზე, თვითონაც მიიკრავდა ნათალებს, თან კიტრს გეახლებოდით, თან იმ სიჯანსაღის ცერემონიალით ვტკბებოდით.

მაჭმევდა ვაზის პწკალებს, მაყვლის ძალიან ნორჩ ყლორტებს, ყინტორასა და სხვა ხილის წაკულაკს.

ახლაც ხომ დიდი თავი მაქვს და პატარაობისას მთლად დიდი მქონია. ერთხელ ერთ უცხო კაცს უთქვამს ბებიასათვის: ეს ბიჭი ან გენიოსი გამოვა, ან ოლიგოფრენიო. ბებიას იმ წუთში ვერ გაუგია, რას ნიშნავდა ოლიგოფრენი, მერე, რომ უთქვამთ, გაცეცხლებულა, - დაუბრმავდეს თვალები, ჩემი ბიჭის თვალების პატრონს ოლიგოფრენობისა რა შეატყოო. ეს რომ გავიგე, მეც დავიწყე თავმოწონება ჩემი თვალებით, ვახამხამებდი და ვახამხამებდი. ახლა ამაზე შეიწუხა ბებიამ გული, - ვაიმეო, რა გემართებაო, თავშიშველი რომ დადიხარ მზეში, მაგიტომაო.

წლისა რომ გავმხდარვარ, - წინათ ჩვენში ასეთი რწმენა ჰქონდათ, - დაუსვივარ, შემოუყრიათ ირგვლივ სხვადასხვა ხელობის იარაღები: კოჭებიანი საანგარიშო, წალდი, სადგისი, ასტამი, კალამი, ნალი, ხერხი და კიდევ სხვა რაღაცები. რასაც პირველად მოჰკიდებდა ბავშვი ხელს, იმ ხელობის კაცი გამოვიდოდა. ბებია მეტყოდა ხოლმე, შენო კალამს დასწვდი მაშინვეო. არა მჯერა, ერთი წლის ბავშვმა, კოჭებიანი საანგარიშოს გვერდით, კალამს წაატანოს ხელი, მაგრამ ეგრე იყოო, დაუდასტურებია დედასაც, და მეც, მეტი რაღა ძალაა, ვუჯერებ.

წერა-კითხვა ძალიან პატარას მასწავლა ბებიამ. ეს სულ კარგად მახსოვს, წერა-კითხვაც მასწავლა და დათვლაც. დათვლა მარტო ქართულად კი არა, რუსულად და თათრულადაც. გამორჩეულად მსიამოვნებდა ეს თათრული დათვლა. ერთხელ მამიდაჩემის მულის ქმარი, მენშევიკური მთავრობის ფოსტა-ტელეგრაფის ნამინისტრალი დავით ჭიაბრიშვილი იყო ჩვენთან სტუმრად. რომ ნახა, რეები ვიცოდი, მოდი, საათის ცნობასაც გასწავლიო. დაიბჯინა მსხვილი, კორძებიანი ხელჯოხი, დაიხარა და დამიწყო ახსნა - რა როგორც იყო ჩვენს ენიან საათზე, საამურად რომ გაჰქონდა ტიკ-ტაკი. ჩანს, ისე ნათლად ამიხსნა ყველაფერი, ის დღე იყო და საათის ცნობაც ვიცოდი.

თუ ჟინჟღლავდა, რა თქმა უნდა, ზაფხულში, ბებია და მე ვისხედით აივანზე და გადავყურებდით ქვეყანას. მე ტახტზე მქონდა აკრეფილი ფეხები და რაიმე თბილიც წაფარებული ზედ. ჩვენ წინ და ზემოთ სახლები არ იყო. წინ იყო ჩანისლული დიდი ივრის ჭალა, ზემოთ - სულ ვენახები. იმ ჭალაში, ვენახებსა და გორაკებში იდუმალებით გამოირჩეოდა ორი მთა, ერთი ამბარა, მწოლიარე კაცის კეხიანი ცხვირივით ამომართული მაღლა, მეორე - იალნო, დიდი იალნო.

ბებია მიყვებოდა ბიბლიურ ამბებს: როგორ წახდა ქვეყნიერება, მართალს რომ აღარ ამბობდა აღარავინ, როგორ უბრძანა უფალმა ნოეს, აეგო კიდობანი... ააგო კიდობანი ნოემ - უზარმაზარი, უზარმაზარი, შეიყვანა შიგ ყოველი ცხოველისა და ფრინველის დედალ-მამალი. დაიწყო წარღვნა. კამეჩი დარჩენილიყო გარეთ. - ნოე! ნოე! ნოე! - იძახდა საბრალობლად. შეიყვანა კიდობანში კამეჩიც ნოემ. გაგრძელდა წარღვნა ორმოცი დღე და ღამე... მთელი სხეულით განვიცდიდი ამ ამბებს, ვეხუტებოდი ბებიას...

ბებია მასწავლიდა ძალიან კარგ ლექსებსაც: „ვარდმა გასძახა ბულბულსა, ეგ ბაღი დამიცალეო, განა სხვა ბაღი არ არის, რა ჩემთვის მოიცალეო“, ანდა: „მზეო, ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა, სიცივეს კაცი მოუკლავს, აგერ, საწყალი, გორავსა“, ანდა: „ნეტამც არ ჩაგძინებოდა, ჩიტო ნიბლიავ, ნარზედა, წამოგიქროლებს ალალი, წაგიღებს მაღალ მთაზედა“. ეს მაღალი მთა - იალნო იყო. იქ მიჰქონდათ ალალებს ნიბლიები, იქ ფანტავდნენ მათ ნაზ ბუმბულებს. ჩამოჯანღულ, ჩამოღამებულ იალნოზე დააბოტებდნენ დიდი, წითელპირიანი დათვები, ისხდნენ ჩასაფრებულნი მაღლა თავაწეული მგლები, ხროვად გარბოდნენ მჩხავანა ტურები. ზოგჯერ ტურები მოდიოდნენ ჩვენთანაც, ჩვენი კაკლის ქვეშ, იქ ასტეხდნენ კივილს და გააგიჟებდნენ ძაღლებს...

ყოველი დაძინების წინ მე ვიტყოდი ლექსს: „დავწვები, დამეძინება, პირჯვარი დამეწერება, ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი სულ თავით დამესვენება“, ბებია გადამსახავდა პირჯვარს: „ღმერთო, შენ დასწერე შენი წყალობის ჯვარი“, - და მშვიდად დამეძინებოდა.

თუ რამდენად ვიყავი შეკვეთილი ბებიასთან, ამასთან დაკავშირებით ერთ ამბავს მოვყვები. ციებით დაშინებული ხაშმელები, ვისაც რა შეეძლოთ, ზაფხულობით, ერთი-ორი თვით მეზობელ სოფლებში გადადიოდნენ. ერთხელ მამამ და ბიძაჩემმა, დედის ძმამ, ჩაგვსხეს მთელი ორი ოჯახი დიდ ფურგონში, ჩატვირთეს უკან ლოგინებიც და წაგვიყვანეს მუხროვანში, ბავშვები ჰაერს გამოიცვლიან და გაკაჟდებიანო. ბიძაჩემი იქ მუშაობდა, რუსის ოჯახში ეკავა პატარა სახლის ზედა სართული.

მე მომეწონა ეს მგზავრობა: იორში გასვლა, ყანებსა და სათიბებს შორის სიარული, ჩადაბლებულში პატარა ლურჯი ტბა, მერე კლდეები, მუხნარი ტყე. მუხროვანში, სანამ დიდები პურობდნენ (ერთი რუსი მალ-მალ ყვიროდა, - გაუმარდჟოს!), ჩვენ, პატარები დავრბოდით, ვიმალებოდით ვეება ძირხვენებში, მეც ვიცინოდი სხვებთან ერთად, მაგრამ, რომ დაღამდა, ქალებმა ლოგინების გაშლა დაიწყეს, მე ტირილი ავტეხე - ბებოსთან მინდა, ბებოსთან მინდა-მეთქი. დამაჭანჭყარა დედამ, მოიხსნა ქამარი მამამ, მაგრამ არა და არა, არ გავჩუმდი, - აქ არ დავიძინებ, ბებიასთან მინდა-მეთქი.

მაშინ მოვიდა ბიძაჩემი, - მოიცათ, ხალხო, არ გადავრიოთ ყმაწვილიო. შეაბა ფურგონში ცხენები, ჩააგო რბილი თივა, ჩამსვა, წამოიღო პრიალა რუსული შაშხანაც და იმ გვიან ვახშმობას, საერთო ჩოჩქოლში, წამომიყვანა ხაშმში. კიდევ კარგი, რომ მთვარე ანათებდა, თორემ იმ დროს არცთუ უხიფათო იყო იორში გასვლა. ბიძაჩემმა, ჩემს გასამხნევებლად, სამჯერ ისროლა შაშხანა, სამჯერვე სულ შეაჯერა მთები, მერე თვითონ წაუძღვა წინ ცხენებს წყალში, ისე გავედით გაღმა და შუაღამისას მიჰგვარა თავისი დიდთავა შვილიშვილი ბებიას. რომ გავფრიალდი და მივეხუტე კალთაზე, ასე მგონია, იმ კალთაზევე მიმეძინა ისევე.

დაუსრულებლივ შემიძლია ლაპარაკი ბებიაზე, მაგრამ აქ ჯერჯერობით კმარა.