იყო და არა იყო, იყო ერთი ღორი, სახელად ღრუტუნა. ხუთი ჩაკირტებულ-ჩამრგვალებული გოჭი ჰყავდა; ხუთივეს შესაფერი სახელი ერქვა: მშიანა, მცივანა, თბილანა, გვიანა და მაგარა. დედაღორი თვითონაც ჭკვიანი იყო და გოჭებიც ჭკვიანები დაზარდა.
ღრუტუნა დღისით შვილებს ბუნაგში ტოვებდა, თვითონ საჭმლის საშოვნელად მინდორში დადიოდა. თხრიდა ძირხვენას, მაჩიტასა და სხვა ბალახ-ბულახის ფესვებს, სადაც საჩიჩქნი არაფერი იყო, არც მწვანე ბალახს იწუნებდა, ხოლო თუ ნაკარტოფილარს წააწყდებოდა, პირდაპირ აღდგომის დილა გაუთენდებოდა - თხრიდა ღონიერი დინგით ფაფუკ მიწას, ახრამუნებდა გემრიელ კარტოფილს და თან სულ ადამიანს ლოცავდა:
- რა კეთილია მშრომელი კაცი, თავისთვისაც სარჩოს იმარაგებს და საკბილოს არც სხვისთვის იშურებს. რა მეშველებოდა, რომ ქვეყნად ყველა მძული და უქნარა იყოსო.
არც მწიფე რკოსა და თხილ-პანტა-მაჟალოს იწუნებდა, ერთი სიტყვით, მადა ძალიან დიდი ჰქონდა და ძუძუებსაც პირთამდე იტენიდა რძით. საღამოს დაბრუნდებოდა შინ, გადაწვებოდა გულაღმა და ნელი ღრუტუნით შვილებს მოუხმობდა, შვილებიც ხარბად ჩააფრინდებოდნენ დედის ძუძუებს და პატარა მუცლებს ტკბილი, ნოყიერი რძით იტიკნიდნენ.
ცხოვრობდა ასე ღრუტუნა მშვიდად და აუმღვრეველად. ზრდიდა შვილებს და თავის ყოფას თვითონვე დანატროდა.
ერთ დღესაც წავიდა მინდორში ღრუტუნა და თავის ჩვეულ საქმიანობას შეუდგა - თხრიდა მიწას და ახრამუნებდა გემრიელ ფესვებს. უცბად ნაწვერალში თაგვის სოროს წააწყდა, სორო სულ ხვავრიელი თავთავებით იყო გაჭედილი. ღურუტუნა თითო-თითოდ იღებდა თავთავებს და მწიფე ხორბალს მადიანად აკნატუნებდა. საქმით გართულს ერთი მშიერი მგელი წამოეპარა ზურგიდან და გააგრძელებულად შეღმუვლა:
- გამარჯობა, დარბაისელო მანდილოსანოო!
ღრუტუნა შეკრთა, სწრაფად შემობუნდა და შიშისაგან სუნთქვა შეეკრა, მის წინ კბილებდაკრეჭილი მგელი იდგა და თვალებს საზარლად აბრიალებდა.
მგელი წინა თათებზე ჩაწვა, თვალები ცბიერად აახამხამა და ვითომ დიდი გულშემატკივარი იყო, ისე ჰკითხა:
- რატომ ჩიჩქნი მაგ მიწას, რადა წვალონ, ასე ხომ გახდები და ქონი და ხორცი შემოგადნებაო?
ღრუტუნამ იფიქრა, იქნებ ტკბილი სიტყვით როგორმე ჩამოვიცილოო რაც კი შეეძლო, მოწიწებით უპასუხა:
- გადღეგრძელოს ღმერთმა, დიდო ბატონო, აქ ერთი თავთავებით გამოტენილი სორო ვიპოვნე, წყეულ თაგვს კაცის ნაშოვნი მოიპარია და ზამთრის სარჩოდ თავის სოროში შეუზიდნია, ახლა სწორედ იმ თავთავებს გეახლებოდით, თუ ისიამოვნებთ, მგელო-ბატონო, კაი მსუქან თავთავებს აგირჩევთ და მიირთვითო.
- რაო? თავთავები მივირთვაო? - დაიყმუვლა მგელმა და ფეხზე წამოხტა, - შენ მე ღორი ხომ არ გგონივარ, თავთავები ვაკნატუნო? ან იქნებ გინდა, რომ ყელში ფხა გამეჩხიროს და დამახრჩოს? ეგეც არ იყოს, შენ ვინ მოგცა ნება, რომ სხვათა ნაშრომ-ნაღვაწს მისდგომიხარ. ერთ საცოდავ პაწაწა ცხოველს ზამთრის სარჩო შეუგროვებია და შენ კი უნადგურებ, იყორავ გაუმაძღარ მუცელს და სხვას კი - სუსტსა და უმწეოს - მშიერს ტოვებ? ასეთი დიდი ცოდვა ქვეყნად ჯერ არც ერთ სულიერს არ ჩაუდენია, და ამ შეცოდებისათვის ღირსეულადაც დაგსჯი - ახლავე ძვალ-რბილიანად შეგახრამუნებო.
ღრუტუნა მიხვდა, რომ მისი საქმე წასული იყო, თუ რამეს არ მოიფიქრებდა.
- დიდო მბრძანებელო, - მიმართა უფრო ჭარბი მოწიწებით, - თქვენი ნებაა, რასაც მიზამთ, მაგრამ სანამ შემჭამდეთ, ერთი სიტყვა მათქმევინეთო.
- ჩქარა თქვი, არ დამაგვიანო, მეტის მოთმენა არ შემიძლიაო, - უღრიალა მგელმა.
- მე ძალიან დიდი ხნისა ვარ, ბატონო, - უთხრა ღრუტუნამ, - წლოვანებაც კი აღარ მახსოვს ჩემი, ჰოდა, სიბერისაგან ხორცი სულ აღარ მივარგა და ძვლებიც ქვასავითა მაქვს გამაგრებული, აბა ასეთს რა გემო უნდა ჩაატანოთ. წამობრძანდით ჩემს ბუნაგში, ხუთი გოჭი მყავს, - ერთსა ჰქვია მშიანა, მეორეს - მცივანა, მესამეს - თბილანა, მეოთხეს - გვიანა და მეხუთეს - მაგარა. ხუთივე ისეთი მსუქანია, რომ სულ ქონი გასდით. მობრძანდით და რომელიც მოგეწონებათ, ის მიირთვით, და თუ ინდომებთ, ხუთივე თქვენი ფეშქაში იყოსო.
ღორის ნათქვამმა მგელი ძალიან დააფიქრა, ტყუილად კი არ არის ნათქვამი, ხერხი ჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსო. მართლაცდა, სად გოჭის ქორფა, ჩვილი ხორცი და სად ბებერი ღორისაო, თქვა გუნებაში მგელმა და ღრუტუნას ჰკითხა:
- კარგი, გაპატიებ დანაშაულს, მაგრამ მითხარი, შენს ბუნაგში როდის ან რა დროს მოვიდეო?
- როცა გენებოთ, ბატონო, - მიუგო ღორმა, - მაგრამ, ჩემი აზრით, საღამოთი ჯობია, უფრო უხიფათოდ მოხვალთ, ვერავინ დაგინახავთ და ჩვენც ყველანი ბუნაგში დაგხვდებითო.
მგელს ეს რჩევა ჭკუაში დაუჯდა. - კარგი, საღამოზე მოვალ, მაგრამ თუ მომატყუე, იცოდე, ცოცხალი ვერ გადამირჩებიო, - უთხრა ღორს და თავისი გზით წავიდა. მიდიოდა და თან ტუჩებს ილოკავდა, თვალწინ სულ მსუქანი გოჭები ელანდებოდა და ნერწყვს ნერწყვზე ყლაპავდა.
მგელი რომ წავიდა, ღრუტუნამაც მაშინვე თავის სახლისაკენ მოძუძგა. თან სულ უკან იყურებოდა, ემანდ ღმერთი არ გაუწყრეს, სიწუწკემ არ დასძლიოს და ისევ არ წამომეწიოსო.
მივიდა ღრუტუნა შინ, დაუძახა შვილებს, შემოისხა ირგვლივ და რაც თავს გადახდა, ყველაფერი დაწვრილებით უამბო. თან ყველანი სათითაოდ დაარიგა, თუ როგორ მოქცეულიყვნენ, როცა მგელი კარებს მოუკაკუნებდა ან რა ეპასუხნათ. ამის შემდეგ კარებს მაგარი ურდული გაუყარა, დააწვინა შვილები და თვითონაც გვერდით მიუწვა.
კარგა რომ ჩამობნელდა, მოვიდა მგელი და კარზე დააკაკუნა.
ღრუტუნამ ისე მოაჩვენა თავი, თითქოს არ იცოდა, ვინც აკაკუნებდა და შიგნიდან ტუქსვით გამოსძახა:
- ვინ ოხერი ხარ, ამ შუაღამისას რომ აკაკუნებ. ამ დროს ყველა თავის კერაზე ზის და შენ თუ ავი სული არა ხარ, კარდაკარ რას დაეხეტებიო?
- ვინა ვარ და მგელი ვარ, - შეჰყმუვლა გარედან მგელმა, - გააღე, ღორო, კარები, თორემ პირის გატეხვისათვის ავ დღეს დაგაყენებო.
- ღორიც შენა ხარ და უარესიც, - გამოსძახა ღრუტუნამ, - დაიკარგე მანდედან და საიდანაც მოთრეულხარ, ისევ იქით წაეთრიეო.
მგელი მიხვდა, რომ ნებით ვერაფერს გახდებოდა და კარის შემტვრევა მოინდომა, მაგრამ ძვრაც ვერ უყო. ბოლოს მოტყუებით სცადა ფონს გასვლა და ტკბილი ხმით გოჭებს გაესაუბრა. ჯერ მშიანას დაუძახა, - კარი გამიღეო.
მაგრამ მშიანამ მგლის თვალთმაქცობა კარგად იცოდა და როგორც დედისაგან იყო დარიგებული, ისე უპასუხა:
- მე შენთვის არა მცალია, მშია და ძუძუსა ვწოვ, დაიკარგე მანდედან, ნუ მაწუხებო!
მგელმა ახლა მცივანას დაუძახა:
- მცივანა, კარი გამიღეო!
მაგრამ მცივანაც დედისაგან იყო დარიგებული და მგელს საკადრისი პასუხი გასცა:
- მე ისედაც ძალიან მცივა და გიჟი არ ვიქნები, რომ კარი გავაღოო?!
რაკი მცივანამ უარი სტკიცა, მგელმა ახლა თბილანას მიმართა:
- თბილანა, შენ მაინც გამიღე კარი, შენ ხომ აღარა გცივაო.
- შენ ხომ არ გადაირიე, - გასძახა თბილანამ, - ძლივს ფარსაგად ჩავითბუნე და შენი გულისთვის გვერდებს ვერ გავიციებო.
იქნებ გვიანა მაინც შევაცდინოო, - თქვა გულში მგელმა და გვიანას შესძახა, - კარი გამიღეო!
- ახლა ძალიან გვიანია და კარს ვერ გაგიღებო! - ცივი უარი შეაგება გვიანამაც.
მგელმა ბოლოს მაგარას დაუძახა:
- მაგარა, გამიღე კარი, შენ ხომ მაგარი ხარ და შიში არაფრისა გაქვსო.
- მაგარი რომ ვარ, სწორედ ამიტომაც ვკეტავ კარს მაგრადო, - გამოსძახა მაგარამ.
მგელი ახლა კი მიხვდა, რომ შეაცდინა ღორმა და ბრაზისაგან სულ ცეცხლი მოეკიდა.
- ახია ჩემზე, რომ შენ დაგიჯერე და დღევანდელ კვერცხს ხვალინდელი ქათამი ვამჯობინე, - შესძახა ღრუტუნას, - მაგრამ იცოდე, თუ სადმე წაგასწარი და ხელში ჩამივარდი, შეუჭმელი ვერ გადამირჩებიო.
- კაი, თუ გავბრიყვდი და კიდევ ჩაგივარდი, მაგრამ მაგას ვეღარ ეღირსებიო, - გამოსძახა ღრუტუნამ და არხეინად მეორე გვერდზე გადაბრუნდა.
ჭირი - იქა, ლხინი - აქა,
ქატო - იქა, ფქვილი - აქა.