Litclub.ge

დათვი
დათვი, მელა და მგელი დაძმობილდნენ და წავიდნენ საჭმლის საშოვნელად. ნახირს ერთი მსუქანი ფური ჩამორჩენოდა, ძმობილებმა უპატრონო ფური დაიმარტოხელეს, ერთ უღრან-უდაბურ ადგილზე შეიმწყვდიეს და გაფატრეს. დასხდნენ და დაიწყეს ბჭობა, როგორ გავიყოთო. მელამ თქვა:

- ვინც ჩვენში ყველაზე ხნიერი იყოს, ეს ძროხა სულ იმას დარჩესო. - და პირველმა თვითონ დაიწყო: - მე იმ ხნისა ვარ, როცა ცა და დედამიწა გაჩნდა და ქვეყანაზე ჩემს მეტი სულიერი არ არსებობდაო.

- მართლაც ძალიან ხნიერი ყოფილხარო, - მოუწონა დათვმა და მგელს ჰკითხა: - აბა, შენ როდინდელიღა ხარო?

მგელმა თქვა:

- ცა და ქვეყანა რომ გაჩნდა, პირველი შვილი სწორედ მაშინ მომიკვდაო.

ჯერი დათვზე მიდგა, ბიძამ ცერად შეხედა ორივეს და თქვა:

- მე ჯერ ორი წლისაც არა ვარ, მაგრამ თუ კარგი ბიჭები ხართ, მიდით და ამ ძროხას პირი დააკარეთო.

სწორედ ამაზეა ნათქვამი, - ძალა აღმართსა ხნავსო. მიდგა დათვის ძროხას და მგელსა და მელას ერთი ჩიჩქიც არ უწილადა.

ჭირი - იქა, ლხინი - აქა,

ქატო - იქა, ფქვილი - აქა.