იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ქვრივი დედაკაცი, ქმარი ადრევე მოუკვდა და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა – ორი ვაჟი და ერთი ქალი. ღარიბი კაცის კვალობაზე ქალს პატარა მამულიც ჰქონდა, მაგრამ სიმარტოვის გამო ვეღარ ამუშავებდა. ხოლო როცა შვილები წამოეზარდნენ, მათ უთხრა:
- სანამ პატარები იყავით, არაფერს გეუბნებოდით, ახლა კი დროა, თქვენს მამულს მიხედოთ და უპატრონოთო.
შვილებმა არც კი იცოდნენ, თუ მამული ჰქონდათ, და დედას ჰკითხეს:
- სადა გვაქვს მამულიო?
დედამ ასწავლა, სადაც ჰქონდათ მამული, მაგრამ შვილებს ძალიან ეშორათ, - იმ სიშორეზე სადილს ვინ მოგვიტანსო?
- ოღონდ თქვენ წადით და სადილს ყოველთვის თქვენი და ჩამოგიტანთო.
ძმებს ჭკუაში დაუჯდათ დედის ნათქვამი და მამულში წასასვლელად მოემზადნენ, დედამ პირველწასვლისას ერთი კვირის სამყოფი საგზალი გაუმზადა, თან ბლომად ხახვი გაატანა და დაარიგა:
- შვილებო, ეს ხახვი გაფცქვენით და ნაფცქვენი გზაზე დაყარეთ. თქვენი და რომ საჭმელს წამოგიღებთ, ხახვის ნაფცქვენს გამოყვება და თქვენი პოვნა აღარ გაუჭირდებაო.
წავიდნენ ძმები სამუშაოდ და, როგორც დედამ დაარიგა, მთელი გზა ხახვის ნაფურჩალით მოფინეს.
იქვე ახლოს ერთი ასთავიანი დევი ცხოვრობდა, გამოვიდა დევის დედა, მოკრიფა ხახვის ნაფურჩალი და თავისი სასახლისაკენ მიმავალ გზაზე დაყარა.
კვირა რომ შესრულდა, დედამ გემრიელი სადილი მოამზადა, ჩაალაგა ხურჯინში, გადაჰკიდა ხურჯინი ქალს და გაგზავნა ძმებთან. ქალი მიჰყვა ხახვის ნაფურჩალს, იარა, იარა და დევის სახლს მიადგა. შინ მარტო დევის დედა დაუხვდა, მივიდა ქალი და ჰკითხა:
- დედი, დედაშვილობასა, მითხარი, ჩემი ძმები აქ ხომ არა მუშაობენო?
- რის ძმები, რა ძმები, - უთხრა დევის დედამ, - აქ ჩემი ასთავიანი შვილი ცხოვრობს, მოდი, ჩქარა, დაგმალო, თორემ საცაა მოვა და შეგჭამსო.
წაიყვანა დევის დედამ ქალი და სახლის ყველაზე ბნელ კუნჭულში დამალა. ცოტა ხნის შემდეგ მართლაც მოვიდა ასთავიანი დევი. ერთ მხარზე ნანადირევი ეკიდა, მეორე მხარზე ხმელი ჭადარი ედო. ტვირთი ეზოში დაყარა და შინ შევიდა. შესვლისთანავე ცხვირი შეიჭმუხნა და დედას უთხრა: - დედი, ადამიანის სუნი მცემსო!
- რას ამბობ, შვილო, შენი შიშით ცაში ფრინველს ვერ გაუჭაჭანებია და ხმელეთზე ჭიანჭველას და აქ ადამიანის შვილი როგორ მობედავდაო? – უთხრა დედამ.
დევმა მაინც არ დაუჯერა.
- არა, დედი, ნამდვილად ადამიანის სუნი მცემსო.
მაშინ გამოუტყდა დედა და უთხრა:
- მე ერთი კარგი ქალი შემოვიტყუე სახლში, შენ საცოლედ მინდა და თუ არ შეჭამ, გიჩვენებო.
- არ შევჭამო, - შეჰპირდა დევი.
მაშინ გამოიყვანა დევმა დამალული ქალი და აჩვენა. დევს მოეწონა და ცოლად შეირთო.
ძმები ელოდნენ დას, ელოდნენ და, რომ არსად გამოჩნდა, ადგნენ და შინ დაბრუნდნენ. დედას უსაყვედურეს: - რატომ საჭმელი არ გამოგვიგზავნეო?
- ვაი, მომიკვდეს თავი! – შეიცხადა დედამ და ტირილი დაიწყო, - ჩვენი მამულის ახლოს ერთი ასთავიანი დევი ცხოვრობს და თქვენს დას უთუოდ ის წყეული დაიჭერდაო.
ძმებმა რომ ეს გაიგეს, იმავ წამს მოემზადნენ და დის გამოსახსნელად წავიდნენ. შორიდან გამოჩნდა დევის სახლი, დევის დედამ შეამჩნია მათკენ მიმავალები და ქალს უთხრა:
- აბა გაიხედე, მართლა მოჩანს რამე, თუ თვალი მატყუებსო?
ქალმა გაიხედა და უთხრა:
- ბუზის ტოლად მოჩანან ვიღაცეები და აქეთ მოდიანო.
- ვაი მაგათი დედის ბრალიო, - თქვა დევის დედამ და ცოტა ხნის შემდეგ რძალი კიდევ გაახედა.
- ორი კაცი მოჩანს და აქეთ მოდიანო, - უთხრა ქალმა.
- ვაი მაგათი დედის ბრალიო, - კიდევ თქვა დევის დედამ.
ამასობაში ძმები დევის სახლს მიადგნენ, ქალმა იცნო ძმები და თვალცრემლიანი შეეგება, ხან ერთს ეხვეოდა და ჰკოცნიდა და ხან მეორეს. დევის დედა მიხვდა, რომ მოსულები მისი რძლის ძმები იყვნენ და შინ შეიწვია. აჭამა პური და მერე უთხრა:
- ახლა კი მოდით, დაგმალავთ, თორემ საცაა ჩემი შვილი მოვა და ორივეს შეგჭამთო.
ძმები შეშინდნენ და დაიმალნენ.
ცოტახნის შემდეგ დევიც მოვიდა. ერთ მხარზე ისევ ხმელი ჭადარი გაედო და მეორეზე დახოცილი ნადირი ეკიდა. ტვირთი კართან მოიხსნა, შეაბიჯა შინ და დედას უთხრა:
- დედი, ადამიანის სუნი მცემსო!
დედამ ჯერ დაუმალა, მაგრამ შვილი რომ აღარ მოეშვა, გამოუტყდა:
- თუ პირობას მომცემ, რომ არ შეჭამ, აქ შენი ცოლისძმები არიან და გამოგიჩენო.
- არ შევჭამო, - შეჰპირდა დევი.
დედამ გამოუყვანა დამალული ცოლისძმები და აჩვენა. დევმა ახედ-დახედა ბიჭებს და უთხრა:
- მოდით, ვახშმის თადარიგს შევუდგეთო.
ძმები დათანხმდნენ და შეუდგნენ დახოცილი ნადირის გატყავებას, მაგრამ სანამ ისინი ერთ ირემს ფეხებს გადაუსერავდნენ, დევმა მთელი ნანადირევი დაატყავა და ქვაბში ჩაუძახა, მერე ცოლისძმებს ის ირემიც გამოჰგლიჯა ხელიდან, ერთი გაკვრით გააძრო ტყავი, მიკუწ-მოკუწა და ისიც სხვა ირმებს მიაყოლა.
ხორცი რომ მოიხარშა და ვახშმად დასხდნენ, დევმა ჰკითხა ძმებს, - ძვლის კაცები ხართ თუ ხორცისაო?
ძმებს შეეშინდათ და ხორცზე უარი თქვეს:
- ჩვენ ხორცისა რა ღირსები ვართ, ძვლებითაც იოლად გავალთო.
გაუსვა დევმა პირი და მთელი ხორცი თვითონ შესანსლა, გამოხრული ძვლები კი ცოლისძმებს მიუყარა. კარგად რომ გამოძღა, ქვევრს მოხადა და კიდევ ჰკითხა:
- კოკის კაცები ხართ თუ ყანწისაო?
- ყანწისაო, - უპასუხეს ისევ შეშინებულმა ცოლისძმებმა. დევსაც ეს უნდოდა, თვითონ კოკა დაიდგა და ძმებს კი ყანწი გადაუგდო.
ამასობაში დაძინები დროც მოვიდა. დევმა ცოლისძმებს ჰკითხა:
- ტახტის კაცები ხართ თუ ბაგისაო?
- ტახტი რა ჩვენი საქმეა, ბაგაში დავიძინებთო, - უთხრეს ძმებმა.
დევმა შეიყვანა ძმები გომურში და ბაგაში დააწვინა. თვითონ ტახტზე გაიშოტა და ხვრინვა ამოუშვა.
დილით დევმა გაიღვიძა და დედას უთხრა:
- დედი, პური მშია და მაჭამე რამეო.
- ჩადი, შვილო, გომურში, კიდობანში ორი პური დევს და შეჭამეო, - უთხრა დედამ.
დევი ჩავიდა გომურში, მაგრამ პურის კიდობანს ზედაც არ გაჰკარებია, დაძინებული ცოლისძმები რომ დაინახა, სიმსუნაგემ წასძლია, ორივენი იქვე გადაყლაპა და სანადიროდ წავიდა.
დედას იმედი ჰქონდა, შვილები დამიბრუნდებიან და დასაც მოიყვანენო, მაგრამ რომ აღარ გამოჩნდნენ, იფიქრა, უთუოდ ასთავიანი დევი შეჭამდაო, დამორთო ტირილი. ამ დროს ჩამოიარა ერთმა თმაჭაღარა კაცმა და დედას ჰკითხა:
- მითხარი, შვილო, რა ამბავია შენს თავს, რა გატირებს ასე გულამოსკვნითო?
დედამ უამბო თავისი გასაჭირი, ასე და ასეა ჩემი საქმე, ასთავიანმა დევმა შვილები შემიჭამა და იმათ დავტირიო.
კაცმა რომ დედის დარდი გაიგო, ჯიბიდან ერთი თურაშაული ვაშლი ამოიღო, მისცა დედას და უთხრა:
- ეს ვაშლი ას ნაწილად გაჭერი და ყოველდღე თითო ნაჭერი შეჭამე. სულ რომ გაათავებ, ბიჭი გაგიჩნდება და ასფურცელა დაარქვი. ის ამოგიყრის დევის ჯავრს და შვილებსაც ისევ დაგიბრუნებსო.
დედაკაცი მართლაც ისე მოიქცა, როგორც კაცმა დაარიგა: ვაშლი ას ნაწილად გაჭრა და დღეში თითო ნაჭერს ჭამდა. მეასეც რომ შეჭამა, ბიჭი გაუჩნდა და ასფურცელა დაარქვა.
სხვები რასაც წლით იზრდებოდნენ, ასფურცელა იმდენს დღით იზრდებოდა, მალე ისეთი ბიჭი დადგა, რომ იმისი დანახვა მტერსაც კი გაუხარდებოდა.
ერთხელ ასფურცელა თავის ტოლ ბიჭებში ჩილიკობას თამაშობდა. ერთ დედაკაცს კოკით წყალი მოჰქონდა. ასფურცელამ ჩილიკა გასტყორცნა და უნებლიეთ კოკას მოახვედრა. კოკა გატყდა. გაჯავრებულმა დედაკაცმა ასფურცელას უთხრა:
- დაწყევლით ვერ დაგწყევლი, რადგან დედისერთა ხარ. ოღონდ ამას კი გეტყვი: შნო თუ გაქვს, წადი და შენი და-ძმები გამოიხსენი ასთავიან დევს რომ ჰყვანან შეპყრობიოლიო.
ასფურცელამ არ იცოდა, თუ და-ძმები ჰყავდა, დედა არ უმხელდა. მივიდა შინ და დედას ჰკითხა:
- დედი, მე და-ძმები მყავსო?
დედამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო. ასფურცელა იმავე დღეს ასთავიან დევთან წასასვლელად სამზადისს შეუდგა. დედამ ბევრი უშალა, მაგრამ ასფურცელამ არ დაიშალა. აიღო ხმალი, მშვილდ-ისარი და წავიდა.
დევის დედა ბანზე იჯდა და მატყლს ართავდა. დაინახა შორით მომავალი ასფურცელა და რძალს დაუძახა:
- აბა, ერთი გახედე, მართლა მოდის ვინმე, თუ თვალი მატყუებსო?
რძალმა გაიხედა და, - ვიღაც აბჯრიანი ჭაბუკი მოდისო, - უთხრა.
დევის დედას გულმა ავი რაღაც უგრძნო და დაიწუწუნა:
- ვაი, მაგის დედის ბრალი და ვაი, ჩემი შვილის დედის ბრალიო.
მალე ასფურცელმა დევის სასახლეს მიადგა. დაურიდებლად შეაბიჯა შიგ, შეხედა ახალგაზრდა ქალს და უთხრა:
- უთუოდ შენ ჩემი და იქნებიო.
ქალს გაუკვირდა:
- მე მხოლოდ ორი ძმა მყავდა და ორივენი დევმა გადაყლაპა, შენ კი არ ვიცი, ვინა ხარ და საიდან მოსულხარო.
ასფურცელამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო. ქალმაც ირწმუნა. უცნობ ძმას სიხარულით გადაეხვია.
დევის დედამ ასფურცელას ვინაობა რომ გაიგო, დამალვა მოუნდომა და უთხრა:
- მოდი, შვილო, დაგმალავ, თორემ საცაა ჩემი შვილი მოვა და შეგჭამსო.
- დამალულ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნიაო, - უთხრა ასფურცელამ, გამოვიდა ეზოში და დევის მოლოდინში აქეთ-იქით სეირნობა დაიწყო.
მალე დევიც გამოჩნდა. ერთ მხარეზე დახოცილი ნადირი წამოეკიდნა, მეორეზე – ხე გაედო და არხეინად მოდიოდა. თავის ეზოში უშიშრად მოსეირნე უცხო კაცი რომ დაინახა, მთლად გაცეცხლდა – ჩემი შიშით ძირს ჭიანჭველას ვერ გაუვლია და მაღლა ბუზს, ვინ არის ეს თავხედი, რომ ჩემს ეზო-ყურეში დაუკითხავად დასეირნობსო? – განრისხებული მიეჭრა ასფურცელას და შეუტია:
- ვინა ხარ და ან აქ რისთვის მოთრეულხარო?
- არა გრცხვენია, ცოლისძმას რომ მტრულად ხვდები, - უთხრა ასფურცელამ, - სტუმრად მოვსულვარ და თუ შეგიძლია გამიმასპინძლდიო.
- კარგი, რაკი ცოლისძმა ყოფილხარ, აღარას გერჩი, - უთხრა დევმა. – მაშ მოდი, ნანადირევი გავატყავოთ და ვახშმის თადარიგს შევუდგეთო. გულში კი ფიქრობდა, ხელთ კარგი გემრიელი ლუკმა ჩამივარდაო.
დაიწყეს დახოცილი ირმების დატყავება, სანამ დევი ერთს გაატყავებდა, ასფურცელამ ერთი ხელის დაკვრით დაატყავა მთელი ნანადირევი, დაჭრა კიდეც და ქვაბში ჩაყარა.
უყურებს დევი ასფურცელას და უკვირს, ეს რა ყოფილაო. საჭმელი რომ მოიხარშა და ვახშმად დასხდნენ, დევმა ასფურცელასაც იგივე ჰკითხა, რაც იმის ძმებს: ძვლის კაცი ხარ, თუ ხორცისაო?
ასფურცელამ თვალები გადაუბრიალა:
- ძვლის კაცი რად ვიქნები, განა ძაღლი ვარ, ხორცი გადმომიწყე აქეთო.
დევმა გადაულაგა ხორცი და ასფურცელამაც გაჰკრა და გამოჰკრა, ხორცი თვითონ შეჭამა და ძვლები დევს დაულაგა. დევმა კიდევ ჰკითხა:
- კოკის კაცი ხარ, თუ ყანწისო?
- ყანწისა რად ვიქნები, კოკა მომიტაო, - უთხრა ასფურცელამ.
გადმოუდგა დევმა კოკა, მაგრამ გულში კი ძალიან შეფიქრიანდა, ამას რომ თავის თავის იმედი არ ჰქონდეს, ასე თამამად ლაპარაკს ვერ დამიწყებდაო. ვახშამს რომ მორჩნენ, დევმა ერთხელ კიდევ ჰკითხა:
- გომის კაცი ხარ, თუ ლოგინისაო?
- გომის კაცი რად ვიქნები, განა ძროხა ვარ, ლოგინი გამიშალეო, - უთხრა ასფურცელამ.
დევმა ასფურცელას ლოგინი გაუშალა და თვითონ გომურში დაწვა. დაწვა, მაგრამ იმის თვალს ძილი არ ეკარება, სულ იმის ფიქრშია, ახლა კი დაეძინებოდაო, და ერთ უშველებელ ხმალს დაუწყო ლესვა. გამოეღვიძა ასფურცელას ლესვის ხმაზე და მიხვდა, რომ დევი ღალატს უმზადებდა. ჩუმად წამოდგა ლოგინიდან, ფრთხილად აიყანა მძინარე დევის დედა და თავის ლოგინში ჩააწვინა. თვითონ მეორე ოთახში დაიმალა.
მორჩა დევი ხმლის ლესვას, შეიპარა ჩუმად ასფურცელას საძინებელ ოთახში და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დასცხო და დასცხო ხმალი ლოგინს. იმდენი ურტყა, სანამ დედაც და ლოგინიც სულ არ აკუწა. – აბა თუ ბიჭი ხარ, ახლაც გამიდიდგულდიო, თქვა ნიშნის მოგებით და უკან გაბრუნდა.
დილას გაეღვიძა დევს და ასფურცელა რომ ცოცხალი და საღსალამათი დახვდა, გაოცებისაგან პირი დააღო.
- წუხელ ხომ არაფერს შეუწუხებიხარო? – ჰკითხა ასფურცელას.
- არაო, - უპასუხა ასფურცელამ.
- რწყილს მაინც არ უკბენიაო?
- არაო.
დევი უფრო გაოცდა, მაშ ის ვინ იყო, ხმლით რომ ავკუწეო? – შევიდა ოთახში, გადასწია საბანი და ნაწილ-ნაწილ აკუწული საკუთარი დედა კი დაინახა. ყველაფერს მიხვდა, განრისხებული ღრიალით გამოვარდა და დაეძგერა ასფურცელას. ასფურცელამ პირველსავე მოქნევაზე წელამდე ჩაასო მიწაში, იშიშვლა ხმალი და შესძახა:
- ჩქარა თქვი, რა უყავი ჩემი ძმები, თორემ მოვიდა ხმალიო!
- ოღონდ ნუ მომკლავ და გეტყვი, - შეეხვეწა დევი, - შენი ძმები მკვდრები არ არიან, მუცელში ერთი კოლოფი მაქვს და იმაში მისხედანო.
ასფურცელამ მაშინვე გაუპო დევს მუცელი. ამოიღო კოლოფი და ამოიყვანა თავისი ძმები, ხოლო ასთავიანი დევი ხმლით აკუწა. მერე დაჯდა და ძმებს თავისი თავგადასავალი უამბო. ძმებმაც, რაღა თქმა უნდა, დიდად გაიხარეს.
და-ძმებმა იმავე დღეს დატოვეს დევის სახლი და შინისაკენ გამოემგზავრნენ. გამოეგება გახარებული დედა და ყველანი სათითაოდ გადაკოცნა. და-ძმებმაც გაიხარეს დედასთან დაბრუნებით და მისი ნახვით და იმ დღიდან მათ სახლში სიხარული აღარ გამოლეულა.
ერთ დღეს ასფურცელამ უთხრა დედას:
- დედი, ასე ყოფნა არ გამოგვადგება, ჩვენ ცოლები გვინდა, ჩვენს დას – ქმარი, უნდა წავიდე და ღირსეული საქმრო და საცოლეები მოვნახოო.
გამოეშვიდობა და წავიდა.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს ერთ ტრიალ მინდორში გავიდა. მინდორს არც თავი უჩანდა, არც – ბოლო. დგას ასფურცელა და იყურება აქეთ-იქით, აღარ იცის, რომელ მხარეს წავიდეს. ბოლოს ადგა, მოზიდა მშვილდს და ისარი გაისროლა, - სადაც ეს ისარი დაეცემა, ჩემი ბედიც იქ იქნებაო.
იფრინა ისარმა, იფრინა და ერთი სახლის წინ ჩაერჭო. ეს სახლი სამი ძმა დევისა იყო. გამოცვივდნენ დევები, დაეჯაჯგურნენ ისარს, მაგრამ მიწიდან ძვრაც ვერ უყვეს. მერე თქვეს, ისარი რომ მიწიდან ვერ ამოგვიძვრია, ამის გამომტყორცნელთან რაღას გავხდებითო და შეშინებულები ცხრა მთას იქით გადაიხვეწნენ.
მივიდა ასფურცელა, ამოაძრო თავისი ისარი და ჩაიდო საისრეში. უცბად სასახლიდან სამი მზეთუნახავი ქალი გამოვარდა, გადაეხვივნენ ასფურცელას და დაუწყეს კოცნა, - შენა ხარ ჩვენი მხსნელიო.
ეს ქალები ერთი სახელოვანი ხელმწიფის ასულები იყვნენ, დევებს მათი დედ-მამა ამოეხოცათ და დები ცოლებად წამოეყვანათ. ასფურცელამ უმცროსი ქალი იქვე შეირთო ცოლად და უფროსები ძმებისთვის დანიშნა. ქალებმა უთხრეს:
- ჩვენი ერთადერთი ძმაც აქ არის, ცხრაკლიტულშია დამწყვდეული, ბარემ ისიც გაათავისუფლე და საითაც გინდა, იქით წაგვიყვანეო.
ასფურცელამ დალეწა ცხრაკლიტული და გამოიყვანა მშვენიერი ჭაბუკი. წამოიყვანა ყველანი თავის სახლში და დევების მთელი სიმდიდრეც თან გამოაყოლა. დები ძმებს ჩამოურიგა, ჭაბულ უფლისწულს თავისი და შერთო ცოლად და დაიწყეს მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება.
ჭირი – იქა, ლხინი – აქა,
ქატო – იქა, ფქვილი – აქა.