Litclub.ge

უცნობი ქალი
პიესა 4 მოქმდებად

მ ო ქ მ ე დ ი

ნინო მინდიაშვილი. თვალის ექიმი. მეცნიერებათა კანდიდატი.
ლევან მინდიაშვილი. ნინოს ქმარი. თვალის სნეულებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
სულხან სულხანიშვილი. მხატვარი.
როსტომ სულხანიშვილი. სულხანის მამა, ძველი პედაგოგი.
კოტე სულხანიშვილი. სულხანის ძმა, სტუდენტი.
თინა სულხანიშვილი. სულხანის და, სტუდენტი.
ქეთო შარაშიძე. უმცროსი მეცნიერი მუშაკი
არჩილ მეტრეველი. ნინოს პროფესორი.
ვარლამ ნასიძე. პროფესორი.
ამბერკო კიკნაველიძე. მეცნიერებათა კანდიდატი.
სანდრო ლიაძე. საავადმყოფოს მებაღე.
ოლოლი. მდივანი ქალი.

მოქმედება წარმოებს თბილისში, ჩვენს დროს.


პირველი მოქმედება

პირველი სურათი



ფართო მოსაცდელი ოთახი. მრგვალი მაგიდა, რბილი სვარძლები. მარჯვნივ დირექტორის, ხოლო მარცხნივ პარტბიუროს მდივნის კაბინეტის კარი. წინა პლანზე მემანქანე-მდივანის პატარა მაგიდა, ტელეფონები, საბეჭდი მანქანა. უკან კედელში ფართო ფანჯრები, რომლებიც ბაღს გადსცქერის. პატარა მაგიდასთან ზის ოლოლი, ორივე ხელში ტელეფონის მილი უჭირავს. ფარდის ახდისთანავე ერთი მხრივ შემოდის სანდრო, მეორე მხრივ კოტე.

ო ლ ო ლ ი. (ტელეფონში). მომითმინეთ, მომითმინეთ... არა, თათბირია! (დაინახავს სანდროს) ტყუილდ გარჯილხართ, ძია სანდრო!
ს ა ნ დ რ ო. (წყენით). მაცალე, ფეხი შემომადგმევინე, სალამი მათქმევინე, ამომასუნთქე...
ო ლ ო ლ ი. ხომ ხედავთ, არც ამას სცალია, არც იმას!
ს ა ნ დ რ ო. რა გახდა ორი წუთით შესვლა?
ო ლ ო ლ ი. თათბირი შეიძლება დღის ბოლომდე არ დამთავრდეს, ისე, რომ... (მიუბრუნდება კოტეს) თქვენ ვინ გნებავთ?
ს ა ნ დ რ ო. ჰო, სანდრო ლიაძეს თქვენ რად მიაქცევთ ყურდღებას! გუშინ, გუშინწინ და იმის წინაც გუნებაზე არ იყავით და არ შემიშვით.. იქნებ რა საქმე მაქვს (ხელს ჩაიქნევს და გადის).
ო ლ ო ლ ი. (ტელეფონში) დიახ, გრძელდება... მწვავედ, ძალზე მწვავედ! დიახ, გადავცემ... (შეხედავს კოტეს. აკვირდება) თქვენ? ახ, უკაცრავად, რომ აქამდე ყურადღება ვერ მოგაქციეთ! აი აქ დაბრძანდით და, მაპატიეთ...
კ ო ტ ე. (გაოცებით) მე კი მაგრამ, თქვენ?... მე?...
ო ლ ო ლ ი. გიცნობთ, რასაკვირველია, გიცნობთ! განა თბილისში არის ისეთი ვინმე, რომ თქვენ არ გიცნობდეთ? თქვენ ხომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ახალგაზრდა ხართ მთელს საქართველოში.. ჩვენი ფეხბურთის კარუზო!
კ ო ტ ე. (დარცხვენით). მეტისმეტია, ქალიშვილო...
ო ლ ო ლ ი. სრულებითაც არა, ეს აღიარებული ფაქტია! (ღიმილით) ბედნიერია, ვინც კვირას თქვენს თამაშს დაესწრება!
კ ო ტ ე. ადვილი სამსახურია. მე შემიძლია...
ო ლ ო ლ ი. ნუთუ თქვენ შეგიძლიათ, ნუთუ არ შეწუხდებით? თუმცა თქვენ ხომ უარს ვერ გეტყვიან?
კ ო ტ ე. არა, მე მაქვს შესაძლებლობა, შემიძლია ახლავე... აი... ორი ბილეთი, ინებეთ!...
ო ლ ო ლ ი. ორი ბილეთი, ისიც სამხრეთის მეორ ტრიბუნა... პირველი რიგი!... მადლობას არ გეუბნებით, ეს შემდეგისთვის იყოს. რაც შეეხება... (მისწვდება უზარმაზარ ჩანთას) რაც შეეხება... შეხედეთ, ფული შინ დამრჩენია!... ახლავე მოვიტან, ამ წუთში...
კ ო ტ ე. ოღონდ ეგ არ გამაგონოთ.. როგორ გეკადრებათ!
ო ლ ო ლ ი. არა, ორ ნაბიჯზე ვცხოვრობ... (გადასწევს აივანზე გასასვლელი კარის ფარდას) აგერ, ხედავთ, იმ მესერს იქით პატარა სახლი რომ დგას... ხშირად, როცა სამსახურსი მაგვიანდება, პირდაპირ ბაღზე გადმოვირბენ ხოლმე...
კ ო ტ ე. ქალიშვილო, თქვენ კოტე სულხანიშვილს არ იცნობთ. ეს ჩემი შეურაცხოფა იქნება... არ ღირს შეწუხებად.
ო ლ ო ლ ი. ო, მე ეს ვიცოდი და სწორედ ამიტომ, უხერხულად ვთვლიდი გამომცნაურებასაც, და...
კ ო ტ ე. ეს არაფერია...
ო ლ ო ლ ი. კარგით, მაშ მიბრძანეთ, რამ მოგიყვანათ აქ... რით შემიძლია გემსახუროთ?
კ ო ტ ე. ქეთო შარაშიძის ნახვა მინდა.
ო ლ ო ლ ი. პირდაპირ არ ვიცი, რა მეშველება, როგორ გასიამოვნოთ, როცა... იცით, ქეთოც თათბირს ესწრება... გამოძახების უფლებ კი არ მაქვს.
მდგომარეობა ისეთია, რომ... (ფიქრის შემდეგ) მაშ იქნებ გადასცეთ, რომ ამ საღამოს, აი თუნდაც თათბირის დამთავრების შემდეგ, სულხანიშვილთან გამოიაროს... ავადმყოფი ძმის ბედი მაწუხებს.
ო ლ ო ლ ი. აა... სულხან სულხანიშვილის, არა?
კ ო ტ ე. დიახ...
ო ლ ო ლ ი. (გაოცებით). მაგრამ, მას ხომ პროფესორი ნასიძე მკურნალობდა?
კ ო ტ ე. მკურნალობდა, მაგრამ, სამწუხაროდ... ახლა სხვას უნდა მივმართოთ.
ო ლ ო ლ ი. (დაფიქრებით) გასაგებია... ალბათ, ნინო მინდიაშვილს, არა? დიახ, იგი შესანიშნავი ექიმია... არ შემცდარხართ არჩევანში. აი ჩავწერ. აქ ისეთი აურზაურია, შეიძლება დამავიწყდეს კიდეც... მისმართი?
კ ო ტ ე. მისამართი იცის... აბა, ახლა კი გამოგეთხოვებით, იმედია შევხვდებით.
ო ლ ო ლ ი. იცით, სტადიონის შესასვლელთან დიდი ჭადრები რომ დგას, სწორედ იქ მიყვარს თამაშის შემდეგ მცირე ხნით შეჩერება და....
კ ო ტ ე. დიახ, გასაგებია... (მიდის კარისაკენ. გამოდის ქეთო, ხელში წყლის გრაფინი უჭირავს)
ქ ე თ ო. წყალი.. ერთი ჭიქა წყალი!
ო ლ ო ლ ი. რა მოხდა?
ქ ე თ ო. ნინო თავს ცუდად გრძნობს... ამდენმა ღელვამ, ამდენმა დავიდარაბამ... იცი, ვეღარ იცნობ, რომ შეხედო. მეშინია, არაფერი დაემართოს....
ო ლ ო ლ ი. ახლავე... (გრაფინით ხელში გარბის)
კ ო ტ ე. ქეთინო...
ქ ე თ ო. ახ, კოტე! უკვე მოსულხარ? ვინ იცის დიდი ხანია მელოდები? აქ ისეთი ამბავია, ისეთი რომ... აი, ვერც კი შეგამჩნიე....
კ ო ტ ე. ესეც თითქოს ჩვენს ბედათ... მერე რაღა სწორედ ახლა? ეტყობა, ნინო ჩვენთვის ვეღარ მოიცლის, სამწუხაროა, სამწუხარო... (შემოდის ოლოლი)
ო ლ ო ლ ი. აი... აჰა, ჩქარა!..
ქ ე თ ო. ახლავე კოტე... თუ მოვახერხე, ახლავე გამოვა... (მიაქვს წყალი და შედის დირექტორის კაბინეტში)
ო ლ ო ლ ი. დაბრძანდით.... (დჯდება მემანქანესთან) საოცარია, აი ყოველდღიურად აქ, ამ ხალხში ვტრიალებ და მაინც ვერ გამიგია, რა უნდათ ნინო მინდიაშვილისაგან!
კ ო ტ ე. (მხრებს აიჩეჩავს) აბა, ჩვენ.. ის ქალი ჩვენ ჯერ თვალითაც არ გვინახავს... ისე, შორიდან ვიცნობთ...
ო ლ ო ლ ი. იცით, ნინო ჩემი სკოლის ამხანაგია.. ო, რომ იცოდეთ, რა დაფიქრებული, ნიჭიერი გოგონა იყო. მაშინვე ეტყობოდა, რომ თავისებური ქალი დადგებოდა... არც ზედმეტი ყმაწვილობაში გართობა, არც რუსთაველზე გავლა, სულ წიგნი!... დავცინოდით, წინგის ჭიას ვეძახდით და აი, ხედავთ!... (ფიქრის შემდეგ) მისი მიწვევა, ალბათ, ქეთო შარაშიძემ გირჩიათ?
კ ო ტ ე. გვირჩია, მაგრამ...
ო ლ ო ლ ი. დიახ, უკანასკნელმა ოპერაციამ ნინოს იმედი არ გაუმართლა. ამის გამო ახლა ეჭვქვეშ აყენებენ მის ცდებს.
კ ო ტ ე. კი მაგრამ, ამ დაწესებულების დირექტორი ხომ მისი მეუღლეა.
ო ლ ო ლ ი. ცოლის დაცვა, ხომ იცით, რაღაც უხერხულია...
კ ო ტ ე. აჰა! აშინებენ ქმარს, ნამდვილად კი, როგორც ჩანს, ცოლის დამარცხება უნდათ!
ო ლ ო ლ ი. არც ქმრის წარმატება ახარებთ... იცით, გასულ წელს ხმებიც კი გავრცელდა, ლევან მინდიაშვილს აწინაურებენო... ალბათ, ამის გამო, აქ ისე აუმღვრიეს წყალი, რომ დაწინაურების მაგიერ საყვედური მიაღებინეს.
კ ო ტ ე. მერე, ვინ არიან ისინი?
ო ლ ო ლ ი. (მიიხედ-მოიხედავს). წარმოიდგინეთ... (გამოდის ქეთო), როგორ არის ახლა ნინო?
ქ ე თ ო. იქ დიდი არევ-დარევაა, ყველა ღელავს. ნინო თითქმის დამშვიდდა...
ო ლ ო ლ ი. საინტერესოა დირექტორის პოზიცია. (მიუჯდება მანქანას. თან ბეჭდავს, თან უსმენს).
ქ ე თ ო. დირქტორი სდუმს... ნინოს ბედი ამ საღამოს სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე გადაწყდება. (კოტეს) ისე, რომ ამ ვითარებაში ვერ შეგახვედრებ.
კ ო ტ ე. ჩვენი ოჯახის უკანასკნელი იმედი ნინო მინდიაშვილი იყო...
ქ ე თ ო. (დაფიქრებით) იყო და უნდა იყოს კიდეც.. ისინი ვერ შესძლებენ ნინოს დამარცხებას. ნინო ხელს მოჰკიდებს სულხანს. ასე გადაეცი მამათქვენს, დაამშვიდე...
კ ო ტ ე. მეტი რაღა გითხრა... გამხნევე უცნობი ნინო... (ოლოლს) ნახვამდის ქალიშვილო!..
ო ლ ო ლ ი. ნახვამდის (ხმადაბლა) კვირამდის... (კოტე და ქეთო გადიან. დირექტორის კაბინეტიდან გამოდის ამბერკი) ოჰ, ამბერკიჩ! რა არის ახალი?
ა მ ბ ე რ კ ი. (ფიქრის შემდეგ, ხმადაბლა). მაოცებს პროფესორი ნასიძის საქციელი... იგი ამტკიცებს, რომ ნინო მინდიაშვილი თავხედურად ებრძვის ჩვენი მეცნიერების მიერ აღიარებულ ჭეშმარიტებას... მაგრამ... მაგრამ ამ აღმაშფოთებელი საქციელსი გამო პატივცემული პროფესორი არ აკეთებს სათანადო დასკვნას. მოქმედებს ისე დუნედ, ისე აუღელვებლად, რომ...
ო ლ ო ლ ი. კარგად ვიცნობ მას... მისი სიმშვიდის დასარღვევად საჭიროა ცოტაოდენი შხამი...
ა მ ბ ე რ კ ი. მერე სად არის, სად, თუნდაც ერთი წვეთი?!
ო ლ ო ლ ი. (იდუმალი ხმით). ამ წუთში ნინოს სანახავად აქ იყო ფეხბურთელი კოტე სულხანიშვილი... ნინო მინდიაშვილი იწყებს მისი ძმის სულხანის მკურნალობას! გასაგებია?
ა მ ბ ე რ კ ი. (გაოცებით). რაო?
ო ლ ო ლ ი. აჰა, წაიკითხე! (მიაწვდის დაბეჭდილ ფურცელს) ახალი სტენოგრამაა!
ა მ ბ ე რ კ ი. (ხმადაბლა კითხულობს) "ჩვენი ოჯახის უკანასკნელი იმედი ნინო მინდიაშვილი"... ჰმ, ხედავთ? (იღიმება) ოხ, ოლოლ, ოლოლ, დღემდე მე მაინც არ მჯეროდა, თუ ასე საშიში იყავი!
ო ლ ო ლ ი. რომ იცოდე, რა მღელვარებად, გულის თრთოლვად მიიღირს შენთვის ამ..... ამ გზის გაკაფვა! (ხელს გაიშვერს დირქტორის კაბინეტისაკენ)
ა მ ბ ე რ კ ი. სუუ... აბა რას ამბობ? ... დამშვიდდი.
ო ლ ო ლ ი. მე ვერაფერი დამამშვიდებს, სანამ ის ქალბატონი კისერს არ მოიტეხს.... სანამ ამ კაბინეტის გასაღებს შენ არ ჩაიბარებ.
ა მ ბ ე რ კ ი. ჩუმად მეთქი... ხომ შეიძლება ამ ხუმრობას ვინმემ ყური მოჰკრას?.. რაც შეეხება ამ სტენოგრამას...
ო ლ ო ლ ი. ამისთვის კოტე სულხანიშვილს უნდა ვუმადლოდეთ... კარგ დროს შემოიარა...
ა მ ბ ე რ კ ი. მისწრებაა, ნამდვილი მისწრება! მაშ ასე... (თითქმის თავისთვის). ამბები ასე დალაგდება: ნინო მინდიაშვილი პროფესორი ნასიძის ყოფილი პაციენტის მკურნალობას იწყებს... იწყებს იმ მიზნით, რომ... დანარჩენი ცხადია. დაე, დანარჩენს თვითონ მიხვდეს პატივცემული პროფესორი! (ღიმილით) კიდევ ერთი მადლობა ჩვენს ფეხბურთელს აქ მოსვლისათვის1
ო ლ ო ლ ი. ჩემგანაც... აი ორი ბილეთი!
ა მ ბ ე რ კ ი. ფრთხილად, ოლოლ!
ო ლ ო ლ ი. ერთი შენ, ერთი მე... აი, ასეთი ჭაბუკია! პირდაპირ, გულუხვი.
ა მ ბ ე რ კ ი. (ხმადაბლა) კარგი... მალე შენს ლამაზ მხრებზე ცბიერი მელა გაიზმორებს... (შემოდის ქეთო)
ქ ე თ ო. (ამბერკის). დამთავრდა?
ა მ ბ ე რ კ ი. არა, ქეთო... არა, მაგრამ იქ გაჩერება შეუძლებელია. აი მე ხომ ჩემთვის ვიჯექი, მაგრამ მაინც ვერ გავუძელი.
ქ ე თ ო. ამხანაგო ამბერკი, განა შეიძლება გავჩუმდეთ, როცა ადამიანის ბედი წყდება?
ა მ ბ ე რ კ ი. ეს კი, მაგრამ... ხომ ხედავთ, თვითონ დირექტორიც კი თავს იკავებს. იგი გონიერი და ფრთხილი კაცია... ფილატოვის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი რევიზია, ცოტა არ იყოს...
ქ ე თ ო. ლევან მინდიაშვილის ყოყმანი და სიფრთხილე გასაგებია: ნინო მისი მეუღლეა... თქვენ კი ნაცვლად იმისა, რომ დაინტერესდეთ, ხელი გაუწოდოთ და დაეხმაროთ, თავს იკავებთ...
ა მ ბ ე რ კ ი. თქვენ რომ იცოდეთ, ნამდვილად რას ვფიქრობ, ასე არ იტყოდით... (შემოდის სანდრო).
ს ა ნ დ რ ო. (ოლოლს) არ დამთავრებულა?
ო ლ ო ლ ი. არა.
ს ა ნ დ რ ო. (თავისთვის). ჩამოჯექ, სანდრო... (კაბინეტიდან გამოდიან ნინო და არჩილ მეტრეველი. სანდრო ფეხზე წამოდგება)
ნ ი ნ ო. უჰ, რა შეხუთული ჰაერია აქაც...
ა მ ბ ე რ კ ი. ქალბატონო ნინო. მცირე ხანს დაბრძანდით, დაისვენეთ...
ნ ი ნ ო. (ძალას იკრებს) არა, ამხანაგო ამბრეკი, წავალ...
ა მ ბ ე რ კ ი. ახლავე მანქანას გამოვუძახებ!
ს ა ნ დ რ ო. აქ არა ვარ... (კარისაკენ წავა)
ნ ი ნ ო. არა, არ არის საჭირო, ძია სანდრო.. ფეხით გავივლი, ჰაერზე. გმადლობთ!
ა რ ჩ ი ლ ი. ქეთო!
ქ ე თ ო. ახლავე... დიახ, გავყვები.
ნ ი ნ ო. ქეთო. ...
ა რ ჩ ი ლ ი. ნუ, ნუ, ღელავ, ნინო, წადი შინ, დამშვიდდი, საქმე არც ისეა, როგორც ზოგიერთს უნდა... (კედლის საათი ექვსჯერ რეკს)
ო ლ ო ლ ი. მეც... მეც გავყვები. ნინო...
ნ ი ნ ო. ნახვამდის. (ნინო, ქეთო და ოლოლი გადიან. გადის სანდროც. არჩილი თავსი კაბინეტში შედის).
ა მ ბ ე რ კ ი. (შეხედავს დახურულ კარს) საქმე არც ისეა, როგორც ზოგიერთს უნდა... ჯერჯერობით ეს მართლაც ასეა. (დირექტორის კაბინეტიდან გამოდიან თათბირის მონაწილენი).
პ ი რ ვ ე ლ ი. დღევანდელმა თათბირმა ერთობ ცუდ გუნებაზე დამაყენა. აბა დაფიქრდით, ბატონებო, საით მივდივართ? განა აზრის აკრძალვა, მისი შეჩერება შეიძლება?
მ ე ო რ ე. აზრის შეჩერება, მართლაც შეუძლებელია. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ჭეშმარიტება ნინო მინდიაშვილის სასარგებლოდ არაფერს ამბობს. (ხმადაბლა) განა ვერ ამჩნევთ რა ხდება აქ?.. დირექტორმა შინაური სათბური მოუწყო თავის მეუღლეს, უნდა გამოჩენილ მეცნიერად აქციოს. ხელოვნურად გაუკაფოს გზა, დაუპირისპიროს უკვე აღიარებულ ავტორიტეტებს...
მ ე ს ა მ ე. მაინც ვის?
მ ე ო რ ე. აი, თუნდაც პროფესორ ვარლამ ნასიძეს! თავი ისე უჭირავს, თითქოს დიდად ობიექტური და მიუდგომელი ხელმძღვანელი იყოს!...
პ ი რ ვ ე ლ ი. ამხანაგებო, ეს არის ამ საკითხის გარეგნული გარსი.. ნინო დირექტორის ცოლია, მაშასადამე, მისი წარმატებაც ხელოვნურია, გამოგონილი!... არა, ასე მსჯელობა არ შეიძლება!...
მ ე ო რ ე. რომელ წარმატებაზე ლაპარაკობთ?... განა ეს თათბირი იმის გამო არ მოვიწვიეთ, რომ ნინოს უკანასკნელ მარცხზე გველაპარაკა?
პ ი რ ვ ე ლ ი. მაშინ, კეთილინებეთ და იმსჯელეთ მეცნიერულად, უფრო ზუსტად... როდესაც ნინო მინდიაშვილის შემთხვევითი მარცხის გამო განგაშს აცხადებთ, ნუ დაგავიწყდებათ მისი უდავო წარმატები... განა შეიძლება საკითხის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე ხელი ვკრათ მოწინავე, გაბედულ აზრს, ავკრძალოთ, მივიღოთ ადმინისტრაციული ზომები?!
მ ე ს ა მ ე. ჯერ ხომ ასეთი რამ არ თქმულა?
პ ი რ ვ ე ლ ი. არ თქმულა, არ თქმულა! ... არ თქმულა საჯაროდ, მაგრამ აბა მიიხედ-მოიხედეთ, დააკვირდით, რამდენი ხელმოცარული ბუზღუნა ნატრობს ამას!.. მერე, ვის ებრძვიან ისინი, ვის? ნინო მინდიაშვილი ამ ინსტიტუტის პირმშოა... აქ, ამ კედლებში გამოიწრთო მისი მახვილი გონება, სიახლისაკენ სწრაფვა, დამოუკიდებელი თვალი.. ჩვენ, ჩვენ თვითონ ავადგმევინეთ მას ფეხი, გავზარდეთ, გზაზე დავაყენეთ!... ასეა,ხომ?... თუ ასეა, ხელს რაღად ვუშლით?..
მ ე ს ა მ ე. სამწუხაროდ მისმა უკანასკნელმა მარცხმა დასცა ჩვენი ინსტუტის პრესტიჟი... განა შეგვიძლია, თვალი მოვარიდოთ საზოგადოების საყვედურს, ავადმყოფთა იმედის გაცრუებას, უშედეგო ხარჯებს?... განა ეს უაზრო მსხვერპლი არ არის?
პ ი რ ვ ე ლ ი. არც ერთი დიდი საქმე უმსხვერპლოდ არ გაკეთებულა... ცხოვრების ამ გარდაუვალმა კანონმა სიმტკიცე უნდა მოგვგვაროს და არა შიში!
მ ე ო რ ე. ერთი რამ მაინც ცხადია: ნინო მინდიაშვილი ამაოდ ცდილობს შუქი დაუბრუნოს სამუდამოდ ჩამქრალ თვალებს!
პ ი რ ვ ე ლ ი. სადაც თქვენ სიკვდილს ხედავთ, ნინომ იქ სიცოცხლის აღორძინეის ნიშანი დაინახა!... (გამოდის ვარლამი. დინჯად უახლოვდება მოკამათეებს).
ვ ა რ ლ ა მ ი. როგორც ხედავთ, კამათი გზადაგზა გრძელდება. ეს, მართლაც, თავსატეხი კითხვა.... (შეხედავს საათს) კიდევ ორი-სამი საათი გვაქვს, დავფიქრდეთ, მეგობრებო! (ყველანი გადიან... ვარლამიც აპირებს გასვლას. ამბერკი ვარლამს მორიდებით მოჰკიდებს ხელს და განზე გაიყვანს).
ვ ა რ ლ ა მ ი. ოჰ, ისევ კონსპირაცია, ისევ გახმობა, გამოხმობა, არა?
ა მ ბ ე რ კ ი. ჯერ ხომ არაფერი მითქვამს, ბატონო...
ვ ა რ ლ ა მ ი. (ღიმილით). ვიცი, ვიცი, ხელს ასე რომ მოგკიდებე, სიტყვის უთქმელად განზე რომგაგიყვანენ... ცადია!
ა მ ბ ე რ კ ი. (იცინის). შესანიშნავად გაითამაშეთ!
ვ ა რ ლ ა მ ი. აბა რას ნიშნავს ეს გაუთავებელი ჩურჩული? მე დასაფარი არაფერი მაქვს: ვმოქმედებ ჩემი რწმენისა და სინდისის მიხედვით... შენ კი, ჩემო ძვირფასო, ეჭვიანი ხარ. თანაც მომიტევე და ცოტა... ცოტა არ იყოს შურიანიც.
ა მ ბ ე რ კ ი. ხა, ხა, ხა, გამოდის, რომ მე ნინო მინდიაშვილის უსარგებლო ცდების ირგვლივ ატეხილი ხმაურიც კი მშურს?...
ვ ა რ ლ ა მ ი. (დაბალი ხმით) იქნებ ვცდებოდე კიდეც, მაგრამ როდესაც შენ ამგვარად, ასე ვთქვათ, კონსპირაციულად მელაპარაკები, რატომღაც ყოველთვის მახსენდება, რომ ამ რამდენიმე წლის წინათ ნინო მინდიაშვილმა კინაღამ კანდიდატობა დაგაკარგვინა... რაც შეეხება ლევანს...
ა მ ბ ე რ კ ი. ესეც გასაგებია... მე მშურს ლევანის სავარძელი!... ბატონო პროფესორო, ეგ როგორ იფიქრეთ, ისინი ხომ ჩემი სიყრმის მეგობრებ არიან? ... სიყრმის მეგობრები არიან, მაგრამ...
ვ ა რ ლ ა მ ი. მაგრამ?
ა მ ბ ე რ კ ი. მაგრამ როცა ისინი თქვენს წინააღმდეგ არასაკადრისი გზით დაიწყებენ მოქმედებას, ნება მომეცით, გაოცება მაინც გამოვთქვა.
ვ ა რ ლ ა მ ი. თქვი....
ა მ ბ ე რ კ ი. აი, თქვენ უკვე მოიღუშეთ... ისეთი რაფერია: ეს ამბავი თქვენ სიცილადაც არ გეყოფათ.
ვ ა რ ლ ა მ ი. მით უკეთესი.. თქვი!
ა მ ბ ე რ კ ი. ნუ ღელავთ, დაბრდანდით... (ფიქრის შემდეგ) მთელმა თბილისმა იცის, რომ თქვენ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ვარლამ ნასიძე დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდით მხატვარ სულხან სულხანიშვილს....
ვ ა რ ლ ა მ ი. (შემკრთალი). დიახ, ვმკურნალობდი.
ა მ ბ ე რ კ ი. ქართველი საზოგადოება მღელვარებით მოელოდა საყვარელი მხატვრის გადარჩენას...
ვ ა რ ლ ა მ ი. (წყენით). სამწუხაროდ მისი მორჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ა მ ბ ე რ კ ი. ასეთი იყო თქვენი საბოლოო დასკვნა... გაიხსენეთ, ვინ შეგედავათ მაშინ?
ვ ა რ ლ ა მ ი. (ეჭვით შეხედავს). ნინო, ჰო ნინო მინდიაშვილი.
ა მ ბ ე რ კ ი. (ხმადაბლა). ჰოდა, აი, ახლახან შემთხვევით გავიგე, რომ თქვენი ნიჭიერი მოწაფე ნინო მინდიაშვილი იწყებს სულხან სულხანიშვილის მკურნალობას!
ვ ა რ ლ ა მ ი. (დაფიქრებით). ნუთუ? არა... იქ სადაც უძლური აღმოჩნდა ყველას ხელი, იქ სადაც მე დავმარცხდი...
ა მ ბ ე რ კ ი. ხომ შეიძლება მან გაიმარჯვოს?
ვ ა რ ლ ა მ ი. (დაბნევით). გაიმარჯვოს? არა, ეს შეუძლებელია... ის ვერ გაბედავს ამას.... (ფიქრის შემდეგ) ერთი უყურეთ! მაშ იგი ახლა ჩემს ყოფილ პაციენტებსაც ჰკიდებს ხელს, რომ... რომ... ეჰეე, მოუკრეფავში გადადის! მერე, რის იმედით?
ა მ ბ ე რ კ ი. ცხადია, ვისი იმედითაც!
ვ ა რ ლ ა მ ი. აჰა! გასაგებია... (ფიქრის შემდეგ) გადავიდეს... გზა დამილოცავს! (გამოდის ლევანი... ვარლამი დაკვირვებით უმზერს ლევანს. მერე ხელს ჩაიქნევს) სცადონ ერთი, მოიტეხენ თუ არა კისერს უყურეთ?!
ლ ე ვ ა ნ ი. ბატონო ვარლამ.. მანქანა მელოდება... მიგიყვანთ.
ვ ა რ ლ ა მ ი. (აღელვებით) არა... არა... განა შეიძლება თვალი მოვუხუჭოთ ცრუ მისწრაფებებს, განდიდების ჟინს?
ლ ე ვ ა ნ ი. (გაოცებით). რა მოხდა, ბატონო პროფესორო?
ვ ა რ ლ ა მ ი. ჰკითხეთ ნინო მინდიაშვილს და საკუთარ გულშიც ჩაიხედეთ (საჩქაროდ გადის).
ლ ე ვ ა ნ ი. (მხრებს აიჩეჩავს) რა დაემართა, რამ ააღელვა?...
ა მ ბ ე რ კ ი. არ ვიცი... მგონი, ყური მოუკრავს, თითქოს თქვენი მეუღლე სულხან სულხანიშვილის მკურნალობას იწყებდეს.
ლ ე ვ ა ნ ი. დაიცა... ეს სულხან სულხანიშვილი საიდანღა გაოტყვრა, რატომ მე არაფერი ვიცი ამის შესახებ?! ..ხედავთ? ეს ცხადია, ააღელვებდა!
ა მ ბ ე რ კ ი. ისიც ახლა, გადამწყვეტი სხდომის წინ...
ლ ე ვ ა ნ ი. აი თურმე რატომ მითხრა, საკუთარ გულში ჩაიხედეო.. ჰა, რას იტყვი, მეგობარო?..
ა მ ბ ე რ კ ი. ეჰ, ლევან ლევანიჩ, ამ ამბავში როგორც ვხედავ, ყველა თავის ცეცხლს უბერავს. მეტი სიფრთხილე გვმართებს... (ფიქრის შემდგ) აქამდე გირჩევდი, რომ ნინოს მხარში ამოსდგომოდი, მაგრამ ახლა... იცი, მე დამაფიქრა ამ პატივცემული მეცნიერის აღელვებამ... აი, სიტყვით ვერ გამომითქვამს, მაგრამ ვგრძნობ, ვგრძნობ, რომ ამაღამ ნინო არ უნდა დაიცვა, თორემ...
ლ ე ვ ა ნ ი. რაო?.. ეს როგორ?...
ა მ ბ ე რ კ ი. განა არ ვიცი, რა ძნელია ეს შენთვის, მაგრამ ეს იქნება შესანიშნავი სვლა, ტაქტიკური უკან დახევა შენი მდგომარეობის შესანარჩუნებლად... შენ ამ დაწესებულებას სჭირდები, სჭირდბი მეცნიერული აზრის განვითარებას, ამიტომ შენ აქ უნდა დარჩე, გესმის?! უნდა იბრძოლო, რომ აქ დარჩე! გასაგებია?
ლ ე ვ ა ნ ი. (აღელვებით) გამოგიტყდებით, ეს მეც ვიფიქრე მაგრამ მწარეა, მწარე... უნდა გავწირო ნინო... უნდა გავწირო იმისთვის, რომ...
ა მ ბ ე რ კ ი. იმისთვის, რომ მერე მხსნელად მოევლინო.. ამას შენი ოჯახის მდგომარეობა მალაპარაკებს. ამაღამ შენ რომ ის დაიცვა, ამას აქაც და იქაც... (ხელს მაღლა ასწევს) დიახ, იქაც, სხვანაირად შეხედავენ! მომისმინე... მიუდგომლობა კი შენს ავტორიტეტს აამაღლებს, ნინოს საქმის გამოსწორებას მერე ყოველთვის შესძლებ!
ლ ე ვ ა ნ ი. გასაგებია, გასაგებია...
ა მ ბ ე რ კ ი. შესაძლოა, ვცდებოდეთ... კიდევ დავფიქრდეთ, სხდომის წინ შევხვდეთ, მოვისაზროთ. ნახვამდის... (გადის)
ლ ე ვ ა ნ ი. აი, სადამდის მიდის საქმე... (გამოდის არჩილი)
ა რ ჩ ი ლ ი. ლევან, რა მოხდა?...
ლ ე ვ ა ნ ი. (შეკრთება). ჰა? უკვე ვიხრჩობი, აი ახლა შინიდან დამირეკეს, ნინო ცუდად გახდაო... დღეს ასე არ გავა, რომ... კარგად იცი, ერთი გაფრთხილება უკვე მივიღე იმის გამო, თითქოს ცოლს მფარველობას ვუწევდე.
ა რ ჩ ი ლ ი. თანდათან ვრწმუნდები, რომ გეშინია... (ხაზგასმით) რაღაცის გეშინია...
ლ ე ვ ა ნ ი. (შეკრთება). ჰა? ნუთუ ასეთია... ასეთია აზრი?
ა რ ჩ ი ლ ი. ეს ჩემი აზრია... აბა, რას მივაწერო შენი დაბნეულობა. აბა, კარგად შემომხედე... ჩვენ ხომ ერთმანეთთან დამალული არაფერი გვაქვს? თუმცა ამ ბოლო დროს, რაც მე პარტბიუროს მდივნად ამირჩიეს, რატომღაც თვალს მარიდებ.
ლ ე ვ ა ნ ი. ნუთუ ვერ ხედავ, რა უხერხულ მდგომარეობაში მაყენებს ჩემი ცოლი?
ა რ ჩ ი ლ ი. ნინო მინდიაშვილი ამ შემთხვევაში შენი ცოლი კი არა, ჩვენი თანამშრომელია. მეგობრულად გაფრთხილებ, თუ ამ საღამოს სამეცნიერო საბჭო ცდებს შეაჩერებს, ჩემს თავს ვალდებულად ჩავთვლი, დავიცვა ნინო მინდიაშვილი, დავიცვა ყველგან, ყველასაგან!
ლ ე ვ ა ნ ი. (უხერხული ღიმილით) ჩემგანაც?
ა რ ჩ ი ლ ი. ასე გამოდის.
ლ ე ვ ა ნ ი. კარგი ერთი... (შემოდის სანდრო... მორიდებით ესალმება ლევანი სანდროს). რა გინდა?
ს ა ნ დ რ ო. სათქმელი მაქვს, ბატონო ლევან...
ლ ე ვ ა ნ ი. აბა ახლა... ხომ ხედავ, მივდივარ, მანქანა მელოდება... (არჩილს) არ წამოხვალ?
ა რ ჩ ი ლ ი. არა... პატარა ხანს დავრჩები.. (ლევანი გადის) ძია სანდრო, რამ შეგაწუხა?
ს ა ნ დ რ ო. მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ ეტყობა გუნებაზე არ არის. ზამთარი კარზე მოგვადგა, ბაღი კი მოუვლელია. რა გახდა ერთი ცოცხის და სასხლავის ყიდვა?...
ა რ ჩ ი ლ ი. (თავისთვის) ცოცხი და სასხლავი.. ვაი, რომ ცოცხი და სასხლავი აქაც საჭიროა...
ს ა ნ დ რ ო. ოღონდაც მართალია, ერთი უბირი კაცი ვარ, თქვენი საქმისა არაფერი გამეგება, მაგრამ კარგად ვხედავ, რომ ცოცხი და სასხლავი აქაც საჭიროა. ჩემს თვალწინ ჭრელი ხალხი ირევა... დღეს რომ ნინო მინდიაშვილის საცოდაობას ვუყურე, გული ამიტირდა...
ა რ ჩ ი ლ ი. (თავისთვის). ის კი... ის ვერაფერს ამჩნევს... ვერ გრძნობს.
ს ა ნ დ რ ო. ამათ რომ ვუყურებ, ერთი ძველი ამბავი მახსენდბა. ჩვენს სოფელში ერთი მარჯვე ბიჭი იყო... ჭიდაობაში ტოლი არ ჰყავდა. ყოველ კვირა დღეს ორი-სამი ბიჭი რომ არ წაექცია არ შეიძლებოდა... შურიანმა ბიჭებმა ღონით რომ ვერაფერი დააკლეს, პირი შეჰკრეს და ერთხელ, ჭიდაობის შემდეგ, ორღობეში დახვდნენ... სარებით მკლავები შემოამტვრიეს!...
ა რ ჩ ი ლ ი. (განცვიფრებით) უჰ, უჰ!
ს ა ნ დ რ ო. თავში ერთიც არ დაუკრავთ... შიშველ მკლვებში სცემდნენ და ჰკიოდნენ: გნახავთ, ამის შემდეგ როგორღა იჭიდავებო!
ა რ ჩ ი ლ ი. მერე, მერე?
ს ა ნ დ რ ო. მერე რაღა... ასე მოიშორეს ის ბიჭი (მიიხედ-მოიხედავს). მეშინია აი ეს ამბავიც ცუდად არ დამთავრდეს...
ა რ ჩ ი ლ ი. (დაფიქრებით) ჰმ... მანქანა ... სავარძელი.. აი რას... უფრთხილდება... იმ წმინდა გულს კი.. იმ წმინდა გულს კი შეუბრალბლად ბზარავს... (სანდროს) მაშ, ასე მოიშორეს ის ბიჭი?... ასე უნდათ ნინოს მოშორებაც მაგრამ ეს არ მოხდება, არა, ძია სანდრო!


მეორე სურათი



მინდიაშვილის ბინა. სამუშაო ოთახი. საწერი მაგიდა, წიგნების კარადები. საღამო ხანია, მაგიდასთან ზის ნინო, მეორე ოთახის კარისკენ მოუსვენრად იმზირება. გამოდის ლევანი.

ნ ი ნ ო. გაიღვიძა?
ლ ე ვ ა ნ ი. არა. ძილში რამოდენიმეჯერ წამოიძახა... ალბათ, რამე დაესიზმრა...
ნ ი ნ ო. დიდი, უზარმაზარი თეთრი დათვი!.. რაღაც უფრო ახლობელი გახდა იგი ჩემთვის. მხოლოდ თქვენთან, აი ამ ოთახში შემიძლია დავივიწყო ყველაფერი.
ლ ე ვ ა ნ ი. ნინო, რომ იცოდე, როგორ გევხარ ახლა ჩვენს პატარა დათუნას. განა მარტო აი ამ გაბუტული ტუჩების მაღლა აწევით, შუბლზე გაჩენილი კოპებით...
ნ ი ნ ო. ეს... ეს მას შემდეგ, რაც...
ლ ე ვ ა ნ ი. გუშინ მე და დათუნა აივანზე ვთამაშობდით. ის გარბოდა მოაჯირისაკენ მხიარული ყიჟინით ისევ ჩემსკენ გამორბოდა. ო, რომ იცოდე, როგორ ჩქარობდა, როგორ უნდოდა, სწრაფად გამოერბინა მანძილი! უნებურად წაიბორძიკა, პირქვე დაეცა და ცხვირი იატაკს დაახალა...
ნ ი ნ ო. (ღიმილით) როგროც მე, არა? ციც! ამას ჩემი მტერმოყვარენი ამბობენ. შენც ხომ არ ეწერები მათ სიაში? იცოდე, არ გაპატიებ, იცოდე...
ლ ე ვ ა ნ ი. ფეხზე რომ წამოვაყენე, აი სწორედ ასეთი სახე ჰქონდა, შენსავით ნაწყენი, გაბუტული, სატირლად გამზადებული.
ნ ი ნ ო. ისე რომ ჩემს მისწრაფებებშიც არის რაღაც ბავშვური, სულელური?!
ლ ე ვ ა ნ ი. არა, მაგრამ ამ ავადმყოფობის შემდეგ შენ დასვენება გჭირდება. იცი, მე გადავწყვიტე, ამ ორ დღეში შენ და დათუნა ბაკურიანში გაგგზავნოთ...
ნ ი ნ ო. (იცინის) ბაკურიანში? ისიც ახლა... ლევან, შენ, ალბათ, ხუმრობ? ხვალ-ზეგ მე ჩემს საქმეს უნდა დავუბრუნდე.
ლ ე ვ ა ნ ი. (ჩამოჯდება მაგიდის კუთხეზე). შენს საქმეს? არა, მოიცა, ნუ მისწრებ... აი ჩემო კარგო, ის ჭეშმარიტება, რომ სულსწრაფობას დადინჯებული მოქმედება ჯობს, ჩვენს ბიჭუნას კი არა, ხშირად ჩვენც ვერ შეგვიგნია, გვინდა რაც შეიძლება მალე მიაღწიოთ საწადელს. ამ სიჩქარეში მოულოდნელად წავიბორძიკებთ და საქმეს ზიანს ვაყენებთ.
ნ ი ნ ო. (ღიმილით). ლევან, არც ისეთი სიდინჯე ვარგა, შენ რომ გჩვევია. დილას მაგიდის უჯრას ვალაგებდი და აი ამ საქაღალდეს წავაწყდი. შიგ შენი სადოქტორო შრომის პირველი თვეები აღმოჩნდა. მახსოვს, რა გატაცებული იყავი, როგორ გწყუროდა...
ლ ე ვ ა ნ ი. ეჰ, აბა რა დროს ეგ არის!
ნ ი ნ ო. წეღან ბაკურიანი რომ ახსენე, ჩვენი გაცნობა მომაგონდა.. მაშინ თხილამურებით იყავი გატაცებული. გინდოდა პირველი ყოფილიყავი შენი სიმარჯვით, სისწრაფით, ხტომით. რომ ვერ მიაღწიე, ხელი ჩაიქნიე და თხილამურები ვიღაცას გაუბოძე... იქნებ ეს ნაშრომიც ისევე გინდა მიაგდო, როგორც ის თხილამურები.
ლ ე ვ ა ნ ი. მაგაზე შემდეგ ვილაპარაკოთ...
ნ ი ნ ო. არა, აი უკვე ჭაღარა გაგიჩნდა, დრო მიდის... იქნებ გგონია, ვერ ვხედავ რა გიშლის ხელს? შენ ახლა სხვა სპორტით ხარ გატაცებული: დიდკაცობის სპორტით... არ ვარგა ლევან, ამ საქმეს უნდა მიხედო... ხედავ, მტვერი გადავწმინდე და აქ, მარჯვნივ დაგიდე, რომ ყოველ დილით თავი გაგახსენოს....
ლ ე ვ ა ნ ი. (ნაძალადევი ღიმილით). კარგი... ჰო, იმას გეუბნებოდი... ახლა შენ ყველაზე მეტად შენი საქმის მცირე ხნით დავიწყება გჭირდება.
ნ ი ნ ო. მე მელოდებიან ჩემი ავადმყოფები, ჩემი ამხანაგები და თუ გინდა, ჩემი მოწინააღმდეგენიც...
ლ ე ვ ა ნ ი. ყველაფერს აზვიადებ, ჩემო კარგო... ამბერკიც კი მტრად მიგაჩნია.
ნ ი ნ ო. განა ამბერკი კიკნაველიძე ოდესმე დაივიწყებს, რომ მე მისი ნაშრომის ორიგინალობაში ეჭვი შევიტანე?...
ლ ე ვ ა ნ ი. არა, ეს უსაფუძვლო ეჭვებია. მე მაქვს სარწმუნო ცნობები, რომ მან ვაჟკაცურად დაივიწყა... ნუ გეცინება.
ნ ი ნ ო. მე შესანდობი არაფერი მქონდა... აი, ახლავე გაჩვენებ ჩემს რეცენზიას, სადაც...
ლ ე ვ ა ნ ი. მოიცა... ის ყოველ ნაბიჯზე გიცავს. ამას წინათ მეც კი შემეკამათა...
ნ ი ნ ო. (აწყვეტინებს) შენ მოხიბლული ხარ... მით უმეტეს. რომ, როგორც შენ მიამბე მათ იმ საღამოს თავი შეუკავებიათ.
ლ ე ვ ა ნ ი. (დაბნევით) ჰო, კი, მაგრამ...
ნ ი ნ ო. რაკი ეს ასეა, მე შემიძლია, ხვალ დილითვე განვაგრძო მუშაობა. ხედავ.. მე თვითონ ვგრძნობ, რაღაც მიხარია... (ისმის ზარის ხმა. ლევანი კარს აღებს, შემოდის ქეთო)
ლ ე ვ ა ნ ი. ქეთო....
ნ ი ნ ო. (სწრაფად წამოდგება). მოდი, მოდი, ქეთო!
ქ ე თ ო. მაპატიეთ... რამდენიმე წუთით.
ლ ე ვ ა ნ ი. (ცივად). მობრძანდით.
ნ ი ნ ო. ქეთო, განა ასე დავიწყება შეიძლება? დაჯექი.
ქ ე თ ო. არა, მარტო არა ვარ.
ნ ი ნ ო. (წამოიწევს) ვინ არის, შემოიყვანე, უხერხულია.
ქ ე თო. იცით, როსტომ სულხანიშვილმა მთხოვა თქვენთან შეხვედრად და, აი...
ლ ე ვ ა ნ ი. (დაფარული წყენით) სულხანიშვილმა?... (კარისკენ მიმავალ ქეთოს, ხმადაბლა) ნინომ ჯერ კიდევ არაფერი იცის, ისე, რომ.... გაფრთხილებთ. (ქეთო უსიტყვოდ გადის) ნინო, ჩემთვის ცხადია, რაც აწუხებს როსტომ სულხანიშვილს, მაგრამ შენ უარი უნდა უთხრა, გესმის, უარი უნდა უთხრა, დროებით მაინც!
ნ ი ნ ო. რატომ? განა ეს შეიძლება?...
ლ ე ვ ა ნ ი. არის მიზეზი.. (შემოდის როსტომი და ქეთო) მობრძანდით, მობრძანდით, ბატონო!...
ქ ე თ ო. გაიცანით...
რ ო ს ტ ო მ ი. (აღგზნებულია, ღელავს) მე ძველი პედაგოგი გახლავართ... ამჟამად... როსტომ სულხანიშვილი... ბოდიშს ვიხდი რომ გაწუხებთ... ჩემი პროფესია აქ რა შუაშია, მაგრამ...
ლ ე ვ ა ნ ი. დაბრძანდით.
რ ო ს ტ ო მ ი. გმადლობთ. (ნინოს) უნდა მოგახსენოთ, მამთქვენს კარგად ვიცნობდი, ერთად ვსწავლობდით გიმნაზიაში, ვმეგობრობდით. შემდეგ ჩვენი გზები გაიყარა, ისე რომ... აი, შვილებიც კი ვერ გავაცანით ერთმანეთს... (ფიქრის შემდეგ) ფრიად შემაწუხა მისმა უდროოდ დაკარგვამ..
ნ ი ნ ო. დიახ, სამწუხაროდ....
რ ო ს ტ ო მ ი. მაგრამ... აი, ჩემს მოსვლას სულ სხვა მიზეზი აქვს. ადვილად წარმოიდგენთ, რასაც განვიცდი ამ წუთში, როცა ჩემი სულხანი იღუპება, გესმით? აი რამ მომიყვანა აქ...
ნ ი ნ ო. ვიცი, მე ვესწრებოდი იმ კონსილიუმს. სულხანი მაშინ მეც გავსინჯე...
რ ო ს ტ ო მ ი. გასინჯეთ განა? დიახ, დიახ, იყო ერთი ახალგაზრდა ქალიც... მაგრამ გვაპატიეთ, ხომ მოგეხსენებათ, ისე ვღელავდით, რომ... მაშ თქვენ იცნობთ სულხანს?
ნ ი ნ ო. (ყრუ ხმით) ვიცნობ, შორიდან, მას კი არა მგონია ვახსოვდე... ჩემს ქალიშვილობაში გატაცებული ვიყავი მისი ნიჭით და ფანტაზიით, მაგრამ მის შეცდომებსაც დაუზოგავად ვამხელდი. თქვენმა სულხანმა ამის გამო ერთხელ ცოტა არ იყოს მაწყენინა კიდეც...
რ ო ს ტ ო მ ი. გვაპატიეთ, მეც და იმასაც... ხომ იცით რა მდგომარეობაშია ახლა ჩემი ამაყი ბიჭი... მან დაჰკარგა სინათლე, დიახ დაბრმავდა, ორივე თვალით დაბრმავდა. გამიგებთ, რატომ ვღელავ, სიტყვა რატომ გამირბის.
ნ ი ნ ო. დამშვიდდით. რა მდგომარეობამაშია ამჟამად?
რ ო ს ტ ო მ ი. თვითმკვლელობამდეა მისული... გუშინწინ მივასწარი. ეჰ, ნუ მათქმევინებთ...
ნ ი ნ ო. საშინელებაა.
რ ო ს ტ ო მ ი. ამ მძიმე წუთებში, აი, ქეთომ გაგვამხნევა, თქვენსკენ მოგითითა,.... ამასწინათ სამსახურშიც გიკითხეთ, ჩემი მეორე ვაჟი გამოვგზავნეთ, კოტე...
ნ ი ნ ო. ვიცი, მაგრამ...
ლ ე ვ ა ნ ი. (ასწრებს) ნინო ავად იყო. ხედავთ, ჯერაც არ მოკეთებულა.
რ ო ს ტ ო მ ი. არა, გულის გასატეხს ნურაფერს მეტყვით... თქვენ ხომ კლინიკის გარეშეც შეგიძლიათ უმკურნალოთ სულხანს?
ნ ი ნ ო. რატომ კლინიკის გარეშე?
ლ ე ვ ა ნ ი. ბატონო როსტომ...
რ ო ს ტ ო მ ი. (დაბნევით) ასეა თუ ისე, მე თქვენი იმედი მაქვს, მაპატიეტ.
ლ ე ვ ა ნ ი. მე გაგაცილებთ, ბატონო.
რ ო ს ტ ო მ ი. (მობრუნდება). მაპატიეთ, ჩემო ექიმო, იცით, თან მინდა გითხრათ, გაგაფრთხილოთ, თან მერიდება. ამდენი შეწუხება, ამდენი..
ნ ი ნ ო. ბრძანეთ!
რ ო ს ტ ო მ ი. მგონი წეღან მოგახსენეთ. იგი სასოწარკვეთილებას მიეცა... ექიმს მასთან ვეღარ ახსენე. ისე რომ შეიძლება ცოტა უკმეხად შეგხვდეთ. ჰოდა, გარდა ამისა, გთხოვთ, ნუ ეტყვით თუ მე შეგაწუხეთ. ვითომ თქვენ თვითონ დაინტერესდით. ნუ გამამხელთ. ნახვამდის.
ნ ი ნ ო. ბატონი ბრძანდებით. (როსტომი და ლევანი გადიან. ნინო დაფიქრებული დადის წინ და უკან).
ქ ე თ ო. ნინო!
ნ ი ნ ო. (უნებურად შეკრთება). ჰა?.. ჰო, ჩემო ქეთინო...ვიცი გამიგებ, რა დღეში ვარ ახლა. მას ხომ პროფესორი ვარლამ ნასიძე მკურნალობდა.
ქ ე თ ო. სულხანის გადარჩენა მხოლოდ შენი ახალი სამკურნალო მეთოდის გამოყენებით შეიძლება...
ნ ი ნ ო. არა. ვერ მივხვდი. მე მარცხის გამეორება ისე არ მაფიქრებს, როგროც ის, რომ ვარლამი ჩემი მასწავლებელია, მან ამაგი დამდო, გზა გამიკაფა; ახლა კი მე აშკარად, პირისპირ ვდგები მის წინაშე... ის ამაყი, თავმოყვარე ადამიანია. ვინ იცის, როგორ გაიგებს ჩემ მოქმედებას.
ქ ე თ ო. მესმის, მაგრამ შენ უნდა სძლიო ყოველგვარ ტკვილის, იმისათვის, რომ გაიმარჯვოს ახალმა აზრმა... შენ სულხანი უნდა იხსნა!
ნ ი ნ ო. (დაფიქრებით) რაღაც დიდი, არ ვიცი ეს სიხარულია თუ სევდა, რაღაც გამოუთქმელი მაწუხებს.. თითქოს რაღაც უჩვეულოს ველოდები. (შემოდის ლევანი. ქეთო წამოდგება). დაჯექი, ქეთო. აი ახლავე ჩაის ავადუღებ... ჩაი ღოღნოშოს მურაბით! ხომ კარგია? (გადის მეორე ოთახში. ლევანი ერთ ხანს დგას ქეთოს წინ).
ლ ე ვ ა ნ ი. ნუთუ ოდნავი პატივისცემა აღარ გაქვთ ჩემი? სად არის თქვენი ტაქტი, თავშეკავება? რატომ მოიყვანეთ ის კაცი, ხომ იცით ნინოს მდგომარეობა?
ქ ე თ ო. განა თქვენს მეუღლეს მკურნალობის უფელებაც ჩამოერთვა? (შემოდის ნინო)
ნ ი ნ ო. რაო?
ქ ე თ ო. ჩემი წასვლის დროა.
ნ ი ნ ო. რა მოხდა? აი ახლავე...
ქ ე თ ო. არა, წავალ. მეჩქარება. ნახვამდის! (საჩქაროდ გადის).
ნ ი ნ ო. რა დაემართა, რად გაიქცა? ამ საღამოს რატომღაც შეწუხებული და აღელვებულია.. ხვალ კლინიკაში რომ მივალ...
ლ ე ვ ა ნ ი. (აწყვეტინებს). ნინო, შენ ხვალ კლინიკაში ვერ წახვალ!
ნ ი ნ ო. არა, ლევან, დროა. მე უკვე გამოვკეთდი. ამიტომ, სანამ სულხანიშვილის მკურნალობას შევუდგებოდე...
ლევანი (კიდევ ჩამოართმევს სიტყვას) ნინო, შენ სულხანიშვილის მკურნალობას ვერ დაიწყებ!
ლ ე ვ ა ნ ი. (ღელავს. დაფიქრებული დადის). საქმე ის არის, რომ... ნინო, მოდი ბოლოსდაბოლოს მიაფურთხე, თავი მიანებე ამ შენს სამსახურს... განა ასე კი ცოტა საქმე გაქვს? ოჯახი, ბავშვი, მისი აღზრდა.. დათუნა მალე წამოიზრდება და მაშინ დროც მეტი გექნება.
ნ ი ნ ო. ლევან, რას ამბობ?
ლ ე ვ ა ნ ი. მოიცა... რა შენი საქმეა ეს გაუთავებელი ფუსფუსი, დავიდარაბა, რა შენი საქმეა?... მოიცა, მოიცა-მეთქი. ხომ ხედავ, როგორ შეარყია ჩემი მდგომარობა იმან, რომ შენ ჩემი ცოლი ხარ... აბა შენ თვითონ განსაჯე. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე... აქეთ შენ, იქით ისინი!
ნ ი ნ ო. ლევან, ნუთუ შენ ლაპარაკობ ამას?
ლ ე ვ ა ნ ი. კარგი, კარგი, რახან ასეა, ყველაფერს გეტყვი... მას აქეთ ასე გიმალავ, ვიტანჯეი, ახლა კი, რადგან უკეთ ხარ და სიტყვამაც მოიტანა, უნდა იცოდე... შენი ცდები შეჩერებულია დროებით...
ნ ი ნ ო. (თავზარდაცემული). ვინ როდის? ვინ გადაწყვიტა ეს? რაღაც მიმალავდი, რად? ნუთუ მომიშორეს? ერთხმად, ყვლამ?
ლ ე ვ ა ნ ი. იყო დავა, მაგრამ...
ნ ი ნ ო. მერე, მერე, შენ?
ლ ე ვ ა ნ ი. (თვალს მოარიდებს).სამწუხაროდ ასეა... საკითხი გადაწყდა ერთი ხმის უმეტესობით.
ნ ი ნ ო. და ის ერთი ხმა, შენ, შენ შეაწიე მათ, შენ? და მას აქეთ მიმალავდი ამას, მიმალავდი ამას, მიმალავდი, ჩემთვის ზრუნავდი, გაფიქრებდა ჩემი... ეჰ, ლევან, რა კარგი იყო გუშინ, დღეს. ამ საღამოს ... მე ბურუსიდან გამოვედი, დავიჯერე... ავივსე შრომის წყურვილით, მომენატრა... თქვენ კი თურმე ასე გამწირეთ იმ საღამოს!
ლ ე ვ ა ნ ი. (ჩამოწყვეტილი ხმით) დამშვიდდი... ამ დღეებში მინისტს შევუთანხმებ, რომ მცირ ხნის შემდეგ უფლება მოგცეს...
ნ ი ნ ო. უფლება, უფლება! იცოდე ლევან მე არ დაველოდები ამ მოწყალებას, მე მოვითხოვ, არ გავჩერდები!... მაგრამ ვის, ვის უნდა შევებრძოლო, ლევან, ნუთუ შენ? შენ?

ფ ა რ დ ა



მეორე მოქმედება


პირველი სურათი



სულხანიშვილების სასტუმრო ოთახი. გაშლილი მაგიდა. რადიომიმღებთან ზის თინა. რადიოში ისმის გაურკვეველი გუგუნი, სტვენა, ხალხის ხმაური.

რ ა დ ი ო კ ო მ ე ნ ტ ა ტ ო რ ი. თამაშის დამთავრებას აკლია რაღაც ექვსი თუ შვიდი წუთი. მიუხედავად დიდი მონდომებისა, ვერც თბილისელი ფეხბურთელები და ვერც სტუმრები ვერ აღწევენ მიზანს...
(რეპროდუქტორში ისმის გონგის ხმა. ხალხის ხმაური ძლიერდება. შემოდის როსტომი).
რ ო ს ტ ო მ ი. (ჩურჩულით) ხმადაბლა... ცოტა ხმადაბლა ალაპარაკე! (ჩაუწევს რადიოს) განა ვერ ამჩნევ, როგორ განიცდის ყველაფერს?
თ ი ნ ა. კარგი, დამშვიდდი, მამა... აი, სულ გამოვთიშავ.
რ ო ს ტ ო მ ი. არა, მოუსმინე.. აჰა, მეც ჩამოვჯდები... ოღონდ ისე, რომ არ შევაწუხოთ...
კ ო მ ე ნ ტ ა ტ ო რ ი. აი, თბილისელთა მეცხრე ნომერმა სწრაფად გაიტაცა ბურთი, მოატყუა მცველები... იქ არავდარევაა...
თ ი ნ ა. ხედავ, ჩვენმა კოტემ გაიტაცა ბურთი!
რ ო ს ტ ო მ ი. კოტემ?... რა იცი, რომ კოტემ?
თ ი ნ ა. მამა, რამდენჯერ უნდა გითხრა, კოტე მეცხრე ნომერია!
კ ო მ ე ნ ტ ა ტ ო რ ი. აი სულხანიშვილმა მოატყუა წინ წამოსული მეკარეც... აი, იგი... აი, დარტყმა! არის, არის! (რეპროდუქტორში ისმის ხმაური. ტაში. სტვენა...)
რ ო ს ტ ო მ ი. (უნებურად ტაშს შემოჰკრავს) ვაშა! ყოჩაღ ბიჭო!
კ ო მ ე ნ ტ ა ტ ო რ ი. მოწინააღდეგენი თამაშს ცენტრიდა იწყებენ... მაგრამ (ისმის თამაშის დამამთავრებელი სტვენა) თამაში დამთავრებულია თბილისელ ფეხბურთელთა გამარჯვებით... (ისმის ფეხბურთის მარში).
რ ო ს ტ ო მ ი. ერთხელ იქნება, თავი უნდა გავიმეტო. უნდა წავიდე და ვნახო ჩვენი გიჟის თამაში... ქეთო სადღა დაიკარგა?
თ ი ნ ა. დილას დამირეკა. ნინოს მოსვლამდე შემოვირბენო. ისიც ჩვენსავით ღელავს.
რ ო ს ტ ო მ ი. თუ სულხანს ბედმა გაუღიმა, მალე კოტესა და ქეთოს ბედნიერებაზეც უნდა ვიფიქროთ, უნდა...
თ ი ნ ა. მოიცა... (შემოდის ქეთო)
რ ო ს ტ ო მ ი. მოდი, ჩვენო ქეთინო, გვიამბე რა ამბავია ნინოს თავს?'
ქ ე თ ო. ეჰ, ბიძია როსტომ, რომ იცოდეთ, მას შემდეგ რა ამბები მოხდა იქ! ნინო იბრძვის... იბრძვის თავგანწირვით, სასოწარკვეთით.
რ ო ს ტ ო მ ი. რატომ სასოწარკვეთით?.. ჰო თუმცა ცხადია... ქმრის წინააღმდეგ.
ქ ე თ ო. ამით სარგებლობენ ნინოს მტრები. ავრცელებენ ათასგვარ ხმებს, აღიზიანებენ ლევან მინდიაშვილს... ერთი სიტყვით (ისმის ზარის ხმა).
რ ო ს ტ ო მ ი. გაუღე, თინა!
თ ი ნ ა. არა, ეს ტელეფონი რეკავს.
რ ო ს ტ ო მ ი. ჰო.. ახლავე. ჩემთვის უნდა დაერეკათ. (მიდის ტელეფონთან).
თ ი ნ ა. (ხმადაბლა) შენ მოწყენილი ხარ. კიდევ ხომ არ აურია კოტემ?
ქ ე თ ო. უგულო, საძაგელი ბიჭია შენი ძმა! რატომ იცინი?... დამცინი?...
თ ი ნ ა. არც კი გრცხვენია... მაოცებს თქვენი თამაში...
ქ ე თ ო. არა, ეს უკვე თამაში აღარ არის... ის ვერ მხედავს, თვალს მარიდებს... იმ დღეს დავინახე, ამაყად იდგა რუსთაველზე... ელოდა ვიღაცას, სხვას. მართლაც, მალე გამოჩნდა ის სხვაც, და მერე იცი ვინ? ოჰ, შენ არ იცნობ, თორემ დაძრახავდი, შინ არ შემოუშვებდი შენ თავქარიან ძმას!...
თ ი ნ ა. შეხედე! მართლა?...
რ ო ს ტ ო მ ი. (დადებს ყურმილს) საოცარია...
თ ი ნ ა. რა მოხდა, მამა?
რ ო ს ტ ო მ ი. პროფესორმა ვარლამ ნასარიძემ დამირეკა.
ქ ე თ ო. ნუთუ?
თ ი ნ ა. რა უნოდა?
რ ო ს ტ ო მ ი. მომიკითხა... შემეკითხა, როგორ არის სულხანი და რაც მთავარია, მკითხა... ნინო მინდიაშვილს რატომ მიმართეთო...
ქ ე თ ო. დიახ, ვარლამ ნასარიძეც აიყოლიეს.. ჩააგონეს ვითომ ნინომ მისი ჯიბრით გადაწვიტა სულხანის მკურნალობა...
თ ი ნ ა. რა უპასუხე?
რ ო ს ტ ო მ ი. მხრები ავიჩეჩე... მაგრამ, ცხადია, ის ამას ვერ დაიანხავდა... (კარი ხმაურით იღება, შემოდის კოტე).
კ ო ტ ე. ჩვენ გავიმარჯვეთ.
რ ო ს ტ ო მ ი. გავიგეთ, მოვისმინეთ!
კ ო ტ ე. სადილად რა გაქვთ? გამარჯობა ქეთო, ოჰო, ხმას არ მცემ? ამ ბოლო დროს ძალიან დაფიქრებულს გხედავ...
თ ი ნ ა. ახალი მეგობრებით გატაცებულს ასე გეჩვენება...
კ ო ტ ე. (შემკრთალი). მე?
თ ი ნ ა. დიახ, შენ...
კ ო ტ ე. შარია, ახალი შარი! (ცხვირზე ხელს მოუჭერს) ქალბატონო, ხალხს ნუ მიჯანყებ!
თ ი ნ ა. ვაია, ვაი, არ მეგონა თუ ასეთი ბრიყვი იყავი.
რ ო ს ტ ო მ ი. აბა, ზავი, მეგობრებო, მშიდობა!
კ ო ტ ე. ასე... როგორც გამარჯვებულს ახლა უფლება მაქვს კარგად ვისადილო. ოჰ, ეს კარგია...
თ ი ნ ა. კარგი, ნუ ტრაბახობ, გავიგეთ, რომ გადამწყვეტი ბურთი შენ გაიტანე.
კ ო ტ ე. მხოლოდ იმიტომ შემოვირბინე, რომ ვისადილო.. თამაშის შემდეგ, ცოტაოდენი, ერთი-ორი ჩაის ჭიქა შესანიშნავია.
ქ ე თ ო. (წამოდგება) თინა...
რ ო ს ტ ო მ ი. აბა ეს როგორ შეიძლება. დღეს ჩვენი სტუმარი უნდა იყო...
ქ ე თ ო. (დაბალი ხმით). არა, ბიძია როსტომ, ჯობს სულხანმა არ გაიგოს, რომ ნინოს მოსვლის წინ მე აქ ვიყავი. (ჩქარი ნაბიჯით გადის).
კ ო ტ ე. რა დაემართა?
თ ი ნ ა. შინ სტუმარი გყავს, შენ კი სადღაც აპირებ წასვლას.
კ ო ტ ე. ეჰ, სტუმარი. ქეთო ხომ ჩვენია... მეჩქარება. ხომ იცით, ამ დღეებში საგანს ვაბარებ, ამხანაგები სამეცადინოდ მელოდებიან.
რ ო ს ტ ო მ ი. თამაშის შემდეგ... გაგიგონია?
თ ი ნ ა. სამეცადინოდ... ვიცი, ვისთანაც მიბრძანდები.
კ ო ტ ე. აბა მითხარი, მომახსენე... იქნებ სანაძლეოც დამიდო?!
თ ი ნ ა. ვიცი. შენ იმ ქალიშვილთან მიდიხარ, იმ დღეს რუსთაველზე რომ შეხვდი... გახსოვს?
კ ო ტ ე. (შემკრთალი) ჰა, ერთი შეხედე!... ვინ ჩაგიკაკლა ასე უცებ...
რ ო ს ტ ო მ ი. აბა, ყმაწვილო, ქეთოს გულს გაუფრთხილდი, მოუარე. რაც შეეხება იმ ახალ ნაცნობს...
თ ი ნ ა. ის საძაგელი ქალია.
კ ო ტ ე. ან ეგ საიდან იცი? რას ჩამაცივდი, ცოლად კი არ მომყავს.. ვის რა ესაქმება თუ ხანდახან ქალიშვილებს ნიავივით ჩავუქროლებ?!
თ ი ნ ა. სსს... ამს რას ამბობ, ბიჭო?
კ ო ტ ე. ახლა ისეთ გუნებაზე ვარ, უთუოდ ჩავაბარებ საგანს. სწორედ ასე ვიყავი დღეს მოდანზე გასვლის წინ, გული მიგრძნობდა... ნამდვილად ხუთიანს მივიღებ!
რ ო ს ტ ო მ ი. თქვენებურად რომ ვთქვათ, ხუთით ნოლი იქნება, არა?
კ ო ტ ე. დიახ, ხუთით ნოლი კოტე სულხანიშვილის სასარგებლოდ. აი ნახავთ!
რ ო ს ტ ო მ ი. კარგია, თუ ხვალ-ზეგაც ასეთ გუნებაზე იქნები. იცოდე რომ....
კ ო ტ ე. ხუთიანი თუ არა, სამიანი ხომ ნაღდია. ხომ გაგიგონიათ სტუდენტური ანდაზა: ჯანმრთელობა და სამიანიო. ჰა, ჰა, ჰა!
რ ო ს ტ ო მ ი. ოო, ეს კი არ მომწონს!
კ ო ტ ე. ვხუმრობ, მამა, ვხუმრობ. გამოცდაზე ანგარიში რაც უფრო დდი იქნება, ჩემთვის უკეთესია! ხუთით ნოლი კოტე სულხანიშვილის სასარგებლოდ! წავედი!
რ ო ს ტ ო მ ი. მოიცა. (ასწევს ჭიქას) გაუმარჯოს ჩვენს ოჯახს, მის ოცნებას, ვუსურვოთ რომ... (ხმა ჩაუწყდება)
კ ო ტ ე. (მიეშველება) გაუმარჯოს, გაუმარჯოს, გაუ!
რ ო ს ტ ო მ ი. ჰო... აბა... ხომ იცით, ჭკუით იყავი!
კ ო ტ ე. არის, ჭკუით ვიყო! ახლა კი მართლა გავქრი... ტრამ, ტრამ, ტა, ტატა! (ფეხბურთის მარშს უსტვენს და გარბის)
რ ო ს ტ ო მ ი. (თვალს გააყოლებს). ჰო წეღანაც ვამბობდი, მალე ამ გიჟის მომავალზე უნდა ვიფიქროთ, თორემ...
თ ი ნ ა. სამწუხაროდ ბოლო დროს კოტეს ვეღარ ვცნობ.
რ ო ს ტ ო მ ი. შენ გგონია, კოტეს გული გაუცივდა? არა, შვილო. დამიჯერე, საშუალო სკოლის დამთავრებამდე კოტე და ქეთინო ტოლები იყვნენ, ერთ მერხზე ისხდნენ და ოცნებობდნენ... დასამალი არაფერია, შემდეგ კოტემ იცუღლუტა. ორ წელს ზედიზედ ჩაიჭრა და უმაღლესში ვერ მოხვდა... და აი, ხომ ხედავ, ახლა მის წინ დამოუკიდებელი, ცხოვრების სარბიელზე თამამად გამოსული ქალი დგას...
თ ი ნ ა. მაგრამ ხომ ხედავ, რომ ქეთოს გული ისევ მას ეკუთვნის? სხვებისკენ რაღად იყურება?
რ ო ს ტ ო მ ი. აი, ნახავთ, დაამთავრებს უმაღლესს, ამ ფეხბურთის ყვავილსაც მოიხდის და ... (ისმის ზარის ხმა).
თ ი ნ ა. (ხმადაბლა) მამა, ეს ნინო იქნება...
რ ო ს ტ ო მ ი. ნინო... (ორივე კარისკენ გაეშურება. სინათლე ქრება).


მეორე სურათი



სულხან სულხანიშვილის ატელიე... კედელზე დიდი და მცირე ზომის სურათები ჰკიდია. ფანჯრებთან, მოლბერტზე ფარდაჩამოკიდებული დიდი ტილოა. ერთგან მოჩანს ქალიშვილის პორტრეტი. იგი თითით ემუქრება ვიღაცას... დიდი, მრგვალთაღიანი ფანჯრიდან მოჩანს თბილისის ხედი. ოთახის ერთ-ერთ კუთხეში როიალი. მაყურებლისკენ ზურგშექცეული სულხანი გატაცებით უკრვს რაღაც სევდიანს. კარს შემოაღებს ნინო სულხანი თითქოს იგრძნობს: უცებ წყდება მელოდია.

ს უ ლ ხ ა ნ ი. (უკმაყოფილო ხმით) ვინ არის... ვინ არის აქ?
ნ ი ნ ო. განაგრძეთ... თქვენ ისე კარგად უკრავდით, გატაცებით. აქ ისეთი ფერებია, ისეთი სინათლე, სიმშვიდე.
ს უ ლ ხ ა ნ ი. ეს არის ნანგრევები ჩემი ოცნებისა. (მიდის კარისკენ)
ნ ი ნ ო. (დაფიქრებით) უდროოდ შეწყვეტილა სიმღერა, რომელსაც სულგანაბული ვუსმდენდით... რომელიც მოგვენატრა.
ს უ ლ ხ ა ნ ი. (შეჩერდება). ვინ ხართ თქვენ?
ნ ი ნ ო. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ....
ს უ ლ ხ ა ნ ი. სამწუხაროდ, რაც მე ეს დამემართა, შეუძლებელია წარმოდგენა ვიქონიო ახალ ნაცნობებზე. ისე რომ... მაინც უცნობებად დავრჩებით.
ნ ი ნ ო. (მიუახლოვდება ქალიშვილის პორტრეტს). ამ სურათის წინ საათობით ვმდგარვარ გამოფენაზე, მაგრამ მაინც ვერ ამიხსნია, ვის ემუქრება იგი მაღალა აწეულ თითით.
ს უ ლ ხ ა ნ ი. (უხალისოდ). თავის მხატვარს...
ნ ი ნ ო. გოგონა ემუქრება თავის მხატვარს... საოცარია. მხატვარს მხოლოდ მადლობას ეუბნებიან.
ს უ ლ ხ ა ნ ი. მხატვარმა ოდესღაც გული ატკინა მაგ გოგონას... შემდეგ ინანა, იგრძნო დანაშაული და თავისი შეცდომა ამ სურათის დახატვით გამოისყიდა...რაც შეეხება მადლობას.... მადლობა მხატვარს არ მიუღია. აი მთელი ისტორია!
ნ ი ნ ო. ჩანს, გოგონა უმადური ყოფილა!
ს უ ლ ხ ა ნ ი. არა მგონია... ეგ გოგონა ჩემი სიჭაბუკის უცნობი თანამგზავრია... ჩემი შემოქმედების პირველი მსაჯული...
ნ ი ნ ო. მას ისეთი გულუბრყვილო, ბავშვური თვალები აქვს.
ს უ ლ ხ ა ნ ი. სიმართლეს მხოლოდ ის იტყვის, ვინც ცხოვრებას მუდამ ბავშვის უმანკო თვალით უყურებს.
ნ ი ნ ო. მაგრამ ნუთუ მას შეეძლო განსჯა, დასაბუთება?
ს უ ლ ხ ა ნ ი. სიმართლეს დასაბუთება არ სჭირდება. იგი მახვილივით სჭრის. შეგაკრთობს თავისი უხეშობით, პირდაპირობით... ასეც მოხდა. ამ გოგონამ დამაჩოქა.
ნ ი ნ ო. ალბათ, თქვენს სულში უკვე მომწიფებული იყო ის, რაც შემდეგ სიმართლედ მიიჩნიეთ; თქევნი სიმართლე სხვას მიაწერეთ, გულუბრყვილო გოგონა მსაჯულად აღიარეთ!
ს უ ლ ხ ა ნ ი. ეს მოხდა ყმაწვილური ძიების ხანაში, როცა შემოქმედი სული რყევასა და ათასგვარ მაცდუნებელ გავლენას განიცდის. მსურდა ისეთი რამ შემექმნა, ისეთი რამ დამეხატა, რაც სხვებისთვის მისაბაძი, მაღალი და მიუწვდომელი იქმნებოდა... თურმე მცდარ გზაზე ვიდექი... ამაში კი, წარმოიდგინეთ, აი, აი ამ ქალიშვილმა დამარწმუნა!
ნ ი ნ ო. ნუთუ?
ს უ ლ ხ ა ნ ი. უცნაურია, მაგრამ დამიჯერეთ... ერთ-ერთ გამოფენაზე რამდენიმე სურათი წარვადგინე. დარწმუნებული ვიყავი გავიმარჯვებდი; მაგრამ აი რ