Litclub.ge

ხოჯის ვახშამი
მეორე დილით ეზოდან ისევ დაიძახა ვიღაცამ.
მამა წამოვარდა. აღრიჭინდა ჩვენი ფიცრული. დაგვაღვიძა ბაღნები. ჯერ ბინდბუნდი იდგა გარეთ, არ გატიალებულიყო. ალიავ, ალიავო, წყვილად მოაძახა სტუმარმა. მე დედაჩემს ზურგზე ვყავდი მიმხობილი. უსიამოვნო ძახილზე ნენეს უფრო მივეკარი და ყელზეც ხელები მაგრად შემოვუჭირე. ხმა გუშინდელი კაცებისას მივამგვანე და შემეშინდა. გაწყვეტა თქვენიო, ჩაიბუზღუნა ჯავრიანმა მამაჩემმა, ამოიცვა ძიგვას ჩაქურა, შეიკოჭა ხვანჯარი და ხამი პერანგით, ფეხშიშველა გარეთ გავიდა.
_ ალიავ, ამეღამ ხოჯივაშხამი თქვენზეა. ხო, ასეა, მიხტები ახლა დანარჩენს...
პასუხი არ გამიგონია, კრაჭ-კრუჭ, კრაჭ-კრუჭ, გამოსცემდა სახლი მამის ფეხის ყოველ გაბიჯებაზე.
_ ზიფირი (თამბაქოს წევისაგან ჩიხუბში ჩარჩენილი ჭვარტლი) ჭამოს მაგან... _ ჩაიგმინა გამწარებით და ლოგინიან სექვზე ჩამოჯდა.
იმხანად იდგა რამაზანი, _ მარხვის თვე. ყოველ საღამოთი, გვიან, ჯამეში მთელი სოფლის მამაკაცობა იკრიბებოდა თარავის სალოცავად. ხოჯა მთელ დღეს იქ უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, რამაზანში მადლად ითვლებოდა, მორწმუნენი რომ ხოჯასადამი განსაკუთრებულ პატივს და ხელგაშლილობას გამოიჩენდნენ, ამას ყველაფერს ღმერთი (ალაჰი) ხედავდა, იმახსოვრებდა, მერე კი, საიქიოში, დამსახურების მიხედვით, ყველას პატივს და ნალოცვნამარხის სამაგიეროს ჯენეთში (სამოთხეში) აკუთვნებდა.
გამთენიიდან დაღამებამდე ხომ მარხული ლუკმას არ ჩაიდებდა პირში, რომ გწყურებოდა, წვეთ წყალსაც ვერ მიიკარებდა, თუთუნის მოწევაც კი მარხვის გატეხას ნიშნავდა. მამაჩემს სწორედ ეს უკანასკნელი აწუხებდა, მოუწევლობა უჭირდა, უჭმელობა _ იმდენად არა.
ჰოდა, საღამოობით, იფთრის მერე, მოსახლეები მორიგეობით, ხოჯას ვახტამს მიუტანდნენ.
ჩაწოლა აღარ ღირდა, სარკმელში ჩანდა _ ცა შემრეშებულიყო. მოისრისა თვალები, მოიჩიჩქნა წვერი, გადაისწორა ულვაში. აიღო ცეცხლაპირს დაგდებული მაშა, გაჩხრიკა ბუხარში ნაცარი. სიღრმეში პაწაი ღადარი გამოაჩინა, შეუბერა სული და მინავლებული ნაკვერცხლები ისევ წაითლად ააკამკამა. ჩაახველ-ამოახველა, ნაცარში გადააფურთხა, ნაკვერცხალი აშიშინდა, ალბათ ფურთხი მოხვდა. რატომღაც ბავშვს ნაკვერცხალი შემეცოდა, შემებრალა. არ ვიცი, იქნებ გულჯავრიანი მამის ფურთხი უფრო შემეცოდა?
-ჰაით, ადე, გო, ახლა! _ გადმოავლო თვალი დედაჩემს. დედა გასუსულიყო, თუმცა ვატყობდი, კაიხანია არ ეძინა, _ აყარე ეგ ბღუშტებიც და ერთი პაწაი ნაპირი მივათხაროთ, პურის კაკალი ჩავასტრათ მიწაში, თვარა ამასიქით ამინდს ვეღარ ვენდობი, დაყრის თოვლს და... _ დაარიგა დედაჩემი. მიუჩოჩა ერთმანეთს ჩაშავებულ-ჩანახშირებული მუგუზლები, ჯერ ააკვამლა, მერე სულის შებერვით გაანთო, ალი ააბირბილა.
ვინც მარხულობდა, ცეცხლაპირს შეიკრიბნენ, _ მამა, დედა, უფროსი დაი _ ემსილე და შუანათა _ ზიქრი; ჩადგეს ტაბლა, დააწყვეს ზედ ჭადი, ბორანი, ყველი, შინ მოჭრილი მაკარონი, ბიში (ცომისგან თხლად გამოყვანილი ფურცლები), მოხარშული და კარაქიანი შაქარწყლით შეკაზმული , ეს იყო ამათი `იასლუღი~, ღამის თუ გამთენიის საჭმელის სამთელდღეო . ადგა. კარიძირს მიყრილი ღაზლის წინდები გამოათრია და ჩაჩოქილმა ფეხზე ამოიცვა, შარვლის ტოტები შიგ ჩაყარა, ღაზლის ნაგრეხ სახვევი წვივებზე შიხვია, ქალამნები დაფერთხა, ჩაიცვა, შეიკრა. ძველი წენგოსფერი ზუბუნი გადაიცვა. დერეფანში ღოჯებზე კიბე მიაბუდა, თავანში ავიდა, ჭინჭით თავდაცობილი ქოთნიდან მუჭით მოხალული თუთუნი ამოიღო, თხის ბალნიან ტყავის ქისაში ჩატენა და გარეთ გავიდა.
მართალია, რამაზანში არ უნდა მოეწია, მაგრამ ძალიან რომ მოუნდებოდა, ქისას თავს გაუხსნიდა, თუთუნს დასუნავდა; ამით მოწევის სურვილს ცოტათი გაინელებდა.
გარედან მალე აბედის სუნი შემოიპარა, ალბათ, ბაბამ კვე-საბედი ამოიღო და ძიგარას მოუკიდა. ოჰ, როგორ მიყვარდა აბედის სუნი! მამა, როცა კაი ხასიათზე იყო, ძიგარაში ჩადებულ მონარჩენ აბედის დაუმწვარ ფთილას ამოვუღებდი და ვსუნავდი. იმ ზაფხულს ტყიდან დიდი ზოკერა, ხმელი სოკო მოიტანა ბაბამ.
მახსოვს, ის სოკო თავანში ეგდო კაიხანს. მერე მთელი თვე ნაცარტუტაში იხარშებოდა, მერე ისევ თავანში, ყავარქვეშ შრებოდა პაწახანს. მერე, ბაბამ მოახლიჩა სოკოს მოზრდილი ყუა, დადო ჯამ-ჭურჭლის თაროს კიდეში და იქიდან მომცრო ნაფლეთებს ხლიჩავდა.
მამის გამოხარშულ აბედს მაინც სულ სხვანაირი სუნი ჰქონდა. ბრუს დაგასხამდა, თითქოს სიზმრის მხარეში წაგიყვანდა. ეს ჩვენი ტყის, ჩვენი ხის, ჩვენი ზაფხულის სუნი იყო, ალბათ. სხვა ბევრი სუნი იყო. ერია იმათშიც საყვარელი სუნები, მაგრამ მამაჩემის მიერ გამოხარშული აბედის სუნი მაინც სულ სხვანაირად მიყვარდა. იგი ჩემი ძმაკაცი სუნი იყო თავიდან. ახლა კაციშვილი აღარ იკადრებს კვესის ხმარებას,. აბედისა კი ვინ იცის რამე. მეცოდებიან, ზოგჯერ სააბედე სოკოები ბებერ ხეებზე რომ ძველდებიან, ირკილებიან, ფუტუროვდებიან და ბოლოს ასე კვდებიან უპატრონოდ. თუმცა, მეორე მხრივ, სადღაა აარიან ბებერი ხეები, სულ არ გაჩეხეს და არ გამოწყვიტეს. წიფლები ბევრი იყო, ბლომად, მაგრამ ახლა წიფელიც გამეჩხერდა, დაცოტავდა, დიდ, დაძველებულ, ხოშორ წიფელას ძირადაც ვეღარსად შეხვდები. არადა, წიფელი გლეხის მარჩენალი ხეიყო მართლაც. წიფლის შეშა, წიფლის ქერქი, წიწიბო. წიფლის ფუღუროში მამაჩემის მიერ ბევრჯერ მიკვლეული ხეფუტკარა, _ ჩადებული თაფლი?!
ომის დროს, რომ გაგვიჭირდა, დედამ ბებერი წიფლის ხის ქერქი მოხალა, მოფშვნა, დააფქვია წისქვილზე. მოხარშული ხაპის და კარტოფილის ცომში აზილა დამ მჭადად გამოგვიცხო ბაღნებს. ჰოდა, ამნაირ წიფელის გამოწყვეტა შეიძლება? ეს კოლექტივობა რომ შემოვდა, მაშინ მაინც მთლად გადაირიენ სოფლელები. იფიქრეს, ჩემი-შენი აღარაა და ვინ ვის მოასწრებსო, _ შეესივნენ ტყე-ღრეს, რომ შეძლებოდათ, ციდანაც ჩამოყრიდნენ ვარსკვლავებს და სულ ლუკმა-ლუკმად შეახრამუნებდნენ. ამიტომაა, დაგვიშრა წყაროებიც, აგვიტყდნენ მეწყერ-ზვავებიც. ერთი სიტყვით, ბუნება გაგვიჯავრდა. არა, ამას ბუნება არ გვაპატიებსო, ჩიოდა მამა შინაურებში.
მამაჩემმა ყანაში ყველას ჩაასწრო. ნაპირი უკვე გაეწარბა. მას მერე, თითო-თითოდ მიემატნენ მურთაზი, ემსილე, ფადიმე, შინ ჯერჯერობით მე და დედაჩემი დავრჩით. ასე, ოთხი წლის ბღუშტი, რა თოხის დამრტყმელი ვიქნებოდი? დედა კი ხოჯის ვახშმის მზადებას უნდა შედგომოდა. მე მაინც გავეპარე. კარაპანში ერთი ძველი საფხეკელაი ამოვათრიე, გაბზარულ, ნახევრად გატეხილ ტარში ხელი ჩავავლე და დავახორხიალე დაღმართისაკენ. ვხედავდი, მამამ მოკალულ კარდალში რომ ჩაყარა პურის მარცვალი და პეშვით მოაპნია. იტყოდა, რკინის ჭურჭლიდან რომ დათესავ, მიწაში თესლს ვეღარაფერი ერჩისო. ყველაფერი საღლამად გადარჩება და გაზაფხულზე სუყველაი ზეთი ამობიბინდებაო.
თოხი ნაპირში დასობილი დატოვა და ახალჩასულები რომ დაინახა, უფრო ხალისით მოიქნია მარჯვენა. _ მოაპნია და მოაპნია თესლი მიწაზე. მურთაზმა, ექსილემ და ფადიმემ თავთავის თოხები მამაჩემის ნათხარ ნაპირზე დასცხეს და შავი ნათხარი ფართო ზოლად წამოვიდა აღმა; შენ ნათხარს მომიჭლაკნიო, გამიჯავრდა ბაბაი და ნაპირამდე აღარ მიმიშვა. ჩავჯები შარშანდელ ცივ გოროხებში და ვუცქეროდი, ჩემი შეციებული ჭლიკებისაგან როგორ ნელ-ნელა, ჭახაჭუხით მოჩოჩავდა და გადაშავებული ნათხარის ნაპირი.
ბოლოს მამამ დამიყვირა, წეეთრიე შინაო და მთლად დამზარა ტანში. ბაბას დაყვირება დარტყმაზე უფრო მწარე იყო. ბაღანა ვიყავი, მარა კი ვხვდებოდი, მამა ხოჯის ვახშამმა გაადელა.
სკოლაში წასვლის დრომდე უნდა ემუშავათ. მერე მამაჩემსაც ხომ ახალჩამოყალიბებულ კოლექტივში მიესწრაფებოდა, საშემოდგომოდ ბაბაი, დამჭლობილ ხოზნებში, ცოტა პურს, ჭვავს და ქერსაც მიათესავდა. მეორე წელიწადს ნაპურვალი უკვე სასიმინდედ ჭიროდა. ამნაირი თესლბრუნვით დამრეცზე თხელ მიწას ინარჩუნებდა და მოსავალსაც ბედაურს იღებდა, მაგრამ კოლმეურნეობამ თანდათან წაიღო ფერდობის საყანეები. საკარმიდამო კი ბოლოს ისე დაუპაწავეს, თესლბრუნვა უკვე აღარ ხერხდებოდა. მარტო სიმინდი საჭადე თუ დაითესებოდა, ეს იყო.
ასე ამგვარად, პურისა და ჭვავის სათესები გლეხს აღარ შერჩა და, ეს კულტურები, როგორც იტყვიან ჩვენს მთიანეთში, საბოლოოდ მოკვდა. პური? პურს უფროსი ძმა რუსეთი მოგცემთ, თქვენ თუთუნი, ხილი, სიმინდი აშენეთო, ბრძანა კოლექტივის კრებაზე რაიონის აგრონომმა.
კალო, კვერი, გალეწილი პურის მარცვლის სანიავებელი ცხრილები, ფიწლები, ბიგლები, კოდები, გაოთხალები, რაც მხოლოდ ხორბლის საქმეს სჭირდებოდა, თანდათან დავიწყებაში გადაიყარა. აქ, კოხზე კი, თოხების ჭახაჭუხი გრძელდებოდა. გადაღმა, ყანის ნაპირ-ნაპირ რომ გზა ჩადიოდა, რიზა დავინახე, უდედმამო, ფუხარა ბიჭი... ასე ამბობდნენ მასზე. ბიჭი კი არა, უკვე შეხნიერებული კაცია. მხარზე სუსტიო ბრტყელპირა ცუდი ედო. ისე მიდიოდა თავაღერილი, თითქოს ქვეყანა მას დარჩენოდა.
მურთაზამ გაიხედა, ზიქრის რაღაც გადაუჩურჩულა და თხრა განაგრძო. რიზა კი, ვატყობდი, სულ აქეთ, ჩვენსკენ იყურებოდა. ორ ნაბიჯს გადადგამდა, პირს აქეთ მოაბრუნებდა. ზიქრი და მურთაზი ხშირ-ხშირად გააპარებდნენ .მომეჩვენა, ემსილე რაღაც შფოთში იყო, განგებ თავაუღებლად ურტყამდა თოხს.
-დედაბერო, რას იჯები, ხოჯის ვახშამი რანდა ქნა? _ ქალამნებიდან მიწის ბერტყვით იკითხა ბაბამ, _ საქათმე რომ გაგიღია და გაგიშვია ახლა ვინმა დეიჭიროს ქორის გასაღლეტი, ა?!.
-სამი კვერცხმდებლაი დამჩა და მაქედან ვერცეთს ვერ დავკლავ,. თითქო კაკალი კვერცხი ბაღნებს უნდებიან. მამალი ერთია, სახლიმამალია, რაფერ გამოვწყვიტო თლათ. ვინ დავაყივლო მემრე; გუუმღრევ ბორანს, ჰოდა, პაწა მაკარინასაც მოვჭრი და მუუგდებ. რა ვქნა, აბა ა? _ წაიწუწუნა დედაჩემმა.
მამამ გამოფერთხილი ქალამნები თხისურას წინდებზე ხელმეორედ ამოიცვა და ერთი ხანი ჩაფიბრდა, იშვიათად მოუსმენდა და იშვიათად გაუწევდა ანგარიშს დედაჩემის შენიშვნებს. მაგრამ ეს განცხადება, ახლა, მგონი ძალიან ენიშნა და ეტკინა. თუმცა, როგორც წამოდგა, გადაწყვეტით თქვა:
-ბაღნებო, დეიჭირეთ ერთი დედალი. მაგას არ ვიკადრებ ახლა, იმდენი ხალხის თვალწინ ფუხრული ვახშამი მივიტანო. ჰაით, გადით, დეიჭირეთ ერთი დედალი. მაგ ერთ სკინტლიანზე თუ კიდია ჩემი ცხოვრება, არ მინდა, ჯანდაბას ჩემი თავი, მოვკვდე შიერი!..
პირველი მურთაზი გავარდა გარეთ. უყვარდა ქათმის დაჭერა. იმდენს ირბენდა, ქათამს სულ გამოაცლიდა არაქათს, მიამწყვდევდა სადმე კუთხეში და თავზე დაეცემოდა. ფეხი არ წამოიწყვიტოო, მიაძახა დედაჩემმა. მაგრამ მურთაზი აღარავის უსმენდა. დაფეთებული დედლები ჯერ საქათმეს მიასკდნენ, მერე ნალიისკენ გავარდნენ, მაგრამ იქ გზა მოუჭრა ჩემმა ძმამ და დაბნეული ფრთოსნები უკანვე მობრუნდნენ. ამ არეულობაში და კრიახში ერთს წაატანა ხელი. გადარჩენილმა სხვა დედლებმა ალიაქოთი იმავწუთას შეწყვიტეს, _ მიხვდნენ, თავად სამშვიდობოზე იყვნენ დკ უურკურ-კურკულით გაუყვნენ თავის გზას, მაგრამ გაავდა და ავარდა ერთადერთი ჩვენი სახლიმამალი, ფრთები აიშალა, კისერზე ბურდღები დააყენა და პირდაპირ მურთაზეე წავიდა. შავი, წითელბიბილოიანი მამალი გაცხარდა და გაცხარდა. კაცისსიმაღლეზე აფრინდებოდა და მურთაზისთვის პირდაპირ სახეში ჩაცხებას ლამობდა. უცებ მამაჩემი გარეთ გავარდა, რაღაცა მისებური დაიჭექა და დაღუნული, კისერწაგრძელებული, დამცხრალი მამალი უმალვე გაძვრა. გაეცალა იქაურობას. ახლა დედაჩემი აკრუსუნდა, _ მაინცდამაინც ყველაზე კვერცხმადებალა დაუჭერიათო, მამაჩემს ყური აღარ უთხოვებია. ამოიძრო ხვანჯარზე გამოკიდულ ქარქაშიდან ბებუთი, დაუსვა ცერი პირზე, გამოართვა მურთაზს დედალი, მოუყარა ფრთები ერთად, დააწვინა ძირს, დააბიჯა ცალი ფეხი, გადაუღრიცა კისერი, გაიხედა ყიბლისკენ (ქააბა), თქვა ბისმილა და გამოუსვა დანა.
დედალმა იფრთხიალა, იფრთხიალა და ღობესთან მიგორდა. იქ, გასისხლიანებული, დამრგვალებული, მიესვენა. თავი ცალკე ეგდო მოშორებულზე. კაიხანს აფჩინა პირი, ბოლოს იმანაც დამუწა ნისკარტი და თეთრად დახუჭა თვალი. ყველაფერი რომ მიყუჩდა, სადღაც შორს რაღაცნაირი საწინელი ლაწანის ხმა გაისმა, მამა ბებცთს ქარქაშში დებდა, ნახევრამდე ჩაუშვა და ხმაურზე თითქოს ხელი გაეყინა, _ შედგა, თავის ასწია, ყური მიუგდო, ხმაური დაქლაზანი გაგრძელდა. ბოლოს დაცემის თუ რაღაცის დაქცევით ყველაფერი მიჩუმდა.
-ა, უყურე ახლა შენ! შვილივით გამოზრდილი წაბლი მომიჭრა ვინცხამ. _ თვალები მოისრისა. არა, ვინაა ეს გამოწყვეტილი?! _ თქვა და ღობესაც გადააბიჯა. პირდაპირ თავდაღმა დაეშვა.
შევშინდით, მამამ გონჯი არაფერი ჩაიდინოსო.
შერიფმა თქვა, ეს რიზააო, იმას მოუჭრია ჩვენი ხეო.
რიზა კი თავისი ბრტყელი საუსტიო ცულით შეუდგა წაქცეულ წაბლის ხის გათლას. ბაბაი თავს წაადგა.
_ რაფერ გაბედე, შე მუდრეგო, ჩემი წაბლის მოჭრა!
_ რატომაა შენი? _ დაასო ცული წაქცეულ ხეზე რიზამ.
_ ვისია აბა? _ იყვირა გადელებულმა მამაჩემმა.
_ ვისია და კოლექტივის! ჰო, კითხე საბჭოს...
მამა იდგა ჩაფიქრებულ-გაოგნებული. მერე უსიტყვოდ ტყეში შეიმალა.
დედაჩემმა კალათაში ჯერ დიდი კეცის ჭადი ჩადო, ზემოდან გამართა მოკალული სპილენძის ლანგარი, რომელზეც მოხარშული დედალი ბრტყლად განისვენებდა. იმის ზემოდან, ასევე სპილენძის მოკალული ბადია დადგა, სქლად შემდგარი ქოთნის მაწონი რომ თანთალებდა, მაწონზე ისევე სპილენძის მოკალულ საინში თაფლით და აიალის კარაქით შეკაზმულ, შინ მოჭრილ მაკარონს მსუბუქი ორთქლი ასდიოდა. კალათის კიდეში, სპილენძის მოკალულივე, ყელმაღალი სურა ჩაედგათ, წყაროში გაცივებული შარბათით.
შებინდებისას მურთაზმა კალათა მხარზე შეიდგა და ჯამესაკენ გაემართა. მეც მალულად, ნერწყვის ყლაპვით, უკან გამოვუდექი. შემომხედა, შემომიღრინა, _ წეეთრიე წინ, ამ ღამეში შეგეშინდებაო. არა, არ დავრჩი, ვერ გამომაბრუნა, ნახევარგზაზე, სასაფლაოსთან, ყორეზე შემოდგა კალათი და ძმამ ცოტათი ჩამოისვენა.
მე სულ მურთაზას ვუყურებდი, რაღაცას ველოდი მისგან, ისიც რატომღაც სულ მე მომჩერებოდა.
_ თუ არავისთან იტყვი, პაწას ქათამს მოგიწყვეტ, _ მითხრა ალალი ღიმილით.
_ არ ვეტყვი ბაბას, არც ნენეს არ ვეტყვი, _ დაბეჯითებით განვუცხადე მურთაზს.
აზიზად გადააწყო ყორეზე თასები, საინიც გვერდზე გააჩოჩა და ხელი ანგრამდე ჩააპარა, დედალს ფერდზე პატარა ნაფცქვენი ააგლიჯა და მე გამომიწოდა. უმალვე პირში ვიკარი და ისევ მურთაზის ხელს გავაყოლე თვალი. მან ახლა უკვე მოზრდილი ნაფცქვენი თავისთვის ამოგლიჯა და სწრაფად პირში გაატანა. სანამ ჩაყლაპავდა, მეორე ამოფცქვნა უფრო მოზრდილი ნახლეჩი და ისიც თავის პირში იკრა, გავჯავრდი:
_ ეე, ვიტყვი!
შეშინდა მურთაზი, ქათამს ქვეშიდან შეუყო ხელი, რაღაცა კიდევ გამოართვა შიგნიდან და პირდაპირ პირთან მომიტანა. მერე, ხოჯის ვახშმიდან ორ!ორი თითით თითო მოდება მაკარინა ამოვიღეთ და შევსანსლეთ. ამას თითო ყლუპი შარბათიც დავაყოლეთ. ყელი რომ ჩაირეცხა, შევატყვე, მურთაზას კიდევ მოუნდა რაღაცეების შეყლაპვა, მაგრამ საიდანღაც ფეხისხმა შემოგვესმა და სასწრაფოდ ჭურჭლების ჩალაგება გააჩაღა.
-ჰოი, თქვენ გიაურებო, ხოჯას ვახშამს უჭამთ ხომ?! მეიცათ პაწაი, თქვენ გიაურის გოჭებო, თქვენა!.. _ გაგვიჯავრდა ვიღაცა. გაქცევას აზრი აღარ ჰქონდა, მალე ფეხის ხმაც მიწყდა, ყოველი ხმა მიწყდა, არავინ არსად გამოჩენილა, დღესაც არ ვიცი, ვინ იყო ის, ხოჯის ვახშმის ქურდობაში რომ შეგვესწრო.
მედრესესთან ახლო ის კაცი შემოგვეგება, დილით ვახშამის გამზადება რომ შეგვაწერა. ჩამოგვართვა კალათი, აქ გაჩერდითო, თქვა და წაიღო. ცოტა ხანში ცარიელი კალათი გამოგვიგორა. ხოლო ჯამჭურჭელს ხვალ გაგატანთო. შინ მისვლამდე ორივე რიგ-რიგობით კალათაში ჩავსუნავდით. იქიდან საოცარი სურნელი ამოდიოდა ხოჯას ვახშმისა.
შინ რომ მივედით, კალათა დერეფანში ვჩენჩხეთ, მოსვლა რომ გაეგოთ. ბუხრიანიდან უცხო, უცნობი ხმა გავიგონე. მურთაზმა შემასწრო, ვიღაცას მოეხვია. ეს მე დერეფნიდან მივხვდი. არ ავჩქარდი, მაინტერესებდა, მომიკითხავდა თუ არა დედაჩემი. დედას კი ჩემი ჯავრი არ აწუხებდა, ეტყობოდა, ვიღაცა ჩემზე ძვირასი მოუვიდა.
-აბდი ტაიავ (დედის ძმას ზოგჯერ ასე ვეძახდით), რატომ არ ამოი ამდენხანს? ა? იცი, რაფერ მოგვენატრე?!
მივხვდი, ვინც ყოფილა სტუმარი. ეს ხომ აბდია, _ დედაჩემის ძამია. მე იგი ჯერ არც მინახავს. თუმცა, ნენეს მონაყოლით აბდი ტაიას უკვე კარგად ვიცნობდი. ის კიდეც მიყვარდა. ნენეს რატომღაც ყოველთვის ტირილ-წუწუნი აუტყდებოდა აბდი ტაიაზე ამბების მოყოლისას. ყველა უმცროსი იყო ჩვენს თორმეტ და-ძმაშიო. აბდის დაბადებას გადაყვა დედაჩემიო, _ იტირებდა ნენეი. აბდის აღზრდა მე, უფროს დას დამაწვაო. ამიტომ მე მისთვის დაი კი არა, დედაცა ვარო. მამაჩემი სულ გარიგარ იყო გავარდნილი, აბდი ობოლივით იზრდებოდა, მარტო მე ვყავდიო.
ძალიან ეცოდებოდა აბდი ტაია და სულ მასზე წუწუნებდა. ქალ ივერ მოვუყვანეთო, ძველი სახლი დარჩა და შიგ კი აღარაფერია, ყველაფერი ძმებმა გაზიდესო. ობლად გაზრდილს, უქონელს, ქალსაც არავინ აძლევსო. სულ ამეებს ჩიოდა, ჩიოდა, ჩიოდა, სუფრასთან დავჯდებოდით, მაშინაც ნენეი აბდიზე ჩივილს მოყვებოდა. ჩვენ ვჭამთ, ის კი, ვინ იცის, იქნებ ახლა მშიერიაო. ხანდახან მამა შეუყვირებდა, რა მოხდა, შემარგე ერთი ლუკმაო. დედა ამ დროს ადგებოდა, გარეთ გავიდოდა, იქ მოიწუწუნ-მოიქვითინებდა და მერე თვალებამოწითლებული დაბრუნდებოდა. ასეთ საცოდაობაში, ნენეს გაუთავებელ ჩივილ-ტირილებში, აბდი ბიძია მეც უნახავად შემიყვარდა. რომ შევედი, ბუხართან იჯდა. ადგა, მომვარდა, ხელში ძლივძლივობით ამიყვანა და ჩამიხუტა. დიდი მხრები ჰქონდა, სამხედრო ბლუზა ეცვა, ზედ დიდაბზინდიანი ბრტყელი ქამრით. ალერსიანი თვალები მომანათა და ვეება ხელები კაიხანს მეწყო ზურგზე და ბეჭებზე. იმ ფართო ქამარზე რამდენიმე ტყავის ქისა თუ ქარქაში ეკიდა. ზოგში დანა, ზოგში კვეს-აბედი უჩანდა, ზოგიც მეგონა ცარიელი ჰქონდა. მეორე ოთახში გავედით.
შესვლამდე კარისთავზე აბდი ტაიამ ფანქრით რაღაც მიაწერა. აქ, აიშესთან ამა და ამ დღეს ვყავი მე. აბდიო. ის წარწერა მე გვიან ამოვიკითხე. ის წარწერა, გადახუნებული და მიმქრალი, ახლაც იქ არის. იგი სევდისმომგვრელია და ტკივილიანი. იცი, რატომ? ამასაც გეტყვი, თუ არ გადამილეკა ყველაფერი სხვა ამბებმა. აბდიმ თქვა: აიშევ, ქალი დევნიშნე, მერისელია, ჩემსავით ერთია, მშობლებთანაა...
-მემრე, რაი, ოჯაღზე მიხვალ? _ შეშფოთდა დედაჩემი.
_ აყ, ღმერთმა ნუ ქნას, ჩემ კერიას არ გავაცივებ.