Litclub.ge

ყელზე ანბანის დაკიდება
სოფლის სკოლა ბალაძის სახლში იყო გახსნილი. ორი ოთახი ეკავა, ჩვენი ეზოდან კარგად ჩანდა, ბავშვები რომ შესვენებაზე გამოეფინებოდნენ ეზოში და იწყებოდა ათასნაირი თამაში. მშურდა, მინდოდა, მეც იმათში ვყოფილიყავი. ჩვენგან სკოლაში მურთაზი და ფადიმე დადიოდნენ მხოლოდ. ჩემი უფროსი დები თავიდან მამას არ გაუშვია სკოლაში. ეს მაკლია ახლა. პრატები სკოლაში, დუნიის ფიჯებში ვარბენიო და ხალხი ვალაპარკოო. მერე იქ ნასიარულებ ციცაებს ვიღან შეინახავს ოჯახშიო.
მაგრამ მერე, ფადიმეს ჯერიც რომ მოვიდა, მამა შეშინდა, გაუშვა ოღონდ ქალ მასწავლებელთან. იმ წელიწადს სწორედ ერთი ქალი მასწავლებელი გამოგზავნეს დუბეში.
აგვისტო იწურებოდა, ის გოგო რომ სოფელში ამოიყვანეს. ცხელოდა, კაიხნის უწვიმარი მიწა, სიმინდის ყანები. მოწყენილები და მოწყურებულები, განაბული ლოდინით შესცქეროდნენ ზეცას.
იგი, მასწავლებელი, გამჭვირვალე ჩითის კაბაში გამოწყობილი, მოკლე სახელოებით, მართლა ფერიასავით შემოვიდა და ერთბაშად გულები აუფორიაქა ბიჭებს.
ერთი ჩემოდანი შარაგზიდან ზურგით ამოუტანა ðზედაურების ნურიამ~, რომელსაც სარაძის ბიჭს ეჟახოდნენ თანასოფლელები.
მურთაზი, ჩემი უფროსი ძმაც, შარაზე შეხვლა ახალმოსულს და უცნაურად გამოშტერებით შესცქეროდა იმ ხეშტერა გოგოს, მეც გავჩერდი და ძმას დავუწყე ყურება.
_ წეეთრიე, ჭო, შინ! _ დამიყვირა მურთაზამ. ბაღნური ჭკვითაც მივხვდი, _ ჩემი მოცილება უნდოდა. მე კი ფეხით არ მოვიცვალე, ძალიან მაინტერესებდე, რა მოხდებოდა. მურთაზამ ხელი ჩაავლო მეორე სემოდანს და მასწავლებელს ხეირიძეებისკენ წაუძღვა, სადაც საბჭოს ბრძანებით უნდა ეცხოვრა ჩამოსულ გოგოს. სოფელში სამანქანო გზა მაშინ არ იყო. მხოლოდ საცალფეხო ბილიკებით ჩაჰქონდათ და ამოჰქონდათ გლეხებს ყველაფერი.
ქეთო! _ ასე ერქვა ახალმოსულს. საკვირველი ეს სახელიც ჩვენთვის, რას ნიშნავდა? რამე ქატოსთან ხომ არ აკავშირებს? სახლთან რომ მივედით, ხეირიძე რეჯების ქალი გამოეგება. ყბებზე ლეჩაქმოკოჭილს, სახეზე ისე მაგრად შემოეხვია თავსახური ნაწიბურებში, მხოლოდ ვიწროდ დარჩენილი ჭუჭრუტანიდან ციმციმით გვისინჯავდნენ მისი წვრილი თვალები. არ მოეწონა დიასახლისს ისე მუხლებ და მხრებმოშიშვლებული მასწავლებლის მოსვლა. კაცებით სავსე ოჯახში ამ გოგოს მისვლას შეეძლო ყველაფერი ყირაზე დაეყენებინა. ქალმა ერთი მწარედ ამოიგვნეშა, ღმერთო გვიშველეო, ჩაიფურჩულა და, კიბეზე აიყვანეთო, ჯავრიანი თვალებით გვიბრძანა.
ქეთო წინ გაემართა, ორი-სამი საფეხურით რომ ამაღლდა, მურთაზიც დაიძრა. ქვემოდან ვხედავდი, ქეთოს თეთრი კანჭები და ჭლიკები რომ სულ მთლად გამოუჩნდა. დიასახლისი კი ამაზე უფრო გადაირია, არა, მურთაზი არ გაუშვა, ჯერ ავიდეს და მერე წადიო, _ ხელით უკან მოქაჩა ქალმა ჩემი ძმა. მერთაზი სახეზე უმალ გაყირიმზდა, დაიხია და ახალ მითითებას დაელოდა. თანაც შევატყვე, განაწყენდა.
მობრუნდა, მომავლო ხელი და თავდაღმართში წამომაფაცფაცა ჩქარ-ჩქარა.
ჩემოდანი კიბის ძირას მიატოვა, ქეთო კი შინ იყო უკვე. უკან აღარ მოგვიხედავს.
_ ნუ მეწებები ლობიას ჟვერივით, ჭო! _ დამიყვირა და ოდნავ გვერდით მიბიძგა, თავად კი სოფლის შუაგულისაკენ გაუხვია.
სექტემბრის პირველიდან მურთაზი და ფადიმე კვლავ სკოლაში წავიდნენ. წინა დღეს ორივემ ხარის ტყავისაგან ახალი ქალამნები შეიკერა.
იმხანად სკოლიდან მკრთაზი კარგ ხასიათზე ბრუნდებოდა. ერთ დღეს დიდი ფართო და სქელი ქაღალდი მოიტანა. ჯიბიდან ფერადი ფანქრებიც ამოაძრო. სექვეზე დაყარა, ქაღალდიც დაფინა და დიდის მოწადინებით რაღაცის ხაზვა-ხატვას შეუდგა.
რაც მართალია, ჩემს ძმას ხატვა ეხერხებოდა. ამას მთელი სოფელი ლაპარაკობდა. ახალმა მასწავლებელმა, ქეთომ, ეს თავიდანვე შენიშნა თურმე და პირველი კედლის გაზეთის გაფორმება მიანდო. ძმა უკვე მეოთხე კლასში იყო, თანაც ტანაყრილი, ყანაში მუშაობით და საქონლის მწყემსვით ადრე დაკავებული, ამიტომ იგი გამორჩეულად სერიოზული ჩანდა.
ფურცელზე ჯერ რაღაცეები დახაზა, მერე თავზე და გვერდებზე ფერადი ფანქრებით ბევრი რამ მიახატა. ერთგან სკოლაში მიმავალი სოფლელი ბაღნები დაეხატა,სკოლის ეზოში კი ღჯასავით მაღალი მასწავლებელი ჩანდა, იგი პირით მობრუნებულიყო და ღიმილით ხვდებოდა მიმავალ მოსწავლეებს. მერე გამიელვა თავში, ეს ქეთო მასწავლებელია-მეთქი.
მერე, დიდი რომ გავხდი, ჩვენმა ფადიმემ ხუმრობით გაიხსენა ის ამბავი და სიცილით თქვა: ქეთომ მურთაზას ნახატში თავისთავი იცნო და უჩუმრად ესიამოვნაო.
გაკვეთილი, გაკვეთილიო, სულ ამას გაიძახოდნენ მურთაზი და ფადიმე. დედა რომ მაწვნის ჩაკვეთას ამბობდა, ჩაკვეთას გაკვეთილთან რამე საერთო ჰქონდა თუ არა, ვერ მივხვდი.
ერთ დღეს და-ძმას სკოლისაკენ ავედევნე. ვერ დამაბრუნეს უკან. ქეთო მასწავლებელმა დამინახა, შევებრალე და უთხრა, შემოიყვანეთ კლასში, მოიჯინეთ გვერდითო. ანბანს უკვე ვიცნობდი, ზოგიერთს კიდეც ვწერდი. დაიწყეს წიგნიდან ლექსის გადმოწერა, მეც ფურცელი დამიდო ქეთომ. მეც იგივე ლექსი უნდა გადმომეხატა. ლექსი სამკუთხედან იყო განლაგებული. ერთი კუპლეტი მარცხნით, მეორე _ მარჯვნით, მესამე _ შუაში, ქვემოთ. მარცხენას მერე რომელი უნდა გადამეწერა, არ ვიცოდი, არც შეკითხვა ვიკადრე, შევუდექი გადახატვას, რავარც გული მკარნახობდა.
ჩემს კალამს ძალიან ხოშორ-ხოშორი ანბანი გამოჰყავდა. ორი სიტყვა მთელი გვერდის სიფართოვეს იკავებდა. ამერია, ამეჩხუბა ლექსის სტრიქონები, ჩავხერგე,. გავაბნიე, გავფანტე ასოები. მაშინაც ასე მემართებოდა ხშირად საქონელს რომ საბალახოზე გავდენიდი. ძროხა ცალკე, მოზვერი ცალკე, ხბორები ცალკე, თხა-ცხვარი ცალკე მიმომეკარგებოდნენ. ისე გამიჭირდა, ქეთო მასწავლებელი მურთაზასთან მივიდა და რაღაც უჩურჩულა, ალბათ, უხრა, ამ შენს უწლოვა, ანბანის უცოდინარ, სულელ ძმას მოკიდე ხელი, გაიყვანე გარეთაო. მაგრამ ამისთანა არაფერი არ მომხდარა.
ქეთომ ყავარივით სქელი ქაღალდის მოზრდილი ნაჭერი მომიტანა და წინ დამიდო. მერე ანბანის წიგნი გადამიშალა და მითხრა. აი, შუქრი, თითო-თითოდ, მოზრდილ-მოზრდილად გადამიხატე, შენ რომ გინდა, ისეთ ფერებშიო.
გვერდით გავაჩოჩე დაპუწკულა გადაწერილი ლექსი და ახალ საქმეს შევუდექი.
ჩავარიგე მუყაოზე ფერად-ფეოადი ქართული ასოები. მეგონა, თავისთავს ვხატავდი. კალმისტარს თითებს ვუჭერდი და სულის შებერვითაც ვათბობდი, რომ უფრო ცოცხალი გამომსვლოდა ნაწერი. თითებს კი იმიტომ ვუჭერდი, მინდოდა, უფრო მეტი გამოდენილიყო მელანი და უფრო მსუქანი, დარჯაგში ჩამოსხმულივით წონიანი ასო გამომსვლოდა, რომ მერე იგი ადგილიდან ვეღარავის ამოეფხაჭნა.
ზარი დაირეკა, ბავშვები მერხებიდან გრიალით აცვივდნენ და გარეთ გაიკრიბნენ. მე კი ვიჯექი და ქეთო მასწავლებლის მითითებას ველოდი. ჯერ ხომ მოწაფეც არ ვიყავი, ის ზარი ხომ მე არ მეხებოდა, მე არ შემეძლო სხვებივით მეზიანქრა. ჰოდა, ვიჯექი კლასში დამფრთხალივით. სახლი კი ზანზარებდა, კრაჭუნობდა, ირწეოდა, გეგონებოდა, ფეხი აიდგაო. ვხედავ, _ შემოიჭრა სახლის პატრონი, ბალაძის შეთრაშული ბიჭი. იყვირა, გაჩერდით, ბაბაი ავადააო. ბავშვები გარეთ გაიკრიბნენ, მე კი ვიჯექი. იგი მოვიდა და თავზე დამადგა, _ ქეთო მასწავლებელი. შიშით ველოდი, რას მეტყოდა მასწავლებელი, ვუყურებდი და ვერც კი ვუყურებდი სახეში. უცებ, გადაპარსულ ხვიტორა თავზე, რბილი, თბილი ხელის შევლება ვიგრძენი.
-შუქრი, წაიღე ახლა ეს ანბანი შინ და ისწავლე. შენ ძალიან კარგი ასოები დაგიხატია...
ავდექი, იღლიაში ამოვიჩარე მუყაო და სირბილით გავეწურე შინისაკენ, რომ ეს ამბავი ნენესთვის მიმეხარებინა.
დედას აიშე ერქვა; ყველას აშეს ეძახდა. მიკვირდა, _ როგორ შეიძლება დედას ნენეს გარდა სხვა სახელიც ერქვას-მეთქი.
-ნენი! _ მივაძახე, _ ე, ნახე სკოლიდან რაი მოგიტაი. ეს მე დავწერე.
დედამ წერა-კითხვა არ იცოდა.
ჩემი დაწერილი ანბანი ხელში დაიჭირა, დააკვირდა, ატირდა. ღადარში ერთი კაკალი კვერცხი ჩაფლა, შემიწვა და მარტო მე შემაჭამა. აი, ამოდენა საჩუქარი და პატივი მომიწია იმ დღეს.
დედაჩემს ისე შეუყვარდა ჩემი ხელით დახატული ქართული ასოები, იმ მუყაოს ნაჭერს ბალიშისქვეშ იდებდა და ისე იძინებდა, _ ჩემი ბიჭის ნაფიქრი ტკბილად დამაძინებსო. ერთ დღეს კი ის ჩემი ხელით დაწერილი ფერადი ქართული ანბანი ცალ-ცალკე მაკრატლით გამოჭრა, ძაფზე აასხა და ყელზე სამკაულად დაიკიდა.
ზამთარი და ღორი
დილაზე მურთაზი წალდით ხელში ეზოდან გაძვრა და გზას გაუყვა. თვალი მოვკარი თუ არა, მეც შორიახლო ავედევნე. მოიხედა, შემნიშნა, წალდი დააგდო, დამემუქრა, დაბრუნდიო, მაგრამ მალე ფეხაკრეფით, ისევ მურთაზას მივსდევდი.
მუხლზე გამოფხრეწილი შარვლით, ფეხშიშველა მივჭყლაპუნობდი ტალახში. ტალახი ცივი იყო და, თითქოს იკბინებოდა კიდეც. _ თუმცა ვერ მიშაშრავდა ფეხის გულებს. ფეხის გულები, ასჯერ დანაგალი და ნაეკლარი, ხარის კისერივით დახამებულიყო.
სასაფლაოს რომ აციოდა, მურთაზამ ისევ მოიხედა, დამინახა, მაგრამ აღარ გამჯავრებია. გზა განაგრძო და მეც ნელ-ნელა მოვუჩქარე, დავეწიო-მეთქი.
მალე ხეირიძეების ეზოსკენ გაუხვია. იქ ქეთო მასწავლებელი მდგმურად იყო. ხოლო ხეირიძის უფროსი ვაჟი, გულაი, ჩემს ძმასთან ძმაკაცობდა,. გულას მამა უსტამირა კი დიდი უსტაკაცი იყო. ბევრი სახლი აეშენებინა. ცულები, ხელეჩოები, რანდეები, ხერხები, სატეხ-საქლიბავი, ჭიბონები და სხვა თახუმ-ხელსაწყოები ბლომად ეწყო ახორის გვერდით, კარაპანგი. ესტამირას გარეშე ხელის ხდება არავის შეეძლო. ერთადერთი გულა იყო გამონაკლისი. არც მე ვიყავი უცხო გოჭი უსტამირას ეზოში. აქ მე ერთგვარი ნდობა მქონდა მოპოვებული. თუმცა, სულ მალე, წვალებით მოჭუჭკული ეს ნდობა გზისპირა ხრამის ეწერებში მიმომეფშვნა. რატომ თუ იცით? გეტყვით:
ზაფხულის ერთ ცხელ დღეს ბაბუა უსტამარა ბათუმში მიდიოდა. ჩაცმულ-დახურული სოფლის ბოლოში შეჩერდა, ჯიბეები მოისინჯა, უკან შემობრუნდა, დაიჩივლა, ჯიბის საათი შინ დამრჩენიაო, ჩვენ, ბავშვებიც, უკან მივყვებოდით, საათი რომ ახსენა, გული შემიფანცქალდა, _ მომინდა, ერთხელ ხელი შემევლო უსტამირას საათისათვის, მისი საათი ხომ ერთადერთი იყო სოფელში, როცა მეჯლისში გამოვიდოდა, გრძელი ვერცხლის ძეწკვით კისერზე ჰქონდა გადმოკიდებული, ხოლო საათი ღაზლის ჟილეტის გვერდით ჯიბეში იყო ჩაცურებული.
როგორ ზეიმურად და ამაღლებული განსაკუთრებულობით ამოიღებდა საათს ჯიბიდან, თითს ყუნწზე მიაჭერდა, თავს ახსნიდა, დახედავდა და ირგვლივ მყოფთ განუცხადებდა, რა დროც იყო. სხვას დუბეში საათი არავის ჰქონდა, ამიტომ ხალხში უსტამირას გამოჩენა საგანგებო მოვლენა გახლდათ.
ბავშვები რომ დაგვინახა. უსტა შედგა. თვითეულს გამომცდელად დაგვაკვირდა, შევატყვე, აღმართში უკან ასვლა ბერიკაცს დაეზარა და გადაწყვიტა, ჩვენს შორის ერთი სანდო შეერჩია და საათის ჩამოსატანად შინ გაეგზავნა. მე ყველას წავუსწარი და უსტამირას წინ მორჩილად ავიტუზე;
_ ა? ჭო, ეირბინე, აბა, ჩემთან და საათი ჩამომიტაი, _ დამადო ხელი თავზე და შემისრისა ყური. ეს ნდობის ნიშანი იყო.
_ შენ კი გოროხაი ხარ, ჰო! _ შემაგულიანა. `გოროხაი~ ვიუკადრისე ბაღნებში, გავჯავრდი, ერთი ხანი დაბრუნებაც მინდოდა, მაგრამ ჭკვას მოვუხმე, _ ნაბიჯი აღარ შევანელე. სხვას რომ გაესწრო? უსტას საოცნებო საათი იმას უნდა დაეჭირა ხელში? სახლში რომ დანაბარები ვთქვი, საათი თავისი მძივიანი ყაბით (ქისა) ხელში ჩამიდეს.
მოვუჭირე ორივე ხელი, მკერდზე მივიდე და დავეშვი. ცოტა რომ მოვეფარე, შევჩერდი, საათი ყურზე მივიდე, სუნთქვაც შევიკარი და უცხო ჩურჩულ-ტიკტიკი შორეულ ჯადო ხმად ჩამეწვეთა. ხმა სხვა სამყაროსი, სხვა უცნობი ცხოვრებისა.
ცოტაც და დაღმართი ჩავიბირნე. უცებ საათის გაღება მომინდა და თეთრ, უცნაურ ციფერბლატზე ისრების მოზომილი ჭკვიანური სიარულის დანახვა.
გზიდან ეწერებში შევძვერი, ჩავიმუხლე, რომ საათი ძირს არ გადამვარჟნოდა. ვერცხლის მძიმე, რბილი, სრიალა ძეწკვი ფრთხილად ამოვჭიმე და საათი მოსირმული ქისიდან უმალვე ამოვიდა. ამოვიდა კი არა, ამობრძანდა, შემომხედა და მგონი, არ მოვეწონე, _ უკანვე მიეჩქარებოდა, ჩამაბრუნე ჩემივე სავანეში, შე, შმიტიანო ბღუშტოო. არ დავუჯერე, მაინც ზევით მოვქაჩე. ყური რომ ჰქონოდა, ყურში ჩავავლებდი ხელს, რათა ჩემი ძალა და შეიძლება მეჩვენებინა. საათი დამნებდა, დამყვა და ხელის გულზე განერთხო. თანაც თითქოს უფრო ძალუმად ატიკტიკდა.
მძივიანი ქისა კი, ვაი, _ ხელიდან გადამიცურდა და გვიმრებში ჩავარდა, თუმცა იმისთვის ყური არ მითხოვებია, _ სად გამექცევა, მერე ავიღებ-მეთქი. ძეწკვი კისერზე გადავიგდე,. თავად საათი კი მარცხენა ხელისგულზე დავიდე, მარჯვენაცერი, როგორც უსტამირა შვრებოდა, ყუნწზე მივაჭირე და, ღმერთო! _ გლუვი ვერცხლის სახურავი _ წკაპ, _ აიღო, შიგ კიდევ ერთი თხელი საბურავი იყო, ისიც გავხსენი და თვალწინ ქათქათა, მრგვალი, შავნიშნებიანი საოცრება აკამკამდა, დიდი ისრები დინჯად იდგნენ, მათი სვლა ვერ შევამჩნიე, პატარა კი ჩემსავით სულელური ხტომა-ხტომით მიიცეკვავდა. ყველას უსწრებდა და მხიარულობდა. მაშინ კი დაბლა, ქვემოთ მოლოდინე უსტა გამახსენდა და შიშით ლოყები ამეწვა, საჩქაროდ, ტკაცუნით სახურავები დავხურე, ძეწკვი კისრიდან გამოვიძვრე და ეწრის ძირებში ყაბის ძებნა დავიწყე. ფრთხილად ვაცეცე თვალები, მაგრამ... ის დაწყევლილი სირმებიანი ქისა სადღაც გამძვრალიყო. სულ მოვჯეკნე და მოვქელე იქაურობა, მაგრამ ვეღარსად ვნახე. უცებ გულში გამკრა: საათი რომ დამკარგოდა, რა მეშველებოდა, რა ეშველებოდა ამირას, რა ეშველებოდა სოფელს, რა ეშველებოდა მამაჩემს, რით გადაიხდიდა? ამაზე ფიქრმა შემიმსუბუქა უბედურება. თუმცა შიშით გული ამოვარდნაზე მქონდა. ვთქვი, მერე მოვნახავ ოხერ ქისას და მერე დავუბრუნებ-მეთქი და მოწყვეტით დავეშვი თავდაღმართში. იქ, უსტამირა უკვე ღელავდა.
_ _ ჰალ დეიკარგე, გოროხავ, ა? _ გამომართვა სააფი და ფაშარი ხელისგული ისე მაგრად მოარბენია ჩემს თავზე, მეგონა, გამლახა-მეთქი. ქისაზე ენაც არ დაუძრავს. ალბათ, იფიქრა, ასე გამოატანესო. ავლისას, მერე ბევრი ვჩხრიკე იქაურობა, სულ მოვაფოლოვე ის კაპანი გზისპირი, მაგრამ ვერა და ვერ ვიპოვე.
არ ვიცი რამდენი დღის მერე, დაბრუნებულმა უსტამ მამაჩემი დაიბარა.
და, ერთ საღამოს, ცეცხლისპირას დედ-მამამ საშინელი სასამართლო გამიმართა. რაღა მექნა, გამოვტყდი, ასე დამემართა-მეთქი. იმ ალაგზე მამაჩემმაც ბევრი ეძება, მაგრამ საათის ოხერი ქისა, მძივით მოქსოვილი ქისა ამ ქვეყნიდან გადაქაჯდა. ამის გამო მამაჩემი სამ დღეს უსტამირას ზეგნის ყანაში მიეხმარა და კიდევ სათიბებში თივის ზვინები დაუზვინა. მერე, ყოველწლიურად, ამის გამო უსტა რაიმეში იხმარიებდა მამაჩემს. ვერა და ვეღარაფრით გავისტუმრეთ იმ დაკარგული ქისის ვალი.
ჰოდა, ის იყო, იმ დილას, მურთაზასთან ერთად, ვარ უსტამირას ეზოში. წვიმა თანდათან მატულობდა, მურთაზა რომ ეზოში შევიდა, გულა დაბარებულივით გამოძვრა კარაპანიდან, ხელში ფართოპირიანი საუსტიო პირპრიალა ცული ეჭირა.
ჯერ ტურაბეღელას დირესთან აიტუზნენ. ილაპარაკეს, თქვეს მთისა და ბარისა, ახსენეს ვიღაცეები, იტრაბახეს, იხვიხვინეს, იხველეს, იფურთხეს, ჯიბეებიდან თუთუნები ამოიბერტყეს, მოპარულ საძიგარე ქაღალდის ვიწრო ფიფინებში შეახვიეს, ენით კიდეები დანერშყვეს, დააწებეს, გამოირჭეს პირში და ცეცხლისათვის ერთმანეთს შეაშტერდნენ.
სადღაც, გაფხრეწილი შარვლის დაჯღურკული ჯიბის კუნჭულში აბედის ნაწეკვი მეგულებოდა, ჩავიყე სიცივით გაფშეკილი სველი ხელი. ვეძებე, ვეძებე. ბოლოს მთლად გამოვაპირქვავე ჯიბე და გამოვიბერტყე. მერთაზამ ხელისგული შეუშვირა და მართლაც ნაგავის ათასნაირ ნამცეცებში აბედიც აღმოჩნდა. გულამ ქვაზე გახეხილი ქვის ნატეხი ამოიღო და იქვე ნალიასთან მოძეულ კაჟის ნატეხს ჩამოჰკრა, წამსვე ნაპერწკლები დააცვენინა, მეორე ჩამოკვრისას კი ჩემს აბედს პატარა ციცქნა კვამლი ავარდა, აბედი უმალვე გულამ ძიგარაში ჩაარჭო და გამოცდილ მწეველივით დაელოდა, რათა თუთუნში ცეცხლი ჩაღვივებულიყო. მალე სურნელოვანმა კვამლმა იმატა და გულამ მეორე ბოლოთი ძიგარა პირში იკრა, მოქაჩა და მოქაჩა და მრეშმწვანე კვამლის ქულები ტურაბეღელას სახურავისაკენ აცურდნენ. ამასობაში უსტამირამ საჯინიბოდან ცხენი გამოიყვანა. გულამ ძიგარა ფეხით მოსრისა, მურთაზამ ერთი მოქაჩვა კიდევ მოასწრო, მაგრამ უსტა ისე მოგვიახლოვდა, კვამლი პირიდან შიშით ვეღარ ამოუშვა. ბერიკაცი ყველაფერს მიხვდა, მურთაზას, როგორც სტუმარს, პატივი სცა და გულასაც აპატია ალბათ. _ აღარაფერი უთქვამს, გვერდით ჩაიარა და სახლსუკან მიეფარა. გულას გამოსძახა მხოლოდ, კეხი გამომიტანე კარაპნიდანო. გულამ კი მეგობარი ახლა ეზოს შუაგულში ტანაყრილ ახალგაზრდა სასექა მსხლის ხესთან მიიწვია, ეს ჩემია, ჩემს სახელზე დამირგო ბაბამო, შეაშურა. წვიმდა, ციოდა, მაგრამ ტიალში არხეინად იდგნენ ბიჭები მაინც. მე ფეხშიშველა იმათ არ ვცილდებოდი. უცებ გულამ საუსტიო ცული სველ სასელაზე მიაყუდა. ტარი ძირს ჩაასო, ყუაზე ფეხი შედგა და ჩემი ძმისთვის რომ თავისი სასელას სიმაღლე ეჩვენებინა, ზედ ხეზე აბოტდა. ამ დროს ცული ფეხქვეშიდან გასხლტა და ზელ შემდგარ გულასთან ერთად შიშველ ფეხზე დამეცა. ეტყობა, ცული პირით პირდაპირ შუაგულ ფეხის ზურგზე გადამეზომა. ჯერ რაღაც მეცივა. დავიხედე მარჯვენა ფეხზე, თითებთან მისვლამდე, განდაგან ჯერ თეთრად პირდაღებული ჭრილი მომეჩვენა, მაგრამ წამში წამსკდა სისხლი და თითებს შორის ღვარებად ჩადინდა.
გულამ სასწრაფოდ ხელში ამიყვანა, მურთაზამ კი გაპობილი ფეხი ხელით ერთად მოჭაჭვა და შეკრა, რომ სისხლდენა შეეჩერებინა.
-არ იტირო, ჭო! _ შემიყვირა თან. ერთხანს მართლაც ვიყუჩე, ჯერ კარგად ვერც გავიგე, რა დამემართა, მაგრამ როცა ტკივილმა თავისი ჰქნა, მეც ავფლიკვინდი.
გულამტურაბეღელას ქვეშ დაყრილ კუწუწოზე (ლობიოს ჩალა) ჩამაგდო, მურთაზას შეატია ჩემი თავი და ცული დასამალავად გააქცია სადღაც. ჩემს ზორში მყოფმა მაინც შევნიშნე, როგორ მოაწვა მურთაზასაც ცრემლები და დაბნეული როგორ შფოთავდა. ჩემი დაჭრილი ფეხი კი ხელში ეჭირა და ვიღაცის შველას ელოდა. მაშინ რაღაც იმნაირი რამ დამემართა, აღარაფერი მახსოვს. მაგონდება სექვიანი ოთახი, ბუხარი, ცეცხლი, ქალებისა და კაცების ჩურჩული.
ჩემი ფეხები ცეცხლისპირს ეწყო. მარჯვენა კი, თეთრი ბარდუკლებით შეკოჭილი იდო. ოთახში დამწვარი კარაქის სუნი იყო. თავთან ქეთო მასწავლებელი მეჯდა. უსტამირა ჯავრობდა, გულას ამტყუნებდა. მურთაზაი ქეთოს ისე შესცქეროდა, მივხვდი ეხათრებოდა, ჩემი ძმა შუქრი შორიდან მოსული მელაიქ (ფერია) მასწავლებელს აწუხებსო. მერე მურთაზამ ზურგზე მომიკუჭა და აცრემლებულმა თავდაღმა შინისაკენ წამიყვანა.