Litclub.ge

ფადიმეს ლეღვები
მამაჩემი ხეზე სხვას არავის არ აუშვებდა. სულ იმის ჯავრი აფორიაქებდა, არავინ ამეპაროს დამწიფებულ ლეღვზეო. არა, ლეღვის მწიფე ნაყოფი კი არავისთვის ენანებოდა, _ ეშინოდა, ტანები არ მომიტეხონო. ლეღვის ხე ხომ ძალიან უძლურია, ჩვილია, ოდნავ დაწოლაზე მთელი ტოტი მოიხლიჩება, ან შუაზე გასკდება მთელი ხე. გაყიდვით ერთ კაკალ ლეღვსაც არ გაყიდდა. არ კადრულობდა ხილის გაყიდვას. დედაჩემი სულ წუწუნებდა, რა იქნება, ერთი-ორი მანეთი გააკეთბიოს ამდენ ლეღვს, საპონს მაინც ვიყიდითო.
ყანიდან დაღლილი რომ დაბრუნდებოდა, საღამოს, გრილოში მამაჩემი დამწიფებულ ლეღვებს დაკრეფდა, შინაურებს ბლომად გადმოგვიწყობდა, ხოლო დანარჩენს ხელგოდორაში ჩააწყობდა, ზურგზე წამოიკიდებდა, სოფლისაკენ გაუყვებოდა, მეზობლებს ჩამოურიგებდა. ოღონდ ხეზე სხვა არ ასულიყო.
მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ დედაჩემმა მალულად მურთაზს მოაკრეფინა მწიფე ლეღვები, ჩააწყო შუათანა კალათში, ჩამატანინა დაბლა, ტყისპირამდე. დამარიგა, ხიდთან გზის მუშებში ლეღვი რომ გამეყიდა. მერე აღებული ფულით როგორ მეყიდა სარეცხი საპონი, მარილი და ასანთი. კალათი მძიმე იყო. ბაწრის ნაწყვეტებით ნენემ კალათი ზურგზე ამკიდა და გამისტუმრა.
ხიდთან მისვლამდე, მდინარის პირის კორდებზე გზის მუშებს ჩადრები გაეშალათ. სწორედ სადილობდნენ და როგორც დეღვით დამინახეს, დამიძახეს, აქეთ მოგვიახლოვდიო. მივედი, კალათის ძირს ჩამოდგომამდე, ყოველმა მნახველმა თითო კაკალი ამოიღო გასასინჯად. ძირს რომ ჩამოვიღე. კალათში იმდენი ხელი ფათურობდა, ჩემი ლეღვები ვეღარც დავინახე.
-ჰო, რამდენი ღირს ეს შენი ჭახე ლეღვი, აბა, თქვი, _ მეკითხებოდნენ აქეთ-იქიდან და თითო-თითო მწიფე ლეღვს ყუნწიანა იჩრიდნენ პირში.
-ნუ გეშინია, ნუ გეშინია, ავწონით. _ მამშვიდებდა მეორე, მაგრამ რაღაც აწონიდა, როცა კალათში რამდენიმე კაკალი ლეღვი გორავდა მხოლოდ.
კინაღამ ტირილი წამსკდა. დედა შემეცოდა, რა უნდა მეთქვა შინ? აგერ სულ მუქთად შემიჭამეს მთელი კალათა ლეღვი. ამათაც შიშით თუ მორიდების გამო ვეღარაფერი ვუთხარი, ბოლოს ერთ წვეროსან მუშას შევებრალე, დაჯღურკული მანეთიანი ამოაძრო შარვლის ჯიბიდან და დასხრუკულ თითებში ჩამიპეჭა. ამით ერთი ყალიბი საპონი ავუტანე დედაჩემს. აი, ეს მახსოვს.
იმ დღეს ნამეტანი გადამწიფებული ლეღვი ვეღარ დაკრიფა და სახვალილდ გადადო. დედაჩემი ღამით მამამ გააფრთხილა, ხვალ შუქრი სკოლაში ნუ წავა, ჩვენ სიმინდი ვტეხოთ, მაგან კი ლეღვები დამიცავოს, წინ იყოსო.
დილით ადრე გამაღვიძეს. თავად სუყველანი ერთად, სიმინდის სატეხელად გამზადებულები, ეზოში ბორიალობდნენ. მამაჩემმა საგანგებოდ გამიყვანა ეზოში, შუაგულში გამაჩერა, გადამახედა ლეღვებისაკენ და მითხრა:
-შუქრავ, ბაბი, ჰა, ხომ ხედავ, რაფრათ იყურებიან თვალგაჭინჭვალებული, დამწიფებული და გადაბნედილი ლეღვები? ჰა, შვილო, გაბარებ, დაცავე, არვინ უუშვა ზედ. უთხარი, ბაბამ თქვა, საღამოს თვითან მოგიკრეფს და ამოგიტანს. თქვა, კაი?
დავუქნიე თავი თანხმობის ნიშნად. ხუმრობა არ იყო, _ მამამ დიდი საქმე მომანდო, უნდა ვეცადო, ღირსეულად და ერთგულად დავიცვა ლეღვები მეზობლების თავდასხმებისაგან. სკოლაში წაუსვლელობაც დიდად არ მწყენია.
ბაბამ რომ დამწიფებული ლეღვების დასაცავად შინ დამტოვა, საქონელიც ახორში დატოვეს, ბაგაზე მოვუაროთ დღესაო, სხვა უფრო საჩქარო და საგანგებო გაჭირვებები გვაქვსო. საქონელი ისედაც დაღლილია, ორი-სამი ღამეა, რაც იალიდან ჩამოვდენეთო. ახლა მთავარი იყო, საკარმიდამოში, გაფიცხულ-ჟვერჩაღლეტილ ჩალის დროზე აღება-დაზვინვა. იგი მთავარი საკვები იყო ძროხებისათვის საზამთროდ. კი, ტაროები უმთავრესი მოსატეხ-ასაღები და მოსათავსებელია, მაგრამ იგი სიცხეში და კალაშში (ზენაქარი) უფრო ხმება, შრება, მაგრდება, უკეთესდება, მერე ნალიაში აღარ წახდება. ჩალა სულ გაიქუცა იმ აშარი, ფირალი,~ზედაქარით~. საქონელს მარტო ცარიელი ღერტები დარჩებოდა, უფოთლებოდ. ამიტომ სიმინჟის ტეხა არ გადაიდებოდა.
კოლექტივის ყანებიც იღებოდა. კოლექტივისა მთავარ და პირველ საქმედ ითვლებოდა. ჯერ კოლექტივში უნდა გასულიყავი, მოგეთავებინა შენი ნორმა. სხვასაც მიხმარებოდი, მხოლოდ მერე, ან მხოლოდ ღამ-ღამობით, ნება გეძლეოდა შენსაში, ესე იგი საკარმიდამოში ჩასულიყავი და თავისფლად გემუშავა.
ჩემებს ჯერ ერთი ტაროც არ მოეტეხათ, როცა ეზოში ბრიგადირმა, გულამ დაიძახა. მამაჩემმა ყანიდან გასცა პასუხი. გულა ღობეს მიადგა, გადაიხედა, არ გაჯავრებულა, უბრალოდ გაუკვირდა, შეწუხდა, შეშფოთდა, როგორ ჩავიდნენ საკარმიდამოში სამუშაოდ, როცა ჯერ კოლექტივის არ მოთავებულაო. მამაჩემი რომ დაინახა, აი, ამან დაარბილა ბრიგადირი, თორემ... მამაჩემის რიდი და პაწაიც შიში ჰქონდა ბრიგადირს. ერთი კი შეფიქრიანდა, ცხვირი მოიშმიტა და მამაჩემს მჭახედ უსაყვედურა:
-ეგ რაფერ ქენი, ალი ბიძავ, პირადული კოლექტივისაზე მაღლა დააყენე? რანდა თქვას ამაზე ახლა თავმჯდომარემ, ა?
-ჭოვ, ჭკვა არ გაქვან? შეხედეთ ამ გაჭირვებულ, გატიალებულ ღერეტებს, მაინც არ გეცოდებიან?
-შენ შენი საერთოზე წინ დააყენე, ალი ბიძავ, რას გეტყვის ამაზე პარტია, იცი?
-რანდა მითხრას, ჭო, პარტიამ? მაგისმეტი ჭკვა თუ არ აქს პარტიას, რაც უნდა ის მითხრას, რა!
-კაი, ტეხე აბა, მარა მემრე არ გეწყინოს, ალი ბიძავ, _ გააფრთხილა ბაბაი ბრიგადირმა გულამ და წასვლა დააპირა. დამწიფებული ლეღვები რომ შენიშნა, შეცბუნდა, წამოწყვეტა მოიწადინა, მაგრამ უმალვე გადაიფიქრა, და ეზოდან აჩქარებით გავიდა. მერე, გვიან, მივხვდი, _ გულამ ალბათ იმიტომ გადაიფიქრა, რომ მერე თავის მუქარის აღსრულება ადვილად შეძლებოდა.
ამასობაში მოახლოვდა ის ავადმოსაგონარი შავი შუადღეც. ჩვენებური სადილობა იქნებოდა, ეზოში, ღარის ქვეშ, ხაპის ფოთლის ღერეტისაგან გამოჭრილ ღურნეს ვაყუდებდი, რომ შიგ ჩაშვებული წყლით ჩემს მიერ უკვე აგებული სათამაშო წისქვილი ამებრუნებინა.
მაშინ დავინახე, ეზოსკენ, მუხის ფესვებით მოქსოვილ ბილიკზე, ვიღაცის შავჩექმებიანი ფეხები მოახლოვდა. ჩექმებიდან ავაყოლე თვალი და, მაშინვე ვიცანი, ჩვენი `გარეთაი~ ბიძაშვილი ავნი ერქვა, მარა ბიძაი ავთანდილას ეძახოდა. საქმე იმაშია, ფადიმემ რომ კაი კითხვა სწავლა, მამაჩემი ძილის წინ, ღამით ბუხართან `ვეფხისტყაოსანს~ აკითხებდა ხმამაღლა. რატომღაც ავნი, თავისი თემბლური (ზარმაცული) ამპარტავნობით, ჩაცმაზე გამოდევნებით, სეირნობაზე თავგამოდებულელობით, მომღერლობით, ჯორცხენოსნობით, უთავობოლო ხეტიალით, ამას მიმატებული, _ ქალების თვალთვალობით, მამაჩემმა რატომღაც რუსთაველის ავთანდილს მიამგვანა.
შემობრძანდა ეზოში ეს ჩვენი `გარებიძაშვილი~, ავთანდილი, თავზე დადებული საფქვილე კოლოფისხელა ბუხრის ქუდი აზიზად მოიხადა. როგორც ტოლმა ტოლს მომესალმა, წამომადგა და ჩემს ციცქნა წისქვილს ძალიან საქმიანად დაუწყო ყურება.
დაბლიდან ავხედე. იმსიმაღლე მომეჩვენა, კინაღამ შემეშინდა. რაღაც არ მესიამოვნა ავთანდილას მოსვლა, _ გონჯად მენიშნა, მაგრამ ვაშლისგან გამოჭრილი, ჩხირზე წამოგებული, პატარა ფარფლებიანი ბორბალი ხაპის ღერეტიდან გამოჭენებულმა წყლის ნაკადმა ისე ლამაზად დაატრიალა, ორივემ ერთიმეორეს გავუღიმეთ და სიამოვნებისაგან გადავიხარხარეთ.
-სეირი, გოროხაი ბიჭი ყავხარ ალი ბიძას, შუქრავ, სეირი! _ თქვა და ეზოში შემოჭრილ `ფათლიჯანა~ ლეღვის მწიფედ დაწონილ, დაღმა დაზნექილ ტოტებს გადელებული თვალები მიაშტერა. თანაც მოსაწყვეტად გაემართა.
ავდექი, თვალი გავაყოლე. მაგრამ ვერაფერი გავუბედე. გულში კი ვთქვი: ახლა ამხელა კაცი ამხელა ჩექმებით, ამხელა ბუხრის ქუდით, ბაღანასავით ხეზე ასვლას ხომ არ იკადრეს?
-ძირიდანნა ჩამოვწიო ერთი კაკალი ლეღვი, ჭო! _ ჩაილაპარაკა და ულმობლად მიუახლოვდა ტანმორჩილ, ნაყოფით დაგონგილ ხეს. მივიდა, აიწია, მაგრამ იმ სასურველ, თაფლის წიწაბოიან ლეღვის ნაყოფს ვერ შეწვდა და ორპატიკაში ჩექმა შეაბიჯა. ლეღვის ხე ახალგაზრდა იყო, მამაჩემმა თურმე ჩემი დაბალების წელს დარგო და უხაროდა, რომ ნერგმა მართლაც ივარგა. მეოთხე წლისამ ნიშანი ჰქნა და, აი, შვიდი წლისა კაი ზრდადამთავრებულივით, საკმაოდ ტანაყრილი და ტოტებდახუნძლული იდგა, იმნაირად უხდებოდა ეზოს, ლეღვიც მოსაწყვეტად დაგენანებოდა.
-ბაბამ დამიბარა, არვინ უუშვაო. თვითონნა მოკრიფოს და დაარიგოს. _ ძლივაი შევბედე ავთანდილას.
-ჰო, აბა! არვინნ უუშვა... _ მრავალმნიშვნელოვნად დადასტურა ავთანდილამ და ცალ ფეხს მეორეც ააყოლა. გარეთა ბიძაშვილმა ლეღვის დიდი ხრაშუნა ჟვერო მოტეხა, მიწაზე დააფინა და ზედ თავისი კოლოფისხელა ბოხოხი დაადო ამოპირქვავებული. ერთხანს ხხის ბოჯიყაში ცალფეხჩაკეტებული, ცალხელჩავლებული, მეორე ხელით ახლომახლო პოწკებზე ჩამოკიდებულ ლეღვებს მუსრს ავლებდა. თითქოს კანის გაუძრობლად პირში ჩამოკიდულ ლეღვებს მუსრს ავლებდა. თითქოს კანის გაუძრობლად პირში იკრავდა, დანარჩენს დაყენებულ ბოხოხში აგდებდა. მაგრამ ეს არ იკმარა. `გარე~ ბიძაშვილმა გარე-გარე ბოლოებზე მიჭუჭკულ ლეღვებს დაუწყო გამგელებული თვალიერება.
-ი, ბაბაი გამიჯავრდება... _ ჩავიკვნესე აკანკალებულმა.
-ჰო, ჰო, აბა, მოსაწველი თუ არ მეიწველა, ავად გახდება. ასე უთხარი! _ დამარიგა ავთანდილამ და ჩექმიანი ფეხი ლეღვის ხის მეორე ნახევარზე გადააბიჯა. ახლა იგი განზე წასული ტოტის წვერზე რომ იყო სიმწიფით დაბზარულ, იმ ლეღვის მოსაწყვეტად გაიჭიმა, ძლივს მიწვდა იმ ამოჩემებულ ნაყოფს, კიდეც მოწყვიტა, მაგრამ ამ დროს ისეთი ყრუ ლაწანი მომესმა მეგონა, მეგონა ხერხემალი გამებზარა-მეთქი. შუაზე გახლეჩილი ხე ნახევარი აქეთ, ნახევარი იქით გაიშხლართა მიწაზე. წაქცეულმა ხემ მიწაზე მიმოყრილი მწიფე ნაყოფები თვითონვე მიჭყლიტ-მოტყლიტა და ჩექმებიც შეულანძღვა ავთანდილს, მაგრამ იგი, ალეწილი და ნირწამხდარი, ჯერ ისევ დაბნეული და, მგონი, ოდნავ შემკრთალიც, იდგა დალეწილ ლეღვის ხის ხრაშუნა ფოთლებში და თავის ბოხოხს ეძებდა.
ბუხრის ქუდს წაქცვისას ტოტი წამოედო, იგი ქვეშ შემოიმწყვდია ხემ და ახლა ამიტომაც აღარსად ჩანდა. ავნი-ავთანდილამ სასწრაფოდ ჩაავლო მოხლეჩილ ნახევარს ძირში ხელი და ხრიალით თავდაღმა დაათრია. ამ დროს ქვეშიდან ბოხოხიც გამოგორდა. მეორე ნახევარი ჩემი ლეღვისა კი ადგილზე დარჩა. ჯერ ცხადად ვერ წარმომედგინა, ამ უბედურებას რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
ავთანდილმა სერი გადაიარა, მწიფე ნაყოფით დატვირთული ნახევარი ლეღვის ხე თან გადაათრია, ცაში აჭრილი რუხი მტვრის ბოლქვები დატოვა და თვალს მიეფარა. მე კი ატირებული დავრჩი. საშინელი მწუხარება დამეუფლა, ძვირფასი ახლობელი რომ უცაბედად მოგიკვდება და მძიმე, ამოუხსნელი სასოწარკვეთილება შეგიპყრობს აი, ასეთი ტკივილი შემომეწირეხა მთელ სხეულზე და სულს მიყინავდა. განსაკუთრებით შიშის ზარს მცემდა იმის წარმოდგენა, თუ როგორ მოიქცეოდა, რას მეტყოდა პირადად მე მამაჩემი.
სწორედ დღე და ღამის გასაყარზე, ყანიდან ამოსვლა დაიწყეს. ნასიმინდარში მოჭრილი ჩალა პატარ-პატარა გროვებად ეწყო. ჩალის მოკონვა მამას ღამით ერჩია, რადგან დღისით, მზით გაციცხულ ღეროს ვერ მოდრეკდი, სუდ დაიშფვნებ-დაიხრისებოდა. სიმინდის ხვავებიც რამდენიმე ალაგას ეყარა. პირველი მურთაზა ამოვიდა. ზურგზე ტაროებით გამოჭედილი გოდორი ეკიდა,. ისე იყო დაღლილი, ირგვლივ არც მიმოუხედია. მამაჩემიც გოდორმოკიდებული მოდიოდა. უკვე თვალი მოვკარი, შიშით დავიზარე. ჯავრობა, რისხვა უზომოდ და უსაშველოდ შეიპყრობდა ზოგჯერ, მაგრამ მთელი დღის დაღლაც თუ მიემატებოდა, მთლად გაფიცხებულ ჩალასავით ნაპერწკალი ეყოფოდა, ხანძარი გაჩენილიყო. გაშეშებული, გალაძგერებული, ნალიის დირეს მივუყედე და, შესაწირ ყოჩივით დაბმულმა, სასჯელს დაველოდე.
გვერდით ჩამიარა ბაბამ. სუნთქვის ხმა, დაღლილი სხეულის სუნი მისგან მოქროლილი სქელი, ცხელი ქარი მომეჯახა და თითქოს ოდნავ შემაქანა. არა, დამალვას, გაქცევას, სადღაც ამოფარებას აზრი არ ჰქონდა. ეს თავიდანვე ავწონ-დავწონე. სულ ერთია, მოსახდენი უნდა მომხდარიყო. ვიცოდი, ჩემი დიდი სასჯელი არ ამცდებოდა. იმას ვფიქრობდი მხოლოდ, თავიდანვე გამემხილა, რომ ეს ავნიმ ჩაიდინა? შევძლებდი თუ არა ენა მომებრუნებინა და ამბავი სწორად, გასაგებად, დამაჯერებლად აღმეწერა? ვღელავდი, ცხელი გრიგალები სხეულში მივლიდნენ და გულსა და სულს მიბუგავდნენ, მინდოდა, ძალიან მინდოდა, როცა მამა იმ დალეწილი საშინელ სურათს თვალს მოჰკრავდა, ხოლო მერე მე, ნალიის დირეზე საწყლად მიყუდებულს რომ შემხედავდა, ასე თავგანწირვით, ასე მორჩილებით გასუსული ოდნავ შევბრალებოდი, შევცოდებოდი.
ის კი ნალიის მოპირდაპირე დირესთან მივიდა, დაიჩოქა და გოდორი ძირს დადგა, ბოძზე მიაყუდა. თავად იქვე ჩაჯდა, სწორედ იქით იყო მიმართული, სადაც ლეღვის ფოთლებით ნაბური სივრცე ერთობ გამოტიალებულ-გამოცარიელებულიყო. ეტყობოდა ის დაღლილიყო, გარემოში მომხდარ ცვლილებას ვერ ამჩნევდა. უცებ გავიგონე:
-შუქრავ, ჭო, ერთი გუგუმი ცივი წყალი აადინე და მომიტაი, შვილო!
მოვწყდი ადგილს და სიხარულით შინ შევვარდი. მალე თუნგის რაკარუკით ღართან გავჩნდი. თუნგი პირთამდე მოივსო და წყლის თქაშუნით წამსვე მამაჩემს მივაჩეჩე. ჩაჩოქილ-ჩამჯდარმა თუნგი უმალვე მასწა ასწია და პირზე მიიდო. ორი ყლუპიც არ უქნია, ხელი გაუშეშდა თითქოს, თქეშები ნიკაპზე, იქიდან კი ყელზე და გულმკერდზე გადაეღვარა. თუნგი ძირს დავარდა, წაიქცა, დაგორდა. მამამ გოდრის სახელურებიდან მკლავები გამოიძო და წამოდგა. მე აღარ მახსოვს. როდის ან როგორ ავეკარი ისევ ნალიის დირეზე. მამამ გოდრიდან გახლეჩილ ლეღვამდე ვიდრე მივიდოდა წუთში თითქოს მთლად დაბერდა, ისე მოეშვა, ისე მოკეცა მუხლები. ეზოს კიდეზე შედგა და ძირს დაუწყო ცქერა. იქ, ხმელ რუში, სიგრძეზე მოკლულ კაცივით იწვა ნახევარი ლეღვის ხე. მამას ხმა არ ამოუღია. გაოგნებულ-დამუნჯებული მობრუნდა, ნალიის ქვეშ ჯირკზე დასობილი ნაჯახი მოგლიჯა, ორი ნაბიჯით ჩემთან გაჩნდა, თავზე დამადგა. მე თავგამეტებით ველოდი თვით უსაშინლეს სასჯელსაც კი.
-ვის მუაკლევიე ჩემი თავი, ჭო!? _ დაიგმინა.
-რატომ შენი თავი, ის ლეღვი ხომ მე ვიყავი, ბაბი?! _ შევბედე შიშით, რომ ამნაირი თქმით ყველაფერი ჩემზე გადმოსულიბო და ამით მას ტკივილი ოდნავ შემსუბუქებოდა. მაგრამ იგი ცულმომარჯვებული, რაღაცნაირი გამოუცნობი და საშინელი გადაწყვეტილებით გაემართა დალეწილი ლეღვის ხისაკენ. მისვლითანავე ნაჯახი მოიქნია და რაღაცას გამეტებით დაარტყა. დარჩენილი განახლეჩი ნახევარი ხე რომ იყო, ჯერ ისევ ფესვებიდან ამონაზარდ ძირზე რომ საცოდავად ეკიდა, ერთი დაკვრით მოჭრა და იქვე მიატოვა. გეგონებოდა, ციდან ჩამოვარდნილ, თოფმონახვედრ დაჭრილ ფრინველს მიუსწრო და, ვიდრე ნანადირევი ჯერ ისევ სუსტად ფეთქავდა, კისერი ძირზე მოაკვეთაო.
მამაჩემი უკან აღარ მობრუნებულა. ღულაღერილი იქით, ფეხზე მდგომი სხვა ხეებისაკენ გაიჭრა.
~ფათლიჯანასთან~ რომ მივიდა, ზედ არ აუხედია, ის ნაყოფით დაწონილი ტოტები არ შეუთვალიერებია. ჩამოჰკრა, ჩამოუქნია, პატარა პიწკები ჩამობალთა. ის ტოტები, დაბლა-დაბლა რომ იყო გაშვერილები და ნაჯახის მოქნევაში ხელს უშლიდა, სულ ერთიანად მოასუფთავა, ცულის დასარტყამი ადგილი მოატიტვლა და, ამის შემდეგ, შუა ტყეში წიფრის ჭრას რომ შეუდგება კაცი, ისე მოწადინებით, დაიწყო. ჯერ ცული ყუით ძირს დადო, ტარი წელზე მოიყუდა, ხელის გულებზე დაიფურთხა და საქმეს შეუდგა. ისე გამეტებით დაცხო, გეგონებოდა, მთელი ქვეყნის ამოძირკვა გადაეწყვიტა, რბილი, წვნიანი და რძიანი ლეღვის ხე თითქოს საცოდავად კანკალებდა, ტანი უთრთოდა, ფოთლებს წუხილით ახრაშუნებდა, ვითომ მამაჩემს ეხვეწებოდა, ნუ გამიმეტებ ასე უმოწყალოდ, რას მერჩი, ა, ნახე, რამდენი მასხია, როგორ დაგიმწიფე ნაყოფი, როგორ ველოდი შენი ხელის შეხებას, შენს მოფერებასო.
ის ერთი ძირიც წამოტორტმანდა, წამობეჭდა, ლაწანი მოადინა და ჩაიკეცა. თავისი მწიფე ნაყოფით დამძიმებული დიდფოთლებიანი ტანები დედამიწას დაალეწა.
მე ნალიის დირეზე მიყუდებულმა, ტირილი დავიწყე, მალე შინშესული ფადიმე ამყვა.
ფადიმეს ხმა ჭახე, მჭრელი, უფრო გამოცალკევდა. თანაც თითქოს გოდების თუ მუდარის სიტყვებით მამაჩემისკენ დაიძრა.
-ბაბი, შენი ჭირიმე, ბაბავ! შეგვიბრალე, ნუ დაგვიჭრი მარჩენალ ლეღვებს, მაგას ხომ ჩემსას უძახდი, ბაბი. დამიტიე, დამიტიე. ცოდვაა, ბაბავ, ცოდვაა!..
მაგრამ ამასობაში ჯავრით გადარეულმა მამაჩემმა ახალ-ახალი ხეები დააწვინა. მარტო იმ თეთრი ლეღვის ხესთან შედგა, ლოყაზე ოფლის ღვარი ყაბალახის ყურით მოიხოცა და, მაშინ მგონი, ფადიმეს გოდების ხმამ ერთგვარად გამოაფხიზლა, თანაც ამასობაში ისე შებინდდა, ვეღარაფერს ვეღარ გაარჩევდი, შინისკენ არა და აღარ მოიხედა. პირიქით, ლეღვის ხეები რომ დაჭრა და დააწვინა, ცული მხარზე გამოიდო, აჩეხილ, ჩაქცეულ ლეღვის ტოტებს ფეხი დააბიჯა და ბინდ-ბუნდში გაუჩინარდა. არც არაფერი დაგვიბარა. მოსკდა, სადღაც გაქრა, დედაჩემიც ქვითინებდა, მაგრამ ხმას არ იღებდა, _ მისი ხმა ბაბას უნდა გააღიზიანებდა, ამიტომ ტირილს მალავდა. იგი ფადიმეს ზურგს ამოფარებული, თვალებში ცრემლჩამდგარი, სიმწარისაგან ტუჩებს იკვნეტდა, ისე იტანჯებოდა, გეგონებოდა, ღვიძლი შვილი მოუკლესო, მაგრამ მამაჩემი ღამის სიშავეს რომ შეერია და შინ აღარ ამოვიდა, ნენემ ხმამაღლა ამოთქვა... ამოთქვა, მაგრამ ამ ტირილშიც თავის ძმას, აბდის დასტიროდა. მგონი, ლეღვის ხეებისა და აბდის სიკვდილს ერთად დასტიროდა. ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, ლეჩაქის ბოლოთი თვალები ამოიმშრალა, წელში გასწორდა, სული მშვიდად ამოითქვა და შვილებს მოგვიბრუნდა. ჰაით, ბაღნებო, მეიჭუჭკეთ, ახლა, აგერ, ოჯაღთან (ბუხართან) და რაცხაფრათ ვახშამი მოვაფეროთო.
და სუფრა გააწყო. მაგრამ ლუკმა ვერცერთმა ვერ ავიღეთ, ლეღვები მოვიდარდიანეთ, მოვიტირეთ, ახლა კი მამაჩემის დაკარგვა გვაწუხებდა, გვაშინებდა, გვაღელვებდა, დედაჩემი, ყველაზე მეტად განიცდიდა, რადგან კარგად იცოდა ქმრის ავზნიანობის ამბავი.
-ეგ თუ გადელდა, მაგას აღარაფერი ეშველება. მაღარაში შეძვრება, იქ გაათევს.
ვისხედით ისე გათანგულები, თვალებგამოხარშულები. უკვე გვიანი ღამის სიგრილით შებუჯგულები, უჭმელნი, უთქმელნი, თავდაღუნულები, დაბნეულები, მგლოვიარენი... გარედან, ეზოდან ფოთლის ფაჩაფუჩიც კი გვესმოდა, გულები გვიკრთოდა, _ ყოველ ჩქამში მამაჩემის ფეხის ხმას ვეძებდით და ველოდით. ის კი არა და არ ჩანდა.
ბოლოს, ასე შუაღამის გადასულზე, ეზოდან რაღაც ჭრაჭანი მოისმა. დედა ფეხშიშველა, უხმო, გაკრეფილ-დაკარგული ნაბიჯეყით გაიქცა კარისკენ. მეც კალთაში ხელჩავლებული თან ავყევი.
ლეღვებს ვიღან ჩიოდა, მამა გვედარდებოდა. მთელი ღამე იმის დაკარგვა გვაშფოთებდა. მურთაზამ ტყეში, კლდეებში წავალო, მოვნახავო, თავისი კაცობა და ვაჟკაცობაც უნდოდა გამოეჩინა, მაგრამ ისედაც გამწარებული დედაჩემი წინ ეღობებოდა, გულმკერდზე ეფჩხნებოდა, ეკვროდა, ეხვეწებოდა, არ წახვილე, შენ ვერსად გაგიშვებო.
და, აი, ეზოდან რაღაც ხმა გავიგონეთ. მივაცვივდით კარს. ნაგვიანევ, გაცრეცილ მთვარის ფერწასულ შუქში, მოჩვენებასავით მამაჩემის ბინდიანი ფიგურა შევნიშნეთ. მგონი სუროს დიდი ტვირთი დაეგდო ძირს. გაჯავრებულსა და გულდამდუღრულს სხვა ვერაფერი ექნა, კლდეებზე გასული სუროები მოეგლიჯა, მოეკაფა, დიდ ტვირთად მოეკოჭა და, ალბათ საქონელის საჭმელად ამოეტანა. დავინახეთ და ისევ ფეხაკრეფით, უკანვე გავცურდით, ლოგინებში უვახშმოდ დავრიგდით. ტაბლაზე დაწყობილი მჭადის ხმელი ნატეხები და ჩლეჩილას ორი-სამი გრეხილაი მამას დავუტოვეთ.
ის ღამე თავისით არ გათენებულა. ის ღამე ჩვენ გავათენეთ. ლეღვის ხეების სიკვდილი ერთად მოვიტირეთ. მამაჩემმა ყველაზე მეტი იდარდა.
სინანული მას არ შეეძლო, მაგრამ როცა ჩადენილ ცოდვას არცერთხელაც აღარ ახსენებდა, ეს უკვე სინანულს ნიშნავდა. ძალიან მაგრად განიცადა ბაბამ ლეღვების სევდა. რამდენიმე დღეს ხმას არ იღებდა. ქვემოთკენ, მოჭრილი ლეღვის ხეებისკენ, აღარ გაიხედავდა. ლეღვის ხეები ისე დაჭკნენ, ჩაჭეჭკილ-ჩალესილ მწიფე ნაყოფებს ბუზები, ფუტკრები დასტრიალებდნენ. ჩასვლას კი ვერავინ ბედავდა.

კურბანი ანუ ხარის შეწირვა
მგონი ოცდათვრამეტის ზაფხული იყო.
ახორს ჩვენი ოდის ქვეშა ნაწილი ეკავა. იატაკის ღრიჭოებიდან ფუნის და საქონლის მძაგე სუნი მთელი დღე-ღამე ამოდიოდა, თუმცა, შეჩვეულები ამას ვერ ვგრძნობდით, ახლა, ივლისის მიწურულს, როცა მთელი მსხვილფეხობა და წვრილფეხობა მთაში, იალაღებზე იყო გაკრეფილი, გამომხმარ-გამომშრალი ბოსლიდან აღარც სუნი იგრძნობოდა. ამის გამო, მიჩვეულებს, გვეგონა სახლში რაღაც დაგვაკლდა; სხვა ჰაერს ვსუნვქავდით თითქოს.
გამთენიას, ძილში ჩამესმა ვიღაცეების უცნაური ჩურჩული და საქონლის ფეხის ბაკუნი. ამ ხმაურში მამა უმალ ვიცანი.
-დღეს კურბნის (შესაწირავის) დაკვლას არავინ შეგვარჩენს, ხომ იცით, არა? სუყველას აგვწევენ, მოგვხვეტავენ, დევიკარქებით და რად გინდებიან ტყვილაი. ამფერი მადლი მადლია? _ ამბობდა ბაბა.
-აბა, დევიწყოთ ხელები გულზე და ვუყუროთ; მიწას გვალვამ ყიაში რომ დაუჭირა და ახჩრობს? _ ეუბნებოდა მეზობელი _ წყალი თლათ დაპატარავდა, ციდან ნამი არ ვარდება, ხომ ხედავ?
-ვხედავ, ჰო, ვხედავ, მარა ლოცვა-მარხვაზე თავრობა ჯავრდება. ხომ იცით.
-ეს ლოცვა-მარხვაა? ეს არც მღვდელს მოუგონია და არც მოლას. ეს გამჩენმა დაადგინა... იცი და რაღას მაბლაყუნებ. _ შევატყვე, ცოტათი გაჯავრდა მეზობელი, _ ჰა, შეხედე, ბუნებამ, გამჩენმა მოგვთხოვა ვალი, წყალი თლათ იწრიტება, ცამ პირი ამოიკერა. ამოვთუთქოთ ყანა-ბაღჩა?!
წამოდგომა მეშინოდა. ფეხისხმა ახორში არ გაეგონათ. მაინც წამოვდექი, მუხლებზე ამოჯენჯღილი ჩითის პერანგი გადავიცვი და ფეხაკრეფით გარეთ გავედი. იქ, ეზოში კიდევ ვიღაცეები მოსულიყვნენ და, მგონი, ფარულად რაღაცაზე თათბირობდნენ, მიკვირდა, ჩემი უფროსი ძმა მურთაზი ამ ხალხში რომ არ ჩანდა. იქნება, მამამ რამე დაავალა და სადღაც გაუშვა? ვინ იცის, შეიძლება! იქნება, უბრალოდ, ახალგაზრდა კაცი, ახალმოთოთოებული კოლმეურნეობის პირველი მერგოლურად დასაწინაურებელი, ამ უძველეს `მავნე გადმონაშთში~ მონაწილეობას მოერიდა, მიიმალა, რადგან შეიძლება, მერე, ამისათვის პასუხიც აგებინონ და მეტიც უქნან, _ მთლად გაუფუჭონ მომავალი.
ისედაც გულნატკენი და ბედისგან დაჩაგრულია ჩემი უფროსი ძმა, მურთაზი, სიყვარულით ამორჩეული გოგო, თითქმის დანიშნული საცოლე, მერიემი, ანუ როგორც თავად ეძახოდა _ `ჩემი მარიამი~, მამამ იმ დღეებში შინ ჩაკეტა, გარეთ აღარ გამოუშვა, _ მაგ ფიჯ, გაფუჭებულ მართაზას არ მიგცემო. არ იკითხავთ, რატომ გაჯავრდა მერიემის ბაბაი? ათიოდე დღის წინათ, ჩემმა უფროსმა ძმას წყაროსთვალიდან ჩამომდინარე ის ერთადერთი სარწყავი წყალი თავის გამოგვალულ ნაკვეთში გადაუშვა. ბიჭი ფიქრობდა, გამთენიამდე ვადენ წყალს, ამით ხომ არავის არაფერს დავუშავებო, მაგრამ, თურმე მერიემის ბაბასაც სწორედ ამ დროს ჰქონია მიშვებული წყალი. განთიადზე ყანაში წასულს რომ უნახავს, წყალი დაწყვეტილი იყო, ნადარეული ავარდნილა სათავეში, იქ მურთაზი დახვედრია და უთქვამს: _ ეს შენ ქენი ხომ?! ეს გამიბედე, კოლექტივის სათუთუნე ნაკვეთში ჩემი მიშვებული წყალი მომიჭერი ხომ?! კოლექტივს ანგრევ, ხომ?! ციმბირი უკან დაგრჩება, იცოდე! ჰარამია შენთვის ჩემი მერიემი, არც გეღირსება! ამფერი სიძე მე არც მჭირდებაო, _ ჩაიღმუვლა მერიემის ბაბამ. რუდან პეშვით ტალახი ამოფჩხნა და ესროლა სახეში.
ჰოდა, ამის მერე, ჩემი უფროსი ძმა, მურთაზი, აქაურობაში როგორღა გამოვიდოდა?
...
შუადღეზე სიცხემ იმატა. მინდვრის მწერები გაბმულად ჭრიჭინ-კრუალებდნენ. ნიავი არ იძროდა. ირგვლივ ფისის სუნი იდგა.
მამაჩემმა ახორიდან ბაწარწაბმული ხარი გამოიყვანა და ეზო-კარს ერთგვარი შიშით მოავლო თვალი, _ ვინმე საბჭოდან ამოსული ხომ არ მხედავსო.
წითელი წარნაქით აჭრელებული შავი ხარი მედიდურად მიდიოდა. დაკუნთული, უღლით დაგლილი, დაძირკვული, გაუხეშებული, მაგრამ ლამაზი და მედგარი ქედი, ამაყად აღემართა მაღლა.
მამაჩემმა ხარი ძველებურად, სოფლის შუაგულში გაატარა, მაგრამ ნასაყდრალზე, მედრესესთან რომ კანტორაა, იქ აღარ შეაჩერა, პირდაპირ ზეგნისკენ მიმავალ გზას გაუყენა.
სოფლის მოხუცები, ქალები, ბავშვები ეზოებიდან უხმაუროდ გამოდიოდნენ და და ზეგნის გზაზე გროვდებოდნენ, იცოდნენ, რისთვისაც მიჰყავდათ ხარი და ყველას შიში ეხატა სახეზე.
მამას უთქვამს, რაც ჩვენი სოფელი გაჩნდა, იმ უხსოვარი ხანიდან დღემდე, იმ ადგილს, საიდანაც ეს წყარო ამოჩქეფს, ყოველწლიურად, გვალვიან თვეში, ჩვენი სოფლის ხალხი თითო ხარს სწირავსო.
-რატომ მაინცდამაინც ხარს? _ ვეკითხებოდით ბავშვები.
-ხალხში ამფერი თქმულებაა, _ გვიხსნიდა მამა, _ ოდესღაც, ათას წელთა იქით, ამ სოფლის პირველმოსახლეებს ზეგანზე, საძოვარზე, საქონელი გაურეკავთ. შუადღის პაპანაქება სიცხეში საქონელს წყალი მოსწყურებია. წყალი ვერსად უპოვნია, ერთი ყველაზე ლამაზი, ძლიერი, შავი მოზვერი თურმე ზოგს გამოეყო და წყურვილით გახელებულმა ერთ ალაგას, მთის ძირას, მიწაში რქებით ბუღრაობა დაიწყო, თითქოს დედამიწას ემუქრებოდა, _ მომცი წყალი, თორემ შუაზე გაგფატრავო.
უცებ მთის გაღადრულ უბიდან თურმე ანკარა წყარომ ამოხეთქა. წყარო კი არა, მთელი ნაკადული იყო. წყალი შადრევანივით შეესხა მოზვერს პირზე, დაღლილი, წყურვილით სასომიხდილი ცხოველი თავდავიწყებით დააცხრა წყაროს. ხვრიპა და ხვრიპა მიწის გულიდან ახალამომსკდარი წყაროს წყალი, დაოკება-გაძღომა ვეღარ გაიგო და თავისივე აღმოჩენილ წყაროს ზედვე დააკვდა.
იმ დღიდან მოყოლებული, ხალხი ყოველწლიურად, გვალვიან თვეში, ამ წყაროსთვალთან შესაწირ ხარს ამოიყვანს და ზეციერისადმი მადლობის ნიშნად, დაკლავს.
ამბობენ, ამ მადლის აღსრულებისთანავე, წყალს ემატება და ხშირად წვიმაც წამოვაო.
ეს ყველაფერი კარგად მახსოვდა, ამიტომაც ხარის შეწირვაზე დასწრება, ხარის დაკვლის ამბის საკუთარი თვალით ნახვა, ძალიან მაინტერესებდა.
ისიც ვიცოდი, ხარის შეწირვა რომ აიკრძალა და ვინც ამას ჩაიდენდა, დაიჭერდნენ.
ხალხში მერიემის მამაც შევნიშნე, იგი ძალიან გლახა თვალით მიშტერებოდა მამაჩემს.
-მოდი, ჯღამა, მოდი, ჰო, ვოშო, მობარექო (მადლიანო). ჰაით, ადი, ჰო, ადი, _ მოფერებით, ძალით, ხვეწნით მიყავდა მამას ხარი აღმართში.
ჯღამა-ხარი კი დინჯად, მოზომილად მიაბიჯებდა. გადამეტებულ ჯაჯგურსა და შეძახილებს ყურსაც არ უგდებდა, თითქოს თავადვე გრძნობდა, თითქოს თავსაც კი იწონებდა ამით.
მთელი სოფელი გამოსულიყო გარეთ. ბევრს პატარა ჩხირის კავი წინასწარ გამოეთალა და ხელში ატრიალებდა. კურბნის (შეწირული ხარის) ხორცის მისი წილი ნაჭრის წამოსაცმელად.
მე მამაჩემს მივყვებოდი უკან. ვხედავდი, როგორ გავსებულიყო ხალხით აღმართიანი გზა. როგორ მოაბიჯებდნენ მდუმარედ სოფლელები წყაროსთვალისაკენ.
უცბად ჩემი თვალები მერიემის მამის თვალებს შეეფეთნენ. იგი თითქოსდა ცალკე იყო, _ გვერდიგვერდ მოაბიჯებდა. ტანში დამჭინჭრა, რატომღაც ცუდი რამე მიგრძნო გულმა.
უკან მომავალ ხალხში მერიემიც შევნიშნე. ეტყობოდა, მამას ემალებოდა. იაზმა შუბლზე შემოეხვია და გოგოების ზურგს ამოფარებოდა.
მურთაზი კი მაინც არსად ჩანდა.
მე კარგად ვიცოდი, როგორ უნდოდათ ერთმანეთი მურთაზს და მერიემს. იმათი ჩუმი შეხვედრების მოწმე მეც ვყოფილვარ. მურთაზი რომ საბძლისკენ გაძვრებოდა თამაშ-თამაშით, მაინცდამაინც მე დავლანდავდი. რაღაცნაირი ცნობისმოყვარეობის მოულოდნელი ციებ-ცხელება ამიტანდა. ღობე-ღობე ჩავცურდებოდი, ავახტებოდი საბძლის დაძველებულ, ფარღალალა კედელს და უმალვე ჩალის ღერტებით გამოპეჭილ ჭერში გავჩნდებოდი. იქიდან ჩალმა დაწოლილი ჩავცქეროდი ძმას. რამდენჯერ ტყვილა მდგარა, კაიხანს უცდია. მერიემი არ მოსულა.
ერთხელ, მახსოვს, გოგო მოვიდა, ბინდი ჩამომდგარიყო და დაბალი ნისლიც შემოწოლოდა ფერდობს. საბძელი სანახევროდ ნისლში იძირებოდა. გეგონებოდა, ბუნებაც შეყვარებულთ ეხმარებოდა.
-არ მომდვა ხელი, _ შიშით ითხოვდა ერთხელ მერიემი.
-ხელი არა, გულში მინდიხარ, იცი? გულში ჩაგისვა მინდა. _ კვნესოდა მურთაზი.
-მაგრე ნუ მებნევი, ვიტირებ... _ მესმოდა გოგოს ჩურჩული.
-ახლა ისევ კაცი უნდა მივუგზავნო მამაშენს.
-მალე, თვარა ერთი დადის... და გვიან იქნება მერე, _ ჩიოდა მერიემი.
-ვინაა?! _ აღშფოთდა მურთაზი.
-არ ვიცი მე, ვინაა, დადის-მეთქი, გებნევი... ისე მგონია ჯიჭავრელია. _ გააფრთხილა მერიემაა.
გავიდა ხანი. საქმე მოგვარდა. როგორც იქნა დაითანხმეს მერიემის მამა. მაგრამ ახლა?..
იმ ძველი მითის, ლეგენდის თუ თქმულების მოყოლისას, მამაჩემს ისიც უთქვამს, იმ ხარის შეწირვაზე ხალხს ოდითგან ყოველთვის წინ მიუძღვებოდა სოფლის ერთი რჩეული წმინდაკაცი, მქადაგებელი, წარმართობისას _ ვინმე ნაფიცი, ქრისტიანობისას, _ მღვდელი, მუსულმანობისას _ მოლა.
იმ დღეს კი, ისეთი არავინ ჩანდა, ხალხის სათხოვარი ღმერთისათვის რომ ეთქვა. მაგრამ, მოულოდნელად, ცოტაზე რომ ავმაღლდით, ვხედავ, წიფლნარიდან ვიღაც ყაბალახწაკრული წვეროსანი კაცი გამოვიდა, იმნაირი მიხვრა-მოხვრა ჰქონდა, ბერიკაციაო ვერ იტყოდი, თუმცა ყველაფერი ბებრული ემოსა.
სწრაფად მოვიდა. მამაჩემს ხელიდან გამოართვა საბელი და ახლა უკვე ხარს თავად წაუძღვა. ყველანი ცნობისმოყვარეობით შესცქეროდნენ უცნობს.
იგი ხანდახან ცას მიაპყრობდა მზერას, თითქოს რაღაცას შესთხოვდა, მაგრამ სიტყვები ჩვენამდე ვერ აღწევდა.
წყაროსთვალს რომ მივუახლოვდით, იმ ყაბალახიან წვეროსანის ხმა უფრო მომძლავრდა.
მამაზეციერს შეჰღაღადებდა: _ ღმერთო მაღალო, ცისა და მიწის გამჩენელო, შეისმინე მუდარა ხალხისა, მოიღე მოწყალება, მოუმატე წყალი წყაროსთვალსა და გააძღე წვიმითა, აგვივსე ნალია-ბეღლები მოსავლითა, რომ დავიბრუნოთ რწმენა და აღვადგინოთ სიყვარული ერთიმეორისა... სიყვარული ერთიმეორისა... სიყვარული ერთიმეორისა!..
აწია და აუწია ხმას. ნიავმა ხეები ააშრიალა. მეგონა, დედამიწამ სული მოითქვა. ის ხმა თითქოს მეცნო. მაგრამ ვერა და ვერ მივხვდი, ვისი იყო.
-აამინო, _ დაიგრგვინა ხალხმა და ეს ხმა დელეგმასავით მოედო ხეობებს.
საკურბნე ხარიც ოდნავ შეკრთა, ყურები შემართა, თავი მაღლა ასწია, თუმცა ნაბიჯი არ შეუნელებია.
წყაროსთვალთან, სადაც მცირ მინდორი კორდით იყო მომწვანებული, ჯღამა-ხარი გაბორკეს, თუმცა გაბორკვა არც ჭიროდა, ცხოველმა თავისით მორჩილად დაიმუხლა და კაცთა ნებას დაენდო.
წეღანდელი ნიავი უფრო მოძლიერდა. ცაზე ალაგ-ალაგ ღრუბლის ბულულები დავინახეთ.
-ხარს შენ გწირავთ, წყაროვ, ამოდუღდი უფრო მძლავრად, რომ დარჩენილთ წყურვილი მოუკლა და ამყოფო ამ მიწაზე მარად... სიყვარული ერთიმეორისა, სიყვარული ერთიმეორისა!.. მაშ, უფრო მძლავრად ამოდუღდი, წყაროვ, _ ამინ! _ თქვა ყაბალახმოხვეულმა წვეროსანმა და ვიღაცის მოწოდებული გალესილი დანა ხარს ყელში გამოუსვა. შემეცოდა ხარი და სიმწრისა თუ შიშისაგან ჩუმად ავტირდი.
ვიღაცამ ხარის თავი წყაროსთვალთან მიიტანა, ტუჩი წყალში ჩააყოფინა და ასე დატოვა. დაღონებულმა მთის გადაღმა, ცაზე მიბჯენილ გვანცას კლდეებს დავუწყე ცქერა.
რა მაღლები, რა მძლავრები, რა მიუკარებელნი და თანაც რა ახლობლები არიან ჩემთვის ეს კლდეები.
ნენეი მეტყოდა, რომ აქ ოდეს ზღვა მდგარა, გვანცას კლდის წვერები ჩანდნენ მხოლოდ, მაშინ გემს აბამდნენო აქა. ამბობენ, დიდი ჯაჭვის ნაგლეჯი ახლაც შერჩენიაო ერთ კლდეს. წვერწე თუ ახვალ, კიდეც ნახავო. ჩემთვის კი მიფიქრია: გინდ შევძლო, არ ავალ; ჯაჭვის ამბავი ტყუილი რომ გამოდგეს ძალიან მეწყინება-მეთქი.
მაგრამ ბავშვობიდან ყველაზე უფრო თვით იმ საწყალი გვანცა-გოგოს ლეგენდა მტანჯავდა, თურმე ჩვენს სოფელში ისლამ-ოსმანთა მოსვლას, ვინც შეძლო, გაექცა. ერთი ახალგაზრდა გლეხკაცი ცოლით და პატარა გოგონათი, გვანცა რომ ერქვა სახელად, წყაროსთვალის ბილიკით იმ კლდოვან მთებისკენ წასულა, იქიდან მალულად იმერეთს ან ქართლს უნდოდა გადაპარულიყო თავისა და რწმენის გადასარჩენად. დაუღამდათ. კლდის თავზე, მეჩხერ ტყეში დაჯდნენ, დაღლილებმა დახავსებულ მორზე მიდეს თავები... გვანცა ბუჩქებში გაძვრა. დედი, წამომყევიო, თქვა და სიტყვა შუაზე გაუწყდა, სადღაც უფსკრულში ჩაიკარგა. ეცნენ მშობლები ამ ბუჩქებს, იმ ხეს, ლოდებს, მაგრამ გოგონა აღარსად იყო.
-გვანცაა! _ გმინავდა გადარეული მამა.
_ გვანცაა! _ ქვითინებდა დედა.
გვანცა კი კლდოვანი უფსკრულიდან ვეღარავის აძლევდა პასუხს.
ამბობენ, შვილის დაკარგვით შეშლილი მშობლები დღესაც იმ ხევხუვებში დაეხეტებიან, გვანცას ეძახიან, გვანცას ეძებენო.
ამიტომ შერჩა იმ კლდეს ეს სახელი.
კარგად მახსოვს, ხარის ხორცი რომ პატარა ნაჭრებად დაიჭრა და იქ მყოფთ დიდ-პატარაზე განაწილდა, წვეროსანმა ყასაბმა ზეცაში აიხედა, სისხლით მოთხუპნული მკლავები აღმართა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამ დროს სადღაც ზემოთ დაიგრუხუნა და ელვამ წკეპლა გადაჰკრა შავად აყუდებულ მთას.
მზე ჩადიოდა. ხალხი არ იფანტებოდა. ყველანი იმ უცნობსა და თანაც თითქოს ნაცნობ წვეროსან-ყაბალახოსან მოქადაგე ყასაბს შესცქეროდნენ, რაღაც დიდსა და მნიშვნელოვან რამეს მოელოდნენ თითქოს. ეს მნიშვნელოვანი კი თითქოს სწორედ იმ ყაბალახოსანზე იყო დამოკიდებული. ხორცი აღარ ჩანდა, საჩეხ მორზე ერთადერთი ნაჭერი შევნიშნე. ეს ალბათ, დამკვლელმა თავისთვის თუ დაიტოვა-მეთქი, გავიფიქრე.
ამ დროს ცამ კიდევ დაიგრუხუნა და ლოყაზე დიდი წვეთი დამეცა, მალე მეჩხერი, ხოშორწვეთება წვიმა წამოვიდა. ხალხი ახმაურდა. სიხარულით ახმაურდა. ქალები, ბავშვები წყლის მომატების გასაზომად ჩასობილ ჩხირებს აძრობდნენ და წინანდელ ამონათალზე მაღლა რომ ხედავდნენ წყალს, მხიარულად ყვიროდნენ:
-მოემატა, მოემატა!.. გადიდდა წყარო!..
წვიმის წვეთები კი უფრო გახშირდა, ნამდვილ ჟუჟუნა თავსხმად იქცა. ყიჟინითა და შეძახილებით ხალხმა სოფლისაკენ იბრუნა პირი.
მამაჩემმაც მიბიძგა, წავიდეთო. ხორციანი კავი დამივარდა, ახალატალახებულ მიწაში ამოისვარა. დაამარილაო, იცინოდნენ ბავშვები აქეთ-იქიდან.
ყაბალახოსანი ყასაბი სულ გაილუმპა წვიმაში, მაგრამ ადგილიდან არ იძროდა, სადღაც იქით, გოგონებისკენ იყურებოდა. ამ დროს წვიმამ ყბებიდან წვერები ჩამოაძრო (თურმე მიწებებული იყო) და მე სახტად დავრჩი.
-ბაბა, შეხედე, მურთაზია! _ ვიყვირე და მამაჩემს მივეკარი.
ჩემი უფროსი ძმა, მურთაზი, კი მშვიდად იდგა, თავიდან ყაბალახი გადაიძრო და სქელი ქოჩორი შხაპუნა წვიმას მიუშვირა.
მურთაზა სისხლით მოთხუპნულ ხელებს წვიმით იბანდა. ყველანი გაოცებით შესცქეროდნენ.
იქით მერიემის მამა შევნიშნე, როგორც კი მურთაზი იცნო, ბოროტი მზერა მოაცილა, ხალხში შეერია, გაუჩინარდა.
მამაჩემი გაშტერებული იდგა. საიდანღაც მერიემი გამოვიდა, წინ ჩაგვიარა და ამ ამბით გაოგნებული, გალამაზებული, მურთაზის წინ გაჩერდა. მეგონა, წარმოდგენას ვუყურებ-მეთქი, ისეთი რამ ხდებოდა.
არა, ჯადო, მადლი სიცოცხლის გაგრძელებისა მაინც ყველაფერში ცხადდება და მძლავრდება მუდამ.
მერიემიც მურთაზის მოყვანილი წვიმით სველდებოდა, კულულებიდან ლოყებზე, კისერზე პატარა ნაკადულები ჩამოსდიოდა, ტუჩებით წვეთებს წრუპავდა.
-ჩემო მარიამ, ეს შენი წილია, ჰა. _ მურთაზმა ის ერთი ნაჭერი ხორცი ჩხირის კავზე წამოაცვა და მერიემს გაუწოდა.
მამაჩემი, მურთაზი, მერიემი და მე ერთად დავეშვით შინისაკენ. მერიემი სახესმალავდა, რომ ტირილი არ დაენახათ. ალბათ ეს სიხარულის ტირილი იყო. გეგონებოდა, ქორწილიაო, ისეთი ჟრიამული მოაცილებდა ხალხს.
მურთაზმა დასველებული მერიემიც შინ, ჩვენს ფაცხაში მოიყვანა.
მამაჩემი შეწუხებული შფოთავდა, ნერვიულობისა და შიშისაგან კბილებს აკრაჭუნებდა.
-რათ უნდა ამფრაი მოყვანილი ქალი, ჭო, ა? _ საყვედურით ეუბნებოდა მურთაზს.
-ქალი წვიმასთან ერთად მოვიყვანე, სხვაფრათ მერიემს არავინ მომცემდა, ბაბავ. _ სიხარულით ამბობდა მურთაზი.
_ მარიამ, ჩემო, გულში ჩაგისვა მინდა, იცი, გულში? _ მესმოდა მურთაზის ჩურჩული სექვებიან ოთახიდან.
კარზე ბრაგაბრუგი ატყდა. ვერ მივხვდი, მოსვლის ხმაური იყო თუ წასვლისა. ბავშვური ძილი უკვე მეძალებოდა.
დილით ხალისით ავდექი ლოგინიდან, _ იმ დღეს პატარა ქორწილს ველოდი, მაგრამ ჩემი უფროსი ძმა მურთაზი შინ აღარ დამხვდა. აღარც მერიემი ჩანდა. განთიადზე ვიღაცეები `ქვეიდან, იქიდან~ მერიემის მამის წინამძღოლობით ამოსულიყვნენ და წაეყვანათ. მერიემი _ თავის ბაბას, მურთაზი _ `ქვეიდან ამოსულებს~.
ბუხართან შავით თავწაკრული დედაჩემი ოხრავდა. მალე ხმამაღლა მოთქმით ატირდა. შიგადაშიგ მერიემის მამის სახელს იმეორებდა წყევლა-კრულვით. რათ უნდოდა წვიმა მეეყვანა, გდებულიყო წინ არ ერჩიაო? _ ზლუქუნებდა ნენეი მურთაზაზე.
-მოტაცება თუ დაარქვეს მერიემის წამოსლას, დამეღუპა მაშინ ბიჭი. _ ჩიოდა ბაბაი.
მეორე დღეს სოფლელი ბავშვებისაგან გავიგე, _ მერიემი მამამისმა ხიჭავრელს თავისი ხელით მიჰგვარა და სექვეზე დაუჯინა. საწყალი მურთაზა მთელი წელიწადი დაკარგეს. მერე ხელი მოაწერინეს პირობაზე, _ კურბანს აღარ დავკლავო და გამოუშვეს.

ყოჩების გაყიდვა
ამის შემდეგ სამი წელიწადი გავიდა. მეც კაიხელა მოვიყარე.
აბურდულ-დაბურდულად ხდებოდა ყოველი მოსახდენი. მე კი არა, მგონი, ვერც დიდებმა ბევრი ვერაფერი გაუგეს ამ ამბებს.
სკოლიდან რომ დავბრუნდებოდი, მამაჩემი კარგ ხასიათზე თუ იყო,. მკითხავდა, _ ბიჭალიავ, რაფერაა თქვენი სტალინიო. მე თავს ჩავღუნავდი, რა უნდა მეთქვა _ რა ვიცოდი, სტალინი რაფრათ იყო. რად მეკითხებოდა, _ ვჯავრობდი.
მამაჩემი სტალინს ჩვენად, ახლების კაცად თვლიდა, ერიდებოდა, მგონი კიდეც ეშინოდა, ბელადზე ჩვენთან რაიმე `გადაბრუნებული~ რომ წამოცდენოდა. ბაღნებს ისე აყვარებენ სტალინს, პირდამუწული დავდივარ, გლახა ააფერი გამომეპაროსო, იჩივლებდა ზოგჯერ დედაჩემთან.
დიახ, პაწა წამოვიზარდე, `ბიჭალია~ დამიძახა: ამიხსნა, შენ ხომ დუბელები ალიას ბიჭს გეძახიანო, ჰოდა მეც ბიჭ-ალიას დაგიძახებო, ასე მირჩევნიაო.
მურთაზს შემოდგომაზე ქალი დაუნიშენს, გაზაფხულზე მოუყვანეს. ასეთ დროს არ იციან ჩვენში ქორწილები, მაგრამ მკრთაზის ქორწილი მაისში მოეწყო. მურთაზამ ჩვენი სახლის მოგრძო დერეფანს ბოლოში, გარედან ლამფის პატარა, `ბუჭულია~ ოთახი მოადგა, დერეფნის ბოლო კედლის ძელები გამოხეხა და იმ ბუჭულიაში გასასვლელი გააკეთა. იმ პატარა ოთახის კუთხეში ფიცრის საწოლი გამართა და ზედ ძველი ხალხი გადააფინა. ქორწილზე მეჭიბონე მოიყვანეს. მეჭიბონეს მედოლეც მოყვა. დოლი მედოლემ ეზოში დანთებულ ცეცხლზე აფიცხა, კაიხანს და გადაჭიმულ აპკატყავზე უსვა და უსვა ხაოიანი ხელისგულები.
რამდენსაც აფიცხებდა, იმდენად ხმა ეხვეწებოდა, გეგონებოდა, დოლში ხმა მწიფდებოდა, მკვრივდებოდა, იჭედებოდა. შებინდულზე ველოდით, მაგრამ მექორწილენი იგვიანებდნენ. მურთაზი შფოთავდა. ხიდის დუქანიდან ბოთლი ღვინო ამოიტანა ვიღაცამ. მალე ითქვა, ღვინო მოლა-ყედირას ბადიშმა ამოიტანაო. იუნუსი საიდანღაც ამოძვრა ჩვენთან. ხელი წამავლო და ტყისკენ წამიტყუა. იქ, ბუჩქებში, სამი-ოთხი ბიჭი გველოდა. მე, როგორც ნეფის ძმა, უფრო პატივში ვიყავი, იუნუსამ ქურცხებიდან (ეკალბარდის ბუჩქებიდან) გამოაძრო თავისი ბოთლი, ხმაურით ამოაძრო საცობი, შარვლის ჯიბიდან ამოიღო ჭიქა და ნახევრამდე ჩაასხა. თქვა:
-გაგვიმარჯვოს, ჭო! _ და ტუჩზე მიიდო.
ვიღაცამ დაიყვირა:
-ეგერ, ყედირ-ეფენდი მოდის, ე!_ იუნუსა შეხტა, ჭიქა და ბოთლი კინაღამ ხელიდან გააგდო, მაგრამ ხუმრობას მალევე მიხვდა. მოწრუპა, მოხვრიპა, თუმცა მალე ხალისი წაუხდა, შუბლი შეჭმუხნა, ყბა მოეღრიცა, მაგრამ მიტოვება არ იკადრა, _ სასმელი ბოლომდე დაიყვანა. მერე ჭიქა მერგო მე. ვთქვი:
-გაგვიმარჯოს, ჭო! _ და ღვინო მოვსვი, პირველად სიცოცხლეში. რა გავიფიქრე? რა ასმევენ ამას? წაქე, მძაგე, მომწარო, მომჟავო სითხე ჩამდინდა ყირყიტონში და ცხელ-ცხელი თქორები მოასხურა შიგნეულობას. კინაღამ გული ამერია. მაგრამ მალე გადამიარა და პირში ლუკმის ჩადება მომინდა; იქვე წკეპლის წვერი წავწყვიტე და ავახრამუნე. ცარიელი ჭიქა (ვითომ მთვრალი ვიყავი) მოვიქნიე და ხეს ვესროლე, მაგრამ დავაცილე. ბაღნები გაიქცნენ, ჭიქა მოძებნეს, ნახეს, უკან ამოიტანეს. თავთავისი ყველამ დალია და ზევით ეზოში თოფი გავარდა. მაყრულმა იქუხა. დედოფალი მოიყვანეს, ყველანი აღმა გავიქეცით.
ქორწილზე ახლობლებმა, სიძეებმაც, ყოჩები მოგვიყვანეს საჩუქრებად. წარნაქით აჭრელებული, რქებხუჭუჭა, სქელდუმიანი, ყოჩაღურად მობაკუნე ყოჩები, ახორში ერთმანეთს ეჯახებოდნენ და ჭახაჭუხი მექორწილეებსაც კი ესმოდათ.
დიახ, საკლავი იმდენი მოგვივიდა, ნაქორწილევს შვიდი-რვა ყოჩი ხელუხლებელი დარჩა.
რამდენიმე დღეში კი სკოლის არდადეგები რომ დაიწყო, მამაჩემმა დედაჩემს გამოუცხადა:
-დედაბერო, რაცხა საგზალი გამიკეთე სახვალითო. ყოჩებინა გადავდენო და ბათუმში დავყიდო, თვარა დეინახავს მაგათ თავმჯდომარე და...
მე სექვეზე ვიწექი, არ მეძინა. ბაბაი კაი ხასიათზე მომეჩვენა, მოვიდა, ჩამომიჯდა.
-ა, ბიჭალიავ, წამომყვები ბათუმში? შეგიკერო ახალი ქალამანი? თუ იარ ფეხით, შეგიკერავ. ჩამოვკიდოთ ეჟვანი ერთ ზიანქარ ყოჩს და რაჟღარუჟღით გუუყვეთ გზას.
ზეცას ვეწიე სიხარულით. წამოვჯექი და ბაბას გათეთრებულ წვერიან ლოყაზე მივეხუტე. იმანაც მარჯვენა ხელის ლავაში ზურგზე მომიბრაგუნა.
-მოკდება ბაღვი ამხელა გზაზე, ფეხით. _ ოხვრით დაიჩივლა დედამ.
-არ მოკვდება, არა! წავყვები, ნენი, წავყვები,. ზღვას დევნახავ, ქალაქს დევნახავ მატარებელს დევნახავ, გემს დევნახავ, მინდა, ნენი, მინდა! _ ავტყდი.
მამაჩემმა ბალნიანი საქალამნე ტყავის ნაჭერი ტაშტის წყალში ჩაალბო! ბალანი არ გაფხიკა. ხრეშიან გზაზე ბალანი კაიხანს გატარებსო. დილაზე შავბალნიანი მესხურაი ქალამნები ქერქისაგან ნაგრეხი თასმებით კარებთან ეწყო. იქვე ეყარა ღაზლის ძველი, მაგრამ კარგად გამოკემსილი წინდები. ალუნზე გამაღვიძა ბაბამ. ჯერ ფეხის ცერზე მომიჭირა ხელი, უმალვე გავაჭყიტე თვალი. მიყურებდა, იცინოდა, რატომღაც სიცილისას ორივე თვალზე თითო კურცხალი მოასველდებოდა. ასეთ წუთებში ისე ლამაზი იყო მამაჩემი, მომინდებოდა ჩავხუტებოდი, _ პირი ბუძგნარ ღაწვებზე ამესვ-დამესვა, მაგრამ თავად თუ არ მოისურვებდა, ამას რაფერ გავუბედავდი.
კეცის თბილ-თბილი, რბილ-რბილი პურები (კოლექტივობამდე მონაყვანი ხორბალი არ შემოგვრჩენოდა) ჩამიკალიბა დედამ სკოლის ჩანთაში და მომკიდა ზურგზე. წინდებში ჩავმალე ბოლომოგლეჯილი შარვლის ტოტები, ჩავისიმსე ზედ ახალშეკერილი ბალნიანი ქალამნები და ეზოში გავედი. ყოჩები ბაბამ გამოუშვა, ერთს, წარნაქით სულ გათხუპნულს, ყველაზე უკეთესად რქებდაკიმანჭებულ ყოჩს, ეჟვანიც ეკიდა კისერზე. ეჟვანი ძველი იყო, ბევრძროხიანი, ბევრთხაცხვრიანი რომ ვყოფილვართ, ე, მაშინდელი. ბაბას შეუნახავს. ეჟვანი ბნეოში ნაგდები და ნათრევი, თითქოს წამხდარიყო, მოწყენილიყო, ხმა დაკარგოდა, მაგრამ იმ რქადაკიმანჭულმა ყოჩმა ისე გააკორწიალა კისერზე, რომ ეჟვანს წართმეული წკრიალი ისევ გააღებინა და ჩვენი სოფლის ვიწრო, დაგრეხილი თავდაღმართი მხიარული ჟღრიალით ჩავლიეთ.
დილით შარაზე ერთი სატვირთო `ახტომოფილს~ აევლო და ისეთი თეთრი მტვრის ფუტი იდგა, ყოჩები თვალში დამეკარგნენ.
აჭარისწყალი, დაპაწავებული, გალეული, ქვა-ლოდებში ბაწარივით გაწიწული, მიკლაკნილ-მოკლაკნილი მილივლივებდა, მიიკეცებოდა,. ისეთი ლურჯი იყო და გამჭვირვალე, გეგონებოდა, ცა ღვარად მოედინებაო.
ბავშვობიდან მიყვარს ზაფხულის მდინარე, რა ძვირფასია, რა სანატრელია ეს ლაჟვარდივით სუფთა და სიცოცხლესავით მოუსვენარი მთის ნაჟურებით შემდგარი ჩქერების ასიარულება. იგი იყო ჩვენი ბაღნობის გამახალისებელი და გამალამაზებელი.
მაშინ ვერ ვიტყოდი, მაგრამ აი, ახლა ვამბობ:
_ რამდენი რამ ახსოვს ამ წყალს, ამ ქოჩორა, მკვირცხლ და მოჩქაფუნე მდინარეს. გაჩენა, აღზევება ქვეყნისა და მხარისა, დავითის აღმაშენებლობა, თამარის დამშვენებულობა, შოთას და ტბელის სიბრძნე-სიტყვათმზეობა, რამდენი შრომა, რამდენი ლოცვა, რამდენი ლხინი, მტერთა მოჭრა, ხოცვა-ჟლეტა, შიში, ძრწოლა, მოდრკა, მორჩილება, კვნესა, დაცემა, დამუხლვა.
ხიდები კი, ათასი წლისანი, ჩვენი სულის ცისარტყელებივით გადავლებიან გალახულ, მაგრამ მარად გულცინცხალ მდინარეს, თავიანთი უტეხი დუმილებით კვდავების სიმღერებად ქანდაკდებიან.
აჭარის წყალი მართლაც აჭარის ცრემლია, თუმცა რაც უნდა ვეფერო ახლა ამ ტანჯულ მდინარეს, იმაზე ნაღდს მაინც ვერ ამოვთქვამ, როგორიც ამოუოხრავს ჭაბუკ მწყემსს, სიყვარულის ცეცხლმოდებული რომ ჩასცქეროდა ამ მოქაფქაფე ზვირთებს.
წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა,
ალვის ხის ჩამონათვალი,
წყალო, დადექ და მითხარი
საყვ