გახელებული მინდია ძლივს შეაგდეს სატუსაღოს ჭერდაბალ ოთახში. დიდხანს ურტყა ხელები კარს. მტევნები დაუსისხლიანდა. ყვირილისაგან ხმა ჩაუწყდა. ვერავის გააგონა. მერე ვიწრო ოთახში ძლივს აიღო ქანი და თავით დაეჯახა კედელს.
ერთი თვის შემდეგ ციხის საავადმყოფოდან გამოყვანილი სასამართლოში წაიყვანეს.
- თქვენი ბოლო სიტყვა? - ჰკითხა მოსამართლემ.
- როგორ? - ვერ მიხვდა მინდია.
- რას ითხოვ სასამართლოსაგან? - გაუმეორა მოსამართლემ.
მინდია : განთავისუფლებას.
მოსამართლე : მერე რას იზამთ, გააგრძელებთ
პატიოსან შრომას?
მინდია : ჰო.
მოსამართლე : პირობას იძლევით, რომ მგელიკას
ხელს არ ახლებთ
მინდია : არა.
მოსამართლე: აბა, როგორ გინდათ პატიოსანი
შრომის გაგრძელება?
მინდია : ჯერ მგელიკას გადავუხდი და ისე.
მოსამართლე: მაშ, თქვენი ბოლო სიტყვა რა
იქნება?
მინდია : გამათავისუფლეთ.
- ჰაი, ჰო, სადათვევ!
- აბა, ჰე, მერანავ!
- ჰაი დედასა, თვირთვილავ!
აქაფებულ არაგვში ხევსურებმა დაოთხებული ცხენები შეაგდეს. მუხლმაგარმა თვირთვილამ ფონი ზევით აჭრა, მერე რიყეზე გავარდა და ფაფარაშლილი გაქანდა მთის ძირისაკენ. უკან მოწითალო ცხენი, სადათვე მიჰყვა.
- აბა, ლამაზოვ!
- აბა, შე სამგლევ!
- ცოტაც, და!
- ჰაი დედასა!
ესმოდათ ცხენებს მხედრების ძახილი. ოცამდე ულაყი მიფრინავდა საცალფეხო ბილიკზე. ქვევით ჩამორჩენილი ოთხი მხედარი გამოჩნდა. მათაც გაჭრეს წყალი და აღმართს შეუდგნენ. გახურებული თვირთვილა ანგარიშმიუცემლად გადაახტა პატარა ფშანს და სხვები ისხლიტა. მის უკან მიმავალი სადათვე შორს მოიტოვა.
მეოთხე ტაბლა ხევსურებს ჭალის სოფელში დაედგათ. მოხუც ხევისბერს სასმელ-საჭმელი გაეწყო მხედრებისათვის. ცხენების მოლოდინში ხალხი შფოთავდა. ღობესთან მიბმულმა ფაშატმა თავი ასწია, მერე კბილები გამოაჩინა და მთელი ხმით დაიჭიხვინა. მოხუცმა ხევისბერმა ნელა მიაბრუნა თავი ლიქოკის ხევისაკენ. კოშკის თავზე ასულმა ახალგაზრდა მოგზაურებმა ყიჟინა დასცეს.
ხალხი განზე გადგა.
ტაბლასთან ხევისბერი დარჩა დასტურებთან ერთად.
- ყველაზე წინ რომ მოდის, ის აიღებს პირველ ადგილს.
- უჰ, რა ყოჩაღია!
- რა ფერია?
- მოყვითალო.
- არა, მორუხო.
- ეგა? - ჩაერია მოგზაურების ლაპარაკში ხევსური, - თვირთვილაა.
- თვირთვილა რა არის?
- თვირთვილა ფერია. - უხეშად გაიღიმა ხევსურმა. - მაგ ცხენსაც თავისი ფერის სახელს უძახიან.
- თვირთვილაი მოდის, თვირთვილა.
- ყოჩაღ, მინდიავ.
- მინდიავ, აბა!
ახმაურდნენ ხევსურები.
თვირთვილა პირველი მივარდა ტაბლასთან. ცხენი ჯერ არ გაჩერებულიყო, ისე გადმოხტა ბერი მინდია. ხევისბერმა არაყი დაუსხა რქაში, შემდეგ პირთან მიუტანა და თავისი ხელით დაალევინა. მხედარმა ხევსურულ კოტორს გვერდი მოსტეხა.
ცხენები ზედიზედ მიდიოდნენ ტაბლასთან.
იყო შეხლა-შემოხლა.
იყო ყიჟინა.
იყო ხვიხვინი.
იყო ფრუტუნი.
ხევისბერი ყველას ასმევდა ალალაის.
მოგზაური : რას უცდის თვირთვილა?
ხევსური ბიჭი: წეს არს, სანამ ყველა არ მოვა ტაბლასთან,
ვერ წავლენ ისე.
მოგზაური : ეგ რა წესია!
ხევსური ბიჭი: ვაჟკაცურ წეს არს, ხუთი ტაბლა მთელ გზაზე.
მოგზაური : ყველგან უცდიან?
ხევსური ბიჭი : რად არ.
მოგზაური : ეგ რა წესია?
ხევსური ბიჭი : ვაჟკაცურ წეს, ბოლო ტაბლიდან იწყების
ნამდვილ დოღ, მანამდე გამძლეობაზე არს.
მოგზაური : ბოლო სად არის?
ხევსური ბიჭი : ბოლო ხახმატში, გუდანს თავდების დოღი.
- აბა, ჰე!
- ჰეი, ჰე!
- ჰო, ჰო, თვირთვილავ!
თვირთვილამ ზურგზე მხედარი იგრძნო და კლდეზე გადაეშვა. ჯიხვივით მიხტოდა პიტალოზე, უკანას წინას ნაფეხურს არ აცილებდა. უშიშრად შევარდა ლიქოკის წყალში და უღელტეხილს შეუდგა. ახლა წინ მხედარი ფეხით მირბოდა. აღმართზე ისვენებდა ცხენი.
ისმოდა გაბმული ქოშინი.
მთიდან ხევში ნაშალი ჩადიოდა.
პატარა ფეხმარდი ცხენები უღელტეხილზე გავიდნენ. თვირთვილამ ისევ იგრძნო ზურგზე მხედარი და თავმიუცემლად გადაეშვა ბილიკიდან. დაკლაკნილ გზას პირდაპირ ჭრიდა. პატარა ქვაც კი ჰყოფნიდა ფეხის მოსაკიდებლად. ხშირი ფაფარი გაშლოდა და ისე მიჰქროდა უფსკრულისაკენ. გამონასკული კუდი მაღლა ჰქონდა აბზეკილი. დიდი თვალებიდან ცეცხლებს ისროდა და ბრტყელი, ძლიერი კბილებითა ჭამდა ლაგამს. ლაგამი კი სულ უჭერდა და უჭერდა. უნდოდა უფრო ჩქარა, მაგრამ რკინა არ უშვებდა. მაგრად ეჭირა ცხენის თავი მხედარს. ახლეჩილი ლაშებიდან სისხლმა დაუწყო დენა. ორთქლი და დუჟი უფარავდა სისხლს. ახლა სწორ ბილიკზე გავარდა ულაყი. სადავე ცოტა მიუშვეს.
შორს, ხახმატის ჯვართან ყიჟინა დასცეს. თვირთვილა ორივე ფეხით დაესო ტაბლის წინ. მინდია დალოცა ხევისბერმა და ორი ყანწი ალალაი შეასვა ძალით. გახელდა ულაყი, ტაბლას მიაწყდა და კინაღამ წააქცია, მერე ადგილზე ტრიალი დაიწყო. მხედარი კი იდგა. აღვირი მაგრად ეჭირა ხელში. ახლეჩილ ლაშებში უჭერდა სადავეს.
ოთხი წელი ღრღნიდა ლაგამს შვიდი წლის ულაყი და ვერაფერი მოუხერხა. ახლა ისევ დაუწყო წვალება.
- აბა, ჰე, ჰე!
- ჰეე, ჰე, ჰე!
- ჰო, ჰო, ჰოი, თვირთვილავ!
თვირთვილა უცებ გაიმართა წელში, ადგილზე დატრიალდა და სწორ ბილიკზე გავარდა. ზურგზე მიჰკროდა მთვრალი მხედარი.
უკან ისმოდა:
ყვირილი,
ღრიალი,
ფლოქვების ცემა.
თვირთვილამ იგრძნო: ლაგამს მიუშვეს. ულაყმა სირბილს უმატა. უკვე ვეღარა გრძნობდა რკინას. გუდანის ჯვართან შეჯიბრი მთავრდებოდა.
გავარდა თვირთვილა.
მიჰყვნენ სხვებიც.
გავარდა თვირთვილა.
თვალები ნაკვერჩხლებს ისროდნენ.
ვეღარა გრძნობდა შვიდი წლის ულაყი ლაგამს.
და
მირბოდა.
ვეღარა გრძნობდა მხედარსაც.
ვეღარა გრძნობდა ვერაფერს.
თავისი ცხოვრების მეშვიდე წელს ბედისწერამ აიტანა.
- აბა, ჰე,
- ჰაი, ჰე,
- აუ, აუ, აუ, თვირთვილავ!
მეორე დილა თვირთვილას იალაღზე გაუთენდა. გადმოვარდნილ მხედარს აღვირისთვის ხელი არ გაეშვა და ცხენს იგი თავიდანა ჰქონდა წამძვრალი. მხოლოდ გავაზე ება საძუე. დაკაწრულ-დაკუწულ ბეჭებზე იარებს უკვე მოესწროთ შეხორცება. ახლა ულაყი მადიანადა ჭამდა ცვრიან ბალახს.
საღამოს წყლისაკენ დაეშვა.
მესამე დილა ისევ იალაღებზე გაუთენდა.
მადა დაკარგა ულაყმა: აქა-იქ კიკნიდა ბალახს.
საღამოს ისევ დალია წყალი და ლაშები აექავა.
მოუნდა რამეს გახახუნებოდა ტუჩებით. ლაგამს მიჩვეულმა კბილებით დაიწყო ტუჩების ღეჭვა.
მერე ზურგზეც იგრძნო სიცარიელე.
დიდხანს იგორა მწვანე ბალახზე.
მეოთხე დღეს ნაცნობი გზით დაეშვა სოფლისაკენ. მის საჯინიბოსთან ხალხს მოეყარა თავი; ეზოს შუაში მისი პატრონი იწვა და არ ინძრეოდა. თვირთვილამ თავი ასწია, კბილები გამოაჩინა და საზარლად დაიჭიხვინა; პატრონი არ ინძრეოდა; მის თავთან იდო საყვარელი ცხენის აღვირი. შვიდი წლის ულაყი დასწვდა ლაგამს და ღეჭვა დაუწყო.
- ჰეი, ჰე, თვირთვილავ!
- ჰაი დედასა, მინდიავ!
- ვერ გაძლო.
- ვერა, ვერ, გუდანის ჯვრის მადლმა.
- სასწაულ არს.
ხევსურებმა ყორისკენ დაიხიეს.
თვირთვილა კი იდგა ცხედართან და ლაგამსა ღეჭავდა.
ლაშები დაიამა.
ახლა ზურგი აექავა.
ტორტმანით მივიდა საჯინიბოს დაბალ კედელთან და ზედ გაეხახუნა.
- ჰაი, ჰე, თვირთვილავ,
- ვაი დედასა, მინდიავ.
ხევსურებმა გლოვა განაგრძეს.
წელი 1956. ნოემბრის 2.
შენიშვნები
არსებობს როგორც შავი (I-II+1-9გვ.), ისე თეთრი დასათაურებული და დათარიღებული ავტოგრაფი(I-II+1-9გვ.).
შავი ავტოგრაფის რომაული ციფრებით დანომრილი პირველი ორი გვერდი წარმოადგენს შესავალს. ნასწორებია ყავისფერი ფანქრით. გადაშლილია ბოლო აბზაცი: „მსაჯულთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა. მთავარმა მოსამართლემ მინდიას ხუთი წლის ციხე გამოუტანა განაჩენად, მაგრამ მთელი რიგი მოვლენების გათვალისწინებით ექვსი თვის იძულებით შეუცვალა.” ტექსტში გვერდების ნუმერაცია, უკვე არაბული ციფრებით, იწყება თავიდან. ისიც ყავისფერი ფანქრითაა ნასწორები. ბოლოს უზის თარიღი.
თეთრი ავტოგრაფის პირველი ორი გვერდი უჭირავს შესავალს. გვერდები რომაული ციფრებითაა დანომრილი. თარიღი, სათაურის შემდეგ, გადაშლილია სხვა კალმისტრით. თარიღის შემდეგ ფანქრით ნაწერი სიტყვები - „ძველად, სასამართლოში” - ეკუთვნის სხვას. ავტოგრაფს ემჩნევა ცენზურის კვალი. რედაქცია, როგორცა ჩანს, ეძიებდა გზებს საბჭოთა სასამართლოში მიმდინარე დიალოგის გასამართლებლად. ამავე მიზეზით, ორი წლის შემდეგ მოქმედება პიესაში „მარინა” გადატანილ იქნა თვითონ მწერლის მიერ თბილისიდან პარიზში. მაგრამ არც ამჯერად გასჭრა „ეშმაკობამ”, ამოიღეს „თვირთვილას” შესავალი, არ დაიბეჭდა პიესა „მარინა”. ტექსტში სხვის მიერ შეტანილი შესწორებები (ეს ეხება სასვენ ნიშნებსაც) და ბოლო გადაშლილი წინადადება „ხევსურებმა გლოვა განაგრძეს” აღდგენილია. დავტოვეთ მხოლოდ „დასტურებთან” ნაცვლად „მოადგილეებისა”. („ტაბლასთან ხევისბერი დარჩა მოადგილეებთან ერთად”). ტექსტის გვერდების ნუმერაცია იწყება თავიდან არაბული ციფრებით. სათაური ფურცლის დასაწყისში, უშუალოდ მოთხრობის წინ, დაწერილია სხვა ხელით. მოთხრობის ბოლოს თარიღი საათების გარეშეა და მთლიანად სხვის მიერაა გადაშლილი. თეთრი ავტოგრაფი მთავრდება შავისაგან განსხვავებული ტექსტით. (იხ. ნაბეჭდი.)
შავი ავტოგრაფის I გვერდზე „გაგიჟებული” თეთრში შეცვლილია „გახელებულით”, „ჰო, ჰო მინდიავ”, შეცვლილია: „ჰო, ჰო, თვირთვილავ”, „მოგზაური” შეცვლილია „ტურისტით” და სხვა. თეთრი ავტოგრაფის მეხუთე გვერდზე გამოკვეთილად შემოდის სალექსო სტრიქონისათვის დამახასიათებელი აბზაცი. (იხ. ნაბეჭდი.)
ხალხის შეძახილი შავ ვარიანტში: „ აბა, მუხლით
ნუ, მეთქი
ჰაი, დედასა. ”
გურამის ბევრ ამხანაგს, რომელიც სკოლის პერიოდში მონაწილეობას იღებდა სასახლიდან ხევსურეთში წასულ ექსპედიციაში, „თვირთვილას” წაკითხვის შემდეგ, გაახსენდა მიცვალებულის პატივსაცემად გამართული დოღი. ამ დოღში 16 წლის გურამმა ყველასათვის მოულოდნელად მიიღო მონაწილეობა.
ლალი მიქელაძე იხსენებს: „მიცვალებულის დოღი იყო, გურამი უეცრად გადააჯდა ცხენს და გააქროლა. ეს აქვს თავის მოთხრობაში აღწერილი. ხევსურეთში ასეთი წესია, რომ ყოველი სოფლის ბოლოს, შეიძლება დასაწყისში, დგას მაგიდა და მხედრებმა გაქროლვისას უნდა ჩაიმუხლონ და იქ დალიონ არაყი დოღის დროს. მახსოვს, გურამმა არ ჩაიმუხლა და ხევსურები გაეკიდნენ. გურამს უნდოდა გაქროლება. როგორც ეტყობა, არ იცოდა მაგათი წესები. ჩვენ ძალიან შეგვეშინდა, ახლა დამავიწყდა, რომელი სოფლის წინ იყო. ამიტომ ვეძებდი მის მოთხრობებს. წავიკითხე და ძალიან გამიხარდა, რომ აი, ზუსტად ის არის, რასაც ჩვენ ვუყურებდით. ჩვენ ვიდექით მოპირდაპირე ფერდობზე და ვნერვიულობდით. როგორ მიაგელვებენ ცხენებს. ახლა გურამი რას ჩაიდენს და ხევსურები რას გააკეთებენ. ღაჯიების გვეშინოდა, აკაწვრა რომ იციან.”
ჯინა მიქაძე იხსენებს: „დმანისში ცხენს მოახტა და დაიწყო ჯირითი. დმანისიც ხომ ქედიანია, სულ ხეობებშია. აი, მაშავერას და ფინეზაურის ქედები. ხან აქ გამოჩნდებოდა, ხან იქ ავარდებოდა. ირინა, საწყალი, რა დღეში იყო... თეთრი ცხენი და გურამი. გავგიჟდი, „თვირთვილა” რომ წავიკითხე. გამახსენდა, სულ მაგაზე იყო ლაპარაკი მაშინ. უცებ მომაგონდა მისი გამოჩენა და დაკარგვა, გამოჩენა და დაკარგვა.”
ხევსურეთის ექსპედიციის თითქმის ყველა წევრს სამუდამოდ დაამახსოვრდა, ცხენის ფაფარს ჩაფრენილი გურამი როგორ დააქროლებდა უბელოს გუდამაყრის ხეობაში.
1950 წლის ზაფხულს ხევსურეთში გურამი შეხვდა ცნობილ მოქანდაკესა და გრაფიკოსს გოგი ოჩიაურს, რომელიც მაშინ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო. იმ დღეების შემდეგ გურამსა და გოგის ერთმანეთთან ურთიერთსიყვარული და პატივისცემა აკავშირებდათ. გოგი ოჩიაური იხსენებს: „მაშინ (იგ. ხევსურეთის ექპედიციის დროს) მე და გურამს ერთად გვეძინა ჩემს კარავში. არავითარი წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო. არც მახსოვს რაზე ვლაპარაკობდით, ოღონდ ძალიან სასიამოვნო იყო. მახსოვს ვკითხე, მამაშენი ვინ არის მეთქი. მეცხვარეო, მითხრა. მერე უკვე თბილისში გავიგე, რომ აკადემიკოსი ყოფილა. ვუსაყვედურე, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მეცხვარეა, აბა ვინ არისო? (მამა მუშაობდა ცხოველთა გენეტიკაში) მერე კიდევ ბევრ რაღაცაზე ვლაპარაკობდით, ყველაფერზე, ხელოვნებისა და ლიტერატურის გარდა. მე თვითონ არ ვიცი, რატომ ვუთხარი გურამს: შენ აუცილებლად მწერალი გამოხვალ. რატომ არ ვუთხარი გურამ თიკანაძეს, რომელიც უფრო ახლო იყო ჩემთან, ან სხვა ვინმეს, ეტყობა, მაშინვე ვიგრძენი რაღაც.”
ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის ჯინა მიქაძის გადმოცემით, მას ხევსურეთში სწორედ გოგი ოჩიაურმა მიაქცევინა გურამზე ყურადღება: როგორ ახტება გურამი ცხენს, როგორ ზის, როგორ ხტება ცხენიდან, როგორ ჯირითობს, როგორი ანტიკური თავი აქვს, როგორი პლასტიკა და სხვა.
ასე რომ, ნახატი 1965 წელს გიორგი შატბერაშვილის მიერ გამოცემული წიგნის ყდაზე: „მოთხრობები. პიესა.” და საფლავის ქვაზე, ბუნებრივად უნდა დაბადებულიყო პირველი შთაბეჭდილებებიდან. გოგი ოჩიაურმა თქვა: „ჩემთვის გურამი განსხვავებული პიროვნება იყო ყველასგან. ის ერთგვარ დისკომფორტსაც კი ქმნიდა ქალაქში ამ განსხვავებულობით. როგორც თორღვა, ხევსურული მითოლოგიის გმირი და ამავე დროს რეალური პიროვნება, ის არ იყო უბრალო კაცი. თორღვას გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს კიდეც მისი ხელდასხმულობის ნიშანი: მარჯვენა ბეჭზე მზე ეხატა, ხოლო მარცხენაზე მთვარე. აი, სწორედ ასეთი გაგება უდევს საფუძვლად ჩემს ნახატს. დააკვირდი, მხედარი თითქოს არ ზის ცხენზე. არც ცხენს და არც მხედარს თითქოს წონა არა აქვთ. ჩემთვის გურამი თავისი ბუნებით წარმართია, შეუგნებლად, ქვეშეცნეულად წარმართი. შემცნობი ყველაფრის, მთელი სამყაროსი ინტუიტურად. ჩემი გაგება გურამის ახლოა ტაბიძისეულ გაგებასთან, რომელიც შენატრის იმ დროს, როდესაც პოეტი იყო ერთდროულად ბედუინი და მეომარი. აი, ასე აღვიქვამ მეც გურამს., არა როგორც მარტო პოეტს, არამედ როგორც პოეტ-ბედუინს, მეომარს. ამიტომ შევსვი ცხენზე, მარჯვნიდან და მარცხნიდან მზე და მთვარე დავუხატე, წმინდა გიორგის ნიშნები, გამორჩეულობის ნიშნად.”
პირველად დაიბეჭდა 1957 წელს „ცისკრის” პირველ ნომერში, შემდგომ წიგნში „სალამურა” 1961 წელს.