Litclub.ge

ვანო ჩემკენ ზურგით დადგა...
ვანო ჩემკენ ზურგით დადგა და ვიღაც ახმახს დაუწყო ლაპარაკი. ვანო დაბალია. ძლივს აგონებდა თავისი წრიპინა ხმით ორად მოხრილ მოსაუბრეს.
მე ვიდექი: ველოდი ახმახის წასვლას, რომ ვანოსთან გამეგრძელებინა ლაპარაკი. ახმახი არ მიდიოდა.
ვერ ვფიქრობდი: მარტო მინდოდა ის წასულიყო და ვანოსთვის დამემტკიცებინა, რომ ხვლიკი ნიანგთა ქვეკლასში შედის. არ ვფიქრობდი, მხოლოდ თავისთავად ვიცოდი, რომ აქ, ჩემ ზევით, ცხოვრობდა რუსიშვილი. მერე ცოდნა გამოიკვეთა თითქოს. ისევ მომაგონდა რუსიშვილი. ის ჩემი ბავშვობის ძმაკაცი იყო. ათი წლის წინ მოკვდა საწყალი. ახლა თან მეცოდებოდა, თან არა. ალბათ, იმიტომ, რომ მის სიკვდილს შევურიგდი. ბევრი დრო გავიდა მის შემდეგ: ათი წელი. ახლა ვდგავარ, არაფერზე არა ვფიქრობ, მხოლოდ ახმახის წასვლას ველოდები, რომ ვანოს დავუმტკიცო ხვლიკის ამბავი. რაღაც შეუცნობლად, უფიქრელად ვიცი, რომ აქ, ამ აივანზე, ცხოვრობდა რუსიშვილი, ჩემი ბავშვობის ძმაკაცი, რომელიც მოკვდა ათი წლის წინ.

1957 წელი. [მარტი]

შენიშვნები

ეს უსათაურო ავტოგრაფი (1-2გვ.) დათარიღებულია ფურცლის ხარისხის, ფორმატის, ხელწერის მიხედვით. თაბახის ფურცლის ბოლოს წერია დაუბოლოებელი წინადადება: “არა მარტო ის, რომ რუსიშვილი...”. ის ტექსტიდან ხაზითაა გამოყოფილი. მოთხრობა არ არის დამთავრებული.
ქვეყნდება პირველად.