ისიც თითქმის ჩვეულებრივი პატარა გოგონა იყო, გამხდარი და აქეთ-იქით გაპრეხილნაწნავებიანი. მხოლოდ ზეაწეულწამწამებიანი ცისფერი თვალები ცოტა უფრო ფართოდ ჰქონდა გახელილი, ვიდრე სხვა გოგონებს აქვთ, და ყველაფერს ცოტა უფრო სხვანაირად ხედავდა, ვიდრე ჩვენ.
აი, მაგალითად, როდესაც ჩვენ ბაღში მივდივართ და ხეს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ხე ან უძრავად დგას, ან არადა მის მწვანე ფოთლებს ნიავი აშრიალებს; ან ჰყვავის, ან ის-ისაა, კოკრები გამოაქვს. ის გოგონა კი ხედავდა, რომ ხის ფოთლებს ნიავი კი არ აშრიალებს, ყუნწებში უღიტინებს და ფოთლები ხტიან, ხითხითებენ, ლამის გული წაუვიდეთ ხითხითისაგან; ის ხედავდა, რომ ხე უბრალოდ კი არ ჰყვავის, ყოველი კვირტი თოთო ბავშვივით იღვიძებს, თვალებს იფშვნეტს, იზმორება და - ტკაც! - ღიმილით უბრწყინდება სახე.
გოგონას კიდევ ისიც შეეძლო, რომ თვალები დაეხუჭა და უფრო მეტი რამ დაენახა, ვიდრე თვალხილული ხედავდა. თვალხილული თავის ოთახს, თავისი ქუჩის სახლებს, არეულ-დარეულ მანქანებს, ადამიანებს და მაღაზიებს ხედავდა, მაგრამ, როდესაც თვალებს დახუჭავდა - უუ! - მაშინ ათას უცნაურ რამეს დაინახავდა. დაინახავდა უკი-დეგანო ლურჯ ოკეანეს, რომელსაც ქათქათაიალქნებიანი გემი მიაპობდა სიმღერით (იალქნები მღეროდნენ); დაინახავდა მზის სხივებით სავსე უღრან ტყეს, რომელშიც ათასნაირი ფერის ჩიტები დაფრინავდნენ და ყველა თავის ხმაზე ეძახდა ერთმანეთს; დაინახავდა მაღალ, შუბის წვერებივით ალესილ მთებს, რომელთა მწვერვალებიდან მწვერვალებზე ყელმოღერებული ჯიხვები გადაქროდნენ შხივილით...
ერთ ზაფხულს ეს გოგონა დედამ და მამამ აგარაკზე წაიყვანეს. აგარაკი შორს იყო. ჩასხდნენ მატარებელში, იარეს, იარეს; მატარებლიდან ჩამოვიდნენ, ავტობუსში გადასხდნენ; ისევ იარეს, იარეს, და ბოლოს, როგორც იყო, მივიდნენ.
სანამ გოგონას ამ აგარაკზე წამოიყვანდნენ, მანამ ის სულ თავის დიდ ქალაქში ცხოვრობდა. დიდ ქალაქებში ხომ ასეა: როგორც კი ღამე დააპირებს მოსვლას, აანთებენ მილიონ ელნათურას და არ შემოუშვებენ. ამ ქალაქშიც ასე იყო: დააპირებდა ღამე მოსვლას, აანთებდნენ მილიონ ელნათურას და დაახევინებდნენ უკან. ნამდვილი ღამე ქალაქელებს არც კი უნახავთ. გოგონასაც არ ენახა და, სანამ ქალაქში ცხოვრობდა, ღამის არც სიყვარულზე უფიქრია, არც სიძულვილზე. უყვარდა სიბნელე, ესე იგი, როდესაც სინათლეს გამორთავდა, - მაშინ მას თვალების დახუჭვაც არ უნდოდა, იწვა და ისე ხედავდა ათასნაირ სურათს, უყვარდა ასეთი სიბნელე, მაგრამ ღამისა არც სიყვარულზე უფიქრია, არც სიძულვილზე.
და, აი, გოგონა უკვე აგარაკზეა. ჩამოდიან ავტობუსიდან და რას ხედავს, აგარაკი ტყეშია, პატარა ლამაზი ხის სახლი, რომელიც გოგონას მამას დაუქირავებია, ვეება შავი ნაძვების ქვეშ დგას. რა თქმა უნდა, ნაძვები სინამდვილეში მწვანეებია, მაგრამ ღამით ხომ ყველაფერი შავად ჩანს - ხეებიც, წყალიც და ცაც! - აქ კი უკვე ღამეა, ნამდვილი ღამე, დაბრუნებულა ნახირი, დაჩუმებულან ფრინველები, მიმწყდარა ადამიანების ფეხის ხმაც. ცაზე მილიონი დიდი ჩახჩახა ვარსკვლავი ანთია და ისინიღა კრუტუნებენ:
- კრუ, კრუ, კრუ!..
რა თქმა უნდა, ეს ვარსკვლავები კი არა, ჭრიჭინები, კალიები და სხვა რაღაც ასეთი მწერები კრუტუნებენ, მაგრამ გოგონას ასე ეჩვენება!.. დედა და მამა ფუსფუსებენ, ბარგს შინ ეზიდებიან, ჩემოდნებს ხსნიან, ოთახს აწყობენ, გოგონა კი აივანზე დგას, ფართოდ გახელილი თვალები უფრო ფართოდ აქვს გახელილი, თანაც უბრწყინავს, უბრწყინავს, შესცქერის დიდ, ჩახჩახა ვარსკვლავებს და ეჩვენება, რომ ვარსკვლავები კრუტუნებენ, ფისუნებივით ჟუტავენ თვალებს და უცინიან ჩუმ-ჩუმად.
დღისით სიცხე ყოფილა. ტოტებდაოსებული ნაძვები სულს ითქვამენ და ერთმანეთს ეკითხებიან ჩურჩულით, როგორ გადაიტანეს დღევანდელი სიცხე, ხომ არაფერი გიჭირთო. არც ერთ ნაძვს არაფერი უჭირდა და სიამოვნებით იზმორებოდნენ, ადიოდნენ მაღლა, იზრდებოდნენ. აი, აივანზე გადმომდგარი გოგონა შეამჩნიეს.
- რა კარგი გოგონაა! რა ლამაზი გოგონაა! - აღტაცებით გადაუჩურჩულებენ ერთმანეთს. - ო, რა ლამაზი გოგონაა! შეხედეთ, შეხედეთ!
გოგონა კი ისევ ვარსკვლავების მზერითაა გართული, ისევ იმ ხმებს უგდებს ყურს:
- კრუ, კრუ კრუ!..
მერე აივნიდან ეზოშიც ჩადის. უნდა, რომ უფრო მეტი ვარსკვლავი დაინახოს. გაშლის წვრილ, გრძელ მკლავებს, დატრიალდება და - უუ!.. - მილიონი ვარსკვლავიც თან მიჰყვება ბრუნვითა და სიცილით.
და უცებ ცას ერთი ვარსკვლავი მოსწყდა. წამოვიდა ელვისებური სისწრაფით, გაიზარდა, გაიზარდა და მთლად დიდი, დიდი, ჩახჩახა, სულ ახლოს, შავი ნაძვების კენწეროების იქით გაუჩინარდა. გოგონა იმ ნაძვებისაკენ გაიქცა. ის ვარსკვლავი ისე ახლოს ჩავარდა, რომ უეჭველად იპოვის! წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერი იქნება, თუ იმ ვარსკვლავს იპოვის! ხანდახან ფეხი უცურდება რბილ, სასიამოვნო და სურნელოვან ხავსზე, წაიფორხილებს, მაგრამ ისევ მალე გაიმართება და მირბის, მირბის. ფართოდ გახელილი თვალები კიდევ უფრო ფართოდ აქვს გახელილი, კიდევ უფრო მეტად უბრწყინავს. სულ ცოტაც, სულ ცოტაც! ვარსკვლავი აქ თუ არა, აი, იმ ბუჩქის უკან მაინც იქნება; აქ თუ არა, აი, იმ ბუჩქის უკან მაინც იქნება აუცილებლად. წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერებაა ვარსკვლავის პოვნა! შეჩერდება, მიიხედ-მოიხედავს და ისევ გარბის ხეების შავად ალანდულ ძირებს შორის...
ვეება ნაძვები და მუხები აქაც აღტაცებით ეჩურჩულებიან ერთმანეთს:
- პატარა ლამაზ გოგონას ღამისა არ ეშინია... პატარა ლამაზ გოგონას ლამაზი კაბა აცვია, ლამაზად აქვს დაწნული თმა! აბა, ფრთხილად, კაბა არ დავუხიოთ, ნაწნავები არ დავუშალოთ!
და ვეება ნაძვები და მუხები შეუმჩნევლად სწევენ ტოტებს, რომ გოგონას კაბა არ დაუხიონ, ნაწნავები არ დაუშალონ. აქეთ-იქით იწევიან ბუჩქებიც. გოგონა კი გარბის, გარბის...
მაგრამ განა როდემდე შეძლებდა სირბილს! დაიღალა და შეჩერდა. უნუგეშოდ იხედებოდა აქეთ-იქით. იყო შავი ხეები, შავი ბუჩქები, ვარსკვლავი კი არ ჩანდა არსად. და მიხვდა, რომ ვერც ვერასოდეს იპოვიდა. საშინლად დასწყდა გული. ხომ შეიძლებოდა, რომ ეპოვა? ო, რა ბედნიერი იქნებოდა მაშინ! ახლა კი... ცრემლებით აევსო ფართოდ გახელილი დიდი ცისფერი თვალები.
ეს დაინახეს ნაძვებმა, ეს დაინახეს ფიჭვებმა, ეს დაინახა თვით მარადნაღვლიანმა ღამემაც... ღამე აქამდე უხმოდ ადევნებდა თვალს. იგი მოხიბლული იყო ამ ლამაზი გოგონათი, რომელსაც სრულიად არ ეშინოდა მისი, და, აი, ახლა, როცა გოგონას ცრემლებით აევსო თვალები, დაბალი, ალერსიანი ხმით თქვა:
- ნუ ტირი, პატარა ლამაზო გოგონავ, შენ იმ ვარსკვლავს ვერ იპოვი. იმ ვარსკვლავს ვერავინ ვერ იპოვის. ის შორს, ზღვაში ჩაეშვა, უზარმაზარმა ნათელთევზამ დაიჭირა და უკვე თავისი შვილების გასართობად მიაქვს. მაგრამ შენ ამაზე გული არ უნდა დაგწყდეს. აბა, დააკვირდი, რამდენი ლამაზი რამაა შენს ირგვლივ. აბა, დააკვირდი, აიხედე მაღლა!
გოგონამ მიმოიხედა, მერე თავი მაღლა ასწია და დიდი, ფართოდ გახელილი თვალები ისევ სიამოვნებით გაუბრწყინდა.
მაღლა, უზარმაზარი ხმელი ფიჭვის დაგრაგნილ ტოტებს შორის, დიდი ყვითელი მთვარე ამოსულიყო, იმ ხმელი ფიჭვის ტოტიდან ტოტზე მხიარული ციყვები ხტოდნენ და ისე მოჩანდა, თითქოს ციყვები მთვარეს ახტებოდნენ ზემოდან. გადახტებოდა ერთი და - ტკრც!.. - გაპრეხილი კუდით ნაპერწკლების მთელ გროვას გაიყოლებდა, გადახტებოდა მეორე - ტკრც!.. - და იმასაც ნაპერწკლების გროვა მიჰყვებოდა თან.
უცებ ციყვებმა გოგონა დაინახეს, შეშფოთებით გადაუსტვინეს ერთმანეთს და ყველანი ერთ ტოტზე გამწკრივდნენ. სხედან ასე მწკრივად და გაოცებული თვალებით მისჩერებიან გოგონას. გოგონამ ხელი მაღლა ასწია, ლამაზად დაუქნია თითები სალმის ნიშნად და გაუღიმა კიდევაც. ამან ციყვები გაახარა. იმათაც სტვენითა და თავის ქნევით მისცეს სალამი და მერე ისევ ტოტიდან ტოტზე ხტუნაობა განაგრძეს; თან ახლა უფრო გულმოდგინედ ხტოდნენ, ხტოდნენ და ჰაერშიც კოტრიალობდნენ სიცილით, რადგან უნდოდათ, ლამაზი გოგონასათვის ეჩვენებინათ, აი, როგორი ყოჩაღები ვართო.
სანამ გოგონა მაღლა იყურებოდა და ციყვების თამაშს ადევნებდა თვალს, ციცინათელების მთელი გუნდი მოფრინდა და მის ირგვლივ დაიწყეს ფრენა. ზოგნი აქეთ-იქით გაპრეხილ ნაწნავებზედაც დაასხდნენ - მწკრივად, მძივივით ლამაზად. და, წარმოიდგინეთ ახლა: ირგვლივ ციცინათელების მთელი გუნდი უვლის და ყოველი ციცინათელა თავის წრეს ხაზავს, ნაწნავებზედაც ციცინათელები გამწკრივებია, ფართოდ გახელილი თვალები სიხარულით უბრწყინავს და გრძელი, წვრილი მკლავები თითქოს გასაფრენად აქვს გაშლილი!..
ღამეს თვითონვე მოსწონს თავისი საქციელი, კეთილად ეღიმება და კიდევ უფრო ლამაზი რამის მოგონებას ცდილობს.
- ახლა წინ წადი, აგერ, იმ ბუჩქებში გაიარე, - ალერსით ეუბნება გოგონას. და გოგონაც მიდის, მიდის და ციცინათელების მთელი გუნდიც თან მიჰყვება. ბუჩქები ტოტებს აქეთ-იქით სწევენ, რომ ლამაზ გოგონას ლამაზი კაბა არ დაუხიონ, ლამაზი ნაწნავები არ დაუშალონ, რომლებზედაც მძივებივით გამწკრივებულან ციცინათელები. გადის ბუჩქების იქით და აღტაცებული ჩერდება კამკამა ტბის პირას. ტბა ვარსკვლავებითა და ოქროს თევზებით არის სავსე. ოქროს თევზები სულ მაღლა ამოდიან, ნელ-ნელა ამოძრავებენ ლაყუჩებს, გაოცებულები შესცქერიან გოგონას, მერე სიხარულით ხტებიან ჰაერში და ტკიცინით ცვივდებიან ტალღებში. ტალღებში მთვარეც ანთია, დიდი, ათახთახებული მთვარე.
- მიდი ახლოს! - ალერსით ეუბნება გოგონას ღამე. და გოგონაც ფრთხილად მიდის ტბის პირას, წაიხრება, ჩაიხედავს შიგ და დაინახავს ციცინათელების მძივებით შემკულ, თავის აქეთ-იქით გაპრეხილ ნაწნავებს; დაინახავს გვირგვინს, რომელიც აგრეთვე ციცინათელებს დაუდგამთ, დაინახავს ფართოდ გახელილ თავის თვალებს...
უცებ ეს ფართოდ გახელილი თვალები უფრო მეტად უფართოვდება: წყალში ქორბუდა ირემი ჩანს. ასწევს თავს და ის ირემიც აიხედავს მაღლა. აღტაცებულები შესცქერიან ერთმანეთს. ირემს ოქროს რქები აქვს, თვალები დილის ჰაერივით უბრწყინავს. გოგონა ხელს გაუწვდის და ირემი მოდის, ნელი ნაბიჯით მოდის, მოვა სულ ახლოს და გრილ დრუნჩს შეახებს თითებზე. გოგონა შუბლზე ხელს ჩამოუსვამს. სულ ახლოს მიიწევს, ტუჩებს თვალებთან მიუტანს და ლამაზ თვალებში კოცნის. მერე კისერზე ხელს შემოხვევს, ლოყით ეხუტება ყბაზე. ირემი თვალებს ლულავს, ოდნავღა ატოკებს მოუსვენარ ყურებს. ციცინათელები ახლა ირმის რქებში ტრიალებენ და თითქოს ისინიც რაღაცას ეჩურჩულებიან ერთმანეთს. ჩუ!.. სადღაც სულ ახლოს ბულბული წამოიწყებს საგალობელს, ვიღაც იცინის. სიამოვნებით იცინის. ეს მარადნაღვლიანი ღამეა. მარადნაღვლიანი ღამე ტკბება ლამაზი პატარა გოგონას მზერით, რომელსაც არ ეჯავრება იგი, არ ეშინია მისი...
მაგრამ ირემი უცებ ყურებს ასცქვეტს, თვალებში წუხილი ჩაუდგება.
- მე უნდა გავიქცე, ადამიანები მოდიან! - ეუბნება გოგონას და ორი ნახტომით შეერევა ტყეს. სანამდე ტყეში შეიმალებოდეს მთლიანად, ერთხელაც მოიხედავს, მოიხედავს და გოგონა შეამჩნევს, რომ თვალები განშორების სევდით აქვს სავსე.
- ჩვენც უნდა დავიმალოთ! - ეუბნებიან გოგონას ციცინათელებიც და ისინიც ერთიმეორის მიყოლებით შეერევიან ტყეს.
გაჩუმდა ბულბულიც. დაბლა-დაბლა მიდიან თევზებიც.
ადამიანები ახლოვდებიან, სულ ახლოდან ისმის მათი ხმა:
- ოუუუ!
- მეც უნდა დაგტოვო, ლამაზო პატარა გოგონავ. ხომ არასოდეს შეგეშინდება ჩემი? - სევდიანი ალერსით ეჩურჩულება ღამე და ნელ-ნელა იწევს უკან. მის ადგილზე კი შემოდის ფარნების შუქი, სხვადასხვანაირი ხმები, დედისა და მამის შეშფოთებული ძახილი:
- თეაუუ!..
- აქა ვარ! - უბრალოდ, მშვიდად უპასუხებს გოგონა და ბუჩქებიდან გადის. ბუჩქები ტოტებს ისწორებენ და ცდილობენ, აღარ გატოკდნენ. მათ წინ, ერთმანეთს მიხუტებულ ბალახებზე, დიდ-დიდი მბრწყინავი წვეთებია დაბნეული და გოგონა ხვდება, რომ ეს ღამის ცრემლებია, ეს მისგან წასული დანაღვლიანებული ღამის ცრემლებია.
- მე მიყვარხარ შენ, ღამევ!
აღმოხდა ძახილი, ძახილი აღტაცებისა თუ შეშფოთებისა, მაგრამ სულ ახლოს მოსულ ადამიანთაგანაც კი არც ერთს არ გაუგონია მისი ხმა.
იმ ღამეს მთელ აგარაკზე თითქმის არავის სძინებია. ყველას აინტერესებდა გოგონას ნახვა, რომელიც ტყეში დაიკარგა და ძლივძლივობით იპოვეს. ყველას უნდოდა გაეგო, რატომ წავიდა გოგონა ისე შორს, ტყეში, და ეშინოდა თუ არა იქ. მაგრამ გოგონა არაფერს ამბობდა; დიდი, ფართოდ გახელილი ცისფერი თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და არაფერს ამბობდა. იცოდა, რომ თუნდაც ეთქვა, რისთვისაც წავიდა ტყეში და რაც ნახა იქ, მაინც არ დაუჯერებდნენ. ის ხომ მართლაც ცოტა სხვანაირად ხედავდა სხვებთან შედარებით! შენ სულ ასე უცნაურად გეჩვენება ყველაფერიო, - და არ დაუჯერებდნენ.
ეს კი ძალიან, ძალიან ცუდია, როცა შენ რაიმე გჯერა და სხვები არ გიჯერებენ.