პირველი თავი
- Quel est cet homme?
- Ha, c’est un bien grand talent, il
fait de sa voix tout ce qu’il veut.
- Il devrait bien, madame s’en
faire une culotte.*
ჩარსკი ერთ-ერთი ძირძველი პეტერბურგელი გახლდათ. ჯერ ოცდაათიც არ შესრულებოდა, ცოლი არ ჰყავდა, სამსახური ტვირთად არ აწვა. აწ განსვენებულმა ბიძამისმა, კარგ დროს ვიცე-გუბერნატორად ნამსახურმა კაცმა, გვარიანი მამული არგუნა. შეიძლებოდა ერთობ უნაღვლო ცხოვრება ჰქონოდა, მაგრამ თავისდა საუბედუროდ ლექსებს წერდა და ბეჭდავდა. ჟურნალებში პოეტს ეძახდნენ, საფარეშოებში - მთხზველს.
მოლექსეებს, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ დიდი უპირატესობანი, რომლებითაც სარგებლობენ ისინი (ვაღიარებ: ჩვენ არ ვიცით, რუს მოლექსეებს თუ სხვა რაიმე განსაკუთრებული უპირატესობანი აქვთ, გარდა იმ უფლებისა, რომ შეუძლიათ ნათესაობითი ბრუნვის ნაცვლად ბრალდებითი იხმარონ და კიდევ ზოგ-ზოგი, ეგრეთ წოდებული პოეტური თავისუფლება გამოიჩინონ), მაინც ამ ხალხს ყოველი უპირატესობის მიუხედავად ვერაფერი შვილი ხეირი და სიამოვნება ხვდება. მოლექსის ყველაზე სავალალო, ყველაზე გაუსაძლისი ჭირია წოდება და მეტსახელი, რომელიც მას დაღად აქვს დასმული და თავის დღეში არ ჩამოეხსნება. საზოგადოება ისეთი თვალით უცქერის, თითქოს თავისი საკუთრება იყოს; მიაჩნია, რომ მოლექსე იმისთვისაა დაბადებული, ს ა რ გ ე ბ ლ ო ბ ა მოუტანოს და ს ი ა მ ო ვ ნ ე- ბ ა მიანიჭოს. მოლექსე სოფლიდან ბრუნდება და პირველი შემხვედრი ამას ეკითხება: რაიმე ახალი ხომ არ ჩამოგვიტანეთ? თავის აბურდულ საქმეებზე, თავისი ძვირფასი ადამიანის სნებაზე დაფიქრდება და მაშინვე უხამსი ღიმილით უხამსად შესძახებენ: ალბათ, რაიმეს თხზავთ! შეუყვარდება ვინმე? მისი ლამაზმანი ინგლისურ მაღაზიაში ალბომს ყიდულობს და უკვე ელეგიებს ელოდება. თითქმის უცნობ ადამიანთან მნიშვნელოვან საქმეზე მოსალაპარაკებლად მივა და ის ადამიანი უკვე თავის შვილიკოს ეძახის და აიძულებს, ამა და ამ კაცის ლექსები წაიკითხოს. ბიჭიც მოლექსეს თვით მისი დამახინჯებული ლექსებით უმასპინძლდება. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ხელობის ყვავილები გახლავთ! ნარ-ეკალი კი როგორიღა უნდა იყოს? ჩარსკი აღიარებდა, მისალმებები, შეკითხვები, ადამიანები და ბიჭები ისე მომყირჭდა, იძულებული ვარ, წამდაუწუმ თავი მოვთოკო, რომ რაიმე სიტლანქე არ გამოვიჩინოო.
ჩარსკი ყოველ ღონეს ხმარობდა ჩამოეშორებინა აუტანელი მეტსახელი. თავის ძმა ლიტრატორთა საზოგადოებას უფრთხოდა და მათ მაღალი წრის ადამიანებს, თვით ყველაზე თავქარიან ადამიანებსაც კი ამჯობინებდა. საუბრობდა ყოვლად ჩვეულებრივად და არასდროს ლიტერატურაზე სიტყვას არ ძრავდა. ნიადაგ სულ უკანასკნელ მოდაზე იცვამდა პეტერბურგში თავის დღეში პირველად ჩამოსული ახალგაზრდა მოსკოველის გაუბედაობითა და ცრუმორწმუნეობით. ქალის საძილე ოთახივით გაწყობილ მის კაბინეტში არაფერი მწერალს არ გაგახსენებდათ. წიგნები არ იყო მიფანტულ-მოფანტული მაგიდებზე და მაგიდების ქვეშ, დივანზე - მელანი დაშხეფებული, არ იყო ის უწესრიგობა, რაიც მეტყველებს, რომ აქ მუზა ბრძანდება და ცოცხი და ჯაგრისი განძევებულა. ჩარსკის სასოწარკვეთილება იპყრობდა, მაღალი წრის რომელიმე მეგობარი რომ კალამმომარჯვებულს წამოადგებოდა თავს. ვერ წარმოიდგენთ, როგორ შეიძლება დაწვრილმანდეს ადამიანი, სხვათა შორის, ნიჭითა და სულით მადლცხებული. ხან ისე მოჰქონდა თავი, ცხენები გაგიჟებით მიყვარსო, ხან თავზე ხელაღებული მოთამაშე ვარო, ხანაც პირის გემოს ზედმიწევნით მცოდნეო, თუმცაღა ვერაფრით ვერ არჩევდა მთის ჯიშის ცხენს არაბული ჯიშის ცხენისგან, არასდროს არ ახსოვდა კოზირი და შემწვარი კარტოფილი ფრანგული სამზარეულოს ათასგვარ გამოგონებას ერჩია გუნებაში. ერთობ მოლხენით ცხოვრობდა; არც ერთ ბალს არ აცდენდა, დიპლომატიურ სადილებზე კუჭს ზომაზე მეტად ივსებდა და ყოველ საღამო-სერობაზე რეზანოვის ნაყინივით უსათუოდ იყო.
მაგრამ ჩარსკი პოეტი გახლდათ და გატაცება მისი დაუოკებელი. ოდეს ს ა ზ ი ზ ღ რ ო ბ ა ეწვეოდა (ამდაგვარად ეძახდა ზეშთაგონებას), კაბინეტში იკეტებოდა და დილიდან შუაღამემდე წერდა. თავის წრფელ მეგობრებს გამოტეხილად ეუბნებოდა ხოლმე, მარტოოდენ ამ დროს ვარ ნამდვილად ბედნიერიო. დანარჩენ ჟამს ილხენდა, რის დროსაც თავპატიჟს იდებდა ხოლმე, ნიღაბს იფარებდა და ყოველ წამს ისმენდა დიდებულ კითხვას: რაიმე ახალი ხომ არ დაგიწერიათ?
ერთ დილას ჩარსკი ისეთ მადლცხებულ სულიერ განწყობაზე გახლდათ, ოდეს ოცნება ხორცშესხმულად გესახებათ წინარე თვალთა და ცოცხალ, მოულოდნელ სიტყვებს ჰპოვებთ მოჩვენებათა თქვენთა განსასხეულებლად, ოდეს ლექსს ადვილად აგვირისტებს კალამი თქვენი და ჟღერადი რითმა მწყობრი აზრისკენ ილტვის. ჩარსკი თავდავიწყებით ნეტარებდა. მისთვის აღარც მაღალი წრე არსებობდა, აღარც მაღალი წრის აზრი და აღარც საკუთარი ახირებანი. იგი ლექსებს წერდა.
უცებ კაბინეტის კარმა დაიჭრიალა და ვიღაცამ თავი შემოყო. ჩარსკი შეტოკდა და მოიღუშა.
განაწყენებულმა, გულში შეაჩვენა თავისი მსახურნი, არასდროს რომ წინკარში არ ისხდნენ და წყენით იკითხა:
- ვინ არის?
უცნობი შემოვიდა.
მაღალ-მაღალი იყო, გამხდარი, ოცდაათიოდე წლისა, შავგვრემანი სახე ჰქონდა, მეტყველი ნაკვთები; თმის შავი ბუწუწებით დაფარული მაღალი გაცრეცილი შუბლი, შავი მბრწყინავი თვალები, კეხიანი ცხვირი და შავ-ყვითელა ჩაცვენილ ლოყებზე შემოვლებული ხშირი წვერი მის უცხოელობაზე მიუთითებდა. ეცვა ნაკერებში უკვე შეთეთრებული შავი ფრაკი, საზაფხულო შარვალი, თუმცა გარეთ შუა შემოდგომა იყო, შავი გაცვეთილი ყელსახვევის ქვეშ მოყვითალო გულისპირზე ყალბი ალმასი უბზინავდა. მის ხაოიან ქუდს, ეტყობოდა, დარიც ენახა და ავდარიც. ეს კაცი რომ ტყეში შეგხვედროდათ, ყაჩაღი გეგონებოდათ, საზოგადოებაში - პოლიტიკური შეთქმული, წინკარში - ელექსირითა და დარიშხანით მოვაჭრე თაღლითი.
- რა გნებავთ? - ფრანგულად ჰკითხა ჩარსკიმ.
- Signor, მიუგო უცხოელმა და მდაბლად დაუკრა თავი. - Lei voglia perdonarmi se...*
ჩარსკის უცხოელისათვის სკამი არ შეუთავაზებია, იგი თვითონ ადგა ზეზე. საუბარი იტალიურ ენაზე გაგრძელდა.
- ნეაპოლელი ხელოვანი გახლავართ, - ამბობდა უცნობი, - გარემოებებმა მაიძულეს, სამშობლოდან წამოვსულიყავი. რუსეთში ჩემი ნიჭის იმედით ჩამოვედი.
ნეაპოლელი აპირებს რამდენიმე კონცერტი გამართოს ვიოლონჩელოთი და კარდაკარ დააქვს ბილეთებიო, - გაიფიქრა ჩარსკიმ. უკვე უნდოდა უცნობისთვის თავისი ოცდახუთი მანეთი მიეცა და რაც შეიძლება ჩქარა დაეხსნა მისგან თავი, მაგრამ ნეაპოლელმა ნათქვამს დაურთო:
- ვიმედოვნებ, Signor, რომ თქვენს თანამოძმეს მეგობრულად გამომიწვდით ხელს და გამაცნობთ ოჯახებს, სადაც თქვენ დაბრძანდებით.
არ შეიძლებოდა ამაზე უფრო ცხადად შეელახათ ჩარსკის პატივმოყვარეობა. მან დიდგულად შეავლო თვალი ადამიანს, თავს რომ მის თანამოძმედ აცხადებდა, ძლივს იოკებდა გულისწყრომას.
- ნება მიბოძეთ, გკითხოთ, ვინ ბრძანდებით და მე თავად ვინ გგონივართ? - ჰკითხა უცნობს.
ნეაპოლელმა წყენა შეამჩნია და ენის მოკიდებით მიუგო:
- Signor, ho creduto... ho sentito... la vostra Eccelenza mi perdonera...
- რა გნებავთ? - ცივად გაუმეორა ჩარსკიმ.
- ბევრი რამ მსმენია თქვენი საკვირველი ნიჭის შესახებ. მწამს, აქაურ ბატონებს პატივად მიაჩნიათ, ყოველგვარად ედგნენ მეოხად თქვენებრ ჩინებულ პოეტს, - მიუგო იტალიელმა, - და ამიტომ გავბედე თქვენთან მოსვლა...
- თქვენ ცდებით, Signor, - შეესიტყვა ჩარსკი. - ჩვენთან არ გახლავთ პოეტების წოდება. ჩვენს პოეტებს ბატონების კალთა არ ხურავთ. ისინი თვითონ გახლავან ბატონები და, თუ ჩვენმა მეცენატებმა (გამჩენმა დალახვროს!) ეს არ უწყიან, მით უარესი მათთვის. ჩვენთან არ არიან ჩამოკონკილი აბატები, რომელთაც მუსიკოსი libretto-ს *შესათხზველად წამოიყვანდა ქუჩიდან. ჩვენი პოეტები ფეხით კარდაკარ არ დადიან და შემწეობას არ ითხოვენ. ისე, თქვენ ალბათ გაგეხუმრნენ ჩემზე, დიდი მოლექსეაო. მართალია, ოდესღაც რამდენიმე უხეირო ეპიგრამა დავწერე, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ბატონ მოლექსეებთან არა მაკავშირებს რა და არც მინდა მაკავშირებდეს.
საბრალო იტალიელი შეცბა. თვალი ირგვლივ მოატარა. იგი განაცვიფრა სურათებმა, მარმარილოს ქანდაკებებმა, გოთურ თაროედებზე განლაგებულმა ძვირფასმა სამშვენისებმა. იაზრა, რომ არაფერი აკავშირებდა მათთან მის წინ მდგომ ამ ქედმაღალ dandy-ს,**რომელსაც ფოჩიანი ფარჩის სკუფია ეხურა, ოქროსფერი ჩინური ხალათი ემოსა, წელზე თურქული შალი შემოეხვია, და საბრალო მოხეტიალე მსახიობს, გაცვეთილი ყელსახვევისა და გაქუცული ფრაკის პატრონს. ნეაპოლელმა რამდენჯერმე უთავბოლოდ მოიბოდიშა, ჩარსკის თავი დაუკრა და უნდოდა გასულიყო. მისმა საცოდავმა შესახედაობამ ააღელვა ჩარსკი, რომელსაც ხასიათის წვრილმან თავისებურებათა მიუხედავად გული სათნო და კეთილშობილი ჰქონდა. მას შერცხვა, თავმოყვარეობამ რომ გააღიზიანა.
- კი, მაგრამ სად მიბრძანდებით? - უთხრა იტალიელს, - მოიცათ... მე ჩემს დაუმსახურებელ წოდებაზე უნდა მეთქვა უარი და გამოგტყდომოდით, რომ პოეტი არა ვარ. ახლა თქვენს საქმეებს მივხედოთ. მზად ვარ შემწეობა აღმოგიჩინოთ, რაც კი შესაძლებელი იქნება. მუსიკოსი ბრძანდებით?
- არა, Eccelenza!- მიუგო იტალიელმა. - მე ღარიბი იმპროვიზატორი ვარ.
ჩარსკიმ იგრძნო, რარიგ ულმობლად მოექცა უცნობს და წამოიძახა:
- იმპროვიზატორი! - რატომ ადრევე არ მითხარით, რომ იმპროვიზატორი ბრძანდებოდით, - ჩარსკიმ გულწრფელი სინანულის გრძნობით ჩამოართვა იტალიელს ხელი.
ჩარსკის მეგობრულმა იერმა იტალიელს გული გაუმაგრა. იგი ალალმართლად მოჰყვა, რა განზრახვები ჰქონდა. მისი გარეგნობა არ ყოფილა მოჩვენებითი, იტალიელს ფული სჭირდებოდა და იმედი ჰქონდა, რუსეთში როგორმე გამოეკეთებინა თავისი ოჯახური მდგომარეობა. ჩარსკიმ ყურადღებით მოუსმინა.
- ვიმედოვნებ, წარმატება გექნებათ, - უთხრა ბეჩავ ხელოვანს. - აქაურ საზოგადოებას ჯერ არასდროს მოუსმენია იმპროვიზატორისთვის. ცნობისმოყვარეობა აღიძვრება. მართალია, იტალიურად ჩვენში არ ლაპარაკობენ, ვერ გაგიგებენ, მაგრამ არა უშავს. მთავარია მოდაში იყოთ.
- კი მაგრამ, თუკი იტალიური ენა არავის გაეგება, - უთხრა შეფიქრიანებულმა იმპროვიზატორმა, - ვინღა წამოვა ჩემს მოსასმენად?
- წამოვლენ, დარდი ნუ გაქვთ. ზოგი ცნობისმოყვარეობის გამო, სხვები იმისათვის, რომ საღამო როგორმე გაატარონ, მესამენიც იმის საჩვენებლად - იტალიური გვესმისო. ვიმეორებ, საჭიროა მხოლოდ მოდაში იყოთ, მოდაში კი ნამდვილად იქნებით, აი, თქვენი ხმალი და ჩემი კისერი.
ჩარსკიმ იმპროვიზატორს მისამართი გამოართვა და თბილად გამოემშვიდობა. მან იმავე საღამოს დაიწყო იტალიელზე ზრუნვა.
მეორე თავი
ვარ მეფე, ვარ მონა, ვარ ჭია, ვარ ღმერთი.
დერჟავინი.
მეორე დღეს ჩარსკი ტრაქტირის ბნელ და ჭუჭყიან დერეფანში ოცდამეთხუთმეტე ნომერს ეძებდა. იგი ერთ კართან შეჩერდა და დააკაკუნა. კარი გუშინდელმა იტალიელმა გაუღო.
- თავი ქუდში გაქვთ! - უთხრა ჩარსკიმ. - თქვენი საქმე გაიჩარხა. თავადის ქალი *თავის დარბაზს გაძლევთ, გუშინ რაუტზე ნახევარი პეტერბურგის მომხრობა მოვასწარი. ბეჭდეთ ბილეთები და განცხადებანი, თავდებად გიდგებით, თუ ტრიუმფი არა, ხეირი მაინც გექნებათ...
- მთავარი კი ესაა! - შეჰყვირა იტალიელმა და სიხარული მასავით სამხრეთული მოდგმის ადამიანთათვის ნიშანდობლივი სხარტი მოძრაობით გამოხატა. - ვიცოდი, ხელს გამომიწვდიდით. Corppo di Bacco!თქვენ, ჩემი არ იყოს, პოეტი ბრძანდებით, ხოლო პოეტები, რაც უნდა ითქვას, დიდებული ხალხია. როგორ გადაგიხადოთ მადლობა? მოიცათ... გნებავთ იმპროვიზაცია მოისმინოთ?
- იმპროვიზაცია!.. განა შეგიძლიათ საზოგადოების, მუსიკის, მქუხარე ტაშის გარეშე?
- რასა ბრძანებთ, რას ბრძანებთ! უკეთეს საზოგადოებას სად ვნახავ. თქვენ პოეტი ბრძანდებით, იმათზე უკეთ გამიგებთ და თქვენი ჩუმი გამხნევება მთელ ტაშის ქუხილზე უფრო მეძვირფასება. სადმე დაბრძანდით და მომეცით თემა.
ჩარსკი ჩემოდანზე ჩამოჯდა (ვიწრო სენაკში ორი სკამი იდგა, მაგრამ ერთი დამტვრეული იყო, მეორეზე ქაღალდები და თეთრეული დაეზვინათ). იმპროვიზატორმა მაგიდიდან გიტარა აიღო და ჩარსკის წინ დადგა. იგი გაჩხინკული თითებით სიმებს ახმიანებდა და ჩარსკის შეკვეთას ელოდა.
- აი, თემა, - უთხრა ჩარსკიმ. - პ ო ე ტ ი თ ვ ი თ ო ნ ა რ ჩ ე ვ ს თ ა ვ ი ს ი ს ი მ ღ ე რ ე ბ ი ს ს ა გ ა ნ ს. ბ რ ბ ო ს ა რ ა ა ქ ვ ს უ ფ ლ ე ბ ა მ ი ს ი შ თ ა გ ო- ნ ე ბ ი ს წ ა რ მ ა რ თ ვ ი ს ა.
იტალიელს თვალები გაუბრწყინდა, რამდენიმე აკორდი აიღო, ამაყად ასწია თავი და მის ბაგეებს ხმაშეწყობილად მოსწყდნენ მგზნებარე სტროფნი, წამიერი გრძნობის გამომხატველნი... აი, ისინი თავისუფლად გადმოცემულნი ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის მიერ იმ სიტყვებით, რომელნიც ჩარსკის მეხსიერებას შემორჩა...
მოდის პოეტი, მოდის თავისთვის,
თითქოს უცხო რამ სასწაულს ელის.
აიღო თავი. მოულოდნელად
ვიღაც გამვლელი აჩერებს ხელით:
- ძლივს სიმაღლეთა მპყრობელი გახდი,
მწვერვალზე ახველ გულუშიშარი,
მაგრამ დაეძებ სხვანაირ სახმილს
და უკვე დაბლა ჩასვლას იჩქარი.
გზარავს ქვეყანა ამოდ სანახი,
დაღლილხარ მუდამ ფიქრდაუღლელი.
ის, რაიც გროშის ფასად არა ღირს
რატომ გაღელვებს, რატომ უმღერი?
გენიამ უნდა ცისკენ ისწრაფოს
და მოვალეა ნაღდი პოეტი -
შთაგონებული სიმღერისათვის
ამაღლებული პოვოს ყოველთვის.
ქარი ხრამებში რატომ უბერავს,
რატომ ერთობა ფოთოლთა ფენით?
ოდეს ხომალდი ზღვის წყნარ უბეში
მის ძალუმ ქროლვას წამი-წამ ელის.
ან არწივს რატომ ურჩევნის მთები,
ან ზოგჯერ მძიმე ვეება ფრთებით
რისთვის გადიფრენს ციხეთა ახლოს?
რას დაჰყეფს, დაბლა რა უნდა ნახოს?
ან დეზდემონას ველური ზანგის
რად შეეყარა ტრფიალის ბანგი,
ვით მთვარეს - ტრფობა კუნაპეტ ღამის?
რა იდუმალის ესწრაფვის პოვნას
ქალწულის ლტოლვა და ქარის ქროლვა,
არავინაა გამგები ამის.
ვით აკვილონი -
ნაღდი პოეტიც
საკუთარ ნებას მისდევს ყოველთვის,
ის არწივია - იუფლებს სივრცეს
და ნუ ვიკითხავთ რისთვის და რატომ...
ან დეზდემონა რაგვარად ირჩევს
თავისი გულის სწორსა და ბატონს.*
იტალიელი გაჩუმდა... ჩარსკი ხმას არ იღებდა სახტად დარჩენილი და გრძნობამორეული.
- აბა? - ჰკითხა იმპროვიზატორმა.
ჩარსკიმ ხელზე ხელი ჩაავლო და მოუჭირა.
- აბა? - ჰკითხა იმპროვიზატორმა, - როგორია?
- განსაცვიფრებელია, - მიუგო პოეტმა. - როგორ! უცხო აზრი როგორც კი მისწვდა თქვენს სმენას, თქვენი საკუთრება გახდა, თითქოს გატაცებული ყოფილიყავით მით, თავს ევლებოდით, ავითარებდით განუწყვეტლივ. ამრიგად, თქვენთვის არ არსებობს არც გარჯა, არც გაგულგრილება, არც ეს ზეშთაგონების წინამორბედი შფოთვა... საკვირველია, საკვირველი!..
იმპროვიზატორმა მიუგო:
- ყოველი ნიჭი ამოუხსნელი რამაა. როგორ ჭვრეტს მოქანდაკე კარარის მარმარილოს ნატეხში ჩამალულ იუპიტერს, საჭრისითა და ჩაქუჩით გარსს უმსხვრევს და დღის ნათელს ჰფენს? პოეტის თავიდან რად ილტვის აზრი, უკვე ოთხი რითმით აღჭურვილი, მწყობრი, ერთსახოვანი მუხლებით ჩამოქნილი? თვით იმპროვიზატორის გარდა აგრერიგად არავის შეუძლია ჩასწვდეს შთაბეჭდილებათა ამ სისწრაფეს, ამ მჭიდრო კავშირს საკუთარ აღმაფრენასა და სხვის გარეგან ნებას შორის. თვითონ მეც ამაოდ მოვინდომებდი ამის ახსნას. მაგრამ... ჩემს პირველ საღამოზე უნდა დავფიქრდე, თქვენ როგორ მიგაჩნიათ? რა ფასიანი უნდა იყოს ბილეთი, რომ საზოგადოებას არ ემძიმოს და არც მე წავაგო? ამბობენ la signora Catalaniოცდახუთ-ოცდახუთ მანეთს იღებდაო. ფასი კარგია...
არ ესიამოვნა ჩარსკის, პოეზიის მწვერვალიდან უცებ კანტორის მოსამსახურის დახლთან რომ მოხვდა, მაგრამ ერთობ კარგად ესმოდა ცხოვრების საჭიროებანი და იტალიელთან ერთად ვაჭრულ ანგარიშებში ჩაერთო. იტალიელმა ამ შემთხვევაში ისეთი გაუგონარი სიხარბე, მოგებისადმი ისეთი მიამიტური სიყვარული გამოავლინა, ჩარსკის თავი შეაზიზღა. ჩარსკიც დაეშურა გასცლოდა მას, რათა სავსებით არ გაქრობოდა ბრწყინვალე იმპროვიზატორის მიერ მონიჭებული აღტაცების გრძნობა. შეურვებულმა იტალიელმა ვერ შეამჩნია ეს ცვლილება და პოეტს დერეფანში და კიბეზე გამოჰყვა, გზადაგზა მიწამდე ხრიდა თავს და არწმუნებდა, სამარადჟამოდ თქვენი მადლიერი ვიქნებიო.
მესამე თავი
ბილეთის ფასი 10 მანეთი; დასაწყისი 7 საათზე.
აფიშა
თავადის ქალი **-ის დარბაზი იმპროვიზატორს დაეთმო. გამართეს სცენა. სკამები თორმეტ რიგად ჩაამწკრივეს. დანიშნულ დღეს საღამოს შვიდ საათზე დარბაზი გაანათეს, კართან ბილეთების გასაყიდად და მისაღებად დადგმულ პატარა მაგიდას უჯდა გრძელცხვირა მოხუცი ქალი. მას ფრთებგადატეხილი ნაცრისფერი ქუდი ეხურა და ყველა თითზე ბეჭედი ეკეთა. შესასვლელთან ჟანდარმები იდგნენ. საზოგადოებამ შეკრება დაიწყო. ჩარსკი ერთ-ერთი პირველი მოვიდა: ის ფრიად იღვწოდა წარმოდგენის წარმატებისათვის და უნდოდა იმპროვიზატორი ენახა, რომ გაეგო, კმაყოფილი იყო თუ არა ყოველივეთი. ჩარსკიმ იგი გვერდითა ოთახში იპოვა. იტალიელი მოუთმენლად დაჰყურებდა საათს, სათეატროდ ეცვა, თავიდან ფეხებამდე შავით შემოსილიყო. პერანგის მაქმანის საყელო უკან გადაეწია, შიშველი კისერი უცნაური სითეთრით მკაფიოდ განერჩეოდა ხშირი და შავი წვერისაგან. ბუწუწებად ჩამოშლილი თმა შუბლსა და წარბებს უფარავდა. ეს ყოველივე სრულებით არ ეჭაშნიკა ჩარსკის, რომელსაც არ სიამოვნებდა პოეტის ხილვა გზად შემოვლილი ოინბაზის სამოსში. იტალიელთან ხანმოკლე საუბრის შემდეგ დარბაზში დაბრუნდა. დარბაზი უფრო და უფრო ივსებოდა. მალე სავარძლების ყველა რიგი ბრწყინვალე ბანოვანებმა დაიკავეს. კაცები შემჭიდროვებულად ჩადგნენ სცენასთან, კედლების გაყოლებაზე და ბოლო სკამების უკან. მუსიკოსებმა თავიანთი პიუპიტრებითურთ სცენის ორივე მხარე დაიჭირეს. შუაში მაგიდაზე ფაიფურის ლარნაკი იდგა. ხალხი ბლომად შემოკრბა. ყველას სული კბილით ეჭირა წარმოდგენის დაწყებამდე. ბოლოს, რვის ნახევარზე მუსიკოსები აფუთფუთდნენ, მოიმარჯვეს ხემები და ააჟღერეს “ტანკრედის” უვერტიურა... ყოველი დალაგდა და დაცხრა - ჩაიგრიალეს უვერტიურის უკანასკნელმა ბგერებმა და იმპროვიზატორი, რომელსაც ყოველი მხრიდან ყურთასმენის წამღები ტაში დაუკრეს, ზედ სცენის კიდეს მიუახლოვდა, გზადაგზა მდაბლად ხრიდა თავს.
ჩარსკი მღელვარებით ელოდა, რა შთაბეჭდილებას დატოვებდა პირველი წუთი, მაგრამ შეამჩნია, რომ იტალიელის ჩაცმულობამ, რომელიც თვითონ ესოდენ საჩოთიროდ მოეჩვენა, საზოგადოებაზე იგივე ზემოქმედება არ იქონია, რაც მასზე მოახდინა. თვითონ სრულიად ვერაფერი დაინახა სასაცილო ამ ჩაცმულობაში, როცა იტალიელი სცენაზე იხილა ფერმიხდილი და უამრავი ლამპითა და სანთლით გაჩირაღდნებული. ტაში ჩაცხრა, ლაპარაკიც მიყუჩდა... იტალიელი ბატონ დამსწრეთ უხეირო ფრანგულით გამოელაპარაკა. სთხოვა, რამდენიმე თემა განსაკუთრებულ ქაღალდებზე ჩამოწერეთო და მომინიშნეთო. ამ მოულოდნელ მიმართვაზე ყველამ მდუმარედ გადახედა ერთმანეთს, იმპროვიზატორს არავინ არაფერს უპასუხებდა. იტალიელმა მცირე ხნით შეიცადა და მოკრძალებული წყნარი ხმით გაიმეორა თხოვნა. ჩარსკი ზედ სცენასთან იდგა, იგი აწრიალდა, წინასწარ გრძნობდა, რომ უმისოდ საქმე არ გამოვიდოდა და იძულებული იქნებოდა, თავისი თემა დაეწერა. მართლაც, რამდენიმე ბანოვანის თავი მისკენ მიბრუნდა, ჯერ ხმადაბლა უხმეს, შემდეგ უფრო და უფრო მოუმატეს ხმას. ჩარსკის სახელი რომ გაიგონა იმპროვიზატორმა, თვალით მოძებნა იგი და მეგობრული ღიმილით მიაწოდა ფანქარი და ქაღალდის ნახევი. ამ კომედიაში როლის შესრულება ჩარსკის სრულიადაც არ ეჭაშნიკა, მაგრამ რა ჩარა იყო; იტალიელს ფანქარი და ქაღალდი გამოართვა და რამდენიმე სიტყვა დაწერა. იტალიელმა მაგიდიდან ლარნაკი აიღო, სცენიდან ჩამოვიდა და ჩარსკის მიუტანა. ჩარსკიმ ლარნაკში თავისი თემა ჩააგდო. ჩარსკის მაგალითმა ზეგავლენა მოახდინა. ორმა ჟურნალისტმა, როგორც ლიტერატორმა, თავის მოვალეობად მიიჩნია, თითო თემის დაწერა. ლარნაკში თავიანთი დახვეული ქაღალდები ჩაყარეს ნეაპოლის საელჩოს მდივანმა და ახალგაზრდა დიპლომატმა, რომელიც ცოტა ხნის წინათ დაბრუნებულიყო მოგზაურობიდან და სულ ფლორენციას აბოდებდა. ბოლოს ერთმა შეუხედავმა თვალცრემლიანმა ქალწულმა დედის ბრძანებით რამდენიმე სტრიქონი დაწერა იტალიურად, სახე აელეწა და ნაწერი იმპროვიზატორს გადასცა. ბანოვანები ამასობაში მას მდუმარედ, ოდნავ შესამჩნევი ჩაცინებით უცქეროდნენ. იმპროვიზატორი სცენაზე დაბრუნდა და ლარნაკი მაგიდაზე დადგა. ის ლარნაკიდან ქაღალდებს ზედიზედ იღებდა და ხმამაღლა კითხულობდა:
ჩენჩის ოჯახი.
(La famiglia dei Cenci.)
L’ultimo giorno di Pompe?a.
Cleopatra e i suoi amanti.
La primavera veduta da una prigione
Il trionfo di Tasso.*
- რას მიბრძანებს პატივცემული საზოგადოება? - იკითხა თვინიერმა იტალიელმა. - თვითონ შემირჩევს ერთ-ერთს შემოთავაზებულ საგანთაგან, თუ ამ საკითხს კენჭის ყრით გადაწყვეტს?..
- კენჭი ვუყაროთ!.. - გაისმა ვიღაცის ხმა.
- კენჭი ვუყაროთ, კენჭი! - გაიმეორა საზოგადოებამ.
იმპროვიზატორმა კვლავ ჩამოიტანა სცენიდან ლარნაკი და იკითხა, ვის ნებავს ქაღალდის ამოღებაო? მან მავედრებელი მზერა მოავლო პირველ რიგს. იქვე მსხდომ ბრწყინვალე ბანოვანთაგან არავინ გატოკებულა. ჩრდილოურ გულგრილობას შეუჩვეველი იმპროვიზატორი, ეტყობოდა, იტანჯებოდა... განზე თვალი მოჰკრა პატარა თეთრი თათმანით მოსილ მაღლა აწეულ ხელს. იგი ცოცხლად შემოტრიალდა და მივიდა მეორე რიგის განაპირას მჯდომ ახალგაზრდა დიდებულ მზეთუნახავთან. მზეთუნახავი სრულიად თამამად წამოდგა, ლარნაკში მეტად უბრალოდ ჩაყო არისტოკრატული ხელი და დახვეული ქაღალდი ამოიღო.
- გთხოვთ გაშალოთ და წაიკითხოთ, - უთხრა იმპროვიზატორმა.
მზეთუნახავმა ქაღალდი გაშალა და წაიკითხა:
- Cleopatra e i suoi amanti.**
ეს სიტყვები ჩუმად წარმოთქვა, მაგრამ დარბაზში ისეთი სიწყნარე სუფევდა, ყველამ გაიგონა. იმპროვიზატორმა ლამაზ ბანოვანს მდაბლად დაუკრა თავი უდიდესი მადლიერებით და სცენაზე დაბრუნდა.
- ბატონებო, - მიმართა საზოგადოებას, - კენჭის ყრის შედეგად ჩემი იმპროვიზაციის საგანია კლეოპატრა და მისი საყვარლები. პიროვნებას, ვინც ეს თემა აირჩია, უმორჩილესად ვთხოვ ამიხსნას, თავისი აზრი: რომელი საყვარლები იგულისხმება აქ, perche la grande regina n’aveva molto... *
ამ სიტყვების გაგონებაზე ბევრმა მამაკაცმა ხმამაღლა გაიცინა, იმპროვიზატორი, ცოტა არ იყოს, შეცბა.
- მე ვისურვებდი გამეგო, - განაგრძო მან, - რომელ ისტორიულ მოვლენას მიანიშნებდა ამ თემის ამომრჩევი პიროვნება... ფრიად მადლობელი დავშთები, თუკი ამის ახსნას ინებებს.
არავინ ეშურებოდა ეპასუხა. რამდენიმე ბანოვანმა თვალი მიაპყრო შეუხედავ ქალიშვილს, რომელმაც თემა დედის ბრძანებით დაწერა. საბრალო ქალიშვილმა არაკეთილგანწყობილი ყურადღება შეამჩნია და ისე შეცბა, წამწამებზე ცრემლი დაეკიდა... ჩარსკიმ ეს ვეღარ აიტანა და იმპროვიზატორს იტალიურად უთხრა:
- თემა მე შემოგთავაზეთ. მხედველობაში მქონდა ცნობა ავრელიუს ვიქტორისა, რომელიც წერს, თითქოს კლეოპატრამ სიკვდილი დააწესა თავისი სიყვარულის სანაცვლოდ და რომ გამოჩნდნენ მოთაყვანენი, რომელნიც ასეთმა პირობამ ვერ შეაშინა და ვერ აქცევინაო ზურგი... მაგრამ, მე მგონია, საგანი, ცოტა არ იყოს, საძნელოა... სხვას ხომ არ ამოირჩევთ?..
მაგრამ იმპროვიზატორი უკვე გრძნობდა ღვთაების მოახლოებას... მუსიკოსებს ნიშანი მისცა, დაუკარითო... სახე მიწისფერი გაუხდა, ციებცხელებიანივით ათრთოლდა, თვალები უცნაური ცეცხლით აუგიზგიზდა. ხელით აიწია შავი თმა, ოფლით დაცვარული მაღალი შუბლი ცხვირსახოცით მოიწმინდა... და წადგა ბიჯი, ხელები მკერდზე დაიკრიფა... მუსიკა მიწყდა... დაიწყო იმპროვიზაცია.
ენთო დარბაზი, გუნდი მღეროდა,
ხმებს მიჰყვებოდა საკრავთა ჰანგი
და დედოფალი ანთებულ მზერით
ხალისს მატებდა მხიარულ ნადიმს.
მერმე აიღო ოქროს ფიალა -
თითქოს შიგ რაღაც იხილა ავი;
სახეს დაეცა ჩრდილი მთლიანად
და ძირს ჩაჰკიდა ლამაზი თავი.
უეცრად დაცხრნენ მონადიმენი,
მოდგა დუმილი ყოველი მხრიდან
და დედოფალმა მცირე ხნის მერმე
ასწია თავი და ბრძანა მშვიდად:
სიყვარულს ჩემსას მიელტვით, ვიცი,
ყველა, ვინც ახლა აქაა ირგვლივ;
პირობა ჩემი იქნება მტკიცე,
თანასწორობის გთავაზობთ გვირგვინს:
ვყიდი სიყვარულს!
არავის, არსად
არ მოსწრებია ამგვარი რამე,
თქვით, რომელს ნებავს სიცოცხლის ფასად
იყიდოს ჩემი მხურვალე ღამე?
ზარი დაეცა უეცრად ყველას,
გულები მძლავრმა მოიცვა ვნებამ
და დედოფალი უჩუმრად ღელავს,
თუმცა სახეზე კადნიერება
გადაჰფენია.
დაცინვით მკვეთრით
უმზერს დარბაზში შეკრებილ აშიკთ.
უცებ ხალხის წინ გამოდის ერთი
და კიდევ ორი მოჰყვება ვაჟი.
გულუშიშარად მოდის სამივე
და დედოფალიც გამოეგება...
მორჩა, წინ სამი მწველი ღამეა,
სამივ სიკვდილის საწოლზე წვება!
შეძრწუნებულმა უცნაურ ამბით
ხალხმა უნებურ თავი დახარა.
საბედისწერო საწყაოს ირგვლივ
მოდგა სამივე წილის საყარად.
ფლავიუს იყო მათში პირველი,
გმირი ქველობით გასაკვირველი.
თურმე მეუღლის მზვაობრობისგან
სული უწუხდა დღე და მოსწრება
და როგორც ომში, სისხლის ჩქერალში
გადეშვებოდა ხოლმე მღერალი -
ისე მიიღო ეს გამოწვევაც.
მას მერმე წარსდგა ბრძენი კრიტონი,
დიდ ეპიკურეს ყრმა მიმდევარი,
ის, ვინც უმღერდა ამურს, კიპრიდას
და იყო მათთვის ღამის მთევარი...
ხოლო მესამე -
ღვთაების მსგავსი,
ვით გაზაფხულის პირველი გაშლა,
მისი სახელი აღარვის ახსოვს,
ამწვანებოდა ულვაში ახლად;
თვალებში ენთო შუქი გრძნეული,
მთლად აღტაცებად იყო ქცეული.
უდუღდა გულში ჭაბუკურ ვნების
ჯერ განუცდელი მხურვალე ალი
და დედოფალმა იდუმალ ნებით
სწორედ ამ ჭაბუკს დაადგა თვალი.
- ვფიცავ შენს სახელს, განცხრომის ღმერთავ,
რომ ხარკი გელის ჯერარნახული,
რომ სარეცელზე ამ ვაჟთან ერთად
ვიქნები მხოლოდ შენი მსახური.
მომაპყარ თვალი, კიპრიდავ მძლავრო,
და თქვენც იხილეთ, ღმერთნო ჰადესის -
ღამე, რომელსაც ალერსით გავლევ...
ამბორით, ცეცხლზე უმხურვალესით
დავაგზნებ ყოვლის დამბუგავ ვნებას -
სანამ რიჟრაჟი გაკრთება დილის,
დავდნები, როგორც შანდალში ცვილი...
... და ვფიცავ, დილა რომ აენთება
და ქვეყნად გაშლის სხივების ყვავილს, -
რიჟრაჟთან ერთად მოიკვეთება
ამ ბედნიერი ვაჟკაცის თავი...