ლორდ სენტ-საიმონის ქორწინება ძალიან უცნაურად დასრულდა, მაგრამ იმ წარჩინებულ წრეში, რომელშიც თვითონ უბედური საქმრო ტრიალებდა, ამ ამბავზე მითქმა-მოთქმა დიდი ხანია შეწყდა. უფრო შფოთიანმა და აურზაურის გამომწვევმა პიკანტურმა დეტალებმა და ამბებმა დავიწყების ფერფლით დაფარა ლორდ სენტ-საიმონის ქორწინების გარშემო ატეხილი ჭორები და ლაქლაქი, მით უმეტეს, რომ მას მერე ბარე ოთხმა წელიწადმა განვლო. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ფართო საზოგადოებრიობისათვის ამ ამბის გარშემო არსებული ყველა ფაქტი ცნობილი არ არის. ვინაიდან ეს საქმე ჩემმა მეგობარმა გამოიძია და ყოველივეს მან მოჰფინა ნათელი, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია ჰოლმსის თავგადასავალს, მისი სრულყოფის მიზნით, კიდევ ერთი მოთხრობა დავუმატო.
თვითონ ჩემს ქორწინებამდე რამდენიმე კვირით ადრე, - მაშინ ჯერ კიდევ ჰოლმსთან ერთად, ერთ ჭერქვეშ, ბეიკერსტრიტზე ვცხოვრობდი, - ჩემი მეგობარი ნასადილევს სასეირნოდ გავიდა. შინმობრუნებულს, მის სახელზე, მაგიდაზე დადებული წერილი დაუხვდა. მე მთელი ის დღე შინ გავატარე, ვინაიდან ამინდი უცებ შეიცვალა, ცა მოიქუფრა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ავღანეთიდან საკუთარი ფეხით წამოღებულ ძვირფას რელიქვიას - ტყვიასა და ნაჭრილობევს მეტიც არ უნდოდა, თავი შემახსენა და მთელი დღე ყრუ ტკივილები მტანჯავდა. სავარძელში მოვკალათდი, ფეხი ფეხზე გადავიდე და ყოველდღიური საჭირბოროტო ამბებით გადაჭრელებული გაზეთების კითხვას შევუდექი. კითხვა რომ მომწყინდა, თვალი მაგიდაზე დადებული წერილისაკენ გამექცა. კონვერტზე გამოსახული უზარმაზარი ღერბი და მონოგრამა მზერას თავისთავად იტაცებდა და თავი საგონებელს მივეცი. ნეტავ რომელ ბობოლასთან აქვს მიმოწერა-მეთქი, სულ იმას ვფიქრობდი.
- ვიღაც მაღალი წრის კაცის ნამოღვაწარი ეპისტოლე გელით. აი, იქ მაგიდაზე დევს, - შევეხმიანე ჰოლმსს, როგორც კი ოთახში შემოვიდა. - თუ მეხსიერება არა მღალატობს, გარდა ამ უსტარისა, დილით თევზით მოვაჭრისა და ნავსადგურის საბაჭო მოხელის წერილებიც მოგივიდათ.
- მთელი სიხალისე სწორედ კორესპონდენციების მრავალფეროვნებაშია, - მითხრა გაღიმებულმა ჰოლმსმა, - და ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანების წერილები უფრო საინტერესოა ხოლმე. ამ წერილში კი, მიპატიჟების ბარათი უნდა იყოს და, ალბათ ისეთ ადგილას მიმიწვევენ, სადაც ან მოწყენილობა მომკლავს, ანდა სადაც აუცილებლად უნდა ვიცრუო.
მან დალუქული კონვერტი გახსნა და წერილი თვალის დახამხამებაში გადაიკითხა.
- რაღაც საინტერესო ამბავი უნდა იყოს, - თქვა ჰოლმსმა.
- მაშ, მიწვევის ბარათი არა ყოფილა?
- არა.
- და ვიღაც დიდგვაროვნის პირადი წერილია, არა?
- დიახ.
- გილოცავთ, ჩემო ძვირფასო მეგობარო.
- მერწმუნეთ, უოტსონ, გულწრფელად გთხოვთ ჩემს ნათქვამს მოჩვენებით სიტყვებად ნუ მიიღებთ. გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ მე კლიენტის საზოგადოებრივ მდგომარეობაზე უფრო მაღლა იმ შემთხვევისა თუ ამბის ისტორიას ვაყენებ, რომელიც მას თავს გადახდა. ეს შემთხვევა კი, მართლაც, ცხოველი ინტერესის აღმძვრელი უნდა იყოს. მე მგონია, ამ ბოლო დროს, თქვენ დიდი გულისყურით კითხულობდით გაზეთებს.
- მეც ასე მგონია, - ვთქვი ნაღვლიანად და კუთხეში დაყრილ გაზეთების დასტაზე ვანიშნე, - ან კი მეტი რა საქმე მქონდა.
- ბედად, იქნებ, სწორედ თქვენ გქონდეთ წაკითხული ამ ამბის გარშემო გამოქვეყნებული მასალები, თორემ მე ხომ კრიმინალური საქმეებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა თაობაზე გაზეთების პირველ გვერდებზე მოთავსებული განცხადებების გარდა აღარაფერს ვკითხულობ. ჭკუის სასწავლი ამბები ხომ სწორედ იქ იბეჭდება. თუ ყველა გაზეთს გულისყურით კითხულობდით, ალბათ ლორდ სენტ-საიმონისა და მისი ქორწინების ამბავიც მოგხვდებოდათ თვალში.
- დიახ, თვალშიც მომხვდა და დიდი ინტერესითაც გადავიკითხე.
- ეს ძალიან კარგია. წერილი სწორედ ლორდ სენტ-საიმონისაგანაა. მე წაგიკითხავთ წერილს, თქვენ ერთხელ კიდევ გადაათვალიერეთ გაზეთები და მერე მიამბეთ, რაც ამ საქმეს შეეხება. აი, რას მწერს:
- "ჩემო ძვირფასო მისტერ შერლოკ ჰოლმს, ლორდმა ბეიკუოტერმა მითხრა, რომ სავსებით შემიძლია ვენდო თქვენს გამჭრიახობას. მანვე გადმომცა, რომ როგორც ჯენტლმენს შეჰფერის, თქვენ სხვის საიდუმლოს არავის გაუმხელთ. ამიტომ უსიტყვოდ გადავწყვიტე, რჩევისათვის მოგმართოთ და გაგიმხილოთ ის სამწუხარო ამბავი, რაც ჩემს ქორწინებას მოჰყვა. მართალია, ამ საქმეს მისტერ ლესტრეიდი იკვლევს, მაგრამ იგი არათუ წინააღმდეგია თქვენც ჩაერიოთ ჩემს საქმეში, არამედ მიაჩნია კიდეც, რომ ეს საქმისათვის სასარგებლო იქნება. მე თქვენთან, ნაშუადღევის ოთხ საათზე გავჩნდები, და გთხოვთ, ამ დროისათვის სხვა საქმეებიდან მოიცალოთ, ვინაიდან ჩემი ამბავი ძალიან სერიოზული და ყურადსაღებია.
თქვენი ერთგული რობერტ სენ-საიმონი".
- წერილი გამოგზავნილია გროსვენორის სასახლიდან, დაწერილია ბატის ფრთით და სახელოვან ლორდს მარჯვენა ნეკი მელნით დაუსვრია, - ჩამიკენჭა თავისებურად ჰოლმსმა და წერილი დაკეცა.
- ოთხ საათზე მანდ გავჩნდებიო, ახლა სამია, ასე რომ მის მოსვლამდე ერთი საათიღა დარჩა.
- ეს დრო სრულიად საკმარისია, რომ თქვენი დახმარებით ამ საქმეში გავერკვიო. გადახედეთ გაზეთებს და თარიღების მიხედვით გაამზადეთ გადასათვალიერებლად, მე კი მანამდე ლორდ რობერტ სენტ-საიმონის ვინაობას გავეცნობი. ჰოლმსმა ბუხრის გვერდზე მოთავსებულ თაროდან წითელყდიანი წიგნი ჩამოიღო, სავარძელში ჩაჯდა, წიგნი მუხლებზე დაიდო და ფურცვლას შეუდგა. რასაც ეძებდა, მალე მიაგნო და ხმამაღლა წაიკითხა: - რობერტ უილსინგემ დე ვერ სენტ-საიმონი, ჰერცოგ ბალმორალის მეორე ვაჟი - ჰმ! საგვარეულო ღერბი: ლურჯ ფონზე გეზად სიასამურის ზოლი და ზედ გამოსახული სამი ეკალთავა ღიღილო. დაბადებულია 1846 წელს. ამჟამად ორმოცდაერთი წლის გამოდის. სწორედ რომ დროზე გადაუწყვეტია ცოლის შერთვა. მთავრობის ყოფილ შემადგენლობაში კოლონიების საქმეთა მინისტრის მოადგილე. ჰერცოგი, მამამისი ერთ ხანს საგარეო საქმეთა მინისტრი ყოფილა. აღმავალი შტოთი პლანტაგენეტების ჩამომავალია, დაღმავალით - კი ტიუდორებისა. ჰა! აქ ისეთი საინტერესო ვერაფერი ამოვიკითხე. მე მგონია, თქვენ მაინც წააწყდებოდით გაზეთებში ყურადსაღებ ცნობებს.
- სრულიად არ გამჭირვებია იმის პოვნა, რასაც ვეძებდი, - ვუთხარი მე, - ფაქტები ჯერ კიდევ ცხელია და ამბავი იმდენად სენსაციური, რომ ყველას ყურადღება ერთბაშად მიიპყრო. თუ ამ ამბის თაობაზე თქვენთან კრინტი არ დამიძრავს, მიზეზი ადვილი მისახვედრია; ჩვულებრივ, თქვენ როცა ერთ რომელიმე საქმეს იძიებთ, სხვა საქმეში გარევა კი არა, მისი შინაარსის მოსმენაც არ გინდათ ხოლმე.
- ოჰ, თქვენ გროსვენორსკვერიდან ფურგონით რომ ავეჯი გაიტაცეს, იმ საქმეზე ამბობთ, არა? ის საქმე ამჟამად დამთავრებულია, თუმცა იქ დასამთავრებელიც არა იყო რა, თავიდანვე ყველაფერი დღესავით ნათელი გახლდათ. ახლა კი სმენად გადაქცეული ველი, ამ საქმის ირგვლივ თქვენს მიერ გაზეთებში ამოკითხული ამბების დაწვრილებით მოყოლას.
აი, პირველი ცნობა ამ საქმეზე, რომელიც "მორნინგ პოსტში" პირადი ცხოვრების საქმეთა სვეტებში ამოვიკითხე. გაზეთის ეს ნომერი ამ რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა: "მოხდა ნიშნობის თაობაზე გარიგება და თუ მითქმა-მოთქმას დავუჯერებთ, ამას მალე მოჰყვება ქორწინებაც. ბალმორალის ჰერცოგის მეორე ვაჟი -ლორდ რობერტ სენტ-საიმონი ჯვარს დაიწერს სანფრანცისკოელი ესკვაირის, ალოიზიუს დორანის მხოლოდშობილ ქალიშვილზე, მის ჰეტი დორანზე".
- მოკლედ და მკაფიოდ, - შენიშნა ჰოლმსმა, - და გრძელი გამხდარი ფეხები ცეცხლს მიუფიცხა.
- წინა კვირას, ერთ-ერთ, მაღალი წრეებისათვის განკუთვნილ გაზეთში, ამ საქმეზე უფრო დაწვრილებით იყო ლაპარაკი. აი, ისიც: უკვე მოთხოვნილებად იქცა ქორწინების ბაზრის დასაცავი კანონის გამოცემა, ვინაიდან ამ საქმეში არსებული თავისუფალი ვაჭრობა-გარიგების პრინციპები ჩვენს სამამულო პროდუქციას ძალიან მძიმე დაღს ასვამს. დიდი ბრიტანეთის დიდგვაროვან ოჯახისშვილებს თანდათანობით ხელთ იგდებენ ოკეანისგაღმელი მშვენიერი ასულნი და მათზე ბატონობენ. წარსულ კვირას მათ ნაალაფევს დაემატა კიდევ ერთი უძვირფასესი შენაძენი. ლორდმა სენტ-საიმონმა, რომელიც აგერ ოცი წელია ამურის მიერ ნატყორცნ ისრებს გულცივად იგერიებდა, საქვეყნოდ განაცხადა, რომ ცოლად ირთავს კალიფორნიელი მილიონერის მხოლოდშობილ ასულს - მის ჰეტი დორანს. მის დორანმა, მომხიბლავმა ტანკენარმა და მშვენიერმა ასულმა, უისბერის სასახლეში გამართულ მეჯლისზე ყველას ყურადღება მიიპყრო, იგი გახლავთ მხოლოდშობილი ქალიშვილი ამერიკელი ესკვაირისა, და მისი მზითევის ოდენობა ექვსნიშნა ციფრით გამოიხატება. ყველასათვის ცნობილია, რომ ჰერცოგმა ბალმორალმა თავისი სურათების გალერეა ამ რამდენიმე წლის წინათ გაყიდა და ლორდ სენტ-საიმონს, ბირჩმურის სასახლის გარდა სხვა უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. სავსებით ნათელია, რომ ეს ქორწინება მომგებიანია არა მარტო რესპუბლიკელი ქალიშვილისათვის, რომელიც ინგლისელი ლედი გახდება, არამედ მეორე მხრისთვისაც ძალზე სასარგებლო და სარფიანი საქმე იქნება.
- კიდევ სწერენ რამეს? - მთქნარებით იკითხა ჰოლმსმა.
- ოჰ, როგორ არა. "მორნინგ პოსტში" კიდევ არის ამ საქმეზე გამოქვეყნებული საკმაოდ მოზრდილი შენიშვნა, იუწყებიან, რომ ქორწინება ნაცვლად დიდი ზარზეიმისა მშვიდად ჩაივლის, ჯვარისწერა ჰანოვერსკვერზე, წმინდა გიორგის ტაძარში მოხდება, მიპატიჟებული იქნებიან ყველაზე უახლოესი მეგობრები და მათი რიცხვი ექვსს არ აღემატება. მექორწინენი დაბრუნდებიან მისტერ ალოიზიუს დორანის მიერ დაქირავებულ სავარძლებით გაწყობილ სახლში, ლანკასტერ-გეიტზე. ორი დღის უკან, წარსულ ოთხშაბათს, გაზეთში ამოვიკითხე კიდევ ერთი პატარა ცნობა, საიდანაც შევიტყვე, რომ ქორწინება შედგა და ჯვარდაწერილნი თაფლობის თვეს, პიტერსეფილდის ახლოს, ლორდ ბეიკუოტერის მამულში გაატარებენო. აი, ყველა ცნობა, რაც პატარძლის გაუჩინარებამდე დაიბეჭდა გაზეთში.
- პატარძლის გაუჩინარებამდეო? ასე თქვით, არა? - იკითხა ჰოლმსმა და ფეხზე წამოიჭრა.
- დიახ, პატარძლის გაუჩინარებამდე, - გავუმეორე მე.
- მერედა, როდის გაუჩინარდა?
- საქორწინო ვახშმობის დროს.
- ამ საქმეს ჭეშმარიტად იმაზე საინტერესო პირი უჩანს, ვიდრე ვფიქრობდი. ძალიან დრამატული ამბავი კია.
- დიახ, ამ სამწუხარო ამბავმა ჩემზეც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.
- ქალები ხშირად ქორწინების დღემდე მიიმალებიან ხოლმე, ხანდახან თვით თაფლობის თვეშიც გაუჩინარდებიან, მაგრამ საქორწინო ვახშმობის დროს რომ ვინმე გადაკარგულიყოს, ამნაირ შემთხვევა არა და არ მაგონდება. ძალიან გთხოვთ, ყველა წვრილმანი გაიხსენოთ.
- წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ეს წვრილმანი ამბები სრული არ იქნება.
- იქნებ თვითონვე შევავსოთ.
- გუშინდელ გაზეთში ამ საქმის თაობაზე კიდევ გამოქვეყნდა ერთი ცნობა, რომელსაც წაგიკითხავთ და ყველაფერი ამით დამთავრდება. ცნობის სათაური გახლავთ: "მაღალ საზოგადოებაში ქორწინების დროს მომხდარი უცნაური შემთხვევა"... - "ლორდ რობერტ სენტ-საიმონის ოჯახი შესძრა იმ საშინელმა და უცნაურმა ამბავმა, რაც თან მოჰ-ყვა მის ქორწინებას. ჯვრისწერის ცერემონიალი, როგორც გაზეთები იტყობინება, გუშინ დილით შედგა, მაგრამ მხოლოდ დღეს შეიძლება დავადასტუროთ იმ უცნაური მითქმა-მოთქმის საფუძვლიანობა, საზოგადოებაში რომ დაირხა. ლორდის მეგობრების გულწრფელმა ცდამ, როგორმე მიეჩქმალათ საქმის გარშემო ატეხილი აურზაური, სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და ხალხის ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო გააღიზიანა. ამჟამად არავითარი აზრი აღარ აქვს იმის დამალვას, რაზეც უკვე მთელი საზოგადოება ლაპარაკობს. ჯვრისწერის ცერემონია, ჰანოვერსკვერზე, წმიდა გიორგის ტაძარში შედგა. ყველაფერი ძალიან უხმაუროდ და მშვიდად ჩატარდა. ჯვრისწერას ესწრებოდნენ საპატარძლოს მამა, მისტერ ალოიზიუს დორანი, ქალბატონი ბალმორალი, ლორდი ბეიკუორტი, ლორდი იუსტასი, ლედი კლარა სენტ-საიმონი (ნეფის უმცროსი და-ძმა) და ლედი ალისა უიტინგტონი. ჯვრისწერის ცერემონიალის დამთავრების შემდეგ მექორწინენი უკლებლივ გაემართნენ მისტერ ალოიზიუს დორანის მიერ დაქირავებული სახლისაკენ, სადაც მათ საქორწინო ლხინი ელოდათ. როგორც ამბობენ, იქ ყველასათვის მოულოდნელად, მექორწინეთათვის გზა გადაუჭრია ვიღაც უცნობ ქალს, რომელსაც განუცხადებია, ლორდ რობერტ სენ-საიმონის თავს არავის დავანებებო. სახლის მოურავსა და ლაქიას დიდი გარჯა და დავიდარაბა დასჭირვებიათ, რომ უცნობი ქალი თავიდან მოეცილებინათ. საბედნიეროდ, მის დორანს არაფერი გაუგონია, ვინაიდან იგი უცნობი ქალის გამოჩენამდე შესულა სახლში. პატარძალიც სხვებთან ერთად მისჯდომია მაგიდას, მაგრამ მალე დაღლილობა მოუმიზეზებია და თავისი ოთახისათვის მიუშურებია. იგი კარგა ხანს არ გამოჩენილა, რასაც ყველა იქ დამსწრე შეუშფოთებია. მისტერ ალოიზიუს დორანი ქალიშვილის გამოსაყვანად მისი ოთახისაკენ დაძრულა, მაგრამ საპატარძლოს მსახურ გოგოს მისტერ დორანისათვის უთქვამს, ჰეტი ოთახში ერთი წუთით შემოვიდა, პალტოს და ქუდს დასტაცა ხელი და გასასვლელისაკენ გაიქცაო. ერთ-ერთ ლაქიას განუცხადებია, სახლიდან საგარეო ტანსაცმლით მორთული ქალის გამოსვლა მეც შევნიშნე, მაგრამ, აბა, რას წარმოვიდგენდი, თუ პატარძალი საქორწინო მაგიდიდან ადგებოდა და გარეთ გამოვიდოდაო. მისტერ ალოიზიუს დორანი და სიძე, როგორც კი დარწმუნებულან, პატარძალი სადღაც გაუჩინარდაო, იმწამსვე პოლიციაში გაქცეულან. სამძებრო ორგანო ალბათ ძალიან მალე გაარკვევს მის მორანის გაუჩინარების მიზეზს და ყველაფერს ფარდა აეხდება. ჯერჯერობით ლტოლვილის ადგილსამყოფელი უცნობია. ხმები დადის, ამ საქმეს ღალატისა და შანტაჟის სუნი ასდისო. პოლიციამ დააპატიმრა ქალი, რომელიც სახლში შეჭრას ცდილობდა. ფიქრობენ, ეჭვიანობისა, თუ სხვა რაღაც მოტივით ის ქალი შეიძლება პატარძლის გაუჩინარების მიზეზი იყოსო".
- სულ ესაა, რაც ვიცით ამ ამბის გარშემო?
- არა, ერთ-ერთ დილის გაზეთში ძალიან პატარა, მაგრამ საგულისხმო ცნობაა მოთავსებული.
- რაო, რას წერენ?
- აურზაურის ამტეხი ნამდვილად ფლორა მილერია და იგი დაპატიმრებულიაო. ირკვევა, რომ იგი "ალეგროში" ყოფილა მოცეკვავედ და ლორდ სენტ-საიმონთან რამდენიმე წლის ნაცნობობა ჰქონია. გაზეთში ამის მეტი არაფერი გამოქვეყნებულა, ასე რომ, რაც წავიკითხე, ყველა ცნობა თქვენს ხელთაა.
- ძალიან საინტერესო საქმე უნდა იყოს და კიდევ კარგი, რომ უჩემოდ არ "მოახრჩვეს". მაგრამ ზარის ხმაა, უოტსონ, უკვე ხუთის ხუთი წუთია და ალბათ ჩვენი დიდგვაროვანი კლიენტი მოვიდა. ოთახიდან გასვლაზე არც იფიქროთ, უოტსონ. მირჩევნია ყველაფერი მოწმის თანდასწრებით მოხდეს, მით უმეტეს, რომ იქნებ რამე გადამავიწყდეს.
- ლორდი რობერტ სენტ-საიმონი, - გვაუწყა ჩვენმა მოსამსახურე ბიჭმა და კარი ფართოდ გამოაღო. ოთახში შემოვიდა სასიამოვნო შესახედაობის, დახვეწილნაკვთებიანი, დიდცხვირა, ტუჩებაბზუებული, მტკიცედ გამომზირალი საშუალო ხნის მამაკაცი. მისი მედიდური და ამაყი გამომეტყველება მოწმობდა, რომ იგი ბრძანებლობას და უსიტყვო მორჩილებას იყო ჩვეული. თუმცა, მკვირცხლი და მოძრავი კაცი ჩანდა, მაგრამ თავის ასაკთან შედარებით უფრო ხნიერად გამოიყურებოდა, ვინაიდან ბეჭებში ოდნავ მოხრილი იყო, თანაც სიარულისას მუხლები შეუმჩნევლად ეღუნებოდა. საფეთქლებთან თმა შევერცხლოდა, და როცა დახვეულფარფლებიანი ქუდი მოიხადა, შევნიშნე, რომ კეფასთან თმა ღარიბი კაცის ყანასავით შემეჩხერებოდა. ყელსა და კისერზე მაღალი საყელო მოუჩანდა, შავი სერთუკი, თეთრი ჟილეტი, ყვითელი ხელთათმანი, სანდალოზის ფეხსაცმელი და ღია ფერის გეტრები ეცვა. ოთახში დინჯად შემოვიდა, მიმოიხედა და მარჯვენა ხელში ოქროსბუდიანი ლორნეტი აათამაშა.
- გამარჯობათ, ლორდ სენტ-საიმონ, - წარმოთქვა ჰოლმსმა და სტუმრის შესაგებებლად წამოდგა. - აი, ამ მოწნულ სავარძელში ჩაბრძანდით: ეს ჩემი მეგობარი და კოლეგა უოტსონი გახლავთ. ცეცხლთან ახლოს დაბრძანდით და მოვილაპარაკოთ თქვენს საქმეზე.
- როგორი სამწუხარო და საშინელი ამბავი შემემთხვა, მისტერ ჰოლმს, მოულოდნელობისაგან გაოგნებული ვარ. ვიცი, რომ ამგვარი საქმეები თქვენთვის უცხო ხილი არ არის, მაგრამ არა მგონია ოდესმე საქმე ჩემი წრის კაცთან გქონოდეთ. იმ კლასის ღვიძლ შვილთან, რომელსაც მე ვეკუთვნი.
- დიახ, მართალს ბრძანებთ. მე ახლა დაბლა ვეშვები.
- მაპატიეთ, ეგ როგორ გავიგოთ?
- ჩემი უკანასკნელი კლიენტი მეფე გახლდათ.
- მართლა?! არ ვიცოდი, ნამდვილად არ ვიცოდი. რომელი ქვეყნის მეფე?
- სკანდინავიისა.
- რაო, მანაც ცოლი დაკარგა?
- რა თქმა უნდა, თქვენ გესმით, - შთაგონებული ხმით წამოიწყო ჰოლმსმა, - რომ მე მევალება ჩემი კლიენტის საიდუმლოების დაცვა და ისევე უნდა გავუფრთხილდე სხვა კლიენტების საიდუმლოს, როგორც პირადად თქვენსას.
- მართალი ბრძანდებით, მისტერ ჰოლმს! ბატონი ბრძანდებით, იმედია მაპატიებთ. რაც შეეხება ჩემს პირად უბედურებას. მზადა ვარ გაგანდოთ ყოველივე წვრილმანი ცნობა, რომელიც კი საქმის ნათელსაყოფად გამოგადგებათ.
გმადლობთ, უნდა მოგახსენოთ, რომ გამოქვეყნებული მასალები გულდასმით შევისწავლე. საქმის გარშემო მეტი არაფერი ვიცი. მე მგონია, გაზეთებში სიმართლეა მოთხრობილი. მაგალითად, აი, თქვენი მეუღლის გაუჩინარების ამბავი ხომ მართალია?
ლორდ სენტ-საიმონმა გაზეთში მოთავსებული ცნობა გადაათვალიერა და ნელა წარმოთქვა: დიახ, ეს ასე თუ ისე, სიმართლეს შეეფერებაო.
- თქვენს საქმეს, ჯერ კიდევ, ბევრი კვლევა-ძიება და დამატებითი საბუთების მოპოვება სჭირდება, ვიდრე გარკვეულ აზრს გამოვიტანდეთ. მე ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თუ დასმულ კითხვებზე მიპასუხებთ.
- თანახმა ვარ.
- როდის შეხვდით პირველად ჰეტი დორანს?
- ერთი წლის წინ, სან-ფრანცისკოში.
- თქვენ რა, ამერიკაში მოგზაურობდით?
- დიახ.
- იქ ხომ არ დაინიშნეთ ჰეტი დორანზე?
- არა.
- მაგრამ ხვდებოდით და ეარშიყებოდით, ხომ?
- დიახ, მე მასთან ყოფნა მსიამოვნებდა და ის გრძნობდა ამას.
- მამამისი ძალიან მდიდარია?
- დიახ, წყნარი ოკეანის სანაპიროზე ის ყველაზე მდიდარ კაცად ითვლება.
- ხომ არ იცით, როგორ გამდიდრდა?
- სამთამადნო საქმემ აქცია იგი უმდიდრეს კაცად. რამდენიმე წლის წინ თურმე გროში არ ებადა. მერე ოქროს საბადოს წააწყდა, ფული დააბანდა და ამა სოფლის ძლიერთ ქეჩოზე მოექცა.
- თქვენი შთაბეჭდილების მიხედვით როგორი ხასიათი აქვს ახალგაზრდა ლედის - თქვენს მეუღლეს?
ლორდ სენტ-საიმონმა უფრო სწრაფად შეატრიალა ლორნეტი ხელში და ცეცხლს დააშტერდა. - ჩემი მეუღლე უკვე ოცი წლისა გახლდათ, მისტერ ჰოლმს, როცა მამა გაუმდიდრდა. იგი თავისუფლად დანავარდობდა ტყეებსა და მთებში და მისი აღზრდა დაქირავებული მასწავლებლების ნაცვლად ბუნებას ჰქონდა მინდობილი. დიახ, მის ჰეტი დორანი ერთი ახტაჯანა, ქალაბიჭა, თავნება, ძლიერი ხასიათის, ქარივით თავისუფალი ქალია. მისი, მე ვიტყოდი, ველური ბუნება არავითარი ტრადიციით არაა შეზღუდული. იგი მძაფრია, როგორც ამოსაფრქვევად გამზადებული ვულკანი. სწრაფად იცის გადაწყვეტილების მიღება და არც მის სისრულეში მოყვანის გადადება და გაჭიანურება უყვარს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ მის კეთილშობილურ ბუნებასა და ხასიათში. ამიტომაც გადავწყვიტე მივცე მას ის სახელი, - აქ ლორდ სენტ-საიმონმა ოდნავ ჩაახველა, - რომლის ტარების პატივიც მაქვს. მე მჯერა, რომ მის დორანს შეუძლია გმირული თავგანწირვა, და ვერავითარი უწმინდური საქციელი მის გულს ვერ გაეკარება.
- მისი ფოტოსურათი ხომ არა გაქვთ?
- დიახ, მოვიტანე. - ლორდმა მედალიონი გახსნა და იქიდან ძალიან ლამაზი ქალის სახემ შემოგვანათა. მაგრამ ეს არ იყო ფოტოგრაფიული სურათი. ეს იყო სპილოს ძვალზე ამოკვეთილი მის ჰეტი დორანის სახე. ეტყობოდა, მხატვარს მთელი მონდომებითა და შთაგონებით ემუშავა მშვენიერი მბზინავი შავი თმის, დიდრონი შავი თვალებისა და შესანიშნავი მოყვანილობის ბაგეების მინიატურის შესაქმნელად. ჰოლმსი კარგა ხანს, დიდი ყურადღებით უმზერდა მის ჰეტი დორანის მინიატურას, მერე მედალიონი დახურა და პატრონს დაუბრუნა.
- ...შემდეგ ახალგაზრდა ლედი ლონდონში ჩამოვიდა და თქვენი ნაცნობობა აქ განაახლეთ, არა?
- დიახ, მამამ ჰეტი ლონდონში ჩამოიყვანა, რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, დავინიშნეთ და მერე ვიქორწინეთ კიდეც.
- ალბათ კარგა მოზრდილი მზითევიც მოჰყვა.
- დიახ, მაგრამ ეს ჩვენს ოჯახში ჩვეულებრივი ამბავია.
- ვინაიდან ქორწინება უკვე "მომხდარი ფაქტია", მზითევი, რაღა თქმა უნდა, თქვენ დაგრჩებათ.
- ამის თაობაზე ვერას გეტყვით.
- ბუნებრივია| ასე იქნება. ქორწინების წინა დღით თუ ნახეთ საცოლე?
- დიახ?
- როგორ ხასიათზე იყო?
- ამაზე უკეთეს ხასიათზე წინათ თითქმის არც მინახავს. სულ იმაზე მეტიტინებოდა, როგორ უნდა მოგვეწყო ჩვენი მომავალი ცხოვრება.
- ეს მართლა საინტერესო ამბავია. მეორე დილას?
- ძალიან მხიარულად გახლდათ, ყოველ შემთხვევაში, ქორწინების რიტუალის დამთავრებამდე სულ ასე იყო.
- მერე, ქორწინების რიტუალის დასასრულს შეამჩნიეთ რამე?
- მართალი უნდა ვთქვა, პირველად მაშინ შევნიშნე, რომ ჰეტის რაღაც ფხუკიანი, გულფიცხი ხასიათი უნდა ჰქონოდა. მაგრამ ეს ისეთი უმნიშვნელო რამ იყო, რომ მასზე ლაპარაკიც არა ღირს და ამას, ჩემი აზრით, საქმისათვის არავითარი მნიშვნელობა არ ექნება.
- ყოველ შემთხვევაში მაინც მიამბეთ.
- დიდი სიამოვნებით, მაგრამ ეს ისეთი ბავშვური ამბავია... ეკლესიის სალაროს რომ ჩავუარეთ, ჰეტის ხელიდან თაიგული დაუვარდა. სწორედ ამ დროს მლოცველთა მერხების პირველ რიგს გავუსწორდით და თაიგული სკამქვეშ შეცურდა. ერთ წამს ყველანი შევცბით და შევყოვნდით, მაგრამ ვიღაც ჯენტლმენმა, რომელიც იქვე იჯდა, უვნებლად გადარჩენილი თაიგული ჰეტის დაუბრუნა. როცა ჰეტის თაიგულის დავარდნის თაობაზე სიტყვა ჩამოვუგდე, მკვახედ მიპასუხა და მერე მთელი გზა ეტლში ძალიან აღელვებული, გულმოსული და გაფიცხებული ჩანდა.
- მაშ, სამლოცველოს სკამზე ვიღაც ჯენტლმენი იჯდა... ერთი სიტყვით, ეკლესიაში თქვენ გარდა სხვა ხალხიც იყო?
- რაღა თქმა უნდა, მლოცველთ ხომ ღია ეკლესიაში შესვლას ვერ აუკრძალავ.
- ის ჯენტლმენი თქვენი ცოლის ნაცნობი ხომ არ იყო?
- ოჰ, არა, არა, - იტკიცა ლორდმა, - მე ის ჯენტლმენად ზრდილობის გულისთვის მოვნათლე, თორემ ვიღაცა უბრალო კაცი ჩანდა. ისე ჩავუარე გვერდით, რომ შეხედვის ღირსადაც არ ჩამიგდია. მაგრამ, მე მგონი, ჩვენ საუბრის ძირითადი თემიდან გადავუხვეიეთ.
- ასე რომ, ლედი სენტ-საიმონი ქორწინების რიტუალის დამთავრების შემდეგ შინ აღელვებული დაბრუნდა, არა? ხომ ვერ მეტყვით, რას აკეთებდა, როცა მამის მიერ ნაქირავებ სახლში შემოდგა ფეხი?
- იგი თავის შინამოსამსახურე გოგოს ელაპარაკებოდა.
- ვინ არის მისი მოსამსახურე?
- სახელად ალისა ჰქვია, ამერიკელია, იმათ ჩამოჰყვა კალიფორნიიდან.
- ხომ არ შეგიმჩნევიათ, ენდობოდა თუ არა თქვენი მეუღლე მოსამსახურეს?
- მე მგონია, ენდობოდა კი არა, ერთმანეთს სულში უსხდნენ. ჩემი მეუღლე მოსამსახურე გოგოს ძალიან ბევრი რამის უფლებას აძლევდა. თუმცა ამერიკელები ამ ამბავს ცოტა სხვაგვარად უყურებენ.
- დიდხანს ლაპარაკობდნენ?
- მგონი, ცოტა ხანს მასლაათობდნენ. მე სხვა საქმეც ბევრი მქონდა და ყურადღება არ მიმიქცევია.
- რაზე საუბრობდნენ, ყური ხომ არ მოგიკრავთ?
- მახსენდება, ლედი სენტ-საიმონმა, რაღაც ამერიკული გამოთქმა იხმარა, მგონი, "სხვისი კუთვნილის ხელში ჩაგდებაო", თუ რაღაც ამდაგვარი. იგი მეტყველებაში ხშირად ხმარობს ხოლმე კუთხურ გამოთქმებს. ნამდვილად არ ვიცი, რას გულისხმობდა, ან რისი თქმა სურდა.
- ხშირად ამერიკული ჟარგონი აზრს ძალიან მკაფიოდ გამოხატავს. რას აკეთებდა თქვენი მეუღლე მას მერე, რაც მსახურ გოგოსთან ლაპარაკი მოამთავრა?
- სასადილო ოთახში გავიდა.
- ხელკავით შეიყვანეთ სასადილო ოთახში?
- არა, ცალ-ცალკე შევედით. ასეთ რამეებს ჩემი მეუღლე დიდ ყურადღებას არ აქცევდა. იგი ძალიან თავისუფლად და დამოუკიდებლად იქცევა. როცა დავსხედით, ერთი ათი წუთის შემდეგ, სწრაფად წამოდგა, მოიბოდიშა, ოთახიდან გავიდა და მას მერე აღარც მინახავს. როგორც გადმომცეს, მოსამსახურე გოგომ ძიებას უჩვენა, ქალბატონი თავის ოთახში შევიდა, საქორწინო კაბაზე გრძელი პალტო შემოიცვა, ქუდი დაიხურა და სადღაც წავიდაო.
- სწორედ აგრე ამბობენ. მერე ჰაიდ-პარკში ფლორა მილერთან ერთად უნახავთ. ეს ხომ ის ფლორა მილერია, რომელმაც მისტერ დორანის სახლთან აყალმაყალი ატეხა და ამჟამად დაპატიმრებულია. ახლა კი მიამბეთ, გეთაყვა, იმ ახალგაზრდა ქალთან თქვენი ურთიერთობის ამბავი.
ლორდ სენტ-საიმონმა მხრები აიწურა და წარბები მაღლა აზიდა.
- ჩვენ რამდენიმე წელია ვმეგობრობთ. დიახ, მე ვიტყოდი, ძალიან ახლო მეგობრობა გვაქვს. იგი "ალეგროში" ცეკვავს. ის ქალი მე უგულისყუროდ არ მიმიტოვებია, ასე რომ, მასთან ვალში არ დავრჩენილვარ, მაგრამ, ხომ იცით ქალების ხასიათი, მისტერ ჰოლმს. ფლორა ძალიან ლამაზი არსება გახლავთ, ძალიან მხურვალედ ვუყვარვარ და ცოტა თავშეუკავებელიცაა. როცა შეიტყო, ჯვრისწერისათვის ვემზადებოდი, საშინელი მუქარის წერილები მომწერა. სიმართლე რომ გითხრათ, ასე მორიდებული ქორწილიც იმიტომ გადავიხადე, რომ ეკლესიაში, ფლორას მხრივ, საქვეყნო აყალმაყალს მოვერიდე. როგორც კი ეკლესიიდან დაბრუნებულნი, მისტერ დორანის სახლს მივადექით, ფლორა, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, იქ გაჩნდა და სახლში შეჭრა მოიწადინა. თან გაბმული ხმით კიოდა, ჩემს მეუღლეს ლანძღავდა და ემუქრებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი წინასწარ მქონდა გათვალისწინებული. მსახურები ადრევე გავაფრთხილე და ფლორას თავიდან მოშორება არ გაგვჭირვებია. რაკი დარწმუნდა, დაკარგულს ყვირილით ვეღარ დაიბრუნებდა, იმწამსვე დაწყნარდა.
- თქვენმა მეუღლემ გაიგონა თუ არა იმ ქალის წივილ-კივილი?
- მადლობა ღმერთს, არა გაუგონია რა.
- და მერე სწორედ იმ ქალთან ერთად მოსეირნე ნახეს, არა?
- დიახ. სწორედ ამიტომ მიიჩნია ეს გარემოება მისტერ ლესტრეიდმა ძალიან შემაშფოთებელ ფაქტად. ის ფიქრობს, რომ ფლორამ ჩემი მეუღლე სახლიდან გამოიტყუა და რაღაც საშიშ ამბავს გადაჰკიდა.
- საფუძველს მოკლებული ეჭვი არ გახლავთ.
- თქვენც ასე ფიქრობთ?
- ჩემის აზრით, ეგ საფუძველს მოკლებული ეჭვი არაა, მაგრამ მე ამ ეჭვს არ ვიზიარებ. თქვენ თვითონ რას ფიქრობთ?
- მე მგონია, ფლორა ბუზსაც არავის აუფრენს.
- ეჭვიანობა ადამიანს ძალზე უცვლის ხასიათს. მე მაინც მაინტერესებს, თქვენ თვითონ როგორ ხსნით ცოლის გაუჩინარების ამბავს?
- მე თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ თქვენგან მოვისმინო საქმის ასავალ-დასავალი და არა ჩემი ვარაუდები მოგახსენოთ. მე რაც ვიცოდი, ყველა ფაქტი გაცნობეთ. თუ მართლაც ძალიან გაინტერესებთ ჩემი აზრი, გეტყვით. ვფიქრობ, რომ უბრალო გვარისშვილობიდან უცებ აგრერიგად აღზევებამ ძალიან ააღელვა ჩემი მეუღლე და მასში მცირე ნერვული მოშლილობა გამოიწვია.
- მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენი აზრით, იგი უცებ შეიშალა?
- როცა იმაზე ვფიქრობ, თუ რას შეაქცია ზურგი... ჩემზე არ მინდა ვთქვა, მაგრამ ყოველივე იმას, რაზეც ათასობით ქალიშვილი მხოლოდ ოცნებობს... მისი მოქმედების სხვა ახსნა ვერ მიპოვია...
- ესეც ძალიან საგულისხმო ჰიპოთეზაა, - ღიმილით თქვა ჰოლმსმა.
- ახლა კი, ლორდ სენტ-საიმონ, ყველა ცნობა ხელთა მაქვს. მხოლოდ ერთ რამეს კიდევ შეგეკითხებით: შეგეძლოთ თუ არა მაგიდასთან მჯდომს დაგენახათ, რა ხდებოდა ქუჩაში?
- ჩვენ მხოლოდ გზის მეორე მხარეს და პარკს გავყურებდით.
- ძალიან კარგი. მე თქვენ აღარ დაგაკავებთ, და საქმის თაობაზე წერილს მოგწერთ.
- ღმერთმა ინებოს, რომ საქმე ბოლომდე მიგეყვანოთ და ყოველივესთვის ნათელი მოგეფინოთ, - თქვა ლორდმა და ფეხზე წამოდგა.
- მე უკვე ყოველივეს მოვფინე ნათელი.
- რაო? რა თქვით?
- მე თქვენი საქმე თითქმის გადავწყვიტე-მეთქი.
- მაშინ, მითხარით, სადაა ჩემი ცოლი?
- ამასაც მალე შეგატყობინებთ.
ლორდ სენტ-საიმონმა თავი გააქნია.
- ვშიშობ, რომ ჩვენზე ჭკვიან ხალხს კარგა ხანს მოუხდება გონების ჭყლეტა, ვიდრე ამ საიდუმლოებით მოცულ ამბავში გაერკვევიან, - თქვა ეს, ძველებური მანერით დაგვიკრა თავი და კარი გაიხურა.
- ლორდ სენტ-საიმონმა დიდი პატივი დამდო, როცა ჩემი და თავისი თავი ერთნაირად შეაფასა, - სიცილით მითხრა ჰოლმსმა. - მე მგონია, ასეთი ნაყოფიერი ჯვარედინი დაკითხვის შემდეგ სოდიანი ვისკი და სიგარა ძალიან მარგებს. ამ საქმეზე დასკვნა ადრევე მქონდა გამოტანილი, ვიდრე ეს პატივცემული გვამი ჩვენს ზღურბლს გადმოაბიჯებდა.
- თქვენ აჭარბებთ, ძვირფასო ჰოლმს!
- ასეთი შემთხვევები აღნიშნული მაქვს ჩემს ჩანაწერებში. თუმცა თქვენთვის ადრეც მითქვამს, ქალის გაუჩინარება, ამ შემთხვევაში, უცებ არ მომხდარა-მეთქი. დაკითხვამ ეჭვი რწმენად მიქცია. არაპირდაპირი სამხილი, ხშირად ძალიან დამაჯერებელი და სარწმუნოა.
- მეც ხომ მოვისმინე, რაც ლორდმა სეტ-საიმონმა გითხრათ?
- მაგრამ თქვენ ამ შემთხვევის ანალოგიური ამბები არ იცით და მე კი ყოველივეს მათზე დაყრდნობით ვსჯი. რამდენიმე წლის წინათ სწორედ ასეთი ამბავი მოხდა აბერდინში. საფრანგეთ-პრუსიის ომის დამთავრების მეორე წელს მიუნ-ჰენშიც ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ესეც სწორედ იმგვარი შემთხვევაა. დახეთ საოცრებას, თვითონ ლესტრეიდი გვესტუმრა. საღამო მშვიდობისა, ლესტრეიდ! განჯინაში ღვინო გვაქვს და სიგარა კი აი, ამ ყუთში გახლავთ.
პოლიციის ოფიციალურ გამომძიებელს მუხუდოსფერი ფრენჩი და იმავე ფერის ყელსახვევი ეკეთა, რაც მას მეზღვაურს ამგვარებდა. ხელში ტილოს შავი ჩანთა ეჭირა. იგი უხმოდ მოგვესალმა, სავარძელში ჩაჯდა და შეთავაზებული სიგარა გააბოლა.
- რა მოხდა? - ჰკითხა ჰოლმსმა და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა. - რაღაც მოჟამული სახე გაქვთ.
- ამდენი უსიამოვნება რომ შეგხვდება, სახეც მოგეღუშება და უჟმურიც შეგეყრება. სენტ-საიმონის ქორწინების ამბავი რაღაც ჯოჯოხეთური, საწამებელი საქმეა, რომელსაც თავი და ბოლო ვერ გავუგე.
- ნუთუ? თქვენ მე მაკვირვებთ.
- ამნაირი არეულ-დარეული და უცნაური ამბავი ალბათ ძეხორციელს არ შეხვედრია. ყველა ძაფი ხელიდან გამისხლტა და საქმის სარგო გასაღები ვეღარ მიპოვია. მთელი დღეა დავწანწალობ და სულ ამაოდ.
- მართლაც ძალა დაგდგომიათ, რომ ასე დასველებულხართ, - უთხრა ჰოლმსმა, როცა ლესტრეიდის ფრენჩის სახელოებს შეავლო ხელი.
- დიახ, სერპენტაინის ფსკერი თითქმის ფეხდაფეხ მოვიარე.
- ღვთის გულისათვის, პირდაპირ მითხარით, იქ რას დაეძებდით?
- ლედი სენტ-საიმონის გვამს.
შერლოკ ჰოლმსი სავარძელში გადაწვა და გულიანად გადაიხარხარა.
- ტრაფალგარსკვერზე რომ აუზია, გვამი იქაც ხომ არ გიძებნიათ?
- მაგით რისი თქმა გსურთ? - მწყრალად იკითხა ლესტრეიდმა.
- თუ ლედი სენტ-საიმონის გვამს სერპენტაინის ტბაში დაეძებდით, მაშინ არც ტრაფალგარსკვერის აუზი უნდა დაგევიწყებინათ.
ლესტრეიდმა კოლეგა ავისმეტყველი მზერით შეათვალიერა და გულმოსულმა ჩაიქირქილა: - თქვენ ალბათ უკვე შეისწავლეთ ეს საქმე.
- არა, ფაქტები მხოლოდ ახლა გამაცნეს, მაგრამ ჩემი ვარაუდი სულ სხვაგვარია.
- მართლა! ნუთუ თქვენი აზრით, სერპენტაინის ტბა არაფერ შუაშია?
- ვფიქრობ, რომ არა.
- მაშინ კეთილი ინებეთ და ამიხსენით, ეს საგნები როგორ გაჩნდა ტბის ფსკერზე? - თქვა ლესტრეიდმა და ჩანთიდან მუარის აბრეშუმის საქორწინო კაბა, ქალის თეთრი ფეხსაცმელი და საქორწინო პირბადე პირდაპირ იატაკზე დაყარა. ყველაფერი სველი და დასვრილი იყო. - აი, კიდევ, ინებეთ, - მქირდავი ხმით წარმოთქვა მან და ძვირფასი საქორწინო ბეჭედი სველ კაბას ზედ დაადო. - დიახ, ეს საქმე ასე იოლად გასატეხი კაკალი არ გახლავთ, მისტერ ჰოლმს.
- ჭეშმარიტად, - მიუგო ჰოლმსმა და თამბაქოს ბოლი პირიდან ბოლქვებად გამოუშვა, - ყველაფერი ეს სერპენტაინის ტბის ფსკერზე იპოვნეთ?
- არა, დარაჯს შეენიშნა ტყის ნაპირას მოტივტივე და წყლიდან ამოეღო. ლედის ახლობლებმა ტანსაცმელიცა და სხვა საგნებიც ამოიცნეს. ჩემის აზრით, თუ ტანსაცმელი ტბის ნაპირზე აღმოჩნდა, ლედის გვამიც სადმე მახლობლად იქნება.
- თუ თქვენს ბრწყინვალე თეორიას გავყვებით, ყველა ადამიანის გვამი საკუთარი ტანსაცმლის კარადასთან უნდა ვეძიოთ. მაგრამ მე მაინც ის მაინტერესებს, რას გამოელით ლედი სენტ-საიმონის ტანსაცმლიდან?
- იმას, რომ ლედი სენტ-საიმონის გაუჩინარებაში ბრალი დავდოთ ფლორა მილერს.
- მეეჭვება, რომ ეგ დაადასტუროთ.
- გეეჭვებათ? - გამწარებით შეჰყვირა ლესტრეიდმა. - მე კი ვფიქრობ, რომ თქვენმა დედუქციურმა მეთოდმა და თეორიებმა საბოლოოდ მოგწყვიტეს პრაქტიკულ ცხოვრებას. ამ რამდენიმე წუთში ორი შეცდომა დაუშვით. სწორედ ეს კაბა ამხელს ფლორა მილერს.
- ძალიან მაინტერესებს, მაინც როგორ ამხელს?
- კაბას აქვს ჯიბე, რომელშიაც აღმოჩნდა უბის წიგნაკი. მასში კი აი, ეს წერილი იდო. - თქვა თუ არა ეს ლესტრეიდმა, წერილი მაგიდაზე, ჰოლმსის მხარეს დააგდო. მერე ისევ ხელი დასტაცა და კითხვას შეუდგა: "თქვენ მაშინ მნახეთ, როცა ყველაფერი მზად იქნება. იმწამსვე გამოდით. ფ.ჰ.მ." მე ხომ თავიდანვე იმ აზრს ვადექი, რომ ფლორა მილერმა ლედი სენტ-საიმონი სახლიდან გამოიტყუა-მეთქი. ჯერ, რა თქმა უნდა, გამოიტყუებდა და მერე თავის თანამზრახველებთან ერთად სადღაც გააქრობდა. აი, წერილი, რომელსაც ფლორა მილერის ინიციალები აქვს მიწერილი. ალბათ საწყალ ქალს შესასვლელში თუ ჩასჩარა უჩუმრად ხელში, რითაც თავისივე თავი გააბა მახეში.
- ძალიან კარგად მსჯელობთ, ლესტრეიდ, - სიცილით უთხრა ჰოლმსმა. - მართლაც, რომ ყველაფერს შესანიშნავად უკავშირებთ ერთმანეთს. აბა, ერთი, წერილი მიჩვენეთ.
მან წერილი დაუდევრად ჩამოართვა ლესტრეიდს, მაგრამ უცებ ყურადღება გააფაციცა და კმაყოფილების შეძახილი აღმოხდა.
- ეს ჭეშმარიტად საყურადღებო ამბავია, - წარმოთქვა ჩემმა მეგობარმა.
- აჰა! ახლაღა ჩაწვდით?
- დიახ, სწორედ მაგრე გახლავთ და გულთბილად გილოცავთ, ლესტრეიდ!
გახარებული ლესტრეიდი წამოიწია და წერილს დააცქერდა. - მაგრამ თქვენ ხომ წერილის მეორე მხარეს დაჰ-ყურებთ, ჰოლმს?
- დიახ, მეორე მხარეს ვაკვირდები და აქ ამოვიკითხე სწორედ ის, რისი მიგნებაც გულით მეწადა.
- თქვენ ალბათ ჭკუიდან შეიშალეთ, ჰოლმს! წერილი ფანქრითაა ნაწერი და ისიც მეორე მხარეს, რომელსაც თქვენ ზედაც არ უყურებთ.
- დიახ, მართალი ბრძანდებით, მაგრამ მეორე მხარეს ამ ქაღალდს ოტელის ანგარიში აწერია, რომელიც ჩემთვის მეტად საყურადღებოა.
- საყურადღებო და საინტერესო მასში არაფერი გახლავთ, ვინაიდან იგი თქვენზე ადრე ვნახე, - თქვა ლესტრეიდმა. - ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი ანგარიში კი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: "4 ოქტომბერი, ოთახი - 8 შილინგი, საუზმე - 2 შილინგი და 6 პენსი, კოკტეილი - ერთი შილინგი, სადილი - 2 შილინგი და 6 პენსი, ერთი ჭიქა ღვინო - 8 პენსი". მორჩა და გათავდა, მერედა რაა აქ საინტერესო?
- თქვენ თქვით, რომ ოტელის ანგარიშს არავითარ ყურადღებას არ აქცევთ, მაგრამ იგი ძალიან დიდი მნიშვნელობის დოკუმენტია. რაც შეეხება წერილს და ინიციალებს, მათაც აქვთ გარკვეული მნიშვნელობა. ასე რომ, კვლავ გილოცავთ წარმატებას, ლესტრეიდ.
- ისედაც ბევრი დრო დავკარგე, - თქვა ლესტრეიდმა და ადგილიდან წამოიწია.
- საქმე მუშაობაა, თორემ ბუხრის პირას ლამაზ-ლამაზი თეორიების შექმნას რა დიდი ამბავი უნდა. გემშვიდობებით, ჰოლმს, და იმასაც ვნახავ, საქმეს ბოლოს ვინ მოადევნებს. - ლესტრეიდმა წამოკრიფა ჩანთიდან ამოყრილი "ნივთმტკიცებანი", უკანვე ჩანთაში ჩააწყო და გასასვლელისაკენ გაემართა.
- მხოლოდ ერთი რამ უნდა გითხრათ, ლესტრეიდ, - დაადევნა სიტყვა ჰოლმსმა, - ლედი სენტ-საიმონი მითია. ასეთი ვინმე არც არსებობს და ბუნებაში არც ყოფილა.
ლესტრეიდმა ნაღვლიანად შეათვალიერა ჩემი მეგობარი. მერე ჩემკენ მობრუნდა, შუბლზე თითები სამჯერ მიიკაკუნა, თავი მრავალმნიშვნელოვნად გადააქნ-გადმოაქნია და ოთახიდან სწრაფად გავიდა.
ჰოლმსი იმწამსვე წამოდგა და პალტოში გაეხვია. - იმ ყმაწვილის სიტყვებში: შინ ჯდომას მუშაობა სჯობიაო, არის რაღაც სიმართლე. ახლა მე ცოტა ხნით მარტო დაგტოვებთ, უოტსონ.
ჰოლმსი სახლიდან დაახლოებით ექვსის ნახევარზე გავიდა. მაგრამ, ეტყობოდა, იმ დღეს მარტო დარჩენა არ მეწერა. ერთი საათიც არ იყო გასული, რომ საშაქარლამოდან გამოგზავნილი კაცი და ბიჭი მეახლნენ და თან დიდი შეფუთული ყუთი მოიტანეს. ბიჭის დახმარებით კაცმა შეფუთული ყუთი გახსნა და ჩემდა გასაოცრად, ჩვენს ღარიბულ სუფრაზე ნუგბარი ცივი საუზმე გაჩნდა. აქ გახლდათ ორი ტყის ქათამი, ხოხობი, ბატის ჯიგრის პაშტეტი და სიძველისაგან ობმოკიდებული ღვინის ბოთლების ჯგრო. ეს მაცთუნებელი საჭმელ-სასმელი სუფრაზე დააწყვეს თუ არა, კაციცა და ბიჭიც, ათას ერთი ღამიდან მოვლენილ სულთა მსგავსად გაუჩინარდნენ. მანამდე კი მხოლოდ იმის თქმა მოასწრეს, ყველაფრის ფული გადახდილია და შემკვეთმა ამ მისამართზე გამოგვაგზავნაო.
ცხრა საათიც არ იქნებოდა, როცა ჰოლმსი გამარჯვებული კაცის იერით შინ დაბრუნდა. სახე არ უცინოდა, მაგრამ მისი თვალებიდან იმწამსვე ამოვიკითხე, რომ ვარაუდი არ გამტყუნებოდა.
- ვახშამი უკვე გააწყვეს? - იკითხა ჰოლმსმა და მოუთმენლად შეიმშრალა ხელები.
- ალბათ სტუმრებს ელოდებით, რაკი ხუთი ადამიანისათვის გააშლევინეთ სუფრა.
- შეიძლება მართლაც გვესტუმროს ვინმე, - მიპასუხა ჰოლმსმა. - ძალიან მიკვირს, რომ ლორდ სენტ-საიმონი ამდენ ხანს არა ჩანს. ჰა! კიბეზე ალბათ მისი ფეხის ხმა ისმის.
კიბეზე ამომავალი ადამიანი გამოჩნდა თუ არა, ჩვენი დილანდელი სტუმარი ვიცანი. იგი უფრო ენერგიულად ატრიალებდა ლორნეტს და არისტოკრატულ, მშვიდ სახეზე აშკარად ეტყობოდა მღელვარება.
- ალბათ ჩემმა გამოგზავნილმა შიკრიკმა შინ მოგისწროთ, არა? - ჰკითხა ჰოლმსმა.
- დიახ, მაგრამ წერილის შინაარსმა უსაზღვროდ განმაცვიფრა. გაქვთ კი იმის დამამტკიცებელი საბუთი, რა ამბავიც შემატყობინეთ?
- დიახ, მაქვს.
ლორდი სენტ-საიმონი სავარძელში ჩაეშვა და ხელი შუბლზე გადაისვა.
- რას იტყვის ჰერცოგი, როცა შეიტყობს, რომ მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ასე დაამცირეს?
- ეს ხომ შემთხვევაა და მეტი არაფერი. მე ამ საქმეში დამამცირებელს ვერაფერს ვხედავ.
- თქვენ ასეთ საქმეს სულ სხვა პოზიციიდან სჭვრეტთ?
- დიახ, ეს ისეთი შემთხვევა გახლავთ, რომ ბრალი ვერავისათვის დამიდია. ჩემი აზრით, ის ქალი სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა. მართალია, მისი მოქმედება ცოტა ტლანქი აღმოჩნდა, მაგრამ მას ხომ დედა არა ჰყავდა, რომ კრიტიკულ მომენტში რჩევისათვის მიემართა.
- ეს ხომ საზოგადოების თვალში ჩემი გამასხარავება და აბუჩად აგდებაა, სერ, - თქვა ლორდ სენტ-საიმონმა, თან თითები ააკაკუნა მაგიდაზე.
- მაგრამ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ იმ საცოდავი გოგონას გამოუვალი მდგომარეობა.
- მე მხედველობაში მისაღები და გასათვალისწინებელი არა მაქვს რა. მე შეურაცხმყვეს და ძალიან აღშფოთებული გახლავართ.
- მგონი, ზარის ხმა მომეყურა, - თქვა ჰოლმსმა. - დიახ, ფეხის ხმაც მომესმა. თუ მე ვერ დაგიყოლიეთ და ვერ დაგაჯერეთ, რომ ყოველივეს, რაც მოხდა, გულის მოსვლა და აყალმაყალი ვეღარ უშველის, ამას გაგაგებინებთ ჩემს მიერ მოწვეული ადვოკატი, რომელიც ჩემზე მამაციცაა და მოხერხებულიც. - ჰოლმსმა კარი გამოაღო და ოთახში ლედისა და ჯენტლმენს შემოუძღვა. - ლორდ სენტ-საიმონ, ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ მისტერ და მისის ფრენსის ჰეი მაულტონები. ლედის, ჩემის აზრით, უნდა იცნობდეთ.
ახალმოსულთა დანახვაზე ლორდი ადგილიდან წამოიჭრა და წელში ამაყად გამართული დადგა. თვალები დაბლა დახარა. ფრენჩი გულის ჯიბესთან გაიხსნა, მარჯვენა ხელი შიგ ჩაიყო და შეურაცხყოფილი, მაგრამ ისეთი ადამიანის პოზა მიიღო, რომელსაც გაჭირვების ჟამს ღირსეული თავდაჭერა შეუძლია. ლედი სასწრაფოდ მიეახლა და ხელი გაუწოდა. მაგრამ ლორდი სენტ-საიმონი შეუვალად იდგა და ქალისათვის არ შეუხედავს, თორემ ქალის სახეზე ისეთი ხვეწნა და მუდარა იხატებოდა, რომ არათუ ლორდი, მის მავედრებელ სახის ცქერას ძე-ხორციელი ვერ გაუძლებდა.
- თქვენ გაჯავრებული ხართ, რობერტ? - უთხრა ქალმა, - საამისო მიზეზიცა გაქვთ.
- უმორჩილესად გთხოვთ, თავის მართლებას ნუ მოჰ-ყვებით, - გამწარებით ჩაილაპარაკა ლორდმა.
- მართალია, სატანჯველში ჩაგაგდეთ და ვალდებულიც ვიყავი, ვიდრე მიგატოვებდით, წინასწარ გამემხილა ყოველივე თქვენთვის, მაგრამ მას მერე, რაც ფრენკი დავინახე, თავგზა ამებნა და რას ვამბობდი, ან რას ჩავდიოდი, აღარ მესმოდა. ისიც კი მიკვირს, თავი როგორ შევიკავე და საკურთხევლის წინ გულშემოყრილი არ გავიშხლართე.
- ვიდრე მისტერ სენტ-საიმონს ყოველივეს აუხსნიდეთ, იქნებ გერჩიოთ, რომ მე და ჩემმა მეგობარმა დროებით დაგტოვოთ? - ჰკითხა მისის მაულტონს ჰოლმსმა.
- თუ ჩემს აზრს მოისმენთ, - წამოიწყო უცნობმა ჯენტლმენმა, - მე მგონია, დროა ჩვენს საიდუმლოებას ფარდა ავხადოთ. ჩემის ღრმა რწმენით, საჭიროა ევროპაშიც და ამერიკაშიც ჩვენი ამბის თაობაზე სრული სიმართლე იცოდნენ.
უცნობი, მომცრო ტანის, კარგად ჩასკვნილი, მზისგან გარუჯული, გამოკვეთილნაკვთებიანი და ცოცხალი ახალგაზრდა ჩანდა.
- მე მოგიყვებით, როგორ მოხდა ყოველივე, - თქვა ლედიმ და ჩვენც სმენად ვიქეცით. - ფრენკი 1881 წელს, როკიის მახლობლად, მაკქვაიერის ბანაკში გავიცანი, იქ, სადაც მამას მაღარო ჰქონდა. მე და ფრენკმა ერთმანეთს სიტყვა მივეცით. ამ ამბის შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, რომ მამა ძალიან შეძლებული კაცი შეიქნა, ფრენკის ნაკვეთი კი თანდათან იფიტებოდა და ბოლოს აღარავითარ შემოსავალს აღარ იძლეოდა. რამდენადაც მამა მდიდრდებოდა, ფრენკის საქმე სულ უკან-უკან მიდიოდა და უფრო და უფრო ღარიბდებოდა. გამდიდრებულ მამაჩემს ჩვენს ნიშნობაზე სიტყვის გაგონებაც არ უნდოდა. ერთ დღეს პატარა ბავშვივით ხელი ჩამავლო და სან-ფრანცისკოში ჩამიყვანა. ფრენკს ჩემთვის თავი არც სან-ფრანცისკოში მიუნებებია. მალულად იქაც ვხვდებოდით ერთმანეთს. მამას რომ ჩვენი შეხვედრების თაობაზე გაეგო რამე, ალბათ გაგიჟდებოდა, მაგრამ ჩვენ იდუმლად ვმოქმედებდით. ერთ დღეს ფრენკმა მითხრა, ფულის საშოვნელად უნდა გადავიხვეწო და მხოლოდ მაშინ დავბრუნდები, როცა იმოდენა კაპიტალი დამიგროვდება, რამდენიც მამაშენს აქვსო. მე აღვუთქვი, რომ, ვიდრე მისი მოლოდინი მექნებოდა, არავის გავყვებოდი. "მაშინ ახლავე დავქორწინდეთ და მე უფრო იმედიანად ვიქნები, რაც შეეხება ქმრის უფლებებს, ვიდრე არ დავბრუნდები, არ წამოგიყენებო", - მითხრა ფრენკმა. ასეც მოვიქეცით. ჯვარი დავიწერეთ, ფრენკი ბედის საძიებლად გაემგზავრა, ხოლო მე მამასთან დავბრუნდი.
ფრენკის ამბავი პირველად მონტანადან მომივიდა. მერე მითხრეს, არიზონაში გადაბარგდაო და უკანასკნელად კი ნიუ-მექსიკოში იყოო. სწორედ, მაშინ მოხდა ინდიელი აპაჩების თავდასხმა იმ მაღაროზე, სადაც ფრენკი მეგულებოდა. ინდიელთა თავდასხმის ისტორია დაწვრილებით იყო აღწერილი გაზეთებში, საიდანაც შევიტყვე, რომ ფრენკი მოეკლათ. ელდისაგან ცუდად შევიქენი და რამდენიმე თვე ლოგინიდან არ წამოვმდგარვარ.
მამამ რომ ნახა, აღარაფერი მშველოდა, საექიმოდ სან-ფრანცისკოში ჩამიყვანა. წელიწადი ისე გავიდა, რომ ფრენკზე აღარაფერი მსმენია და იგი ნამდვილად მკვდარი მეგონა. სწორედ ამ დროს ჩამოვიდა სან-ფრანცისკოში ლორდი სენტ-საიმონი. მერე ლონდონს ვეწვიეთ. დაიწყო ქორწინების თაობაზე ლაპარაკი. ყველაფერი გადაწყდა. მამა ჩემი გამოჯანმრთელებით ძალიან ნასიამოვნები იყო, მაგრამ მე აშკარად ვამჩნევდი, რომ დედამიწის ზურგზე არც ერთ მამაკაცს არ შეეძლო ფრენკის დაღუპვის შედეგად ჩემს გულში დასადგურებული სიცარიელის ამოვსება.
თუ ცოლად ლორდ სენტ-საიმონს გავყვებოდი, რა თქმა უნდა, ჩემი მოვალეობის ერთგული უნდა ვყოფილიყავი. ჩვენ გრძნობებზე ბატონობა არ ძალგვიძს, თორემ ჩვენს მოქმედებაზე ხომ პასუხისმგებელნი ვართ. ლორდ სენტ-საიმონს საკურთხევლისაკენ იმ რწმენით მივყვებოდი, რომ მისი ერთგული ცოლი ვიქნებოდი. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდი, როცა საკურთხეველთან მყოფმა პირველ რიგში მჯდარ ფრენკს მოვკარი თვალი. პირველად ასე ვიფიქრე, ცოცხალი არსება კი არა, მოჩვენებაა-მეთქი. მაგრამ მეორედ რომ შევხედე, მის კეთილ თვალებში უსიტყვოდ ამოვიკითხე: გსიამოვნებს თუ არა ჩემი ხილვაო. ახლაც კი მიკვირს, მუხლები როგორ არ მომეკვეთა. ჩემს ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა, და ღვთის მსახურის სიტყვები ყურში ფუტკრების ზუზუნივით ჩამესმოდა. არ ვიცოდი, რა მეღონა, შემეჩერებინა ჯვრისწერა და აურზაური ამეტეხა ეკლესიაში, თუ ჯვრისწერის დამთავრებამდე მომეთმინა? ერთხელ კიდევ გავაპარე თვალი ფრენკის მხარეს. მან თითქოს ჩემს სახეზე ამოიკითხა, რასაც ვაპირებდი და ტუჩებზე თითების დადებით მანიშნა, წყნარად იყავიო. მერე ისიც შევნიშნე, ფრენკი გამალებით წერდა რაღაცას და იმწამსვე მივხვდი, რომ წერილს ჩემთვის ამზადებდა. გვერდით ჩავლისას თაიგული ფრენკის ფეხებთან დავაგდე და ყვავილებს რომ მიბრუნებდა, წერილიც ხელში ჩამიცურა. იქ მხოლოდ ერთადერთი ფრაზა ეწერა. ფრენკი მთხოვდა, როგორც კი ნიშანს მოგცემ, ჩემთან მოდიო. რაღა თქმა უნდა, ერთ წუთსაც არ შევყოყმანებულვარ. გადავწყვიტე, ყველაფერში ფრენკს დავმორჩილებოდი.
შინ დავბრუნდი თუ არა, ჩემს მსახურ გოგოს ვუამბე, რაც თავს გადამხდა ეკლესიაში. იგი ფრენკს ჯერ კიდევ კალიფორნიაში იცნობდა და ძალიანაც უყვარდა. მსახურს ვუბრძანე, მომხდარ ამბავზე კრინტი არ დაეძრა, აუცილებელი საგნები ჩანთაში ჩაელაგებინა და პალტოც მოემზადებინა. ვიცოდი, რომ ლორდ სენტ-საიმონისათვის ყველაფერი გულახდილად უნდა მეთქვა, მაგრამ მისი დედისა და ამდენი სტუმრის წინაშე ყოველივე ეს შეუძლებლად და უხერხულად მივიჩნიე. გადავწყვიტე, ჯერ იქაურობას გავცლოდი და მერე ყველაფერი ამეხსნა. მაგიდასთან ათი წუთიც არ ვმჯდარვარ, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ფრენკი შევნიშნე. მან ხელი დამიქნია და პარკში შევიდა. მაგიდიდან იმწამსვე ავდექი, ჩემთვის მომზადებულ ჩანთას ხელი დავავლე, პალტო ჩავიცვი და ფრენკს დავედევნე. ქუჩაში ვიღაც ქალი მომეახლა და ლორდ სენტ-საიმონზე დამიწყო ლაპარაკი. ქალს არ ვუსმენდი, მაგრამ უნებურად მაინც შევიტყვე, რომ ჩვენს დაქორწინებამდე, რაღაც საიდუმლო თავგადასავალი ლორდსაც გადახდენოდა. როგორც იქნა, აბეზარ ქალს თავი დავაღწიე და ფრენკს წამოვეწიე - ეტლში ჩავსხედით და ფრენკის მიერ ნაქირავებ სასტუმროსკენ გავწიეთ. ამდენი წლის ლოდინის შემდეგ ეს იყო ჩემი ნამდვილი ქორწილი. ფრენკი აპაჩებს ტყვედ ჩაეგდოთ. იქიდან როგორღაც თავი დაეხსნა, სან-ფრანცისკოში ჩამოსულიყო, იქ შეეტყო ჩემი ამბავი და ლონდონისკენ გამოუწევია. და აქ, ეკლესიაში, ჩემი მეორედ ქორწინებისას, სწორედ სულზე მომისწრო.
- ყველაფერი გაზეთში ამოვიკითხე, - აგვიხსნა ამერიკელმა, - იქ დასახელებული იყო ეკლესია, საპატარძლოს ვინაობა, მაგრამ სად ცხოვრობდა იგი, ეს კი აღარ ეწერა.
- ბევრი ვითათბირეთ, როგორ მოვქცეულიყავით. ფრენკმა მთხოვა, ყველაფერი გულახდილად გამემჟღავნებინა, მაგრამ თავს გადახდენილი ამბებით ისე ვიყავი შეწუხებული, რომ არავის ნახვა აღარ მსურდა. მხოლოდ მამისათვის მინდოდა მიმეწერა წერილი და შემეტყობინებინა, რომ ცოცხალი ვიყავი. იმის გაფიქრებაც კი, რომ ლორდები და ამდენი ლედი მაგიდის გარშემო ისხდნენ და ჩემს დაბრუნებას ელოდნენ, შიშის ჟრუანტელს მგვრიდა. საქორწინო ტანსაცმლით რომ არავის ვეცნე, ფრენკმა ჩემი ტანსაცმელი და ნივთები ერთ ბოღჩაში გამოკრა და ტბაში ჩაყარა. ხვალისათვის პარიზს უნდა გავმგზავრებულიყავით, მაგრამ ამ კეთილმა კაცმა, მისტერ ჰოლმსმა, არ ვიცი, რა მანქანებით მოგვაგნო, გადაგვადებინა მგზავრობა. მან თვალნათლივ დაგვიმტკიცა, რომ მე მართალი არ ვიყავი, ფრენკისათვის უნდა დამეჯერებინა და ლორდის წინაშე ჩემი საქციელი უნდა მომენანიებინა. მანვე ძალიან უბრალოდ დაგვარწმუნა, რომ დამალვით და ახლობელთადმი თავის არიდებით ჩვენსავე თავს ვავნებდით. მერე გვითხრა, ვეცდები, ლორდ სენტ-საიმონს მარტოს შეგახვედროთ, და ჩვენც აქეთ გამოვეშურეთ. ახლა, რობერტ, თქვენ ყოველივე იცით, ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი დიდი ტკივილი მოგაყენეთ და იმედი მაქვს, ჩემზე ძალიან ცუდ რამეს აღარ იფიქრებთ.
ლორდ სენტ-საიმონი წარბებშეყრილი და ტუჩებმოკუმული ისმენდა ყოფილი ცოლის აღსარებას.
- მაპატიეთ, - წარმოთქვა მან, - მაგრამ წესად არა მაქვს, ჩემს ინტიმურ ამბებზე სხვათა თანდასწრებით ვილაპარაკო.
- მაშ, თქვენ არ შემინდობთ? ხელს არ ჩამომართმევთ წასვლის წინ?
- თუ თქვენ ეს ამბავი სიამოვნებას მოგგვრით, ინებეთ! - თქვა ეს და ლორდმა სენტ-საიმონმა თავისი ხელი ცივად ჩამოართვა მისის მაულტონს.
- იმედი მქონდა, ჩვენთან ერთად ივახშმებდით, - მიმართა ლორდ სენტ-საიმონს ჰოლმსმა.
- მე მგონია, თქვენ ძალიან ბევრ რამეს მოითხოვთ ჩემგან, - თავისი ღირსების შეგნებით უპასუხა ლორდმა, - მე იძულებული ვარ, შექმნილ ვითარებას შევურიგდე, მაგრამ ეს ამბავი რომ მიხაროდეს, ამას ჭკუათმყოფელი ადამიანი ვერ მომთხოვს. თქვენი ნებართვით წავალ და კარგ დროსტარებას გისურვებთ, - მან ღირსეულად დაგვიკრა თავი და ოთახიდან გავიდა.
- იმედი მაქვს პატივს დაგვდებთ და ჩვენთან ერთად ივახშმებთ, მისტერ მაულტონ, - მიმართა ჰოლმსმა. - ამერიკელებთან შეხვედრა ძალიან მახელებს ხოლმე.
7 7
- ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო, - თქვა ჰოლმსმა, როცა სტუმრები წავიდნენ. - იგი თვალნათლივ ადასტურებს, როგორ უბრალოდ შეიძლება აიხსნას ის ამბები, რომლებიც, ერთი შეხედვით, ამოუცნობი და იდუმალებით მოცული გვეჩვენება. აბა, რა უნდა იყოს იმაზე ბუნებრივად და ლაღად მდინარე, ვიდრე ის ამბები, რაც მისის მაულტონმა გვიამბო. ხოლო იმ დღესავით ნათელი ამბებიდან როგორი არეულ-დარეული დასკვნები გააკეთა ლესტრეიდმა.
- თქვენ რა, თავიდანვე ძიების სწორ გზას ადექით? - ვკითხე მე.
- ჩემთვის თავიდანვე ორივე რამ იყო სრულიად ნათელი. პირველი, რომ საპატარძლო თავისი სურვილით მივიდა საკურთხეველთან. მეორე - რომ ქორწინების ცერემონიალის დამთავრებისა და შინ დაბრუნების შემდეგ ის სინანულმა შეიპყრო. იმ დილით რაღაც ისეთი ამბავი მოხდა, რომ ლედის მიღებული გადაწყვეტილებანი შეაცვლევინა. მაინც რა უნდა მომხდარიყო? იგი ვერავის დაელაპარაკებოდა, ვინაიდან საქმრო განუშორებლივ თან ახლდა. მაშასადამე, ვიღაც უნდა დაენახა. თუ ამ ვერსიას გავყვებოდი, ის, ვინც დაინახა, აუცილებლად ამერიკელი უნდა ყოფილიყო, რადგან ლონდონში ჰეტი დორანი ცოტა ხანს იყო, და შეუძლებელია ვინმეს მასზე იმდენი გავლენა მოეპოვებინა, რომ ქალს მის დანახვაზე თავისი გეგმები ერთიანად შეეცვალა. ესე იგი, გამორიცხვის მეთოდის წყალობით, ჩვენ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ის, ვინც ჰეტი მორანმა დაინახა, ამერიკელი უნდა ყოფილიყო. ახლა გასარკვევი რჩებოდა ვინ იყო ის ამერიკელი? და საიდან ჰქონდა ქალზე ამდენი გავლენა? ის უნდა ყოფილიყო ქმარი ან შეყვარებული. რამდენადაც ვიცოდი, ახალგაზრდა ქალმა ბავშვობა და სიყმაწვილის წლები თავისებურ, უცნაურ პირობებში გაატარა. ყველაფერი ეს მანამდე ვუწყოდი, ვიდრე სენტ-საიმონი მიამბობდა რამეს. მაგრამ, როცა სენტ-საიმონმა საკურთხევლიდან დანახულ, პირველ რიგებში მჯდარ მამაკაცზე, ჰეტის მიერ ძირდაგდებულ თაიგულზე და მის უყურადღებობასა და მოსამსახურის მიერ წარმოთქმულ - "სხვისი კუთვნილის" მითვისებაზე გვიამბო, მთელი სიტუაცია ჩემთვის დღესავით ნათელი შეიქნა, ვიცოდი, რომ ლორდის საცოლე გაიქცა, ან საყვარელთან ერთად, ანდა ეს უფრო შესაძლებელი იყო, ქმართან.
- მერედა, როგორ იპოვეთ მათი ადგილსამყოფელი?
- ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საძნელო საქმე გახლდათ, მაგრამ მათი პოვნა ჩემმა მეგობარმა ლესტრეიდმა გამიადვილა. ლესტრეიდს ხელთ ჰქონდა სწორედ ის ქაღალდი, რომლის ფასიც თვითონ არ უწყოდა. რაღა თქმა უნდა, ინიციალები ძალიან ყურადსაღები ამბავი იყო, მაგრამ ის, რომ ვიღაც სწორედ ამგვარი ინიციალების პატრონი ლონდონში ჩამოვიდა და ერთ-ერთ რჩეულ ოტელში დაიდო ბინა, უფრო საინტერესო ცნობა გახლდათ.
- როგორ მიხვდით, რომ იგი ერთ-ერთ რჩეულ ოტელში ჩასახლდა?
- ფასების მიხედვით. საწოლში რვა შილინგსა და ერთ ჭიქა ღვინოში რვა პენსს მხოლოდ რჩეულთათვის განკუთვნილ სასტუმროებში იღებენ. ასეთი ოტელები კი ლონდონში ბევრი არაა. ნორთუმბერლუნდავენიუზე, მეორე ოტელს მივადექი თუ არა, მაშინვე მითხრეს, ფრენსის ჰ. მაულტონი ამერიკიდანააო. როგორც კი მისი გვარის გასწვრივ დანახარჯსა და ოტელის მეპატრონის მიერ გამოყვანილ ანგარიშს დავხედე, მაშინვე შევნიშნე, რომ ლესტრეიდის მიერ ნაპოვნ ქაღალდზე იგივე ციფრები იყო და ის ქაღალდი ოტელში არსებული ანგარიშის პირს წარმოადგენდა. ჩემს სახელზე მოსული წერილები გორდონსკვერზე 226-ე ნომერში გამომიგზავნეთო, დაებარებინა. მეც ამ მისამართზე გავეშურე. გარჯამ ცუდ-უბრალოდ არ ჩამიარა და შეყვარებულებს შინ მივუსწარი. გავკადნიერდი და ისინი მამაშვილურად დავარიგე. როგორც იქნა, დავარწმუნე, რომ მათთვის უმჯობესი იყო საზოგადოებისათვის, უფრო კი ლორდ სენტ-საიმონისათვის აეხსნათ საქმის ვითარება. მერე ჩემთან მოვიპატიჟე და ლორდთან მარტო შეხვედრა აღვუთქვი. აქვე მოვიწვიე ლორდი სენტ-საიმონი, რომელიც დათქმულ დროზე გამოცხადდა.
- მაგრამ შეხვედრის შედეგი ვერაფერი ბრწყინვალე გამოდგა, - ვუთხარი მე, - ლორდმა ჰეტი დორანი არ შეიწყალა.
- აჰ, უოტსონ, - სიცილით დაიწყო ჰოლმსმა, - არც თქვენ შეიწყალებდით ვინმეს, რომ ქალის უკან დევნასა და ხვანცალს ამაოდ ჩაევლო და ქორწინების ცერემონიალის დამთავრების შემდეგ ხელში არც ცოლი შეგრჩენოდათ და არც მზითევი. ჩემი აზრით, ლორდ სენტ-საიმონზე მსჯელობისას ძალიან ლმობიერნი უნდა ვიყოთ და ბედს მადლობა შევწიროთ, რომ მის დღეში არ აღმოვჩნდეთ. სავარძელი ჩემკენ მოსწიეთ, უოტსონ, და ვიოლინო მომაწოდეთ. ჩვენი თავსატეხი ახლა ისაა, როგორ გავატაროთ შემოდგომის ეს გრძელი საღამოები და რით გავერთოთ.