*
ჩვენს ეზოში,
როგორც ოდესის ბევრ ეზოში,
იდგა ჭა, ანუ უფრო სწორად,
მისი სრული იმიტაცია: მიწისქვეშ იყო ცისტერნა და
შიგ წყალს ასხამდნენ.
ეს ცისტერნები ახლა უკვე ცარიელია,
ანდა სახლის რემონტის შემდეგ
სამშენებლო ნაგვითაა ამოვსებული.
*
როცა პატარა ვიყავი, იყო ჭა ცარიელი,
და წყლის ნაცვლად იქ ჩასახლდნენ ხმები,
ისე, როგორც ზღვის ნიჟარაში. ზუსტად იგივე ეფექტი ჰქონდა,
ოღონდ ხმები იყო სრულიად განსხვავებული.
ზღვის ტალღების ნაცვლად შიშინი
და ჩურჩული გაურკვეველი.
ეს გვზარავდა ცოტა არ იყოს,
მაგრამ ჭისკენ გადახრილებს
გვიყვარდა ამ ხმების მოსმენა. ჩვენ ვცდილობდით
გაგვერჩია სიტყვები, მაგრამ ძალიან მალე
გვბეზრდებოდა ეს საქმიანობა.
*
ქალი, შავად შემოსილი, პატარა თავით,
დოლბანდივით თავზე წაკრული ხელსახოცით,
გაფითრებული, წყალწყალა მზერით,
ყავარჯენზე დაყრდნობილი (ტერფები - ამპუტირებული,
ორივე ფეხი - მოღუნული, მუხლებზე პატარა ბალიშები),
სრულიად შეშლილი - აი, ამ ხმებს ვინ უსმენდა საათობით.
გაუნძრევლად იდგა და სახე უქვავდებოდა:
შუბლშეჭმუხნულს, წარბაწეულს.
რაც გნებავთ, უწოდეთ ამას! უწოდეთ კატატონია,
პირამიმია, ვერბალური ჰალუცინაცია.
ღმერთო, როგორ გვეშინოდა ჩვენ მაშინ მისი!
*
ის ქალაქში დადიოდა ყავარჯნებზე დაყრდნობილი,
ვიღაცას მუშტს უღერებდა და ემუქრებოდა,
და სულმუდამ ლაპარაკობდა, უფრო სწორად,
წამოიყვირებდა ხოლმე რაღაცას,
მაგრამ ჭასთან უტყვი ხდებოდა.
და ეს იყო უსაზარლესი.
*
მახსოვს, ჭექა-ქუხილის დროს, მე ვიდექი ფანჯარასთან და ვხედავდი,
რა ნელა კვეთდა ის მოედანს
გაელვებებში, კოკისპირულ წვიმაში და
განუწყვეტლივ გაჰყვიროდა, მუშტს იღერებდა, იმუქრებოდა.
ჩემს ყველა მეგობარს ახსოვს იგი, მაგრამ თუ რას ლაპარაკობდა,
ვერვინ იხსენებს. არადა მაშინაც კი ვხვდებოდით,
რომ რასაც ის ამოთქვამდა, ჭასთან ჰქონდა გაგონილი და მოსმენილი.
ოდესური ჭა, ანტიკური ორაკული,
ცალსახა პითია, ბავშვური შიშები.
რა იყო ეს? სიგიჟის ჭა, აი, რა იყო.