Litclub.ge

რაინერ მარია რილკე (მთარგმნელი: ლულუ დადიანი)
სიტყვა წარმოთქმული ლონდონში
რილკეს გარდაცვალებიდან 10 წლისთავზე

ქალბატონებო და ბატონებო! თქვენ დღესაც და მომდევნო კვირის განმავლობაშიც, ლექციებზე ყველასათვის ძვირფასი პოეტის რაინერ მარია რილიკეს შემოქმედების ირგვლივ იმდენ უაღრესად კომპეტენტურ თვალსაზრისს მოისმენთ, რომ შესავალი სიტყვით გამოსვლა თავად მეც ზედმეტი და პრეტენზიული მეჩვენება. მაგრამ, ალბათ, მაინც გამაჩნია გარკვეული უფლება - მეტად ფასეული და იმავდროულად, ფრიად ტკივილიანი უპირატესობა - წარმოვთქვა სიტყვა აქ, რადგან თქვენს ქვეყანაში, მე იმ მცირეთაგანი გახლავართ, და ალბათ, ერთადერთიც კი იმათგან, ვინც რილკეს პირადად იცნობდა, პოეტური მოვლენა კი სრულყოფილად ვერასოდეს შეიცნობა, თუ მაშინვე თვით შემოქმედის პიროვნულ სახესაც არ მოვიხმობთ. ახლა კი ისე, როგორც წიგნის დასტამბულ ტექსტს, ავტორის პორტრეტს წაუმძღვარებენ ხოლმე, ნება მომეცით, შევეცადო ჩვენგან ასე უდროოდ წასული პიროვნების სწრაფი სილუეტი შემოგთავაზოთ.
ჭეშმარიტი პოეტი ჩვენს დროში იშვიათობა გახლავთ, მაგრამ უფრო იშვიათი, ალბათ, ჭეშმარიტად შემოქმედებითი არსებობაა, ცხოვრების სრულყოფილი წესი. და ვისაც წილად ხვდა ბედნიერება, ცხოვრებისა და შემოქმედების ამგვარი ჰარმონიულობა ეხილა ერთ პიროვნებაში თვალსაჩინოდ განხორციელებული, თავისი თაობისა და ალბათ, მომდევნო თაობათა წინაშეც ვალად ადევს გაისარჯოს ამ ზნეობრივი სასწაულისათვის. მე მრავალი წლის განმავლობაში მქონდა საშუალება, საკმაოდ ხშირად შევხვედროდი რაინერ მარია რილკეს. ჩვენ გულითადი საუბრები გვქონია სხვადასხვა ქალაქებში ყოფნისას. მის წერილებს სათუთად ვინახავ და ვუფრთხილდები, როგორც უძვირფასეს სახსოვარს - ყველაზე უფრო ცნობილი ნაწარმოების ,,სიყვარულისა და სიკვდილის მელოდიის" ხელნაწერს. თუმცაღა, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ გავბედავდი თქვენ წინაშე, მეწოდებინა ჩემი თავისათვის მისი მეგობარი, რადგან ჩემში, პოეტისადმი მოწიწების გრძნობით გამოწვეული მანძილი ყოველთვის მეტად დიდი იყო, ამასთანავე სიტყვა ,,Freund" (მეგობარი) გერმანულ ენაში ზედმიწევნით ინტენსიურ, ინტიმურ ურთიერთობას გამოხატავს, ვიდრე ინგლისური ,,ფრიენდ". ეს სიტყვა მოზომილად იხმარება, რადგან ეს ცნება უღრმესი შინაგანი კავშირებითა და ისეთი მჭიდრო ურთიერთობით უნდა იყოს განპირობებული, რომლითაც რილკე იშვითად თუ ანებივრებდა ვინმეს - მის წერილებს თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ თითქმის ოცდაათი წლის მანძილზე, ალბათ, ერთხელ ან ორჯერ თუ უხსენებია მას ეს სიტყვა და ისიც მხოლოდ მიმართვისას. სწორედ ეს გახლდათ უკვე მისი არსებისათვის საოცრად ნიშანდობლივი. რილკეს დიდი კრძალულება გააჩნდა ყოველივე წარმოთქმულის წინაშე, გამხელილი გრძნობების წინაშე. მას თავისი პიროვნებისა და ყოველივე პიროვნულის შეძლებისდაგვარად დაფარვა უყვარს, და როცა თვალწინ წარმომიდგება უამრავი ადამიანი, ჩემი ცხოვრების მანძილზე რომ შევხვედრივარ, ვერავის გავიხსენებ, ვისაც ოდნავ მაინც შეძლებოდა გარეგნულად ისეთი შეუმჩნეველი დარჩენილიყო, როგორიც გახლდათ რილკე. არიან პოეტებიც, რომლებიც ნიღაბს ატარებენ ამქვეყნიური შემოტევისაგან თავდაცვის მიზნით, ქედმაღლობისა და სიმკაცრის ნიღაბს. ისეთი პოეტებიც არიან, რომელთაც მუშაობაში გართულთ, მთლიანად საკუთარი შემოქმედებისათვის შეუფარებიათ თავი, კარჩაკეტილნი და მარტოსულნი გამხდარან; რილკესთან არაფერი მსგავსი არ მომხდარა. იგი ხვდებოდა ადამიანებს, მოგზაურობდა სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ფარად თავისი გამოკვეთილი უბრალოება, სისადავე ჰქონდა, დაცული იყო აუწერელი სიმშვიდითა და ყუჩად ყოფნით, რაც მის ირგვლივ ხელშეუხებლობის აურას ქმნიდა. იგი მატარებელში, რესტორანსა თუ კონცერტზე არსოდეს მოგხვდებოდათ თვალში. ატარებდა უბრალო, ზედმიწევნით სუფთა და გემოვნებით შერჩეულ სამოსს, თავს არიდებდა ყოველნაირ ატრიბუტს, რასაც პოეტურობისათვის ხაზგასმა შეეძლო. საერთოდ აკრძალული ჰქონდა ჟურნალებში საკუთარი ფოტოს გამოქვეყნება, მხოლოდ იმ განუხრელი სურვილის გამო, რომ თავის თავთან დარჩენილიყო - ადამიანი, ადამიანთა შორის, რადგან თავად სურდა დამკვირვებელი ყოფილიყო და არა პირუკუ. წარმოიდგინეთ მიუნხენისა ან ვენის რომელიმე საზოგადოება, სადაც ორ ათეულზე მეტი ადამიანია სასაუბროდ თავშეყრილი. ნატიფი აღნაგობის, ძალიან ახალგაზრდა გარეგნობის მამაკაცი შემოდის და უკვე ესეც ნიშანდობლივია, რომ ვერავინ ამჩნევს მის გამოჩენას. იგი წყნარად, ჩუმი, პატარა ნაბიჯებით შემოესწრო ამ თავყრილობას, ალბათ, ზოგიერთ მათგანს ხელი ჩამოართვა კიდეც და აი, ზის ოდნავ დახრილი თავით, რათა არავის აჩვენოს თავისი თვალები, ეს მშვენიერი, ნათელი და გასულიერებული თვალები, მხოლოდ ისინი ამხელენ მას. ზის მშვიდად, ხელები მუხლებზე უწყვია და ისმენს - აქვე უნდა ითქვას, რომ მე უაღრესი, გულის სიღრმემდე გამზიარებელი მოსმენის ამგვარი ნიჭი არასოდეს მინახავს. ეს იყო სრულყოფილი ყურის გდება, შემდეგ კი, თუ ამეტყველდებოდა, ესეც ისე ხმადაბლა ხდებოდა, რომ ლამის ვერ ამჩნევდით, რაოდენ მშვენიერი, ხავერდოვანი დაბალი ხმა ჰქონდა. იგი არასოდეს აუწევდა ხმას, არასოდეს ცდილობდა ვინმესათვის მოეგო სიტყვაში, ან გადაერწმუნებინა რაიმეში და თუ იგრძნობდა, რომ დამსწრეთა უმეტესობა უსმენდა და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, მაშინვე უკან იხევდა და თავის თავში იკეტებოდა. ჭეშმარიტი საუბრები კი, ისეთი, ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე რომ გაყვება და ახსენდება, მხოლოდ მაშინ ხდებოდა შესაძლებელი, თუ მასთან მარტო იყავით, უმჯობესი იყო საღამო ხანს, ბინდისფერი რომ დაჰკრავდა ხოლმე, ან თუ ერთად ხეტიალობდით რომელიმე უცხო ქალაქის ქუჩებში. რილკეს ეს მორიდებულობა არასგზით მიეწერება არც ქედმაღლობას და არც შიშნეულობას, ისიც მცდარი იქნებოდა გვეფიქრა, რომ იგი ნევროტული, დათრგუნული პიროვნება იყო. მას შეეძლო დიდებულად გულწრფელი და უშუალო ყოფილიყო, სავსებით ბუნებრივად ესაუბრა ასევე ჩვეულებრივ ადამიანებთან და ხანდახან მხიარულებაზეც არ ეთქვა უარი. ოღონდაც ყველაფერი ხმამაღალი, უხეში მისთვის ყოვლად აუტანელი, გაუსაძლისი იყო. ხმაურიანი ადამიანი კი პირად ტანჯვას აყენებდა, თაყვანისმცემელთა მხრიდან ყოველნაირი გადაჭარბებული და მომაბეზრებელი ქმედება ნათელ სახეზე შემკრთალ, შეწუხებულ გამომეტყველებად აღებეჭდებოდა ხოლმე, და მართლაც, საოცარი სანახავი იყო, რა ძალა გააჩნდა მის სიმშვიდეს. ყველა აბეზარი უმალ მშვიდდებოდა, ხმაურიანი და თავდაჯერებული კი, მორიდებული ხდებოდა. სადაც იგი იმყოფებოდა, თითქოსდა განწმენდილი ატმოსფერო იქმნებოდა. ასე მგონია, მისი თანდასწრებით ვერავინ გაბედავდა უკადრისი ან უხეში სიტყვის თქმას, არვის აღმოაჩნდებოდა სითამამე, რომელიმე ლიტერატურული ჭორი, ან უხამსობები ეამბნა. მედინ წყალში მოხვედრილი ზეთის წვეთივით, თავის ირგვლივ, წრიულად სიმშვიდეს რომ ამყარებს, ისე შემოჰქონდა ნებისმიერ გარემოცვაში რაღაც წმინდა. მართლაც გასაოცარი იყო ის საკვირველი ძალა, თავის ირგვლივ ყველაფერი ჰარმონიულობით აღევსო, სისასტიკე დაეცხრო, სიმახინჯე ჰარმონიულობად ექცია. მის ირგვლივ მყოფი ადამიანებისა არ იყოს, ყოველ ალაგსა თუ ბინას, სადაც ცხოვრება უხდებოდა, უმალ მისეული ნიშნით აღბეჭდავდა ხოლმე. და როგორც წესი, მას უმეტესად უღიმღამო ბინებში უწევდა ცხოვრება; ხელმოკლეობის გამო მუდამ ერთი, ან ოროთახიანი ნაქირავები ბინა ეჭირა, არაფრისმთქმელი, ბანალური ავეჯით გაწყობილი. მაგრამ როგორც ფრა ანჟელიკომ იცოდა თავისი უკიდურესად ღატაკი სენაკი მშვენიერებად როგორ ექცია, ასევე რილკესაც საკუთარი გარემოცვისათვის მყისიერად პიროვნულობის მინიჭების, გასულიერების განსაკუთრებული უნარი გააჩნდა და ამას მუდამ მცირე, უბრალო საგნებითა თუ დეტალებით აღწევდა, რადგან სურვილიც კი არ ჰქონია და არც არასოდეს ჰყვარებია ფუფუნება - ერთადერთი ყვავილი ლარნაკში, ორიოდ შილინგად შეძენილი რამოდენიმე რეპროდუქცია კედელზე... მაგრამ მან იცოდა ამ საგნების იმგვარი სისუფთავითა და სისტემატურობით განლაგება, რომ ასეთ ბინაშიც კი, მაშინვე სრული წესრიგის ატმოსფერო იქმნებოდა. იგი შინაგანი ჰარმონიის წყალობით უცხოობის ყოველნაირ გამოვლინებას აბათილებდა. მის ირგვლივ ყველაფერი ლამაზი და ძვირფასი კი არა, არამედ თავის გამოხატულებაში სრულყოფილი უნდა ყოფილიყო, რადგან იგი, ფორმის მეხოტბე შემოქმედი, ცხოვრების ყოველდღიურობაშიც ვერ იტანდა ვერანაირ უფორმობას, ქაოტურობას, შემთხვევითობასა და მოუწესრიგებლობას. რაიმე წერილს თუ წერდა, მისთვის ჩვეული მრგვლოვანი მოხდენილი ხელწერით, ჩასწორებული არაფერი უნდა ყოფილიყო, თუნდაც მელნის პატარა წვეთიც რომ დასხმოდა, დაუნანებლად დახევდა წერილს და აუცილებლად თავიდან ბოლომდე გადაწერდა. წიგნს თუ ითხოვებდა ვინმესგან, უკან დაბრუნებისას აბრეშუმის ქაღალდში სათუთად შეახვევდა, ზედ თხელ ფერად ბაფთას ჯვარედინად შემოავლებდა, გვერდით ერთი ყვავილით, ან რაიმე მნიშვნელოვანი წარწერით შეამკობდა. მისი სამგზავრო ჩანთაც, თუ კი გამგზავრებას დააპირებდა სადმე, ხელოვნებამდე აყვანილი წესრიგის ნიმუშს წარმოადგენდა. ისეთი ალღოთი მიუჩენდა ხოლმე მისადაგებულ ადგილს პატარა უბრალო საგანსაც კი, რომ სრულიად განუმეორებელი ნიშნით აამეტყველებდა. ირგვლივ მყოფთაგან ერთგვარი გამანძილება მოთხოვნილებად ჰქონდა ქცეული, თითქოს ჰაერის გარსით უნდა ყოფილიყო გამიჯნული მათგან, ერთი მხრივ, ინდოეთის წმინდანებისა და მეორე მხრივ, მდაბიორთა კასტის - ხელშეუხებელთა მსგავსად, რომელთა მიკარებას ვერავინ ბედავს. ჰაერის ეს გარსი ისეთი სიფრიფანა იყო, რომ მისი არსების სითბო კი გამოსჭვიოდა, მაგრამ მისეულ სიწმინდესა და პიროვნულობას შეუვალად იცავდა, გარეკანი ნაყოფს რომ იცავს, ისე. ეს გარსი საიმედოდ იცავდა მისთვის ყველაზე უმნიშვნელოვანესს: სიცოცხლის თავისუფლებას. ჩვენი დროის არც ერთი გავლენიანი და წარმატებული პოეტი ან მწერალი არ გახლავთ რილკესავით თავისუფალი, რომელიც არაფერს იყო მიჯაჭვული, მას არ გააჩნდა არც ჩვეულებები, არც მისამართი და არსებითად, თვით სამშობლოც კი; იგი ისეთივე სიამოვნებით ცხოვრობდა იტალიაში, როგორც საფრანგეთსა და ავსტრიაში, არასოდეს არავინ იცოდა, სად იმყოფებოდა. ყოველთვის შემთხვევით თუ წააწყდებოდით სადმე უეცრად პარიზის რომელიმე ბუკინისტთან ანდა ვენის რომელსამე საზოგადოებაში, მყის რომ მოგაგებებდათ თავის გულითად ღიმილსა და რბილ ხელის მტევანს. ასევე უეცარი გაქრობა იცოდა ხოლმე და ვისაც იგი უყვარდა, პატივს თუ სცემდა, არასოდეს კითხავდა, სად შეიძლებოდა მისი ნახვა, არასდროს დაეძებდა, არამედ უცდიდა, ელოდა, სანამ თავად გამოჩნდებოდა. ყოველი მისი ნახვა, მასთან საუბარი ჩვენთვის, უფრო ახალგაზრდებისათვის, ბედნიერება და ზნეობრივი გაკვეთილი იყო. აბა წარმოიდგინეთ, რა აღმზრდელობითი ძალა ექნებოდა ჩვენთვის, უმცროსებისათვის, დიდი პოეტის ნახვას, შეხვედრას ადამიანთან, რომელიც იმედებს არ გიცრუებს, საქმოსნობისა და საქმიანობისგან შორს დგას, მხოლოდ თავისი შემოქმედებით იწვის და არ ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებაზე თავისი შემოქმედებით, რომელიც კრიტიკას არასოდეს კითხულობს და არასოდეს იძლევა ინტერვიუს, სხვისი სიკეთის გამზიარებელია და სიცოცხლის ბოლო წუთამდე გასაოცარი ინტერესითაა აღსავსე ყოველივე ახლისადმი. მე მომისმენია, თუ როგორ კითხულობდა იგი მეგობართა წრეში მთელი საღამო ხმამაღლა ერთი ახალგაზრდა პოეტის ლექსებს, იმის მაგივრად, რომ საკუთარი - წაეკითხა. მე ჩემი თვალით მინახავს მისი საოცარი კალიგრაფიული ხელით გადაწერილი მთელი გვერდები სხვათა ნაწარმოებებიდან, რათა შემდგომ საჩუქრად დაერიგებინა. და რაოდენ გულისამაჩუყებელია ის გარემოება, რომ პოლ ვალერიზე უფრო დაბალი რანგის პოეტად მიიჩნევდა თავს. მორჩილი მორიდებით ემსახურებოდა მას, როგორც მთარგმნელი და ორმოცდაათი წლის ასაკში, ორმოცდათხუთმეტი წლის პოლ ვალერის მიუღწეველ ოსტატად მოიხსენიებდა. გულწრფელი აღტაცება შეეძლო და სწორედ ეს იყო მისი ბედნიერება, ის, რაც ასე სჭირდებოდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, რადგან, ნება მომეცით არ შევუდგე იმის აღწერას, რაოდენ განიცდიდა ეს ადამიანი ომისდროინდელსა და ომისშემდგომ პერიოდს, როდესაც მსოფლიოს სისხლი სწყუროდა, ირგვლივ სიმახინჯე, უხეშობა, ბარბაროსობა სუფევდა, როცა ის სიმშვიდე, ასე რომ ეწადა თავის ირგვლივ რომ შეექმნა, უკვე შეუძლებელი გამხდარიყო. მე არსოდეს დამავიწყდება მისი არსების შეშლილობამდე მისული მდგომარეობა, როცა იგი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ვნახე. მრავალი წლის შინაგანი სულიერი დადამბლავება უნდა გადაელახა, ვიდრე ერთი ლექსის დაწერას მაინც შეიძლებდა. მაგრამ სამაგიეროდ ეს კრიზისი დუინური ელეგიების დასრულებით დაგვირგვინდა.
 ქალბატონებო და ბატონებო, მე რამოდენიმე სიტყვით შევეცადე, ცოტა რამ მიმენიშნებინა რილკეს ხელოვნების დონემდე აყვანილი უნარის შესახებ, ეცხოვრა წმინდა ცხოვრებით, მომეთხრო პოეტზე, რომელიც ფართო საზოგადოებაში არასოდეს ჩანდა, რომელსაც არასოდეს აღუმაღლებია ხმა ჩვენ შორის და რომლის ცოცხალი სუნთქვა თითქმის არავის უგრძვნია. მაგრამ მაინც, წავიდა თუ არა ჩვენგან, თანამედროვეობას ისე არავინ დაკლებია, როგორც ეს უჩუმარი პიროვნება და მხოლოდ ახლა გრძნობს გერმანია, გრძნობს მსოფლიო იმ განუმეორებლობას, რაც მის არსებაში იყო დავანებული. ხანდახან ამა თუ იმ ხალხს ასეც ემართება ხოლმე, როდესაც პოეტი უკვდება, თითქოს პოეზიაც სწყვეტს მასთან ერთად არსებობას. ალბათ, ინგლისსაც ეს განცდა დაეუფლა, როცა თითქმის ერთი ათწლეულის განმავლობაში გამოეცალნენ ბაირონი, შელი და კიტსი. ამგვარ ტრაგიკულ წუთებში ეს უკანასკნელი, თითქოსდა მისი თაობისათვის, საერთოდ, პოეტის სიმბოლოდ იქცევა და გარკვეულ შიშსაც წარმოშობს - ვაი თუ იგია უკანსკნელი პოეტი, რომელიც ჩვენ მოგვესწროო. გერმანიაში დღეს პოეტს თუ ვახსენებთ, ისევ და ისევ რილკეს ვგულისხმობთ და მუდამ თვალით დავეძებთ მის ძვირფას სახეს იქ, სადაც ოდესმე შეგვხვედრია, თუმცა მან ჩვენი თანამედროვეობიდან ჟამგარეშე უსასრულობაში გადაინაცვლა და კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრა უკვდავების კვარცხლბეკზე.

სიტყვა წარმოთქმულია 1936 წლის 29 დეკემბერს ლონდონში.

Stefan Zweig Gesammelte Werke in Einzelausgaben. Esseys.
Auswahl 1929-1942. Herausgegeben von Dietrich Simon.
Inselverlag.Leipzig. 1990.