შავი რძისნამი განთიადისა
მას ვეწაფებით შებინდებისას
მას ვეწაფებით დილით
შუადღით მას ვეწაფებით როცა ღამეა
ჩვენ ვეწაფებით მას ვეწაფებით
ჰაერში ვითხრით საფლავებს
ჩვენსას იქ ადგილი ყველას ეყოფა
კაცი კი ცხოვრობს ის ცხოვრობს სახლში
ის გველს აცეკვებს ის იწყებს წერას
წერს და ბინდდება გერმანიაში
ვაი შენი თმის ოქროს მარგარეტ
ის წერს და გადის ვარსკვლავებს ღვიძავთ
ის სტვენით უხმობს ძაღლების ხროვას
ის ებრაელებს მოუხმობს სტვენით
ყვირის სალფავი მიწაში თხარეთ
ის ჩვენ გვიბრძანებს დაუკარით თქვენ კი იცეკვეთ
შავო რძისნამო განთიადისა ჩვენ გეწაფებით როცა ღამეა
შენ გეწაფებით დილით შუადღით
შენ გეწაფებით შებინდებისას
ჩვენ გეწაფებით შენ გეწაფებით
კაცი კი ცხოვრობს ის ცხოვრობს სახლში
ის გველს აცეკვებს ის იწყებს წერას
წერს და ბინდდება გერმანიაში
ვაი შენი თმის ოქროს მარგარეტ
ვაი შენი თმის ნაცარს სულამით ჰაერში
ვითხრით საფლავებს ჩვენსას იქ ადგილი ყველას ეყოფა
ის კი დაგვყვირის საფლავები თხარეთ მიწაში
თქვენ კი იმღერეთ ის დაგვყვირის და დაუკარით
ქამრიდან იძრობს ელვარე რკინას
მისი თვალები არის ცისფერი
ღრმად დაატანეთ მიწას ნიჩაბი
თქვენ კი იცეკვეთ და დაუკარით
შავო რძისნამო განთიადისა
ჩვენ გეწაფებით როცა ღამეა
შენ გეწაფებით დილით შუადღით
შენ გეწაფებით შებინდებისას
ჩვენ გეწაფებით შენ გეწაფებით
კაცი კი ცხოვრობს ის ცხოვრობს სახლში
ვაი შენი თმის ოქროს მარგარეტ
ვაი შენი თმის ნაცარს სულამით
ის გველს აცეკვებს ის იწყებს წერას
ის ყვირის ტკბილად უმღერეთ სიკვდილს
ხოლო სიკვდილი მოძღვარია გერმანიიდან
მეტი ნაღველი ვიოლინოებს რათა კვამლივით აიჭრათ მაღლა
ღრუბლებში თქვენი საფლავებია იქ ადგილი ყველას ეყოფა
შავო რძისნამო განთიადისა ჩვენ გეწაფებით როცა ღამეა
შენ გეწაფებით შუადღით დილით
ხოლო სიკვდილი მოძღვარია გერმანიიდან
შენ გეწაფებით შებინდებისას
ჩვენ გეწაფებით შენ გეწაფებით
ხოლო სიკვდილი მოძღვარია
გერმანიიდან მისი თვალები არის ცისფერი
ყველას მიგაწვენთ მისი ტყვიები
არვის აცდება მისი ნასროლი
კაცი კი ცხოვრობს ის ცხოვრობს სახლში
ვაი შენი თმის ოქროს მარგარეტ
ის ჩვენზე გეშავს ძაღლების ხროვას
ის ჩვენ საფლავებს გვჩუქნის ჰაერში
ის გველს აცეკვებს და ის ოცნებობს
ხოლო სიკვდილი მოძღვარია გერმანიიდან
ვაი შენი თმის ოქროს მარგარეტ
ვაი შენი თმის ნაცარს სულამით