ეს ტიტველი, ფუნჩულა ბიჭუნა ვინ არი?
ეს ხომ პატარა ადოლფიკოა, ბატონ ჰიტლერების შვილი!
შესაძლოა, იგი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი
ან ვენის ოპერის სოლისტი გახდეს.
ვისია ეს პაწაწინა ხელები, თვალები, ყურები?
ვისია პაწია მუცელი, რძით გატიკნილი?
ჯერჯერობით არ ვიცით, ვისია:
ასოთამწყობის, მოხელის, ვაჭრის, მღვდლისა?
საით გასწევენ ეს სასაცილო ფეფები, საით?
საბავშვო ბაღში, სკოლაში, დაწესებულებაში, ქორწინებაზე.
იქნებ თვით ბურგომისტრის ქალიშვილიც ითხოვონ?
აღუ-აღუ, ანგელოზო, ნამცეცა ბიჭო, მზის თვალო!..
ის რომ ერთი წლის წინათ ამქვეყნად გაჩნდა,
ცასა და მიწას ზოდიაქოს ნიშნები აკლდა.
აპრილის მზე. ფანჯრის რაფაზე ყვავილები.
არღნის ჭყიპინი ეზოებში.
ბედნიერი ბილეთის ვარდისფერი ფურცელი.
მშობიარობის წინ დედამ უცნაური სიზმარი ნახა:
მტრედის გამოცხადება - სიხარულს მოასწავებს,
ხოლო მტრედი თუ დაიჭირე,
მაშასადამე, სტუმარი მოვა სახლში, სასურველი.
ტაკ-ტუკ, ტაკ-ტუკ, ვინაა მანდ? ეს ადოლფიკოს გული ძგერს.
მაწოვარა, არტახები, შიბაქი, ფიფინა.
ბიჭი მაგარია და ჯანმრთელი.
არ დაითარსოს - ფიცარს თითი მიუკაკუნეთ.
მშობლებსა ჰგავს, კალთაში მჯდარ ცინდალსაც
და საერთოდ - ყველა ბავშვს ყველა საოჯახო ალბომიდან.
მოდი , ნუ ვიტირებთ, პატარავ.
ბატონი ფოტოგრაფი ტილოს თავზე გადაიფარებს,
"ჩხაკ"-ო და ჩიტიც გამოფრინდება!
Atelier Klinger, Grabenstrasse, Braunen,
ბრაუნენი პატარა მყუდრო ქალაქია:
სოლიდური ფირმები, პატივსაცემი მეზობლები,
აფუებული ცომისა და საოჯახო საპნის სუნი.
არც ძაღლების ყმუილი, არც სხვა ავისმომასწავებელი
ნიშნები...
ისტორიის მასწავლებელი საყელოს იხსნის,
იზმორება და რვეულებზე
თავდახრილი ამთქნარებს.