Litclub.ge

დასაფლავება (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
"ვინ იფიქრებდა?!" "საწყალი!" "რა ხნისა იყო იანი?.."
"იშვიათია, ბატონო, ეგეთი ადამიანი, -
ოჯახზე გადაყოლილი... "როგორ უყვარდა მონიკა!"
"სიმსივნე რა შუაშია, თვითონვე თავი მოიკლა
მუდმივი ნერვიულობით, აი სიკვდილის მიზეზი!"
"მაგისი საქმე არ იყო კომერციული ბიზნესი!"
"ქვრივი თავის გზას მონახავს, პატარებს რა ეშველებათ?"
"სულ ვაფრთხილებდი: სიგარეტს როგორმე უნდა შეეშვა,
არ დამიჯერა", "ეგ არი, რომ გღუპავს, ჩემო პალადი!"
"ყვავილებს სანამ დადებდე, შემოაცალე ქაღალდი!"
გაიგეთ, თურმე ანჯეიმ სულ მიატოვა ვარშავა
და ელისეის მინდვრებზე, პარიზში ცხოვრობს ამჟამად?!"
"მაშ ასე: ორი კვერცხი და ხუთასი გრამი შაქარი?"
"შეხედე, კრისტი, ის ტიპი, გზაში რომ შეგვხვდა, აქ არი!
ჩანგალს გვდებს?" "აბა, რა ვიცი? მოგვჩერებია პირღია!"
"მე მგონი, წვიმა დაიწყო, ქოლგა არ წამოგიღია?"
"ჰო, მართლა, არ დამავიწყდეს... დარეკა შენმა მიშელმა."
(წვიმა თანდათან მატულობს, ხალხი ნელნელა იშლება)
"წავიდეს, მაგის..." "რა მოხდა?" "სისხლი გამიშრო
კრეტინმა:
აბორტი გაიკეთეო, ეს უკვე მეტისმეტია!"
"მღვდელს დააკვირდი, მარისკა, ბელმონდოს არ გავს
ძალიან?!"

"იქნება წავსულიყავით, დამთავრდა "AVE MARIA!"
კუბოც მიწაში ჩაუშვეს... "FINITA LA COMEDIA!"
"საუბედუროდ, სიკვდილი ყველა ჩვენგანის ხვედრია".
"მაგაზე, თუ გაგიგიათ, სომხური ანეკდოტია..."
"ქვრივს გადაეცით, გეთაყვა: ქელეხზე მე ვერ მოვდივარ,
წვეულება მაქვს ოჯახში, სტუმრები უკვე მელიან".
"კაფეში ხომ არ შეგვევლო, ლუდი ხომ არ დაგველია?"