Litclub.ge

მე ბაღზე ვწუხვარ (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)
არავინ ფიქრობს ყვავილებზე,
არავინ ფიქრობს თევზებზე,
არავის უნდა დაიჯეროს, რომ ბაღი კვდება;
რომ ბაღის გული უნუგეშოდ წყლულდება მზის ქვეშ;
რომ ბაღის გონი თანდათანობით ცარიელდება სიმწვანის ხსოვნისგან
და ბაღის გრძნობა ბაღის მარტოობაში გახრწნილ უსაგნო
აბსტრაქციას დაემსგავსა.
მარტოა ჩვენი სახლის ეზო,
ჩვენი სახლის ეზო,
ერთი უცნობი ღრუბლის გაწვიმების მოლოდინში, უხმოდ
ამთქნარებს
ცარიელია აუზი ჩვენი სახლის შუაგულში2.
პატარა, მიამიტი ვარსკვლავები
ხეთა სიმაღლიდან მიწაზე ცვივიან
და თევზების სახლის ფერდაკარგული სარკმლების იქიდან
ღამღამობით ხველების ხმა ისმის.
მარტოა, მარტო ჩვენი ეზო.

მამა ამბობს:
"მე უკვე არ მეხება,
მე უკვე არ მეხება,
მე ჩემი ლელოც გატანილი მაქვს,
და სამკალიც მომკილი" -
და თავის ოთახში დილიდან დაისამდე
ან "შაჰნამეს"3 კითხულობს
ან "ნასეხ ოთ-თავარიხს"4.
მამა ეუბნება დედას:
"ღმერთმა დასწყევლოს, რაც ქვეყანაზე თევზი და ჩიტია,
როცა მოვკვდები,
რაღა აზრი აქვს, ბაღი და წალკოტი იქნება თუ არა,
ჩემთვის საკმარისია, კუთვნილ პენსიას დროულად ვიღებდე!"

დედაჩემი კი, მთელი ცხოვრება,
ხალიჩაა - ჯოჯოხეთის საშინელების
ზღურბლთან დაფენილი.
დედაჩემი ყველაფრის ფსკერზე
მუდამ ცოდვის ნაფეხურს ეძიებს
და ჰგონია, რომ ბაღი
რომელიმე მცენარის შეცოდებით არის შებილწული.
დედაჩემი მთელი დღე ლოცულობს
დედაჩემი ბუნებრივი, ალალი ცოდვილია.
და კვდება ყველა ყვავილისთვის,
კვდება ყველა თევზისთვის,
კვდება თავისი თავისთვის
დედაჩემი გამოცხადებას ელოდება
და წყალობას, რომელიც ცით უნდა მოევლინოს.
ჩემი ძმა ბაღს სასაფლაოს ეძახის.
ჩემი ძმა ბალახის ცახცახზე იცინის.
და გულგრილად ითვლის
მკვდარ თევზებს,
წყლის დაავადებულ კანქვეშ რომ იხრწნებიან.
ხოლო თვითონ ფილოსოფიითაა დაავადებული,
ჩემი ძმა ბაღის განკურნებას
ბაღის განადგურებაში ხედავს,
ის თვრება,
მუშტებს უბრახუნებს კედლებს და კარებს
და ცდილობს თქვას, რომ
ძალიან დაღლილია, ნაღვლიანი და სასოწარკვეთილი.
ის თავის უიმედობას
პასპორტივით, კალენდარივით, ცხვირსახოცივით,
სანთებელასავით და კალმისტარივით
ყველგან თან დაატარებს
და მისი უიმედობა ისე პატარაა,
რომ ყოველღამ იკარგება
რესტორნის სივიწროვეში.
ხოლო ჩემი და, რომელიც ყვავილების მეგობარი იყო
და ყვავილთა მდუმარე და გულკეთილ კრებულს
უყვებოდა ხოლმე თავის მარტივ გულისწუხილს,
როცა დედაჩემი სცემდა;
ხანდახან კი თევზების ოჯახს
მზითა და ტკბილეულით უმასპინძლდებოდა,
ქალაქის მეორე მხარეს ცხოვრობს;
ის თავის ხელოვნურ სახლში,
ხელოვნურ თევზებთან
თავისი ქმრის ხელოვნური სიყვარულის თავშესაფარში,
ვაშლის ხელოვნური ხეების ტოტებქვეშ
ხელოვნურ სიმღერებსა მღერის
და ბუნებრივ ბავშვებს აკეთებს.
იგი ყოველთვის, როცა კი ჩვენს სანახავად მოდის
და კაბის კალთის კიდეები
ბაღის სიღარიბითა და მიუსაფრობით ებღალება,
ოდეკოლონის აბაზანას იღებს;
იგი
ყოველთვის, როცა კი ჩვენს სანახავად მოდის,
ფეხმძიმედაა
მარტოა ჩვენი ეზო,
მარტოა ჩვენი ეზო.
მთელი დღე, კარს იქიდან
ფხრეწის ხმა მოისმის
და აფეთქების ხმა, -
ჩვენი მეზობლები ხომ თავიანთ ბაღებში
ყვავილების ნაცვლად, ნაღმებსა და ავტომატებს თესავენ.
ჩვენი მეზობლები თავიანთ მოპირკეთებულ აუზებს
სარქველს ახურავენ
და მათი მოპირკეთებული აუზები თავიანთი სურვილის მიუხედავად
საფანტის საიდუმლო საწყობები ხდებიან;
ჩვენი ქუჩის ბავშვებს სასკოლო ჩანთები
პაწაწინა ნაღმებით აუვსიათ.
ჩვენი სახლის ეზო შეშლილია.

მე იმ დროიდან, რაც გულმა თავი დაკარგა,
მეშინია:
მეშინია ამდენი ხელის ამაოებისა,
მეშინია ამდენი სახის უცხოობის წარმოდგენისა.
მე იმ მოწაფესავით მარტო ვარ,
რომელსაც გიჟივით უყვარს თავისი გეომეტრიის გაკვეთილი.
და მგონია, რომ შეიძლება ბაღის საავადმყოფოში წაყვანა.
მგონია
მგონია
მგონია
ბაღის გული კი, დაწყლულებულია მზის ქვეშ
და ბაღის მეხსიერება ნელ-ნელა ცარიელდება სიმწვანის ხსოვნისაგან.