Litclub.ge

* * * ეგებ სიცოცხლე ერთი გრძელი ქუჩაა (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)
ეგებ სიცოცხლე ერთი გრძელი ქუჩაა,
რომელსაც ვედროიანი ქალი ყოველდღე კვეთს.
ეგებ, სიცოცხლე თოკია,
რომლითაც კაცი ტოტზე თავს იკიდებს.
ეგებ, სიცოცხლე ბავშვია, რომელიც სკოლიდან ბრუნდება.
ეგებ, სიცოცხლე იმ მგზავრის თავბრუდამხვევი სვლაა,
რომელიც ქუდს იხდის
და მეორე გამვლელს უაზრო ღიმილით ეუბნება -
"დილა მშვიდობისა".
ეგებ, სიცოცხლე ის შემოსაზღვრული წამია,
როცა ჩემი მზერა თავს ინადგურებს
შენს თვალთა ფახულში
და იმ გრძნობის კარია,
რომელსაც მე მთვარის აღქმასა
და სიბნელის გაგებას შევაბამ.

იმ ოთახში, მარტოობისოდენა რომაა,
ჩემი გული, სიყვარულისოდენა რომაა,
უბრალო საუბრებით გამოწვეული სიხარულით
შესცქერის ყვავილთა მშვენიერების
ჩაფერფლებას - ლარნაკში,
ნერგს, შენ რომ დარგე ჩვენს პატარა ბაღჩაში
და იადონთა ხმას,
რომლებიც
ერთი ფანჯრისოდენას გალობენ.

ეს არის ჩემი წილი,
ეს არის ჩემი წილი,
ჩემი წილი ცაა, რომელსაც ფარდის ჩამოფარება მართმევს.
ჩემი წილი მიტოვებული კიბით თავქვე დაშვება
და რაღაცასთან შერწყმაა
სიყარიბესა და ხრწნაში.
ჩემი წილი მოგონებების ბაღში სევდანარევი ხეტიალია
და სულის დალევაა იმ ხმისთვის, რომელიც მეუბნება:
"მიყვარს შენი ხელები, მიყვარსო"

ჩემს ხელებს ბაღჩაში ვრგავ -
ვიცი, ვიცი, ვიცი - გავმწვანდები
და მერცხლები კვერცხებს დამადებენ
მარგალიტის სადარ თითთა დანაზნექზე.
ორივე ყურზე წითელი ბლის კუნწულათა
საყურეს ვიკიდებ და ფრჩხილებზე
გეორგინების ფურცლებს ვიწებებ.
არის ქუჩა, რომელზედაც
ის ბიჭები, მე რომ ვუყვარდი,
ჯერ კიდევ
აწეწილი ქოჩრებით, წვრილი კისრებითა
და გამხდარი ფეხებით
ფიქრობენ იმ გოგონას უცოდველ ღიმილზე,
რომელიც ერთ ღამეს ქარმა თან წაიყვანა.
არის ქუჩები, რომლებიც ჩემმა გულმა
ჩემი ბავშვობის უბნიდან მოიპარა.
აღმავალი მოგზაურობა
დროის ხაზზე,
და სივრცის დაორსულება
დროის უსიცოცხლო ხაზზე

სივრცე ყურადღების იმ გამოსახულებისა,
სარკის წვეულებიდან რომ ბრუნდება.

და ამგვარადაა, რომ
ვიღაცა კვდება
და ვიღაცა რჩება,
ხოლო არცერთ მეთევზეს არ ძალუძს,
მარგალიტი დაიჭიროს იმ უბადრუკ
ნაკადულში, გუბეს რომ შეერთვის.