Litclub.ge

ჯო დასენი (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
ჯო დასენი შედიოდა ყველა სახლში,
დიასახლისებს ეცეკვებოდა,
გადაქანცულ მამაკაცებს უხსნიდა, რომ
კვლავ დადგება ოქროს ხანა იქ,
შანზელიზეზე.
ის იცვამდა თეთრ შარვალს და თეთრ ფეხსაცმელს და
გაღეღილ პერანგს,
გამოდიოდა დილით ადრე ბინიდან და გვიან ღამემდე
უკან, სახლში არ ბრუნდებოდა, ხოლო ზოგჯერ
რამდენიმე დღით იკარგებოდა.
ის მღეროდა, მღეროდა და ყველაფერს ნელა
თავის ადგილას აბრუნებდა, ყველაფერს, რაც გადახრილიყო
და გადმონგრევა ემუქრებოდა. იგი ფაფუკ კაშნეებში
და თავშლებში ახვევდა ქალთა გულების მსგავს
მძგერავ სხეულებს. და განუწყვეტლივ წმენდდა ის მტვერს
პლანეტის ყველა რადიოლას. შესვენებებზე,
ძალიან მოკლე შესვენებებზე, მიფრინავდა ლაჟვარდოვან სანაპიროზე,
და ლეოპარდისტყავიანი საცურაო ტრუსებით ლაღად შერბოდა ზღვაში,
მერე სასწრაფოდ ტანს იმშრალებდა, ეწეოდა სიგარეტს და
პირად თვითმფრინავს აჩქარებული ნაბიჯებით ეშურებოდა,
თან იმეორებდა, ბუტბუტებდა პირველ სტრიქონებს,
რაც საყოველთაო პატიების საფუძველი ხდებოდა ხოლმე.
ხოლო ქალები და კაცები რადიოლებს, ტელევიზორებს,
რადიომიმღებებს რთავდნენ ხოლმე, და ის ყველგან საჭირო იყო.
და მისი სიკვდილი კაციშვილმა არ მიიღო სერიოზულად.
„იმღერე, იმღერე!" - ეუბნებოდნენ და ის, ნელი,
ხუჭუჭთმიანი, ბაკენბარდებით, ეშურებოდა ადამიანებს,
საიქიოდან ეშურებოდა, და თხოვდა, თხოვდა:
„დააბრუნე შენი გული თავის ადგილას,
დააბრუნე, და არ გატეხო".