Litclub.ge

არტოსკენ გზაზე (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
ნებისმიერი დაწერილი "საგანი" არაერთმნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, იგი განუმეორებელი, განსაკუთრებული და ასე თუ ისე უკვე გადადგმული ნაბიჯია. მეორე მხრივ - ზელიტერატურული (ხშირად მყვირალა, ზოგჯერ ირონიული) განცხადებაა აზროვნებისა და ხელოვნების ზღვრული გაგების ფარგლებში ლიტერატურის არასაკმარისობის შესახებ. აღებული, როგორც იდეალური პროექტი, აზრი იძლევა ისეთ მასშტაბს, რომ ნებისმიერ მზა "საგანი" განწირულია შეზღუდულობისათვის. მსგავსად გმირული აზროვნებისა, რომელიც, როგორც მინიმუმი, მიისწრაფვის ამომწურავი თვითშემეცნებისაკენ, ლიტერატურაც მიისწრაფვის "ამომწურავი წიგნისაკენ". თუკი ასეთი ეტალონით გავზომავთ, პრაქტიკულად ყველაფერი, რაც კი დაწერილა, ნაწყვეტები აღმოჩნდება. კვანძის, კულმინაციის და კვანძის გახსნის ჩვეულებრივი სტანდარტი უკვე აღარ მუშაობს. დაუსრულებლობა ახლა შემოქმედების და აზროვნების მთავარი საწინდარია, რომელიც წარმოშობს გააზრებულად ფრაგმენტულ ანტიჟანრებს ან საკუთარი თავის უარმყოფელ ნაწარმოებებს და საკუთარი თავის გამანადგურებელ აზრებს. მაგრამ თვით ადრეული კლიშეების წარმატებული დამხობაც კი ვერ ჩქმალავს და არც აპირებს მიჩქმალოს მსგავსი ხელოვნების კრახი. კოკტოს სიტყვებით რომ ვთქვათ, "დაწერილის ერთადერთი გამარჯვება - მისი მარცხია".
ლიტერატურული მოდერნიზმის გმირული პერიოდის ერთ-ერთი უკანასკნელი დიდი წარმომადგენლის, ანტონენ არტოს ცხოვრებისეული გზა მსგავსი გადაფასებების თვალსაჩინო შედეგია. შემოქმედებაშიც და ცხოვრებაშიც არტომ კრახი განიცადა. მისი მემკვიდრეობა მოიცავს ლირიკას; ლექსებს პროზად; კინოსცენარებს; სტატიებს კინოზე, ფერწერაზე და ლიტერატურაზე; ესეებს; დიატრიბებს და კამათს თეატრის შესახებ; რამდენიმე პიესას და სცენიური ჩანაფიქრების (მათ შორის ოპერის) ურიცხვ მონახაზს; ისტორიულ რომანს; ოთხნაწილიან მონოდრამას რადიოსათვის; ნარკვევებს პეიოტლის კულტის შესახებ ტარაუმარას ტომის მექსიკელ ინდიელებს შორის; ბრწყინვალე როლებს სულ ცოტა ორ შესანიშნავ ფილმში (აბელ განსის "ნაპოლეონში" და დრეიერის "ჟანა დ'არკის ვნებებში") და ბევრ პატარა როლს; დაბოლოს, ასობით წერილს, ყველაზე დასრულებულ "დრამატულ" ჟანრს რომ წარმოადგენს მის შემოქმედებაში - მთლიანობაში ესაა ქმნილებათა დაქსაქსული, დაგონჯებული კრებული, ნაგლეჯების გიგანტური გროვა. მან შთამომავლობას დაუტოვა არა ხელოვნების გამოკვეთილი ნიმუშები, არამედ განუმეორებელი ფაქტი თავისი არსებობისა, დაუტოვა თავისი აზროვნების პოეტიკა და ესთეტიკა, კულტურის თეოლოგია და ტანჯვის ფენომენოლოგია.
თავდაპირველად, არტოსთან ხელოვან-წინასწარმეტყველი კრისტალიზდება საკუთარი აზროვნების წმინდა მსხვერპლად ქცეული ხელოვანის სახეში. ბოდლერის ხილვები მის ლირიკულ პროზაში სპლინზე და რემბოს მიერ აღწერილი ზაფხული ჯოჯოხეთში არტოსთან ხორციელდება გამალებულ, აგონიზირებულ ცნობიერებაში აზრსა და მოაზროვნეს შორის არსებული შეუსაბამობის ფორმულირებით და საკუთარი აზროვნებისაგან გამოუსწორებელი მოწყვეტილობის მტანჯველ განცდაში. აზრი და სიტყვა მარადიული გოლგოთისთვის სწირავენ მას.
გონებრივი უსუსურობის გადმომცემი არტოსეული მეტაფორების თანახმად გონება ან საკუთრებაა, რომელიც სრულად არავის ეკუთვნის (ან უფლება მასზე დაკარგულია), ანდა მატერიალური, მაგრამ ურჩი, ეფემერული, არასაიმედო და უწესობამდე ცვალებადი სუბსტანცია. უკვე 1921 წელს ოცდახუთი წლის ჭაბუკი თავის უბედურებას ხედავს იმაში, რომ არ ძალუძს "მთელი სისრულით" დაეუფლოს საკუთარ აზრებს. მთელი ოციანი წლების განმავლობაში ის ჩივის, რომ აზრებმა იგი "მიატოვეს", რომ მას არ ძალუძს, "იპოვოს საკუთარ თავში" ერთი აზრიც კი, რომ საკუთრივ მისი გონება მისთვის "მიუწვდომელია", რომ მან "დაკარგა" სიტყვების აზრი და "დაავიწყდა", როგორ უნდა ფიქრი. მიმართავს რა კიდევ უფრო თვალსაჩინო მეტაფორებს, იგი თავს ესხმის თავისი აზროვნების ქრონიკულ ხლეჩას, იმას, რომ აზრი თვალსა და ხელს შუა ეფშვნება ან თითებს შორის ეპარება. ის აღწერს, მისი ტვინი როგორ იშლება, ფუჭდება, იყინება, მთხლევდება, ცვდება, ფუტუროვდება და ქვავდება სრულ გაუმტარობამდე: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ აქ უკვე თავად სიტყვები ლპებიან. არტოს ბოლოს უღებს არა ეჭვი, აზროვნებს თუ არა მისი "მე", არამედ რწმენა იმისა, რომ ის არ არის თავისი აზრების ბატონ-პატრონი. ის არ ამბობს, რომ არ შეუძლია იაზროვნოს, - ის ამბობს, რომ ძალა არ შესწევს "ფლობდეს" საკუთარ აზრებს, ხოლო ეს მისთვის ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორი აზრებისა და შეფასებების ქონა. "აზრის ფლობა" ნიშნავს პროცესს, რომლის საშუალებითაც აზრი თავის თავს აკონტროლებს, იმეცნებს და რეაგირებს "გრძნობათა და გარემოებათა ნებისმიერ განვითარებაზე". აზრის, როგორც ობიექტის და ამავე დროს თავისავე სუბიექტის ეს მდგომარეობა აქვს მხედველობაში არტოს, როცა ჩივის, რომ მას ვერ "ფლობს". არტო გვიჩვენებს, ჰეგელიანური, რეჟისორული, თვითდამკვირვებელი გონება მიუხედავად უშფოთველი და ყოვლისმომცველი ურთიერთგაგებისა, როგორ შეიძლება მივიდეს სრულ გაუცხოებამდე სწორედ იმის გამო, რომ აზროვნება მისთვის ობიექტია.
თავად ის ენა, რომელსაც არტო იყენებს, უკიდურესად წინააღმდეგობრივია. წარმოსახვით იგი მატერიალისტია (მისთვის სული ნივთებსა და ობიექტებშია განსახიერებული), მაგრამ სულისადმი უსაზომო მოთხოვნებს იგი წმინდა ფილოსოფიურ იდეალიზმამდე აჰყავს. ცნობიერება მისთვის მოიაზრება მხოლოდ როგორც პროცესი. მიუხედავად ამისა, სწორედ ცნობიერების პროცესუალურობა - მისი მოუხელთებლობა, დინებადობა - იქცევა არტოსთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად. "ნამდვილი ტანჯვაა, - ამბობს არტო, - გრძნობდე, როგორ იცვლება თავის ნებაზე ნებისმიერი აზრი". Cogito, რომლის მეტისმეტად აშკარა არსებობას თითქოსდა აღარ სჭირდება მტკიცება, იწყებს უსასოო და უიმედო ძიებას ars cogitandi-სა. არტო შეძრწუნებული აღნიშნავს, რომ აზრი წმინდა წყლის შემთხვევითობაა. დეკარტესა და ვალერისაგან განსხვავებით, რომლებიც ოპტიმიზმით გაჟღენთილ თავიანთ ეპიკურ ტილოებში ნათელი და მკაფიო იდეებისაკენ მიმავალ გზებზე მოგვითხრობენ (ნამდვილი გონების ღვთაებრივი კომედიაა!), არტო კონცენტრირებულია საკუთარი თავისადმი მომთხოვნელ უსაშველო სიღატაკესა და ამაოებაზე, "ინტელექტის დრამაზე", რომელშიც "შენ ყოველთვის და თავიდანვე დამარცხებული ხარ", გონების ღვთაებრივ ტრაგედიაზე. ის აღწერს თავის თავს, როგორც "საკუთარ ინტელექტუალურ "მე"-ზე დაუღალავ მონადირეს".
არტო დარწმუნებულია საკუთარი ცნობიერებისგან ქრონიკულ მოწყვეტილობაში და მის მიერ საკუთარი თავისადმი გამოტანილი განაჩენის მთავარი შედეგი ისაა, რომ ინტელექტუალური დეფიციტი ცხადად თუ შეფარულად მისი ნაწერების უპირატესი და ამოუწურავი საგანი ხდება. ჯვარცმული გონების ტანჯვა-წამებათა შესახებ არტოს ზოგიერთი აღწერის წაკითხვა თითქმის შეუძლებელია. გრძნობებზე - პანიკაზე, შფოთვაზე, მრისხანებაზე, ძრწოლაზე - ის იშვიათად ჩერდება. იგი მართლა ძლიერია არა ფსიქოლოგიურ წვდომაში (ამას იგი ბანალობად თვლის), არამედ უსასრულო გაუცხოების ერთგვარ ფიზიოლოგიურ ფენომენოლოგიაში, რაც გაცილებით უფრო იშვიათ მიდგომას წარმოადგენს. არტო არ აჭარბებდა, როცა "ნერვომეტრში" აცხადებდა, რომ არავის მოუხდენია თავისი "იდუმალი სიღრმეების" კარტოგრაფირება ისეთი სკრუპულოზურობით, როგორც მას. პირველი პირიდან დაწერილ ტექსტებს შორის აქამდე მართლა არ ყოფილა უშუალოდ აზრის სატანჯველთა მიკროსტრუქტურის ასეთი დაუცხრომელი და დეტალური აღწერა.

ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის ტანჯვა თავის შემდეგ არტომ დატოვა. მისგან ჩვენამდე მოღწეული ტანჯვა-წამების მრავალრიცხოვანი სურათები იმდენად ულმობელი და გამგმირავია, რომ თავზარდაცემულ მკითხველს ისღა დარჩენია, დაჰყვეს ცდუნებას და განერიდოს მათ იმ მიზეზით, რომ არტო შეშლილი იყო.
როგორც არ უნდა გავიაზროთ სიგიჟე, რომლითაც არტოსათვის ყველაფერი დასრულდა, მაინც აღმოჩნდება, რომ ის ავად იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში. ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მისი იზოლაციის ისტორიას თითქმის სიყმაწვილეში აქვს ფესვები გადგმული, ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როცა ის პარიზში არც კი იყო ჩასული. პარიზში კი ის მარსელიდან 1920 წელს ჩავიდა, რათა დაეწყო თავისი გზა ხელოვნებაში. რაც შეეხება მიჯაჭვულობას ოპიატებზე, არეულ გონებას რომ უმშვიდებდა და სიცოცხლის ბოლომდე რომ გაჰყვა, ეს, როგორც ჩანს, კიდევ უფრო ადრე ჩამოუყალიბდა. არტოს არ ჰქონდა გაგიჟების საფრთხისაგან სრულიად თავისუფალი არცერთი წამი იმის გამო, რომ არ ფლობდა შვებისმომგვრელ ცოდნას, რომელიც ადამიანთა უმეტესობას საშუალებას აძლევს ჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდეს არცთუ მძაფრი ტკივილებისადმი და რომელსაც რივიერმა "გამოცდილების მწველი გაუმტარობა" და "ფაქტების მიამიტობა" უწოდა. მაგრამ უბრალოდ მისი გიჟად ჩათვლა და ამით ფსიქიატრების გამარტივებული სიბრძნის დაკანონება, არსებითად, არტოს არგუმენტების გადახაზვას ნიშნავს.
ფსიქიატრიისათვის ხელოვნებას ("ნორმალურ" ფსიქოლოგიურ ფენომენს, რომელიც ობიექტურ ესთეტიკურ საზღვრებში ავლენს თავს) და პათოსიმპტომატიკას შორის მკვეთრი საზღვარია - სწორედ ის საზღვარი, რომელსაც უარყოფდა არტო. 1923 წელს რივიერისადმი მიწერილ წერილებში არტო ჯიუტად აყენებს საკითხს თავისი ხელოვნების ავტონომიურობის შესახებ, იმის შესახებ, რომ მიუხედავად მიჩნეული გონებრივი მოშლილობისა და ფსიქიკის "მოუშორებელი ნაკლოვანებებისა", რაც სხვა ადამიანებისაგან განასხვავებს მას, _ ჟურნალში მის მიერ გაგზავნილი ლექსები ლექსებია და არა უბრალოდ ფსიქოლოგიური მტკიცებანი. ამის პასუხად რივიერი დაუფარავი თანაგრძნობით არწმუნებს კორესპონდენტს, რომ იგი მიუხედავად ახლანდელი გონებრივი მოშლილობისა, ოდესმე მაინც გახდება ნამდვილი პოეტი. მოთმინებადაკარგული არტო, ცვლის რა ამოსავალ დებულებას, პასუხობს: მას სურს, ამოავსოს თხრილი ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის, რომელიც თავისთავად იგულისხმებოდა როგორც მის თავდაპირველ შეკითხვაში, ასევე კეთილგანწყობილ, მაგრამ მოუხეშავ წაქეზებაში რივიერის მხრიდან. ის იღებს გადაწყვეტილებას, დაიცვას თავისი ლექსები ნებისმიერ შემთხვევაში, - დაიცვას იმ ღირსებების გამო, რომელთაც ისინი ფლობენ სწორედ იმიტომ, რომ არ იქმნებოდნენ, თუკი სულმთლად ზუსტნი ვიქნებით, როგორც ხელოვნება.
არტოს მკითხველის ამოცანაა, არ მიიღოს ულაპარაკოდ რივიერის მოსაზრება, თითქოს სიგიჟეს და ჯანმრთელობას შეუძლიათ ერთმანეთს გაუგონ მხოლოდ ჯანმრთელობის ტერიტორიაზე და გონიერების ენაზე. სულიერი წონასწორობის არსი არაა რაღაც "მარადიული" ან "ბუნებრივი"; ზუსტად ასევე, არ არსებობს სიგიჟის თავისთავად ცხადი, საყოველთაოდ მიღებული გაგება. წარმოდგენები ამა თუ იმ ტიპის ადამიანების არანორმალურობაზე ნაწილია აზროვნების ისტორიისა და უნდა განისაზღვრებოდეს ისტორიულად. სიგიჟე ნიშნავს არარსებობას - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმას რისი სერიოზულად მიღებაც არ ღირს. მაგრამ ეს მთლიანად ნაკარნახევია იმით, თუ როგორ იგებს ესა თუ ის კონკრეტული კულტურა აზრს და სერიოზულობას, ხოლო მსგავსი რამეების განსაზღვრება ისტორიის განმავლობაში არა ერთხელ და ორჯერ იცვლებოდა. ეგრეთ წოდებული სიგიჟე აღნიშნავს იმას, რაზეც მოცემული საზოგადოების გაგებით, არ ღირს ფიქრი. სიგიჟე ცნებაა, რომელიც ამაგრებს საზღვრებს: სიგიჟის საზღვრები გამოყოფს "სხვაგვარს". გიჟად ჩაითვლება ის, ვისი ხმის გაგონებაც საზოგადოებას არ სურს, ვისი ქცევაც ჩარჩოებს გარეთ გადის, ვინც უნდა იქნას რეპრესირებული. სხვადასხვა საზოგადოებები სხვადასხვანაირად განსაზღვრავენ სიგიჟეს (ან იმას, რაც აზრს მოკლებულია). გვანან ისინი ერთმანეთს ერთ რამეში: მსგავსი დეფინიციებიდან არცერთი არაა უნივერსალური. ჩვეულებრივი პრაქტიკიდან უხეში გადახვევა, რომელსაც ადგილი აქვს საბჭოთა კავშირში, სადაც პოლიტიკურ ოპოზიციონერებს საგიჟეთებში ამწყვდევენ, ჩვენთან მეტად არაადეკვატურად გაიგება: ამაში ხედავენ არა უბრალოდ ბოროტებას (რასაც ის თავისთავად წარმოადგენს!), არამედ ამასთანავე სულიერი ავადმყოფობის ცნების შულერულ გაყალბებას. იგულისხმება, რომ არსებობს სულიერი ჯანმრთელობის უნაკლო, მეცნიერული სტანდარტი (გამოყენებადი ისეთი ქვეყნების ფსიქიატრიულ სამსახურებში, როგორიცაა შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი ან შვედეთი, და არა ისეთების, როგორიცაა, მაგალითად, მაროკო). ეს უბრალოდ არაა სიმართლე. ჯანმრთელობის და სიგიჟის განსაზღვრა ნებისმიერ საზოგადოებაში ძალადობის სფეროა, ხოლო თუკი უფრო ფართოდ ვილაპარაკებთ, პოლიტიკის.
არტო გამძაფრებულად გრძნობდა ჯანმრთელობისა და სიგიჟის ცნებების რეპრესიულ არსს. ის შეშლილებში ხედავდა გმირებსა და აზრის წამებულებს, გარიყულებს უკიდურესი საზოგადოებრივი (და არა მხოლოდ ფსიქოლოგიური) გაუცხოების განსაკუთრებულ წერტილზე, ხედავდა ერთგვარ სიგიჟის მოხალისეებს - მათ, ვინც ღირსების უმაღლესი ცნებით მოხელმძღვანელე, ამჯობინებს შეაბიჯოს სიგიჟეში, ვიდრე დათმოს მოპოვებული სიცხადე და უკანმოუხედავი ვნება საკუთარი მოსაზრებების დაცვისა. ოცდაცხრამეტი წლის აპრილში, ვილ-ევრარის კლინიკაში ჩამწყვდევიდან წელიწადნახევრის შემდეგ (სულ იზოლაციამ ცხრა წელი გასტანა) ჟაკლინ ბრეტონს იგი წერდა: "მე არა ვარ გიჟი, მე ფანატიკოსი ვარ". მაგრამ ნებისმიერ ფანატიზმს, გარდა ჯგუფურისა, საზოგადოება სწორედაც რომ სიგიჟეს უწოდებს.
სიგიჟე არის ლოგიკური შედეგი ინდივიდუალურის მომხრეობისა, მაშინ როცა ეს მომხრეობა საკმაოდ შორსაა წასული. როგორც "ფსიქიატრიული საავადმყოფოების გამგეებისადმი წერილში" ისროლა არტომ, "ყველაფერი ინდივიდუალური ანტისაზოგადოებრივია". ეს ნაკლებადსასიამოვნო სიმართლეა, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი იგი ცუდად ეთვისება ბურჟუაზიული დემოკრატიების ჰუმანისტურ იდეოლოგიას, სოციალისტურ დემოკრატიას და ლიბერალურ სოციალიზმს, არტო მაინც ათიანში ურტყამს. ინდივიდუალობის ნებისმიერი საკმაოდ აშკარა გამოვლინება საზოგადოებას აუმბოხდება და სხვების მიერ აღქმული იქნება, როგორც სიგიჟე. ამ წერტილში ყველა საზოგადოება ერთად იყრის თავს. განსხვავდებიან ისინი მხოლოდ იმით, თუ ვისზე ვრცელდება დაცვა ან (ეკონომიკური, სოციალური, სქესობრივი ანდა კულტურული პრივილეგიების მოსაზრებით) იძულებითი იზოლაციის განაჩენისაგან ნაწილობრივი გათავისუფლება ადამიანებისა, რომელთა ღრმად ანტისოციალური საქციელი საყოველთაო აზრთან განხეთქილებაში იმყოფება.
შეშლილი არტოს ფიგურა გაორებულია: ის მთავარი მსხვერპლიცაა და ძირგამომთხრელი ცოდნის მატარებელიც. მისი თხზულებების სავარაუდო კრებულის 1946 წლის წინასიტყვაობაში (გამომცემლობა "გალიმარი") არტო აღწერს საკუთარ თავს, როგორც ერთ-ერთს განსაკუთრებით დაღდასმულებიდან - იმ ჯგუფიდან, რომელიც აერთიანებს მისთვის შეშლილებს, მეხსიერებადაკარგულებს, ანბანდავიწყებულებს. ბოლო ორი წლის ნაწარმოებებში ის კვლავ და კვლავ მიათვლის საკუთრ თავს ბრწყინვალე გონებრივი შესაძლებლობებით დაჯილდოებული და სიგიჟეში გადავარდნილი ჰოლდერლინის, ნერვალის, ნიცშეს, ვან გოგის საზოგადოებას. იმდენად, რამდენადაც გენიოსი არის უბრალოდ გაფართოება ან ინტენსიფიკაცია ინდივიდუალობის, არტოს სიტყვები გენიასა და სიგიჟეს შორის ბუნებრივი სიახლოვის შესახებ უფრო ზუსტია, ვიდრე რომანტიკოსების გამონათქვამები. მაგრამ შეშლილების დატუსაღებაში საზოგადოებისათვის ბრალის დადებისა და სიგიჟეში უღრმესი სულიერი იზოლაციის გარეგნული ნიშნის დანახვის მიუხედავად, ის არასდიდებით არ დაეთანხმება იმ აზრს, რომ გონების დაკარგვაში არის რაღაც გამათავისუფლებელი.
სხვა ნაწერებში, განსაკუთრებით ადრეულ სიურრეალისტურ ტექსტებში არტო სიგიჟეს უფრო პოზიტიურად უყურებს. მაგალითად, მოწოდებაში "საზოგადოებრივი უსაფრთხოება: ოპიუმის ლიკვიდაცია", ის, როგორც ჩანს, იცავს გრძნობების და აზრების შეგნებული აშლის პრაქტიკას (ასე განსაზღვრავდა პოეტის მოწოდებას არტურ რემბო). თუმცაღა, 1920-1930 წლების წერილებში რივიერის, დოქტორ ალენდის და ჟორჟ სულიე დე მორანისადმი, 1943-45 წლების წერილებში როდეზის კლინიკიდან და 1947 წლის ესეში ვან გოგის შესახებ, ის განუწყვეტლივ იმეორებს, რომ სიგიჟეს ადამიანი მიჰყავს იზოლაციისა და თვითგანადგურებისაკენ. შეშლილებს უნარი აქვთ ფლობდნენ ჭეშმარიტებას _ და ჭეშმარიტებას იმდენად ღრმას, რომ საზოგადოება შურს იძიებს ხოლმე უხერხულ წინასწარმეტყველებზე და მათ კანონგარეშედ აცხადებს. მაგრამ შეშლილობა ნიშნავს უსასრულო ტანჯვასაც, ნიშნავს მდგომარეობას, რომელსაც გინდა დაუდო ზღვარი, _ და აი, სწორედ ეს ტანჯვა გამოჰყავს არტოს დღის სინათლეზე და თავის მკითხველს აწვდის.
არტოს კითხვა ნამდვილი ორდალიაა*. მკითხველი, გასაგებია, ცდილობს, თავი დაიცვას გამარტივებებითა და დაწერილის განმარტებებით. არტოს ჭეშმარიტად საკითხავად საჭიროა განსაკუთრებული სიმტკიცე, გრძნობათა განსაკუთრებული განწყობა, განსაკუთრებული ტაქტი. საქმე მის მისაწვდომობაში არ არის (ნუ დავწვრილმანდებით!) და მეტიც, არც მისი პიროვნებისა და მისი ადგილის ნეიტრალურ "გაგებაში". რა მისაწვდომობაზეა ლაპარაკი? რა მისადგომი შეიძლება არსებობდეს არტოს იდეებთან, გარდა იმ დემონური სათაგურისა, რომელიც მის ზურგს უკან ჩაიკეტა? ასეთი იდეები მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებისეული სიტუაციის აუტანელი ზეწოლის შედეგად წარმოიშობიან და ვრცელდებიან. და იმაში კი არაა საქმე, რომ მისი პოზიციის მიღება ძნელია, არამედ იმაში, რომ ეს საერთოდ არანაირი პოზიცია არაა.
არტოს აზრი მოუცილებელი შემადგენელი ნაწილია მისი უნიკალური, შეპყრობილი, უნაყოფო და თავის სიმძაფრეში აულაგმავი ცნობიერებისა. არტო ერთ-ერთი უდიდესი და უნიჭიერესი ტოპოგრაფია გონების უკიდურესი მდგომარეობისა. რათა იგი იკითხო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არაა საჭირო რწმენაც კი იმისა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტება, რომელიც კი შეუძლია მოიტანოს ხელოვნებამ, - არის ჭეშმარიტება უნიკალური და ზღვრული ტანჯვით დამოწმებული. სხვანაირ ხელოვნებებზე, რომლებიც ცნობიერების სხვა მდგომარეობებს - არც ისე ავადმყოფურად თავისებურებს, არც ისე აღგზნებულებს, თუმც, ვუშვებ, არც ნაკლებად ღრმებს - ასახავენ, შეიძლება ითქვას, რომ ისინი საყოველთაო ჭეშმარიტებებს გამოიმუშავებენ. მაგრამ "წერის" ზღვარზე არსებულ განსაკუთრებულ შემთხვევებს - ვთქვათ, სადს ან არტოს - სხვანაირი მიდგომა ესაჭიროება. არტოს მემკვიდრეობა ნაწარმოებებია, რომლებიც საკუთარ თავს უარყოფენ, აზრებია, რომლებიც აღემატებიან აზრს, რჩევებია, რომელთაც შეუძლებელია მისდიო. მაშ, რის წინაშე რჩება მკითხველი? რჩება ტექსტების ნაკრების პირისპირ, თუმცა არტოს ნაწერების თავისებურება გამორიცხავს მათთან, როგორც მხოლოდ "ლიტერატურასთან" მოპყრობის შესაძლებლობას. რჩება აზრების ნაკრების პირისპირ, თუმცა მისი აზრების თავისებურება გამორიცხავს ნებისმიერ მისაწვდომობას - ისევე, როგორც მისი აგრესიული, თვითგამჩანაგებელი პიროვნება გამორიცხავს ნებისმიერ გაიგივებას. არტო შოკს იწვევს და სიურრეალისტებისაგან განსხვავებით, დღესაც აგრძელებს შოკირებას (სიურრეალისტების ძირგამომთხრელობისაგან შორსმყოფი სული ბოლო-ბოლო აღმშენებლობითია: ის სავსებით ეტევა ჰუმანისტური ტრადიციის ჩარჩოებში და მათი ბრწყინვალე თავდასხმები ბურჟუაზიულ საკუთრებაზე ვერ ჩაითვლება ნამდვილად სახიფათო, ჭეშმარიტად ანტისაზოგადოებრივ ქცევებად. დააყენეთ მის გვერდით არტო, ეს საზოგადოებაში მართლაც შეუძლებელი ადამიანი!) ნებისმიერ მცდელობას, გამოიყოს მისი აზრი, როგორც ინტელექტუალური მოხმარების მოსახერხებელი საქონელი, თავად ეს აზრი მთელი თავისი სიაშკარავით ეწინააღმდეგება. ის მოვლენაა და არა საგანი.
მკითხველს, რომლისთვისაც გამორიცხულია შეღწევა, გაიგივება, მითვისება და მიბაძვა, რჩება ერთადერთი: შთაგონება. "არსებობს მხოლოდ შთაგონება" _ მთავრული ასოებით დაწერა არტომ "ნერვომეტრში". არტოს შეუძლია შთაგონება. შეუძლია დაფუფქვა, ამოყირავება. მაგრამ მისი გამოყენება შეუძლებელია.
თვით თეატრშიც კი, სადაც ხერხდება არტოს ცოცხალი თანმყოფობის გამოწურვა პროგრამის და თეორიის მდგომარეობამდე, მუშაობა რეჟისორებისა, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დავალებულნი მისი იდეებისაგან, ამტკიცებს, რომ არტოს გამოყენების და ამავე დროს მის ერთგულად დარჩენის ხერხი არ არსებობს. სხვათა შორის, იგი ვერ იპოვა თავად არტომ: ჩვენამდე მოღწეული ყველა შეფასებით მისი დადგმები აშკარად ვერ აღწევდნენ მისი იდეების დონეს. ხოლო თეატრთან კავშირის არმქონე ადამიანების უმრავლესობისათვის - არტოს კი, როგორც წესი, განსაკუთრებით აფასებენ ანარქისტული ყაიდის ადამიანები - მისი ცხოვრების გამოცდილება ღრმად პირადულ საქმედ რჩება. არტო იმათთაგანია, ვინც ჩვენი გულისათვის ინტელექტუალურ ძიებებში მიდის. ის შამანია და მეტისმეტად თავდაჯერებული საქციელი იქნებოდა მისი ძიების დაყვანა იქამდე, რაც კოლონიზაციას ექვემდებარება. მისი ავტორიტეტი ეფუძნება იმას, რაც არ უქადის მკითხველს არაფერს, გარდა წარმოსახვისთვის უკიდურესი უხერხულობებისა.
ცხადია, ვერავინ აკრძალავს არტოს მიერ შექმნილის მისადაგებას საკუთარი მოთხოვნილებებისადმი. საჭიროა, მხოლოდ გვახსოვდეს, რომ თავად შექმნილი ამ დროს ქროლდება. ხოლო მსგავსი მისადაგებისაგან დაღლის შემდეგ ყოველთვის შეიძლება დაწერილთან მიბრუნება. "შთაგონება ყველა სცენაში უნდა იყოს, - გვახსენებდა არტო - სხვანაირად მეტისმეტ ლიტერატურულობაში ვარდები".
ნებისმიერი ხელოვნება, რომელიც უკანმოუხედავ უკმაყოფილებას აფრქვევს და თანაგანმცდელების სათნოდმყოფობის დარღვევას ისახავს მიზნად, რისკავს იმითი, რომ ადრე თუ გვიან იქნება განიარაღებული, სისხლისაგან დაწრეტილი, ძირგამომთხრელ ძალას მოკლებული და გახდება თაყვანისცემის ობიექტი, გახდება (ან მოჩვენებითად გახდება) მეტისმეტად გასაგები, გახდება საყოველთაოდ მიღებული. არტოს თემების უმეტესობა, თავის დროზე ეგზოტიკური, უკანასკნელი ათი წლის განამვლობაში თითქმის საყოველთაო გახდა: ნარკოტიკებიდან მიღებული ცოდნა (ან ცოდნის საპირისპირო რამ), აღმოსავლური რელიგიები, მაგია, ჩრდილოამერიკელი ინდიელების ცხოვრება, სხეულის ენა, მოგზაურობა შეშლილობაში, ბუნტი "ლიტერატურის" წინააღმდეგ და არასიტყვიერი ხელოვნებების მებრძოლური პრესტიჟი; შიზოფრენიის მაღალი შეფასება; მიდგომა ხელოვნებისადმი, როგორც პუბლიკის მიმართ აგრესიისადმი; უხამსობის მოთხოვნილება. არტოს ოციან წლებში ჰქონდა დაახლოებით იგივე გემოვნება (კომიქსების, სამეცნიერო ფანტასტიკისა და მარქსიზმის თაყვანისცემის გამოკლებით), რამაც გაიმარჯვა მოგვიანებით სამოციანელების ამერიკულ კონტრკულტურაში, ხოლო მისი მაშინდელი საკითხავები - მიცვალებულთა "ტიბეტური წიგნი", წიგნები მისტიკაზე, ფსიქიატრიაზე, ანთროპოლოგიაზე, ტაროს სიმბოლიკაზე, ასტროლოგიაზე, იოგაზე, აკუპუნქტურაზე - არც მეტი, არც ნაკლები წინასწარმეტყველური ანთოლოგიაა ყველაფერ იმისა, რაც ცოტა ხნის წინ ზედაპირზე ამოტივტივდა "პროგრესული" ახალგაზრდობის პოპულარული საკითხავის სახით. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, არტოს ახლანდელი საყოველთაოდ მიღებულობა ისევე მატყუარა იყოს, როგორც ის წყვდიადი, რომელშიც მისი ნაწარმოებები ბოლო დრომდე იმყოფებოდნენ.
ჯერ კიდევ ათი წლის წინათ თაყვანისმცემელთა ვიწრო წრის მიღმა უცნობი არტო დღეს კლასიკოსია. მაგრამ ხისტი კლასიკოსი: ესაა ავტორი, რომლის მონელებასაც კულტურა ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოუდის. ჩვენს დროში ლიტერატურული რესპექტაბელურობის ერთ-ერთი ტაქტიკა (და საკმაო წილი იმ არცთუ იოლი წარმატებისა, რაც საბოლოო ჯამში მოიპოვა ლიტერატურულმა მოდერნიზმმა) მდგომარეობს ჩარჩოებიდან გამოსული, თავისი არსით აუტანელი ავტორის მოთოკვასა და კლასიკოსად დანიშვნაში იმ უამრავი საინტერესოს გამო, რაც მათ ნაწერებზე ითქვა და რაც, უნდა ვივარაუდოთ, არ გამოხატავს (ან მეტიც - უბრალოდ ჩქმალავს) ნამდვილ ბუნებას ნაწერებისა, რომლებიც, სხვათა შორის, სავსებით შეიძლება იყონ საშინლად მოსაწყენები, ზნეობრივად შემზარავები ან აღქმისათვის აუტანლად ავადმყოფურები. ზოგიერთი ავტორი კლასიკოსად აქციეს სწორედ იმიტომ, რომ ისინი არ არიან წაკითხულნი და, გარკვეული აზრით, საერთოდ წაუკითხვადნი არიან. სადი, არტო და ვილჰელმ რაიხი მათი რიგიდან არიან: ესენი არიან ავტორები, რომლებიც ჩაამწყვდიეს საგიჟეთში იმის გამო, რომ ისინი შეუწყნარებელნი და აულაგმავნი არიან - არიან მოუხერხებელი, შეპყრობილი, აბეზარი მწერლები, რომლებიც უსასრულოდ მეორდებიან, რომელთა ციტირება ან ერთი აბზაცის წაკითხვა საკმარისია, მაგრამ რომლებიც გთრგუნავენ და გფიტავენ, თუკი დიდი პორციებით კითხულობ მათ.
როგორც სადი ან რაიხი, არტო დღეს საყოველთაოდ მიღებული და გასაგებია, ის კულტურის ძეგლია თითოეულისათვის, ვინც იმოწმებს მის იდეებს ისე, რომ თავს არ იწუხებს, წაიკითხოს დიდი ნაწილი მის მიერ დაწერილისა. ხოლო იმათთვის, ვინც პირველიდან ბოლო ფურცლამდე მის კითხვას მიჰყო ხელი, იგი მედიდურ მიუწვდომლობაში რჩება - რჩება როგორც მოურჯულებელი ხმა, დაუმყოლი ცხადი.
1973

შენიშვნები

ჟაკ რივიერი (1886-1925) - ფრანგი მწერალი და კრიტიკოსი, 1919 წლიდან ჟურნალ "ნუველ რევიუ ფრანსეზის" რედაქტორი. 1923 წლის მაისში უარი უთხრა არტოს მის მიერ გამოგზავნილი ორი ლექსის პუბლიკაციაზე, თუმცა, ამავე დროს დაინტერესდა ავტორით; მისი მიმოწერა არტოსთან გამოქვეყნდა ჟურნალში 1924 წელს, ხოლო 1927 წელს ცალკე წიგნად გამოიცა.
Cogito (ლათ.) - ვაზროვნებ; ars cogitanti (ლათ.) - აზროვნების ხელოვნება.
ორდალია - შუასაუკუნოვანი სასამართლოს პრაქტიკაში მტანჯველი, სიკვდილის ზღვარზე მყოფი გამოცდა.