Litclub.ge

აკვარიუმი
მებადური ხარ, 
მე-ბა-დუ-რი! 
წინ ნაპირია, 
შენი ნაპირი - ცხადზე ცხადი, როგორც მირაჟი, 
რომელსაც ხედავ ყოველ ღამით და გეშინია, 
არ წაიშალოს... 
და როცა ქუჩა იტბორება ლურჯი რიჟრაჟით, 
იღებ ბადეს, ფეხაკრეფით გადიხარ გარეთ. 
ჯერ სიჩუმეა, 
ჯერ ნიჟარაში ისევ ძინავს შენი ქალაქის შორეულ ექოს, 
ქალაქის, ერთხელ, ცხელ ნაპირზე რომ მიავიწყდათ, 
მერე რძესავით გადმოვიდა და ზღვას შეერთო. 

ზღვაში გადიხარ, 
მებადური ხარ, მე-ბა-დუ-რი! 
შორს გემებია. 
გემები ჰგვანან ნატვრის ხეებს - პაწაწინა, ჭრელი ალმებით. 
შენ თვალს არიდებ, 
დიდი ხანია, ასე გგონია, 
რომ ერთ ალამსაც ვერ შეაბამ გემებს ნატვრისთვის, 
თუმცა, რა იცი... 
ხდება ხანდახან, ოცნებები გემებისაკენ 
გაუგზავნელი ბარათებივით მიაქვთ თოლიებს. 

შენ ბადეს ისვრი, რომელიც არ გაქვს. 
რა საჭიროა... 
ყოველ დილას გამოდიხარ არა თევზისთვის, 
არამედ გინდა, 
თუნდაც ერთხელ შეავლო თვალი, 
ვინ ხატავს ქვიშის ნაპირებზე ბავშვობის ქალაქს 
და მერე, ვინ შლის... 
და მერე, ვინ შლის... 
და მერე, ვინ შლის... 
და ბადის ყოველ გადაგდებას მოჰყვება ფიქრი, 
რომ ზღვის ტალღები ხატავენ ქალაქს და მერე შლიან... 

...მთავრდება ეს დღეც, როგორც წინა და იმისწინა, 
მზის ნიჟარაში გაყურსულან უკვე ტალღები. 
ფურცლავ ნაპირებს - 
ბავშვობით სავსე გაცრეცილ დღიურს, 
ბრუნდები სახლში 
და დაღლილს, ცოლთან, ბადით მიგაქვს შენი ნადავლი: 
გახვრეტილი კენჭების მძივი 
და ზღვა - ლურჯი სევდით ავსებული, გამჭვირვალე აკვარიუმი.