უბედურო რუსო ერო!
შენ გახარჯე საუკუნეთა სიმდიდრე, რაც შენს მამა-პაპათ ნამცეც-ნამცეც უგროვებიათ საკუთარი ნამუსის ფასად, საკუთარი სულის დასამარების გამო ცოდვათა გამოსასყიდად,
შენ დაამსხვრიე ყოველივე, შენ, ვითარცა ბავშვმა ფასდაუდებელი სათამაშო. სასოწარკვეთისა და უმეცრების ღვარძლი დახრჩობამდე ასვი მიწას შენსას, თავადვე გახრჩობს ეს სასოწარკვეთა და ნებისმიერ შენთან მოახლოებულში შენსავე მკვლელს ხედავ. შენ შეგეშინდა უკანასკნელის შიშით. შენ, ვითარც კაენი, ეძებ ადგილს დედამიწაზე, ეძებ, რათა თავი მისდო და მოისვენო, მაგრამ თითოეული ბუჩქი მიახლოვებისთანავე ჩაგძახის:
- გაიქეც, წყევლილო, მარად გაიქეც!
და შენს ზურგს უკან, შენს მიერ დასამარებულნი მწკრივად აღსდგებიან მკვდრეთით:
- კაენ, სად არის ძმა შენი?
შენ კი, ნაფლეთებად ქცეული, შენს ერთადერთ კაენისეულ სიტყვას იმეორებ:
- ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?
და ძმა, შენგან მოკლული, შორიახლოს გაიელვებს. ნეტავ რა უნდა? როდის აღსდგება?..
- წადი, კაენ, წადი!
შენს ირგვლივ აღსდგებიან მკვდრეთით ერთმანეთის ძმები: ყვითელი, თეთრი, ძვირფასი ოქროს ერები, ისინი შენგან მოკლული ძმის ძმები არიან. შენ კი _ მარტო ხარ, სულ მარტოსული.
გაიქეც, კაენ, გაიქეც!
ნაფლეთებად ქცეულს, გულმკერდგადაღეღილს, ქუდმოგლეჯილს, მარცხენა ხელი ვინტოვკისთვის ჩაგივლია და შუბლზე ოფლის წმენდით მიაბიჯებ.
ვინ მოგდევს?! საით გარბიხარ?!
და არ უჩანს გზას დასასრული.
- გაიქეც კაენ, გაიქეც!
შენ კი, სულ იმას იმეორებ, რომ შენი დასამარების ჟამი ახლოვდება, თავადვე კი სხვებს ასამარებ. გეჩვენება, რომ ყველა შენს წინააღმდეგ აწყობს შეთქმულებას, თუმცა ამაზე არც არვის უფიქრია. და ბრძოლის შიშით შეპყრობილი, თავადვე ესხმი თავს უიარაღოს.
ვერ გიპოვია ადგილი შენი.
დამშრალი ტუჩებით ამაყად და გაბედულად მოუხმობ მთელ ქვეყნიერებას, მაგრამ აღარავის ესმის შენი.
შენი სასოწარკვეთა სასიკვდილოდ განწირულის სასოწარკვეთას წააგავს.
შენ შენსავ ღმერთს აღუდექი ღმერთს, რომელსაც მთელი საუკუნის მანძილზე ეთაყვანებოდი და ბრალად დასდე შენი დასამარება _ შენი ყოფა. და განგიდგა ღმერთი.
აი, შეჩერდი სულის მოსათქმელად. მშრალ ენას იქლასუნებ შეშუპებულ ტუჩებზე.
როგორ ამოგშრობია უცრემლო თვალები! რაოდენ დიდია შენი სასოწარკვეთა! ყველა შენ შემოგყურებს და შენ, მარტოსული - ყველას.
- ადამიანო! რაზედ გახარჯე ჩემი დანატოვარი სიკეთე, ქმნილი ჩემს მიერ სამარადისოდ?
და მუნათად გიმზერენ წმინდანთა თვალები.
სითბოთი იღვრება ყვითელი კელაპტარი.
* * *
უბედურო რუსო ერო! და შენთან ერთად მეც უბედური!
წინაპრებს შენსას, ლოცვად ქცეულთ წარსულის მოწმე მდუმარე ქვათა მაღალ ეკლესიებში, შეეძლოთ სხვადასხვაენოვანი მიწის ერთ მთლიანობად შეკვრა. საკრებულოებსა და სათავადაზნაურო თავყრილობებზე სიყვარულისა და სიძულვილის ფასად აშენებდნენ და აღაზევებდნენ მიწას. ისინი ერთ დიდებულ საქმეს ემსახურებოდნენ, თავადნი, მბრძანებელნი - მიწის მონებად იყვნენ ქცეულნი. ადამიანთა მბრძანებლებმა, ყურმოჭრილ მონათა ტირანებმა, ულმობელმა მტანჯველებმა შექმნეს დიდი რუსეთის მიწა. და ამჟამად, შეწყალებული ნეშტი მათი ნეტარებით განისვენებს ტაძართა ქვეშა შინა.
შენ კი, ყოველივე ამას ფლანგავ და არაოდეს გექნება მოსვენება.
რწმენით აღვსილნი ჩურჩულებდნენ შენი წინაპრების ბაგენი მაცხოვრის ხატის წინ, ლოცვით ეახლებოდნენ მის უწმინდეს სახებას.
დიდი იყო რწმენა!
რწმენით, უდრეკი სასოებით, მომავლის იმედით კრებდნენ ისინი დანაწევრებულ მიწას რუსეთისას.
და სტეპის ველური მოფერხულენი: თათრები, ნოღაელნი _ მთელი ეს გაუმაძღარი ურდო, მოლბა ფიჭის სანთლის ყვითელი ნათების წინ, მიწაზე მოირთხა ფეხი, გასცა მომუშავენი და ძმობით შეერია მონურ რუსეთს. ერთადერთ ღმერთს რომ სცემდა თაყვანს, ეხლა ერთადერთი მაცხოვრის წინაშე მოიხარა ქედი.
დღეს კი, იგივე თათრები ქუდმოგლეჯილნი გარბიან სასოწარკვეთაში ჩავარდნილი რუსეთიდან.
ნუგეშისცემას ხომ ყველა ითხოვს?! შენი კაენისეული დაღი კი _ ჭისძირა გველია _ ვარსკვლავთ ჩამქრობი, ნებისმიერი სინათლის ჩამხშობი.
აბა როგორ უნდა იცხოვრო აქ, რითი გინდა ისულდგმულო?
უძლურებასა და ბოროტებაში იხრჩობი თავად.
საყელოს იგლეჯ.
ჯვარი მოიწყვიტე, მიწას დაანარცხე.
ჯვარცმულს თავადვე შესდექი ფეხით.
* * *
ვაი შენს თავს უბედურს! ვაი შენს ბედს, რუსო ერო!
არ გაქვს მოსვენება. ვერც ვერასდროს ჰპოვებ მას.
რუსეთო, ეგზომ თვინიერო, რამ გაგხადა ასე ქედმაღალი?
რუსეთო, ნუთუ შენ, ასე ბნელმა და საპყარმა უნდა ასწავლო ქვეყნიერებას სიბრძნე? ნუთუ მართლა ასეთი ბრძენი ხარ?
- შესდექ, რუსეთო, შენ მოგმართავ. ხარბ მონაგრეობაში აულაგმავო, საკუთარი თავის გამღატაკებელო, მამა-პაპათა მონაპოვრის გამხარჯავო, ყველაფერი რომ გაანიავე. რუსო ერო, საკუთარი თავის თავადვე სხვაზე მიმბარებელო და საკუთარი სულის სხვაზე მიმყიდველო.
და აღარც თავისუფლება გაგაჩნია, აღარც ნამუსი.
- შესდექ! მუხლი მოიყარე!
სად არის მიწა? სად არის ერი?
დამცინავ გამტაცებელთა და მოძალადეთა ველური ხროვა, სხვისი დოვლათის მშიშარა გამხარჯველები - ყველანი მზად არიან ხელში ჩაიგდონ შენი სიმდიდრე, სადღაც წაიღონ, ხოლო რასაც ვერ მოერევიან, ქარს გაატანონ, და ინავარდე მერე წითელო მამალო!
- რუსეთო, შენ მოგმართავ, შესდექ, მუხლი მოიყარე, მოდრკი შენი მიწის წინაშე! განა შესძლებთ კია შეხედოთ ერთმანეთს თვალებში?! და არც არის საჭირო. უარეს მწარე სიტყვასაც გეტყვი: სადღაა სირცხვილი?!
- შესდექ, რუსეთო, მუხლი მოიყარე, მიწას მოუხარე ქედი, ემთხვიე შენს მიერ შერყვნილ, შეგინებულ მიწას!
ღმერთის სახელსაც ვეღარავინ სცნობს. რისთვისაა იგი? ანდა, არის კია საჭირო?!
ცხენის ფლოქვების ყრუ თქარა-თქური ჩამესმის. ეს შავი ცხენი მოქრის, მასზე მხედარი ზის და ხელში სასწორი უწირავს.
შუბივით შეიჭრა ცხოვრებაში დანაწევრება. და გირვანქის იქნება საკვები შენი, და არშინი სამოსელი შენი. ყველაფერს აქვს საზღვარი. უსასრულობა არაფერია. მონა ხარ, მათხოვარი და უბადრუკი - აღარც ოქრო გარგებს, ვეღარც პური გაძღობს.
ცხენის ფლოქვთა ყრუ თქარა-თქური ჩამესმის. შავი ცხენი მოქრის. მასზე მხედარი ზის - ყველაფრის ამზომ-ამწონი.
- რუსეთო, შენ მოგმართავ, შესდექ, მუხლი მოიყარე, მიწას ქედი მოუხარე, დაემხე ტუჩებით შენს შერყვნილ მიწას, აიღე ტვირთი შენი და ისე გაუდექი გზას.
* * *
სად არის სიბრძნის ტკბილი წყარო? სად გაქრა მაცოცხლებელ წყაროთა დინება?
და თუ კიდევ არსებობს - არამც და არამც შენთვის. შენთვის ყველა წყარო დამშრალია.
ჩაიარე კაენ, მოიარე უნაყოფო უდაბნო, მიდი მარილიან ზღვასთან! იქ მოიკლავ შენ წყურვილს, რათა გწყუროდეს მარად.
შენს თავს დამტყდარ წყევლას არ უჩანს სასრული.
- ძმავ ჩემო! მე შენი მოკლული ძმა ვარ, აღმსდგარი ძმა. აი! სისხლი მდის ტუჩიდან, შუბლიდან, აი, ჩემი შეშუპებული იარა მკერდზე. მე შენსკენ ვიწვდი სისხლში ამოთხვრილ ხელებს. შენ კი ვინტოვკა შეგიმართავს ჩემს მოსაკლავად. და ვეცემი... და ვდგები კვლავ.
- ძმავ ჩემო! მე შენს მიერ მოკლული ძმა ვარ.
ათასობით დაღუპულ სულთან ერთად მეც ვღსდგები მკვდრეთით. და შენ მეათასე გზას მეათასჯერ დასდგომიხარ გასაქცევად.
გვერდით ჩაიარე, კაენ, გაუყევ უნაყოფო უდაბნოს.
შენს დაწყევლას ბოლო არ უჩანს.
სად შეაფარებ თავს? სად დამალავ შენს წყეულ დაღს?
იქიდანაც და იქიდანაც და იქიდანაც და... ყველგან დაღუპულთა ხელი სჩანს ზეცისკენ აპყრობილი.
- დაბრუნდი, დაბრუნდი! ძმავ ჩემო, მაპატიე, შემინდე. შენს თავსაც აპატიე. არც დავშორებულვართ, არც ბოღმა ჩაგვიდია გულში. არის მხოლოდ სიყვარული. ნუ მოსპობ, ნუ გაანადგურებ შენს თავს. მე ძმა ვარ შენი. ნუ მომკლავ - ნურც თავს მოიკლავ, ნურც მე მომკლავ. შენს გულშიც გაიღვიძოს სიბრალულმა. ძმავ ჩემო, შეიცოდე თავი შენი. შემიცოდე მეც. დაწვი საკუთარი სიძულვილი მთელი ქვეყნიერების მწუხარებითა და ჯვრით განათებული სიყვარულის აალებულ კოცონზე ან მოკვდი. არა! დაწყევლე შენს თავს დამტყდარი წყევლა, მოთვინიერდი და იცხოვრე. გზა ერთია. და არც არსებობს სხვა რამ გზა, არც სხვა ბედნიერება არსებობს, განა თუ - პატიება, არც სხვა ცხოვრება არსებობს, განა თუ - შემწყალებლობა. დაცხრი და მოინანიე, და არა ჩემს წინაშე, არამედ წინაშე ღმერთისა. ის შეაჩერებს გზას შენსას. და გეტყვის: "აქ მე ვარ, აქ დავდგამ სახლს ჩემსას!" და შენს ფეხებთან ყვავილი გაიხარებს, აყვავდება, დალოცვილ იქნების შრომა შენი, მიწა ნაყოფს მოგცემს და დოვლათში გაღვივდება გული შენი. და იტყვი: "აი მე, აი ღმერთი ჩემს წინაშე!" მუხლებით შეეხები საკუთარ გვამს, შუბლით მიეყრდნობი ქვას და მიხვდები, რომ წარსულს განდგომილმა, ჭეშმარიტებაში სცან თავი შენი, მიაღწიე თავისუფლებას - განათლდა სული შენი, და გააცნობიერებ ყველა ბოროტებას, ჩადენილს შენს მიერ, და დაივიწყებ ყველა ბოროტებას.
და სული უმაღლესი გაგიყვანს შენ უდაბნოში. იქ შეგხვდები -
- მე ძმა ვარ შენი! -
- და ცრემლი დაიღვრება -
- და ცრემლი დაიღვრება -
- წყარო უკვდავების. -
* * *
უბედურო რუსო ერო!
შენი მეფობა მტვრად იქცა. ყველა ერი მოქურუხდა, უბრად გიმზერს - არავის შენი არ სჯერა, არც შენს შეყელყელავებულ ლამაზ სიტყვებს უგდებს ყურს.
დიდი ქვეყანა იღუპება.
და არც შველა ჩანს მისი არსაიდან.
მარჯვენა მეზობელი მარჯვნიდან ჭრის, მარცხენა - მარცხნიდან - აი, საბოლოო დასასრულიც.
ის, რაც საუკუნეების მანძილზე საუკუნეებით შეგროვდა - გატაცებულია, გახარჯული.
ქვესკნელში შთაინთქმება.
და შენ, განა საკუთარი მონაგარის მოსახვეჭად წვალობ, არამედ ისე, რაც ხელს მოჰყვება, იმას მიათრევ - ისე, თავისთავად. ხოლო რასაც მიათრევ - გჭირდება თუ არ გჭირდება, ამას მერე მოიფიქრებ. თუ არ დაგჭირდა, სადაც პირველ ღამეს გაათევ, იმასაც იქ მიაგდებ და მიატოვებ.
და მაინც ყველანი სადღაც გარბიან.
გარბის კაენი.
* * *
ვაი, მე უბედურს, ძმანო ჩემნო! ვაი შენ, უბედურს, რუსო ერო!
მართავდნენ რუსეთს, რუსეთის მიწას თვალუწვდენელს მართლმადიდებელნი მეფენი - ბრწყინავდნენ ოქროს გვირგვინნი. ცოდვიანი იყო მეფე თუ უცოდველი, მაინც მეფური იყო საქმენი მისნი... ცოდვილი მეფით ღმერთი ერს სწყევლიდა. ღირსით და უცოდველით - ღვთიურ სამართალს ამყარებდა.
ადვილი როდია უცოდველი იყო. ცოდვილი და უბირი ბოლომდე ვერ გაატან.
და აი დასრულდა სამეფო შეუვალობა.
გამეფდა უმეფობა.
ხალხი კი იგივეა: რაც მეფის დროს იყო, უმეფოდაც ისეთივე დარჩა. იგივენი - არაფრები და მონა-მორჩილნი - სიბნელე და უბადრუკობა - და არც ძალაა, არც შეძლება გასაძლისი.
და აი, გაუძღვნენ რუსის სამეფოს როგორც იქნა.
და იქვე გაჩნდა დასამარებაც.
ერი დათვივით დაიღრიალებს, ეს თავნება მოთავენი კი შიშისგან წახდებიან.
და ბოლო არ უჩანს ნგრევას.
დამცროვდა რუსეთის სამეფო, სადაცაა ჩაქრება. დაუფლენ მხარეებს ძუნწი მეზობლები, სამი ზღვა შესვეს.
და დარჩა რუსეთი მხოლოდ სამდინარო.
რუსეთო ჩემო, რაც ყრმობას გემოსა, ახლაც იგივე გმოსავს.
არანაირი გამოსავალი აღარ დაგრჩენია. და არც შველა გაქვს არსაიდან. ვეღარ გაიღვიძებ მკვდარი თვლემიდან, ვერ აიტან ტანს შენსას მთელი შენი სიმაღლით.
მოგძახის უკანასკნელი სამტრო ძახილი - მზადაა სამარე უკანასკნელი - უნდათ რომ თავი მოგკვეთონ, ამოგჭრან გული თეთრი მკერდიდან.
რუსეთო, შენ, ვითარც რაში გაჭენებული და ალალბედზე ფეხჩაკეცილი, მიწას დაენარცხე, გდიხარ დალეწილი.
* * *
ბედწყეულო! ბედწყეულო რუსო ერო!
რეკს ზარი. რეკს დასარეკს. ახალ ჯაჭვს ჭედავენ.
დედავ ბედკრულო, შენთვის ჭედავენ!
ჩაგჭედავენ ბორკილებში და გაგიყრიან ხელკავს მისუსტებულს - ბედწყეულო დედავ ჩემო! - ივლი მიწაზე და ამაოდ მოიდრეკ ქედს მისასალმებლად ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ.
მუხლებზე დაეცემი.
მათრახის ქვეშ კვლავ აიმართები.
და მიდიხარ, საითაც გიბრძანებენ - სისხლიანი ოფლი ცვარავს ნატანჯ სხეულს შენსას, მლაშე ცრემლი დაგიწვავს იარებს - და განა შენი გზით მიხვალ, და განა იმ გზით არ იარები, წინასწარ მითითებულ გზას რომ გასდევს?
და აი, სიავეში, უბედურებაში, ბოროტ ტყვეობაში სცნობ მთელ შენს სიბნელესა და უღმერთობას, თვითნებობას შენსას, სევდას და ნაღველს. შენ შეიცნობ ნამდვილ ტყვეობას, არა მაცხოვრის - არქიელი ზენაარის მიმართ მორჩილებას, არა პატივისცემას და შიშს მეფეთა მიმართ, არამედ ხელჯოხის ქვეშ მყოფი ძაღლის მონამორჩილისმიერ მორჩილებას.
შებოჭილი, ბორკილებდადებული იწანწალებ ერთი ჯიშიდან მეორეში შენივ გარდუვალ სევდასთან ერთად, და არ გეყოფა სიამაყე - თუმცა არც არაოდეს გქონია, ოდენ უტიფრობის შინაგანი ძალა არ გეყოფა ამ ჯაჭვით დასალეწად.
მაგრამ ცრემლებში ცრემლთაგან ჰპოვებ შენს ნუგეშს, გაიხსენებ მივიწყებულ, ფეხით გათელილსა და მიფურთხებულ შენს იავნანას - შვიდ მშობლიურ ვარსკვლავს, ცივი ღამით მიწისკენ ჩამომზირალს.
ო, წმინდანნო სასწაულთმოქმედნო, სათნომყოფელნო, დიდო რუსო მღვდელმთავარნო, რუსეთის მიწის მფარველნო - სერგეი რადონეჟსკი! პეტრე, ალექსეი, იონა და ფილიპ! ნეტარო ვასილ, ღირსეულო პროკოფი, წმინდა ნილ სორსკი! საბატი და ზოსიმე სოლოვეცკებო!
- მწვანე უდაბნოს ეწვიეთ, მთელ ქვეყნიერებაზე ცოდვილი რუსეთისათვის ილოცვიდით. თქვენ შემოინახეთ იგი, ცოდვით სავსე, უბედურების ჟამსაც, უღელს ქვეშ მგმინავიც, არეულობისა და ამბოხის დროსაც. თქვენ უნათებდით მას, უბადრუკს ბნელში ვარსკვლავთ სხივით!
ახლა ბნელს მოუცავს რუსეთი.
მხოლოდ ცოდვილნიღა დარჩნენ საწიერზე, გაბოროტებულნი, ქურდნი, მკვლელნი.
აღარ ანათებს კელაპტარი გაპარტახებულ სავანეთა სიღრმეებს, აღარ ილოცვის სქიმოსანი საჩეხზე.
გადაიწერე პირჯვარი, უბედურო დედა-რუსეთო! სხვა ნუგეში შენ არღარა გაქვს. მუხლი მოიყარე ჩემო უბედურო დედავ, გახურებული შუბლით ცივ მიწას ემთხვიე, მოინანიე საფლავის ცივსა და ნესტიან ქვაზე.
და მონანიებულო, მონანიებად დაღვრილო, - ახალო რუსეთო, მომავლის რუსეთო, ღმერთის წინაშე მხოლოდ შენ ერთი, ვითარცა უდაბნოს მარიამ ეგვიპტელი, მორჩილებაში სვენებული გაიგებ ყოველს, და მიიღებ შენს წილ მწუხარებას, დაიდგამ შენთვის განკუთვნილ უღელს. და დაიდებ ქედზე უმძიმეს ტვირთს და ატარებ მსუბუქად.
ფეხები დაგსევია ქვათა ნამსხვრევებზე სიარულით, რკინა გახეხილა, შენ კი მიაბიჯებ, მიაბიჯებ, საკუთარი სინათლით საკუთარი გზის გამნათებელი -
- გმირობა და რწმენა -
- გმირობა და სიყვარული -
გადაიწერე პირჯვარი, უბედურო დედა-რუსეთო!
აღსდექ, დადექ, ჩემო რუსეთო, დაეშვი მუხლებით ქვაზე ისე, რომ ძვლები დაგემსხვრეს, ემთხვიე დამსკდარი ტუჩებით ცივ ლოდს, აკოცე მას, შეურაცხყოფილს, შეგინებულს შენით მიწას და, წამომართულმა, აიყოლე ტვირთი შენი და ისე დაადექ გზას შენსას.
1918 წ.