Litclub.ge

ელდორადო (მთარგმნელი: ვასილ გულეური)
მამაცი მხედარი
არ დრკება, მხნედ არის -
ქარია, წვიმს თუ ათოვს,
სიმღერით მიიკვლევს
მომქანცველ ბილიკებს,
დაეძებს ელდორადოს.

მაგრამ დრო გავიდა
მსახვრალი, ავი და
მის გულს შემოაწვა სევდა.
არ იყო ადვილი
ეპოვა ადგილი,
ხატება რომლისაც სდევდა.

და როცა მცირედი
შემორჩა იმედი,
პილიგრიმს შემოხვდა გზაზე -
"აჩრდილო, მითხარი
სად არის ის მხარე -
მიწაზე, ცაში თუ ზღვაზე?"

"მიუწვდომ არეზე,
მთებს იქით, მთვარეზე,
ველზე, თეთრად რომ ათოვს,
პირქუშს და შორეულს,
აჩრდილთა ორეულს,
შენ ნახავ ელდორადოს!"