სრულყოფილება საზარელია, ვერ აჩენს შვილებს.
ცივია, როგორც თოვლის სუნთქვა, იმ საშოს იცობს
სად ჰიდრებივით ირხევიან ურთხლის ხეები,
ხოლო ხეები სიცოცხლისა თავის მთვარეებს
თვეში ერთხელ უშედეგოდ ბორკილებს ხსნიან.
სისხლის ნაკადი ნაკადია სიყვარულისა,
აბსოლუტური მსხვერპლშეწირვაა.
და ეს ნიშნავს: არავითარი კერპი ჩემს გარდა,
მხოლოდ მე და შენ.
გოგირდოვანი მიმზიდველობით და ღიმილებით
მანეკენები გაშეშებას თავს აღწევენ ღამღამობით,
რომს და პარიზს შორის მორგში - მიუნხენში -
შიშვლები და მელოტები თავ-თავიანთ ბეწვეულებში,
ნარინჯისფერი მამალოები, აცმულები ვერცხლის ჯოხებზე,
აუტანლები, უაზროები.
ბნელ ფანტელებად მოდის თოვლი,
სიახლოვეს არავინაა. სასტუმროებში
კარს შეაღებს არა ერთი და ორი ხელი
და ფეხსააცმელებს დაალაგებს საპრიალებლად, -
სქელმა თითებმა ხვალ ხომ სადღაც უნდა გასწიონ!
ო, ამ ფანჯრების ოჯახური სიმყუდროვე, -
ბავშვის თასმა, ტკბილეულობა,
და სქელ-სქელი გერმანელები ყვინთავენ თავიანთ უფსკერო Stolz-ში.
და შავ-შავი დაკიდული ტელეფონები
ბრწყინავენ,
ბრწყინავენ და ინელებენ
მდუმარებას. თოვლს ხმა არა აქვს..