საქმე არა გაქვთ?
რას ჩამომსხდარხართ ამ ყანაში, მოლაღურებო,
მზით მოხალულ ხორბლის მარცვლებს
რას აკნატუნებთ?
თანაც, ჭორაობთ:
ყაყაჩოებზე, ფურფუჭებზე, ფარსმანდუკებზე და
”რას ამბობ, ქააო” -
პატარა თავებს აკანტურებთ...
საქმე არა გაქვთ?
აფრინდით ახლა,
წამომყევით ღრუბლიაანთა,
საჭორაოს იქაც რა დალევს.
რა ხდება ერთი, იმათ თავსა, გავიგო აბა!
ქორწილი აქვთ თუ დღეობაი,
ნათლობა აქვთ თუ ძეობაი...
ელვებს - ჩინ-მედლებს
და ჟინჟილებს აჟღარუნებენ,
ჭექენ და ქუხან: ჩვენა ვართ და ეს ჩვენი ცაო...
მაგათმა მზემა, არ დაგვპატიჟეს, ეგრე სადაა?!
აფრინდით, გეყოთ ხორბლის კნატუნი, მოლაღურებო,
ღრუბლიაანთა კარგი სუფრა იშლება-ხოლმე:
ეს - მწნილიო,
ეს -ხავიწიო,
ეს - მინდვრის მხალი, ღანძილიო, ნაზუქებიო...
რომელი ერთი ჩამოვთვალო...
ახლა ღოლოს შეჭამანდი?!
ახლა ცოცხალი?!
ყოველ ღამით ხომ, მაგათ ჩადგმულ კოკოზებში,
ლურჯდაკრული ვარსკვლავები ციმორებივით ებმებიან და ფართხალებენ...
ღვინო კი...
ღვინოს ნუღარცა მკითხავთ:
გინდ ატენური, გინდ თავკვერი -
ისეთია, როო,
ყელში ჩიტივით ჭიკჭიკებს და
სულ არაკებად გარაკრაკებს.
მეც, ამ ტიალ წუთისოფელში, მეტი რა მინდა?
ავრაკრაკდები, არაკებს ვიტყვი,
ისეთ სიმღერას შემოვძახებ,
თავშლის ბოლო, ჩვენი სოფლის ქალებივით ჩაიკეცონ დედაღრუბლებმა და:
”იიჰ, მეხი კი დაგაყარეთ, რა სიმღერა გცოდნია, ბალღოო” -
ჩაიქირქილონ.
მერე, ერთმანეთს დაერევიან ღრუბლიაანთი,
ასე იციან...
აჟღარუნდება კიდევ ერთხელ
ჩინ-მედლები და ჟინჟილები
და რა თქმა უნდა, გაწვიმდება.
რამ შეგაშინათ?
ეგენი მალე მიიძინებენ - ღრუბლიაანთი.
თქვენ მერე ნახეთ!
შემოგორდება მზის ჩარდახი,
თვალებს მოგჭრით, ისეთ ჩახჩახა ჩინჩხლებს გაჰყრის, მოლაღურებო!
მოჩახჩახდება თქვენს ყანაში
და იქიდან, ამ ჩახჩახა ჩარდახიდან,
ცხელი ზაფხული გადმოგოგდება-
ფერ-უმარილ-პომადიანი - როგორც ფუფალა.
ჩამოგიჯდებათ, ისიც გაკვნეტს მოხალულ მარცვლებს
და ამ მთისას მოგიყვებათ,
და იმ ბარისას,
და ამ ქართლისას მოგიყვებათ,
და იმ ქართლისას - ერთხელაც, ასე, ჭორაობისას, ჩენჩოებს რომ გადავაყოლეთ.
...აგე, ხომ ხედავთ,
მაინც წამომცდა, გულისგულში რაც მიფუთფუთებს,
არ კი მინდოდა,
მაგრამ, რას ვიზამთ,
ხდება ასეცა, ათასში ერთხელ, მოლაღურებო...