სიყვარულმა დაგქოქა, როგორც ჯიბის სქელი ოქროს საათი.
ბებიაქალმა ფეხისგულებზე მოგიტყაპუნა ხელი და შენმა თავხედურმა წამოყვირებამ
თავისი ადგილი დაიკავა სტიქიებს შორის.
ჩვენი ხმები ერთმანეთს აჰყვა და მიესალმა შენს მობრძანებას.
ახალ ქანდაკს.
სიშიშვლემ შენმა, ორპირქარიან მუზეუმში გადაჩრდილა
ჩვენი სიმტკიცე. და ირგვლივ ყველა კედლებივით დავყუდებულვართ.
მე ისევე ვარ დედაშენი, როგორვ ღრუბელი, თანდათან
რომ ისარკება და ირეკლავს
ქართგან მოგვრილ საკუთარ ნელ გაცამტვერებას.
შენი სუნთქვა - ფარვანას სუნთქვა, მთელი ღამე
ოთახის ვარდებს შორის ფარფატებს. მე ვიღვიძებ და ვაყურადებ:
და ჩემს სმენას შორეული ზღვის ღელვა სწვდება.
მხოლოდ ერთი წამოყვირება, და მოვბობღავ ლოგინიდან,
ვიქტორიანულ ღამის პერანგში, ძროხასავით ძონძროხა და ყვავილოვანი.
კნუტივით კრიალა შენი პირი დაბჩენილია. ფანჯრის ჩარჩო
თეთრდება და ვარსკვლავებს ყლაპავს. და შენ ახლა
შენს ერთ მუჭა ბგერებს სწავლობ.
და ხმოვნები ბუშტებივით იბერებიან.