Litclub.ge

* * * შენს სიტურფესთან, ხელდასხმულო ცისგან და მზისგან (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)
შენს სიტურფესთან, ხელდასხმულო ცისგან და მზისგან,
სხვა სილამაზეს არაფერი დაეჯერება:
მზეს რას შემატებს ფერგამკრთალი მთვარის ჩვენება,
ან ვარსკვლავების ელვარება - მაისის სისხამს.

ვიზოგავ შენს შუქს ნაწილ-ნაწილ, მისხალ და მისხალ,
თან სულ ვშიშობ და გონდაბინდულს ქანცი მელევა,
რომ, მშვენიერო, ხელთუქმნელი შენი მშვენება
არ გამომტაცოს უცაბედად განგების რისხვამ, -

თორემ მთვარე და ვარსკვლავები დათმობენ ცარგვალს,
მზე თავის გვირგვინს თვალშეუდგამ წყვდიადში ჩარგავს
და ხმა გლოვისა მომეწევა ზეციურ ტაძრით,

აილუფხება ცა და მიწა, მზე და ტაროსი
და ყველაფერი - უკაცრიელ ამ სამყაროში
დაიფარება საუკუნო ფერფლით და ნაცრით...