Litclub.ge

* * * ისევ შენივთდა ცა და ხმელი, ატირდა ძეწნა (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)
ისევ შენივთდა ცა და ხმელი, ატირდა ძეწნა,
და - ქვეყნიური ზღუდეების გადასალახად -
ზესკნელ-ქვესკნელის კარიბჭენი ერთად განახვნა
ზეციერმა და მიწიერმა, კაცმა და მხეცმა.

და სული შენთან მოახლების სურვილმა შეძრა,
რომ ეს სხეული - ოდინდელი ჩვევის თანახმად -
დაისაკუთროს სამუდამოდ მწვანე ბალახმა
და ჩემს სავანეს დაეფინოს საბნად და ზეწრად.

ჩამარცვლავს ჟამი წუთისოფლის ჭრელ კრიალოსანს
და ყოველ მარცვალს შემოდგომის ჭირხლი დამოსავს
და ბნელ ღამეში ჩაეშვება ბროლის ლარნაკი.

მაგრამ - თუ, კარგო, გამიჭირდა შენი მოგნება, -
ლოდს საფლავისას ამოხეთქავს ეს ფიცარნაგი
თვალცრემლიანი რაყიფების გასაოგნებლად...