Litclub.ge

* * * ვერა, ვერ შევძელ, სიყვარულო, სუსხის გალღობა (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)
ვერა, ვერ შევძელ, სიყვარულო, სუსხის გალღობა,
გული დამიხშეს, სასოებას ბჭე დაუხურეს
და გზა, რომელსაც მოყურადე სევდით უყურებს,
მიმქრალია და შორეული, როგორც ბალღობა.

მიჯნებს სიცოცხლე-სიკვდილისას ბინდით გავღობავ,
მაგრამ შენი ხმა გადმოლახავს ბნელს და უკუნეთს
და შენი ხატი გადასწვდება სხვა საუკუნეს,
ვით სილამაზის დამკვიდრება და უკვდავყოფა.

და ჩემი ჰანგი მოგეკმევა, როგორც საკმელი,
ვით განძი გვირგვინ-შემოსილი და მისარქმელი,
და - უჩვეულო იერსახით, უცხო სამოსლით -

შენ გადმოდგები ღრუბლებიდან, როგორც ოცნება
და შენი სული, მშვენიერო, ამ გარდამოსვლით
წარმავალობის მცდარობაში დამემოწმება...