Litclub.ge

მარტოობა (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
უსინათლო. მე შემიძლია მას ვუმზირო
მორიდებით, ანდა უტიფრად, გრძნობს ის ამას?
არა, იგი ჩაძირულა განუზომელ მარტოობაში.

უცნაური გართობაა,
დაჟინებით მიაშტერდე უცნობის სახეს.
მაგრამ რაც უფრო დიდხანს უყურებ, გწყურია მეტი.

ის კი, საკუთარ სამყაროში ჩაძირული, ლაპარაკობს
თითქმის ხმამაღლა. ტუჩები უთრთის.
ზედ შეშფოთების ატყვია კვალი. ნერვულ ღიმილში

უცებ რაღაც სიხარულის მსგავსი უკრთება.
ნელი სიო (მას მე ვერა ვგრძნობ)ს
როგორც წყალს, ისე უჭავლებს სახეს.

მატარებელი ცენტრისკენ მიდის. სადგურებზე ჩერდება და
ცოტა ხანში ისევე იძვრის. ამ მოჟღრიალე და მორაჩხუნე
მოუსვენრობის გულმუცელში კი სიმყუდროვე გამეფებულა -
სიმყუდროვე მდუმარე ხალხის.
უსინათლოს უყურებს ზოგი,
ოღონდაც ჩვენგან განსხვავებით, შიგადაშიგ და სხვათაშორის.

ამ სიმყუდროვის შიგნით კი მისი
უჩვეულო სიმყუდროვეა - სავსე მშფოთვარე
წარმოსახვებით, მაგრამ ვინ იცის, როგორია

უსინათლოს წარმოსახვები? მას არ ადარდებს
უცნაური გარეგნობა - ის, რომ მის სახეს,
ისე, როოგრც წყალს ათინათი.

ამჩნევია ფიქრების კვალი. მან ხომ არ იცის,
თუ რა არის გარეგნობა.
დაბადებიდან ბრმაა იგი, მე ამას ვხედავ.

და ის ახლა ფეხზე დგება და კართან მიდის,
იცის, რომ შემდეგ გაჩერებაზე უნდა ჩავიდეს, ითვლიდა ვითომ?
არა, თვლა სულაც არ სჭირდება მას ამისათვის.

ის ჩადის და მეც ჩამოვდივარ.
"ნება მიბოძეთ, გაგიყვანოთ გასასვლელისკენ".
"გმადლობთ" - მპასუხობს რაღაცნაირი განურჩევლობით.

მაგრამ იმ წამსვე, როგორც კი მისი
ეს ხმა მესმის, ჩემსკენ იშვერს
იგი ხელს და მელოდება,

და აი ჩვენ უკვე ბავშვებივით ერთიმეორეს ჩავკიდეთ ხელი.
ხელი თბილი და მშრალი აქვს და
ღონივრად მიჭერს - შეგრძნებაა სასიამოვნო.

და როდესაც ტურნიკეტის გავლით გავდივართ
(ის წინ მიდის), მისი ხელი, ჩემსას წამით დაშორებული,
მაშინათვე კვლავ მას დაეძებს.

"აქედან უკვე საფეხურები იწყება, ფრთხილად...
ახლა მარჯვნისკენ მოუხვიეთ. აქ კი ისევ კიბეებია".
და მზის გულზე გავედით უკვე. ის გრძნობს ამას,

გრძნობს სუფთა ჰაერს. "კარგი დღეა, არა?"
ამბობს უსინათლო და მარტოობა
მოაბიჯებს ჩემთან ერთად, მოაბიჯებს

ჩემს გვერდით, ოღონდ არა ჩემში - მარტოდ
აგრძელებს ის თავის ფიქრებს, თუმც კი მისი და ჩემი ხელი
შეერწყნენ ერთურთს,

ისე, თითქოს ჩემი ხელი მომშორდა და
საკუთარი გზა აქვს. მე ვხედავ,
ის კვეთს ქუჩას, და უსინათლო

მეუბნება, რომ აწი უკვე შეუძლია გზის გაგნება. მან იცის
საით მიეშურება: გაურკვეველი არსებებით
დასახლებული არსაითისკენ. ის ამბობს: "მე ვარ".