Litclub.ge

* * * შიში წამოდგა ჩემში ანაზდად (მთარგმნელი: ნათელა ხუციშვილი)
შიში წამოდგა ჩემში ანაზდად,
მსგავსად ქალისა, რომელსაც თავში
რაღაც საზარი აზრი მოსვლია
და მას შემდეგ - ორი ოთახი თუ აბადია, -
იქ უთავბოლოდ გადი-გამოდის.
ასევე დაძრწის ახლა ჩემში შიში ერთთავად.
ხშირად კიდევაც ვესიტყვები, მივმართავ ხოლმე,
ვლოცულობ მისთვის, ვუმღერი ხანაც,
ანდა ვუკითხავ მას საათობით
მეტად ჭკვიანურ და წმინდა წიგნებს,
მაგრამ ის ამას არაფრად აგდებს.
უფრო მძიმდება სულაც ამისგან,
ხოლო უკლებლივ ყველა ადგილი,
სადაც კი იგი ფეხს დააბიჯებს,
ცახცახს დაიწყებს.
ასე ცახცახებს უკვე მთელი ჩემი არსება,
მითრთის ხელ-ფეხი და ბაგეები,
უმეტესად კი ალბათ ჩემი ქუთუთოები.
ის ამით მაინც ვერ დაცხრება და
ჩემი გონების კარს შემოაღებს,
შემომეჭრება საბრალო სულში.
მასშიც ხომ უკვე ყველაფერი ძრწის და მერყეობს,
ცის და ქვესკნელის სურათები
აცვივა ერთურთს და ამ ქალ-შიშსაც.
ო, ეს საბრალო!
მას არასოდეს ეწვევა ძილი,
მეც აღარასდროს არ მაღირსებს ის დაძინებას,
რადგანაც უთხრეს მას რაღაცა ისეთი სიტყვა,
მახვილის დარად რომ ჰკიდია
ერთადერთი იმედის ძაფზე
ჩვენს თავებს ზემოთ.