Litclub.ge

გოგონა (მთარგმნელი: რმა ტაველიძე)
თეთრეული ორშაბათს გარეცხე და ქვების გროვაზე გადაფინე; ფერადი სარეცხი სამშაბათს გარეცხე და გასაშრობად თოკზე ჩამოკიდე; შუაგულ მზეზე ფეხშიშველმა არ იარო; გოგრის მაჭკატები კარგად გაცხელებულ ტკბილ ზეთში შეწვი; შენი საცვლები მაშინვე ჩაალბე, როგორც კი გაიძრობ; თუ მოხდენილი პერანგის შესაკერად ბამბის ქსოვილს ყიდულობ, დარწმუნდი, რომ ზედ რეზინი არა აქვს, რადგან ასეთი ფორმას დაკარგავს გარეცხვის შემდეგ; მარილიანი თევზი მთელი ღამით დაალბე წყალში, სანამ მოამზადებ; მართალია, რომ საკვირაო სკოლაში ბენნას მღერი? საჭმელი ისე ჭამე, რომ სხვას მადა არ დაუკარგო; კვირაობით ეცადე, ქალბატონივით იარო და არა იმ გომბიოსავით, რომელსაც თანდათან ასე ემსგავსები; აღარ იმღერო ბენნა საკვირაო სკოლაში; ნავსადგურის ვირთხა ბიჭებსაც ნუ გამოელაპარაკები, მათ გზასაც ნუ მიასწავლი; ქუჩაში ხილი არ ჭამო - ბუზები აგედევნებიან; მაგრამ მე კვირაობით ბენნას სართოდ არ ვმღერი, მით უმეტეს, საკვირაო სკოლაში; აი, ასე უნდა დააკერო ღილი; აი, ასე უნდა გააკეთო ღილკილო იმ ღილისთვის, რომელიც ეს-ესაა დააკერე; აი, ასე უნდა შეუკეცო კაბას ბოლო, როცა ხედავ, რომ ჩამოშლის პირასაა, რათა იმ გომბიოსავით არ გამოიყურებოდე, რომელსაც, ვიცი, თანდათან ემსგავსები; აი, ასე უნდა გააუთოო მამაშენის ხაკის პერანგი, ნაკეცი რომ არ ჰქონდეს; აი, ასე უნდა გააუთოო მამაშენის ხაკის შარვალი, რათა ნაკეცები არ დაემჩნეს; აი, ასე უნდა გაზარდო ოხრა - სახლისგან მოშორებით, რადგან ოხრის ხემ წითელი ჭიანჭველები იცის; როცა ჩინურ ხეს ზრდი, დარწმუნდი, რომ წყალს საკმარისად უსხამ, თუ არ გინდა, ჭამის დროს მისი ნაყოფი ყელზე დაგადგეს; აი, ასე უნდა გამოგავო კუთხე, აი, ასე უნდა დაგავო მთელი სახლი; აი, ასე უნდა დაგავო ეზო; აი, ასე უნდა გაუღიმო მას, ვინც ნაკლებად მოგწონს; აი, ასე უნდა გაუღიმო მას, ვინც საერთოდ არ მოგწონს; აი, ასე უნდა გაუღიმო მას, ვინც მთლიანად მოგწონს; აი, ასე უნდა გააწყო ჩაის სუფრა; აი, ასე უნდა გაშალო სადილის სუფრა; აი, ასე უნდა გაშალო სადილის სუფრა, როცა პატივსაცემი სტუმარი გყავს; აი, ასე უნდა გააწყო ლანჩის სუფრა; აი, ასე უნდა გააწყო საუზმის სუფრა; აი, ასე უნდა მოიქცე მამაკაცთა თანდასწრებით, რომლებიც კარგად არ გიცნობენ და ამდენად, გაუჭირდებათ შენში იმ გომბიოს დაუყოვნებლივ ამოცნობა, რომლის შესახებაც გაფრთხილებდი; ყოველდღე ჩაიბანე, მაშინაც კი, თუ მხოლოდ შენი გამონადენით დაგესვარა; არ ჩაიცუცქო მარმარილოს ბურთულებით სათამაშოდ - ბიჭი კი არა ხარ; არ დაკრიფო სხვისი ყვავილები - შეიძლება, რაღაც შეგეყაროს; შაშვებს ქვები არ ესროლო, იმიტომ რომ შესაძლებელია, ისინი სულაც არ იყო შაშვები; აი, ასე უნდა გააკეთო პურის პუდინგი; აი, ასე უნდა გააკეთო დუკონა; აი, ასე უნდა დაამწნილო წიწაკა; აი, ასე უნდა დაამზადო გაციების უებარი წამალი; აი, ასე უნდა დამზადო კარგი წამალი იმისთვის, რომ ბავშვი მანამდე მოიცილო მუცლიდან, სანამ ბავშვად იქცევა; აი, ასე უნდა დაიჭირო თევზი; აი, ასე უნდა გადააგდო უკან ის თევზი, რომელიც არ მოგეწონება და ამგვარად, ცუდიც აღარაფერი დაგემართება; აი, ასე უნდა შეაბა კაცი; აი, ასე შეიძლება, შეგაბას კაცმა; აი, ასე უნდა გიყვარდეს კაცი და თუ რაღაც კარგად ვერ იქნება, სხვა გზებიც არსებობს, ხოლო თუ მათაც ვერ გიშველეს, სულაც არ იქნება ცუდი, რომ თავი მიანებო; აი, ასე უნდა გადააფურთხო ჰაერში, თუ გრძნობ, რომ ამის გაკეთება გინდა და აი, ასე სწრაფად უნდა გაიქცე, რათა შენ თვითონ არ მოგხვდეს; აი, ასე უნდა გაიტანო თავი; პურს ხელი ყოველთვის მოუჭირე, რათა დარწმუნდე, რომ ახალია; მაგრამ თუ მეპურე ნებას არ დამრთავს, რომ პურს შევეხო? შენ რა, გინდა, თქვა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ისეთი ქალი იქნები, რომელსაც მეპურე პურთან ახლოს არ გააკარებს?