Litclub.ge

მწუხრის სიმღერა (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
მწუხრზე, როდესაც მივუყვებით მრუმე ბილიკებს,
წინ ჩვენი გაცრეცილი ჩრდილები ჩნდებიან.

როდესაც გვწყურია,
ტბორის თეთრ წყალს ვსვამთ,
სიტკბოს ჩვენი მწუხარე ბავშვობის.

ანწლის ბუჩქებქვეშ გაქვავებულნი
რუხ თოლიათა გავცქერით ფრენას.

გაზაფხულის ღრუბლის ქულები
ეფინებიან მოქუფრულ ქალაქს,
რომელიც კეტავს
ასკეტთა შორ და ლმობიერ ჟამებს.

შენს ვიწრო ხელებს რომ ვეხებოდი,
მომრგვალო თვალებს ახელდი წყნარად.

მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა.

თუმცა როს სული ღამეულად ახმოვანდება,
კვლავაც ეწვევი, შენ - სითოვლისფრე -
შენი მეგობრის განძარცვილ სანახს.