Litclub.ge

გამოცხადება და აღსასრული (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
საკვირველია ღამეული ბილიკები ადამიანის. ღამით გარეთ რომ ვეხეტებოდი და ქვის ოთახებს წინ ჩავუარე, ყოველ მათგანში უშფოთველად ენთო ლამპარი და სიცივისაგან ათრთოლებული საწოლს დავემხე: ჩემს თავთან ისევ ყარიბი ქალის შავი აჩრდილი წამოიმართა და მე მდუმარედ ჩავმალე სახე ჩემს ნელ ხელებში. თან ფანჯარასთან ყვავილობდა სუმბული ლურჯად და მგმინავის მეწამულ ბაგეს უძველესი ლოცვა მოადგა. ქუთუთოებს სწყდებოდა ცრემლი, მწარე წუთისოფლის გამო დაღვრილი... იმ წუთას თეთრი ვაჟი ვიყავი მრუმე სიკვდილში ჩემი მამისა. ლურჯი ცახცახით სერიდან ღამის ქარი დაეშვა, დედის ბნელი მოთქმა-გოდება, კვლავ სწრაფად ჩაკვდა და მე ვიხილე შავი ჯოჯოხეთი ჩემი გულისა. მოციმციმე სიმშვიდის წუთები. თეთრად შეფეთქილ კედლის სიღრმიდან გამოუთქმელი რამ იერი გამოჩნდა წყნარად _ მომაკვდავი ყრმა _ შინ მიმავალი მოდგმის სილამაზე. მთვარისფერთეთრად შემოევლო მღვიძარ საფეთქლებს სიგრილე ლოდის, მიწყდა დაქცეულ საფეხურებზე ფეხის ხმა ჩრდილთა, ვარდისფერი ფერხული პატარა ბაღში.

მდუმარედ ვიჯექ მიყრუებულ მცირე ტრაქტირში, შემჭვარტლულ ჭერქვეშ მარტოდ ღვინოსთან; სხივოსანი ცხედარი გადახრილი ბნელისკენ და ჩემს წინ მკვდარი კრავი ესვენა; ხრწნად სილურჯიდან გამოვიდა დის ფერმიმქრალი, თხელი აჩრდილი და ასე წარსთქვა სისხლმდინარე იმისმა ბაგემ: მეკვეთეო ბნელო ეკალო. ო, ჯერაც ისევ მიცახცახებს ვერცხლის ხელები იმ ველური ქუხილისაგან. გადმოიქეცი სისხლო მთვარისფერ ფერხთაგან და აყვავილდი ღამის ბნელ გზებზე, სადაც ვირთხა წივილით მიხტის. აღმომიბრწყინდით ვარსკვლავებო თაღოვანი წარბების ჩრდილში; და რეკავს გული უკუნ ღამეში. წითელი ჩრდილი შემოიჭრა ცეცხლოვანი მახვილით სახლში, შემოფრინდა თოვლივით შუბლით, ო, მწარე სიკვდილი. და ჩემი სიღრმიდან ბნელმა ხმამ წარმოსთქვა: ჩემს შავ მერანს ღამეულ ტყეში ჩავუმსხვრიე კეფა-კისერი, როდესაც იმის მეწამულ თვალებში სიგიჟე აალდა; რცხილათა ჩრდილნი ზედ მეცემოდნენ, ნაკადულის ლურჯი სიცილი და შუაღამის შავი სიგრილე, როცა მე, შმაგმა მონადირემ თოვლისფერი ნადირი მოვკალ; ქვიან ჯოჯოხეთს ჩააკვდა ჩემი ფერმკრთალი იერი. და მარტოსული კაცის ღვინოში სისხლის წვეთი ჩავარდა მძიმედ ჩუმი კიაფით და როცა შევსვი, ყაყაჩოზე მეტად მემწარა, და მოშავო ღრუბელი შუბლს შემომეხვია, შერისხულ ანგელოსთა ცრემლები ბროლის; წყნარად მოსჩქეფდა დის ვერცხლოვანი ჭრილობიდან სისხლი წითელი და ცეცხლოვანი წამოვიდა ჩემს თავზე წვიმა.