Litclub.ge

ასტორია (მთარგმნელი: ზურაბ აბაშიძე)
მოქმედი პირნი

ჰუპკა
პისტოლეტი } მაწანწალები
ჟანდარმი
გრაფის ქალი გვენდოლინ ბუკელბურგ-მარასკინო
გრაფი ლუიტჰოლდ ბუკელბურგ-მარასკინო
ჯეიმსი ლაქია
ლედი პ.
მთავრის მეუღლე ანასტასია მ.
ლორდი რ.
გ. ბ. შოუ
დენის გადასახადის ამკრები
პაული, მაწანწალა
ჰორტენზია, ბებერი მეძავი
როზა, დამწყები მეძავი
იაკობი, ჰორტენზიას საქმრო
ნომერი 23 687 კლიენტი
ჟურნალისტი
მდივანი ქალი
მამაკაცი, ვისაც ხელთ უპყრია შემოწირულობათა ზარდახშა
ოფიცერი
მოხუცი ქალი
რეპროდუქტორი
ხმები
საპასპორტო სამსახურის თანამშრომლები


პირველი სყრათი

ჰუპკა და პისტოლეტი თემშარაზე

ჰუპკა და პისტოლეტი: დაგვემშვიდობა ზაფხული,
ცრემლად იღვრება სთველი;
ზამთარი კარზე მოგვადგა
მტერი ავგული, ძველი.
სუდარა გადაეფარა
ველ-მინდვრებსა და ჭალას
შენ სად გაქვს თავშესაფარი,
ძმობილო მაწანწალა?

როგორ გეძგერა კანჭებში
ზამთრის მსუსხავი ქარი
სადაც მთვრალები ღრეობენ,
გამოგიხურეს კარი.
ჭიქას არავინ მოგაწვდის
გზებს რა ტყუილად კვალავ.
ახალწელს ყვავი დაგჩხავლებს,
ძმობილო მაწანწალა.

ცა რომ გვაფენდეს მაღლიდან
ხავერდს და ატლასს რამდენს,
ყოველ ვარსკვლავის ციალში
ოქროს დუკატი ჩანდეს,
კიბით მის ჩამოსატანად
არვის ეყოფა ძალა;
ასეთი დრო და ჟამია,
ძმობილო მაწანწალა.1

(თემშარა, გზამკვლევ ბოძზე წერია: წმ. ულრიხი მდ. ტრისტინგზე -
25,6 კმ, მარია ვერდენი-5კმ. ჰუპკა და პისტოლეტი. მანქანები მიმოდიან. მაწანწალები ამაოდ ცდილობენ გააჩერონ რომელიმე მათგანი).

ჰუპკა: ახლა კი დროა, სადმე შევძვრეთ, თავშესაფარი
გვჭირდება უსათუოდ, რო გამოვიზამთროთ. ისეთი ავი დარი
დაიჭირა, ძაღლსაც არავინ გააგდებს გარეთ.
პისტოლეტი: საავადმყოფოს ხომ არ მივაკითხოთ. აი, მარია
ვერდენის ჰოსპიტალში თბილაო, მითხრეს.
ჰუპკა: გეკადრება? მე ერთი ავადმყოფი კაცი ვარ. ციხე მჭირდება
გამოზამთრებისთვინ. Honni soit qui mal y pense2
პისტოლეტი: რამდენ თვეს მოგისჯიან ამნაირი ოინისათვის?
ჰუპკა: არც არაფერს. ეს დანაშაული კი არაა, ფრანციცულია.
პისტოლეტი: შენც ადექი და ფანჯრის მინა ჩაამსხვრიე, ან სხვა
რამე.
ჰუპკა: მაგეებით ხელს არ გავისვრი, ჩემო კარგო პისტოლეტი, მე
საბუთები არ გამაჩნია, თანაც გაჭრილი ვაშლივით
ვგავარ ერთ მკვლელს, ავაზაკს. ვიდრე დაამტკიცებენ,
რომ ის არა ვარ, კიდეც მოვა გაზაფხული.
პისტოლეტი: კი ბატონო, ყველას თავისი აზრი აქვს. ისე იმ
ჰოსპიტალში ერთი ექიმი მეგულება, გვარად აილინგერი
და თუ შენ მოახერხებ და დაამტკიცებ, რომ ლოთი ხარ,
ქრონიკული ალკოჰოლიკი, გიმკურნალებენ. ექიმი ყოველ
ცისმარე დღეს აწყობს ხოლმე პაციენტების შეჯიბრს- ვინ
უფრო მეტ თეთრ თაგვს დაინახავს, ვიდრე ექიმი; მერე
გამარჯვებული ჯილდოდ ღებულობს იმდენ წვეთ
სლივოვიცას. თავათ ინტელიგენტი კაცია, მაგრამ მაინც
მუდამ აჭარბებს. სისულელით მოსდის ალბათ, ოღონდ
ერთხელ დაეჭვებულა, აიმ კაცის ნათქვამში, ვინც ეს
ამბავი მოიტანა,-იმან თურმე დააბრეხვა. თორმეტი
მილიონიო. და რაღა თქმა უნდა მყისვე გამოწერეს და
გაუშვეს. აზარტში შევიდა და კიდევაც მიიღო.
ჰუპკა: ზომა უნდა იცოდეს კაცმა!
პისტოლეტი: ასეა ნამდვილად.
ჰუპკა: მინდა მოგახსენო, რომ მდინარე ტრესინგის პირას სენტ-
ულრიხის პოლიციის საპატიმროა, ყოველ ციხეზე უფრო
კეთილმოწყობილია, რაღა ეგა და რაღა ბრისტოლის
სასტუმრო. Sapienti sat.3
პისტოლეტი: კი ბატონო. მაგრამ ან ციხე უნდა იყოს, ან არა და
საავადმყოფო. ერთად ყველაფერი არ გამოვა.
ჰუპკა: მართალია, დღესდღეობით მხოლოდ დიოგენეს მიბაძვით თუ გავა
კაცი იოლას. აბა ნახვამდის, მეგობარო, აიმ ბოძთან დავშორდეთ!
პისტოლეტი: როდემდე?
ჰუპკა: თავათ მოგეხსენება. გაზაფხულზე ხომ ერთდროულად
გვეწვევა ხოლმე სიცოცხლის ხალისი.
პისტოლეტი: სული სულს იცნობს. მშვიდობით, ჰუპკა.
ჰუპკა: მშვიდობით, პისტო.
(პისტოლეტი გადის.
ჰუპკა ცდილობს მომავალი მანქანების გაჩერებას,
მაგრამ ამაოდ).
ჰუპკა: მაშ ასე. სულ ცოტა ოთხი საათის სავალზეა აქედან
ჟანდარმერიის უახლოესი პოსტი. მუდამ ასეა, როცა
გჭირდება - არ არიან.
ჟანდარმი შემოდის: სიცოცხლე და გამარჯვება...
ჰუპკა: (გაოცდება) არ წახვიდე, ძაღლი ახსენეო... ძალიან
სასიამოვნოა, რომ თქვენ ჩაგივარდით ხელში!
ჟანდარმი: თუ შეიძლება თქვენი საბუთი!
ჰუპკა: საოცარია ამისი თავაზიანობა.
ჟანდარმი: იქნებ არა გაქვთ საბუთები?
ჰუპკა: შერლოკ, მიმიხვდით! წავედით სკოტლანდ იარდისკენ!
ჟანდარმი: საბრალო კაცო, ეტყობა, საბუთები დაგეკარგათ!
ჰუპკა: (განცვიფრებული) რა თქვით?
ჟანდარმი: ხდება ხოლმე, რა თქმა უნდა.
ჰუპკა: დიახ, რა თქმა უნდა... ნამდვილად არ მოვსულვარ ამ
ქვეყანაზე უსაბუთოდ... ამასობაში გზაში დამეკარგა,
მაგრამ... თქვენ ხომ...
ჟანდარმი: უნდა გაშოვნინოთ ისევ საბუთები, აბა მეტი რა საქმე
გვაქვს. მოვძებნით!
ჰუპკა: მითხარით, იესო ქრისტე ხომ არა ხართ?
ჟანდარმი (გაიცინებს): არავითარ შემთხვევაში. ერთი უბრალო
ჟანდარმი ვარ. ისე ჩემმა ძვირფასმა ცოლმა გუშინღამ 10
საათსა და 25 წუთზე სამი ჯანმრთელი ტყუპი შემძინა.
ჰუპკა: მცირე საჩუქარი განამტკიცებს მეგობრობას. მაგრამ,
მისმინეთ, ვერაფერ მსგავსებას პოულობთ ჩემში? მინდა
გაგახსენოთ ამასწინათ გამოცხადებული ძებნა. ხომ არ
გაგონებთ მკვლელსა და ბანდიტს?
ჟანდარმი: ამგვარი ალალ მზირალ თვალებით?
ჰუპკა: გარწმუნებთ, ცდებით. დამიჯერეთ, თქვენ ხელში
ჩაგივარდათ გაქცეული დამნაშავე. დამაპატიმრეთ!
ჟანდარმი: არასოდეს!
თვალთა ალალი მზერა
საბუთი არი, მჯერა!
ჰუპკა: ჯანდაბას წაუღია! მაგრამ თქვენ ვალდებული ხართ
დამაპატიმროთ! თქვენს შესანახად გადასახადს იხდის
ხალხი! ამას გარდა-ჩემი შეპყრობისათვის 10 000 ფრანკია
დაწესებული.
ჟანდარმი: ჭუჭყია ფული, ჭუჭყია ფული,
გაწყალდა გული, გაწყალდა გული!
ჰუპკა: გთხოვთ, მოთმინებიდან ნუ გამომიყვანთ, თორემ
იძულებული ვიქნები უაღრესად უხეშად შევბღალო
თქვენი სამსახურებრივი პატივი და ღირსება!
ჟანდარმი: თქვენ მთვრალი ბრძანდებით, ჩემო ძველო მეგობარო,
შეურაცხადი, გაჭირვებამ გაგაბოროტათ, თქვენგან არაფერი
მწყენია. ერიდეთ ღვინოსა და ქარაფშუტა დედაკაცებს.
თქვენ... თქვენ... (გადის).
ჰუპკა: ერთი ამას დამიხედეთ! თქვენ, თქვენ! ამ ქვეყნად პირველი
და ერთადერთი ჟანდარმი ვნახე, მაწანწალას თქვენობით
რო მიმართავს. ეს უთუოდ რაღაცას მოასწავებს. მაგრამ
რასა? საკითხავი აი, ეს არის. რა იქნებოდა, დედამიწაზე
სადმე რომ არსებობდეს საგანგებო გამყოფი ხაზი
ჭეშმარიტ სამყაროსა და ზღაპრულ სამყაროს შორის და
მეც ახლა ამ გამყოფ ხაზზე და ვსეირნობდე?!
(ქუჩის მტვერში გაავლებს გამყოფ ხაზს) და თუ ამ
საზღვარს აპროქსიმატულად, დაახლოებით აქ
დავიგულებთ, - ჰმ, და თუ მე ამ ხაზიდან მარცხნივ
გადავუხვევ, ვით პისტოლეტი, - მაშინ დავშთები ფრიად
პროზაული მაწანწალა, ყინვისაგან გათანგული,
საბუთების არმქონე, - და პირიქით, - მარჯვნისაკენ თუ
გავეშურები, სანკტ-ულრისკენ, მაშინ ჩემს სიახლოვეს
ახლა პაკარდის მანქანა უნდა გაჩერდეს (გაისმის
მუხრუჭების ხრჭიალი) და იქიდან შავსათვალიანი
მილიონერი ქალი უნდა გადმოვიდეს რევოლვერით ხელში!
(შემოდის გვენდოლინი შემართული რევოლვერით) და
ნაღდი ჰოლივუდის ენაზე უნდა შემომძახოს -
გვენდოლინი: ჰელოუ, ხომ არ ინებებთ ჩემთან ერთად ლონდონში
წამოსვლას?
ჰუპკა: ამ შემთხვევაში ჰუპკა, სანდომიანი ყმაწვილი კაცი სულაც
არ გაოცდებოდა, და მკაცრი იუმორით წამოიძახებდა:
ჰელოუ, მადამ, გასწიეთ იქით თქვენი ფიშტო, ავდარში არ
გაგიცივდეთ და გრიპი შეეყაროს.
გვენდოლინი: გამორიცხულია! თქვენი ყურის ნიჟარებზე
აღბეჭდილია გაჭირვება და მანკიერება. მოგეტევებათ.
ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ. აბა პირველი ვინ ესვრის
ქვას?
ჰუპკა: თენქ იუ თქვენი თანაგრძნობისთვის! -სუფთა ამერიკულით
ვეტყოდი პასუხად. მაგრამ იუ არ ერარე ჰუმანუმ ესტ - ძე
შეცთომილი. ნიხტ განგსტერ, პასაჟირ! მე გახლავართ
კილიან ჰუპკა!
გვენდოლინი: მე კი გრაფის ქალი ვარ, გვენდოლინ ბუკელბურგ
მარასკინო, ყოფილი მადამ კაში. ზურგი რატომ
შემაქციეთ?
ჰუპკა: რაო? (მოუბრუნდება) ღმერთო, რაოდენ ცხადი მოჩვენებაა!
ჰაუ დუ იუ დუ?
გვენდოლინი: შოპინგზე გახლდით.
ჰუპკა: გერმანულად იტყოდნენ-საყიდლებზე ვიყავიო!
გვენდოლინი: ჰო, მაგრამ ვერ მოვრჩი
ჰუპკა: იქნებ ხეირიანი ვერაფერი შეარჩიეთ? ხდება ხოლმე.
რეკლამის მეშვეობით ათას რამეს გვთავაზობენ, მაგრამ საქმე
საქმეზე რომ მიდგება, ხელში ხარახურა შეგრჩება.
გვენდოლინი: ნამდვილად, სწორია...
ჰუპკა: ალბათ ასე მეტყოდა ქალი და მეც მივუგებდი: რის ყიდვას
აპირებდით, მილედი?
გვენდოლინი: სახელმწიფოსი.
ჰუპკა: აჰა, სახელმწიფოს საზეიმო მორთულობისა!
გვენდოლინი: მარტო საზეიმო კი არა, არამედ სადაგ დღეებისაცა,
ნამდვილი სახელმწიფოსი. მაგალითად მონარქიისა, ანდა
იქნებ რომელიმე რესპუბლიკისა. ავიღე პრეისკურანტი და
მოვსინჯე აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანა.
ჰუპკა: (მე, დარცხვენილი): მერე გეძვირათ, თუ რა იყო?
(ქალი კიდევ უფრო დარცხვენილი):
გვენდოლინი: ისინი არა მოდერნული, მოძველებული აღმოჩნდნენ
ჰუპკა: ისე რისთვის გჭირდებათ, სახელმწიფო?
გვენდოლინი: ჩემი ქმრისათვის. მისი მოდგმის, ბუკელბურგ
მარასკინოს გრაფების ისტორია იმპერატორ
ანდრეას მელოტის დროიდან იღებს სათავეს. საქორწინო
კონტრაქტით მომანიჭეს გვარი და მე სანაცვლოდ
ვიკისრე, - ოთხმოცდარვა წლისა რომ გახდება, დაბადების
დღის საზეიმო ცერემონიალზე საჩუქრად უნდა
მივართვა სახელმწიფო. ორმოციოდე წლის წინ იგი ერთი
დიდი ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა
მინისტრი იყო. ამ პოსტზე ერთი კვირის განმავლობაში
მან ზედიზედ იზეიმა რამოდენიმე წარმატება
დიპლომატიურ საქმიანობაში, ვიდრე კინწისკვრით
გამოაგდებდნენ. მასუკან ჰკლავს დარდი და ურვა.
ჰუპკა: მესმის. სახელმწიფოს გარეშე ყველაზე კარგი საგარეო
მინისტრიც არაფრის მაქნისია.
გვენდოლინი: გრაფს დიდი გეგმები აქვს. თუმცა ცოტა კიდევ უნდა
გვადროვოს. ხვალამდე მე შესაფერ სახელმწიფოს ვეღარ
მოვძებნი.
ჰუპკა: მე გირჩევთ, ყიდვის ჟამს ნუ აჩქარდებით, დინჯად ეძიეთ.
სავსებით საკმარისი იქნება, თუ თქვენს ბატონ მეუღლეს
ჭაშნიკად წარუდგენთ ჩემს თავს ვით ნომერ პირველ
მოქალაქეს სახელმწიფოსი.
გვენდოლინი: ოკეი. სწორედ ასე ვფიქრობდი. (რევოლვერზე
მიუთითებს) გულით გიყვარს სამშობლო?
ჰუპკა: მუდამ მიყვარდა. საკუთარი თუ სხვათა სამშობლო,-
ჩემთვის სულ ერთია. ისეთი მოქალაქე გეყოლებით
სახელმწიფოსი, გაოცდებით, - პატიოსანი, ხელმომჭირნე,
იოტისოდენ ღალატსაც არ გავივლებ გულში!
გვენდოლინი: ოკეი.
ჰუპკა: ოკეი, ოკეი (გულჯავრიანად) - და მერე გრაფის ქალი თავის
პაკარდში ჩამასკუპებდა და ლონდონში წამიყვანდა
როგორც ამერიკულ ფილმშია. დამიფარე, ღმერთო, ეს კი ნამეტანი
იქნებოდა...
გვენდოლინი: აბა, მოდიხართ, თუ არა?
ჰუპკა: რა, თქვენ ისევ აქა ხართ?
გვენდოლინი: რა თქმა უნდა, გელოდებით!
ჰუპკა: რა თქმა უნდაო და საერთოდ რატომ? თქვენ ნამდვილი
ხართ? წმიდაო ნეპომუკ! მიჩქმიტეთ! მიჩქმიტეთ, რაღა! აუ!
არც ესაა დასტური. ერთი დოლარი მასესხეთ! აბა, ერთი!
(გვენდოლინი მისცემს მონეტას)
ჰუპკა: (კბილებს მოუჭერს ოქროს მონეტას)
ნამდვილია! სიზმარში არ ვარ! რა ხდება! არა ვარ
სიზმარში!
გვენდოლინი: აბა, ჩქარა, ჩემი მოტორი გაიყინება!
ჰუპკა: (კულისებს გასძახებს) პისტო, არ გეწყინოს, პისტო: მე
ქვეშევრდომად შემივრდომეს.
(სიბნელე)

მეორე სურათი

ლაქია ჯეიმსი; გრაფის ხმა

გრაფი: ჯეიმს!
ჯეიმსი: თქვენო აღმატებულებავ!
(იხსნება ფარდა. სცენა წარმოადგენს ოთახს გრაფის
სასახლეში)
გრაფი: წამიკითხეთ მოლოცვის ტელეგრამები!
ჯეიმსი: კეთილი, თქვენო აღმატებულებავ! (კითხულობს):
თავზეხელაღებულ იუნკერს 1890 წელს ოდენის ტყეში
ტახზე ნადირობისას გარდახდილი დაუვიწყარი დღის
კეთილად მოსაგონებლად. კვლავაც ომახიანად შევძახოთ
მონადირული ვაშა! ვილჰელმი.
გრაფი: გესმის, გესმის, ბერიკაცს კიდევ ვახსოვარ! მეფეს,
ხელისუფალს!
ჯეიმსი: თქვენმა აღმატებულებამ ინება და შეეშალა. ახლა სხვა
ხელმწიფეა.
გრაფი: შესაძლოა, შესაძლოა. მერე რა?
ჯეიმსი: ქვეყანა ჩვენია, ახალგაზრდა ხალხის. 120 წლის ასაკამდე
ლოიდ ჯორჯისაა, როკფელერისა.
გრაფი: დიდებულია, დიდებული, მერე, განაგრძე!
ჯეიმსი: მაპატიეთ, თქვენო აღმატებულებავ, ერთი კაცი გეახლათ,
თქვენი ნახვა სურს.
გრაფი: ვინ კაცია?
ჯეიმსი: ნება მომეცით შევნიშნო, საეჭვო ვინმეა, თქვენო
აღმატებულებავ. ამ ქვეყნად იმაზე ნაკლებ არაფერი
გამიკვირდება, ეს კაცი ანარქისტი რომ არ გამოდგეს, ვაითუ თქვენი
სიცოცხლის ხელყოფას ფიქრობს.
გრაფი: დიდებულია, შემოუშვით!
(შემოდის ჰუპკა)
ჯეიმსი: (მოახსენებს): ჰუპკა! (ჩუმად წაჰკრავს მუჯლუგუნს ჰუპკას
და გადის).
ჰუპკა: გვარად ჰუპკა Gრუß ახლავართ, ჩემი სახელია კილიან.
გრაფი: დიდებულია, დიდებული. კიდევ რას იტყვი კარგს?
ჰუპკა: დავიბენი თქვენო აღმატებულებავ, რაკი ცისფერი ბაფთით
არა ვარ მორთული და ვერც ოთხმოცდარვა სანთელი
მოგართვით.
გრაფი: დიდებულია.
ჰუპკა: ჰუპკა გახლავართ, მაგრამ ახლა ტორტი ვარ დაბადების
დღის!
გრაფი: დიდებულია, რიგიანად ვერ გამიგია, ვარ თუ არა
გადარეული. გაზეთში ეწერა, რომ ოთხმოცდამერვე
დაბადების დღეს კვლავ მაგარი ვარ ფიზიკურად და
სულიერადაც. მაგრამ გაზეთებში ახლა ათასი ტყუილ-მართალი
წერია...
ჰუპკა: გულს ნუ გაიტეხთ, თქვენო აღმატებულებავ, თქვენ
მიხვდებით, ჩემი თავი დაბადების დღეზე საჩუქრად რომ
მოგართვეს ვით ქვეშევრდომი.
გრაფი: დიდებულია, დიდ... ღმერთო! ნუთუ ისევ წარმადგინეს
საგარეო მინისტრის პოსტზე? ისევ აჩუქეს ხალხს ჩემი
თავი?
ჰუპკა: პირიქით, თქვენო აღმატებულებავ! თქვენ მოგართვეს
საჩუქრად ხალხი. სხვათაშორის იმ ხალხს ოდნავ
მოგვიანებით ჩაგაბარებენ. ჯერჯერობით ჩემს თავს უნდა
დაჯერდეთ. ლეტა სე მუა! სახელმწიფო მე თვითონა ვარ!
გრაფი: ხალხი! სახელმწიფო!
ჰუპკა: უფალი. თუ გესიამოვნებათ, ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ
თქვენი რეაქტივაცია ვით ბებერი მეთაურისა! ნუ
აღუდგებით წინ სურვილს ხალხისას! ხომ დიდებულადაა
ნათქვამი: ვოქს პოპული, ჰიზ მასტერს ვოის. ხმა ღვთისა
და ხმა ერისა.
გრაფი: მე შევისმინე ხმა კეთილი!
ჰუპკა: ღმერთმა გაცოცხლოთ!
გრაფი: (თვალგაშტერებული) იცით, ბისმარკი ვინ მოწამლა?
ჰუპკა: დიახ! არავინ!
გრაფი: ტყუილია. უმი საკვების მქადაგებელმა. და იცით, რატომ?
ჰუპკა: იმიტომ რომ ეს მართალია.
გრაფი: ტყუილია. იმიტომ რომ ბისმარკი პროტესტანტი იყო.
დოკუმენტების საფუძველზე მე დავადგინე, რომ უმი
საკვების მქადაგებელნი და პროტესტანტები ტილზიტის
ზავიდან მოკიდებული ცდილობენ ხელთ იგდონ მართვის
სადავეები. ვის დავაბრალოთ საშუალო სახელმწიფოთა
მიერ ომის წაგება?
ჰუპკა: (დარცხვენილი): მე! რადგან მე მაშინ ბრტყელტერფიანი გახლდით.
გრაფი: ტყუილია. ლოიდ ჯორჯი მოყვარული ფაგოტისტია.
პოლკოვნიკი რედელი იყო ფაგოტისტი. გერმანიის არმიის
გენერალური შტაბი სავსე იყო ფაგოტისტებით. მერე
თქვენ თუ იცით, რატომ ერთხელაც ვერ ჩაჰბერა ფაგოტი
პრეზიდენტმა ვილსონმა.
ჰუპკა: არა!
გრაფი: თავი რომ არ გაეცა.
ჰუპკა: ვერაგული საქციელია, მაგრამ დადგა დღე შურისგებისა
იეს ირაე დიემ პერდიდი.
გრაფი: დავრწმუნდი რომ თქვენ არაფერი გაკლიათ - არც
განათლება, არც ლოგიკა და გაგების უნარიცა გაქვთ
მომადლებული. დამიგდეთ ყური - მე ასეთი გეგმა
შევიმუშავე, მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად:
ჯერ იქნება და გამოვალ ერთა ლიგიდან. ამით გზა
გაეხსნება გონიერ რეალურ პოლიტიკას. შემდეგ
სასწრაფოდ გადავჭრი დანციგის პრობლემას. ძალიან
ადვილად. პოლონეთს კორიდორს გავუხსნი ხმელთაშუა
ზღვაზე გასასვლელად და ეს კორიდორი აღმოსავლეთ
ევროპას გადაჰკვეთს.
ჰუპკა: მერე, რას იტყვიან ხალხები?
გრაფი: რასაც გაზეთები მოგვახსენებენ. იტალიის მთავრობა რა
თქმა უნდა განაწყენდება, ჰოდა, მე ესეც გავითვალისწინე:
მას კომპენსაციის სახით როდოსისა და მალტის
კუნძულებს გადავცემთ.
ჰუპკა: გენიალურია, დიახ, - როდოსი, დიახ, - მალტა! მაგრამ რას
იტყვიან კუნძულის ბინადარნი?
გრაფი: რის ნებასაც დავრთავთ! მაგრამ ინგლისის მთავრობა კი
ნამდვილად გაცოფდება. ამ შემთხვევისათვის ნამდვილად
საჭიროა ფრიად ფაქიზი უნარი გაგებისა. ინგლისის
იმპერია საკომპენსაციოდ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას
სუეცის არხზე ნაოსნობისა,
ჰუპკა: მესმის, გავიგე. ეგვიპტელები საკომპენსაციოდ მიიღებენ
მანჯურიას, ხოლო ფრანგები ნიდერლანდების ინდოეთს.
ამიტომ ჰოლანდიელებს გადაეცემათ შლეზვიგ-ჰოლშტაინი
დანიელებს - კუნძული კუბა, ამერიკელებს - ლუქსემბურგის
ღია ნავსადგური, ლუქსემბურგელებს - საავიაციო ბაზა
პოტსდამის მოედანზე, პოტსდამელებს დაუთმობენ
უკრაინას, რუსებს კი - თავის ტეხას.
გრაფი: მთელი განათლებული მსოფლიოს დასტურით.
ჰუპკა: თქვენ დიდებულად წარმოაჩინეთ მსოფლიოს ვითარებანი,
რაღა თქვენ და რაღა კოლუმბი.
გრაფი: ერთადერთი გზა მსოფლიოში მშვიდობის დავანებისთვის.
ჰუპკა: თუმცა არ ვიცი, თუ ხალხები...
გრაფი: რა დაიჟინეთ ეს ხალხები! ეს ხომ შინაგან საქმეთა
სამინისტროს კომპეტენციას წარმოადგენს. სად გაგონილა,
საგარეო პოლიტიკის საწარმოებლად ხალხს
მოჰკითხონ ჭკუა?
გვენდოლინი: (შემოდის გაცეცხლებული): ლუიტპოლდ! მორჩა,
გათავდა!
გრაფი: (ხელზე ეამბორება) გვენდოლინ, გმადლობთ. ჩემი
აჩრდილი უკვე ათი წელია ევროპული პოლიტიკის, მისი
ბედისწერის კულისებშია დავანებული, მაგრამ დღეიდან
მოკიდებული...
გვენდოლინი: მორჩა, საყვარელო! დამთავრდა სუყველაფერი!
გრაფი: ...მქონდეს შესაძლებლობა ჩემეული დიპლომატიური
ალღო...
გვენდოლინი: მე ყველაზე უბედური ქალი ვარ მსოფლიოში. აღარ
შემიძლია! (ქვითინებს).
გრაფი: ...წარმოვაჩინო. თუმცა შენ რაღაც ნაკლებად მხიარული
მეჩვენები, თუ მღალატობს ჩემი ფაქიზი ალღო?
გვენდოლინი: ...ტელეგრამა! (ქვითინით გაუწვდის ტელეგრამას)
ჰუპკა: ნება მომეცით ვით ნეიტრალურმა კაცმა... (გამოართმევს
ტელეგრამას და წაიკითხავს): „თქვენი აქციები გუშინ-
22,26% იყო, დღეს კი 0,0-ია. გვენდოლინის სააქციო
საზოგადოებას ხანძარი გაუჩნდა. წერტილი. საპროტესტო
მარში რუზველტისაკენ. იმედი გადაგვეწურა: რა ვქნათ?
გვენდოლინი: (ტირილით): რამდენი დღეა ტელეგრამა ჩემს საწერ
მაგიდაზე დევს. ლუიტპოლდ, რატომ არ მიაქციე
ყურადღება?
გრაფი: პრინციპის გამო, ჩემო ძვირფასო. დოკუმენტი მინიმუმ
ორი კვირა უნდა დავაყოვნოთ, რომ მომწიფდეს ვითარება.
ჰუპკა: ამჯერად, ვფიქრობ, ვითარება მომწიფებულია.
გვენდოლინი: გავკოტრდი, ლუიტპოლდ! ათიათას დოლარზე მეტი
აღარ გამაჩნია, მათხოვრად ვიქეც.
გრაფი: ვერაფერი გამიგია.
გვენდოლინი: შენ უარი უნდა თქვა საგარეო მინისტრობაზე.
გრაფი: არ ვიცი საქმის ვითარება.
ჰუპკა: ეს ნამდვილად იმ ფაგოტისტის საქმეა.
გრაფი: (წაიქცევა): გავიგე, მესმის! ევროპა იღუპება!
გვენდოლინი: როგორ მინდოდა შენთვის მეჩუქებინა სახელმწიფო.
საწყალო ჩემო ლუიტპოლდ!
გრაფი: (გამწარებული): სამი ბოროტი ძალა მიწამლავს სისხლს.
მე კოპიტი ვარ მსოფლიოსი და ის ძალები ძირს მითხრიან.
ჰუპკა: მოითმინეთ, მოითმინეთ, თქვენო აღმატებულებავ! იქნებ
საჭირო არ იყოს, რო სუმთლად ააფრინოთ!
გვენდოლინი: ჰუპკა, დარჩით 14 დღე, მაგრამ შემდეგ მოქალაქეობა
უნდა ჩამოგართვათ.
ჰუპკა: შეჩერდით! მოითმინეთ! თქვენო აღმატებულებავ, აკი თქვენ
თავად ბრძანეთ, საგარეო პოლიტიკას ხალხი არა
სჭირდებაო? თუ ხალხი არ არის საჭირო, მაშინ აღარც
ქვეყანა დაგჭირდებათ. მაშასადამე, შეიძლება
წარმოვიდგინოთ სახელმწიფო ქვეყნის გარეშე! ან იქნებ
არა?
გვენდოლინი: სულ ვერაფერი გავიგე.
გრაფი: დიახ, რა თქმა უნდა!
ჰუპკა: (აღგზნებული): არა უშავს რა. ჩვენ დაგვჭირდება მხოლოდ
რიგიანი სახელი შევურჩიოთ სახელმწიფოს. ყოველ
თავმომწონე სახელმწიფოს სახელი სასტუმრო-
რესტორნის სახელწოდებიდან მოდის. ხომ ვიცით „კაფე,-
კაფე დე ფრანს": საფრანგეთი უკვე არსებობს. -„კაფე დე
ლ‘ ევროპა": ევროპაც უკვე არსებობს. ყველაზე უკეთესი
სახელები თვალსა და ხელს შუა აგვაწაპნეს. ბატონეთის
რესპუბლიკა ხომ არ დაგვერქმია? - დიდად ეროვნული არ
იქნება. იქნებ ჰადელეს საჰერცოგო? ნამეტანი
ეგზოტიკურია! თავისუფალი ფედერაცია, ო,კეი? სოლიდურ
სახელმწიფოს არ ეკადრება... ასტორია... აი, ბატონო,
სამეფო ასტორია!


მესამე სურათი

ასტორიის საელჩოს სალონი. ასტორიის მთავრის მეუღლე მ.; ლედი პ.; ლორდი რ.; გ. ბ. შოუ; გვენდოლინი; ჯეიმსი, ლაქია.

გვენდოლინი: როგორ მახარებს, ამის თქმას ვბედავ,
ღირსეულ სტუმრებს ჩვენთან რომ ვხედავ.
მობრძანდა ბევრი ცნობილი გვამი,
და ჩინურ სალონს ამშვენებს ამით.
მადლობელი ვარ ჩვენი ბედ-იღბლის,
თქვენ მიანიჭეთ ამ ზეიმს ხიბლი!
სტუმრები: არა, რას ბრძანებთ; რაც უნდა იყოს,
აღტაცებული ჩვენ უნდა ვიყოთ.
ჯეიმსი: აკი მოგახსენებდით, დღევანდელი ჩვენი მეჯლისი
ლონდონის სეზონის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცევა-
მეთქი, და აჰა, - გამართლდა!
გვენდოლინი: რა ხალისია ამ ჩვენს ფორუმზე,
ღირსეულ გვამებს ვის აღარ ვუმზერთ.
მოაზროვნეებს და სხვებს, მავანთა,
როგორც მრეწველებს და ხელოვანთა.
რა მიხრა-მოხრა, ტაქტის ჩვენება
თქვენ ხართ ზეიმის ხიბლი, მშვენება.
სტუმრები: არა, რას ბრძანებთ, რაც უნდა იყოს,
მოხიბლულები ჩვენ უნდა ვიყოთ.
ჯეიმსი: სტუმართა შორის გამორჩეული ჩვენი ქვეყნის ძირძველი
მოდგმის შთამომავალი ლედი პ.!
ლედი პ.: მე მხოლოდ პაულეტა გრიუნციგის შეკერილ სამოსს
ვატარებ!
ლაქია: მთავრის მეუღლე, ანასტასია მ., მოკითხვამდე
დევნილობაში მყოფი, ვინაც, რომ იცოდეთ, დიდი
სახელმწიფოების დაზვერვათა სამსახურში ჩააყენა
თვალისმომჭრელი თვისი მშვენება.
ანასტასია (ხითხითებს საზიზღარ კილოზე) ხა,ხა,ხა...
(ოფიციალურად): ყურად იღეთ, მხოლოდ ნელსინის ქუჩა
ნომერ 7ა-ში!
ლაქია: ლორდი რ. პრესის კონცერნის შეფი! რევიზიონისტული
აზროვნების დიდებული მეცენატი!
ლორდი რ.: ყურადღება, შებღალულო სახელმწიფოებრიობავ!
გულს ნუ გაიტეხთ! მიმართეთ ლორდ რ.-ს და მიენდეთ
მას! წარმატება გარანტირებულია! აი, უამრავი მადლობის
ბარათი!
ჯეიმსი: გ. ბ. შოუ, ყველაზე საყვარელი კაცი ცინიკოსთა შორის.
შოუ: ევროპას კიდევ 24 საათი სიცოცხლე უწერია. ჩვენს მერე
მოვლენ ჰოტენტოტები. დილის საუზმე ცოლის მზითევს
მირჩევნია.
სტუმრები: ო, რამდენს ცრუობ და გველაძუობ!
მოხერხებულად და სარკასტულად!
გვენდოლინი: რარიგადა ხართ უმოწყალონი,
მთლად გააშიშვლეთ ჩვენი სალონი.
წეს-ადათების დაუცველობა
ზეიმს შემატებს მომხიბვლელობას.
შოუ: რას ბრძანებთ, არა, რაც უნდა იყოს
კმაყოფილები ჩვენ უნდა ვიყოთ.
ყველანი: ჩვენც უნდა ვიყოთ, თქვენც უნდა იყოთ, ისინიც უნდა
იყვნენ.
ჰუპკა: (შემოდის ელეგანტური სამოსით, ფრაკით, ორდენით
მკერდდამშვენებული): ლედიზ ენდ ჯენტმენზ, გელზ ენდ
ბოის! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მენახშირეთა
ჩაბნელებულ ქოხში!
ყველანი: (გარდა გვენდოლინისა) ო, საელჩოს ბატონო მრჩეველო!
(შემოეხვევიან).
ლედი პ.: ნუთუ მისი აღმატებულება ჯერაც არ მობრუნებულა
ფორინ-ოფისიდან, - დაზვერვის სამსახურიდან? სად არის
ამდენ ხანს?
ჰუპკა: მომისმინეთ, მე რა თქმა უნდა ოფიციალური დუმილის
საბურველში უნდა გავეხვიო, მაგრამ რაკი თქვენ
მომეწონეთ, ცოტა რამეს გაგიმხელთ საიდუმლო
წყაროდან შეტყობილს. აქ ჩვენ აპროქსიმატულად
მრგვალი მაგიდის კვადრატურასთანა გვაქვს საქმე.
ლორდი რ.: (მიმართავს შოუს): აბდაუბდაა. ეს ჰუპკა გაცვეთილი
დიპლომატია!
შოუ: ისტორიაში პირველი დიპლომატი იყო ადამი.
ლედი პ.: ო, რა სიბრძნეა!
ანასტასია: ხა, ხა, ხა! და მერე ევა?
შოუ: (მყისვე უპასუხებს): იყო მისი ცოლი!
ანასტასია: ვაღიარებ ჩემს დამარცხებას.
ლორდი რ.: და მაინც თქვენ უჭკვიანესი ქალი ბრძანდებით
ევროპაში. (გვენდოლინს მიმართავს): და მაინც,
პატივცემულო გრაფის მეუღლევ, სადაა თქვენი მშვენიერი
სამშობლო?
გვენდოლინი: რაო, გეთაყვა?
ლედი პ.: როგორ, მილორდ, ნუთუ არ იცით? ასტორია ტიროლში
მდებარეობს და მისი დედაქალაქია რაინჰარდი.
ლორდი რ.: მილედი ალბათ ავსტრიას გულისხმობს. მისი
დედაქალაქია...
შოუ: ლორდი რ. ერთადერთი ინგლისელია, ვინც ერკვევა
გეოგრაფიაში. გეოგრაფია ხომ მსოფლმხედველობაა.
ამიტომ მე მოვითხოვ გეოგრაფიის გაუქმებას. ესაა
ერთადერთი საშუალება ომის თავიდან ასაცილებლად.
გვენდოლინი: სარდონიული, - გესლიანი ნათქვამია, არ გეთანხმებით!
ახლა ბატონებს ვთხოვთ მობრძანდნენ მალაიზიურ
დარბაზში! იქ ასტორიის ჯაზ-ბენდი შეასრულებს ვენურ
სიმღერებს.
ლედი პ.: ოჰ, ლავლი!
(სალონიდან ყველა გადის გარდა ანასტასიასი)
ანასტასია: (მაქმანის თავსაფარს დაჭმუჭნის, შუბლს შეჭმუხნის,
ჯერ მარცხნისაკენ გაემართება, მერე დარბაზის
შუაგულში მობრუნდება, თვალებს მოჭუტავს): ხარაშო!
(შემდეგ მანჭვა-გრეხით გაემართება მარჯვნისაკენ და
სალონში მომავალ ჰუპკას დაეჯახება).
ჰუპკა: პარდონ!
ანასტასია: (საყვედურით): ნიჩევო! (გაალმასებულ მზერას
გაადევნებს) ჩაიკოვსკი თუ მოგწონთ?
ჰუპკა: გადასარევია, თუ ცოტაოდენ რომს ჩავასხამთ და პატარა
ლიმონსაც დავუმატებთ. (ბარის სიახლოვეს
მოიკალათებს).
ანასტასია: ხა, ხა, ხა, ხა, ხა, ხა! (გადის)
ჰუპკა: ესეც ინტრიგანია, რა ძნელია ამათთან საუბარი
(სასმელს დაეწაფება).
გვენდოლინი: (შემოდის გაცეცხლებული): ამდენს ნუ სვამთ.
ყოველი გაუფრთხილებელი სიტყვა საფრთხეს უქმნის
ჩვენი სახელმწიფოს არსებობას.
ჰუპკა: ნეტავ ამაზე მეტი არა გვჭირდეს რა. ამ აზრით ასტორია
გამონაკლისი არ იქნებოდა სხვა ცივილიზებულ
სახელმწიფოთაგან. მაგრამ ათასი სხვა გარემოება ერთი
უკიდურესობიდან მეორისაკენ მიბიძგებს. ყველაზე საეჭვო
გარემოებას ჩვენი სახელმწიფოსთვის ის წარმოადგენს,
რომ უცხოური ტურიზმი არა გვჭირდება.
გვენდოლინი: ოჰ, თქვენ ალბათ იმ საშინელ მეცნიერს
გულისხმობთ, ჩვენი ასტორიის კიდით კიდემდე მოვლის
მოსურნეს.
ჰუპკა: დიახ, ბლიც-შუქმკრთომ ფოტოაპარატიან კაცს!
გვენდოლინი: ის უკვე თავიდან მოვიშორე. ავუხსენი, ასტორია
მთაგორიანი, ქვეყანაა-მეთქი, გაუვალი ჭიუხებით, საცა
ხშირად კისერს იმტვრევენ ხოლმე თვით მრავალნაცადი
ალპინისტებიც.
ჰუპკა: მე ვუთხარი, ასტორია დაჭაობებული დაბლობია-მეთქი,
მალარიის ბუდე. რაღა არ მოვიგონე, შხამიანი გველებიც
ვუხსენე და ცეცე ბუზიც, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ვერ
დავაშლევინე. მერე გავიგე, თურმე ცოლმა უღალატა და
ამიტომ სიკვდილს მიელტვის.
გვენდოლინი: ჰუპკა, კონტინენტი თუ ამოარჩიეთ?
ჰუპკა: სამწუხაროდ ჯერ ვერ მოვახერხე, თუმცა უთუოდ უნდა
მოვიფიქროთ.
გვენდოლინი: მე ძალიან მუქ ფერებში მესახება მომავალი.
ჰუპკა: აჰა, უკვე შეგატყობინეს შუქის ამბავი?
გვენდოლინი: რა შუქიო?
ჰუპკა: ისაო, რო თხუთმეტ წუთში საელჩოს შენობას
ჩააბნელებენ, რადგან დენის ფული ვერ გადავიხადეთ.
გვენდოლინი: მოგვეჭრა თავი!
ჰუპკა: თქვენი ბრალია! ყაირათიანად უნდა დაგეხარჯათ ის
თქვენი ათი ათასი დოლარი. თუმცა, რა ბედენაა ახლა,
როდესაც ბრიტანეთის იმპერია ავიმხედრეთ!
გვენდოლინი: როგორ?
ჰუპკა: აი, ამგვარად: რა მექნა, ლორდმა ი.-მ შეგვატყობინა,
ინგლისის მეფემ თქვენი დედაქალაქის მონახულება
ინებაო.
გვენდოლინი: თქვენ რა უთხარით?
ჰუპკა: გმადლობთ, - ვეღარაფერი.
გვენდოლინი: რატომ?
ჰუპკა: (მხრებს აიჩეჩავს) იმიტომ, რომ ჩვენთან ყველაფერს
რიგიანად აკეთებენ.
გვენდოლინი: თქვენ შეურაცხყოფთ იმპერიას!
გრაფი: (შემოდის და საზეიმო კილოზე განაცხადებს) მადლობას
მოგახსენებთ, ბატონო საელჩოს მრჩეველო!
ჰუპკა: სამადლობელო არაფერია!
გვენდოლინი: ლუიტპოლდ, დაგაპატიმრეს?
გრაფი: აკრედიტაცია გამიკეთეს, ჩემო ძვირფასო, ჩვენი ჰუპკას
გასაოცარი მოხერხებულობის წყალობით. ფორინ ოფისის
ტლანქი მახინა დიდი სიჩქარით დატრიალდა.
ჰუპკა: საქმე ჩიხში შევიდა, ჯიგარო. რა მოხერხებულობაზეა
საუბარი?
გრაფი: მან უმძიმესი დარტყმა მიაყენა იმპერიას. ჰოდა, ჯერ
საფრანგეთმა თქვა უარი ჩვენი სახელმწიფოს ცნობაზე,
გერმანიამ მხოლოდ დროებით აღიარა ჩვენი
დამოუკიდებლობა, ეო იპსო არ გვაღიარა მცირე
ანტანტამ, შემდეგ მაშინვე გვაღიარა იტალიამ, ამიტომ
ავსტრიამ და უნგრეთმა ერთად გვითხრეს უარი დე
ფაქტო აღიარებაზე, ამერიკამაც უარგვყო, იაპონიამ კი
პროტესტის ნიშნად გვაღიარა და ბოლოს ფორინ
ოფისმაც აგრეთვე გვცნო ყოყმანის შემდეგ.
ჰუპკა: ალბათ მინიმუმ ათი წელი დაგვჭირდება, ვიდრე თავს
დავაღწევთ ამ აბდაუბდას.
გრაფი: (ამაყად): მინიმუმ! აი, ეს არის დიპლომატია. რაკი
ასტორია ბასტიონს წარმოადგენს აღმოსავლეთსა და
დასავლეთს შორის, მე უნდა ვიტვირთო ევროპის
წინამძღოლობა. ახლა კი წავალ ორდენების
დასარიგებლად.
ჰუპკა: აბა, საიდან დაასკვნა უმეცარმა ბერიკაცმა, რომ ასტორია
აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არის
განლაგებული?
გვენდოლინი: დილით, საუზმეზე ამიხსნა. მხოლოდ ჩამორჩენილი
სახელმწიფოები არ მდებარეობენ აღმოსავლეთსა და
დასავლეთს შორის.
(სიცილით შემოდიან იგივე სტუმრები, თან მოაქვთ გლობუსი)
გვენდოლინი: დიდებულია! რა საოცარი გლობუსია, მრგვალი,
ლამაზი!
ლედი პ.: იცით, გრაფის მეუღლევ, რა გვითხრა ახლა ჩვენმა
გ. ბ. შოუმ?
შოუ: მე ვამტკიცებდი, რომ ასტორია არ არსებობს.
(ჩამოვარდა სიჩუმე).
გვენდოლინი: დიდებულია.
ჰუპკა: წმინდაო ნეპომუკ, შენ გვიშველე!
შოუ: შემდეგ იქვე დავსძინე, რომ არც ინგლისი და ამერიკა
არსებობენ!
ლედი პ.: წარმოიდგინეთ, რომ ეს გახლდათ ყველაზე უფრო
ღრმააზროვანი აფორიზმი, რაც კი ოდესმე უთქვამს.
ლორდი რ.: ახლა ჩვენ გლობუსზე ვნახეთ და დავამტკიცეთ, რომ
ინგლისი და ამერიკაც არსებობენ.
შოუ: გეოგრაფია პოლიტიკური არგუმენტია, მაგრამ
მტკიცებულებას არ წარმოადგენს.
ლედი პ.: ახ, რა უცნაურია!
ლორდი რ.: ოღონდ ასტორიის სამეფო იქ ვერ ვიპოვეთ. სასაცილოა, არა?
ჰუპკა: ჰა ჰა ჰა! (ყველანი იმედიან მზერას მიაპყრობენ მას და
გვენდოლინს. ჰუპკა მთვრალია. წამოდგება) ამაზე
ადვილი არაფერია! წყნარი ოკეანე ასე პირდაპირ უნდა
გადაკვეთოთ და კიდევ სამი რესპუბლიკა მარცხნივ. მერე
მეოთხე ნავთობის ჭაბურღილთან მოუხვევ მარცხნივ, რიო
სუპეროქსიდს გადალახავ და...
ლორდი რ.: ეგ სად მდებარეობს?
ჰუპკა: თუ არ იცით, მდინარე სად მდებარეობს, ვერ აგიხსნით.
ლედი პ.: კარგი, მაშინ მაჩვენეთ!
ჰუპკა: მე მირჩევნია, აგიხსნათ. ასტორია დივიზა ინ ტრეს პარტეს
კვორუმ უნამ აპელანტ სიზ სეკუნდამ ტრანს ტერციამ
ეტსეტერა კუმ გრაცია ად ინფინიტუმ. კორრიერე დელა
სერა. კავენტ კონსულეს. ასტორია იფსა ლუკუს ანონ
ლუცენდო აპრეს ნუს კუმ გრანო სალის. ჟედჩე პოლსკა
ნე სიგნელა. ასტორია კვაზი უნა ფანტაზია კვო უსკვე
ტანტემ სეტერემ კონსეო კართაგინემ ესე დელენტამ.
გაუმარჯოს იმპერატორს. ვივ ლემპერიორ.
ლედი პ.: ასტორიულ ენაზე გვესაუბრება.
შოუ: ასტორიული და უზბეკური მომავლის ენები გახლავთ.
ჰუპკა: (ცდილობს მიჩქმალოს გლობუსი) ო, ასტორიის ღამეები!
ოდეს ბალალაიკის ჩხაკუნი ზვიგენების დაგუდულ კრინს
შეუნივთდება და ბუმბერაზ მთათა სილუეტები
მელანქოლიურად აირეკლებიან ასფალტის კრიალა
ზედაპირზე და მოშინაურებული გნუ დასარწყულებლად
მიიჩქარის, როდესაც ხნულებს ოხშივარი ასდით და
წყნარი ოკეანის ტალღებს კოლუმბი და ვიკინგები
ესიზმრებათო, გელზ ენდ ბოიზე! - ჯობს თავი ვანებოთ
ვიკინგებზე საუბარს. ვიკინგები განიყოფებიან _
ლედი პ.: ნათქვამმა ცხოველი ინტერესი გააღვივა თქვენი
დიდებული ქვეყნის მიმართ. სად მდებარეობს იგი?
ჰუპკა: (გლობუსს დაატრიალებს): აბა, როგორ გიჩვენოთ, როცა
დედამიწა ასე ჩქარა ტრიალებს?
შოუ: დედამიწა არ ბრუნავს! გალილეი მიჰქარავს!
ყველანი: ჭეშმარიტად!
(შემოდის გრაფი, ხელში ორდენი უჭირავს).
ჰუპკა: (უკიდურესად სასოწარკვეთილი) ჰუპ _
გვენდოლინი: (გააფთრებით): თავი შეიკავეთ!
ჰუპკა: თქვენო უდიდებულესობავ! ჰუპ _
ლედი პ.: (ხმადაბლა) გესმით,_სალამი ასტორიულად...
(ნათქვამს ერთმანეთს გადასცემენ).
ყველანი: თქვენო უდიდებულესობავ! ჰუპ _
გრაფი: (გაოცდება) ჰუპ?
ლორდი რ.: მაგრამ საქმე ძალიან საეჭვოა. სად მდებარეობს
ასტორია?
გრაფი: (მისკენ გაიწევს): ლორდ რ., თქვენ მუდამ სულით და
გულით უჭერდით მხარს ასტორიის საზღვრების
რევიზიას. განაგრძეთ თქვენი კეთილშობილური
საქმიანობა ვით გრძნეულმა დარაჯმა ასტორიული
საწმისისა.
ლორდი რ.: ასტორიაში ჩემმა ბოლო სტუმრობამ მაგრძნობინა, რომ
დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს თქვენი საზღვრების
ხელშეუხებლობა.
შოუ: მაგრამ ევროპული სულიერების კრიტიკის სახელით
გეკითხებით, სად მდებარეობს ას_
გრაფი: თქვენ, დიდებულო ოსტატო, ასტორიული ნააზრევის
მსოფლიო მასშტაბით გავრცელებისათვის უსასყიდლოდ
გენიჭებათ მესამე ხარისხის ასტორიული წავის ორდენი!
შოუ: ასტორიაში ჩემმა ბოლო სტუმრობამ დამარწმუნა, რომ
თქვენ წარმოადგენთ ყველაზე პროგრესულ სახელმწიფოს
მსოფლიოში.
ლედი პ.: მაგრამ ძვირფასო, სად მდებარეობს...
გრაფი: თქვენ, ლედი პ., გაჯილდოებთ მეორე ხარისხის ჯვრის ორდენით
და გაკისრებთ ასტორიის ვეტერანთა და
ობოლთა დახმარების პატრონაჟს. თქვენ აკი მუდამ
დედობრივ მზრუნველობას იჩენდით ჩვენი ობლების
მიმართ:
ლედი პ.: თქვენი მშვენიერი ქვეყნის მეურვეობა საპატიო და
საშური საქმეა.
ანასტასია: კარგი, კეეეთილი, მაგრამ სად, სად...
გრაფი: დიდმთავრის ქალო! თქვენ, ვით ყველაზე
სახელგანთქმულ მსხვერპლს ბოლშევიზმისა, გენიჭებათ
საპატიო მოქალაქეობა ასტორიისა და საუდიერო თანხა
ყოველწლიურად 30 000 ფუნტის ოდენობით.
ანასტასია: მე ვიცნობ და მიყვარს თქვენი პრიმიტიული, მისტიური
ქვეყანა, მიყვარს თვინიერი მუსიკა ასტორიისა.
შახ_დედილო ასტორია!
ჰუპკა: (ყოველი ჯილდოს გადაცემისას იძახის ვივას და თითო
ჭიქას გადაჰკრავს. ძალიან დათვრა. გლობუსს აბრუნებს)
გელზ ენდ ბოიზ, მე ვერ ვპოულობ ამ ოხერ
ასტორიას!
ყველანი: როგორ თუ ვერა? (ოთახის კიდიდან ყველა მიუთითებს
გლობუსზე) აგე, იქ მდებარეობს!!!
ჰუპკა: ესე იგი...
(შემოდის დენის გადასახადის ამკრები და გვენდოლინს
დაეჯასება).
დენის მოლარე: გეთაყვათ, თუ ქალბატონი არ გადაიხდის, ახლავე
გამოგირთავთ შუქს.
გვენდოლინი: ჩემო კარგო, ჩვენ საიდუმლო კავშირი გვაქვს
იაპონიასთან!
დენის მოლარე: მაშინ იაპონიამ გადაგიხადოთ დენის გადასახადი.
გვენდოლინი: (გულიდან ჩამოგლეჯს ორდენს ჰუპკას) საზეიმო
ვითარებაში ჯილდოდ გიბოძებთ პირველი ხარისხის წინდის
ორდენს.
დენის მოლარე: ხელზე გეამბორებით! ახლა კი დენს გამოგირთავთ
ჰუპკა: (გამოხტება) ერთი წუთით! (ლორდ რ.-ს მიეჭრება) ბოდიში,
მილორდ, იქნებ მცირე რამ თანხა გვასესხოთ, ვით
მეგობარმა ჩვენი ქვეყნისა?
ლორდი რ.: მაინც რამდენი, ბატონო საელჩოს მრჩეველო?
ჰუპკა: (დახედავს ანგარიშს) ზუსტად 35!
ლორდი რ.: ნება მიბოძეთ შეგეკითხოთ, რისთვის?
ჰუპკა: ეჰ _ ელექტრონული დანადგარებისათვის.
ლორდი რ.: აჰა! სამხედრო აღჭურვისათვის? ერთი რამ მაკვირვებს
მხოლოდ, რომ დ_მ ვერაფერი დახმარება აღმოგიჩინათ!
ჰუპკა: დ_ს შემთხვევით არაფერი ჰქონდა თან. ამიტომ თვის
ბოლომდე ძალიან გაგვიჭირდება.
ლორდი რ.: (დაფიქრდება): ურიგო არ იქნებოდა. მეც შემეძლო
ინვესტიციის სახით, იმისათვის, რომ როკფელერისათვის
სეირი მეჩვენებინა თა...
ჰუპკა: (დაძალებით) ბრავო, აჩვენეთ სეირი!
ლორდი რ.: (ხელი-ხელს მისცემს) დიდებულია!
ჰუპკა: (მეორე ხელს გაუწვდის) გმადლობთ.
ლორდი რ.: არაფერს.
ჰუპკა: ეჰ, თქვენო უდიდებულესობავ...
ლორდი რ.: გთხოვთ!
ჰუპკა: მერე ფული?
ლორდი რ.: (სიცილით) საელჩოს მრჩეველო, აბა რა გეხუმრებათ!
არა, ოცდათხუთმეტი? ჰაჰაჰა. ამდენი მილიონი დოლარი
თან არა მაქვს.
ჰუპკა: ჰაჰაჰა! (ფარისევლობის გადამკიდე შეცბუნდება და ხველა
აუტყდება).
ლორდი რ.: ან იქნებ თქვენ ასტორიული ვალუტა იგულისხმეთ?
ჰუპკა: დიახ, კუკრუზი.
ლორდი რ.: როგორია კუკრუზის კურსი?
ჰუპკა: (ბრდღვინვით) ჩამოფასებული კუკრუზი უდრის 15 კუზს,
ესე იგი 73 უზს, მაშასადამე 30 კუკრუზს.
მოლარე: მეც ავდგები და შუქს გამოგირთავთ.
ჰუპკა: კი, ბატონო, გამორთეთ!
გვენდოლინი: ჰუპკა, რას მიედ-მოედებით?
ჰუპკა: მომისმინეთ, ახლა ჩვენ უკვე გვაქვს სახელმწიფო ფირმა,
სახელმწიფო ორდენი, საიდუმლო სამხედრო ალიანსი,
ეროვნული სალამი, სახელმწიფოს ვალები და ინფლაცია.
რა თქმა უნდა ზოგი რამ ჯერაც გვაკლია, მაგრამ საქმე
მაინც წინ მიდის.
მოლარე: უსინათლოდ.
გვენდოლინი: (ჰუპკას მიმართავს) მესმის. ესღა გვაკლდა.
(მოლარეს): გამორთეთ შუქი, ჩვენ ვიტყვით, რომ მოკლე
ჩართვა მოხდა! შეჩერდი! ერთი რამ კიდევ გვაკლია!
ეროვნული ჰიმნი. ჰუპკა, თქვენ სასწრაფოდ უნდა
შეთხზათ სახალხო ჰიმნი, ჩქარა, ვიდრე სიბნელე
დაივანებს.
(ჰუპკა გაჯავრდება. ატყდება ჩოჩქოლი და უცებ დაბნელდება).


მეოთხე სურათი

ასტორიის საელჩოს კარიბჭე. პაული და პისტოლეტი წვანან და სძინავთ. პაულს სიცივისაგან გაეღვიძება.

პაული: ცივა.
პისტოლეტი: (გაიღვიძებს) შენს გულს ვერაფრით მოიგებ, -
ყინვისაგან დამზრალ კიდურებსა და მზის დარტყმას
ერთდროულად ვერ დაიგემოვნებ.
პაული: სასტუმროდან რომ არ გამოვეპანღურებინეთ...
პისტოლეტი: ნუთუ შენ მართლა გეგონა, რომ ლონდონელი
სასტუმროს მეპატრონე პანღურით არ გამოისტუმრებდა
ჩვენს ძმა მაწანწალას?
პაული: რატომღაც ასე მეგონა.
პისტოლეტი: მაინც რატომ გეგონა?
პაული: ბრიტანელთა სპორტული სულისკვეთების გამო.
პისტოლეტი: მაშინ ახია შენზე! (ისევ დაწვება).
პაული: (პაუზის შემდეგ) ცივა.
პისტოლეტი: სამაგიეროდ ახლა გამოფხიზლდი. მთვრალი კაცი
მხეცია. ნუთუ კაცურ-კაცობა აღარ გეთნევა?
პაული: (აკანკალებს) როგორ არა. მაგრამ ახლა ადამიანურ
დუქანში რო დამსვა და სასმელ-საჭმელი მომცა...
პისტოლეტი: (წამოიმართება, დაუყვავებს): დღევანდელ
ახალგაზრდობას ლოგიკისა აღარაფერი გაეგება. მაშინ
შენ ისევ და ისევ გატყვრებოდი, მაშასადამე პირუტყვად
იქცეოდი, მაშასადამე კაცურ-კაცობისაგან შორს
იქნებოდი მაინც.
პაული: ბედნიერი კი ვიქნებოდი.
პისტოლეტი: სწორედაც არა. ბედნიერიც იყო და კაცობაც
შეინარჩუნო - არ გამოვა, ვერ იზამს ადამიანი.
პაული: არა მჯერა!
პისტოლეტი: დაიჯერებ. აბა ერთი კარგად დააკვირდი
ქვეყნიერებას...
პაული: იქნებ კიდევაც დავიჯერო. სადღაცა ამ ქვეყანაზე...
პისტოლეტი: „სადმე ამ ქვეყნად"- მეც ასე ვჭიკჭიკებდი...
ვიდრე ხეტიალს დავიწყებდი. ახალგაზრდა და
თავქარიანი, ან ხანდაზმული და ჭკვიანი. ყველაფერი
ერთად არ გამოდის.
პაული: რა დაიჟინე ან ასეო და ან ისეო, მე ახლა გეუბნები
სადმე ამ ქვეყნად...!
პისტოლეტი: მერე სადა, ყმაწვილო?
პაული: (ხმადაბლა) სადა? (ასტორიის საელჩოს ფირნიშს
მთვარის შუქი მოეფინება) აი, თუნდაც ასტორიაში!
პისტოლეტი: (დაინტერესდება): ასტორია? რა არის ასტორია?
პაული: ეტყობა, რაღაც სახელმწიფოა. სადღაცა ამ დუნიაზე.
პისტოლეტი: პირველად მესმის.
პაული: მეცა, და ამიტომ...
პისტოლეტი: აჰა! რას მიედ-მოედები. ერთდროულად
ცრუპენტელაც და სასოწარკვეთილიც, - არ გამოდის, ვერ
იზამს კაცი.
პაული: (წყნარად) გამაგრდი, პისტოლეტი! ასტორიაში
ზამთრობით ქუჩები თბება, რომ უსახლკარო ხალხი არ
გაითოშოს. ყოველ ბაღში ბუჩქებად იზრდება ბანანები,
მწიფე, დასავლეთ ინდოეთისა. ასტორიაში ადამიანები
უბედურების გადამკიდენი კი არ ლოთობენ, არამედ
სვამენ იმიტომ, რომ ბედნიერები არიან. იმიტომ, რომ
ასტორიაში მუქთადაა ყველაფერი. ფულიც კი. გოგოებს
საზაფხულო კაბები აცვიათ. (მთვარის სხივი მოშორდება
საელჩოს ფირნიშს). თუმცა შენ ეტყობა არ გაინტერესებს,
გძინავს.
პისტოლეტი: (წამოხტება) ვისა სძინავს, შე ცინგლიანო? რა
გგონია, შეიძლება ამის გამგონე კაცს ჩაეძინოს? შენ
გინდა დამარწმუნო, რომ ასეთი რამე არსებობს? მიწის
ერთ ნაჭერზე ესოდენი ბედნიერება?
პაული: (მტკიცედ): უნდა არსებობდეს. რაოდენ დიდიცაა სხვაგან
სიდუხჭირე, იმდენჯერ მეტი უნდა იყოს ასტორიაში
კეთილდღეობა. ავტომატურად. თორემ ქვეყანა არასდროს
აღარ გასწორდება.
პისტოლეტი: (ხმადაბლა): ნეტავ ერთი რას ავიკიდე ეს ყბედი!
(გაცეცხლდება): ამ ქვეყანას აბა რა გაასწორებს!
პაული: დიახაც გასწორდება! აბა მაშინ რაღა აზრი აქვს
სიცოცხლეს?
პისტოლეტი: რაო? მიყურე. ახლა მე მაგალითად აიმ კუთხეში
ბაზრის პავილიონს მივაშურებ და ვიკითხავ, იქნება
ჩვენთვის რამე საქმე გაიჩითოს, აი თუნდაც პროდუქტების
გადატვირთვა. ჩვენი შანსია ერთი-ასიათასთან. და
პირიქით, როცა დავიხოცებით, შანსი ნულის ტოლი
გახდება. ხო გაიგე ახლა, რა განსხვავებაა ცოცხალსა და
მკვდარს შორის?
პაული: ჩემთვის ნამეტნავად მცირეა ეს განსხვავება. (სახლის
ჩრდილში წამოწვება. პისტოლეტი გადის. პაუზა.
შემოდიან ჰორტენზია და როზა.)
ჰორტენზია: ო, როზა, ეს ბატონი შენ ტყუილად გაუშვი ხელიდან.
როზა: ეს ბატონი კი არ იყო, ქალბატონო ჰორტენზია, არამედ,
კაცი.
ჰორტენზია: ვინც კაპიკს არა სცემს პატივს, ის არაა ფულის
ღირსი. ქედმაღლობა სიმდაბლის ნიშანია.
როზა: გესმით, ქალბატონო ჰორტენზია, ძალიან დამავალეთ,
რომ პროფესიის დაუფლებაში მეხმარებით და თქვენს
რაიონში მუშაობის უფლებას მაძლევთ. მაგრამ ეტყობა
საამისო ტალანტი არ გამაჩნია.
ჰორტენზია: ტალანტი კი, მაგრამ პრინციპი - არავითარი!
როზა: ჰო, ალბათ, მაგალითად, ვერა ვარ ხელმომჭირნე.
ჰორტენზია: ახალგაზრდა და თავქარიანი!
როზა: დიახ, თანაც მე ნამეტანი უწესო ვარ რიგიანი
როსკიპისათვის. ჰოდა, რაკიღა უწესო ვარ, სულ ვფიქრობ,
იმ დროს რას ვიფიქრებდი და მაშინ შემზარავს ხოლმე.
და მერე სხვა რამ ფიქრი ამეკვიატება, რომ იმაზე აღარ
ვიფიქრო.
ჰორტენზია: (დედობრივ კილოზე): მაინც რას ფიქრობ ხოლმე,
შვილო? (მთვარე გამოანათებს).
როზა: ასტორიაზე ვფიქრობ ხოლმე.
ჰორტენზია: შენს საქმესთან დაკავშირებით?
როზა: ასტორიაში საქმეს არავინ აკეთებს. ასტორიაში
სიყვარულით იქმნება ყველაფერი და მის გარეშე
არაფერი. ასტორიაში ქალები უბედურების გამო კი არ
აჩენენ შვილებს, არამედ ბედნიერების გამო. ყველანი
ბინადრობენ სოფლად, პატარა სახლებში. ყველასა აქვს
ბაღი შუშის ბურთებით, ტიკინებით, მტრედებით,
ჰამაკებით, ფურისულებით, შვლებითა და ირმებით
დამშვენებული. ქორწინების კანონში წერია, რომ
მამაკაცს მხოლოდ მაშინ ეძლევა უფლება შეირთოს
ქალი, როცა იგი იმგვარ საალერსო სიტყვას მოიფიქრებს
საბედოსათვის, რაც მანამდე არავის უთქვამს.
ჰორტენზია: (შეძრული): ამდაგვარი არ არსებობს, არსად!
როზა: უნდა არსებობდეს. აბა რატომ უნდა მომსვლოდა თავში?
ხომ საიდანღაც მოდიან ჩვენი აზრები. იქნებ ყოველ
ჩვენთაგანს ოდესმე რამე