Litclub.ge

სიმღერა დახაუზე (მთარგმნელი: ნათელა ხუციშვილი)
(საკონცენტრაციო ბანაკის ჭიშკარზე იყო წარწერა: „შრომას მოაქვს თავისუფლება!")მავთულხლართები, მავთულში – დენი,
დღეს სულ ეს არის სამყარო ჩვენი.
დაუნდობელი ცაც აღარ გვწყალობს,
გვიგზავნის ყინვას, მზის ხვატში გვალღვობს.
ყველა სიამე გაქრა, აღარ ჩანს,
ვართ ათასობით ამ განსაცდელში
და სამუშაოდ აყრილ ქარავანს
მდუმარედ მივსდევთ ცივ დილაბნელში.
მაგრამ დახაუს ლოზუნგი ვისწავლეთ საფუძვლიანად,
გამოვიბრძმედეთ, გავკაჟდით, რომ დავრჩეთ ადამიანად.
ჰე, ამხანაგო, გაუძელ და დარჩი ადამიანად!
მაშ, შეუტიე ბოლომდე, კაცად დარჩენა თუ გნებავს,
არას გვარგებს უქმად დგომა,
რადგან შრომას, რადგან შრომას
მოაქვს თავისუფლება!
მოგვჩერებია სასოწარკვეთილთ
თოფის ლულები ყოველ ცისმარე,
ცხოვრება გვიწყობს სასტიკ გაკვეთილს,
ვერც ვიფიქრებდით, – იმდენად მწარეს.
დღეებს და თვეებს არავინ ითვლის,
ზოგმა წლებზედაც აიღო ხელი.
ბევრი მთლად გატყდა, დაკარგა თითქმის
თავისი სახე, იერი ძველი.
მაგრამ დახაუს ლოზუნგი ვისწავლეთ საფუძვლიანად,
გამოვიბრძმედეთ, გავკაჟდით, რომ დავრჩეთ ადამიანად.
ჰე, ამხანაგო, გაუძელ და დარჩი ადამიანად!
მაშ, შეუტიე ბოლომდე, კაცად დარჩენა თუ გნებავს,
არას გვარგებს უქმად დგომა,
რადგან შრომას, რადგან შრომას
მოაქვს თავისუფლება!
ასწიე ლოდი, ზიდე ურიკა,
მძიმე ტვირთიც კი გეჩვენოს ჩალად.
რაც იმ შორეულ დღეებში იყავ,
ის აღარა ხარ, ის დრო გამქრალა.
მაგრად ჩაურჭე ნიჩაბი მიწას
და სიბრალულიც ღრმად ჩაატანე.
გაკაჟდა, ოფლში ვინც გამოიწვა,
შენც რკინად იქეც, ქვას დაემგვანე!
ჩვენ ეს დახაუს ლოზუნგი ვისწავლეთ საფუძვლიანად,
გამოვიბრძმედეთ, გავკაჟდით, რომ დავრჩეთ ადამიანად.
ჰე, ამხანაგო, გაუძელ და დარჩი ადამიანად!
მაშ, შეუტიე ბოლომდე, კაცად დარჩენა თუ გნებავს,
არას გვარგებს უქმად დგომა,
რადგან შრომას, რადგან შრომას
მოაქვს თავისუფლება!
ალბათ ერთხელაც გვამცნობს საყვირი:
გამოდით, ბოლო შეკრება არი!
გარეთ იქნები სწორედ საჭირო,
როცა გიპოვის კვლავ მეგობარი.
თავისუფლება რომ გვეღირსება –
გაათკეცდება შრომის წადილი,
შრომა შეგვმატებს კაცურ ღირსებას
და ეს იქნება შრომა ნამდვილი.